საუდის არაბეთი. პალესტინელების მდგომარეობა ქვეყანაში. იანვარი, 2018

პალესტინელთა ბინადრობის და ლტოლვილთა უფლებების დაცვის შესახებ არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია „ბადილის“ რესურს ცენტრის (დამოუკიდებელი უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანიც პალესტინელი ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების დაცვაა) მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, რომელიც მოიცავს 2013-2015 წლებს, პალესტინელთა სამართლებრივი სტატუსისა და უფლებების შესახებ აღნიშნულია, რომ: ინდივიდს მოქალაქეობა მამის მხრიდან გადაეცემა. საუდის არაბეთის კანონის მიხედვით, სახელმწიფომ პოლიტიკური თავშესაფარი შეიძლება მიანიჭოს ადამიანს საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. მიუხედავად ამისა, ქვეყანას არ გააჩნია არანაირი მექანიზმი ამ პირობის აღსრულებისთვის, თუმცა, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიერ აღიარებულ ლტოლვილებს ნებას რთავს რომ  „დროებით“ დარჩნენ ქვეყანაში, სანამ არ გამოინახება გზები პრობლემის გრძელვადიანი გადაწყვეტისა. როგორც წესი, ხელისუფლება უარს აცხადებს მესამე ქვეყნიდან მომავალი ლტოლვილების მიღებაზე, ან მათთვის თავშესაფრის მინიჭებაზე. ბინადრობის ნებართვის მისაღებად საჭიროა საუდის არაბეთში მცხოვრები დამსაქმებლის, თავდების ყოლა.

დასაქმება: პალესტინელები განიხილებიან, როგორც სხვა უცხოელი მუშაკები.

განათლება: საჯარო სკოლები უფასოა როგორც მოქალაქეებისთვის, ასევე, არა მოქალაქეებისთვის. უმაღლესი განათლების მიღება უფასოა, მხოლოდ საუდის არაბეთის მოქალაქეებისთვის. უცხოელი მუშაკების შვილები არ დაიშვებიან უმაღლესი განათლების დაწესებულებებში, თუ მათ სტიპენდია/დაფინანსება არ აქვთ მოპოვებული.

ჯანდაცვა: საუდის არაბეთში  უფასო ჯანდაცვის პოლიტიკა მოქმედებს, რომელიც ეხება საჯარო სექტორში დასაქმებულ საუდის არაბეთის მოქალაქეებს, ასევე, ექსპატრიანტებს. კერძო სექტორში დასაქმებული ექსპატრიანტის ჯანდაცვაზე პასუხისმგებელია დამსაქმებელი, ხოლო, იმ კერძო კომპანიებში დასაქმებული თანამშრომლები, რომელთაც არ აქვთ სამედიცინო მომსახურეობაზე წვდომა, სარგებლობენ სახელმწიფო ჯანდაცვის პოლიტიკით, რომლის მიხედვითაც ჯანდაცვა ხელმისაწვდომი უნდა იყოს თავდების არარსებობის პირობებშიც.

საკუთრება: საუდის არაბეთის არა მოქალაქეების შესახებ, უძრავი ქონებისა და ინვესტიციის რეგულირების კანონის მე-2 მუხლის მიხედვით: საუდის არაბეთში მცხოვრები ფიზიკური პირი, რომელსაც გააჩნია ბინადრობის კანონიერი სტატუსი, შეუძლია ფლობდეს უძრავ ქონებას პირადი საცხოვრებლის დანიშნულებით, იმ შემთხვევაში, თუ  შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებართვას მოიპოვებს.

მოგზაურობა: პალესტინელებს თავდების ნებართვის გარეშე, არ აქვთ უფლება იმოგზაურონ იმ ქალაქის გარეთ სადაც არიან დასაქმებულები, ან შეიცვალონ სამსახური. პალესტინელები, რომლებმაც საუდის არაბეთი დატოვეს ექვსი თვის ან მეტი ხნის განმავლობაში, ქვეყანაში შესვლის უფლება აღარ აქვთ, მანამ სანამ ახალ დამსაქმებელს, თავდებს არ მონახავენ, რაც საზღვარგარეთ ფაქტობრივად შეუძლებელია.[1]

საუდის არაბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, თანამშრომლებისთვის, ბინადრობის ნებართვა  დამსაქმებლებმა უნდა მოითხოვონ, რაც მათ  საშუალებას მისცემს თავისუფლად გადაადგილდნენ იმ ქალაქში, სადაც დასაქმდებიან. თუ თანამშრომელი, საუდის არაბეთში შესვლის ვიზით გადის ქვეყნიდან, მის დაბრუნებამდე, დამსაქმებელმა უნდა შეინახოს მისი ბინადრობის ნებართვა. ხოლო, საბოლოოდ ქვეყნიდან გამგზავრებისთვის ვიზის მისაღებად, ბინადრობის ნებართვა, ქვეყნიდან საბოლოოდ გასვლის ვიზის განაცხადთან ერთად უნდა გაიგზავნოს საპასპორტო ორგანოში. ბინადრობის ნებართვა  უნდა განახლდეს, მისი ვადის ამოწურვამდე სამი დღით ადრე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯარიმებია გათვალისწინებული. ხოლო ამ წესის სამჯერ დარღვევის შემთხვევაში, პირს შეიძლება დეპორტაცია დაემუქროს. ოჯახის უფროსზე გაცემული ბინადრობის ნებართვა მოიცავს ნებართვას მისი მეუღლისთვის და მცირეწლოვანი შვილებისთვის. ხოლო 18 წელს გადაცილებულმა შვილებმა უნდა იქონიონ საკუთარი პასპორტები რომ ცალკე მიიღონ ვიზა. ნათესავებს, ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე,  არ აქვთ მუშაობის უფლება.

ნორვეგიაში, ქ. ბერგენში მოქმედი დამოუკიდებელი კვლევითი ინსტიტუტის „Christian Michelsen Institute“-ის მიერ, 2016 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ „Kafala“-ს (თავდებობის) სისტემა, მიგრანტ მუშებს, რომლებსაც ბინადრობის მიღება სურთ,  თავიანთ დამსაქმებელზე და თავდებზე დამოკიდებულს ხდის. დასაქმებულს, თავდებისგან წერილობითი ნებართვის მიღება სჭირდება, თუ სამსახურის შეცვლა ან ქვეყნიდან გასვლა სურს. ხშირად, დამსაქმებლები ბოროტად იყენებენ ძალაუფლებას. მიუხედავად იმისა, რომ საუდის არაბეთის კანონმდებლობით იკრძალება, დამსაქმებლის/თავდების მხრიდან  ხშირად  აქვს ადგილი პასპორტების ჩამორთმევას, ან ხელფასის არ გადახდას, ისინი აიძულებენ რომ თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ იმუშაონ ექსპლუატაციის პირობებში. საოჯახო სფეროში დასაქმებული მიგრანტები ხშირად შეურაცხყოფის და სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან.

საემიგრაციო და ლტოლვილთა საბჭო, ოტავაში საუდის არაბეთის საკონსულოს ინფორმაციაზე დაყრდნობით, აღნიშნავს, რომ საუდის არაბეთი არ გასცემს მუდმივ ბინადრობის ნებართვას. უცხოელი მუშახელისთვის, ბინადრობის ნებართვა გაიცემა იმ ვადით, რაც მის სამუშაო კონტრაქტში დამსაქმებლის/თავდების მიერ არის მითითებული. მას არ შეუძლია რომ თავისი ოჯახის წევრების თავდები თვითონ იყოს. საკონსულოს ინფორმაციაზე დაყრდნობით, აღნიშნულია, რომ საუდის არაბეთში მცხოვრებ პალესტინელებს, თავიანთი ოჯახის წევრებისთვის (საუდის არაბეთში დაბადებული შვილებისთვისაც კი) თავდებობის უფლება არ აქვთ.

საუდის არაბეთში მცხოვრებ უცხოელებს, ქვეყნიდან გასვლის შემთხვევაში გასვლის ნებართვა უნდა ჰქონდეთ. თუ უცხოელს, მისთვის მინიჭებული ბინადრობის ნებართვის ვადის პერიოდში, გარკვეული დროით ქვეყნის დატოვება სურს, მას შეუძლია მოითხოვოს ქვეყნიდან გასვლის ვიზა და ასევე, უკან დაბრუნების ნებართვა, რასაც გამგზავრებიდან 6 თვიანი ვადა აქვს. თუ მისი დამსაქმებლი, იმავე დროს მისი თავმდებია, უცხოელ მუშაკს, ქვეყნიდან გასვლის ვიზის მოთხოვნისთვის, დამსაქმებლის ნებართვა ესაჭიროება. სამუშაო კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ, უცხოელ მუშაკს, ქვეყნიდან საბოლოოდ გასვლისთვის ვიზის მისაღებად, დამსაქმებლის თანხმობა ესაჭიროება. უცხოელს,  გასვლის და უკან დაბრუნების, ასევე, საბოლოოდ ქვეყნიდან გასვლის ვიზის მიღებიდან ორი თვის განმავლობაში კვლავ შეუძლია დარჩეს ქვეყანაში.[2]

[1]BADIL Resource Center for Palestinian Residency & Refugee Rights/ Survey of Palestinian Refugees and Internally Displaced Persons; Vol VIII 2013-2015 

[accessed 10 January 2018]

[2] ACCORD – Austrian Centre for Country of Origin and Asylum Research and Documentation; Query response on Saudi Arabia: Entry and residence status, especially for long-term resident Palestinians. Residence permits for family members; Exit visa with period for re-entry; 6. Juli 2016

[accessed 10 January 2018]

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 16-23 იანვარი, 2018

თავდასხმა ტრიპოლის აეროპორტზე – ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში, მიტიგას საერთაშორისო აეროპორტზე შეიარაღებული დაჯგუფების თავდასხმის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა, 60 კი დაიჭრა. ინფორმაცია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, ადგილობრივმა გამოცემამ გაავრცელა. მიტიგას საერთაშორისო აეროპორტს შეიარაღებული დაჯგუფება დაესხა თავს. თავდასხმა სხვადასხვა სახის იარაღის გამოყენებით მიმდინარეობდა. აეროპორტში მყოფი ადამიანების ევაკუაცია მოხერხდა. შეტაკება მთავრობისადმი ლოიალურ ორ დაჯგუფებას შორის მოხდა. კერძოდ, აეროპორტს თავს დაესხა დაჯგუფება „ალ-ბაქარა“, რომელსაც ლიბიის აღმოსავლეთიდან დევნილი რადიკალები შეუერთდნენ.[1]

შეტაკება პოლიციასა და როჰინჯებს შორის – მიანმარში, რაკჰაინის შტატში  პოლიციასა და როჰინჯა მუსლიმებს შორის დაპირისპირებას 7 ადამიანი ესხვერპლა, 33 კი დაშავდა. დაშავებულებს შორის 20 პოლიციელია. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც 5000-მდე ბუდისტი აქციას მართავდა. ამასთან, გამოცემა წერს, რომ ისინი მაშინ დაუპირისპირდნენ პოლიციას, როდესაც მიანმარსა და ბანგლადეშს შორის როჰინჯა მუსლიმების რეპატრიაციის დოკუმენტი გაფორმდა. მიანმარში სიტუაცია 2017 წლის 25 აგვისტოს შემდეგ გამწვავდა. ამ დღეს „როჰინჯა არაკანას გადარჩენის არმიის“ დანებით და ხელნაკეთი ბომბებით შეიარაღებულმა მებრძოლებმა კოორდინირებული თავდასხმა მოაწყვეს მიანმარის არმიის ბაზასა და პოლიციის 30-ზე მეტ საგუშაგოზე, მოკლეს ქვეყნის სპეცსამსახურების, სულ ცოტა, 12 წარმომადგენელი.[2]

ტერაქტები ნიგერიაში – ნიგერიაში მომხდარ ორმაგ ტერაქტს 12 ადამიანი ემსხვერპლა, 48 კი დაშავდა. თავდასხმა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ მაიდუგურიში მოხდა. ორმა ტერორისტმა თავი მუნა-გარაჟის რაიონთან აიფეთქა, სადაც იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკია. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, თავდასხმის უკან, სავარაუდოდ, „ბოკო ჰარამი“ დგას.[3]

ვითარება თურქეთსა და სირიის საზღვარზე; თურქეთის სამხედრო ოპერაციები სირიელი ქურთების წინააღმდეგ – თურქეთისგან მხარდაჭერილმა „თავისუფალი სირიის არმიის“ წევრებმა საზღვარი გადალახეს და სირიის ტერიტორიაზე შევიდნენ. 20 ავტობუსისგან შემდგარი კოლონა სირიის ქალაქ აზაზისკენ გაემართა. თურქეთის თავდაცვის მინისტრის ნურეთინ ჯანიკლის განცხადებით, დაბომბვები დაიწყო, თუმცა თურქეთის არმია ქალაქ აფრინში არ შესულა. ჯანიკლის თქმით, ოპერაცია საერთაშორისო სამართლის შესაბამისად თავდაცვითია და ტერორისტული კორიდორის განადგურებას ისახავს მიზნად. ავიაციის გამოყენებაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არის მიღებული. სირიის ხელისუფლება თურქული თვითმფრინავების ჩამოყრას იმუქრება.

15 იანვარს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სირიის სასაზღვრო ძალებს ტერორისტული არმია უწოდა და აღნიშნა, რომ სრულ დაკომპლექტებამდე აღნიშნულ სამხედრო ფორმირებას თურქეთი გაანეიტრალებს. დამასკოში აცხადებენ, რომ აშშ-ის სურვილი სირიაში სასაზღვრო უსაფრთხოების ზონის შექმნა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე უხეში თავდასხმაა. ვაშინგტონის გეგმის თანახმად, სირიის სასაზღვრო ზონების გასაკონტროლებლად 30 ათასი მებრძოლისგან ფორმირებული შენაერთი უნდა შეიქმნას. შეირაღებული მილიცია სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით იქნება ბაზირებული.[4]

ქურთთა სახალხო თავდაცვის შენაერთებმა, თურქეთის იმ შეიარაღებულ ძალებზე იერიში მიიტანეს, რომლებიც შეეცადნენ, სირიის ტერიტორიის სიღრმეში შეეღწიათ. მოსაზღვრე რაიონის სოფელ ბიულბიულში, შეიარაღებული შეტაკების დროს, 4 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა. 19 იანვარს, თურქმა სამხედროებმა ქურთთა შენაერთის მიმართულებით დაიწყეს სროლა ქალაქ აფრინთან, რომელიც სირიის ჩრდილოეთით მდებარე ალეპოს პროვინციაში მდებარეობს. თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ნურეტინ ჯანიკლიმ განაცხადა, რომ ქურთთა სამხედროებზე თავდახმის ბრძანება გაცეულია და ის არ შეიცვლება.

თურქეთის ავიაციამ სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, აფრინის რაიონში ქურთთა პოზიციები დაბომბა. თურქეთის გენშტაბმა ცოტა ხნის წინ სამხედრო ოპერაციის სახელწოდებით “ზეთისხილის რტო” დაწყების შესახებ განაცხადა. ოპერაცია “სირიის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით” ჩატარდება. მედიის ცნობით, თურქეთის ავიაციამ 108 სამიზნე იობიექტზე მიიტანა იერიში, მათ შორის, აეროდრომზე, რომლითაც აშშ ქურთებს იარაღით ამარაგებდა. თურქეთის მიერ ოპერაციის დაწყების პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აფრინის რაიონიდან რუსი სამხედროების გაყვანის განკარგულება გასცა. თურქეთის ხელისუფლება ცდილობს, განდევნოს აფრინიდან ქურთები, რომლებმაც აღნიშნული რაიონი 2012 წელს დაიკავეს.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიაში, აფრინში ანტიტერორისტული ოპერაცია, ფაქტობრივად, დაწყებულია. თურქეთის პრეზიდენტმა მოუწოდა დასავლეთს, გადახედოს საკუთარ პოლიტიკას სირიაში და შეწყვიტოს თანამშრომლობა ქურთ ტერორისტებთან, რომლებიც ამერიკამ და ევროკავშირმა ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანეს.[5]

ქურთების ჯარის (YPG) მეთაური სიპან ჰემო, სირიაში ქურთების ბაზაზე თურქეთის თავდასხმას რუსეთს აბრალებს და მათ მოღალატეებს უწოდებს. თურქეთი კი სირიაში, კერძოდ აფრინში მშვიდობიანი მოსახლეობის გარდაცვალებას უარყოფს. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ სოციალურ ქსელში გაავრცელა. „როგორც ყოველთვის ტერორისტები ახერხებენ მსოფლიო, პროპაგანდის საშუალებით, შეცდომაში შეიყვანონ და მოატყუონ. ისინი ლიკვიდირებულ ტერორისტებს მშვიდობიან მოსახლეობად ასაღებენ. ისინი იყენებენ სამოქალაქო პირებს, როგორც ცოცხალ ფარს. ჩვენი სამიზნე არც ჩვენი ქურთი ძმები და არც სირიელები არიან. ჩვენ მხოლოდ ტერორისტებს ვებრძვით“, – დაწერა მევლუთ ჩავუშოღლუმ.[6]

თავდასხმა ქაბულის ერთერთ სასტუმროზე – ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, სასტუმროში მომხდარ თავდასხმის შედეგად ბოლო მონაცემებით 18 ადამიანი დაიღუპა, მათგან 14 უცხოელია. ამ 14-დან სულ ცოტა 6 უკრაინის მოქალაქეა, 4 ავღანელი, 1 გერმანელი, 1 ბერძენი და 1 ყაზახი. ორი ადამიანი ჯერ ამოუცნობია. ზოგიერთი წყაროს თანახმად კი დაღუპულთა რიცხვი 43-ს აღწევს. თავდასხმა 20 იანვარს მოხდა. დაპირისპირება 17 საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა. მედიის ცნობით, თავდასხმის დროს სასტუმროში კონფრენცია და ასევე 2 ქორწილი იმართებოდა. დაცვის წევრებმა შენობიდან 129 ადამიანის გაყვანა მოახერხეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „თალიბანმა“ აიღო.[7]

მაროკოში ქალებს ნოტარიუსად მუშაობის უფლება მისცეს – ქორწინების დოკუმენტაციის შედგენა  მთავრობის სახელით, უძრავი ქონების ტრანზაქციების ადმინისტრირება, სასამართლოს დოკუმენტაციის მომზადება – ეს ის სფეროებია, რომელთა შესახებაც სანოტარო დოკუმენტების შედგენის უფლებაც მაროკოელმა ქალებმა მოიპოვეს. ბოლო წლებში, მაროკოში ქალთა უფლებების გასაფართოებლად, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება დაინერგა. მათ შორის, ქალებს მიეცათ უფლება, იმსახურონ პოლიციის თანამშრომლის პოზიციაზე.[8]

[1] Libyan Express; Death toll of Tripoli Mitiga Airport clashes hit 20 and 60 injuries: Health Ministry says; 15 January, 2018; available at: http://www.libyanexpress.com/death-toll-of-tripoli-mitiga-airport-clashes-hit-20-and-60-injuries-health-ministry-says/

[2] Dhaka Tribune; 7 ethnic Rakhine killed as Myanmar police fore on riot; 17 January, 2018; available at: http://www.dhakatribune.com/world/south-asia/2018/01/17/7-ethnic-rakhine-killed-myanmar-police-open-fire-riot/

[3] Aljazeera; Suicide bombing in Borno market causes multiple death; 18 January, 2018; available at: http://www.aljazeera.com/news/2018/01/suicide-bombing-borno-market-multiple-deaths-180117194033715.html

[4] Reuters; Turkey shells Syria’s Afrin region, minister says operation has begun; Mert Ozkan; 19 January, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-mideast-crisis-syria-turkey/turkey-shells-syrias-afrin-region-minister-says-operation-has-begun-idUSKBN1F80XX

[5] BBC; Syria: Turkey war planes lunch strikes on Afrin; 20 January, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-middle-east-42759944

[6] Imedi News; თურქეთის აფრინში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის ფაქტს უარყოფს; 22 იანვარი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/45141/turqeti-aprinshi-mshvidobiani-mosakhleobis-dagupvis-paqts-uarkops

[7] BBC; Kabul: Gunmen attack Intercontinental Hotel; 20 January, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-asia-42761881

[8] Aljazeera; Morocco allows women to take up public notary positions; 23 January, 2018; available at: http://www.aljazeera.com/news/2018/01/morocco-women-public-notary-positions-180123084521772.html

თურქეთი. ღირსების აღდგენის სახელით მკვლელობები. იანვარი, 2018

„Human Rights Watch“ ღირსების აღდგენის სახელით მკვლელობას (Honour Killings) შემდეგნაირად განმარტავს: ღირსების აღდგენის სახელით მკვლელობა არის ძალადობის აქტი, როგორც წესი მკვლელობა, რომელსაც ოჯახის მამაკაცი წევრი სჩადის ოჯახის ქალი წევრის მიმართ, რომელმაც მკვლელობის ჩამდენი პირის რწმენით ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა. ქალი შეიძლება სამიზნე გახდეს მრავალი მიზეზის გამო, მათ შორის: დაგეგმილ ქორწინებაზე უარის თქმა, სექსუალური ძალადობის მსხვერპლად ქცევა, განქორწინების მოთხოვნა და ქორწინების გარეშე სექსუალური კავშირი.[1]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში თურქეთის რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ ე.წ. ღირსების აღდგენის სახელით ჩადენილი მკვლელობები რჩება პრობლემურ საკითხად. ზოგადად, მედია არ აშუქებს ასეთ ფაქტებს და მთავრობა არ აქვეყნებს მსგავსი მკვლელობების წლიურ სტატისტიკას. ადამიანის უფლებათა აქტივისტების მტკიცებით, ღირსების აღდგენის სახელით მკვლელობების პრაქტიკა გრძელდება, ძირითადად, სოფლად, კონსერვატიულ ოჯახებში, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში ან ამ რეგიონებიდან დიდ ქალაქებში ემიგრირებულ ოჯახებში.

ასეთი მკვლელობის ჩამდენ პირს სამუდამო პატიმრობა ემუქრება, თუმცა, არასამთავრობო სექტორის განცხადებით, რეალური სასჯელი ხშირად შემცირებულია შემამსუბუქებელი ფაქტორების გათვალისწინებით. კანონმდებლობა მოსამართლეებს აძლევს უფლებას, სასჯელის დაწესებისას, გაითვალისწინოს ის სიბრაზე თუ ემოცია, რომელსაც მსხვერპლის „უმსგავსო საქციელი“ იწვევს. ადგილობრივი პოლიტიკური და ადამიანის უფლებათა აქტივისტების მტკიცებით, საზოგადოება, ხშირად, სამართლიანად მიიჩნევს ქალის მკვლელობას ოჯახის წევრების მიერ იმ დროს, როდესაც ქალმა რაიმე გზით „შელახა ოჯახის ღირსება“.

ოჯახის წევრები ზოგჯერ აიძულებენ გოგონებს თვითმკვლელობას, რათა ოჯახის რეპუტაცია აღდგეს. აკადემიკოსთა ჯგუფის მიერ ჩატარებულმა კვლევამ სიირტის რეგიონში, 2000-2013 წლებში გამოავლინა ქალების თვითმკვლელობის 60 შემთხვევა, რომელთა უმეტესობა გამოიყურებოდა როგორც იძულებითი თვითმკვლელობა ან ეფექტური ღირსების აღდგენის სახელით მკვლელობა.[2]

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი (EASO) 2016 წლის ნოემბერში თურქეთის რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ ღირსების აღდგენის სახელით მკვლელობები პრობლემად რჩება. ასეთი მკვლელობების უმეტესობას ადგილი აქვს კონსერვატიულ ოჯახებში, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში ან ამ რეგიონებიდან დიდ ქალაქებში ემიგრირებულ ოჯახებში. იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი მკვლელობისთვის სასჯელი მძიმეა, ოჯახები ზეწოლას ახდენენ გოგოებზე, რომ მათ თავი მოიკლან, რათა ოჯახის რეპუტაცია აღდგეს. თურქეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2009 წლის იანვრიდან 2014 წლის მარტამდე პერიოდში ორი ასეთი შემთხვევის შესახებ აცნობა ჟანდარმერიამ სასამართლო ხელისუფლებას. ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ ვანის პროვინციაში დაფიქსირდა 14 არასრულწლოვნის თვითმკვლელობის ფაქტი, რომელთაგან ზოგს აიძულეს ქორწინება, ზოგს აუკრძალეს სკოლაში სიარული და ზოგი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი გახდა.[3]

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი 2016 წლის თებერვალში თურქეთში გენდერზე დაფუძნებული ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ანგარიშში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ე.წ. ღირსების აღდგენის სახელით მკვლელობები კვლავ ფიქსირდება თურქეთში. ასეთი შემთხვევები ძირითადად ხდება სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონების სოფლებში და ამ რეგიონებიდან ქალაქად ემიგრირებულ ოჯახებში. სისხლის სამართლის კოდექსით, ღირსების აღდგენის მიზნით მკვლელობები, 82-ე მუხლის თანახმად, უკვე ისჯება სამუდამო პატიმრობით. კანონის აღსრულების რამდენიმე მაგალითის შესახებ (ღირსების აღდგენის სახელით მკვლელობის ჩამდენ პირებს მიესაჯათ სამუდამო პატიმრობა) გაეროს ერთერთ ანგარიშშია ნახსენები. მკაცრი სასჯელი გამო ოჯახის წევრები მიმართავენ გოგოებზე ზეწოლის მეთოდს, რათა აიძულონ ისინი ჩაიდინონ თვითმკვლელობა.[4]

[1] Human Rights Watch; HRW World Report 2001: Women’s Rights; Item 12 – Integration of the human rights of women and the gender perspective: Violence Against Women and “Honor” Crimes; Human Rights Watch Oral Intervention at the 57th Session of the UN Commission on Human Rights; available at: http://pantheon.hrw.org/legacy/press/2001/04/un_oral12_0405.htm [accessed 22 January 2018]

[2] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Turkey, 3 March 2017, available at:

[accessed 22 January 2018]

[3] European Union: European Asylum Support Office (EASO), EASO Country of Origin Information. Report Turkey Country Focus, November 2016, available at:

[accessed 22 January 2018]

[4] United Kingdom: Home Office, Country Information and Guidance – Turkey: Women fearing gender-based violence, February 2016, Version 1.0, available at:

[accessed 22 January 2018]

განა. ინცესტისთვის განსაზღვრული სასჯელის აღსრულება პრაქტიკაში. იანვარი, 2018

განის სისხლის სამართლის დარღვევათა აქტში, რომელიც 1960 წლით თარიღდება, 29-ე მუხლის 105-ე სექციით განმარტებულია ინცესტი და განსაზღვრულია აღნიშნული ქმედებისთვის დადგენილი სასჯელის ზომა.

105-ე სექციის პირველი ქვეპუნქტით დადგენილია, რომ 16 წლის და ზევით ასაკის მამაკაცი, რომელიც სექსუალურ კავშირს დაამყარებს ქალთან, რომელზეც იცოდა, რომ არის მისი შვილიშვილი, შვილი, და, დედა ან ბებია, ჩაიდენს დანაშაულს და მიესჯება თავისუფლების აღკვეთა არანაკლებ 3 და არაუმეტეს 25 წლისა. ამავე სექციის მეორე ქვეპუნქტი ადგენს, რომ 16 წლის და ზევით ასაკის ქალი, რომელიც სექსუალურ კავშირს დაამყარებს კაცთან, რომელზეც იცოდა, რომ არის მისი შვილიშვილი, შვილი, ძმა, მამა ან პაპა, ჩაიდენს დანაშაულს და მიესჯება თავისუფლების აღკვეთა არანაკლებ 3 და არაუმეტეს 25 წლისა.

105-ე სექციის მესამე ქვეპუნქტი ადგენს, რომ 16 წლის და ზევით ასაკის კაცი, რომელიც სექსუალური კავშირის დამყარების ნებას დართავს ქალს, რომელზეც იცოდა, რომ არის მისი შვილიშვილი, შვილი, და, დედა ან ბებია, ჩაიდენს დანაშაულს და მიესჯება თავისუფლების აღკვეთა არანაკლებ 3 და არაუმეტეს 25 წლისა. ამავე სექციის მეოთხე ქვეპუნქტი ადგენს, რომ 16 წლის და ზევით ასაკის ქალი, რომელიც სექსუალური კავშირის დამყარების ნებას დართავს კაცს, რომელზეც იცოდა, რომ არის მისი შვილიშვილი, შვილი, ძმა, მამა ან პაპა, ჩაიდენს დანაშაულს და მიესჯება თავისუფლების აღკვეთა არანაკლებ 3 და არაუმეტეს 25 წლისა.

ამავე სექციის მეხუთე ქვეპუნქტით დაზუსტებულია, რომ „და“ მათ შორის გულისხმობს ნახევარდასაც და „ძმა“ მათ შორის გულისხმობს ნახევარძმასაც.[1]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში განის შესახებ წერს, რომ კანონმდებლობა კრძალავს გარყვნილ ქმედებას (ნებით თუ ნების გარეშე სექსუალური კავშირი 16 წელზე პატარა ასაკის ბავშვთან), ინცესტს და არასრულწლოვანთა სექსუალურ შევიწროვებას.[2]

„Quora“ ფორუმზე ერთერთი კითხვა შემდეგნაირადაა ფორმულირებული – „რა არის განაში კულტურული ტაბუ?“ აღნიშნულ კითხვაზე პასუხებში ნახსენებია ინცესტიც. კუმასში მცხოვრები ქალბატონი ელორმ ტაგბორი 2016 წლის 9 მაისს წერს, რომ კულტურული ტაბუ განაში ეთნიკური ჯგუფების მიხედვით განსხვავებულია. უნივერსალური ტაბუა ინცესტი, რომელიც მიუღებელია თითქმის ყველა ეთნიკური ჯგუფისთვის, თუმცა სხვადასხვა სახით. მაგალითად, აკანებისთვის, რომლებიც მემკვიდრეობას დედის ხაზით აგრძელებენ, სექსუალური კავშირი აკრძალულია დედის მხრიდან ნათესავებთან (cousins). თუმცა ტაბუს არ წარმოადგენს მამის მხრიდან ნათესავებთან (cousins) კავშირი. სხვა მიდგომა აქვს ევის ეთნიკურ ჯგუფს, რომელიც მემკვიდრეობას მამის ხაზით აგრძელებს; მათთვის ოჯახის ნებისმიერ წევრთან კავშირი მიუღებელია.

აკრაში მცხოვრები სტუდენტი ნანა უირეკო 2016 წლის 5 მაისს წერს, რომ განა მშვენიერი ქვეყანაა, სადაც უამრავი ეთნოსი და ტომია, რომელთაც თავიანთი შეხედულებები აქვთ სხვადასხვა საკითხზე. აკანებს შორის, რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენენ, ნათესავთან ქორწინება ან ინცესტი მიუღებელია. ასეთი რამ დაშვებულია ჩრდილოეთ განაში მცხოვრები ზოგიერთი ჯგუფისთვის.

აკრაში მცხოვრები მამაკაცი ჰარი ტაკეი 2016 წლის 5 მაისს წერს, რომ ერთნაირი სქესის ხალხთა ქორწინება მკაცრად აკრძალულია ნორმებით, ტრადიციებითა და კანონით. ინცესტი ანუ ქორწინება დედმამიშვილებს შორის ტაბუა. კონკრეტულ ეთნიკურ ჯგუფებში ერთი ოჯახის ორ წარმომადგენელს შორის ქორწინება ასევე წარმოადგენს ტაბუს.[3]

საერთაშორისო უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ყოველწლიურ ანგარიშებში ინცესტის შესახებ საუბარი არ არის, თუმცა გლობალური საძიებო სისტემებით იძებნება სხვადასხვა ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციები ინცესტის ბრალდებით დაპატიმრებულ და გასამართლებულ ხალხზე.

2017 წლის 4 მარტს Ghanaweb წერს, რომ 45 მამაკაცი აკრას რაიონული სასამართლოს წინაშე წარსდგა ინცესტის ბრალდებით. იგი ყოფილმა ცოლმა დაადანაშაულა საკუთარ შვილთან სექსუალურ კავშირში, როს შედეგადაც გოგონა დაფეხმძიმდა. ქალბატონი მტკიცებით, მისი ყოფილი ქმარი სექსუალურ კავშირს ამყარებდა საკუთარ შვილთან, როდესაც ის შაბათ-კვირის გასატარებლად მასთან ჩადიოდა. გოგონას დაფეხმძიმების შემდეგ კი კაცმა იგი კლინიკაში წაიყვანა და აბორტი გაუკეთა. საბოლოოდ, მამაკაცი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ინცესტის ბრალდების ნაწილში, თუმცა დააკისრა სამივე შვილისთვის 40 ათასი ცედის გადახდა.[4]

2017 წლის 23 აგვისტოს News Ghana წერს, რომ მამაკაცს ინცესტისა და გარყვნილი ქმედებისთვის 15 წლით პატიმრობა მიესაჯა. სტატიაში ნათქვამია, რომ ამასამანთან მდებარე დასახლება მანჰიაში მამაკაცმა თავის 12 წლის შვილთან დაამყარა სექსუალური კავშირი. თავად ჯეიმს დებრა ბრალდებას უარყოფდა, თუმცა იგი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. როგორც გამოძიებამ დაადგინა, მან აღნიშნული ქმედება არაერთხელ ჩაიდინა. საბოლოოდ, ბავშვის დედამ, რომელმაც იეჭვა, რომ რაღაც უცნაური ხდებოდა, პოლიციას მიმართა.[5]

2016 წლის 8 სექტემბერს Ghana News Agency წერს, რომ 36 წლის აბუბაკარ ბედიაკოს 16 წლის შვილთან სექსუალური კავშირის გამო, ინცესტის ბრალდებით, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სტატიაში ნათქვამია, რომ ოჯახი, მათ შორის მსხვერპლი და მისი დედა აღნიშნულს ცრემლებით შეხვდნენ. ბედიაკო პოლიციაში მისმა ცოლმა დაასმინა, რომელმაც ერთხელაც აღმოაჩინა, რომ მისი შვილი ფეხმძიმედ იყო. როგორც გაირკვა მამა სექსუალურ კავშირს ამყარებდა შვილთან ყოველთვის, როდესაც მისი ცოლი სამსახურში ღამის სმენაში მუშაობდა. კაცმა ჩადენილი აღიარა.[6]

2017 წლის 9 თებერვალს Ghana Business News წერს, რომ 41 წლის ბიზნესმენი დესმონდ ოვუსუ ინცესტის და ასევე თავდასხმისა და მოკვლით მუქარის ბრალდებით კუმასის სასამართლოს წინაშე წარსდგა. თავად ბიზნესმენი ბრალდებას უარყოფდა, ხოლო ძიება ამტკიცებდა, რომ მან თავის შვილთან დაამყარა სექსუალური კავშირი. გამოძიების ინფორმაციით, განქორწინების შემდეგ, მსხვერპლი დედასთან ერთად ცხოვრობდა და როდესაც სასწავლებელში ერთერთი გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუხდა, მამას ფინანსური დახმარება სთხოვა, გამოცდაზე დაშვების საფასურის გადასახდელად. მამა მას დათანხმდა იმ პირობით, რომ გოგონა მასთან გადავიდოდა საცხოვრებლად. გოგონა აღნიშნულ პირობას დათანხმდა. მამასთან გადასვლიდან ერთი კვირის შემდეგ გოგონა მამამ გააუპატიურა და შემდეგ არაერთხელ გაიმეორა მასთან სექსუალური აქტი. ის ასევე მოკვლით დაემუქრა მსხვერპლს თუ ვინმეს გაუმხელდა მომხდარს. საბოლოოდ, გოგონამ გადაწყვიტა დუმილი დაერღვია, დედასთან გაიქცა და ყველაფერი დედას და ბიძას მოუყვა.[7]

[1] Ghana Legal; Criminal Offences Act – 1960 (Act 29); Section – 105 – Incest; available at: http://laws.ghanalegal.com/acts/id/19/section/105/Incest [accessed 17 January, 2018]

[2] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Ghana, 3 March 2017, available at:

[accessed 17 January 2018]

[3] Quora Forum; what are some cultural taboos in Ghana? 15 answers; available at: https://www.quora.com/What-are-some-cultural-taboos-in-Ghana [accessed 17 January, 2018]

[4] Ghanaweb; Man, 45, charged with incest; 4 March, 2017; available at: https://www.ghanaweb.com/GhanaHomePage/NewsArchive/Man-45-charged-with-incest-515762 [accessed 18 January, 2018]

[5] News Ghana; Farmer handed 15-years sentence for incest & defilement; 23 August, 2017; available at: https://www.newsghana.com.gh/farmer-handed-15-years-sentence-for-incest-defilement/ [accessed 18 January 2018]

[6] Ghana News Agency; Family in tears as father goes to jail over incest; By Joyce Danso; 8 September, 2016; available at: http://www.ghananewsagency.org/human-interest/family-in-tears-as-father-goes-to-jail-over-incest-107674 [accessed 18 January, 2018]

[7] Ghana Business News; Businessman in trouble over alleged incest; 9 February, 2018; available at: https://www.ghanabusinessnews.com/2017/02/09/businessman-in-trouble-over-alleged-incest/ [accessed 18 January 2018]

რუსეთი. ანტიკორუფციული საპროტესტო დემონსტრაცია. იანვარი, 2018

2017 წლის 26 მარტს, დედაქალაქ მოსკოვში გამართულ ანტიკორუფციულ საპროტესტო აქციისას, დააკავეს აქციის ორგანიზატორი და რუსეთის ოპოზიციის მთავარი ლიდერი, ალექსეი ნავალნი.

ათასობით ადამიანი შეიკრიბა ქვეყნის მასშტაბით და კორუფციის ბრალდებების საფუძველზე, მოითხოვდნენ პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის გადადგომას.

ქვეყნის მასშტაბით გამართული აქციების დროს სულ მცირე 500 მომიტინგე დააკავეს. მსვლელობათა უმრავლესობა ნებართვის გარეშე ჩატარდა.

სატელევიზიო გაშუქებისას ჩანდა, რომ დემონსტრანტები სკანდირებდნენ: „ძირს პუტინი“, „რუსეთი პუტინის გარეშე“ და „პუტინი ქურდია“.

კორესპონდენტთა თქმით, 2011-2012 წლებში მთავრობის წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციების შემდეგ, აღნიშნული მიტინგი ყველაზე მასშტაბური იყო.

ალექსეი ნავალნი დააკავეს, როდესაც ის მოსკოვში გამართულ აქციაზე მივიდა. მომიტინგეები ცდილობდნენ პოლიციისთვის ხელი შეეშალათ, რათა არ დაეკავებინათ ნავალნი.

დაკავების შემდეგ, სოციალურ ქსელ ტვიტერში, ნავალნი მომიტინგეებს მოუწოდებდა, გაეგრძელებინათ დემონსტრაცია და ებრძოლათ კორუფციის წინააღმდეგ. მისივე თქმით, პოლიცია შეიჭრა მისი ფონდის ოფისში და დააკავა თანამშრომლები.

საპროტესტო აქციები გაიმართა ასევე სანქტ-პეტერბურგში, ვლადივოსტოკში, ნოვოსიბირსკში, ტომსკში და კიდევ რამდენიმე ქალაქში, სადაც, ასევე, ადგილი ჰქონდა დაკავებებს.

აშშ-მ დაგმო ასობით მშვიდობიანი მომიტინგის დაპატიმრება რუსეთის მასშტაბით და განაცხადა, რომ აღნიშნული ფაქტი ძირითადი დემოკრატიული ღირებულებების შეურაცხყოფაა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მარკ ტონერიმ, განაცხადა, რომ აშშ შეშფოთებულია ნავალნის დაკავებით.

ალექსეი ნავალნიმ მას შემდეგ მოუწოდა ხალხს ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციებისკენ, რაც მედვედევის ქონების შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც იგი ფლობდა სასახლეებს, იახტებს და ვენახებს, რისი ფლობაც მის ოფიციალურ ხელფასს აღემატებოდა. ანგარიშში ასევე ნათქვამი იყო, რომ მედვედევს, ერთ-ერთ მის საკუთრებაში, სპეციალური სახლი ჰქონდა იხვისთვის, რის საპასუხოდაც აქციისას დემონსტრანტებს ყვითელი რეზინის იხვები ეჭირათ.

მედვედევის სპიკერმა აღნიშნულ ბრალდებებს პროპაგანდისტული თავდასხმები უწოდა, თავად პრემიერ-მინისტრს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.

მოსკოვში მომიტინგეები პუშკინის მოედანზე შეიკრიბნენ, პოეტის ძეგლზე ავიდნენ და ყვიროდნენ – „იმპიჩმენტი“. პოლიციის შეფასებით, აქტივობა 7,000-დან 8,000 პირამდე იყო. მათივე თქმით, დედაქალაქში, 500 მომიტინგე იქნა დაკავებული, თუმცა ადამიანის უფლებადამცველი ჯგუფის „OVD Info“-ს შეფასებით, 800-ზე მეტი პირი იქნა დაკავებული.

საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, კრემლის მხრიდან არ გაკეთებულა კომენტარები. მან მხოლოდ განაცხადა, რომ მოსკოვში გამართული, არასანქცირებული საპროტესტო აქცია იყო უკანონო პროვოკაცია.

ალექსეი ნავალნიმ განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, აპირებს ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ იბრძოლოს, თუმცა მას არჩევნებში მონაწილეობის ნება არ მისცეს, რადგან აღმოაჩინეს, რომ იყო ნასამართლევი. ნავალნის თქმით, აღნიშნული საქმე იყო პოლიტიზირებული.

ნავალნის განცხადებით, საპროტესტო აქციები დაგეგმილი იყო 99 ქალაქში, მაგრამ 72 მათგანში ხელისუფლებამ აქციის გამართვის ნებართვა არ მისცა.[1]

საპროტესტო აქცია გაიმართა ქალაქ ვოლგოგრადშიც.[2]

რუსულენოვანი BBC-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, დედაქალაქში გამართული, ზემოაღნიშნული ანტიკორუფციული მსვლელობა, დაკავებების კუთხით, ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა ისტორიაში.

მოსკოვის რეგიონული უსაფრთხოებისა და კორუფციასთან ბრძოლის დეპარტამენტის უფროსის, ვლადიმირ ჩერნიკოვის განცხადებით, 600-ზე მეტი ადამიანი იქნა დაკავებული, ასევე აღნიშნა, რომ ეს ციფრი საბოლოო არაა და მოგვიანებით დაზუსტდება. ამასთანავე, უფლებადამცველი პროექტის “ОВД-Инфо”-ს მონაცემებით, მოსკოვში გამართულ მიტინგზე პოლიციამ დააკავა 1030 ადამიანი. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს „РИА Новости“-ის ინფორმაციითაც, დაკავებული იქნა ათასზე მეტი ადამიანი.

პოლიცია საკმაოდ მკაცრად მოქმედებდა, BBC-ის კორესპონდენტის თქმით, მან დაინახა, რამდენიმე ადამიანს თუ როგორ ურტყამდნენ თავში ხელკეტებს. „პროგრესის პარტიის“ მოსკოვის განყოფილების ხელმძღვანელი, ნიკოლაი ლასკინა, დაკავების შემდეგ გადაიყვანეს ბოტკინსკის საავადმყოფოში, რადგან ეჭვობდნენ, რომ, ცემის შედეგად, მიიღო ტვინის შერყევა. მისი თქმით, სატვირთო მანქანაში ყოფნის დროს, პოლიცია თავში ურტყამდა.

უფლებადამცველი, ოლგა რომანოვას, განცხადებით, ბევრი პირია დაშავებული და მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც. მისივე თქმით, დაზარალებულები პოლიციის განყოფილებიდან სასწრაფო დახმარების მანქანებით მიყავდათ.

ქ. ვოლგოგრადში, მიტინგის მონაწილის, პედაგოგიური უნივერსიტეტის მეხუთე კურსის სტუდენტის, წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე „ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ ძალის გამოყენების“ მუხლით. აქციის დროს ქალაქში სულ 28 პირი დაიჭირეს, რომელთაგან 12 დააჯარიმეს.[3]

[1] BBC News – Russia protests: Opposition leader Navalny and hundreds of others held, 27 March 2017, available at: http://www.bbc.com/news/world-europe-39398305 (accessed 15 January 2018)

[2] Kramola – В каких городах пройдут митинги Навального 26 марта 2017 года, 24 March 2017, available at: https://www.kramola.info/vesti/novosti/v-kakih-gorodah-proydut-mitingi-navalnogo-26-marta-2017-goda (accessed 15 January 2018)

[3] BBC News – Митинг в Москве обернулся рекордным количеством задержаний, 27 марта 2017, available at: http://www.bbc.com/russian/features-39402540 (accessed on 15 January 2018)

რუსეთი. პოლიტიკური პარტია “იაბლოკო”; პარტიის წევრთა მიმართ დამოკიდებულება. იანვარი, 2018

რუსეთის ერთიანი დემოკრატიული პარტია იაბლოკო, 2001 წლის დეკემბერში, გაერთიანდა სრულიად რუსეთის საზოგადოებრივ პოლიტიკურ ორგანიზაცია იაბლოკოს ასოციაციასთან. იაბლოკოს სახელმწიფო დუმაში ჰქონდა 1-3 მოწვევის საპარლამენტო ფრაქცია.

იაბლოკო მუდმივად ეწინააღმდეგებოდა კრიმინალური რუსეთის პრივატიზაციას 1990-იან წლებში, ასევე აუქციონს „სესხები აქციებისთვის“, ჩეჩნეთის ომს და ადამიანის უფლებების დარღვევებს. იაბლოკო და „მწვანე რუსეთის“ ფრაქცია ეწინააღმდეგებოდნენ ბირთვული ნარჩენების იმპორტს რუსეთში. პარტია ყოველთვის აქტიური იყო გარემოს დაცვის საკითხებში.

პარტია შედგება 28,000 წევრისგან, აქვს 76 რეგიონული ფილიალი და 600-ზე მეტი ადგილობრივი ორგანიზაცია.

იაბლოკო 2002 წლიდან არის „Liberal International“-ის სრული წევრი, ხოლო 2006 წლიდან პარტია „ALDE“-ს სრული წევრი.

პარტიის მთავარი სლოგანია „თავისუფლებისთვის და სამართლიანობისთვის!“

იაბლოკოს დამფუძნებელი გრიგორი იავლინსკი მეოთხე და მესამე ადგილზე გავიდა 1996 და 2000 წლების საპრეზიდენტო არჩევნებში, ხოლო 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს.

2008 წლამდე პარტიის თავმჯდომარე იყო – გრიგორი იავლინსკი, 2015 წლამდე – სერგეი მიტროხინი, ხოლო 2015 წლის დეკემბრიდან პარტიის თავმჯდომარეა ემილია სლაბუნოვა.[1]

2017 წლის 22 დეკემბერს, გრიგორი იავლინსკიმ, როგორც საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის კანდიდატმა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარადგინა საბუთები. 21 დეკემბერს, იაბლოკოს კონგრესმა პარტიის სახელით, იგი საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატად დაასახელა.

გრიგორი იავლინსკი არის პარტიის დამფუძნებელი, იაბლოკოს ფედერალურ-პოლიტიკური კომიტეტის თავმჯდომარე, ეკონომიკის დოქტორი და მოსკოვის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის პროფესორი.[2]

2017 წლის იანვარში, საინფორმაციო საშუალება „Vladimir News“-ის ინფორმაციით, იაბლოკოს პარტიის  ქ. ვლადიმირის ფილიალის თავმჯდომარე დიმიტრი კუშპიტა დაასახელეს „ვლადიმირის რეგიონის 2017 წლის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა“ რიცხვში. მან 100-დან 46-ე ადგილი დაიკავა.[3]

2016 წლის მაისში, პეტროზავოდსკში, კარელიაში, იაბლოკოს თავმჯდომარე ემილია სლაბუნოვამ და პეტროზავოდსკის ყოფილმა მერმა, გალინა შირშინამ, სვეტლანა ჩეჩილის მხარდასაჭერად, მოაწყვეს გაფიცვა. იაბლოკოს ფედერალური საბჭოს წევრის, სვეტლანა ჩეჩილის, მხარდასაჭერი გაფიცვები ასევე გაიმართა მოსკოვში, ივანოვოში, ვლადიმირში, ტულაში, ჩერკესსკში, კურსკში, სარატოვოში და სხვა ქალაქებში.

ემილია სლაბუნოვას განცხადებით, აშკარაა, რომ სვეტლანა ჩეჩილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. პარტიის გარკვეული წევრების, მათ შორის სვეტლანა ჩეჩილის დევნა მას შემდეგ დაიწყო, რაც იაბლოკოს გუნდმა და გალინა შირშინამ მოიგეს მერის არჩევნები პეტროზავოდსკში. იმის გათვალისწინებით, რომ, შემოდგომას, სვეტლანა მონაწილეობას მიიღებდა არჩევნებში და კანდიდატებს შორის, ერთ-ერთი ლიდერი იქნებოდა, ხელისუფლებამ გადაწყვიტა მისი თავიდან მოშორება. სლაბუნოვა აცხადებს, რომ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე შეკერილია.

პეტროზავოდსკის საქალაქო სასამართლომ სვეტლანა ჩეჩილს, სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის 1 ნაწილის (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) საფუძველზე, 1,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პარტია იაბლოკოს განცხადებით, კარელიას, პრიონეჟსკის რაიონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის, სვეტლანა ჩეჩილის, საქმე აბსურდულია და პოლიტიკურად მოტივირებული.

2013-2015 წლებში, იაბლოკოს პარტიის წევრების წინააღმდეგ დიდი რაოდენობით სისხლის სამართლის საქმე იქნა აღძრული, მათ შორის არიან: პეტროზავოდსკის მერის მოადგილე ევგენია სუხორუკოვა, კარელიას საკანონმდებლო ასამბლეის დეპუტატი ანასტასია კრავჩუკი, იაბლოკოს რეგიონული ფილიალის ლიდერი ვასილი პოპოვი, არმიის ვეტერანთა ქალაქის საბჭოს თავმჯდომარე გალინა კარასოვა, პეტროზავოდსკის საკრებულოს დეპუტატი ოლგა ზალეცკაია და პარტიის სხვა წევრები. პეტროზავოდსკის არჩეული მერი გალინა შირშინა უკანონოდ იქნა გაძევებული დაკავებული პოზიციიდან. პარტია იაბლოკო გენერალურ პროკურორს, იური ჩაიკას, მოუწოდებდა, შეეჩერებინა, კარელიაში, პარტია იაბლოკოს წევრების პოლიტიკური დევნა.[4]

რადიო თავისუფლების მიერ 2017 წლის 4 აგვისტოს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ლიბერალური პარტია იაბლოკოს ტოროპეტის ფილიალის ლიდერს ვლადიმირ იეგოროვს, რომლის ექსტრადირებაც განხორციელდა ბელარუსიიდან, 2017 წლის 18 სექტემბრამდე შეეფარდა წინასწარი პატიმრობა, მას ბრალად ედება საზოგადოების მოწოდება ექსტრემიზმისაკენ. მისი ადვოკატის განცხადებით, აღნიშნული ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია.

იეგოროვს ექსტრემიზმისაკენ მოწოდების ბრალდება ოქტომბერში წაუყენეს მას შემდეგ, რაც 2016 წლის აგვისტოს, ინტერნეტში გამოაქვეყნა მასალა, რომელიც აკრიტიკებდა პრეზიდენტ პუტინს. ის მოგვიანებით უკრაინაში გაიქცა, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა, თუმცა უკრაინის ხელისუფლებისგან თავშესაფრის მინიჭებაზე უარის თქმის შემდეგ, თავშესაფრის საძებნელად ბელარუსიაში გადავიდა, საიდანაც მოხდა მისი რუსეთში ექსტრადირება.[5]

რადიო თავისუფლების მიერ 2017 წლის 28 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, მოსკოვში გაიმართა საპროტესტო აქციები, რომელიც უკავშირდებოდა რუსეთის ფედერაციის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, საბჭოთა კავშირის დროს აშენებული საცხოვრებელი ბინების დანგრევის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოველები ეწინააღმდეგებიან აღნიშნულ გადაწყვეტილებას და მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება არღვევს ინდივიდუალური თავისუფლებისა დ საკუთრების კანონებს, პრეზიდენტი პუტინი, როგორც სტატიაშია ნათქვამი, სავარაუდოდ, ხელს მოაწერს კანონპროექტს. აღნიშნულ საკითხზე, პარლამენტის წინ, გამართულ საპროტესტო აქციების დროს, დააკავეს პარტია იაბლოკოს მოსკოვის ფილიალის უფროსი, სერგეი მიტროხინი.[6]

მედია საშუალება „Caucasian Knot“-ის მიერ 2017 წლის 22 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, იაბლოკოს ახალგაზრდული ფრთის სტავროპოლის ფილიალის ლიდერი, კირილ ბობრო, დააკავეს 16 მარტს, მას შემდეგ, რაც მის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ზოგიერთი მწვანე ნივთიერების შემცველი პაკეტი აღმოაჩინეს. 20 მარტს, დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვის გამო, სასამართლომ გადაწყვიტა, კირილის ორი თვის ვადით დაპატიმრება. ბრალდებულის ადვოკატის, ვიტალი ზუბენკოს, განცხადებით, გაასაჩივრეს მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ შეფარდებული პატიმრობა. ასევე, ასაჩივრებს ოპერატიული სამძებრო სამუშაოების განხორციელებას, მათ შორის ბინის ჩხრეკას, რამაც ძალოვანები „ნარკოტიკების აღმოჩენამდე“ მიიყვანა. ადვოკატის თქმით, ეჭვებს აჩენს ის ფაქტი, რომ ასე სწრაფად მოხდა სისხლის სამართლის საქმის აღძვრა.

იაბლოკოს პარტიის ახალგაზრდული ფრთის მოსკოვის ფილიალის უფროსის, ნიკოლაი კავკაზსკის, შეფასებით, კირილ ბობროს წინააღმდეგ მოაწყვეს პროვოკაცია. მისი განმარტებით, აღნიშნულის მიზეზი შესაძლოა იყოს კირილის ოპოზიციური საქმიანობა, რის გამოც იგი ადრეც იღებდა მუქარებს.[7]

2018 წლის 5 იანვარს, პარტია იაბლოკოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ტამბოვის ლენინის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, იაბლოკოს პარტიის აქტივისტებს იანა ზენკინას და ლიუდმილა ფომინას, რომლებიც, 2017 წლის 7 დეკემბერს, გრიგორი იავლინსკის მხარდასაჭერად განხორციელებული ქმედებების გამო, უკანონოდ  დააკავეს, დაენიშნათ ფულადი კომპენსაცია.

იაბლოკოს ტამბოვის ფილიალი შეუერთდა „სრულიად რუსეთის“ აქციას, რომელიც მხარს უჭერდა გრიგორი იავლინსკის „ახალი საბიუჯეტო პოლიტიკის“ ინიციატივას. იანა ზენკიამ, რომელიც არის ტამბოვის აქციის ორგანიზატორი და რეგიონული ფილიალის აქტივისტი, ქალაქის ადმინისტრაცია გააფრთხილა ერთი ადამიანისგან შემდგარი გაფიცვის მოწყობის შესახებ, თუმცა კანონი ამას არ მოითხოვდა.

მიუხედავად ამისა, კამპანიის მეორე დღეს, სამართალდამცავებს ჰქონდათ პრეტენზია იმის თაობაზე, რომ იაბლოკო მსგავსი სახის გაფიცვით, არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს. 7 დეკემბერს, პოლიციამ, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით, დააკავა იაბლოკოს წევრი ლიუდმილა ფომინა. ფომინა და ზენკინა დააკავეს და გადაიყვანეს ადგილობრივი პოლიციის განყოფილებაში.

ფომინა გაათავისუფლეს ხუთი საათის შემდეგ, ხოლო იანა ზენკინა მეორე დღეს. პოლიციამ, იაბლოკოს წევრების მიმართ, სცადა ზეწოლის განხორციელება; სამართალდამცავები დაჟინებით აცხადებდნენ, რომ იაბლოკოს აქტივისტებმა თავი უნდა შეიკავონ მსგავსი სახის ქმედებებისაგან.

აღნიშნულის მიუხედავად, ზენკინამ და იაბლოკოს სხვა აქტივისტებმა განაგრძეს კამპანია. მათ მხარს უჭერდნენ იაბლოკოს პარტიის ლიდერები.

ზენკინამ მიმართა პროკურატურას, რის შედეგადაც დაინიშნა სასამართლო პროცესი, სადაც ის ორი პოლიციელი, რომელმაც განახორციელა დაკავება, დამნაშავედ სცნეს. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ იაბლოკოს სააგიტაციო მასალების დაკავება  და დაპატიმრება უკანონო იყო.

იანა ზენკინას განცხადებით, პოლიციამ მას და ლიუდმილა ფომინას უნდა გადაუხადოს მცირე ოდენობის ფულადი კომპენსაცია.[8]

[1] Yabloko – About us, available at: http://eng.yabloko.ru/?page_id=12427 (accessed on 16 January 2018)

[2] Yabloko – Grigory Yavlinsky submitted documents to the Central Electoral Commission for registration as a candidate in the presidential campaign, 22 December 2017, available at: http://eng.yabloko.ru/?p=18849 (accessed in 16 January 2018)

[3] Yabloko – Yabloko’s Dmitry Kushpita is listed among the “100 Most Influental People of the Vladimir Region of 2017”, 9 January 2017, available at: http://eng.yabloko.ru/?p=18912 (accessed on 16 January 2018)

[4] Yabloko – Emilia Slabunova: criminal case against Svetlana Chechil is politically motivated, 16 May 2016, available at: http://eng.yabloko.ru/?p=13417 (accessed on 16 January 2018)

[5] RFE/RL – Radio Free Europe/Radio Liberty: Russian Opposition Activist Jailed After Extradition From Belarus, 4 August 2017

 (accessed on 16 January 2018)

[6] RFE/RL – Radio Free Europe/Radio Liberty: Russia’s Federation Council Approves Plan To Raze Soviet-Era Apartment Blocks, 28 June 2017

 (accessed on 16 January 2018)

[7] Caucasian Knot – Kirill Borbo charged with drug possession, 22 March 2017, available at: http://www.eng.kavkaz-uzel.eu/articles/38822/ (accessed on 16 January 2018)

[8] Yabloko – Policemen who dispersed Yabloko pickets in Tambov will pay monetary compensation to the party activists, 5 January 2018, available at: http://eng.yabloko.ru/?p=18894 (accessed in 16 January 2018)

ერითრეა. ინფორმაცია ქვეყნის შესახებ; ადამიანის უფლებების დაცვა; უსაფრთხოება. იანვარი, 2018

ერითრეა აღმოსავლეთ აფრიკაში მდებარეობს. მას სახმელეთო საზღვარი აქვს ჯიბუტთან, ეთიოპიასა და სუდანთან. ჩრდილო-აღმოსავლეთით მას ესაზღვრება წითელი ზღვა. ქვეყნის მოსახლეობა 2017 წლის ივლისის მონაცემებით დაახლოებით შეადგენს 5,918,919 ადამიანს. ქვეყნის ინფორმაციის სამინისტროს უკანასკნელი მონაცემებით, მოსახლეობა დაახლოებით 3.5 მილიონია. ქვეყნის დედაქალაქია ასმარა. სახელი მომდინარეობს ბერძნულიდან – „Erythra Thalassa“, რაც წითელ ზღვას ნიშნავს. ერითრეაში 3 ოფიციალური ენაა – ტიგრინიული, არაბული და ინგლისური; მოსახლეობის ნაწილი ასევე საუბრობს ტიგრე, კუნამა, აფარ და სხვა კუშიტურ ენებზე.

ქვეყანაში 9 აღიარებული ეთნიკური ჯგუფია – ტიგრინია (Tigrinya) 55%, ტიგრე (Tigre) 30%, საჰო (Saho) 4%, კუნამა (Kunama) 2%, რაშაიდა (Rashaida) 2%, ბილენი (Bilen) 2%, აფარი (Afar), ბენი (Beni), ამირ (Amir) და ნერა (Nera) 5%.

ერითრეის დროშაზე გამოსახულია სამი სამკუთხედი – წითელი, მწვანე და ლურჯი. წითელ სამკუთხედში მოთავსებულია ოქროს გვირგვინი, რომლის შუაშიც ასევე ოქროსფერი ზეთისხილის ტოტია გამოსახული. აღნიშნული სიმბოლო გამოსახული იყო ერითრეის პირველ დროშაზე 1952 წელს. წითელი სამკუთხედი გამოხატავს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღვრილ სისხლს. მწვანე სამკუთხედი ქვეყნის სოფლის მეურნეობის სიმბოლოა და ლურჯი სამკუთხედი ქვეყნის გამოხატავს ზღვას, რომელიც ქვეყნის დიდ ნაწილს ესაზღვრება. ქვეყნის ჰიმნი „Ertra, Ertra, Ertra“ დამტკიცდა 1993 წელს. ტექსტის ავტორია Solomon Tsehaye Beraki, მუსიკის ავტორები კი არიან Isaac Abram Meharezgi და Aron Tekle Tesfatsion. ქვეყნის ვალუტაა ერითრეული ნაკფა (Nakfa (ERN).

1952 წელს ერითრეა, მას შემდეგ, რაც იტალიის კოლონიური კონტროლისა და შემდგომ ბრიტანეთის ათწლიანი ადმინისტრაციული კონტროლისგან გათავისუფლდა, გაერომ ავტონომიურ რეგიონად გამოაცხადა ეთიოპიის ფედერაციის შემადგენლობაში. ერითრეა ითხოვდა დამოუკიდებლობას, მაგრამ საბოლოოდ გაფართოებულ ავტონომიას დასჯერდა – რეგიონი უფლებამოსილი იყო ჰქონოდა საკუთარი ადმინისტრაციული და სასამართლო სისტემა; ასევე, საკუთარი დროშა; ერითრეა დამოუკიდებლად ახორციელებდა კონტროლს შიგა საქმეებზე, მათ შორის პოლიციაზე, ადგილობრივ ადმინისტრაციასა და საგადასახადო სისტემაზე. ეთიოპიის ფედერალური მთავრობა აკონტროლებდა საგარეო საკითხებს, მათ შორის ვაჭრობასაც; ასევე, თავდაცვის, საფინანსო და ტრანსპორტის სფეროებს. აღნიშნული შეთანხმება დარეგულირებული იყო გაეროს სპეციალური რეზოლუციით (390A(V)), რომელიც უგულებელყოფდა ერითრეელების სურვილს, ყოფილიყვნენ დამოუკიდებლები, მაგრამ მოსახლეობას აძლევდა დემოკრატიული უფლებებისა და ღირებული ავტონომიის გარანტიას.

10 წლის შემდეგ ერითრეის რეგიონის სრულმა ანექსიამ ეთიოპიის მიერ გამოიწვია 30-წლიანი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, რომელიც 1991 წელს ერითრეელი მეამბოხეების მიერ სამთავრობო ძალების დამარცხებით დასრულდა. ერითრეელებმა საყოველთაო რეფერენდუმის შემდეგ დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და 1993 წელს საერთაშორისო აღიარებასაც მიაღწიეს. ამის შემდეგ, ერითრეის ხალხის გათავისუფლების ფრონტმა (EPLF) ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა და ერთპარტიული მმართველობა შექმნა; მას შემდეგ, ერითრეაში არჩევნები არ ჩატარებულა. ისაიას აფვორკი ერითრეის ერთადერთი პრეზიდენტია დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ; მისი რეჟიმი, განსაკუთრებით 2001 წლის შემდეგ, ავტოკრატული და რეპრესიულია. მისმა მთავრობამ, სავალდებულო ეროვნული სამხედრო სამსახურის პროგრამის იძულებით გატარებით, რაც გულისხმობს სავალდებულო სამხედრო სამსახურს, ხანდახან განუსაზღვრელი ვადითაც კი, ქვეყანაში შექმნა ძალიან გასამხედროებული საზოგადოება.

1998 წელს ერითრეასა და ეთიოპიას შორის საზღვართან დაკავშირებული უთანხმოება 2,5-წლიან ომში გადაიზარდა, რომელიც საბოლოოდ, 2000 წელს გაეროს ჩარევით დასრულდა. სასაზღვრო ზოლზე კონტროლი გაეროს სამშვიდობო მისიამ დააწესა. ერითრეა-ეთიოპიის საზღვრის კომისიამ, რომელიც 2003 წელს შეიქმნა, 2007 წლის 30 ნოემბერს დისტანციურად მოახდინა საზღვრის დემარკაცია და ქალაქი ბადმე ერითრეას მიაკუთვნა, მიუხედავად იმისა, რომ იქ 1998-2000 წლების ომის დროიდან მოყოლებული ეთიოპიის სამხედრო შენაერთი იყო დისლოცირებული. 2008 წლის 31 ივლისს ერითრეამ გაეროს სამშვიდობო მისიის დასრულება მოითხოვა. ისინი დაეთანხმნენ კომისიის დემარკაციას და გამუდმებით მოითხოვდნენ ეთიოპიისგან ბადმედან ჯარების გაყვანას. ეთიოპია არ დაეთანხმა კომისიის გადაწყვეტილებას საზღვრის დემარკაციასთან დაკავშირებით და არცერთი მხარე რეალურად არ ჩართულა პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებულ დიალოგში.

ერითრეა გაეროს რამდენიმე რეზოლუციის სუბიექტია (ინიცირება მოხდა 2009 წელს და მას შემდეგ განახლება ხდება ყოველ წელს). რეზოლუცია აწესებს იარაღის ემბარგოს, სამოგზაურო შეზღუდვას და ახდენს აქტივების გაყინვას კონკრეტული პირებისთვის, რომლებიც შემჩნეულნი არიან რეგიონში შეიარაღებული ოპოზიციური ჯგუფების მხარდაჭერაში.

წლების განმავლობაში, განსაკუთრებით დამოუკიდებლობისთვის 30-წლიანი ბრძოლის პერიოდში, ერითრეა ლტოლვილთა ნაკადის უდიდეს წარმომშობს წარმოადგენს. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც, ერითრეელები განაგრძობენ მიგრაციას სუდანში, ეთიოპიაში, იემენში, ეგვიპტესა თუ ისრაელში, რაც გამოწვეულია ადამიანის უფლებებისა თუ პოლიტიკური თავისუფლების ნაკლებობით, განათლებისა თუ დასაქმების შესაძლებლობების ძიებით; ასევე, ერითრეელები თავშესაფარს ითხოვენ ქვეყანაში მიმდინარე მილიტარიზაციისთვის თავის არიდების მიზნით. ერითრეელების დიდი დიასპორა ფულადი გზავნილების წყაროა; ამ გზავნილებით ფინანსდებოდა მათი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და ახლა ეს გზავნილები შეადგენენ ქვეყნის მშპ-ის 30 პროცენტს.

ბოლო წლებში ერითრეელები ხშირად ხდებოდნენ გატაცების მსხვერპლნი და ტყვედ ვარდებოდნენ ბედუინების ხელში სინაის უდაბნოში, სადაც ისინი იყვნენ ორგანოებით ვაჭრობის, გაუპატიურების, გამოძალვისა და წამების ობიექტები. ერითრეელები შეადგენდნენ 2009-2013 წლებში სინაის ტრეფიკინგის დაახლოებით 25-30 ათასი მსხვერპლის 90%-ს.[1]

„Amnesty International“ თავის 2016/2017 წლების ანგარიშში ერითრეის შესახებ წერს, რომ ათასობით ადამიანი განაგრძობს ქვეყნის დატოვებას; მათი უმრავლესობა გაურბის დაუსრულებელ სამხედრო სამსახურს. ხალხის უფლება, დატოვონ ქვეყანა კვლავ იზღუდება. ასევე, კვლავაც შეზღუდულია გამოხატვის თავისუფლება. უსაფრთხოების ძალები განაგრძობენ უკანონო მკვლელობებს. თვითნებური დაკავებები ბრალის წაყენებისა და სასამართლოს გარეშე ათასობით სინდისის პატიმრისთვის ნორმადაა ქცეული.[2]

„Freedom House“ თავის 2017 წლის ანგარიშში ერითრეის შესახებ წერს, რომ ერითრეა არის ავტორიტარული და უაღრესად გასამხედროებული ქვეყანა, სადაც ეროვნული არჩევნები არ ჩატარებულა 1993 წლის შემდეგ. მმართველი სახალხო ფრონტი დემოკრატიისა და სამართლიანობისთვის (PFDJ), რომელსაც პრეზიდენტი ისაიას აფვერკი ხელმძღვანელობს, ქვეყნის ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა. კანონის უზენაესობა უგულებელყოფილია, თვითნებური დაკავებები ჩვეული მოვლენაა და მოქალაქეებს მოეთხოვებათ სამხედრო სამსახური, რომელიც ხშირად მთელი მათი შრომისუნარიანობის განმავლობაში გრძელდება. მთავრობამ 2001 წელს დახურა ყველა დამოუკიდებელი მედია საშუალება და შეკრებისა და ასოციაციის უფლებები არ არის აღიარებული.[3]

„Human Rights Watch“ თავის 2017 წლის ანგარიშში ერითრეის შესახებ წერს, რომ არა არჩეული პრეზიდენტის ისაიას აფვერკის 25-წლიანი მმართველობის შემდეგ, მოქალაქეები კვლავ რჩებიან მსოფლიოს ერთერთი ყველაზე რეპრესიული მმართველობის ქვეშ.[4]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ერითრეის შესახებ წერს, რომ ქვეყანა უაღრესად ცენტრალიზებულია და პრეზიდენტის ისაიას აფვერკის ავტორიტარული კონტროლის ქვეშ იმყოფება. სახალხო ფრონტი დემოკრატიისა და სამართლიანობისთვის (PFDJ), რომელსაც პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, ქვეყნის ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა. ქვეყანაში არჩევნები 1993 წლის შემდეგ არ ჩატარებულა. ადამიანის უფლებათა სამ უმთავრეს დარღვევას შორისაა ის გარემოება, რომ მოქალაქეებს არ აქვთ საშუალება მთავრობა აირჩიონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით; ასევე ის, რომ მოქალაქეები თვითნებური დაკავების მსხვერპლნი არიან და მათი დაკავება ხდება მძიმე პირობებში, რაც ხანდახან სიკვდილიანობასაც იწვევს. ადამიანის უფლებათა ერთერთ უმთავრეს დარღვევას წარმოადგენს სამხედრო სამსახურის ვალდებულება, რომელიც სავალდებულო 18 თვის შემდეგ, როგორც წესი, მთელ შრომისუნარიანობის პერიოდს გრძელდება.[5]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რელიგიის თავისუფლების შესახებ 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ არ მოიპოვება სანდო ინფორმაცია ერითრეის რელიგიური შემადგენლობის შესახებ. სამთავრობო, რელიგიური და ადგილობრივი გაეროს წყაროები ვარაუდობენ, რომ მოსახლეობის 48-50% ქრისტიანია და 48-50% სუნიტი მუსლიმი. ქრისტიანების უმრავლესობა მართლმადიდებელია. კათოლიკეები, პროტესტანტები და სხვა ქრისტიანული დენომინაციები, მათ შორის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის მიმდევრები, იეჰოვას მოწმეები და პენტეკოსტალები ქრისტიანი მოსახლეობის 5 პროცენტზე ნაკლებს შეადგენენ. ზოგიერთი წყარო ვარაუდობს, რომ მოსახლეობის 2% ანიმისტია; გარდა ამისა, ქვეყანაში ძალიან პატარა ებრაული თემია და ასევე ბაჰაების ძალიან პატარა ჯგუფი, დაახლოებით 300 ადამიანი.

ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ საკანონმდებლო დონეზე აკრძალულია რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია. მთავრობა აღიარებს 4 ოფიციალურად რეგისტრირებულ რელიგიურ ჯგუფს – ერითრეულ მართლმადიდებლურ ეკლესიას, სუნიტურ ისლამს, რომაულ კათოლიკურ ეკლესიას და ერითრეის ევანგელისტურ ლუთერანულ ეკლესიას. მთავრობა ნიშნავს ერითრეული მართლმადიდებლური ეკლესიისა და სუნიტური ისლამური საზოგადოების თავმჯდომარეებს. რეგისტრირებული 4 რელიგიური ჯგუფის გარდა, სალოცავი ადგილები დახურულია, თუმცა არაა დაზიანებული და დაცულია, მათ შორის ბაჰაის მიმდევართა ცენტრი და სინაგოგა. მთავრობა ზღუდავს რელიგიური ჯგუფების დაფინანსებას და ნებას რთავს მხოლოდ ადგილობრივი მიმდევრების ან თავისივე ნებადართული ორგანიზაციების მხრიდან შემოწირულობებს. იეჰოვას მოწმეები, რომელთაც 1994 წელს ხმის მიცემაზე უარის გამო, მოქალაქეობა აქვთ ჩამორთმეული, ვერ იღებენ ოფიციალურ საიდენტიფიკაციო დოკუმენტს. მთავრობა არ აღიარებს რელიგიური შეხედულებებით სამხედრო სამსახურზე უარს, ამიტომ იეჰოვას მოწმეები არიან მძიმე მოპყრობის ობიექტები, როგორიცაა დაკავება და პატიმრობა, ასევე, საიდენტიფიკაციო დოკუმენტის მიღების აკრძალვა; აღნიშნული დოკუმენტი კი საჭიროა ნებისმიერი ფორმით დასაქმებისთვის, სამთავრობო სარგებლის მისაღებად და სამოგზაუროდ.[6]

[1] The United States of America; Central Intelligence Agency; The World Factbook; Eritrea; page las updated on 3 January, 2018; available at: https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/er.html [accessed 16 January, 2018]

[2] Amnesty International, Amnesty International Report 2016/17 – Eritrea, 22 February 2017, available at:

[accessed 16 January 2018]

[3] Freedom House, Freedom in the World 2017 – Eritrea, 1 September 2017, available at:

[accessed 16 January 2018]

[4] Human Rights Watch, World Report 2017 – Eritrea, 12 January 2017, available at:

[accessed 16 January 2018]

[5] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Eritrea, 3 March 2017, available at:

[accessed 16 January 2018]

[6] United States Department of State, 2016 Report on International Religious Freedom – Eritrea, 15 August 2017, available at:

[accessed 16 January 2018]

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 8-15 იანვარი, 2018

ნარკოპოლიტიკის შეცვლით 5000-მდე ირანელი სიკვდილით დასჯას გადაურჩა – ათასობით ირანელი, რომელთაც ნარკოდანაშაულისთვის სიკვდილი აქვთ მისჯილი, სასჯელის უმკაცრეს ზომას გადაურჩნენ. ირანში ნარკოტიკებთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები შევიდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირების საქმეები, რომლებსაც სიკვდილი აქვთ მისჯილი, უნდა გადაიხედოს. ირანში ასეთი ბრალდებულების რაოდენობა 5 ათასამდეა.[1]

ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ 15 წევრი მოკლეს – ავღანეთში სამთავრობო არმიასა და ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს შორის შეტაკების შედეგად, 15 ჯიჰადისტი მოკვდა. შეტაკებების დროს 20 რადიკალი ისლამისტი დაიჭრა. დაპირისპირება ქვეყნის აღმოსავლეთით, კუნარის პროვინციაში მოხდა. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები სამართალდამცველების საგუშაგოებს დაესხნენ თავს.[2]

თურქეთში საგანგებო მდგომარეობა 3 თვით გახანგრძლივდა – საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 2016 წლის ივლისში სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამო დაწესდა, უკვე მეხუთედ გახანგრძლივდა. 2016 წლის 15 ივლისს, თურქეთში სამხედროებმა სახელმწიფო გადატრიალება სცადეს, რომლის დროსაც 230-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 2 100-ზე მეტი დაშავდა. ამბოხში ოფიციალურმა ანკარამ აშშ-ში მცხოვრები ფეთჰულა გიულენი და მისი მოძრაობა დაადანაშაულა.[3]

სომალილენდში გაუპატიურება დასჯადი გახდა – თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ისტორიაში პირველად, გაუპატიურების წინააღმდეგ კანონი მიიღეს. აქამდე, მსხვერპლი ქალი იძულებული იყო თავის მოძალადეზე დაქორწინებულიყო, რათა „შერცხვენა თავიდან აერიდებინა“. ახალი კანონის მიხედვით, სომალიში გაუპატიურებაში მსჯავრდადებულს 30 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. სომალილენდი სომალის 1991 წელს თვითნებურად გამოეყო და დამოუკიდებლობა გამოაცხადა. სომალიში გაუპატიურების წინააღმდეგ კანონი დღემდე არ არსებობს.[4]

საუდის არაბეთში ქალები ფეხბურთის მატჩს პირველად დაესწრნენ – საუდის არაბეთში ქალებს სტადიონზე საფეხბურთო მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მიეცათ. პირველი ასეთი მატჩი ქალაქ ჯედში გაიმართა. საუდის არაბეთში სტადიონზე მისვლა ქალებს როგორც ოჯახთან ერთად, ასევე მარტოც შეეძლებათ. სპორტული ობიექტების მონახულება ქვეყნის მოდერნიზაციის პროგრამის კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელსაც მემკვიდრე პრინცი, სალმან ალ-საუდი ახორციელებს. 26 სექტემბერს, საუდის არაბეთის მეფე სალმანმა განაცხადა, რომ 2018 წლის ივნისიდან ქალები მართვის მოწმებების მიღებას და ავტომანქანების კანონიერად მართვას შეძლებენ. საუდის არაბეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ქალებს მანქანის ტარება ოფიციალურად ეკრძალებოდათ. კრონპრინცი მუჰამედ ბინ სალმანი ქვეყანაში სოციალურ და ეკონომიკურ რეფორმებს ატარებს და კონცეფციის „ხედვა – 2030“ ფარგლებში ცხოვრების ბევრ სფეროზე ზეწოლას ასუსტებს. მიუხედავად ამისა, საუდის არაბეთში დღემდე ბევრი რამ აკრძალულია.[5]

სუდანში საპროტესტო აქციის დროს ერთი სტუდენტი მოკლეს – სუდანში მოსახლეობა პურის ფასის გაორმაგებს აპროტესტებს. საპროტესტო შეტაკებებს ერთი სტუდენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, ექვსი ადამიანი კი დაშავდა. პურის გაძვირების შესახებ მთავრობამ გადაწყვეტილება ერთი თვის წინ მიიღო. ქალაქ გენეინაში დაწყებული საპროტესტო ტალღა უკვე გავრცელდა ქვეყნის რამდენიმე რეგიონში. სუდანის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბაბკარ დაქნამ სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტება უარყო. თუმცა ადგილობრივი მთავრობა, სტუდენტის დაღუპის მიზეზის დასადგენად, გამოძიებას მაინც დაიწყებს. ეს ბოლო წლებში დემონსტრანტის დაღუპვის პირველი შემთხვევა არაა. 2013 წელს, საწვავის გაძვირების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 185 ადამიანი მოკლეს.[6]

ტუნისში მოსახლეობა ფასების ზრდას აპროტესტებს – ტუნისის ქალაქებში ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციების 250-მდე დემონსტრანტი დააკავეს. მანიფესტანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაც მოხდა. დემონსტრანტები თავს დაესხნენ პოლიციის საგუშაგოებს, სამთავრობო შენობებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს. აქციის მონაწილეები გაზრდილ ფასებს და უმუშევრობას აპროტესტებენ. საპროტესტო ტალღა ტუნისში მას შემდეგ აგორდა, რაც მთავრობამ საწვავზე და პირველადი მოხმარების საგნებზე ფასები გაზარდა. 2018 წლის 1-ელი იანვრიდან ძალაში შევიდა ქვეყნის ბიუჯეტი, რომელიც საწვავის ფასების ზრდას და ახალი გადასახადების დაწესებას გულისხმობს.[7]

აქციების ფონზე ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანაში სოციალურ რეფორმებს გაატარებს. რეფორმების გატარების შესახებ ცნობილი ტუნისის მთავრობის საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ გახდა. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სამედიცინო მომსახურების რეფორმირებაზე, ასევე სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად პარლამენტში რეფორმათა პაკეტს წარადგენენ. „ეს რეფორმები 250 000-მდე ოჯახს შეეხება. რეფორმები ღარიბ და საშუალო კლასს დაეხმარება“, – განაცხადეს ტუნისის ხელისუფლების წარმომადგენლებმა.[8]

[1] BBC; Iran drug law change could spare thousands on death row; 10 January, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-middle-east-42634252

[2] Tolo News; 15 Daesh Insurgents Killed in Kunar;s Ongoing Clashes; 8 January, 2018; available at: http://www.tolonews.com/afghanistan/15-daesh-insurgents-killed-kunar%E2%80%99s-ongoing-clashes

[3] Reuters; Turkey to extend state of emergency for another three months, Duputy PM says; Reuters Stuff; 8 January, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-turkey-security-emergency/turkey-to-extend-state-of-emergency-for-another-three-months-deputy-pm-says-idUSKBN1EX1I2?il=0

[4] BBC; Somaliland passes first law against rape; 8 January, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-africa-42604496

[5] The Guardian; Saudi football stadium welcomes women for first time; Kareem Shaheen; 12 January, 2018; available at: https://www.theguardian.com/world/2018/jan/12/saudi-football-stadiums-prepare-welcome-women-first-time

[6] Aljazeera; Deadly protests grip Sudan over rising bread prices; 8 january, 2018; available at: https://www.aljazeera.com/news/2018/01/deadly-protests-grip-sudan-rising-bread-prices-180108094836363.html

[7] BBC; Tunisia protests: Hundreds arrested; 10 January, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-africa-42624639

[8] BBC; Tunisia protests: Reforms announced amid new rallies; 14 January, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-africa-42679328

სუდანი. ერითრიელი ლტოლვილების მდგომარეობა. იანვარი, 2018

უგანდაში დაფუძნებული ერითრეის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია „Africa Monitors“-ის მიერ, 2016 წლის აგვისტოს, გამოქვეყნებულ სტატიაში აღწერილია სუდანში მცხოვრები ერითრიელი ლტოლვილების მდგომარეობა და მოყვანილია ინტერვიუ ერთ-ერთ ერითრიელ ლტოლვილთან თესფაისთან, რომელიც 2014 წელს სხვა 1,000 (UNHCR-ის სტატისტიკით, ყოველთვიურად 1,000 ერითრიელი ჩადის სუდანში) ერითრიელთან ერთად ჩავიდა სუდანში. სუდანი ერითრიელ ლტოვილებს მას შემდეგ იღებს, რაც 1968 წელს ეთიოპია-ერითრეას შორის დაიწყო კონფლიქტი. ყველაზე დიდი ლტოლვილთა ბანაკი აღმოსავლეთ სუდანში არის შაგარაბის ბანაკი, რომელიც ერთ-ერთი უძველესი ლტოლვილთა ბანაკია აფრიკაში. ერითრეიდან გაქცეული ლტოლვილების უმრავლესობას ახალგაზრდა ქალები და კაცები შეადგენენ, რომლებიც გაურბიან სამხედრო სამსახურს, ვინაიდან მისი ხანგრძლივობა წლობით და ზოგჯერ ათწლეულების მანძილზე გრძელდება.

ათწლეულების განმავლობაში, ერითრიელები თანაარსებობდნენ სუდანის თემში, სინამდვილეში აღმოსავლეთ სუდანის ორი ძირითადი ტომი ცხოვრობს საზღვრის ორივე მხარეს, რის გამოც აღმოსავლეთ სუდანელებისთვის ერითრიელი ოჯახის წევრის ყოლა ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს. უკანასკნელ წლებში, განსაკუთრებით, 2013 წლიდან, ერითრიელებისთვის სიტუაცია უფრო გართულდა, რაც გამოწვეული იყო სუდანის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებით, რის შედეგადაც გაიზარდა ანტი-მიგრაციული განწყობა. თესფაის თქმით, სუდანი მათთვის უსაფრთხო თავშესაფარს წარმოადგენდა, ახლა კი საზოგადოების ყოველი წევრი ეუბნება, რომ სუდანი მათთვის უსაფრთხო აღარაა.

ადამიანებით ვაჭრობის საკითხში სპეციალიზებული სუდანელი ჟურნალისტის, სალიჰ ამმარის, განცხადებით, ბოლო წლებში გაიზარდა ერითრიელი ლტოლვილების დეპორტაცია, ვინაიდან სუდანი სულ უფრო მეტად იყენებს „პასპორტის და იმიგრაციის კანონს“. აღნიშნული კანონის 30-ე მუხლით, ქვეყანაში არალეგალური შესვლა ისჯება დეპორტაციით,  მიუხედავად იმისა, რომ ლტოლვილები კონტრაბანდული გზით შედიან ქვეყანაში, კანონი არ არის სენსიტიური იმ პირების მიმართ, რომელთაც აქვთ ლტოლვილის სტატუსი, რაც, რიგითი მიგრანტებისაგან განსხავებით, მათ დაცვას ითვალისწინებს.

სუდანი, როგორც ლტოლვილების მიმღები და ტრანზიტული ქვეყანა, ევროპისთვის გახდა მთავარი პარტნიორი, ვინაიდან სწორედ სუდანიდან ჩადის ევროპაში ლტოლვილთა ძირითადი ნაკადი. შედეგად, 2016 წლის აპრილში, საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების საკითხებში ევროკომისარი, ნევენ მიმიკა, ჩავიდა სუდანში და მიგრაციის მართვის მოსაგვარებლად, ქვეყანას 100 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი შესთავაზა.

თესფაის განცხადებით, მას შემდეგ რაც გაიგეს, რომ ევროკავშირმა სუდანს ფული შესთავაზა, ხელისუფლების მხრიდან მათდამი დამოკიდებულება უფრო მკაცრი გახდა. გაიზარდა პოლიციის მიერ „გაწმენდითი“ სამუშაოები, დაიწყეს რეიდები ლტოლვილების სახლებში და  ეკლესიებში, ლტოლვილებს კი ქუჩიდან იყვანდნენ.

ერითრიელ ლტოლვილთა უფლებადამცველი ერითრიელ-შვედი აქტივისტის, ესტეფანოსის, თქმით, ხართუმში, ქასსალაში, ჰალფაში და სხვა ქალაქებში ხელისუფლება ატარებს რეიდებს და კარდაკარ აპატიმრებს ლტოლვილებს. მათ ვერც სახელმწიფო და ვერც UNHCR ვერ იცავს. მისივე თქმით, ერითრიელები სუდანში გადაადგილებისას, ჯიბით ყოველთვის ატარებენ გარკვეული ოდენობის თანხას, რაც მათ პოლიციის მოქრთამვისთვის გამოადგებათ, როდესაც ისინი დასაპატიმრებლად აიყვანენ. ამჟამად კი, ფულის გამოძალვამ სრულიად ახალ დონეს მიაღწია.

თესფაის განცახებით, ერითრიელები დაახლოებით 4,000 სუდანურ ფუნტს უხდიან პოლიციის ოფიცრებს, რომ თავისუფლება იყიდონ. სტატიის ავტორის თქმით, მას შემდეგ, რაც ევროკავშირი სუდანს ფულს გადაუხდის, რათა ერითრიელ ლტოლვილებს აღარ მისცეს ზღვის გავლით ევროპაში გადაადგილების საშუალება, სუდანის პოლიცია აღარ აიღებს ქრთამს ერითრიელი ლტოლვილებისგან. ესტეფანოვას შეფასებით, მესიჯი რომელიც ევროკავშირმა სუდანს გაუგზავნა არის, ევროპისკენ მიგრაციის შეჩერება ნებისმიერ ფასად.

ამმარის განცხადებით, ევროკავშირი ეხმარება სუდანის მთავრობას, სუდანის მთავრობა კი პოლიციას და სხვა ინსტიტუტებს, მიუხედავად იმისა, რომ გამოქვეყნებული ანგარიშები მიუთითებენ უსაფრთხოების ძალების და პოლიციის ოფიცრების ჩართულობას ადამიანებით ვაჭრობაში.

აღმოსავლეთ სუდანში, რომელიც, საზღვრის კვეთის შემდეგ, პირველი დანიშნულების ადგილია ერითრიელებისთვის, ლტოლვილთა ბანაკების პირობები მძიმეა და არ არის საკმარისი საკვები. ამმარის განცხადებით, როდესაც მან მოინახულა ბანაკები, ხელისუფლების წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ მათ პასუხისმგებლობას არ წარმოადგენდა ლტოლვილთა გამოკვება, არამედ მისცეს უსაფრთხო ტერიტორია და იცავენ მათ. მისივე თქმით, ბანაკში არსებული საცხოვრებელი პირობები იყო საშინელი.

ერითრიელ ლტოლვილთა მხოლოდ მცირე რაოდენობა სარგებლობს ლტოლვილთა ბანაკებით, დანარჩენები უფრო დიდ ქალაქებში მიდიან საცხოვრებლად, სადაც სხვა სახის პრობლემებს აწყდებიან. ისინი არა მხოლოდ, იძულებულნი არიან გადაიხადონ რეგულარული ქრთამი, არამედ ხელისუფლებისა და ლტოლვილთა სამთავრობო ორგანოს – ლტოლვილთა კომისიის (COR) – მხრიდან ექვემდებარებიან ძალადობას.

ლტოლვილთა საკითხებზე მომუშავე სუდანელი ადვოკატის განცხადებით, „COR“ ხელს უშლის ლტოლვილთა დაცვას, ისინი უარყოფენ მათ ლტოლვილის სტატუს და ართმევენ ლტოლვილის დამადასტურებელ მოწმობებს, რის გამოც ხდებიან მოწყვლადები და პოლიციის მხრიდან ხდება მათი დაპატიმრება. პოლიციის მხრიდან ხდება მათი ექსპლოატაცია და დაშანტაჟება, ხოლო არაფორმალურ სექტორში მომუშავე ქალები წარმოადგენენ სამიზნე ობიექტებს, მაგალითად, ქალი ჩაის გამყიდველებს საკუთარი აღჭურვილობა აქვთ ჩამორთმეული.[1]

„Human Rights Watch“-ის მიერ 2016 წლის 30 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სუდანის ხელისუფლებამ მოახდინა 442 ერითრიელის დეპორტაცია, რომელთაგან ექვსი რეგისტრირებული ლტოლვილი იყო. ლტოლვილთა საკითხებში „Human Rights Watch“-ის მკვლევარის და ადვოკატის, ჯერრი სიმფსონის, განცხადებით, სუდანი აპატიმრებს და ერითრეის რეპრესირებულ მთავრობას იძულებით გადასცემს ერითრიელებს ისე, რომ არ აძლევს მათ საშუალებას მოითხოვონ თავშესაფარი.

საერთაშორისო სააგენტოებს არ აქვთ საშუალება მონიტორინგი გაუწიონ ერითრეაში დეპორტირებული ერითრიელების მიმართ მოპყრობას.[2]

საინფორმაციო პორტალის „Reliefweb“-ის მიერ 2017 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ქასსალაში, აღმოსავლეთ სუდანის საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, პოლიციამ დააპატიმრა თხუთმეტი ერითრიელი ლტოლვილი. აღნიშნული პირები ქასსალას ციხეში იმყოფებიან და ელოდებიან სასამართლო პროცესს.

რადიო „დაბანგას“ ინფორმაციით, 2017 წლის აგვისტოში, სუდანის სასამართლომ 104 ერითრიელი ლტოლვილის დეპორტაცია მოახდინა ერითრეაში.[3]

მედია საშუალება „News 24“-ის მიერ 2018 წლის 7 იანვარს გამოქვეყნებული ინფორმაციით,  ქასსალას შტატის გამგებლის 2018 წლის 5 იანვრის ბრძანებით, სუდანმა, აღმოსავლეთით, ჩაკეტა საზღვრი ერითრეასთან.

საზღვრის ჩაკეტვის მიზეზები არ იქნა განმარტებული, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პრეზიდენტმა ომარ ალ-ბაშირმა 30 დეკემბერს ქასსალაში და ჩრდილოეთ კორდოფანში ექვსთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ოფიციალური პირების განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება იყო სამთავრობო კამპანიის ნაწილი, რომლის მიზანიცაა ზემოაღნიშნულ ორ შტატში უკანონო იარაღის ამოღება.

ქასსალასა და ჩრდილოეთ კორდოფანის გარდა, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული სუდანის საომარი მოქმედებების ზონებში: დარფურში, ცისფერ ნილოსზე და სამხრეთ კორდოფანში.[4]

 

[1] Africa Monitors – Eritrean Refugees in Sudan Coming Under Attack, 20 August 2016, available at: https://africamonitors.org/2016/08/20/eritrean-refugees-in-sudan-coming-under-attack/ (accessed on 9 January 2018)

[2] HRW – Human Rights Watch, Sudan: Hundreds Deported to Likely Abuse, 30 May 2016, available at: https://www.hrw.org/news/2016/05/30/sudan-hundreds-deported-likely-abuse (accessed on 9 January 2018)

[3] Reliefweb – Eastern Sudan police arrest Eritrean refugees, 8 September 2017, available at: https://reliefweb.int/report/sudan/eastern-sudan-police-arrest-eritrean-refugees (accessed on 9 January 2018)

[4] News24 – Sudan shuts border with Eritrea: state media, 7 January 2018, available at: https://www.news24.com/Africa/News/sudan-shuts-border-with-eritrea-state-media-20180106-2 (accessed on 9 January 2018)

სუდანი. უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. იანვარი, 2018

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „Human Rights Watch“-ის მიერ 2017 წელს სუდანის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ, 2016 წელს, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება უკიდურესად მძიმეა. სამთავრობო ძალების მხრიდან, დარფურის, სამხრეთ კორდოფანის და ცისფერი ნილოსის შტატებში,  მშვიდობიანი მოქალაქეების მისამართით ხორციელდებოდა თავდასხმები. ადგილი ჰქონდა ზეწოლას სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებზე და დამოუკიდებელ მედიაზე, ასევე ფართოდ იყო გავრცელებული აქტივისტების, სტუდენტების და მომიტინგეების თვითნებური დაკავებები. ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის ბოიკოტის მიუხედავად, ეროვნული კონგრესის მმართველმა პარტიამ ახალი კონსტიტუციისა და მთავრობის შესაქმნელად (2011 წელს სამხრეთ სუდანის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ), დაიწყო ეროვნული დიალოგის პროცესი.

კონფლიქტი დარფურში

2016 წლის იანვარში, სუდანის შეიარაღებულმა ძალებმა, მათ შორის სწრაფი მხარდაჭერის ძალებმა და მოკავშირე მილიციამ, განახორციელეს კოორდინირებული სახმელეთო და საჰაერო თავდასხმები ჯებელ მარრაში მდებარე დასახლებულ სოფლებზე, რომელიც წარმოადგენს მეამბოხეთა დასაყრდენ ადგილს ცენტრალურ დარფურში. აღნიშნული თავდასხმები წლების მანძილზე გრძელდება, რომელიც, 2014-2015 წლებში, დარფურის „ზაფხულის გადამწყვეტი ოპერაციის“ კამპანიის დროს დაიწყო.

სამთავრობო ძალებმა მოკლეს სამოქალაქო პირები, გააუპატიურეს ქალები და ბავშვები და გაანადგურეს ასობით სოფელი. გაეროს შეფასებით, სექტემბერში ძალადობის შედეგად 190,000 იძულებით გადაადგილებული პირი იყო ქვეყანაში, რომელთა დახმარებაზეც ჰუმანიტარულ სააგენტოებს ხელი არ მიუწვდებოდათ. დარფურის სხვა ადგილებში, სამთავრობო ძალების მხრიდან სამოქალაქო პირებზე თავდასხმებმა და თემის შიგნით მიწებზე და რესურსებზე არსებულმა ბრძოლებმა გამოიწვია სიკვდილიანობა, განადგურება და იძულებითი გადაადგილება.

„Amnesty International“-ის ცნობით, მთავრობამ მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენა ქიმიური იარაღი, თუმცა სუდანმა, რომელიც 1999 წლიდან ქიმიური იარაღის კონვენციის წევრია, უარყო ბრალდება და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას (OPCW) შეუზღუდა გამოძიების ფარგლები.

ხელისუფლების ორგანოებმა დაბლოკეს აფრიკის კავშირის/გაეროს სამშვიდობო მისია, UNAMID, ჯებელ მარრას რეგიონიდან, რითაც მისიას ხელი შეუშალეს, განეხორციელებინათ სამოქალაქო პირების დაცვა.

კონფლიქტი და ძალადობა ცისფერ ნილოსსა და სამხრეთ კორდოფანში

ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების მიუხედავად, სამთავრობო ძალებსა და შეიარაღებულ ამბოხებულებს შორის, უკვე მეხუთე წელია მიმდინარეობს კონფლიქტი სამხრეთ კორდოფანში და ცისფერ ნილოსზე. ნუბას მთებში, სამთავრობო ძალებმა, მოკავშირე მილიციასთან ერთად, სოფლებში და სხვა დასახლებულ ადგილებში მცხოვრებ სამოქალაქო პირებზე, განახორციელეს სახმელეთო თავდასხმები და განურჩეველი დაბომბვები. თავდასხმები ძირთადად მარტიდან ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა.

მხოლოდ მაისში, თავდასხმებმა ექვსი ბავშვი იმსხვერპლა, მათი გასვენებისას კი, რამდენიმე დაიჭრა, ასევე განადგურდა ქაუდაში მდებარე სკოლა და დაიჭრა ერთი მასწავლებელი. სამთავრობო ძალებმა გადაწვეს მარცვლეული კულტურები, მოიპარეს საკვები და სამეურნეო ადგილებში მცხოვრები ხალხი გადაასახლეს. თავდასხმებმა გამოიწვია სამოქალაქო პირების გაუმართლებელი სიკვდილი, მათ შორის ბავშვების, დაიჭრა ბევრი და განადგურდა მშვიდობიანი მოსახლეობის ქონება.

მთავრობამ ჰუმანიტარულ სააგენტოებს აუკრძალა ცისფერი ნილოსის და სამხრეთ კორდოფანის ამბოხებულ ტერიტორიებზე საქმიანობა, ასევე არ დათანხმდა მეამბოხე ჯგუფებთან ჰუმანიტარული დახმარების პირობებს.

თვითნებური დაკავებები, წამება და არასათანადო მოპყრობა

სუდანის ეროვნული დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურმა (NISS) – რომელიც ცნობილია შეურაცხმყოფელი ტაქტიკით, მათ შორის, რეალური და მოაზრებული პოლიტიკური ოპონენტების მიმართ წამებით – დააკავა აქტივისტები, სტუდენტები, ადვოკატები, ექიმები და თემის/საზოგადოების ლიდერები, რომლებიც მიიჩნეოდნენ მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილ პირებად.

დაკავებულთა უმრავლესობა სცემეს და დაექვემდებარნენ არასათანადო მოპყრობის სხვადასხვა ფორმებს. ზოგიერთი ქალი აქტივისტის განცხადებით, დაკავების დროს, ეროვნული უსაფრთხოების ძალების მხრიდან სექსუალური ძალადობის  მსხვერპლნი გახდნენ. „Human Rights Watch“-ის მიხედვით, ხელისუფლება თვითნებურ დაკავებებს, სექსუალურ ძალადობას და საზოგადოებრივი წესრიგის კოდექსს იყენებს ქალი ადამიანის უფლებათა დამცველების გასაჩუმებლად.

მშვიდობიანი შეკრების, ასოციაციისა და გამოხატვის თავისუფლება

იანვარში, დასავლეთ დარფურში, უსაფრთხოების ძალებმა გამოიყენეს საბრძოლო იარაღი საპროტესტო აქციის დასაშლელად, რომლებიც იქ მდებარე ერთ-ერთ სოფელზე თავდასხმას აპროტესტებდნენ. სულ მცირე შვიდი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი იქნა მოკლული აღნიშნული ინციდენტის დროს.

აპრილში, უსაფრთხოების ძალებმა ძალადობრივად ჩაახშეს ხართუმის უნივერსიტეტთან გამართული სტუდენტების საპროტესტო აქცია, სადაც გამოიყენეს რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი, ხოლო ჩრდილოეთ კორდოფანში და ომდურმანში პროტესტის შესაჩერებლად გამოიყენეს საბრძოლო იარაღი, რომელსაც ემსხვერპლა ორი სტუდენტი და დაშავდა ათობით პირი.

2013 წლის სექტემბრის საპროტესტო აქციისას მოკლული 170 პირის საქმეზე დღემდე არავინაა მიცემული პასუხისგებაში, მსხვერპლთა უმრავლესობას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები თავისა და გულ-მკერდის არეში აქვთ მიყენებული.

უსაფრთხოების ძალები ზღუდავდნენ მედიის თავისუფლებას, ემუქრებოდნენ ჟურნალისტებს და წლის განმავლობაში, რეგულარულად ახდენდნენ გაზეთების კონფისკაციას. მაისში,  გაზეთ „ალ-ჯარიდას“ ხუთჯერ ჩამოერთვა გამოცემები, ვინაიდან მათ გააშუქეს სტუდენტთა დემონსტრაციები. ოქტომბერში, განხორციელდა გაზეთ „ალ-ვატანის“ კონფისკაცია, ვინაიდან გააშუქეს ქვეყნის მასშტაბით მომხდარი სამედიცინო მუშაკთა გაფიცვები.

სუდანი ასევე ზღუდავს რელიგიის თავისუფლებას და ადგილი აქვს სასულიერო პირების დაკავებას. 2015 წლის დეკემბრიდან, შპიონაჟის და სხვა ბრალდებებით, რომელიც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს, დაკავებულია სამი პასტორი და ერთი დარფურელი აქტივისტი.[1]

2017 წლის ოქტომბერში, აშშ-მ სუდანს ათწლეულების მანძილზე არსებული ეკონომიკური სანქციები მოუხსნა, რაც იანვარში გაკეთებული აღმასრულებელი ბრძანების შემდეგ განხორციელდა, რომელიც მიუთითებდა გაუმჯობესებებს რამდენიმე ძირითადი მიმართულებით, თუმცა ადამიანის უფლებების დაცვის რეფორმები ცალსახად არ იყო მოხსენიებული.  „Human Rights Watch“ აშშ-ს მოუწოდებს, რომ სუდანთან თანამშრომლობისას, ადამიანის უფლებები მთავარ საკითხად განიხილოს.

„Human Rights Watch“-ის აფრიკის საკითხებში უფროსი მკვლევრის, ჯეჰანნე ჰენრის თქმით, წამება და ხანგრძლივი თვითნებური დაპატიმრება, როგორც განსხვავებული აზრისა და დიალოგის დამხშობი საშუალება, რუტინული პრაქტიკაა სუდანში.[2]

[1] HWR – Human Rights Watch, World Report 2017 – Sudan, available at: https://www.hrw.org/world-report/2017/country-chapters/sudan (accessed on 09 January 2018)

[2] HRW – Human Rights Watch: Sudan: Charge or Release Rights Activists, 19 December 2017

 (accessed on 9 January 2018)