პაკისტანი – ათეისტებისა და აგნოსტიკების მდგომარეობა – მაისი, 2017

ავსტრალიის ლტოლვილთა საკითხების მიმოხილვის ტრიბუნალის (სამთავრობო ორგანო) ინფორმაციით, 2012 წლის იანვრის მონაცემებით, ჯგუფი – პაკისტანის ათეისტები და აგნოსტიკები – 800 წევრს ითვლიდა. ჯგუფის დამაარსებლის თქმით, ჯგუფის წევრების ძირითადი ასაკი 16-32 წელია და ისინი არიან ექიმები, ინჟინერები, კომპიუტერული პროგრამისტები, ადვოკატები და ბიზნესმენები.

ამავე წყაროს მიხედვით, ღვთისგმობის კანონის კონკრეტულად ათეისტების ან აგნოსტიკების წინააღმდეგ გამოყენების შესახებ ინფორმაცია მცირეა. 2011 წლის ნოემბერში, საერთაშორისო ჰუმანისტთა და ეთიკური კავშირი (IHEU) მოუწოდებდა შვედეთს „მიეცა თავშესაფარი ხალიდ საეედისთვის – პაკისტანელი ათეისტისა და ისლამიდან განდგომილისთვის, რომელმაც მიატოვა თავისი სამშობლო და შვედეთში წავიდა საცხოვრებლად“. IHEU-ს თანახმად, „ხალიდის მოთხოვნა თავშესაფარზე შვედეთში უარყოფილ იქნა, რადგან შესაბამისმა პირებმა/უწყებებმა არ მიიჩნიეს, რომ გაცხადებული ათეიზმის გამო მისი [ხალიდის] და მისი ოჯახის წევრებისთვის პაკისტანში ცხოვრება საფრთხის შემცველი იყო“.

გამოცემის „პაკისტანი დღეს“ (Pakistan Today) თანახმად, განდგომა [ისლამის უარყოფა] ისლამური კანონმდებლობის თანახმად სიკვდილით ისჯება, თუკი განდგომილი სამი დღის ვადაში არ მოინანიებს და არ დაუბრუნდება ისლამს“.[1]

დიდი ბრიტანეთის საშიანო საქმეთა ოფისის 2016 წლის ანგარიშში პაკისტანის შესახებ წერია, რომ ისლამიდან კონვერტირებულები და ათეისტები შეიძლება მოწყვლადნი გახდნენ პაკისტანის ღვთისგმობის შესახებ კანონის წინაშე, რომლის თანახმადაც ყურანის შებღალვის ან წაბილწვის გამო სამუდამო პატიმრობაა გათვალისწინებული, ხოლო სიკვდილით დასჯა – მუჰამედ მოციქულის მიმართ დამამცირებელი შენიშვნებისთვის.[2]

„Amnesty International“ 2016-2017 წლების ანგარიშში პაკისტანის შესახებ წერს, რომ საკანონმდებლო და პრაქტიკულ დონეზე, სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორები განაგრძობდნენ როგორც მუსლიმი, ასევე, არამუსლიმი რელიგიური უმცირესობების, დისკრიმინაციას. ღვთისგმობის შესახებ კანონი კვლავ ძალაშია და აღნიშნულთან დაკავშირებით, ახალი საქმეები გაიხსნა, ძირითადად პანჯაბში. კანონები ზღუდავს გამოხატვის, აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებას. უმცირესობებს, განსაკუთრებით აჰმადიას მიმდევრებს, ჰაზარებს და დალიტებს დასაქმებაზე, ჯანდაცვაზე, განათლებასა და სხვა საბაზისო სერვისებზე შეზღუდული წვდომა აქვთ.[3]

„Human Rights Watch“ 2017 წლის ანგარიშში პაკისტანის შესახებ წერს, რომ მინიმუმ 19 ადამიანი ელოდებოდა სიკვდილით დასჯას პაკისტანის ღვთისგმობის შესახებ კანონის თანახმად, ასობით კი – სასამართლოს. მათი უმეტესობა, ვისზეც აღნიშნული კანონი მოქმედებს, რელიგიური უმცირესობების წევრები არიან, რომლებიც ხშირად, პირადი უთანხმოებების გამო, ხდებიან მსხვერპლნი.[4]

აშშ-ის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისია (USCIRF) 2017 წლის ანგარიშში პაკისტანის შესახებ წერს, რომ პაკისტანის სისხლის სამართლის კოდექსის 295-ე და 298-ე მუხლების თანახმად, კრიმინალიზებულია ისეთი ქმედება ან სიტყვა, რომელიც შეურაცხყოფს რელიგიას ან რწმენას ან ბილწავს ყურანს, მუჰამედ მოციქულს, ლოცვის ადგილს ან რელიგიურ სიმბოლოებს. აღნიშნული ჩანაწერები თავისთავად არღვევს რწმენისა და რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტებს, ვინაიდან ისინი ინდივიდებზე მეტად რწმენას იცავენ. მოსარჩელეებისთვის არ არის აუცილებელი, რომ გააჩნდეთ სამხილი ღვთისგმობის ფაქტთან დაკავშირებით, რაც ხშირად იწვევს ცრუ ბრალდებებს. უფრო მეტიც, კანონი აწესებს მძიმე სასჯელებს, მათ შორის სიკვდილით დასჯას და სამუდამო პატიმრობას.

პაკისტანში ღვთისგმობის შესახებ საქმეები ძირითადად პანჯაბის პროვინციაში ხდება, სადაც ქვეყნის რელიგიური უმცირესობის უმეტესობა ცხოვრობს. USCIRF-ის ინფორმაციით, სულ მცირე 40 ადამიანს მიესაჯა სიკვდილით დასჯა ან სამუდამო პატიმრობა პაკისტანში, ღვთისგმობის კანონის შესაბამისად, მათ შორის ორ ქრისტიანს – ანჯუმ ნაზ სინდჰუს და ჯავედ ნაზს და მუსლიმ ჯაფფარ ალის – 2016 წლის 28 ივნისს, პანჯაბის პროვინციის გუჯრანვალას ანტიტერორისტული სასამართლოს მიერ; 2009 წელს თანამშრომლებთან მომხდარი უთანხმოების გამო 2010 წელს სიკვდილით დასჯა მიესაჯა ქრისტიან ქალბატონს აისია ბიბის. 2016 წლის ოქტომბერში პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ ქალბატონი ბიბის აპელაციის განხილვა გადადო მას შემდეგ, რაც მოსამართლემ აცილება მისცა საქმეზე; ქალბატონი ბიბი ამ დრომდე დაპატიმრებულია, მისი საქმის განხილვა კი ჯერ არ ჩანიშნულა. ანგარიშის მომზადების პერიოდისთვის, ვრცელდებოდა უამრავი ინფორმაცია ღვთისგმობის ბრალდებით ათეულობით დაკავებასა და ბრალის წაყენებაზე, ძირითადად პანჯაბის პროვინციაში. აღნიშნულ საქმეთა უმეტესობა კვლავ განხილვის სტადიაზეა.

გასული წლის განმავლობაში მთავრობამ რამდენიმე პირი დასაჯა ღვთისგმობასთან დაკავშირებული ძალადობის გამო. 2016 წლის თებერვალში მუმტაზ ქადრი ჩამოახრჩეს 2011 წელს ჩადენილი დანაშაულის გამო – მან მოკლა პანჯაბის მმართველი სალმაან ტასეერი, რომელმაც ღვთისგმობის შესახებ კანონის საწინააღმდეგო და ქალბატონი ბიბის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა. 2016 წლის ნოემბერში რამდენიმე პირი სიკვდილით დასაჯეს 2014 წელს ბრბოს მიერ შაჰზადისა და შამა მასიჰის სასტიკი მკვლელობის გამო, რომელთაც არასამართლიანად აბრალებდნენ ღვთისგმობას.

წლების განმავლობაში მთავრობის რამდენიმე ლიდერი მოუწოდებდა ქვეყნის ღვთისგმობის შესახებ კანონის რეფორმირებისკენ, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი ასიფ ალი ზარდარი, აშშ-ში პაკისტანის ყოფილი ელჩი და პაკისტანის სენატის ამჟამინდელი წევრი შერრი რეჰმანი, პანჯაბის პროვინციის ყოფილი მმართველი სალმაან ტასეერი, და უმცირესობის საქმეთა ყოფილი ფედერალური მინისტრი შაჰბაზ ბჰატტი. აღნიშნული მოწოდებების გამო ტასეერი და ბჰატტი მოკლეს 2011 წელს. 2016 წლის იანვარში ისლამური იდეოლოგიის საბჭოს თავმჯდომარე მუჰამმად ხან შერანიმ მთავრობას ღვთისგმობის შესახებ კანონის მის საბჭოში წარდგენა ურჩია გადახედვისთვის. იდეოლოგიის საბჭო საკონსტიტუციო ორგანოს წარმოადგენს, რომელიც პაკისტანის მთავრობას ურჩევს კონკრეტული კანონი მოდის თუ არა შესაბამისობაში ისლამთან და ისლამურ სამართალთან. დამატებით, 2016 წლის აგვისტოში, პაკისტანის სენატის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა განაცხადა, რომ იგი შეხვედრებს გამართავდა საკანონმდებლო ექსპერტებთან, რელიგიურ მკვლევარებთან, ისლამური იდეოლოგიის საბჭოსთან და სხვებთან ღვთისგმობის კანონის გადასახედად; უცნობია, რაიმე შეხვედრა ჩატარდა თუ არა.[5]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2016 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში პაკისტანის შესახებ წერს, რომ კონსტიტუციის თანახმად, თითოეულ მოქალაქეს აქვს სიტყვის თავისუფლება „ისლამის დიდებისთვის გონივრული შეზღუდვების ფარგლებში“, როგორც განსაზღვრულია სისხლის სამართლის კოდექსში. აღნიშნული კოდექსის თანახმად, ღვთისგმობის დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელი მოიცავს სიკვდილით დასჯას „მუჰამედ მოციქულის შეურაცხყოფისთვის/წაბილწვისთვის“, სამუდამო პატიმრობას – „ყურანის შებღალვის, დაზიანების ან წაბილწვის გამო“ და ათწლიანი პატიმრობა „სხვისი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის“. რელიგიური შუღლის გამაღვივებელი საუბარი ან ქმედება ისჯება პატიმრობით შვიდ წლამდე ვადით.[6]

[1] Australia: Refugee Review Tribunal, Pakistan: 1. How many Pakistanis are not practising Muslims but also either not followers of other religions or actually agnostic/atheist, where do they live and is there any evidence of them being targeted for harm because of their non-practice of Islam/agnosticism/atheism? 2. Is there any evidence of the blasphemy laws being used recently (in the last five years or so) against individuals who do not practice or follow Islam but also do not practice or follow another religion? , 24 January 2012, PAK39672, available at:

[accessed 29 May 2017]

[2] United Kingdom: Home Office, Country Information and Guidance – Pakistan: Christians and Christian converts, May 2016, Version 2.0, available at:

[accessed 29 May 2017]

[3] Amnesty International, Amnesty International Report 2016/17 – Pakistan, 22 February 2017, available at:

[accessed 29 May 2017]

[4] Human Rights Watch, World Report 2017 – Pakistan, 12 January 2017, available at:

[accessed 29 May 2017]

[5] United States Commission on International Religious Freedom, USCIRF Annual Report 2017 – Tier 1: USCIRF-recommended Countries of Particular Concern (CPC) – Pakistan, 26 April 2017, available at:

[accessed 29 May 2017]

[6] United States Department of State, 2015 Report on International Religious Freedom – Pakistan, 10 August 2016, available at:

[accessed 29 May 2017]

პაკისტანი – აჰმადიას მიმდევართა მდგომარეობა – მაისი, 2017

„Amnesty International“ 2016-2017 წლების ანგარიშში პაკისტანის შესახებ წერს, რომ კანონმდებლობის ფარგლებში და პრაქტიკულადაც სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორები როგორც მუსლიმი, ასევე, არა მუსლიმი რელიგიური უმცირესობების, დისკრიმინაციას აგრძელებდნენ. ღვთის გმობის შესახებ კანონი კვლავ ძალაშია და აღნიშნულთან დაკავშირებით, რამდენიმე ახალი საქმე დარეგისტრირდა, ძირითადად პანჯაბში. კანონები არღვევენ გამოხატვის, აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლებას. უმცირესობები, განსაკუთრებით კი აჰმადიას მიმდევრები, ჰაზარები და დალიტები[1] დასაქმების, ჯანდაცვის, განათლებისა და სხვა საბაზისო სერვისების მხრივ კვლავ აწყდებოდნენ დისკრიმინაციას.[2]

„Freedom House“ 2016 წლის ანგარიშში პაკისტანის შესახებ წერს, რომ აჰმადიები, ერეტიკული მუსლიმური სექტის წევრები, აწყდებიან პოლიტიკურ დისკრიმინაციას, რის გამოც ცალკე არიან დარეგისტრირებულნი საარჩევნო სიაში. ყველაზე დისკრიმინაციული კანონმდებლობა აჰმადიას საზოგადოების წინააღმდეგ არის მიმართული, რომელთაც აკრძალული აქვთ, საკუთარი თავი მუსლიმებად მოიხსენიონ.[3]

„Human Rights Watch“ 2017 წლის ანგარიშში პაკისტანის შესახებ წერს, რომ მთავრობა აქტიურად ახალისებდა ლეგალურ და პროცედურულ დისკრიმინაციას აჰმადიას რელიგიური საზოგადოების წევრების წინააღმდეგ, არ აუქმებს რა დისკრიმინაციულ კანონებს.[4]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში პაკისტანში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ წერს, რომ ქრისტიანული და აჰმადიას საზოგადოების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ მათი წევრები, ხშირად უდიერი მოპყრობის მსხვერპლნი არიან ციხეებში. ხშირად პოლიცია ვერ იცავდა რელიგიურ უმცირესობებს – ქრისტიანებს, აჰმადიას მიმდევარ მუსლიმებს, შიიტ მუსლიმებსა და ინდუისტებს – თავდასხმებისგან.

12 დეკემბერს, დაახლოებით 1000-კაციანი ბრბო, პანჯაბში, ჩაკვალში არსებულ აჰმადიების მეჩეთში შეიჭრა; ისინი ისროდნენ ქვებს და ასაფეთქებლებს. პოლიციამ ბრბო დაშალა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდასხმის შედეგად აჰმადიას ერთი წარმომადგენელი დაიღუპა გულის შეტევით, ერთიც – მოკლეს; შედეგად, პოლიციამ აჰმადიას რამდენიმე წარმომადგენელი დააკავა მკვლელობის ბრალდებით. შემთხვევამდე ერთი კვირით ადრე, აჰმადიას ადგილობრივმა ლიდერებმა ოლქისა და პროვინციის მმართველობას მიწერეს და ითხოვეს მეჩეთის უსაფრთხოების დაცვა, რადგან ადგილობრივი რელიგიური პირები მათ წინააღმდეგ ძალადობრივი მოწოდებებით გამოირჩეოდნენ. სასამართლოები დისკრიმინაციულად იყენებდნენ ღვთის გმობის კანონს შიიტების, ქრისტიანების, აჰმადიას მიმდევრების და სხვა რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ.

აჰმადიას საზოგადოების რამდენიმე წევრი დაიღუპა ე.წ. მიზანმიმართული მკვლელობების შედეგად. 1-ელ მარტს, პანჯაბის შეიხპურას რაიონში, აჰმადია მამაკაცს დანა ჩაარტყეს და მოკლეს უცნობმა პირებმა. 25 მარტს, თავდამსხმელებმა, რომლებიც მოტოციკლით გადაადგილდებოდნენ, აჰმადია მამაკაცს ესროლეს, რის შედეგადაც მამაკაცი გარდაიცვალა; 20 ივნისს თავდამსხმელებმა აჰმადია ექიმ მამაკაცს ესროლეს და მოკლეს საკუთარ კლინიკაში, თვითმხილველები არ ყოფილან; ორივე მკვლელობა კარაჩიში აჰმადიებით დასახლებულ უბნებში მოხდა. 4 ივნისს, ქალაქ ატოკში (პანჯაბი) უცნობმა შეიარაღებულმა მამაკაცმა აჰმადიას წარმომადგენელი მოკლა, რომელიც აფთიაქის მფლობელი იყო. ოფიციალური პირები აჰმადიას წარმომადგენლებს კონფერენციებისა და შეხვედრების უფლებას არ აძლევდნენ. დეკემბერში პანჯაბის პროვინციულმა პოლიციამ რეიდი მოაწყო აჰმადიას მუსლიმური საზოგადოების შტაბბინის პუბლიკაციების დეპარტამენტში (ადგილი – რაბვაჰ) და ოთხი თანამშრომელი დააკავეს რელიგიური პუბლიკაციების გამოცემის გამო, რომელიც შეურაცხმყოფლად მიიჩნიეს. აჰმადიას წარმომადგენლების თანახმად, „უპრეცედენტო“ რეიდი მიზანმიმართული ქმედება იყო პაკისტანის აჰმადიას საზოგადოების პირობების გაუარესების მიზნით.

ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, იკრძალება ისრაელში მოგზაურობა და პასპორტებში არის სპეციალური ჩანაწერი – „მოქმედია ყველა ქვეყანაში, გარდა ისრაელისა“. ვისაც განაცხადი შეაქვს პასპორტის ასაღებად, მათ უნდა მიუთითონ საკუთარი რელიგია და თუკი მუსლიმები არიან, მაშინ უნდა დაეთანხმონ განცხადებას, რომ აჰმადიას მიმდინარეობის დამფუძნებელი ცრუ მოციქული იყო. აჰმადიას წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თუკი ისინი აღნიშნული განცხადების/დეკლარაციის ხელმოწერაზე უარს იტყვიან, მაშინ მათ პასპორტებში წერენ სიტყვას „აჰმადი“. სამთავრობო უწყებების თანამშრომლებსა და სტუდენტებს, საზღვარგარეთ გამგზავრებამდე აუცილებლად უნდა მოიპოვონ ე.წ. NOC – A Certificate of No Objection (დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს, რომ გადასახადებს იხდიან და დავალიანებები არ აქვთ და ა.შ.). აღნიშნულ დოკუმენტებს ოფიციალური პირები იშვიათად ითხოვდნენ სტუდენტებისგან.

მთავრობა მოითხოვს, რომ ამომრჩევლებმა საკუთარი რელიგია მიუთითონ ხმის მიცემისას; აჰმადიას წარმომადგენლებისგან კი მოითხოვენ, რომ საკუთარი თავი არა მუსლიმებად გამოაცხადონ. ვინაიდან აჰმადიას წარმომადგენლები საკუთარ თავს მუსლიმებად მიიჩნევენ, თუკი ისინი არ დაემორჩილებიან ზემოაღნიშნულ წესს, მათ ხმის მიცემის უფლება არ აქვთ.[5]

აშშ-ის საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების კომისია 2017 წლის ანგარიშში პაკისტანის შესახებ წერს, რომ რელიგიურად დისკრიმინაციული კონსტიტუციური ნორმები და კანონმდებლობა, როგორიცაა ღვთის გმობისა და ანტი-აჰმადიური კანონები, ხშირად ხდება სისხლისსამართლებრივი დევნისა და დაპატიმრებების მიზეზი. მინიმუმ 40 ადამიანს მიესაჯა სიკვდილით დასჯა და სამუდამო პატიმრობა ღვთის გმობის ბრალდებით, მათ შორის ორ ქრისტიანს, რომლებიც სიკვდილით დასაჯეს 2016 წლის ივნისში. წლის განმავლობაში აჰმადიას წარმომადგენლები და შიიტი მუსლიმები გაასამართლეს და მიუსაჯეს ხუთწლიანი პატიმრობა, აჰმადიას ოთხი წარმომადგენელი კი გაასამართლეს ანტი-აჰმადიური ნორმების თანახმად. რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები, მათ შორის ქრისტიანები, ინდუისტები, აჰმადიას წარმომადგენლები და შიიტი მუსლიმები, აწყდებიან რელიგიურად მოტივირებულ ძალადობას, როგორც ტერორისტული ორგანიზაციების, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან.

ანტი-აჰმადიური კანონები და თავდასხმები – აჰმადიას წარმომადგენლები მკაცრი შეზღუდვებისა და ოფიციალურად სანქცირებული დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან. 2016 წლის სექტემბერში პაკისტანის კონსტიტუციის მეორე ცვლილებიდან 42 წლისთავი აღინიშნა, რომლის თანახმადაც, აჰმადიას წარმომადგენლები „არა მუსლიმებად“ მიიჩნევიან. დამატებით, სისხლის სამართლის კოდექსის 298-ე მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს, თუკი აჰმადიას მიმდევრები საკუთარ თავს მუსლიმებს უწოდებენ; ასევე, ქადაგება, პროპაგანდა და თავიანთი რწმენის შესახებ ლიტერატურის გავრცელება; საკუთარი სახლების სალოცავებად გადაქცევა. მათ, ასევე, აკრძალული აქვთ ხმის მიცემა.

2016 წლის იანვარში, აბდულ შაკურს, ოპტიკოსსა და რაბვაში (პანჯაბის პროვინცია) არსებული მაღაზიის მფლობელს, ხუთწლიანი პატიმრობა მიესაჯა ღვთის გმობის, ხოლო სამწლიანი პატიმრობა – ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულისთვის იმის გამო, რომ აჰმადიას აღმსარებლობის პროპაგანდას ეწეოდა ჰყიდდა რა ყურანისა და აჰმადიას პუბლიკაციებს; იგი ამჟამად სასჯელს იხდის. მისი მაღაზიის შიიტი მენეჯერ მაზრაჰ სიპრასაც ხუთწლიანი პატიმრობა მიესაჯა ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულის გამო. ორივე მათგანმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

2016 წლის 5 დეკემბერს, პანჯაბის პროვინციის კონტრ-ტერორიზმის დეპარტამენტმა აჰმადიას საზოგადოების ოფისებში რეიდი მოაწყო და აუდიტი ჩაატარა. პოლიციამ რამდენიმე ადამიანს სცემა, აჰმადიას ოთხი წარმომადგენელი კი დააკავა, რომელთაც შემდგომ სისხლის სამართლის კოდექსის 298-ე „ც“ მუხლითა და ქვეყნის ანტი-ტერორისტული აქტის თანახმად წაუყენეს ბრალი. როგორც ცნობილია, დაპატიმრების შემდეგ ყველა მათგანი აწამეს.

აჰმადიას წარმომადგენლები ხშირად აწყდებიან დისკრიმინაციას საზოგადოების მხრიდან, უდიერ მოპყრობას, დამცირებას, ფიზიკურ თავდასხმებს, რასაც ხშირად მოჰყვება ხოლმე მკვლელობა. მაგალითად, 2016 წლის ივნისში, კარაჩიში, სამ სხვადასხვა დღეს, აჰმადიას წარმომადგენელ სამ ექიმს ესროლეს და მოკლეს – დრ. ჰამის აჰმედი, დრ. აბდულ ჰასან ისფანი და დრ. ჩაუდური ხალიქ აჰმად. 2016 წლის დეკემბრის მონაცემებით, აღნიშნულთან დაკავშირებით არავინ დაუკავებიათ. 2016 წლის 13 დეკემბერს, პანჯაბის პროვინციაში, ჩაკვალში, რამდენიმე ათასი ადამიანი თავს დაესხა აჰმადიას საზოგადოების წევრთა მეჩეთს, გაისროლეს იარაღით და დაჭრეს რამდენიმე ადამიანი, ვიდრე პოლიცია ბრბოს დაშლას შეძლებდა. როგორც ცნობილი გახდა, მეჩეთს თავს დაესხნენ, რადგან აჰმადიას საზოგადოება მოციქულ მუჰამედის დაბადების დღეს აღნიშნავდა.[6]

[1] ყველაზე დაბალი კასტის წარმომადგენელი ქალები, მიჩნეულნი არიან უწმინდურებად და ამიტომ მათ ხელითაც კი არ ეხებიან; ასევე, უწოდებენ “ხელშეუხებლებს“ (კვლევის კითხვებზე პასუხის ავტორის განმარტება)

[2] Amnesty International, Amnesty International Report 2016/17 – Pakistan, 22 February 2017, available at:

[accessed 19 May 2017]

[3] Freedom House, Freedom in the World 2016 – Pakistan, 25 July 2016, available at:

[accessed 19 May 2017]

[4] Human Rights Watch, World Report 2017 – Pakistan, 12 January 2017, available at:

[accessed 19 May 2017]

[5] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Pakistan, 3 March 2017, available at:

[accessed 19 May 2017]

[6] United States Commission on International Religious Freedom, USCIRF Annual Report 2017 – Tier 1: USCIRF-recommended Countries of Particular Concern (CPC) – Pakistan, 26 April 2017, available at:

[accessed 19 May 2017]

ინდოეთი – სახელმწიფო დაცვა ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ – მაისი, 2017

კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭოს მიერ ინდოეთის შესახებ მომზადებული ანგარიშის თანახმად, 2005 წლის აქტი ოჯახური ძალადობისგან ქალთა დაცვის შესახებ მიზნად ისახავს, დახმარება აღმოუჩინოს „ცოლებს ან ქალ-პარტნიორებს (ერთად მცხოვრები პარტნიორი) ქმრების ან პარტნიორის ან მათი ნათესავის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შემთხვევაში“. იგივე წყაროს თანახმად, კანონი „ვრცელდება დების, აყვანილი/ნაშვილები დების და დედების დასაცავადაც“. აქტის თანახმად, „ოჯახური ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკურ, სექსუალურ, ვერბალურ, ემოციურ და/ან ეკონომიკურ ძალადობას და უდიერ მოპყრობას.

სტატიაში, რომელიც ეხება ოჯახის შესახებ საკანონმდებლო რეფორმებს ინდოეთში, კარლეტონის უნივერსიტეტის პროფესორი გოპიკა სოლანკი, რომლის კვლევის ძირითადი სფეროა საკანონმდებლო პლურალიზმი, სასამართლო პოლიტიკა და გენდერი სამხრეთ აზიაში, წერს, რომ აქტი გადაუდებელ დახმარებას წარმოადგენს ქალებისთვის, რათა მათ თავი დააღწიონ მოძალადეს; აქტი აძლევს მათ უფლებას, იცხოვრონ მატრიმონულ საცხოვრებელში (ან საერთო/საზიარო საცხოვრებელში ან ქმრის მიერ შეთავაზებული ალტერნატიული მოწყობით); და აძლევს წვდომას ყველა იმ საშუალებაზე/შენობა-ნაგებობაზე, რომელზეც ჩივილამდე ჰქონდა წვდომა. აქტში, ასევე, გაწერილია მონეტარული დახმარებისა (მათ შორის კომპენსაცია მენტალური/მორალური ზიანის ასანაზღაურებლად) და დაქორწინებული ქალებისა და ასევე, საოჯახო კავშირში მყოფი ქალების შვილებისათვის დროებით მეურვეობა-მზრუნველობის ზომები.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებების შესახებ 2013 წლის ანგარიშის თანახმად, „კანონი აღიარებს ქალის უფლებას, იცხოვრობს საერთო/საზიარო ოჯახში/სახლში საკუთარ ქმართან ან პარტნიორთან, ვიდრე დავა არ დასრულდება; ამასთან, ქალს შეუძლია, მოითხოვოს ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფა, მეუღლის ხარჯზე“. პროფესორი აცხადებს, რომ აქტის ეფექტურობის შესახებ ჯერ ადრეა საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ აქტი ფედერალურ კანონს წარმოადგენს, მისი ეფექტური იმპლემენტაცია დამოკიდებულია შტატების მთავრობების პასუხსა და მზაობაზე. ყველა შტატს არ გამოუყვია ხარჯები ინფრასტრუქტურის გასავითარებლად და არც პერსონალი აუყვანიათ იმისათვის, რომ აქტის ეფექტური იმპლემენტაცია მოხდეს.

ოჯახური ძალადობისგან ქალთა დაცვის შესახებ 2005 წლის აქტის ფარგლებში, მთავრობამ წამოაყენა დაცვის ოფიცრების დანიშვნის ინიციატივა, რომელთა სამუშაოს მიზანი „ძალადობის ფაქტების შესახებ ანგარიშების ეფექტური გადამისამართება“ იქნებოდა. აქტის მე-4 მუხლის თანახმად, „ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აქვს საფუძველი, სჯეროდეს/ფიქრობდეს, რომ ოჯახური ძალადობის აქტს ადგილი ჰქონდა, ან ექნება, ან არის ალბათობა იმისა, რომ ძალადობის ფაქტი მოხდება, შეუძლია მისცეს ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ დაცვის ოფიცერს (Protection Officer)“. აქტის თანახმად, დაცვის ოფიცრებმა, პოლიციამ, სერვისის მიმწოდებლებმა ან მაგისტრატებმა, რომლებიც ოჯახური ძალადობის შესახებ იღებენ საჩივრებს, დაზარალებულ მხარეს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია მისი უფლების შესახებ – გააკეთოს განცხადება და მიიღოს დახმარება/შემწეობა დაცვის ორდერის, მონეტარული დახმარების ორდერის, შემაკავებელი ორდერის, სამოსახლო ორდერის ან საკომპენსაციო ორდერის მეშვეობით, აქტის თანახმად; ასევე, სერვისის მიმწოდებლების მომსახურებით სარგებლობის უფლება, დაცვის ოფიცრების მომსახურებით სარგებლობის უფლება, იურიდიული დახმარების შესახებ აქტის (1987 წ.) თანახმად უფასო იურიდიული მომსახურების უფლება, ინდოეთის სისხლის სამართლის კოდექსის 498ა მუხლის თანახმად საჩივრის უფლება.

ამავე წყაროს მიხედვით, მთავრობის მხარდაჭერის პროგრამებით, ქვეყანაში მოქმედებს ძალადობის მსხვერპლი ქალების დახმარების რამდენიმე ცენტრი.[1]

„Human Rights Watch“ 2017 წლის ანგარიშში ინდოეთის შესახებ წერს, რომ გაუპატიურებისა და სექსუალური შევიწროვების გამო მაღალი პროფილის ადამიანების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიუხედავად, 2016 წელს კვლავ გავრცელდა ინფორმაცია ჯგუფური გაუპატიურებების, ოჯახური ძალადობის, მჟავით თავდასხმების და ქალთა მკვლელობების შესახებ, რამაც კიდევ ერთხელ გამოაჩინა მთავრობის კოორდინირებული ქმედების საჭიროება, რათა გაუმჯობესდეს ქალთა უსაფრთხოება და მოხდეს აღნიშნული დანაშაულების მყისიერი გამოძიება პოლიციის მხრიდან. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალები და გოგონები კვლავ აწყდებიან ბარიერებს სამართლის მოპოვების კუთხით, მათ წინააღმდეგ მიმართული ძალადობის გამო.[2]

„Freedom House“ 2016 წლის ანგარიშში ინდოეთის შესახებ წერს, რომ გაუპატიურება, შევიწროვება და ქალთა უფლებების სხვა დარღვევები მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს; ამ მხრივ კი დაბალი კასტისა და ტომის ქალბატონები განსაკუთრებით მოწყვლად კატეგორიას მიეკუთვნებიან. 2012 წელს, დელის ავტობუსში განხორციელებულმა ფატალურმა ჯგუფურმა ძალადობამ ქალზე, აიძულა მთავრობა, გაეტარებინა მნიშვნელოვანი სამართლებრივი რეფორმები. მიუხედავად ამისა, 2015 წელს გავრცელებულმა ცნობებმა 5 წლამდე ბავშვების გაუპატიურების შესახებ, მთავრობის მხრიდან უფრო მეტი მოქმედების საჭიროება გამოაჩინა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად ასობით ადამიანს ედება ბრალი და დანაშაული კრიმინალიზებულია, მზითვის მოთხოვნის შემთხვევები ყოველწლიურად გვხვდება. 2006 წლის კანონით აიკრძალა მზითვთან დაკავშირებული შევიწროვება, გაფართოვდა ოჯახური ძალადობის დეფინიცია და მოიცვა ემოციური ან ვერბალური შევწროვება და ქმრის მხრიდან განხორციელებული გაუპატიურებაც დასჯადი ქმედება გახდა. ანგარიშების თანახმად აღნიშნული კანონის იმპლემენტაციის დონე დაბალია.[3]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ინდოეთში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ წერს, რომ გაუპატიურება, ოჯახური ძალადობა, მზითვთან დაკავშირებული მკვლელობები, ე.წ. ღირსების სახელით მკვლელობა, სექსუალური ძალადობა და ქალთა და გოგონათა მიმართ დისკრიმინაცია სერიოზულ პრობლემებს წარმოადგენდა. კანონმდებლობის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს და დასჯადია გაუპატიურება, გარდა მეუღლის მხრიდან განხორციელებული გაუპატიურებისა, თუკი ქალი 15 წლის ზემოთაა. სასჯელი მერყეობს ორი წლიდან სამუდამო პატიმრობამდე, 20 418 რუპიის ოდენობით (306 აშშ დოლარი) ჯარიმით ან ორივე ერთად. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ქვეყანაში ყველაზე მზარდ დანაშაულს გაუპატიურება წარმოადგენს; აღნიშნულის შესახებ განაცხადების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი წყაროს ცნობით, გაუპატიურების ფაქტების დიდი ოდენობა გაუცხადებელი რჩება. გაუპატიურების მსხვერპლთა იურიდიული დახმარება არაადექვატური, გადასახადების მხრივ არაპროპორციული იყო და პრობლემის ეფექტური გადაწყვეტა არ იყო შესაძლებელი. გარკვეულ შემთხვევებში პოლიციის ოფიცრები გაუპატიურების მსხვერპლთა და მათი თავდამსხმელების შერიგების კუთხით მუშაობდნენ; გარკვეულ შემთხვევებში კი აქეზებდნენ მსხვერპლთ დაქორწინებულიყვნენ მოძალადეებზე. კანონი უზრუნველყოფს ოჯახური ძალადობის ზოგიერთი ფორმის, მათ შორის ვერბალური, ემოციური და ეკონომიკური ძალადობის ფორმებისგან დაცვას, მათ შორის ძალადობის შესახებ მუქარას. კანონის თანახმად, ქალს აქვს უფლება, იცხოვროს საზიარო ბინაში ქმართან ან პარტნიორთან ერთად, ვიდრე დავა გრძელდება; ამასთან, ქალს უფლება აქვს პარტნიორის ხარჯზე მოითხოვოს ცალკე საცხოვრებელი ბინა. მიუხედავად იმისა, რომ ქალებს აქვთ  იურიდიული დახმარების, საცხოვრებლის, სამედიცინო დახმარებისა და დახმარებისთვის პოლიციისთვის მიმართვის უფლება, ოჯახური ძალადობა კვლავ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. კანონის ეფექტურობას კანონის ცხოვრებაში გატარების ნაკლებობა და კორუფცია ზღუდავდა.[4]

დიდი ბრიტანეთის საშინაო ოფისი 2015 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ინდოეთის შესახებ წერს, რომ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ზოგადი დონე ინდოეთში თავის მხრივ არ უტოლდება დევნას. მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო და სხვა ზომები იქნა მიღებული ინდოეთში ქალთა მდგომარეობის გამოსასწორებლად ბოლო წლებში, გენდერზე დაფუძნებული ძალადობა ქალთა წინააღმდეგ კვლავ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. გენდერზე დაფუძნებული დევნის რისკისთვის შიდა გადაადგილება შეიძლება შესაძლებელი იყოს გარკვეულ შემთხვევებში, თუმცა შიდა გადაადგილება გართულდება იმ ქალებისთვის, რომელთაც თავიანთ კმაყოფაზე მყოფი/დამოკიდებული შვილები ჰყავთ და თუ არ შეუძლიათ წვდომა ჰქონდეთ საცხოვრებელზე, არ გააჩნიათ კავშირები და არ აქვთ საცხოვრებელზე უსაფრთხო წვდომის რეალური შესაძლებლობა.[5]

[1] Canada: Immigration and Refugee Board of Canada, India: Violence against women, including domestic violence, homelessness, workplace violence; information on legislation, state protection, services, and legal recourse available to women who are victims of violence (2013-April 2015), 15 May 2015, IND105130.E, available at:

[accessed 16 May 2017]

[2] Human Rights Watch, World Report 2017 – India, 12 January 2017, available at:

[accessed 16 May 2017]

[3] Freedom House, Freedom in the World 2016 – India, 10 May 2016, available at:

[accessed 16 May 2017]

[4] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – India, 3 March 2017, available at:

[accessed 16 May 2017]

[5] United Kingdom: Home Office, Country Information and Guidance – India: Women fearing gender-based harm/violence , April 2015, available at:

[accessed 16 May 2017]

კამერუნი – სოფლის უფროსები; ტრადიციული ლიდერები – მაისი, 2017

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში კამერუნში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ წერია, რომ კამერუნი ძლიერი საპრეზიდენტო ინსტიტუტის დომინირებით მართული ქვეყანაა. კამერუნში მმართველობის მრავალპარტიული სისტემა მოქმედებს, რომ დაარსების დღიდან (1985 წელი) კამერუნის სახალხო დემოკრატიული მოძრაობა რჩება ხელისუფლების სათავეში. 2013 წლის აპრილში კამერუნში სენატის პირველი არჩევნები ჩატარდა, რომელიც შეფასდა როგორც საერთო ჯამში თავისუფალი და სამართლიანი. 2013 წლის სექტემბერში ჩატარდა ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნები, რომელიც ასევე შეფასდა როგორც თავისუფალი და სამართლიანი. პოლ ბიია (Paul Biya), რომელსაც კამერუნის პრეზიდენტის პოსტი უკავია 1982 წლიდან, ბოლოს აირჩიეს 2011 წელს ჩატარებულ არჩევნებზე, რომლის დროსაც ადგილი ჰქონდა დარღვევებს, მაგრამ დამკვირვებლების თქმით, აღნიშნულ ხარვეზებს შედეგებზე გავლენა არ ჰქონია.[1]

„ადგილობრივი ხელისუფლების ფორუმის“ (Commonwealth Local Government Forum) ინფორმაციით, კამერუნი იყოფა 10 ადმინისტრაციულ ერთეულად, რომელთაც რეგიონები ეწოდებათ. რეგიონები იყოფა განყოფილებებად, რომლებიც თავის მხრივ იყოფა ქვეგანყოფილებებად. ადგილობრივი ხელისუფლების და საბჭოების სამი ფორმა არსებობს: საქალაქო საბჭო (city council), ქვეგანყოფილების საბჭო (sub-divisional council) და საბჭო (Council). ტრადიციული ლიდერები (Traditional Leadership; Traditional Heads) ადმინისტრაციის დამხმარეები არიან.[2]

ადგილობრივი საინფორმაციო ცენტრის „Fako News Centre“ ინტერნეტ გვერდზე თარიღების მითითების გარეშე გვხვდება ორი სტატია, სადაც საუბარია სოფელ ბვიტინგის ტრადიციული ლიდერის ჯონ ნჯიე მოკოსას (John Njie Mokosa) შესახებ. ერთ-ერთ სტატიაში საუბარია მისი სოფლის ტრადიციულ ლიდერად არჩევის ცერემონიაზე, ხოლო მეორე სტატიაში საუბარია მისი გარდაცვალების შესახებ. ამ უკანასკნელ სტატიაში ნათქვამია, რომ ჯონ ნჯიე მოკოსა გარდაიცვალა 2015 წლის 8 აპრილს. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ მისმა უმცროსმა ძმამ ჯორჯ მოკოსამ (George Mokosa) იგი გამორჩეულ ლიდერად დაახასიათა.[3] [4]

დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრი „წარმოშობის ქვეყნის კვლევა და ინფორმაცია“ (CORI – Country of Origin research and Information), რომელსაც გლუკის მიერ აქვს მინიჭებული კვლევების განხორციელების მანდატი, 2013 წელს აქვეყნებს ანგარიშს კამერუნში ტრადიციული ლიდერების და მათი ხელისუფლებასთან ურთიერთობის შესახებ. აღნიშნულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ტრადიციული ლიდერების ძალაუფლება მნიშვნელოვნადაა შემცირებული, მას შემდეგ რაც ახალგაზრდა თაობამ განათლების მიღების მიზნით ურბანულ ზონებში გადასვლა დაიწყო. „კამერუნის ტრადიციული ლიდერები – უფროსები, სულთნები, ლამიდოები – ერთ დროს ერის ტრადიციების, კულტურისა და იდენტობის უპირობო მეურვეები იყვნენ.“ დამოუკიდებლობის 50 წელმა და გაერთიანებამ ტრადიციული ლიდერების ძალაუფლება შეარყია და ის კოლაფსამდე მიიყვანა. ტრადიციულმა ლიდერებმა დაკარგეს თანამედროვე ინსტიტუციების ძალაუფლების მაკონტროლებლის როლი და დაქვეითდნენ უბრალო საკონსულტაციო ორგანოს სტატუსამდე. ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ 2012 და 2013 წლებში „Freedom House“ და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი წერდნენ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების შესახებ ტრადიციული ლიდერების მხრიდან კამერუნის ჩრდილოეთში.

ტრადიციული მმართველების სამართლებრივი სტატუსი განსაზღვრულია 1977 წლის 15 ივლისის #77/245 დადგენილებით, სადაც ტრადიციული ლიდერები განისაზღვრებიან როგორც „ადმინისტრაციის დამხმარეები“. დადგენილების 29-ე მუხლი უკრძალავს ტრადიციულ ლიდერებს თავიანთი სუბიექტების დასჯას ან ექსტორციას. აღნიშნული დადგენილების დარღვევა იწვევს ლიდერის გადაყენებას.

2013 წელს „Freedom House“ წერდა, რომ ჩრდილოეთში ტრადიციულ ლიდერებს ჰყავთ კერძო შეიარაღებული დაჯგუფებები, სასამართლოები და ციხეები, რომელთაც პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იყენებენ. 2010 წელს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი წერდა, რომ მთავრობამ უსამართლო დაპატიმრებისთვის ტრადიციული ლიდერი ჟან კლოდ ენიეგე ატანგას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.[5]

[1] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Cameroon, 3 March 2017, available at:

[accessed 3 May 2017]

[2] Commonwealth Local Government Forum, The Local Government System in Cameroon, available at:

[accessed 3 May 2017]

[3] Fako News Centre, Prince John Njie Mokosa is Crowned Chief of Gbwitingi Village, Buea, By Moki S. mokondo in Buea for Fako UK / Fako News Centre, available at: http://www.fakonewscentre.com/gbwitingicoronation.htm [accessed 4 May 2017]

[4] Fako News Centre, Chief John Njie Mokosa III of Gbwitingi Village in Buea is Dead, By Moki S. mokondo in Buea for Fako UK / Fako News Centre, available at: http://www.fakonewscentre.com/chiefmokosadead.htm [accessed 4 May 2017]

[5] Country of Origin Research and Information (CORI), Cameroon: (1) Regions where Traditional Heads maintain strong authority over the population. (2) Relationships between the Government and local Traditional Heads (whether an individual may be arbitrarily arrested and/ or detained by the authorities for personal motivations held by Traditional Heads, and whether there are any legal protective measures which are effective from which a person can benefit), such as: -What is the relationship between local Traditional Heads and the central/local Government and the judiciary? -What type of power or authority, local traditional heads have; i.e. can they be linked to local authorities; do they have (official or unofficial) authority to order police to arrest individuals and/or have prosecutors try individuals in court, and if so, would the federal authorities intervene (for example if the traditional head manipulates the authorities to arrest, falsely charge try individuals in trails which lack due process guarantees) -Can the local traditional heads exert their power beyond their own/ local areas, for example to the capital city? (3) In the event a power struggle among Traditional Heads, including a fight to take over the Traditional Headship, occurs in particular regions, whether the central/ regional Government would be able to exert control, including through administrative regulations, legislative activities and/or exercise of judicial/police authority. In other words, can the federal or local authorities protect an individual from threats by non-state agents who want to take over the role? Would the Traditional Head themselves be able to protect an individual appointed as the next Traditional Head from non-state agents wanting to take over the role? , 15 July 2013, Cam0713, available at:

[accessed 4 May 2017]

კოტ-დ’ივუარი – ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება – მაისი, 2017

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, კოტ-დ’ივუარი არის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც მართავს თავისუფლად არჩეული მთავრობა. უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც პრეზიდენტი  ალასან ოუატარა ხელმეორედ აირჩიეს, საერთაშორისო თუ ადგილობრივი დამკვირვებლების მიერ ჩაითვალა, როგორც თავისუფალი და სამართლიანი. 2016 წლის აპრილში გაერომ გააუქმა  კოტ-დ’ივუართან დაკავშირებული ყველა სანქცია და ერთი წლით გაახანგრძლივა სპეციალური ორგანოს – (UNOCI) მანდატი. ადამიანის უფლებების კუთხით, ყველაზე სერიოზული პრობლემები იყო უსაფრთხოების ძალების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევები, მათ შორის – სასამართლოს გარეშე ადამიანთა დასჯის, მკვლელობებისა და პატიმართა არასათანადო მოპყრობის ფაქტები. მთავრობის უუნარობა  კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის კუთხით, კვლავ პრობლემად რჩებოდა. კოტ-დ’ივუარის შეიარაღებულ ძალებს (FACI), რომელიც ფორმალურად ცნობილია, როგორც კოტ-დ’ივუარის რესპუბლიკური ძალები და ჟანდარმერიას ეკისრებათ პასუხიმგებლობა თვითნებურ დაკავებებსა და პატიმართა  დაკავების არაფორმალურ ცენტრებში  განთავსებაზე.

მთავრობა იშვიათად იღებდა ზომებს ოფიციალური პირების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების კუთხით. უსაფრთხოების ძალების და მთავრობის სხვა ოფიციალური პირების დაუსჯელობა კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება. სხვადასხვა მაღალი რანგის ინდივიდებს, რომლებიც  მთავრობასთან არიან დაკავშირებულები, ეკისრებათ პასუხისმგებლობა  2010-2011 წლების არჩევნების შემდგომი კრიზისის დროს  ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზე. ზოგიერთი მათგანი კვლავ ინარჩუნებს მაღალ თანამდებობას.

Human Rights Watch-ის 2017 წლის ანგარიშის თანახმად, კოტ-დ’ივუარში განგრძობითმა პოლიტიკურმა სტაბილურობამ და ეკონომიკურმა წინსვლამ გააუმჯობესა კანონის უზენაესობისა და ეკონომიკურ-სოციალური უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა. თუმცა, კვლავ მცირე პროგრესია ადამიანის უფლებათა საკითხების მიმართ, ძირითადად, ეს შეეხება  ბრძოლას დაუსჯელობის წინააღმდეგ და  2010-11 წლის არჩევნების კრიზისის შედეგად დაზარალებული 3000 ადამიანისთვის სამართლიანობის აღდგენას. სასამართლო სისტემა არაა გამჭირვალე, ციხეები გადატვირთულია და არაა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. ასევე, სახეზეა სამართალდარღვევები სამხედრო ძალების მხრიდან, კერძოდ, უკანონო დაკავებები და დაკავებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობა, ხშირია გენდერული ძალადობის ფაქტები, განსაკუთრებით ახალგაზრდა გოგონების წინააღმდეგ, ასევე, მართალია კანონით აკრძალულია სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაცია, თუმცა სისხლის სამართლის კოდექსი აწესებს უფრო მკაცრ სასჯელს ერთი სქესის წარმომადგენლების მიერ საჯარო უხამსი ქმედებისთვის.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი ადამიანის უფლებათა დამცველები და ორგანიზაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებენ მთავრობის მხრიდან ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.[1]

Amnesty International-ის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, კოტ-დ’ივუარში „გამოხატვის, შეკრებისა და მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლებები შეზღუდული იყო, ოპოზიციის წევრთა ნაწილი დააკავეს, ათობით დაკავებული კვლავ ელის საკუთარ რიგს სასამართლო პროცესზე 2010-11 წლებში არჩევნების კრიზისთან მათი სავარაუდო კავშირის გამო, ხშირად საუბარია შერჩევითი სამართალზე და ა.შ.[2]

Freedom House-ს 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის რეიტინგმა მოიმატა ერთი პუნქტით 2015 წლის არჩევნების შემდეგ, რომელიც ჩაითვალა ქვეყნის არსებობის განმავლობაში ჩატარებულ ყველაზე გამჭვირვალე და სამართლიან არჩევნებად. ანგარიშის თანახმად, კონსტიტუციით გარანტირებულია მთელი რიგი ისეთი უფლებები, როგორიცაა: პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლებები, რწმენისა და გამოხატვის თავისუფლება, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება და ა.შ. თუმცა,  ამ უკანასკნელის მიმართ, ზოგჯერ სახეზეა შეზღუდვები და ხშირად ხდება ამ უფლებების პოლიტიზება. ასევე, სასამართლო უწყება არაა დამოუკიდებელი და ხშირია მოსყიდვები.[3]

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის საკონსულო ურთიერთობათა ბიურო, საკუთარ მოქალაქეებს აწვდის ინფორმაციას, სადაც მიუთითებს, რომ 2011 წლის შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ოუატარამ დაიკავა თანამდებობა, ძალადობის დონემ ქვეყანაში მკვეთრად იკლო. თუმცა მცირე პოლიტიკური დაძაბულობა კვლავ არსებობს და კვლავ ფიქსირდება ძალადობრივი თავდასხმები ლიბერიის საზღვართან.  ასევე, მიუთითებს კონკრეტულად აბიჯანის პროვინციაზე და მოუწოდებს აშშ-ს მოქალაქეებს, მოერიდონ საჯარო, თუნდაც მშვიდობიან დემონსტრაციებსა და მიტინგებს, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება ძალადობამ იფეთქოს.[4]

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის ოფისის მიხედვით, რომელიც მოქალაქეებისათვის აქვეყნებს ინფორმაციას სადაც მოგზაურთათვის აღწერილია ამა თუ იმ ქვეყანაში მოგზაურობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებული რჩევები.  რუქაზე წითლად აღნიშნულია ზონა, სადაც ტურისტებს ურჩევენ საერთოდ არ იმოგზაურონ; ყვითლად აღნიშნულია ზონა, სადაც ტურისტებს ურჩევენ იმოგზაურონ მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში; მწვანე ფრად აღნიშნულია ზონა, სადაც მოგზაურობა ნებადართულია რჩევების გათვალისწინებით.

კოტ-დ’ივუარის შესახებ არსებულ სარჩევში, აღნიშნულია, რომ  ქვეყანაში ადგილი ჰქონდა ფართომასშტაბიან სამხედრო პროტესტს, ბოლო დაფიქსირდა ადიაკეში, აბიჯანის აღმოსავლეთ 90 კმ-ის დაშორებით. თუმცა სიტუაცია ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდა. მიუხედავად ამისა, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის ოფისი თავის მოქალაქეებს ურჩევს რომ მოერიდონ სამხედრო ბაზებს, ხალხით გადატვირთულ ადგილებს და დემონსტრაციებს.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის ოფისი თავის მოქალაქეებს ურჩევს თავი შეიკავონ ლიბერიის საზღვართან 20 კმ-ის მანძილზე მოგზაურობისაგან.

2017 წლის 7-8 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აბიჯანის აღმოსავლეთით 90 კმ-ში, ადიაკეს ტერიტორიაზე სამხედრო მოსამსახურეებმა პროტესტის ნიშნად ჰაერში გასროლები განახორციელეს. 9 თებერვალს სამხედრო პირებმა ბოდიში მოიხადეს თავიანთი ქმედებების გამო და სიტუაცია კვლავ ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდა. აღნიშნული აქცია 2017 წლის იანვარში დაწყებული პროტესტის გაგრძელება იყო. 2017 წლის 13 იანვარს მთავრობა და სამხედრო პირები შეთანხმდნენ, რომ დაესრულებინათ დავა ხელფასსა და სამუშაო პირობებზე.

ტერორიზმის სერიოზულად მაღალი საფრთხე არსებობს კოტ-დ‘ივუარში. 2016 წლის 13 მარტს, ტერორისტულ თავდასხმას ჰქონდა ადგილი აბიჯანთან ახლოს, გრანდ ბასამის ტერიტორიაზე, რომელსაც 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის იყვნენ უცხოელები.[5]

 

[1] Human Rights Watch, World Report 2017 – Côte d’Ivoire, 12 January 2017, available at:

 [accessed 28 April 2017]

[2] Amnesty International, Amnesty International Report 2016/17 – Côte d’Ivoire, 22 February 2017, available at:

 [accessed 28 April 2017]

[3] Freedom House, Freedom in the World 2016 – Côte d’Ivoire, 23 August 2016, available at:

 [accessed 28 April 2017]

[4] US Department of State, Bureau of Consular Affairs, Country Information – Cote D’Ivoire, available at https://travel.state.gov/content/passports/en/country/cote-divoire.html accessed April 28 2017.

[5] GOV.UK, Home Office: Foreign travel advice/Côte d’Ivoire; Updated: 10 February 2017; Still current at: 3 May 2017

  [accessed May 3, 2017]

თურქეთი – ქურთისტანის მუშათა პარტია; რეკრუტირების მეთოდები – მაისი, 2017

ქურთისტანის მუშათა პარტია (Kurdistan Workers’ Party PKK) – ასევე ცნობილია შემდეგი სახელებით: ქურთისტანის თავისუფლებისა და დემოკრატიის კონგრესი; ხალხის თავდაცვის ძალა; ქურთისტანის სახალხო კონგრესი; „KADEK“; „Partiya Karkeran Kurdistan“; „Halu Mesru Savunma Kuvveti“; „KONGRA-GEL“.

ორგანიზაცია ძირითადად მოქმედებს თურქეთში, ერაყში, სირიასა და ევროპაში. ორგანიზაციის ძალა განისაზღვრება დაახლოებით 4-5 ათასი წევრით, რომელთაგან 3-3.5 ათასი კონცენტრირებულია ჩრდილოეთ ერაყში. ქურთისტანის მუშათა პარტია დაფინანსებას იღებს საკმაოდ დიდი ქურთული დიასპორიდან და სხვადასხვა სახის კრიმინალური აქტივობებიდან.

ქურთისტანის მუშათა პარტია, როგორც მარქსისტ-ლენინისტური სეპარატისტული ორგანიზაცია, 1978 წელს აბდულა ოჯალანმა დააარსა. ორგანიზაცია თურქეთში აღიარებულია ტერორისტულ ორგანიზაციად; 1997 წელს ქურთისტანის მუშათა პარტია ტერორისტულ ორგანიზაციად დაასახელა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც. ქურთისტანის მუშათა პარტია ძირითადად თურქი ქურთებითაა დაკომპლექტებული. ორგანიზაციამ ძალადობრივი კამპანია 1984 წელს დაიწყო და მათი თავდაპირველი მიზანი, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქურთისტანის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა იყო. თუმცა, ამჟამად, ქურთისტანის მუშათა პარტია უფრო მეტს საუბრობს ავტონომიაზე თურქეთის შემადგენლობაში, რაც იქნება ქურთების კულტურული და ლინგვისტური უფლებების დაცვის გარანტი.

ადრეულ 90-იან წლებში PKK-მ დაიწყო ამბოხი, რომ მოეცვა ურბანული ტერორიზმი. ანატოლია გადაიქცა მნიშვნელოვანი ძალადობის სცენად, რასაც მინიმუმ 40 ათასი ადამიანი ემსხვერპლა. 1999 წლიდან, მას შემდეგ რაც აბდულა ოჯალანი დააპატიმრეს, მან „სამშვიდობო ინიციატივის“ შესახებ განაცხადა, მოუწოდა წევრებს ძალადობის შეწყვეტისკენ და მოითხოვა დიალოგი ანკარასთან ქურთისტანის საკითხებზე. ოჯალანის სასიკვდილო განაჩენი სამუდამო პატიმრობით შეცვალეს; იგი ორგანიზაციის სიმბოლურ ლიდერად რჩება.

ქურთისტანის მუშათა პარტია ძალადობაზე უარს ამბობდა 2004 წლამდე, ვიდრე მისი უკომპრომისო სამხედრო ფრთა კონტროლს საკუთარ თავზე აიღებდა და უარს იტყოდა ცეცხლის შეწყვეტის ნაკისრ ვალდებულებაზე. PKK ჩაერთო ტერორისტულ აქტივობებში აღმოსავლეთ და დასავლეთ თურქეთში. 2009 წელს თურქეთის მთავრობამ და PKK-მ სამშვიდობო მოლაპარაკებები განაახლეს, მაგრამ დიალოგი შეწყდა, როდესაც 2011 წლის ივლისში ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ იერიშს 13 თურქი სამხედრო ემსხვერპლა. მოლაპარაკებების მორიგი ეტაპი 2012-2014 წლებში მიმდინარეობდა, რომელიც საბოლოოდ 2015 წლის ივლისში დასრულდა, როდესაც PKK-მ უსაფრთხოების ორი თანამშრომელი მოკლა. 2015 წლის იანვარი-ივლისის განმავლობაში PKK-მ რამდენიმე მცირე იერიში მიიტანა თურქეთის უსაფრთხოების ძალებსა და სამხედრო ბაზებზე. თურქეთის მთავრობის ინფორმაციით, 2015 წლის ივლისის შემდეგ, PKK-ის აქტივობებს უსაფრთხოების სამსახურის 300 წევრზე მეტი ემსხვერპლა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თავის ბოლო ანგარიშში ტერორიზმის შესახებ წერს, რომ თურქეთში არსებულ ტერორისტულ დაჯგუფებებს შორის გამორჩეულია ქურთისტანის მუშათა პარტია. ანგარიშში ნათქვამია, რომ თურქეთის მთავრობასა და აბდულა ოჯალანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები 2012 წლიდან 2015 წლის ივლისამდე გრძელდებოდა. 2015 წლის ივლისიდან თურქეთი პერიოდულად ახორციელებს საჰაერო იერიშებს PKK-ის ბანაკებზე, თავშესაფრებზე, მიწისქვეშა ბუნკერებსა და იარაღის საწყობებზე თურქეთის სამხრეთით და ერაყის ჩრდილოეთით.[1]

რეკრუტირების მეთოდები

კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭოს ინფორმაციით, პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი აღნიშნავს, რომ PKK-ს სოფლებსა და ქალაქებში „პოლიტიკური კადრები“ ჰყავს, რომლებიც რეკრუტირებაზე არიან პასუხისმგებელნი. პროფესორის აზრით, PKK-ის რეკრუტირება იძულებითი არ არის, ვინაიდან ამან შეიძლება ქურთისტანის მუშათა პარტიის მიმართ ქურთული საზოგადოების გაუცხოვება გამოიწვიოს. კვლევითი დირექტორატის მიერ გადამოწმებული წყაროების თანახმად, 2009-2012 წლებში იძულებითი რეკრუტირების ფაქტებზე ინფორმაცია არ იძებნება.

პრესს TV, ინგლისურენოვანი ირანული საერთაშორისო ამბების სააგენტო, რომელიც თეირანშია დაფუძნებული, საერთაშორისო ტერორიზმისა და ტრანსეროვნული დანაშაულის კვლევის ცენტრზე დაყრდნობით, რომელიც ანკარაშია დაფუძნებული, აღნიშნავს, რომ თურქეთის მთავრობა, ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებში, პოლიციისა და მასწავლებლების დახმარებით, ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლის მიზანიც PKK-ის წარმატებული რეკრუტირებისთვის ხელის შეშლაა. ამავდროულად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ტერორიზმის შესახებ 2010 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ თურქეთის ეროვნულ პოლიციას ტერორიზმის შედეგად დაზარალებული საზოგადოებებისთვის გარკვეული „მოქმედების რადიუსის“ პროგრამა გააჩნია, რომელიც მოიცავს „ჯგუფური დინამიკის ცვლილებისა და რეკრუტირების აღკვეთის“ მცდელობებს. პოლიციას, ასევე, აქვს პროგრამები ტრენერებისთვის, ფსიქოლოგების, ინსტრუქტორებისა და რელიგიური ლიდერებისთვის, რომ მათ „რადიკალური მესიჯების აღმოფხვრა“ და რეკრუტირების შეჩერება შეძლონ.

ევროპული პოლიციის ოფისის (ევროპოლი) ანგარიშის თანახმად, PKK-ს ევროპის მასშტაბით რეკრუტირების ქსელი გააჩნია. საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ იტყობინებოდა, რომ 2010 წლის თებერვალში, იტალიის პოლიციამ 11 ადამიანი დააკავა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ქსელურ რეკრუტირებასა და ქურთების დატრენინგებაში PKK-ისთვის; აღნიშნული ინფორმაცია იტალიასა და საფრანგეთში ჩატარებული გამოძიების შედეგად გავრცელდა.[2]

[1] United States Department of State, Country Reports on Terrorism 2015 – Foreign Terrorist Organizations: Kurdistan Workers’ Party, 2 June 2016, available at:

[accessed 5 May 2017]

[2] Canada: Immigration and Refugee Board of Canada, Turkey: The Kurdistan Workers’ Party (PKK), including areas of operation and targets, methods of recruitment and activities; state response, 15 June 2012, TUR104075.E, available at:

[accessed 5 May 2017]

ერაყი – მაჰდის არმია; პოლიციის მაღალჩინოსნები – აპრილი, 2017

2013 წლის აგვისტოს, როდესაც სადრმა გამოაცხადა, რომ წყვეტდა პოლიტიკურ აქტივობას და შლიდა მაჰდის არმიას, გააკვირვა მისი მხარდამჭერები. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი უცნობი იყო. მაჰდის არმიის ოფიციალური დემობილიზაციის მიუხედავად, მისი წევრები კვლავ განაგრძობდნენ სადრის და სადრისტების მოძრაობის მხარდაჭერას, რომლებიც საკმაოდ ცნობილები იყვნენ ერაყში. 2014 წლის ივნისში, მას შემდეგ, რაც ქ. მოსული ისლამურმა სახელმწიფომ დაიკავა, სადრმა კვლავ შეკრიბა მისი მხარდამჭერები და ჩამოაყალიბა მაჰდის არმია ახალი სახელწოდებით „მშვიდობის ბრიგადები“ (სარაია ალ-სალამ). „მშვიდობის ბრიგადები“ პირველად საჯაროდ გამოჩნდნენ 2014 წლის 22 ივნისს.

დაარსების დღიდან, „მშვიდობის ბრიგადებს“ ორი მიზანი ჰქონდათ: ისლამური სახელმწიფოს დამარცხება და პრემიერმინისტრ ნური ალ-მალიქის გადაყენება. უკანასკნელი მიზანი წარმატებით შესრულდა და 2014 წელს ალ-მალიქის ნაცვლად პრემიერმინისტრად ჰაიდერ ალ-აბადი დაინიშნა, რომელსაც სადრმა მხარდაჭერა აღუთქვა. ალ-აბადის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, „მშვიდობის ბრიგადები“, ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში, ახლო თანამშრომლობაში არიან ერაყის უსაფრთხოების ძალებთან. „მშვიდობის ბრიგადები“ ერაყის მთავრობის მოკავშირეებს წარმოადგენენ.

2016 წლის იანვარში, სადრი კვლავ შევიდა ერაყის პოლიტიკურ ასპარეზზე. მან პრემიერმინისტრ ჰაიდერ ალ-აბადის მოუწოდა, რომ მინისტრთა კაბინეტი დაეკომპლექტებინა კვალიფიციური ტექნოკრატებისგან, ვიდრე კარიერისტი პოლიტიკოსებისგან და რომ მთავრობამ ერაყის არმიაში მიიღოს შიიტური შეიარაღებული ფორმირებები, მათ შორის „მშვიდობის ბრიგადები“. სადრმა აღნიშნულ მოთხოვნაზე გადაწყვეტილების მისაღებად, 45 დღიანი ვადა მისცა პრემიერმინისტრს. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი, მწვანე ზონის აღებით დაიმუქრა. 2016 წლის მარტში, პრემიერმინისტრმა მინისტრთა ახალი კაბინეტი ჩამოაყალიბა, სადაც დაკმაყოფილებული იყო სადრის მოთხოვნები. 2016 წლის მაისში, სადრმა განაცხადა, რომ  „მშვიდობის ბრიგადები“ ემზადებოდნენ ისლამური სახელმწიფოსგან ქ. მოსულის გათავისუფლების ოპერაციისთვის.

2016 წლის ოქტომბერში,  ბადრის ორგანიზაციის, ასაიბ აჰლ ალ-ჰაქის და ქათაიბ ჰეზბოლლას ლიდერებთან ერთად, სადრი დაეწსრო შერიგების შეხვედრას, რომელიც მიზნად ისახავდა, ერაყის საპარლამენტო არჩევნების წინ, ერთიანი შიიტიური პოლიტიკური ალიანსის ჩამოყალიბებას.[1]

საინფორმაციო საშუალება „Iraqi News“-ზე დაყრდნობით, 2016 წლის ოქტომბერში, ფედერალური პოლიციის შენაერთები და „მშვიდობის ბრიგადები“ (სარაია ალ-სალამ), განლაგდნენ ქ. ქერბალას ჩრდილო-დასავლეთით, იმ მიზნით, რომ ისლამური სახელმწიფოსთვის გადაეკეტათ აღნიშნულ ტერიტორიაზე შესასვლელი ყველა შესაძლებლობა.[2]

საინფორმაციო საშუალება „The Baghdad Post“-ის მიერ 2017 წლის 4 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სადრისტული მოძრაობის ლიდერმა მუქთადა ალ-სადრმა განაცხადა, რომ „მშვიდობის ბრიგადები“ (სარაია ალ-სალამ) მონაწილეობას არ მიიღებენ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში. აღნიშნულს წინ უძღოდა მუქთადა ალ-სადრის მოწოდება, დაშლილიყო ერაყსა და სირიაში ირანული მილიციის (IMIS) ყველა შიიტური შეიარაღებული ფორმირება და გასულიყო პოლიტიკური პროცესებიდან, რადგან მისი განცხადებით, იარაღი უნდა იყოს მხოლოდ ერაყის არმიისა და ფედერალური პოლიციის ხელში.[3]

ერაყის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, ასევე, “Freedom House“-ის, „Amnesty International“-ის და „Human Rights Watch“-ის უახლეს ანგარიშებში, “მაჰდის” არმიის მხრიდან ერაყის შერეულ (სუნიტურ-შიიტურ) რაიონებში პოლიციის მაღალჩინოსანთა შევიწრეობის ფაქტების შესახებ არაფერია ნათქვამი.[4] [5] [6] [7]

[1] Stanford University, Mapping Militant Organizations, Mahdi Army, updated January 17, 2017, available at: http://web.stanford.edu/group/mappingmilitants/cgi-bin/groups/view/57 (accessed 7 April 2017)

[2] Iraqi News, Federal Police and Saraya al-Salam militia spread near Karbala, 10 October 2016, available at: http://www.iraqinews.com/iraq-war/federal-police-saraya-al-salam-militia-spread-near-karbala/ (accessed 7 April 2017)

[3] The Baghdad Post, Document: Sadr orders Saraya al-Salam to not participate in elections, 4 April 2017, available at:

(accessed 7 April 2017)

[4] Human Rights Watch, World Report Iraq 2017, available at: https://www.hrw.org/world-report/2017/country-chapters/iraq (accessed 7 April 2017)

[5] Amnesty International, Annual Report  Iraq 2016/2017, available at: https://www.amnesty.org/en/countries/middle-east-and-north-africa/iraq/report-iraq/ (accessed 7 April 2017)

[6] Freedom House, Freedom in the World Iraq  2016, available at: https://freedomhouse.org/report/freedom-world/2016/iraq  (accessed 7 April 2017)

[7] USDOS, U.S. Department of State, 2016 Country Report on Human Rights Practices, Iraq, available at: https://www.state.gov/j/drl/rls/hrrpt/2016/nea/265498.htm (accessed 7 April 2017)

ერაყი – ბაასის პარტიის ყოფილი წევრების მდგომარეობა – აპრილი, 2017

„UK Home Office“-ის 2016 წლის ნოემბერში გამოქვეყენებულ ანგარიშში, რომელიც ეხება ერაყში ბაასისტების მდგომარეობას, აღნიშნულია, რომ დანიის იმიგრაციის სამსახურის ფაქტების დამდგენი მისიის ინფორმაციით, ბაასის პარტიის ყოფილი წევრობა შესაძლოა წარმოადგენდეს პირის დაუცველობის  ერთ-ერთ ფაქტორს. პირის მიზანმიმართული დევნა მხოლოდ იმიტომ, რომ ყოფილი რეჟიმის მიერ იყო დასაქმებული, არ ნიშნავს, რომ აღნიშნული პირი  წარმოადგენდა ბაასის პარტიის წევრს. ერაყში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლების ქრისტინ ფოულერის და მოჰამედ ელ-ღანამის განცხადებით, პარტიის მაღალი რანგის წევრები, რომლებიც ნამდვილად იყვნენ რისკის ქვეშ, ან საზღვარგარეთ, მაგალითად სირიაში, გაიქცნენ, ან სახელმწიფო უკვე სათანადოდ გაუსწორდა მათ.

დანიის იმიგრაციის სამსახურის ფაქტების დამდგენი მისიის ინფორმაციით, ბაასის პარტიის ყოფილი წევრობა არ არის გადამწყვეტი ფაქტორი იმის დასადგენად პირი გახდება თუ არა სამიზნე ობიექტი. ბაასის პარტიის ყოფილი წევრების მოკვლის ძალიან ცოტა შემთხვევა არსებობს და 2008 წლის შემდეგ აღნიშნული საკითხი „მინიმალური“ გახდა. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) განცხადებით, მათ არ ჰქონდათ, აღნიშნული მიზეზის გამო, ადამიანის მკვლელობის შესახებ, რაიმე სახის ინფორმაცია. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის შეფასებით, ბაასის პარტიის ყოფილი წევრი, პარტიაში მისი ფუნქციისა და რანგის მიხედვით, შესაძლოა გახდეს სამიზნე ობიექტი. ბაასის პარტიის ყოფილი წევრობა შესაძლოა იყოს კუმულაციური ელემენტი, რის გამოც პირი შეიძლება აღმოჩნდეს რისკის ქვეშ, თუმცა ზოგიერთი პირი მხოლოდ იმიტომ გამხდარა სამიზნე ობიექტი, რომ წარმოადგენდა პარტიის ყოფილ წევრს.

ერთ-ერთი სანდო წყაროს ცნობით, ამანში საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, ბაასის პარტიის მაღალი რანგის წევრები სამიზნე ობიექტებს წარმოადგენენ განსაკუთრებით ერაყის სამხრეთით და ცენტრალურ ნაწილებში. მსგავსი პირები მით უფრო არიან რისკის ქვეშ, თუ მათ, მანამდე, მნიშვნელოვანი თანამდებობდა ეკავათ და ხალხისთვის ცნობად სახეს წარმოადგენდნენ.

ერაყის შესახებ, გლუკის 2012 წლის სახელმძღვანელო პრინციპებში აღნიშნულია, რომ დღესდღეობით, შეიარაღებული დაჯგუფებების მხრიდან ბაასის პარტიის ყოფილი წევრები, რეჟიმის შეიარაღებული ძალების, უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურის ყოფილი წევრები აღარ არიან სისტემატური თავდასხმების ობიექტები. ისინი შესაძლოა გახდნენ სამიზნე ობიექტები ინდივიდუალური გარემოებების გამო, თუმცა თავდასხმების ზუსტი მოტივაცია ყოველთვის არ არის ცნობილი. ბევრმა ყოფილმა ბაასისტმა შეიძინა ახალი იდენტობა, ზოგი გახდა პოლიტიკოსი, აკადემიკოსი, ტომის ლიდერი, ან ამჟამინდელი ერაყის უსაფრთხოების ძალების წევრი. რთულია იმის დადგენა, პირის მიმართ განხორციელებული თავდასხმა მოტივირებულია ყოფილი რეჟიმის დროს მის მიერ დაკავებული პოზიციის გამო, თუ მისი ამჟამინდელი საქმიანობიდან გამომდინარე.[1]

საინფორმაციო საშუალება „Middle East Eye“-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2016 წლის 30 ივლისს, პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც კრძალავს ბაასის პარტიის რაიმე სახის პოლიტიკურ საქმიანობას ქვეყანაში. პარტიის აკრძალვის გარდა, კანონპროექტმა კანონგარეშედ გამოაცხადა ორგანიზაციები, რომლებიც აღიარებენ ან ხელს უწყობენ რასიზმს, ტერორიზმს, რელიგიურ ნიადაგზე არსებულ შუღლს ან რელიგიური ნიშნით წმენდას. ის, ასევე, კრძალავს პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც ხელს უწყობენ დემოკრატიის და ძალაუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის საწინააღმდეგო იდეებს, თუმცა კონკრეტული ჯგუფები არ დასახელებულა.

ერაყელი ხალხის მისამართით, პრემიერმინისტრ ჰაიდერ ალ-აბადის ვიდეო მიმართვაში, პრემიერი აცხადებს, რომ ბაასის პარტიის აკრძალვა, ერისთვის და გარდაცვლილთა ოჯახებისთვის, დიდი წარმატებაა, რადგან პარტიას ჩადენილი აქვს ყველაზე საზარელი დანაშაულები.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ნებისმიერი პირი, ვინც შემჩნეული იქნება ბაასის პარტიის პოლიტიკის გატარებაში, მიესჯება თავისუფლების აღკვეთა მინიმუმ 10 წლის ვადით.

ზოგიერთი ანალიტიკოსი უარყოფს ერაყის პარლამენტის ამ უკანასკნელ ნაბიჯს და ეჭვქვეშ აყენებს იმ ფაქტს, რომ პარტია კვლავ უქმნის საფრთხეს ერაყელების ყოველდღიურ ცხოვრებას.

ერაყელი ქურთი ჟურნალისტი მოჰამმედ სალიჰი სოციალურ ქსელ „Tweeter“-ში სვამს კითხვას: „დღესდღეობით, ბაასის პარტია მართლა ასეთ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ერაყში, თუ, უბრალოდ, პარლამენტს აღარ აქვს სხვა საქმე?“

ბრიტანეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მდივანმა ფილიპ ჰამონდიმ, რომელიც აკრიტიკებდა „დებაასიფიკაციის“ პროცესს, რამაც ხელი შეუწყო ერაყის არმიის დაშლას, განაცხადა, რომ ისლამური სახელმწიფოს ძირითად ბირთვს წარმოადგენს ყოფილი ბაასისტი ოფიცრების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი.[2]

საინფორმაციო სააგენტო ალ-მონიტორის 2016 წლის 19 აგვისტოს გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, რომელიც ერაყში ბაასის პარტის აკრძალვის კანონის შემოღებას უკავშირდება, ნათქვამია, რომ ერაყის ქურთისტანის ავტონომიური რესპუბლიკა არ დაინტერესებულა აღნიშნული კანონით და ბაასის პარტიის მიერ, ქურთი ხალხის წინააღმდეგ, ჩადენილი დანაშაულებით. გარდა ამისა, ქურთისტანს ბრალს სდებენ ყოფილი ბაასისტების შეფარებაში (1970-იან და 1980-იან წლებში ქურთი შეიარაღაებული დაჯგუფებები შეუერთდნენ ბაასის რეჟიმს ქურთი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ არა ერთ დანაშაულში). ქურთისტანის მთავრობის ზოგიერთი ოფიციალური პირი კატეგორიულად უარყოფს ბაასისტების ყოფნას რეგიონში. ქურთისტანის ანფალისა და მოწამეების საქმეთა მინისტრის, მაჰმუდ ჰაჯი სალიჰის, განცხადებით, ქურთისტანში არ იმყოფებიან ბაასისტები და მან არაფერი იცის ბაღდადში მიღებული კანონის შესახებ, რომელიც კრძალავს ბაასის პარტიას.[3]

[1] UK Home Office: Country Policy and Information Note Iraq: Ba’athists, November 2016 (available at ecoi.net)

(accessed 7 April 2017)

[2]MEE- Middle East Eye, Iraqi parliament votes to ban the Baath party , 31 July 2016, available at: http://www.middleeasteye.net/news/iraqi-parliament-votes-ban-baath-party-saddam-hussein-debaathification2031480907 (accessed 7 April 2017)

[3] Al-monitor, What does de-Baathification mean for Iraq’s Kurds? 19 August 2016, available at: http://www.al-monitor.com/pulse/originals/2016/08/debaathification-iraq-kurdistan.html  (accessed 7 April 2017)

ავღანეთი – ქალთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება – აპრილი, 2017

ქალები განსაზღვრული ბიოგრაფიით, ან განსაკუთრებულ შემთხვევებშიქალების წინააღმდეგ სექსუალური და გენდერული ძალადობა ფართოდ გავრცელებულია ავღანეთში. მსგავსი ძალადობა მოიცავს იძულებით ქორწინებას, ბავშვთა ქორწინებას, „ღირსების გამო მკვლელობებს“, გატაცებას, გაუპატიურებას, იძულებით აბორტს და ოჯახურ ძალადობას.

სახელისუფლებო ორგანოები ოჯახური ძალადობის საჩივრების არსებობის შემთხვევაში მიმართავს დავის გადაწყვეტის ტრადიციულ მექანიზმს. ოჯახურ ძალადობაში, ან იძულებით ქორწინებაში ბრალდებული მამაკაცები, თითქმის ყოველთვის, დაუსჯელნი რჩებიან. ქალი პოლიციელები, სამსახურში, მამაკაცი კოლეგების მხრიდან არიან სექსუალური ძალადობის რისკის ქვეშ. ისინი, აგრეთვე, ძალადობრივი თავდასხმის საფრთხის ქვეშ არიან ანტი-სამთავრობო ელემენტების მხრიდან.

ქალები, რომლებიც მიეკუთვნებიან შემდეგ კატეგორიებს, საჭიროებენ საერთაშორისო დაცვას:

ა) გადარჩენილები და სექსუალური – გენდერული ძალადობის საფრთხის ქვეშ მყოფნი;

ბ) გადარჩენილები და მავნე ტრადიციული პრაქტიკის რისკის ქვეშ მყოფნი;

გ) ქალები, რომლებიც აღიქმებიან სოციალური მორალის მოწინააღმდეგეებად.

ქალები და მამაკაცები, რომლებიც აღიქმებიან სოციალური მორალის მოწინააღმდეგეებად

სახელმწიფოს მცდელობის მიუხედავად, წაახალისოს გენდერული თანასწორობა, ქალები განიცდიან გავრცელებულ სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ დისკრიმინაციას საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების გამო. „მორალური დანაშაულის“ (ქორწინებაზე უარის თქმა, თანმხლები პირის გარეშე არასათანადოდ სიარული, ქორწინების გარეშე სქესობრივი კავშირი, ოჯახური ძალადობისას სახლიდან გაქცევა) ბრალდებით ხდება უამრავი ქალისა და გოგონას დაპატიმრება. „მორალურმა დანაშაულმა“ შესაძლოა გამოიწვიოს „ღირსების გამო მკვლელობა“. მსგავსი შემთხვევებისას, ხელისუფლება  ქალების დაკავებას მიიჩნევს, როგორც მათი დაცვის მექანიზმს.

მამაკაცები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან წესებს, შესაძლოა დადგნენ არასათანადო მოპყრობის რისკის ქვეშ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა საქმე ეხება ქორწინების გარეშე სქესობრივ კავშირს.[1]

ქალთა და გოგონათა წინააღმდეგ მიმართული ძალადობა

“Amnesty International”- ის 2017 წლის ანგარიშში, რომელიც ეხება  2016 წელს ავღანეთში განვითარებულ მოვლენებს, აღნიშნულია, რომ ავღანეთის სასამართლო სისტემში 2016 წლის პირველი 8 თვის მანძილზე, ქალთა და გოგონათა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის 3,700 შემთხვევა დარეგისტრირდა.  ავღანეთის ადამიანის უფლებათა დაცვის დამოუკიდებელი კომისია იუწყებოდა, რომ  2016 წლის პირველი 6 თვის მანძილზე ძალადობის ათასობით შემთხვევა დაფიქსირდა, რაც მოიცავდა ცემის, მკვლელობის და მჟავით თავდასხმის ფაქტებს.

იანვარში, მამაკაცმა 22 წლის ცოლს მოაჭრა ცხვირი. აღნიშნული ინციდენტი დაგმო მთელმა ავღანეთმა, მათ შორის თალიბანის წარმომადგენელმაც.

ივლისში, 14 წლის ორსულ გოგოს ქმარმა და ქმრის დედამ ცეცხლი წაუკიდეს, რაც მიზნად ისახავდა გოგოს მამის დასჯას, რომელიც ქმრის დეიდაშვილთან ერთად გაიქცა. გოგო ხუთი დღის შემდეგ გარდაიცვალა ქაბულის საავადმყოფოში.

შეიარაღებული დაჯგუფებები თავს ესხმოდნენ ქალებს, რომლებიც საჯარო სფეროში მოღვაწეობდნენ, მათ შორის  ქალ პოლიციელებს. შეიარაღებული დაჯგუფებები მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე  ქალებს და გოგონებს უზღუდავდნენ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას, განათლებაზე და ჯანდაცვის სერვისებზე წვდომას.

UNAMA-ს ანგარიშით, თალიბანის და სხვა შეიარაღებული დაჯგუფებების მხრიდან შარიათის კანონის საფუძველზე ქალთა დასჯის ფაქტებმა იმატა. ანგარიშის მიხედვით, 1 იანვრიდან 30 ივნისამდე პერიოდში  6 ფაქტი დაფიქსირდა, რომლის ფარგლებშიც შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ე.წ. „მორალურ დანაშაულში“ ეჭვმიტანილი 6 ქალი დასაჯა. მათგან 2 ქალი სიკვდილით დასაჯეს, ხოლო 4 გაამათრახეს.[2]

“Human rights Watch”-ის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით,  2016 წელს პარლამენტის წევრები ეწინააღმდეგებოდნენ ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ კანონის მიღებას, თუმცა პარლამენტის სამართლებრივი კომისია ნაზირ აჰმად ჰანაფის ხელმძღვანელობით, განაგრძობდა მცდელობას, რომ კანონში შეტანილი ყოფილიყო ცვლილება  და ამოეღოთ ქორწინების მინიმალური ასაკი და დაწესებინათ სასჯელი ოჯახური ძალადობისთვის. ასევე, უზრუნველყოფილი ყოფილიყო ქალებისთვის თავშესაფარზე წვდომა. 2016 წლის ნოემბრისთვის ცვლილებები წარუდგინეს ქალთა საკითხების, სამოქალაქო საზოგადოების და ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომისიას.

2015 წლის დეკემბერში უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც აკრძალა იმ ქალთათვის პატიმრობის მისჯა, რომლებიც ოჯახებს გაექცნენ, თუმცა აკრძალვა ლიმიტირებული იყო და ეხებოდა იმ შემთხვევებს, როდესაც გაქცეულმა ქალმა თავი შეაფარა ნათესავ მამაკაცს, ან დახმარებისთვის მიმართა პოლიციას, ან სამედიცინო დაწესებულებას. მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილებისა, რეალური ცვლილებები არ მომხდარა. ხშირ შემთხვევაში ქალები, რომლებიც ოჯახებიდან გარბიან, ცდილობენ თავი დააღწიონ ოჯახურ ძალადობას ან იძულებით ქორწინებებს. ავღანეთის ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი კომისიის ინფორმაციით, 2016 წლის პირველი რვა თვის  განმავლობაში ოჯახური ძალადობის  2621 შემთხვევა დაფიქსირდა, თითქმის იგივე რაოდენობა რაც 2015 წელს.[3]

[1] UNHCR – UN High Commissioner for Refugees: UNHCR Eligibility Guidelines for Assessing the International Protection Needs of Asylum-Seekers from Afghanistan, 19 April 2016 (available at ecoi.net)


(Memo von UNHCR Berlin) [accessed April 7, 2017]

[2] Amnesty International/Annual Report: Afghanistan 2016/2017 https://www.amnesty.org/en/countries/asia-and-the-pacific/afghanistan/report-afghanistan/ [accessed April 7, 2017]

[3] Human Rights Watch Report: Afghanistan;Events of 2016https://www.hrw.org/world-report/2017/country-chapters/afghanistan [accessed April 7, 2017]

სირია – მამაკაცების იძულებით გაწვევა სამხედრო სამსახურში – მარტი, 2017

2016 წლის თებერვლის ინფორმაციით, სირიის რეჟიმმა ამნისტია გამოაცხადა მათთვის ვინც სამხედრო ვალდებულების შესრულებას თავი აარიდა და დაარღვია სამხედრო სამსახურის შესახებ არსებული კანონი. პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა  საკანონმდებლო განკარგულება გამოსცა სამხედრო დეზერტირების ამნისტირების შესახებ. ამნისტია ეხებოდა მათ ვინც 17 თებერვლამდე  დაარღვია სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ კანონი. პრეზიდენტის განკარგულება არ შეეხებოდა იმ პირებს, რომლებიც სირიაში იმალებოდნენ და 30 დღის ვადაში არ გამოცხადდებოდნენ. ხოლო ქვეყნის გარეთ მყოფთათვის კი 60-დღიანი ვადა იქნა მიცემული.[1]

2016 წლის დეკემბერში სამთავრობო ძალებმა აღმოსავლეთ ალეპო კვლავ საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარეს, სიკვდილით დასაჯეს ის პირები ვისაც მიყენებული ჭრილობების ან სხვა მიზეზების გამო აღარ შეეძლოთ ბრძოლა („hors de combat“) და შეიარაღებული ჯგუფების სავარაუდო მხარდამჭერები. ასობით მამაკაცი და ბიჭი დააშორეს ოჯახებს და იძულებით გაიწვიეს სირიის არმიაში. უცნობია, რა ბედი ეწიათ სხვებს.

აღმოსავლეთ ალეპოს ხელახლა დაპყრობას მოჰყვა რეპრესიები, რომელთაგან ყველაზე სერიოზული იყო მთავრობის მხარდამჭერი ძალების მიერ იმ პირების სიკვდილით დასჯა ვისაც მიყენებული ჭრილობების ან სხვა მიზეზების გამო აღარ შეეძლოთ ბრძოლა  და მათი ოჯახის წევრების მკვლელობა. სახეზე იყო პირთა უკანონო დაკავების ფაქტები, რომელთაც სავარაუდო კავშირი ჰქონდათ შეიარაღებულ ჯგუფებთან, მათ შორის ექიმები და ჰუმანიტარული დახმარების მიმწოდებლები, ხოლო მამაკაცები და ბიჭები გახდნენ იძულებითი რეკრუტირების მსხვერპლნი.

2016 წლის 27 ნოემბრიდან, სამთავრობო ძალებმა აღმოსავლეთ ალეპოში სხვადასხვა ტერიტორიების დაკავება დაიწყეს. მას შემდეგ, რაც სამთავრობო ძალებმა კონტროლი მოიპოვეს ჩრდილოეთ დასახლებებზე, ცალ-ცალკე დააჯგუფეს ქალები და მამაკაცები, მოახდინეს მამაკაცების დათვალირება და ვინც მიიჩნიეს მებრძოლებად, გაამწესეს დაკავების ცენტრებში. დარჩენილი მამაკაცების უმეტესი ნაწილი გაიწვიეს სამხედრო სამსახურში, ხოლო 5000-მდე ადამიანი გადაიყვანეს ბანაკში, ჯიბრენში. ამ ბანაკში კვლავ მოახდინეს პირთა დათვალიერება  და სულ მცირე, ერთი მამაკაცი დააპატიმრეს. მისი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.

იძულებითი გაწვევის შესახებ ცნობები გახშირდა. მათ შორის ყველაზე მასობრივი გაწვევა მოხდა 2016 წლის 11 დეკემბერს, როდესაც დაახლოებით 200 მამაკაცი 19-დან 25 წლამდე იძულებით გაიწვიეს სამხედრო სამსახურში, მას შემდეგ, რაც ისინი გადავიდნენ ოჯახებთან დასავლეთ ალეპოში.

2016 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში მიმდინარე ევაკუაციის დროს, მთავრობის მხარდამჭერმა ძალებმა  გააჩერეს და ხელბორკილი დაადეს 3 შეიარაღებული დაჯგუფის წევრს, რომლებიც მიჩნეულნი იყვნენ „hors de combat“-ად. მეოთხე პირმა , მას შემდეგ, რაც დააპირეს მისი დაკავებაც, მოახდინა გასროლა, რამაც აიძულა ჯარისკაცები ცეცხლი გაეხსნათ 4-ვე პირის მიმართ. ევაკუაციის დროს, სამთავრობო ძალებმა კიდევ ერთხელ მოახდინეს მამაკაცთა და 16 წლამდე ბიჭების იძულებითი რეკრუტირება და, ასევე გაძარცვეს ევაკუატორები, წაიღეს მათი ფული, ძვირფასეულობა, კომპიუტერები და მობილური ტელეფონები.[2]

[1] The New arab: Assad ‘gives amnesty’ to military deserters; 18 February, 2016 https://www.alaraby.co.uk/english/news/2016/2/18/assad-gives-amnesty-to-military-deserters [accessed 17 March 2017]

[2] UN Human Rights Council, Report of the Independent International Commission of Inquiry on the Syrian Arab Republic, 2 February 2017, A/HRC/34/64, available at:

 [accessed 17 March 2017]