დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 1-7 იანვარი, 2018

მასობრივი დემონსტრაციები ირანში – საპროტესტო აქციებისას გარდაცვლილთა რიცხვმა ოცს გადააჭარბა. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებებს ბოლოს 9 ადამიანი ემსხვერპლა. 6 მათგანი კაჰდარიჯანში პოლიციის შენობაზე თავდასხმისას დაიღუპა. როგორც ადგილობრივი მედია აცხადებს, ისინი შენობიდან იარაღის მოპარვას ცდილობდნენ. ჰომეინშეჰირში 11 წლის ბავშვი და 20 ბიჭი მოკლეს, ხოლო ნაჯაფაბადში დაიღუპა სამართალდამცველი. მათ სანადირო თოფიდან ესროლეს. ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, 3 დღის განმავლობაში 450-მდე ადამიანი დააკავეს.[1]

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე განაცხადა, რომ ხელისუფლება ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მუშაობს. როუჰანმა ირანის ეკონომიკის შესახებ პარლამენტში ილაპარაკა. მისი თქმით, ირანის ამ დროისთვის არსებული ეკონომიკური მაჩვენებლები გაცილებით უკეთესია, ვიდრე საშუალო გლობალური ეკონომიკური მაჩვენებელი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება მდგომარეობით კმაყოფილია. „ირანის ეკონომიკა პირველი ექვსი თვის განმავლობაში 6 პროცენტით გაიზარდა, ხოლო სხვა ქვეყნებში საშუალო მაჩვენებელი ორი ან სამი პროცენტია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.[2]

ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანმა ალი შამხანიმ განაცხადა, რომ ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციები იმ ომის ფარგლებში იმართება, რომელიც თეირანს რამდენიმე სახელმწიფომ გამოუცხადა. მისივე თქმით, ამ აქციების უკან აშშ, დიდი ბრიტანეთი და საუდის არაბეთი დგანან. „სწორედ ეს ქვეყნები ხელმძღვანელობენ სოციალურ ქსელებში კამპანიას, რომელიც საპროტესტო აქციებზე მოქმედებს. ჩვენი ანალიზით ირკვევა, რომ ახალი ჰეშთეგების 27%, რომელიც ირანის წინააღმდეგაა მიმართული, საუდის არაბეთშია შექმნილი“, – განაცხადა ირანის ხელისუფლების წარმომადგენელმა. მანვე დასძინა, რომ საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეში დასრულდება.

აიათოლა ალი ხამენეიმ ირანში დაპირისპირება „მტრებს“ დააბრალა. „ბოლო დღეებში, ირანის მტრები იყენებენ სხვადასხვა მეთოდს, მათ შორის ფულს, იარაღსა და პოლიტიკას, რათა ისლამურ რესპუბლიკას საფრთხე შეუქმნან“, – განაცხადა ირანის უმაღლესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ. მისი თქმით, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოებას მაშინ მიმართავს, როცა ამის დრო მოვა. ხამენეის არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობს ირანის მტრებში, თუმცა ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ ცოტა ხნით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალური ქსელით გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა, სადაც ტრამპი ირანში დემონსტრანტებს მხარდაჭერას უცხადებდა.[3]

ირანში განვითარებულ მოვლენებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი გამოეხმაურა. „ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირისთვის ირანთან ურთიერთობებში ყოველთვის ძირითადი საკითხი იყო. მშვიდობიანი დემონსტრაცია და გამოხატვის თავისუფლება არის ფუნდამენტური უფლებები, რომელთა დაცვა მოეთხოვება ყველა ქვეყანას და ირანი გამონაკლისი არაა. ჩვენ მოვლენებს ყურადღებით დავაკვირდებით“, – განაცხადა მან.[4]

დემონსტრაციების საპასუხოდ, ირანში ხელისუფლების მხარდამჭერი აქციები დაიწყო. ირანის გუშაგთა საბჭოს გენერალმა მეჯ გენ მოჰამედ ალი ჯაფარმა, სახელმწიფოს მხარდამჭერ აქციაზე, „ამბოხის დამარცხების“ შესახებ განაცხადა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხელისუფლების მხარდამჭერ აქციებში ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ტელევიზიის მიერ ნაჩვენებ კადრებში ირანის სხვადასხვა ქალაქში გამართული დემონსტრაციები იყო ნაჩვენები. მომიტინგეები აშშ-ის, საუდის არაბეთისა და ისრაელის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდნენ. ირანის მთავრობაში მიიჩნევენ, რომ სწორედ ეს სამი ქვეყანა არის ირანში გამართული მრავალათასიანი ანტისამთავრობო აქციების ორგანიზატორი. მათივე მტკიცებით, ეს ქვეყნები აფინანსებენ აქციების მონაწილეებს და იარაღსაც აწვდიან. იმის, რომ ისრაელის და აშშ-ის მეთაურები ირანის ანტისახელისუფლებო აქციებს მხარს უჭერენ, ასევე სჯერა ოფიციალურ ანკარას.[5]

სამშობლოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საზღვარგარეთ მცხოვრებმა ირანელებმა აქციები გამართეს. ბერლინში ათობით ირანელი ლტოლვილი შეიკრიბა და ირანის სხვადასახვა ქალაქში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს მხარდაჭერა გამოუცხადა. რომში მდებარე ირანის საელჩოსთან კი ირანული მემარცხენე რადიკალური ორგანიზაცია „მოჯაჰედინ-ე ჰალკის“ 30-მდე წევრი შეიკრიბა. ისინი ლოზუნგებს „შეაჩერეთ დასჯა“ და „არა როუჰანის“ სკანდირებდნენ. აქცია გაიმართა აგრეთვე ლონდონში მდებარე ირანის საელჩოსთანაც.[6]

ირანმა დაწყებით კლასებში ინგლისური ენის სწავლება აკრძალა. ოფიციალურად ინგლისური ენის სწავლების აკრძალვა ირანში მასობრივ გამოსვლებს არ უკავშირდება, თუმცა როგორც აიათოლა ხამენეიმ ადრე განაცხადა, დემონსტრანტების ქმედებები საზღვარგარეთიდან იმართება.

ინგლისური ენის სწავლების აკრძალვის მიზეზი ირანის სულიერი ლიდერის განცხადება გახდა, რომელიც მიიჩნევს, რომ ინგლისური ენის ნაადრევმა სწავლებამ დასავლეთის „კულტურულ შემოჭრას“ შეუწყო ხელი. როგორც უმაღლესი განათლების სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელმა განაცხადა, ინგლისური ენის სწავლება როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლების დაწყებით კლასებში „კანონებსა და ნორმებს ეწინააღმდეგება“.[7]

ბოკო ჰარამის ტყვეობიდან 700-ზე მეტი ნიგერიელი გათავისუფლდა – ნიგერიის არმიის ცნობით, ტერორისტული დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ ტყვეობიდან 700-ზე მეტმა ადამიანმა თავის დაღწევა შეძლო. ნიგერიის არმიის პრესსპიკერის თქმით, ტყვეებმა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ბანაკიდან გაქცევა მოახერხეს და ბორნოს შტატის ქალაქ მონგუნომში ჩავიდნენ. ტყვეებმა ბანაკი არა ერთდროულად, არამედ ნაწილ-ნაწილ, სხვადასხვა დროს დატოვეს. ნიგერიის პრეზიდენტმა მუჰამადუ ბუჰარიმ წინასაახალწლო მიმართვაში განაცხადა, რომ არმიის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად „ბოკო ჰარამი“ დამარცხებულია. დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“ 2002 წელს შეიქმნა და ძირითადად ნიგერიის ტერიტორიაზე მოქმედებს. ისლამისტები ქვეყანაში შარიათის კანონების შემოღებას ითხოვენ  და დასავლეთის გავლენის შესუსტებისთვის იბრძვიან. 2015 წლის აპრილში დაჯგუფებამ სახელი შეიცვალა და ახლა მას „ისლამური სახელმწიფოს დასავლეთ აფრიკული პროვინცია“ ჰქვია. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დაჯგუფების მეთაური აბუბაქარ შექაუ „ისლამურ სახელმწიფოს“ მიემხრო.[8]

თავდასხმები სალოცავებზე ნიგერიაში – ნიგერიაში უცნობი შეიარაღებული პირები ეკლესიის მრევლს თავს დაესხნენ. თავდასხმის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. მომხდარზე აქამდე პასუხისმგებლობა რეგიონში მოქმედ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.[9] ნიგერიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მეჩეთზე განხორციელებულ თავდასხმას 11 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ბორნოს შტატში მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ასაფეთქებელი ნივთიერება თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.[10]

სირიის ქალაქ ჰომსში გაეროს სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს – სამოქალაქო ომიდან თითქმის 7 წლის თავზე სირიის ქალაქ ჰომსში სარეაბილიტაციო სამუშაოები  ქალაქის ცენტრში, რომელსაც ომის პერიოდში რევოლუციის დედაქალაქიც კი უწოდეს, პარკების განახლება და ბავშვებისთვის ატრაქციონების დამონტაჟება მიმდინარეობს. ჰომსის რეაბილიტაცია გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში (UNDP) ხორციელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად UNDP-ის მოხალისეები მონაწილეობენ. 2011 წლიდან 2014 წლის გაზაფხულამდე, ჰომსი ალყაში იყო მოქცეული. გაეროსა და წითელი ჯვრის ინიციატივით, სირიის მთავრობასა და მეამბოხეებს შორის დროებითი ზავი გამოცხადდა. სწორედ ამ პერიოდში ქალაქიდან ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ქალაქის ნაწილი განადგურებულია. 600 ათასზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი მშობლიურ ქალაქ ჰომსში 2017 წლის სექტემბერში დაბრუნდა.[11]

ეთიოპია ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას გეგმავს – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა ჰეილემარიამ დესალემნმა განაცხადა. პრემიერის თქმით, ასევე დაიხურება ცენტრი, რომელზეც მედიაში იწერებოდა, რომ ხელისუფლება პატიმართა წამებისთვის იყენებდა. გადაწყვეტილება შეეხება იმ ბრალდებულებსაც, რომლებზეც სასამართლოს განაჩენი ჯერ არ დაუდგენია. ადამიანის უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა ეთიოპია არაერთხელ დაადანაშაულეს მასობრივ დაპატიმრებებსა და პატიმართა უფლებების შელახვაში.[12]

სირიის არმიამ ქალაქი სინჯარი დაიკავა – სირიის სახელისუფლებო არმიამ იდლიბის პროვინციაში მდებარე სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ სინჯარზე კონტროლი დაიბრუნა. სინჯარის დაბრუნებით ბაშარ ასადის არმიამ ქალაქთან მდებარე სამხედრო აეროპორტზე და მნიშვნელოვან სატრანსპორტო მაგისტრალზე წვდომა მოიპოვა. იდლიბი ბოლო პროვინციაა, რომელსაც პრაქტიკულად ასადის რეჟიმის მოწინააღმდეგეები აკონტროლებენ. პარალელურად ცნობილი გახდა, რომ აღმოსავლეთ გუტას რეგიონში 6 და 7 იანვარს განხორციელებულ ავია იერიშებს არანაკლებ 18 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები ემსხვერპლა, 60 კი დაშავდა.[13]

[1] Associated Press; Iran Protests Supreme leader blames ‘enemies’ for meddling; By Nasser Karimi and Jon Gambrell; 2 January, 2018; available at: https://www.apnews.com/0337232e446e41e49211dc71a788e152/Iran-state-TV:-9-killed-in-nationwide-protests,-unrest

[2] Trend News Agency; President Rouhani: Iran’s economy ahead of global average; 1 January, 2018; available at: https://en.trend.az/iran/society/2842960.html

[3] WBIR News; Iran’s Supreme Leader Ayatollah Ali Khameini blames ‘enemies’ for meddling in protests; By Kim Hjemgaard; 3 January, 2018; available at: http://www.wbir.com/article/news/nation-now/irans-supreme-leader-ayatollah-ali-khameini-blames-enemies-for-meddling-in-protests/465-e15055b5-4fff-4286-bc3e-434d219cdbd4

[4] Welt; EU ruft alle Seiten im Iran zu Gewaltverzicht auf; 3 January, 2018; available at: https://www.welt.de/newsticker/news1/article172118263/Proteste-EU-ruft-alle-Seiten-im-Iran-zu-Gewaltverzicht-auf.html

[5] Reuters; Iran deploys Revolutionary guards to quell ‘sedition’ in protest hotbeds; Bozorgmehr Sharefedin; 3 January, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-iran-rallies/iran-deploys-revolutionary-guards-to-quell-sedition-in-protest-hotbeds-idUSKBN1ES0FI?il=0

[6] იმედის ახალი ამბები; საზღვარგარეთ მცხოვრებმა ირანელებმა აქციები გამართეს; 3 იანვარი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/42840/sazgvargaret-mtskhovrebma-iranelebma-aqtsiebi-gamartes

[7] Reuters; Iran bans English in primary schools after leader’s warning; Reuters Staff; 7 January, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-iran-english/iran-bans-english-in-primary-schools-after-leaders-warning-idUSKBN1EW0L1

[8] BBC; Nigerian army says 700 Boko Haram captives have escaped; 1 January, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-africa-42536065

[9] Premium Times; New Year tragedy: Gunmen kill ‘21’ Rivers residents returning from church; Cletus Ukpong; 1 January, 2018; available at: https://www.premiumtimesng.com/news/headlines/254177-new-year-tragedy-gunmen-kill-21-rivers-residents-returning-church.html

[10] Reuters; Suicide bomber kills 11 people in mosque attack in northeast Nigeria; Reuters Staff; 3 January, 2018; available at: https://af.reuters.com/article/topNews/idAFKBN1ES0PR-OZATP?feedType=RSS&feedName=topNews

[11] იმედის ახალი ამბები; სირიის ქალაქ ჰომსში გაეროს სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს; 2 იანვარი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/42666/siriis-qalaq-homsshi-gaeros-sareabilitatsio-samushaoebi-mimdinareobs

[12] BBC; Ethiopia to release political prisoners, says prime minister; 3 January, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-africa-42552643

[13] იმედის ახალი ამბები; სირიის არმიამ ქალაქი სინჯარი დაიკავა; 7 იანვარი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/43216/siriis-armiam-qalaqi-sinjari-daikava

რუსეთი. იეჰოვას მოწმეების მიმართ დამოკიდებულება. იანვარი, 2018

ნორვეგიის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების ცენტრმა “Landinfo”-მ 2017 წლის 3 ნოემბერს, მოამზადა ანგარიში, რუსეთში იეჰოვას მოწმეების მდგომარეობის შესახებ. ანგარიშის მომზადებისას, “Landinfo” ძირითადად დაეყრდნო ნორვეგიულ საინფორმაციო საშუალება „Forum 18“-ს, რომელიც მუშაობს რელიგიის და  რელიგიის თავისუფლების საკითხებზე და დეტალურად აშუქებს იეჰოვას მოწმეების მდგომარეობას. ასევე, დაეყრდნო მოსკოვში დაფუძნებულ ორგანიზაცია „SOVA“-ს (ინფორმაციისა და ანალიზის ცენტრი) მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომელთანაც „Landinfo“-ს არა ერთი შეხვედრა აქვს გამართული და დიდ ნდობას უცხადებს აღნიშნული ორგანიზაციის საქმიანობას.  ანგარიშში ასევე გამოყენებულია სხვადასხვა საერთაშორისოდ აღიარებული წყაროები.

იეჰოვას მოწმეები რუსეთში, მათი რიცხვი და ადგილმდებარეობა

რუსულ ვებ-გვერდზე ერთ-ერთი იეჰოვას მოწმის მიერ მოცემული ინფორმაციის მიხედვით, იეჰოვას მოწმეების რიცხვი რუსეთში დაახლოებით 171,828 პირს შეადგენს. მედია საშუალება „Reuters“-ის ცნობით, იეჰოვას მოწმეების შტაბი და ადმინისტრაციული ცენტრი სანქტ-პეტერბურგის გარეთ მდებარეობს. ცენტრი, 1999 წლიდან, რეგისტრირებულია, როგორც „ცენტრალიზებული რელიგიური ორგანიზაცია“. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს, საბჭოთა კანონის ფარგლებში, პირველად მოხდა იეჰოვას მოწმეების ოფიციალური რეგისტრაცია, თუმცა ისინი რუსეთში მე-19 საუკუნის ბოლოდან არსებობენ. საბჭოთა კავშირის პერიოდში, აღნიშნული ორგანიზაცია აკრძალული იყო, თუმცა სხვა რელიგიური ჯგუფების მსგავსად, ისიც ფარულად განაგრძობდა საქმიანობას. მას შემდეგ, რაც მათი საქმიანობა ლეგალური გახდა, ყველგან შეეძლოთ აქტივობების განხორციელება. განსაკუთრებით კი, სანქტ-პეტერბურგში, რომელიც ლიბერალურ ქალაქად მიიჩნევა და შესაბამისად, პრობლემებიც არ შეხვდებოდათ.

უზენაესი სასამართლოს გადაწვეტილება

რუსეთის უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის დადგენილებით, იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრი ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა. ამასთანავე, მას შემდეგ, რაც იუსტიციის სამინისტრომ თხოვნით მიმართა უზენაეს სასამართლოს, ორგანიზაცია რუსეთში მოქმედ სხვა 395 ადგილობრივ იეჰოვას მოწმეების ცენტრთან ერთად გამოცხადდა აკრძალულად. 2016 წლის 10 მაისს, რუსეთის ფედერაციის ფედერალური პროკურატურის უფროსის მოადგილისგან იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციულმა ცენტრმა მიიღო ოფიციალური გაფრთხილება, რომ ექსტრემისტულ საქმიანობაში ჩართვა ნებადართული არ არის.

„Reuters“-ის მიერ 2017 წლის 20 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციით, უზენაესმა სასამართლომ დადგინა, რომ რუსეთმა გადაწყვიტა დახუროს იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრი და მისი ადგილობრივი ორგანიზაციები, ხოლო მათი ქონება რუსეთის ფედერაციას გადასცეს. მანამდე, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ შეამოწმა იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრი რუსეთში და 2017 წლის 20 თებერვალს, განაცხადა, რომ ცენტრმა დაარღვია კანონი და გამოავლინა ექსტრემისტული საქმიანობის ნიშნები.  საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „Human Rights Watch“-ის 2017 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ  რეგიონულმა სასამართლოებმა აკრძალეს იეჰოვას მოწმეების ათზე მეტი პუბლიკაცია, რადგან ექსტრემისტულად იქნა მიჩნეული.  მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვას მოწმეების ინტერესების დამცველი ადვოკატები უარყოფდნენ ექსტრემისტული საქმიანობის მტკიცებულებებს, უზენაესმა სასამართლომ ზემოაღნიშნული განაჩენი 2017 წლის 17 ივლისს გამოაცხადა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრი და ყველა რეგისტრირებული იეჰოვას მოწმე უნდა გაუქმდეს, სახელმწიფომ უნდა მოახდინოს ქონების კონფისკაცია, ხოლო მათი საქმიანობა მიჩნეული უნდა იქნას ექსტრემისტულად და უკანონოდ. რამდენიმე ასეულმა იეჰოვას მოწმე ინდივიდუალურმა პირმა და ადგილობრივმა ორგანიზაციამ საკუთარი სარჩელი შეიტანა უზენაეს სასამართლოში, რომელშიც უარყოფენ პირველი სასამართლო პროცესის ნაწილად ყოფნას და ამბობენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არღვევს მათ უფლებებს. „Forum 18”-ის 2017 წლის ოქტომბრის მონაცემებით, აღნიშნული სასამართლო პროცესები ჯერ კიდევ დამთავრებული არ იყო.

იეჰოვას მოწმეების მიმართ დამოკიდებულება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე და გადაწყვეტილების შემდეგ

რუსეთის ხელისუფლების რეაქცია იეჰოვას მოწმეებთან მიმართებაში არ არის ახალი. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი 2016 წლის ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნავს, რომ იეჰოვას მოწმეების, პენტაკოსტალების, მუსლიმების და ებრაელების მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ თავდასხმებს. ქვეყნის ზოგიერთ ქალაქში, რუსეთის ხელისუფლებამ დაშალა რელიგიური უმცირესობები, განსაკუთრებით კი იეჰოვას მოწმეები, რომლის ძირითადი საფუძველიც იყო ექსტრემისტული საქმიანობა. იეჰოვას მოწმეები საკუთარი საქმიანობის გამო მანამდეც აწყდებოდნენ რეაქციულ ქმედებებს, სანამ აიკრძალებოდა მათი ორგანიზაცია.

რუსეთის „ექსტრემიზმის კანონი“ და სისხლის სამართლის კოდექსი გამოიყენება რელიგიის თავისუფლებით მოსარგებლე პირების დასასჯელად და დასაპატიმრებლად, ასევე შეკრებების განმახორციელებელი ორგანიზაციების დასასჯელად და რელიგიურ თემატიკაზე შექმნილი პუბლიკაციების ასაკრძალად. „Forum 18“-ის ცნობით, ბოლო ათი წლის განმავლობაში „ექსტრემიზმის კანონის“ არსებობა რელიგიის და რელიგიის თავისუფლებისთვის წარმოადგენს დიდ საფრთხეს რუსეთში.

რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ე. წ. ექსტრემისტული მუხლები: მუხლი 280 (აქტივობა, რომელიც ხელს უწყობს ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობას) და მუხლი 282 (ეთნიკური, რელიგიური ან სოციალური სიძულვილისკენ ან მტრობისკენ მოწოდება), ასევე იქნა გამოყენებული იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ, თუმცა, ამ მხრივ, მცირე პროგრესი აღინიშნა.

„SOVA“-ს განცხადებით, იეჰოვას მოწმეების საყოველთაო აკრძალვამდე, დაიხურა მათი მოქმედების ცხრა ადგილი. ეს მოხდა შემდეგ რაიონებში: ტაგანროგი (2009 წელი), სამარა (2014 წელი), აბინსკი (2015 წელი), სტარი ოსკოლი, ბელგოროდი, ელისტა, ორჯოლი და ბირობიდჯანი (2016 წელი) და ჩერქესსკი (2017 წელი). მორწმუნეები დაჯარიმდნენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა აქტის 20.29-ე მუხლის მიხედვით, ვინაიდან ისინი არიგებდნენ ექსტრემისტული შინაარსის შემცველ ბროშურებს. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს, 15 დღემდე პატიმრობას და აკრძალული ლიტერატურის ჩამორთმევას. ორგანიზაციებისთვის ჯარიმა შეადგენს 50,000-დან 100,000-მდე რუბლს, ან საქმიანობის შეწყვეტას 90 დღის განმავლობაში.

პირები ასევე მიცემული იყვნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში, თუმცა ტაგანროგის საქმის გარდა, ყველა მათგანს გამოუტანეს გამამართლებელი განაჩენი. ტაგანროგის 16 იეჰოვას მოწმის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობდა იმ ბრალდებით, რომ ადგილობრივი ორგანიზაციის ექსტრემისტულად აღიარების მიუხედავად, მათ დაარღვიეს აკრძალვა და განაგრძეს საქმიანობა. საბოლოოდ, 2015 წელს, ყველა წევრი დამნაშავედ იქნა ცნობილი და დაეკისრათ 10,000-დან  70,000-მდე რუბლის ოდენობის ჯარიმების გადახდა, თუმცა მათ აღნიშნული თანხა ვერ გადაიხადეს.

2016 წელს, რუსეთმა გაამკაცრა ანტი-ტერორისტული კანონმდებლობა, როდესაც დამატებით მიიღო ე. წ. იაროვაიალოვენის კანონი. სახელწოდება მომდინარეობს აღნიშნული კანონის ერთ-ერთი დამფუძნებლისგან ირინა იაროვაიასგან. დამატებები მიმართულია ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ, მაგრამ ასევე მოიცავს ქადაგების წინააღმდეგ მიმართულ ზომებს. დამატებითი კანონის მიხედვით, თუ პირს სურს საკუთარი რწმენა გაუზიაროს სხვებს, ოფიციალურად დამტკიცებული შენობის გარეთ და განახორციელოს ქადაგება, ამისთვის მას უნდა ჰქონდეს ნებართვა საკუთარი რელიგიური ჯგუფისგან/რეგისტრირებული ორგანიზაციისგან. აკრძალულია ქადაგება საცხოვრებელ ადგილებში, ხოლო ის, ვინც დაარღვევს კანონს, დაჯარიმდება ერთი მილიონი რუბლის ოდენობით. იაროვაიას აქტი, ასევე, მოიცავს იმ პირების მიმართ ვიზის გაცემის შეზღუდვებს, რომლებიც რუსეთში ქადაგების მიზნით ჩადიან.

2017 წლის ივლისში „Forum 18“-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც აღწერს იუსტიციის სამინისტროს ქმედებებისგან გამოწვეულ შედეგებს, რომელსაც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ჰქონდა ადგილი, მათ შორის იყო რელიგიური შეკრებების ორგანიზატორი რელიგიური ლიდერებისადმი ბრალის დადება, სკოლებში ბავშვებზე ზეწოლა და დისკრიმინაცია. ასევე, რამდენიმე იეჰოვას მოწმის იძულებითი გათავისუფლება სამსახურიდან.

ერთ-ერთი დიპლომატიური წყაროს ცნობით, 2017 წლის ოქტომბრის მონაცემებით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით დაიხურა იეჰოვას მოწმეების დაწესებულებები, როგორც რეგიონულ, ისე ცენტრალურ დონეზე. ვიბორგის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ იეჰოვას მოწმეების ბიბლია გამოცხადდა ექსტრემისტულად.

„Forum 18“-ის შეფასებით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე და გადაწყვეტილების შემდგომ ძირითადი განსხვავება არის ის, რომ მანამდე იეჰოვას მოწმეების პუბლიკაციები მიიჩნეოდა ექსტრემისტულად ადმინისტრაციული სამართლის მიხედვით, ხოლო ისინი, ვინც ავრცელებდნენ აღნიშნულ ლიტერატურას სამართლდებოდნენ ადმინისტრაციული კანონის 20.29-ე მუხლით. მიუხედავად ამისა, იეჰოვას მოწმეები მონაწილეობას იღებდნენ თაყვანისცემაში, ჰქონდათ საკუთრების უფლება და მოქმედებდნენ თავისუფლად. უზენაესი სასამართლოს 20 აპრილის გადაწყვეტილებით, რომელიც ძალაში 2017 წლის 17 ივლისს შევიდა, იეჰოვას მოწმეების არა მხოლოდ წიგნები და საინფორმაციო მასალა, არამედ ისინი, როგორც ორგანიზაცია აიკრძალა. იეჰოვას მოწმეებს აღარ შეუძლიათ შეკრება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მაინც შეიკრიბებიან, ან მათ შეკრებაზე ეჭვს მიიტანენ, დანაშაულებრივ საქმიანობაში იქნებიან ბრალდებულები, რომელიც ითვალისწინებს დიდი რაოდენობის ჯარიმის გადახდას და წლობით პატიმრობას. აღნიშნული ეხება იეჰოვას მოწმეების ყველა წევრს. ამჟამად, იეჰოვას მოწმეების საქმიანობა პერმანენტულად აკრძალულია. იეჰოვას მოწმეების ინდივიდუალური წევრები შესაძლოა გახდნენ დევნის მსხვერპლი თუ  საკუთარ რწმენას ამჟღავნებენ საჯარო ან კერძო სახით და იმ შემთხვევაშიც, თუ მათ იეჰოვას მოწმეებისგან გადაცემული ლიტერატურა უჭირავს ხელში. ისინი შესაძლოა დაისაჯონ სისხლის სამართლის კოდექსის 282.2-ე მუხლის მიხედვით, აკრძალულ ორგანიზაციაში შესრულებული საქმიანობის გამო.

„Forum 18“- ის ინფორმაციით, რეაქცია იმ პირების მიმართ, რომელთაც იეჰოვას მოწმეებში მნიშვნელოვანი პოზიცია უკავით, უფრო მკაცრია, ვიდრე რიგითი წევრების მიმართ. თუ იეჰოვას მოწმე განაგრძობს თავის საქმიანობას ექსტრემისტულ ორგანიზაციაში, მაშინ რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 282.2-ე მუხლის პირველი ნაწილის (ორგანიზაციისადმი კუთვნილება) მიხედვით, სასჯელი უფრო მკაცრია და ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ათ წლამდე, ვიდრე მეორე ნაწილის (მონაწილეობა) მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან რვა წლამდე.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ არსებული პრაქტიკა

„Forum 18“-ის შეფასებით, ძნელია იმის თქმა თუ რა მოხდება იეჰოვას მოწმეებთან მიმართებაში. 2017 წლის ივლისის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. „Forum 18“-ის შეფასებით, რა მიმართულებითაც არ უნდა წავიდეს საქმე, შედეგები ასევე სერიოზული და ყოვლისმომცველი იქნება რიგითი  მორწმუნეებისთვისაც.

„Forum 18“-ის ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს 17 ივლისის აკრძალვის შემდეგ იეჰოვას მოწმის წინააღმდეგ პირველი სარჩელი 2017 წლის 25 აგვისტოს შევიდა სასამართლოში. ექსტრემიზმში ბრალდებული არის ქალბატონი სამხრეთ-დასავლეთ მოსკოვიდან, კურსკიდან, რომელიც 15 წლის ვაჟთან ერთად, 4 აგვისტოს, ქალაქის ბაზრის ტერიტორიაზე, არიგებდა ბუკლეტებს და ხალხს იეჰოვას მოწმეებთან გაწევრიანებისკენ მოუწოდებდა. „Forum 18“-ის განცხადებით, მისიონერული საქმიანობის განსახორციელებლად მათ უნდა ჰქონოდათ საჭირო დოკუმენტაცია. თუ ქალი დაადანაშაულეს, მოუწევს გადაიხადოს 300,000-დან 700,000-მდე რუბლის ოდენობის ჯარიმა, ან ორიდან ოთხ წლამდე ყოველწლიური ხელფასი, ორიდან ხუთ წლამდე იძულებითი სამუშაო, ან ოთხიდან რვა წლამდე პატიმრობა. „Forum 18“-ის ინფორმაციით, აღნიშნული საქმე ჯერ კიდევ ძიების ქვეშ არის. ამავე წყაროს ცნობით, 2017 წლის ივლისის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ სხვა საქმე ჯერ-ჯერობით არ აღძრულა.

გეოგრაფიული ფაქტორი

„Forum 18“-ის ინფორმაციით, წარსულში, იეჰოვას მოწმეების მდგომარეობა ქვეყნის რომელიმე ტერიტორიაზე შესაძლოა უფრო რთული ყოფილიყო, ვიდრე სხვა ნაწილში, ეს დამოკიდებული იყო იმაზე, რომ ინდივიდუალური საქმეების გადაწყვეტა ადგილობრივ სასამართლოებში ხდებოდა, სადაც იეჰოვას მოწმეები აკრძალულად მიიჩნეოდნენ, ხოლო მას შემდეგ რაც უზენაესი სასამართლოს მიერ, აღნიშნული ჯგუფი საყოველთაოდ აიკრძალა, ქვეყნის ყველა ნაწილში მათ მიმართ ერთნაირი დამოკიდებულებაა.

შეურაცხყოფის შემთხვევაში დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობა

რუსეთის ხელისუფლება (რუსეთის პოლიცია) უზრუნველყოფს თუ არა იეჰოვას მოწმეების დაცვას მათ მიმართ ძალადობისა და ვანდალიზმის არსებობის შემთხვევაში, „Forum 18“-ს აღნიშნული საკითხი არ აქვს შესწავლილი, თუმცა აცხადებს, რომ კერძო პირების მხრიდან განხორციელებული ვანდალიზმის ცალკეული შემთხვევების დროს, იეჰოვას მოწმეები მიმართავენ პოლიციას, მაგრამ თუ რა მოყვება აღნიშნულ ქმედებას, „Forum 18“-ის მიხედვით, უცნობია. „SOVA“-ს ინფორმაციით, იეჰოვას მოწმეები, როგორც წესი, სერიოზული ინციდენტების დროს, უკავშირდებიან პოლიციას, მაგრამ პოლიციელთა უმეტესობა არაფერს აკეთებს და ხშირ შემთხვევაში, გაღიზიანებული რეაქციით პასუხობენ მათ. აღნიშნულიდან გამომდინარე, როდესაც მცირე ფორმის ინციდენტებს აქვს ადგილი, იეჰოვას მოწმეები, როგორც წესი, არ მიმართავენ პოლიციას.[1]

[1] Landinfo – Norwegian Country of Origin Information Centre: Russland: Jehovas vitner, 3 November 2017

 (accessed on 4 January 2018)