ეგვიპტე. ათეისტებისა და აგნოსტიკოსების მიმართ დამოკიდებულება. სექტემბერი, 2018

ამერიკის შეერთებული შტატების კომისია რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების შესახებ 2013 წლის ანგარიშში წერს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ახალი საკონსტიტუციო კანონპროექტისა და მასში რწმენისა და რელიგიის თავისუფლების კუთხით ასახული ცვლილებების შესახებ. ანგარიშში საუბარია ზემოხსენებული უფლების კუთხით არსებულ საკანონმდებლო ბაზაზე, სადაც განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ქვეყნის კონსტიტუციის 64-ე მუხლზე. მუხლის თანახმად, „რწმენის თავისუფლება აბსოლუტურია. „განცხადებული“ რელიგიის აღმსარებლების მიერ რელიგიური რიტუალების აღსრულება და სალოცავი ადგილების მოწყობა, კანონით დაცული უფლებაა.“ ზემოხსენებული მუხლი ძველი, 2012 წლის კონსტიტუციის შესაბამისი (43) მუხლის იდენტურია და იგივე ნაკლოვანებებით ხასიათდება. მაგალითად, როგორც ძველი, ისე ახალი რედაქციის თანახმად, რწმენისა და რელიგიის თავისუფლებით სარგებლობენ მხოლოდ „განცხადებული“ რელიგიების (ქრისტიანობა, იუდაიზმი და ისლამი) წარმომადგენლები. შესაბამისად, კანონი უფლების ადრესატთა სიიდან გამორიცხავს არა მარტო ათეისტებსა და აგნოსტიკოსებს, არამედ  სხვა რელიგიის ან რწმენის აღმსარებლებს.[1]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რელიგიის თავისუფლების შესახებ 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (რომელიც 2017 წელს განვითარებულ მოვლენებს ასახავს)  ეგვიპტის შესახებ წერს, რომ ქვეყანაში ათეისტების რაოდენობა ერთიდან ათ მილიონამდე მერყეობს. ისინი როგორც პოლიციისა და უშიშროების ძალების, ასევე, ოჯახებისა და დამსაქმებლების მხრიდან ხდებიან ძალადობის, დაშინების და სხვა უფლებათა დარღვევის მსხვერპლნი.

კაიროში, ახალგაზრდამ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე მას შემდეგ, რაც ის, ათეისტობის გამო, საკუთარ ოჯახს 2 წლის განმავლობაში სახლში ჰყავდა გამოკეტილი. 21 აგვისტოს ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა დააკავეს 2 ათეისტი პირი, მას შემდეგ, რაც მათმა დამსაქმებელმა შეატყობინა მათი მხრიდან რელიგიის მიმართ კრიტიკული გამონათქვამების შესახებ. ზემოხსენებული პირები ჯერ თვითონ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა სცემეს, ხოლო შემდეგ, ციხეში მათ თანამესაკნეებს აცემინეს.

23 დეკემბერს, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული იქნა 29 წლის პირი, რომელსაც ბრალად ედებოდა სოციალურ ქსელ Facebook-ზე ათეისტური გვერდის – Al Mulhedeen (ათეისტები) ადმინისტრირება. გვერდზე გაჟღერებული პოსტები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა ყურანს და, ასევე, მხარს უჭერდა ე.წ. დიდი აფეთქების თეორიას სამყაროს შექმნის შესახებ.[2]

„Freedom House“ 2018 წელს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ ქვეყანაში რელიგიური უმცირესობებისა და ათეისტების მიმართ ფიქსირდება სამართლებრივი დევნისა და ძალადობის შემთხვევები.[3]

„Human Rights Watch“ 2017 წლის ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ ეგვიპტურმა ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა აღრიცხეს რელიგიური უმცირესობების, მათ შორის შიიტი მუსლიმებისა და ათეისტების მიმართ განხორციელებული უკანონო ძალადობის ფაქტები; აღნიშნული ქმედებები მოიცავდა მოგზაურობაზე შეზღუდვის თვითნებურად დაწესებას და დაკითხვებზე დაბარებებს.[4]

„Human Rights Watch“ 2015 წელს გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში წერს ეგვიპტელი ათეისტი სტუდენტის შესახებ, რომელსაც ეგვიპტის სასამართლომ 3-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდება ეფუძნებოდა ხსენებული პირის სოციალური ქსელი – Facebook-ის საშუალებით გამოქვეყნებულ პოსტებს, რომელიც, შესაბამისი ორგანოების აზრით, ისლამს შეურაცხყოფდა.[5]

[1] USCIRF – US Commission on International Religious Freedom, Report on provisions of the constitution of December 2013 on freedom of religion, available at

[Accessed 1 September 2018]

[2] US Department of State, 2017 Report on International Religious Freedom – Egypt, available at

[accessed 3 September 2018]

[3] Freedom House, Freedom in the World 2018 – Egypt, 16 February 2018, available at: http://www.refworld.org/docid/5a8aedfaa.html [accessed 3 September 2018]

[4] Human Rights Watch, World Report 2017 – Egypt, 12 January 2017, available at:

[accessed 3 September 2018]

[5] Human Rights Watch, Egypt: 3-Year Sentence for Atheist, 13 January 2015, available at: http://www.refworld.org/docid/54b91e8e11.html [accessed 3 September 2018]