კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭო 2016 წელს მომზადებულ ინფორმაციაში პოლიტიკური პარტიის „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტი“ წერს, რომ პარტია აზერბაიჯანის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მოძრაობიდან აღმოცენდა. 1980-იანი წლების ბოლოსკენ, „სახალხო ფრონტმა“ პოლიტიკური აქტივობები დაიწყო როგორც მოძრაობამ, რომელიც აერთიანებდა აკადემიკოსებს, უნივერსიტეტის სტუდენტებს და დისიდენტებს. როგორც პოლიტიკური პარტია, ოფიციალურად, „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტი“ 1992 წელს დაარსდა და იმავე წელს მოიგო აზერბაიჯანის ეროვნული არჩევნები. 1992 წელსვე, არჩევნების მოგების შემდეგ, პარტიის ლიდერი ალბუფაზ ელჩიბეი აზერბაიჯანის პრეზიდენტად გამოცხადდა. 1993 წელს, სამხედრო გადატრიალების შედეგად, „სახალხო ფრონტი“ ხელისუფლებას ჩამოაშორეს და აზერბაიჯანში ჰეიდარ ალიევის მმართველობა დაიწყო. ამჟამად, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევის შვილი ილჰამ ალიევია.
„აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის“ ლიდერი ალბუფაზ ელჩიბეი 2000 წელს გარდაიცვალა. ამის შემდეგ პარტია „კლასიკურ“ (ლიდერი მირმაჰმუდ მირალიოღლუ) და „რეფორმატორ“ (ლიდერი ალი ქარიმლი) ფრთად გაიყო. 2004 წელს კიდევ ერთი ფრთა გავიდა ცალკე, რომელსაც სათავეში ჩაუდგა გურდათ ჰასანგულიევი. ახალ პარტიას „სრულიად აზერბაიჯანის სახალხო ფრონტი“ უწოდეს. პარტიას ასევე „ერთიან სახალხო ფრონტსაც“ ეძახდნენ. ჰასანგულიევის პარტიას აღწერენ როგორც ხელისუფლების „შვილობილ“ ოპოზიციას. წყაროების მტკიცებით, აღნიშნული პარტია ხელისუფლების მითითებით, ამომრჩევლების დასაბნევად, შეიქმნა. წყაროები ელჩიბეის პარტიის შთამომავალ პარტიად ალი ქარიმლის ფრთას მიიჩნევენ და „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტად“ სწორედ ალი ქარიმლის პარტიას მოიხსენიებენ. „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტი“ აზერბაიჯანის ერთერთი მთავარი ოპოზიციური პარტიაა. მირმაჰმუდ მირალიოღლუს პარტია დიდი მხარდაჭერით არ სარგებლობს, ხოლო ალი ქარიმლის პარტია ლეგიტიმური ოპოზიციაა და აზერბაიჯანის ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს.
წყაროები წერენ, რომ პოლიტიკურ პარტიებს აზერბაიჯანში უფრო უკეთ იცნობენ არა მათი იდეოლოგიის ან პროგრამის მიხედვით, არამედ იმით თუ რამდენად ეთანხმება ან ეწინააღმდეგება ესა თუ ის პარტია მოქმედ რეჟიმს. „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტს“ „რადიკალურ“ ოპოზიციურ პარტიად ახასიათებენ. მოქმედი რეჟიმის მიმართ ოპოზიციას საწყისები პარტიის ფესვებში აქვს. „სახალხო ფრონტი“ მიიჩნევს, რომ მათ ხელისუფლება უკანონოდ ჩამოართვეს და, შესაბამისად, ისინი მოქმედი ხელისუფლების ლეგიტიმურობას ოფიციალურად არ აღიარებენ. „სახალხო ფრონტი“ საშუალოდ ნაციონალისტური პარტიაა, რომელსაც ძლიერი პრო-დასავლური შეხედულებები აქვს. მათი სურვილია, ურთიერთობის გაღრმავება აშშ-სთან, ევროკავშირთან და ნატოსთან და არა რუსეთთან. საკუთარ ბლოგზე „სახალხო ფრონტი“ წერს – „ჩვენ გვსურს, ქვეყანაში ფუნქციური დემოკრატიის დაწესება. აზერბაიჯანს რესურსებით მდიდარი მოსახლეობა ჰყავს და ჩვენ შეგვიძლია და ვალდებულები ვართ, შევამციროთ ჩვენი დამოკიდებულება ნავთობზე. ჩვენ უნდა დავარღვიოთ ეკონომიკური მონოპოლიები, რომელთაც კორუმპირებული ოფიციალური პირები აკონტროლებენ. ჩვენი მიზანია თავისუფალი, საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული ეკონომიკის შექმნა. ჩვენ გვინდა, აზერბაიჯანი გაერთიანდეს ევრო-ატლანტიკურ საზოგადოებაში და ერთხელ და სამუდამოდ ჩამოიშოროს ავტოკრატული რუსეთის სატელიტის სტატუსი“.
„აზერბაიჯანის სახალხო ფრონტი“ ალი ქარიმლის გარშემო გაერთიანებული ოპოზიციური პარტიაა. წყაროები ალი ქარიმლის აზერბაიჯანის ყველაზე ძლიერ ოპოზიციონერ ლიდერად მოიხსენიებენ. 1990-იანებში პარტიას ჰქონდა ფუნქციური შიდა ორგანიზაციული მოწყობა, მათ შორის ცენტრალური კომიტეტი და ადგილობრივი განყოფილებები, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლება ასეთ ოფისებს ხურავს, ძნელი სათქმელია, ამჟამად მოქმედია თუ არა პარტიის რომელიმე ასეთი ოფისი. პარტიის კონგრესის გასამართად ადგილის მოძიებაც კი თითქმის შეუძლებელია. ადგილობრივი ბიზნესი უფრთხის ოპოზიციურ პარტიასთან ასოცირებას. „სახალხო ფრონტს“ აქვს პარტიის კონსტიტუცია და გარკვეულწილად მოქმედი დემოკრატიული შიდა საორგანიზაციო მოწყობა; დადგენილია, რომ პარტიის კონგრესი ყოველ 4-5 წელიწადში ერთხელ უნდა გაიმართოს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ საკონფერენციო ოთახის ქირაობა, მთავრობის მიერ დაწესებული კონტროლის გამო, ძალიან რთულია, „სახალხო ფრონტის“ კონგრესი უკვე 10 წელზე მეტია აღარ გამართულა. წყაროები წერენ, რომ პარტიის წევრთა ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია. სავარაუდოდ, პარტიას 5-7 ათასი აქტიური წევრი ჰყავს. პარტიის წევრები განათლებული ხალხია, მაგალითად სტუდენტები, სკოლის მასწავლებლები, რომლებიც ურბანულ ცენტრებში ან რეგიონებში ცხოვრობენ.[1]
კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭო 2017 წლის იანვარში მომზადებულ ინფორმაციაში წერს, რომ ადრე „სახალხო ფრონტის“ პარტიის წევრები წევრობის დოკუმენტს ავტომატურად იღებდნენ, მაგრამ პარტიამ მიდგომა შეცვალა ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში (2015-2016 წელს). მიდგომის შეცვლის მიზეზად პარტიაში ასახელებდნენ სამწუხარო ტენდენციას, რომელიც ბოლო წლებში იკვეთებოდა – პარტიის წევრობის საბუთს აზერბაიჯანელები იყენებდნენ საზღვარგარეთ ემიგრაციისთვის. პარტიაში გააცნობიერეს, რომ უფრო და უფრო ბევრი აზერბაიჯანელი ითხოვდა პარტიის წევრობას მხოლოდ ამ მიზნით. ამის გამო, 2015-2016 წლიდან, პარტია ახალ წევრებს წევრობის დოკუმენტს არ აძლევს.[2]
[1] IRB – Immigration and Refugee Board of Canada: Azerbaijan: Information on the Azerbaijan Popular Front Party (APFP), including its membership, structure, activities, involvement in demonstrations prior to and after the elections of 1 November 2015, including police and government response; treatment of members by the police and by government (January 2015-May 2016) [AZE105517.E], 16 May 2016
(accessed on 2 July 2020)[2] IRB – Immigration and Refugee Board of Canada: Azerbaijan: Whether the Azerbaijan Popular Front Party (APFP) provides membership documents, including identification cards and letters; appearance of such documents (2015-January 2017) [AZE105726.E], 27 January 2017
(accessed on 2 July 2020)