დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 24-28 თებერვალი, 2018

ტერაქტს სომალიში 45 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – მოგადიშუში, პრეზიდენტის სასახლის წინ ტერორისტებმა ორი ავტომობილი ააფეთქეს – ერთი უშუალოდ პრეზიდენტის სასახლის წინ, მეორე კი სასახლესთან მდებარე სასტუმროს წინ. აფეთქებას სროლა მოჰყვა, რის შედეგადაც 5 ტერორისტი დაიღუპა, ერთმა კი მიმალვა მოახერხა. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ალ-შაბაბმა“ აიღო.[1]

ტერაქტები ავღანეთში – ფაჰარის პროვინციაში თალიბანის მიერ ორგანიზებულ თავდასხმას 29 ავღანელი სამხედროს სიცოცხლე შეეწირა. დაჯგუფების წევრები ავღანურ სამხედრო ბაზას დაესხნენ თავს. მანამდე აფეთქება ქაბულის ცენტრში მოხდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაიჭრა. პარალელურად, ქალაქ ლაშკარგაჰში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა.[2]

ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი თალიბანის პოლიტიკურ ჯგუფად აღიარების ინიციატივით გამოდის – მისი თქმით, ამ ნაბიჯით, სავარაუდოდ, შესაძლებელი გახდება თალიბებთან მოლაპარაკებების დაწყება. პრეზიდენტმა ეს განცხადება საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა, რომელშიც 25 ქვეყნის წარმომადგენლები 16 წელზე მეტხნიანი ომის დასასრულებლად სამშვიდობო მოლაპარაკებებს განიხილავენ. აშრაფ ღანმა თალიბებს ცეცხლის შეწყვეტა და პატიმრების გათავისუფლება შესთავაზა. ამასთან, ღანი მზად არის ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანოს. ის, ასევე, მზად არის დაიცვას იმ პირების უსაფრთხოება, რომელიც სამშვიდობო მოლაპარაკებებს შეუერთდება. თალიბანი ისლამური, ფუნდამენტალისტური, პოლიტიკურ-რელიგიური პრო-პუშტუნთა მოძრაობაა, რომელიც თითქმის მთელ ავღანეთს მართავდა 1996-2001 წლებში. დიპლომატიური აღიარება მხოლოდ სამი ქვეყნისგან მიიღო: არაბთა გაერთიანებული საამიროები, პაკისტანი და საუდის არაბეთი. გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ აღიარებულია ტერორისტულ ორგანიზაციად.[3]

ტერაქტი იემენში – სულ მცირე 14 გარდაიცვლა და 40 დაშავდა იემენის სამხრეთ ნაწილში მდებარე საპორტო ქალაქ ადენში ანტიტერორისტული დანაყოფის შტაბბინაზე თავდასხმის შედეგად. მედიკოსების ინფორმაციით, თავდასხმის დროს გარდაცვლილებს შორის ერთი ქალი და ორი ბავშვია. ანტიტერორისტული ბაზის შესასვლელთან ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ორი მანქანა ააფეთქა, რის შემდეგაც ექვსმა შეიარაღებულმა ისლამისტმა ცეცხლი გახსნა და შენობის შტურმით აღება სცადა. ყველა თავდამსხმელი დაცვის წევრებმა მოკლეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.[4]

ერაყში ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ბრალდებულებს სიკვდილით დასჯა შეუფარდეს – ერაყის სასამართლომ 16 თურქ ქალს სიკვდილით დასჯა შეუფარდა. მიზეზი ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანებაა. გადაწყვეტილება ერაყის სასამართლომ მას შემდეგ მიიღო, რაც 16 თურქი ქალის დაეშთან ურთიერთკავშირი დადასტურდა. ერაყის ხელისუფლება 2017 წლის აგვისტოდან პოლიციურ შემოწმებებს ატარებს. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ერაყში ამ მიზეზით 100-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე მათ ბავშვებთან ერთად დააკავეს. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევის დროს ერაყში 17 წლის გერმანელს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გასულ კვირას გამართულ ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე ერთ თურქ ქალს სიკვდილით დასჯა, სხვადასხვა ქვეყნის ათ მოქალაქეს კი პატიმრობა მიესაჯა.[5]

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შეტაკებას მსვერპლი მოჰყვა – კინშასაში ანტისახელისუფლებო საპროტესტო აქციის დროს 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაიჭრა. კათოლიკური და ევანგელისტური ტაძრების მრევლი მთელი ქვეყნის მასშტაბით კვირის მსახურების შემდეგ ქუჩებში უნდა გამოსულიყო, თუმცა უსაფრთხოების ძალებმა კინშასას მთავარ ტაძრებს ალყა შემოარტყა, გზები გადაკეტა და უმრავლესობას დემონსტრაციაზე მისვლის უფლება არ მისცა. შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა. დემონსტრანტები ქვეყნის პრეზიდენტის ჟოზეფ კაბილას გეგმის წინააღმდეგ გამოდიან, რომელმაც განაცხადა, რომ 2018 წლის 23 დეკემბერს დანიშნულ არჩევნებში მესამედ აპირებს მონაწილეობის მიღებას. კაბილას უფლებამოსილების ვადა ჯერ კიდევ 2016 წლის დეკემბერში ამოეწურა.[6]

საუდის არაბეთში ქალებს ჯარში მსახურების უფლება მისცეს – მათ შეეძლებათ შეიტანონ განცხადება ვაკანტურ ადგილზე და დასაქმდნენ ერ-რიადის, მედინისა და ალ-ქასიმის შეიარაღებული ძალებისა და უსაფრთხოების სფეროში. პრეტენდენტები 12 კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდნენ; კერძოდ, კანდიდატები 25 წლიდან 35 წლამდე უნდა იყვნენ და აუცილებელია ჰქონდათ საშუალო განათლება მიღებული. გარდა ამისა, მათ უნდა ჰყავდეთ მეურვები: ქმარი, მამა, ძმა ან ვაჟიშვილი. ქალები იმ პროვინციაში იმსახურებენ, სადაც მათი მეურვეები ცხოვრობენ.[7]

სირიის კრიზისი – ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, სირიის სამთავრობო ძალების მიერ აღმოსავლეთ ღუტაზე განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. უფლებადამცველების ინფორმაციით, ინტენსიურ საბრძოლო მოქმედებებს, დროის ამავე მონაკვეთში, აღმოსავლეთ ღუტაში 121 ბავშვი შეეწირა. რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სირის სამთავრობო ძალები ბოლო ერთი კვირის მანძილზე ღუტაზე ავიაიერიშს ახორციელებენ.[8]

გაეროს უშიშროების საბჭომ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის 30-დღიანი რეჟიმის გამოცხადების შესახებ რეზოლუცია მიიღო, ხუთშაბათს დაგეგმილი კენჭისყრა, პარასკევს, 23 თებერვალსაც გადაიდო. სირიაზე მომზადებული დოკუმენტის დამტკიცება რუსეთის წინააღმდეგობის გამო შეფერხდა. გაეროში რუსეთის ელჩმა ვასილი ნებენზიამ შვედეთისა და ქუვეითის პროექტს არარეალისტური უწოდა. მანამდე რეზოლუციის პროექტი გააკრიტიკა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.[9]

გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ, სირიაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუციიის მიღებიდან რამდენიმე საათში შეთანხმება დაირღვა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სიირიის სამთავრობო ძალები აღმოსავლეთ ღუტაში ავიაიერიშებს კვლავ განაგრძობენ. სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ვატიკანში გამართულ საკვირაო მესაზე კომენტარი გააკეთა რომის პაპმა ფრანცისკემ და განაცხადა, რომ სირიაში ხალხს წამებით კლავენ. პონტიფიკოსმა მხარეებს საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნისკენ მოუწოდა.[10]

„BBC“-ის ინფრომაციით, სირიელი ქალები გაეროს მუშაკებისა და საქველმოქმედო ფონდების წარმომადგენლების სახელით, კაცების მხრიდან სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლნი ხდებიან. გაეროში აცხადებენ, რომ მსგავსი შემთხვევები მათთან არ დაფიქსირებულა და მათ არ აქვთ ინფორმაცია პარტნიორი ორგანიზაციების მხრიდანაც. მედია საშუალების ცნობით, ექსპლუატაცია იმდენად არის გავრცელებული, რომ ქალები სამედიცინო პუნქტები არ მიდიან, რათა დახმარების სანაცვლოდ მათ სხეულით მომსახურება არ შესთავაზონ.[11]

[1] Africa News; Somalia blasts death toll at 45, AMISOM explains clash with gov’t troops; by Daniel Mumbere; 25 february, 2018; available at: http://www.africanews.com/2018/02/25/death-toll-from-somalia-blasts-rises-to-45-amisom-explains-clash-with-gov-t/

[2] იმედი; ახალი ამბები; ავღანეთში თალიბანის თავდასხმის დროს 29 სამხედრო დაიღუპა; 24 თებერვალი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/50078/avganetshi-talibanis-tavdaskhmis-dros-29-adamiani-daigupa

[3] Reuters; Afghanistan’s Ghani offers talks with Taliban ‘without preconditions’; By Hamid Shalizi, James Mackenzie; 28 February, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-afghanistan-taliban/afghanistans-ghani-offers-talks-with-taliban-without-preconditions-idUSKCN1GC0J0

[4] The Guardian; Uemen attack: at least 14 killed in raid on Aden counter-terrorism headquarters; 25 February, 2018; available at: https://www.theguardian.com/world/2018/feb/24/two-car-bombs-kill-at-least-six-and-wound-43-in-yemen-city-of-aden

[5] Reuters; Iraq court sentences 16 Turkish women to death for joining IS; By Ahmed Rasheed; 25 February, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-mideast-crisis-iraq-turkey/iraq-court-sentences-16-turkish-women-to-death-for-joining-is-idUSKCN1G90LJ

[6] Euronews; Democratic Republic of Congo: one dead as security forces block protesters; 25 February, 2018;  available at: http://www.euronews.com/2018/02/25/democratic-republic-of-congo-one-dead-as-security-forces-block-protesters

[7] BBC; Saudi Arabia allows women to join military; 26 February, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-middle-east-43197048

[8] BBC; Syria war: Air strikes in Eastern Ghouta ‘kill 500’; 24 February, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-middle-east-43182854

[9] BBC; Syria war: UN Security Council approves 30-day ceasefire; 25 February, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-middle-east-43183903

[10] BBC; Syria war: Air strikes resume hours after UN approves ceasefire; 26 February, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-middle-east-43187888

[11] BBC; Syria conflict: Women ‘sexually exploited in return for aid’; By James Landale & Vinnies O’Dowd; 27 February, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-middle-east-43206297