ერაყი. ათეისტების მიმართ არსებული დამოკიდებულება. მაისი, 2022

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო EUAA 2022 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყის შესახებ წერს, რომ ქვეყანაში დაბალი სოციალური შემწყნარებლობლობაა ათეიზმის მიმართ და არა-რელიგიური ხალხი აწყდება მნიშვნელოვან სოციალურ მარგინალიზაციას და სტიგმას; ამასთან, ღია კონვერტაციები სკმაოდ იშვითია, რაც დაკავშირებულია ასეთი ხალხის საზოგადოებისგან გარიყვის პრაქტიკასთან. საერთაშორისო ორგანიზაცია „Humanist International“ წერს, რომ 2020 წლის პირველ ნახევარში დახმარების თხოვნის 45 წერილი მიიღო, რომელთა 7% ერაყის მოქალაქეებიდან მოდიოდა. ისინი საუბრობდნენ შევიწროვებაზე, გარიყვასა და დასაქმების კუთხით სირთულეებზე.

წყაროები 2020 წლის მაისში საუბრობდნენ, რომ კონსერვატული სუნიტი სასულიერო პირები აქტიურად ავითარებდნენ კონსპირაციის თეორიებს და კოვიდ პანდემიის გამომწვევად ათეისტებს ასახელებდნენ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ პანდემია იყო ღვთიური სასჯელი ურწმუნოებისთვის. 2021 წლის მაისში წყაროები წერდნენ, რომ როგორც პოლიტიკოსები, ასევე სასულიერო პირები ერთხმად აცხადებდნენ ათეისტებს სახელმწიფოს მტრებად და ღმერთის მოღალატეებად; ვინც განადგურებით ემუქრება ტრადიციებს და საზოგადოების დესტაბილიზაციას ცდილობს. პოლიტიკოსებიც და სასულიერო პირებიც ათეისტების დასჯის მოწოდებებს ავრცელებდნენ. ერაყში მრავლადაა ათეისტების ფორუმები და ინტერნეტ გვერდები და ყველა მათგანი მალავს წევრთა სიას. ჯგუფები, რომლებიც ვირტუალურად ან პირადად იკრიბებიან, ამას გასაიდუმლოებულად აკეთებენ, რადგან თვალთვალის ეშინიათ.

ერაყის 2005 წლის კონსტიტუცია ისლამს სახელმწიფო რელიგიად აცხადებს და ამბობს, რომ არცერთი კანონი უნდა ეწინააღმდეგებოდეს ისლამის დადგენილ დებულებებს. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია აწესებს რწმენის თავისუფლებას, უზენაესი კანონი არ ასახელებს სხვა რელიგიების მიმდევრებს და ათეისტებს. კონსტიტუციის მიხედვით, ისლამი ოფიციალური რელიგია და კანონმდებლობის წყაროა; და კონსტიტუცია არის ერაყის ხალხის უმრავლესობის ისლამური იდენტობის გარანტი და ადგენს რელიგიური რწმენის და პრაქტიკის თავისუფლებას ყველა პირისთვის, როგორებიც არიან ქრისტიანები, იეზიდები და მანდეან საბეანები.

წყაროების ინფორმაციით, მართალია, ათეიზმი არ არის აკრძალული კანონმდებლობით, ათეისტებს ასამართლებენ ღვთისგმობის და სხვა მსგავსი ბრალდებებით. წყაროების შეფასებით, არა-რელიგიური პირები, შეიძლება, დაექვემდებარონ სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით [ეხება რელიგიასთან დაკავშირებულ დანაშაულებებს] გასამართლებას, რადგან სამართლებრივი დებულებები არაა მკაფიო და სასამართლოში ინტერპრეტაციის თავისუფლებაა. საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ წერს, რომ ღვთისგმობის კანონი იშვიათად გამოიყენება; თუმცა, ზოგადად, სასამართლო განიცდის კორუფციის, პოლიტიკური ზეწოლის, ტომების ძალებისა და რელიგიური ინტერესების გავლენებს.

2021 წლის ოქტომბერში სასამართლოს უზენაესმა საბჭომ გამოსცა ორდერი, რომელიც გასცემდა სოციალური მედიის მონიტორინგის ნებართვას, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო სისხლის სამართლის კოდექსისა და კონსტიტუციის დაცვა. აღნიშნული მოიცავდა სოციალური მედიის ისეთი გვერდების მონიტორინგს, რომელიც ეწევა ათეიზმის პროპაგანდას, ეწინააღმდეგება ისლამის პრინციპებს და მიიჩნევა საფრთხედ ეროვნული ღირებულებებისთვის. „Review of Nationalities“ 2021 წლის მაისში გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, რომ ერაყში მოქმედებენ „სპეციალური ინსტიტუტები“, ვინც ეძებს და აპატიმრებს ხალხს, რომლებიც არ ეთანხმებიან სახელმწიფოს კურსს. სტატიის მიხედვით, სამოქალაქო კანონმდებლობა არ აწესებს სასჯელს ათეიზმისთვის; მაგრამ ისლამური კანონით [ღვთისგან] განდგომა სიკვდილით ისჯება. ასეთი შიშის გამო, ათეისტები თავიანთ შეხედულებებს საიდუმლოდ ინახავენ და იქცევიან მორწმუნეებივით [მაგალითად, ქალები, თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ, საჯარო სივრცეებში ჰიჯაბს ატარებენ].[1]

[1] ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო EUAA; ერაყი – სამიზნე ჯგუფები; გამოქვეყნებულია 2022 წლის იანვარში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 2 მაისს]

ირანი. ათეისტების მიმართ არსებული დამოკიდებულება. მაისი, 2019

ირანის ისლამური რესპუბლიკა შიიტი უმრავლესობით დასახლებული ქვეყანაა, სადაც სუნიტები, ბაჰაები, ქრისტიანები და ზოროასტრიზმის მიმდევრები ძირითად რელიგიურ უმცირესობას წარმოადგენენ. კონსტიტუცია მხოლოდ ზოროასტრიზმის მიმდევრებს, იუდეველებსა და ქრისტიანებს აღიარებს რელიგიურ უმცირესობად და აღნიშნულ მცირე ჯგუფებს შედარებითი თავისუფლად შეუძლიათ რელიგიური მსახურება. მიუხედავად ამისა, რელიგიური კონვერტაცია ისლამიდან სხვა რელიგიაზე უკანონოა, ისევე როგორც ქადაგება.[1]

ირანში რელიგიისა და სახელმწიფოს მჭიდრო კავშირის გამო, განდგომა (Apostasy) მიიჩნევა არა უბრალოდ რელიგიურ გადაწყვეტილებად, არამედ უტოლდება მაღალ პოლიტიკურ ღალატს. მიუხედავად ამისა, შარიათის წესების მიხედვით განდგომისთვის დასჯის შემთხვევები არ გახმაურებულა 2002 წლის შემდეგ, როდესაც ირანმა გამოაცხადა მორატორიუმი.

არა-რელიგიური რწმენის გამოხატვა დასჯადია და თითქმის შეუძლებელი სოციალური სტიგმის თუ თანმდევი სიძულვილისა და ძალადობის გამო. მთავრობა ახდენს ასეთი ხალხის მარგინალიზაციას, ავიწროვებს მათ ან წაახალისებს სიძულვილს და ძალადობას არა-რელიგიური ხალხის მიმართ. ირანში უკანონოა ჰუმანისტური, ათეისტური, სეკულარული ან არა-რელიგიური არასამთავრობო ორგანიზაციის რეგისტრაცია და ასეთები, როგორც წესი, იდევნებიან ხელისუფლების მიერ.

ჩახშობილია დემოკრატიის, თავისუფლების და ადამიანის უფლებების ძირითადი ჰუმანისტური პრინციპების გამოხატვა. განდგომა და კონვერტაცია ნებისმიერ რელიგიაზე აკრძალულია და შეიძლება სიკვდილით დაისაჯოს. სიკვდილით შეიძლება დაისაჯოს ასევე რელიგიის შეურაცხყოფა. დაუშვებელია სეკულარიზმის ან რელიგიისა და სახელმწიფოს განცალკევების იდეების მხარდაჭერა.[2]

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში უკანონოა და მიუღებელია საკუთარი თავის ათეისტად ანა არა-რელიგიურ პირად იდენტიფიცირება. ირანი ერთერთია იმ 13 ქვეყანას შორის, სადაც ათეისტობა სიკვდილით ისჯება. ქვეყნის კონსტიტუცია არ აღიარებს მუსლიმი მოქალაქეების უფლებას შეიცვალონ ან უარი თქვან რწმენაზე. არა-მუსლიმები და არა-შიიტები საზოგადოების მხრიდან სოციალურ დისკრიმინაციას განიცდიან.

აკადემიური წყაროები ამტკიცებენ, რომ ათეისტები, როგორც წესი, თავიანთ შეხედულებებს საჯაროდ არ გამოხატავენ და მათ საშუალება აქვთ იცხოვრონ ნორმალური ცხოვრებით რაიმე შეზღუდვების გარეშე. იქიდან გამომდინარე, რომ ათეისტებს არ შეუძლიათ საჯაროდ იკამათონ თავიანთ შეხედულებებზე, ისინი აქტიურად სარგებლობენ ინტერნეტით და ვირტუალურ სივრცეში ანონიმურად აფიქსირებენ საკუთარ მოსაზრებებს. მათ რამდენიმე აქტიური ინტერნეტ გვერდი და ბლოგი და სოციალურ ქსელში „Facebook“ უფიქსირდებათ 190 ათასამდე მიმდევარი.

აკადემიური წყაროების ინფორმაციით, არაოფიციალურად ბევრი ირანელი გამოხატავს ათეისტურ იდეებს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, მათ რაიმე ორგანიზებული ათეისტური მიმდინარეობა ჰქონდეთ ჩამოყალიბებული. არის რამდენიმე პროფესიული ორგანიზაცია საზღვარგარეთ, სადაც რელიგიურ თემაზე დისკუსია წახალისებულია, მაგრამ მათი წევრების უმეტესობა კვლავ შიიტი მუსლიმია.[3]

რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა ირანში 2018 წლის განმავლობაშიც გრძელდებოდა და ამ მხრივ ვითარება უარესდებოდა კიდეც. კვლავ ირღვევა რელიგიის შეცვლის ან რელიგიის მიტოვების უფლება. საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ ამტკიცებს, რომ ათეისტები თვითნებური დაკავებისა და დაპატიმრების, წამებისა და სხვა არა ადამიანური მოპყრობის და სიკვდილით დასჯის რისკის წინაშე დგანან. თუმცა, ორგანიზაცია იქვე აღნიშნავს, რომ 2018 წლის განმავლობაში არ დაუფიქსირებია ათეისტებთან დაკავშირებული ახალი შემთხვევები.[4]

2018 წლის განმავლობაში ირანში სიკვდილით დასაჯეს 253 ადამიანი. აღნიშნული მაჩვენებელი ყველაზე დაბალია 2010 წლის შემდეგ და ორჯერ ნაკლებია 2017 წლის მონაცემთან (507) შედარებით. ასეთი კლება განპირობებულია ნარკოტიკულ ნივთიერებებთან დაკავშირებული დანაშაულების მიმართ მიდგომის შეცვლასთან – ირანში შეიცვალა ნარკოდანაშაულის შესახებ კანონმდებლობა, რამაც ბევრი ადამიანი სიკვდილით დასჯისგან იხსნა.

სიკვდილით დასჯილი 253 ადამიანიდან 160 მკვლელობაში იყო მსჯავრდებული, მათგან 155 კაცი და 5 ქალი იყო; 22 კაცი სიკვდილით დასაჯეს გაუპატიურებისთვის; 3 გაუპატიურებისა და მკვლელობისთვის; ერთი – გატაცებისა და მკვლელობისთვის; 3 – გატაცებისა და გაუპატიურებისთვის; ერთი პირი სიკვდილით დასაჯეს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებისთვის; 25 სასჯელი ნარკოტიკების გადაზიდვასთან იყო დაკავშირებული; 1 პირი დასაჯეს ძარცვისთვის და 25 – „ღმერთის წინააღმდეგ მტრობისთვის“ (Moharebeh – enmity against God), აქედან 12 დაკავშირებული იყო ძარცვასთან და 6 პოლიტიკურ აქტივობებთან. 14 პირი დასაჯეს „დედამიწაზე კორუფციის გავრცელებისთვის“ (აღნიშნულში იგულისხმება ქვეყანაში დადგენილი „მორალური ნორმების“ დარღვევა და სოციალური და პოლიტიკური კეთილდღეობისთვის საფრთხის შექმნა). სიკვდილით დასჯის 5 შემთხვევაში დანაშაულის სახის დადასტურება ვერ მოხერხდა.

საერთაშორისო ორგანიზაციის „Amnesty International“ შეფასებით, სიკვდილით დასჯებს წინ უძღოდა არა სამართლიანი სასამართლო პროცესები; მინიმუმ 13 შემთხვევაში განაჩენის აღსრულება საჯაროდ მოხდა. ირანის სისხლის სამართლის კოდექსი ჩაქოლვას კვლავ განიხილავს სიკვდილით დასჯის ერთერთ ფორმად; თუმცა, 2018 წელს აღნიშნული მეთოდი არ გამოყენებულა. სიკვდილით დასჯის ერთადერთი დაფიქსირებული ფორმა 2018 წელს ჩამოხრჩობა იყო. 2018 წლის განმავლობაში სიკვდილით დასჯის განაჩენი კვლავ შენარჩუნებული იყო ისეთი დანაშაულებისთვის, როგორიცაა ერთსქესიანთა სქესობრივი კავშირი, „წინასწარმეტყველის შეურაცხყოფა“, „ღმერთის წინააღმდეგ მტრობა“ და „დედამიწაზე კორუფციის გავრცელება“.[5]

[1] Freedom House: Freedom in the World 2019 – Iran, 4 February 2019

 (accessed on 22 May 2019)

[2] Atheist Refugee Relief; IRAN; available at: https://atheist-refugees.com/en/iran/ (accessed on 22 May 2019)

[3] ACCORD; Iran: Treatment of atheists by state and non-state actors; Query Response; 12 June, 2017; available at:

(accessed on 22 May 2019)

[4] AI – Amnesty International: Human rights in the Middle East and North Africa: Review of 2018 – Iran [MDE 13/9900/2019], 26 February 2019

 (accessed on 22 May 2019)

[5] AI – Amnesty International: Death Sentences and Executions 2018, 10 April 2019

 (accessed on 22 May 2019)

საუდის არაბეთი. ათეისტების მიმართ არსებული დამოკიდებულება. ნოემბერი, 2018

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საუდის არაბეთში რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების შესახებ 2018 წელს გამოქვეყნებულ ყოვეწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი 2017 წელი)  წერს, რომ მმართველობის შესახებ 1992 წლის ძირითადი კანონის მიხედვით „ოფიციალური სახელმწიფო რელიგიაა ისლამი, ხოლო კონსტიტუცია – ყურანი და სუნნა (წინასწარმეტყველი მუჰამედის ცხოვრებასა და სწავლებებზე დაფუძვნებული ტრადიციები და ჩვეულებები). სამართლებრივი სისტემა დაფუძვნებულია შარიათზე და არ უზრუნველყოფს რელიგიის თავისუფლების ძირითად უფლებას.

საუდის არაბეთში აკრედიტებული უცხო ქვეყნის საელჩოების მონაცემებით, ქვეყანაში დაახლოებით 180.000 არარელიგიური პირი (ათეისტები, აგნოსტიკოსები, პირები, რომლებიც არ არიან კონკრეტული რელიგიის აღმსარებლები) ცხოვრობს.

2014 წელს მთავრობამ მიიღო კონტრტერორიზმის შესახებ ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც, „ათეისტური იდეოლოგიის ნებისმიერი ფორმით პროპაგანდა“ და „ისლამის ფუნდამენტურ სწავლებებზე ჩრდილის მიყენების ნებისმიერი მცდელობა“ სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადი დანაშაულია.[1]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი საუდის არაბეთში რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების შესახებ 2016 წელს გამოქვეყნებულ ყოვეწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი 2015 წელი)  წერს, ვრცელდებოდა ცნობები მთავრობის მიერ ათეისტთა სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ და წლის განმავლობაში, სასამართლოებმა ათეიზმის ბრალდებით 2 პირის საქმე განიხილეს. საერთაშორისო მედიის ცნობით, თებერვალში ჰაფრ-ალ-ბატინის სასამართლომ პირს სიკვდილი მიუსაჯა. მას ბრალად ედებოდა მწვალებლობა ანუ მუსლიმური რწმენის უარყოფა. ასევე,  „ყურანის წაბილწვა და ამ პროცესის ვიდეოფირზე ჩაწერა“. წლის ბოლოს მონაცემებით, მისი სასჯელი არ აღსრულებულა.

იანვარში დაახლოებით 20 წლამდე მამაკაცი დააკავეს მას შემდეგ, რაც მან სოციალურ ქსელ Twitter-ზე სავარაუდოდ დაპოსტა ყურანის დამახინჯებული ვერსია და საკუთარი თავის იდენტიფიცირება მოახდინა, როგორც „ურწმუნო“. გავრცელებული ინფორმაციით, პირმა დაკავების შემდეგ გამოხატა მონანიების სურვილი, თუმცა მისი ქეისის საბოლოო შედეგი უცნობია.[2]

 

გამოცემა „რადიო თავისუფალი ევროპა: რადიო თავისუფლება“ 2016 წლის 27 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ საუდის არაბეთში სასამართლომ მამაკაცს, სოციალური ქსელ – “Twitter” საშუალებით გამოქვეყნებული ასობით ათეისტური პოსტის გამო, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2.000 როზგი მიუსაჯა.

28 წლის მამაკაცმა აღიარა, რომ იყო ათეისტი და კატეგორიული უარი განაცხადა მონანიებაზე, რაც ახსნა იმით, რომ აღნიშნული პოსტები ასახავდა მის პირად აზრსა და რწმენას და რომ მას ქონდა ამ აზრების გამოხატვის უფლება.[3]

ამერიკის შეერთებული შტატების რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების კომისია (USCIRF) 2018 წლის ყოვეწლიურ ანგარიშში წერს, რომ საუდის არაბეთში ფიქსირდება დაუდგენელი, თუმცა მზარდი რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც საკუთარ თავს ათეისტებად ან ქრისტიანებად მიიჩნევენ, თუმცა ერიდებიან ამ ფაქტის საჯარო დემონსტირერებას, ეშინიათ რა მძიმე სოციალური ზეწოლისა და, ასევე, სამართლებრივი შედეგების.

ანგარიშში, ასევე, საუბარია პალესტინელ პოეტსა და ხელოვან – აშრაფ ფაიადჰზე, რომელიც 2015 წელს სასამართლოს მიერ მწვალებლობისა და ნაწარმოებებში ათეისტური იდეების გავრცელებისთვის გამოტანალი სასიკვდილო განაჩენის საფუძველზე ციხეში იმყოფება. 2016 წლის თებერვალში, სააპელაციო სასამართლომ სასიკვდილო სასჯელი გააუქმა და ფაიადჰს მიუსაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და 800 როზგი. ბრალდებულის ადვოკატის ინფორმაციით, მან ასევე საჯარო ტელევიზიის საშუალებით უნდა უარყოს საკუთარი პოეზია და ნაწარმოებები.

2017 წლის აპრილში, სასამართლომ აჰმად ალ-შამრის მიუსაჯა სიკვდილი, 2014 წელს სოციალური ქსელის საშუალებით ისლამისა და წინასწარმეტყველი მუჰამედის შეურაცხმყოფელი მასალის სავარაუდო გავრცელების გამო.[4]

[1] United States Department of State “Annual report on religious freedom (covering 2017)”, available at

[accessed 5 November 2018]

[2] United States Department of State, 2015 Report on International Religious Freedom – Saudi Arabia, 10 August 2016, available at:

[accessed 5 November 2018]

[3] Radio Free Europe/Radio Liberty, Saudi man gets 10 years in prison, 2,000 lashes over atheist tweets, 27 February 2016, available at:

[accessed 6 November 2018]

[4] United States Commission on International Religious Freedom, USCIRF Annual Report 2018 – Tier 1: USCIRF-recommended Countries of Particular Concern (CPC) – Saudi Arabia, 25 April 2018, available at:

[accessed 6 November 2018]

ეგვიპტე. ათეისტებისა და აგნოსტიკოსების მიმართ დამოკიდებულება. სექტემბერი, 2018

ამერიკის შეერთებული შტატების კომისია რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების შესახებ 2013 წლის ანგარიშში წერს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ახალი საკონსტიტუციო კანონპროექტისა და მასში რწმენისა და რელიგიის თავისუფლების კუთხით ასახული ცვლილებების შესახებ. ანგარიშში საუბარია ზემოხსენებული უფლების კუთხით არსებულ საკანონმდებლო ბაზაზე, სადაც განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ქვეყნის კონსტიტუციის 64-ე მუხლზე. მუხლის თანახმად, „რწმენის თავისუფლება აბსოლუტურია. „განცხადებული“ რელიგიის აღმსარებლების მიერ რელიგიური რიტუალების აღსრულება და სალოცავი ადგილების მოწყობა, კანონით დაცული უფლებაა.“ ზემოხსენებული მუხლი ძველი, 2012 წლის კონსტიტუციის შესაბამისი (43) მუხლის იდენტურია და იგივე ნაკლოვანებებით ხასიათდება. მაგალითად, როგორც ძველი, ისე ახალი რედაქციის თანახმად, რწმენისა და რელიგიის თავისუფლებით სარგებლობენ მხოლოდ „განცხადებული“ რელიგიების (ქრისტიანობა, იუდაიზმი და ისლამი) წარმომადგენლები. შესაბამისად, კანონი უფლების ადრესატთა სიიდან გამორიცხავს არა მარტო ათეისტებსა და აგნოსტიკოსებს, არამედ  სხვა რელიგიის ან რწმენის აღმსარებლებს.[1]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რელიგიის თავისუფლების შესახებ 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (რომელიც 2017 წელს განვითარებულ მოვლენებს ასახავს)  ეგვიპტის შესახებ წერს, რომ ქვეყანაში ათეისტების რაოდენობა ერთიდან ათ მილიონამდე მერყეობს. ისინი როგორც პოლიციისა და უშიშროების ძალების, ასევე, ოჯახებისა და დამსაქმებლების მხრიდან ხდებიან ძალადობის, დაშინების და სხვა უფლებათა დარღვევის მსხვერპლნი.

კაიროში, ახალგაზრდამ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე მას შემდეგ, რაც ის, ათეისტობის გამო, საკუთარ ოჯახს 2 წლის განმავლობაში სახლში ჰყავდა გამოკეტილი. 21 აგვისტოს ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა დააკავეს 2 ათეისტი პირი, მას შემდეგ, რაც მათმა დამსაქმებელმა შეატყობინა მათი მხრიდან რელიგიის მიმართ კრიტიკული გამონათქვამების შესახებ. ზემოხსენებული პირები ჯერ თვითონ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა სცემეს, ხოლო შემდეგ, ციხეში მათ თანამესაკნეებს აცემინეს.

23 დეკემბერს, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული იქნა 29 წლის პირი, რომელსაც ბრალად ედებოდა სოციალურ ქსელ Facebook-ზე ათეისტური გვერდის – Al Mulhedeen (ათეისტები) ადმინისტრირება. გვერდზე გაჟღერებული პოსტები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა ყურანს და, ასევე, მხარს უჭერდა ე.წ. დიდი აფეთქების თეორიას სამყაროს შექმნის შესახებ.[2]

„Freedom House“ 2018 წელს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ ქვეყანაში რელიგიური უმცირესობებისა და ათეისტების მიმართ ფიქსირდება სამართლებრივი დევნისა და ძალადობის შემთხვევები.[3]

„Human Rights Watch“ 2017 წლის ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ ეგვიპტურმა ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა აღრიცხეს რელიგიური უმცირესობების, მათ შორის შიიტი მუსლიმებისა და ათეისტების მიმართ განხორციელებული უკანონო ძალადობის ფაქტები; აღნიშნული ქმედებები მოიცავდა მოგზაურობაზე შეზღუდვის თვითნებურად დაწესებას და დაკითხვებზე დაბარებებს.[4]

„Human Rights Watch“ 2015 წელს გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში წერს ეგვიპტელი ათეისტი სტუდენტის შესახებ, რომელსაც ეგვიპტის სასამართლომ 3-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდება ეფუძნებოდა ხსენებული პირის სოციალური ქსელი – Facebook-ის საშუალებით გამოქვეყნებულ პოსტებს, რომელიც, შესაბამისი ორგანოების აზრით, ისლამს შეურაცხყოფდა.[5]

[1] USCIRF – US Commission on International Religious Freedom, Report on provisions of the constitution of December 2013 on freedom of religion, available at

[Accessed 1 September 2018]

[2] US Department of State, 2017 Report on International Religious Freedom – Egypt, available at

[accessed 3 September 2018]

[3] Freedom House, Freedom in the World 2018 – Egypt, 16 February 2018, available at: http://www.refworld.org/docid/5a8aedfaa.html [accessed 3 September 2018]

[4] Human Rights Watch, World Report 2017 – Egypt, 12 January 2017, available at:

[accessed 3 September 2018]

[5] Human Rights Watch, Egypt: 3-Year Sentence for Atheist, 13 January 2015, available at: http://www.refworld.org/docid/54b91e8e11.html [accessed 3 September 2018]

თურქეთი. ათეისტების მიმართ დამოკიდებულება. თებერვალი, 2018

აშშ-ის რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების კომისია 2017 წლის ანგარიშში თურქეთის რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ ქვეყნის 1982 წლის კონსტიტუცია ადგენს რწმენის, რელიგიური მსახურების და რელიგიური იდეების გავრცელების თავისუფლებას და კრძალავს დისკრიმინაციას რელიგიურ ნიადაგზე. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო სეკულარიზმის ინტერპრეტირებას ახდენს რელიგიური საზოგადოებების სახელმწიფო კონტროლში, მათ შორის იგულისხმება რელიგიური მსახურების და სალოცავი სახლების კონტროლი. რელიგიური საკითხთა თავმჯდომარეობა (Diyanet) აკონტროლებს თურქეთში ისლამის პრაქტიკას; ყველა დანარჩენი რელიგია ფონდების გენერალური დირექტორატის (Vakiflar) კონტროლს ექვემდებარება.[1]

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი 2016 წლის ანგარიშში თურქეთის შესახებ წერს, რომ სხვადასხვა რელიგიური დენომინაციის ჯგუფების გარდა, ქვეყანაში ასევე არიან ათეისტებიც, რომელთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. დაახლოებითი მონაცემებიც განსხვავებულია, თუმცა ყველაზე ბოლო კვლევის შედეგებით მოსახლეობის დაახლოებით 2% არის ათეისტი.[2]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების შესახებ 2016 წლის ანგარიშში წერს, რომ თურქეთის მოსახლეობა დაახლოებით 80.3 მილიონია. მთავრობის ინფორმაციით, მოსახლეობის 99 პროცენტი მუსლიმია, რომელთაგანაც 77.5% – ჰანაფი სუნიტი. სხვა რელიგიების წარმომადგენლები დაახლოებით 0.3% შეადგენენ. თუმცა, ბოლოს ჩატარებული კვლევები აჩვენებენ, რომ მოსახლეობის დაახლოებით 2% ათეისტია.

ქვეყნის კონსტიტუცია ადგენს რელიგიური და მორალური ინსტრუქციების სავალდებულო ხასიათს დაწყებით და საშუალო საჯარო სკოლებში. ინსტრუქციების შინაარსს ადგენს ეროვნული განათლების რელიგიური ინსტრუქციების სამინისტრო. მხოლოდ იმ სტუდენტებს, რომლებიც პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში მონიშნულები არიან როგორც „ქრისტიანები“ ან „ებრაელები“, შეიძლება გათავისუფლდნენ რელიგიის გაკვეთილებისგან. ასეთი უფლება არ არის გათვალისწინებული ათეისტებისთვის, აგნოსტიკებისთვის, ალევი თუ სხვა არა მუსლიმებისთვის, ბაჰაიზმის მიმდევრების, იეზიდებისა ან მათთვის ვისაც საბუთებში რელიგიური კუთვნილების გრაფა ცარიელი აქვს. 2016 წლის მარტში შარიათული ასოციაციის თავმჯდომარე დააჯარიმეს 7080 ლირით (1928$) ათეიზმის ასოციაციის თავმჯდომარის შეურაცხყოფისთვის და 6000 ლირით (1634$) მის მიმართ განხორციელებული მუქარებისთვის.[3]

ორგანიზაცია „ფორუმი 18“ 2017 წლის ნოემბერში წერს რელიგიასთან დაკავშირებით მთავრობის საგანმანათლებლო პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულების შესახებ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ საშუალო სკოლის მოსწავლეებსა და მათ მშობლებს შორის ჩატარებულ კვლევაზე. შედეგები მრავალფეროვანია. მაგალითად, მორწმუნე სუნიტი მშობლები რელიგიის გაკვეთილების კვლავ სავალდებულოდ დატოვებას ითხოვენ. ამის მიზეზი არ არის ის, რომ მათ უნდათ სხვა რელიგიის მიმდევრებს ისლამის სწავლა აიძულონ; ისინი მიიჩნევენ, შესაძლოა მათმა შვილებმა გააპროტესტონ აღნიშნულ გაკვეთილებზე სიარული თუ ის იქნება ნებაყოფლობითი. საპირისპიროდ, ათეისტები არ ეწინააღმდეგებიან რელიგიის გაკვეთილებს, მაგრამ სურთ, რომ გაკვეთილები გახდეს ნებაყოფლობითი. განათლების სამინისტრომ ისლამის სწავლების პარალელურად, მოიწვია კომისია, რომელიც ნებაყოფლობით გაკვეთილებს ჩაატარებს ქრისტიანობის შესახებ. მიუხედავად თხოვნისა, ასეთი კომისია არ მოუწვევიათ ალევი საზოგადოებისთვის. ასეთი კომისია არ მოუწვევიათ არც ათეისტებისთვის, აგნოსტიკებისა თუ სხვა რწმენის ხალხისთვის.[4]

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი (EASO) 2016 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში თურქეთის შესახებ წერს, თურქეთი აღიარებს მხოლოდ რამდენიმე არა მუსლიმურ თემს როგორც უმცირესობას (მაგალითად სომხურ მართლმადიდებლურ ქრისტიანობას, ბერძნულ მართლმადიდებლურ ქრისტიანობას და ებრაელებს); გამორიცხავს მათი რიგებიდან სხვადასხვა კულტურულ და ეთნიკურ ჯგუფს.

პოზიტიური განვითარებაა პარლამენტის მიერ 2016 წლის 6 აპრილს ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის ინსტიტუტის შესახებ კანონის მიღება, რაც მიმართულია ეთნიკურ და რასობრივ ნიადაგზე დისკრიმინაციისკენ. კანონი კრძალავს დისკრიმინაციას გენდერის, რასის, ფერის, ენის, რელიგიის, რწმენის, მსოფლმხედველობის ან პოლიტიკური მოსაზრების, ეთნიკური წარმომავლობის, ქონებრივი მდგომარეობის, სამედიცინო მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობებისა და ასაკის მიუხედავად; ასევე იმის განურჩევლად, ბავშვი ქორწინებაშია გაჩენილი თუ ქორწინების გარეშე. თუმცა ევროკომისია 2016 წლის ანგარიშში წერს, რომ ვაკუუმი მაინც არსებობს ადამიანის უფლებების დაცვის საქმეებში, რადგან ადამიანის უფლებათა და თანასწორობის ინსტიტუტი ჯერ არ შექმნილა. კომისია წერს, რომ განსაკუთრებით მოწყვლადი და უმცირესობებისადმი მიკუთვნებული ჯგუფების უფლებები სრულყოფილად უნდა იყოს დაცული. გენდერზე დაფუძნებული ძალადობა, დისკრიმინაცია, სიძულვილის ენის გამოყენება უმცირესობების მიმართ, სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული და ლგბტი პირების მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევა კვლავ სერიოზული შეშფოთების წყაროა.

ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, უმცირესობებს, მაგალითად ასირიელებს, კაფერისებს, იეზიდებს, ქურთებს, არაბებს, ბოშებს, სირკასიანებს და ლაზებს არ რთავენ იმის ნებას, რომ სრულად ისარგებლონ სოციალური, ეკონომიკური, ლინგვისტური, რელიგიური და კულტურული უფლებებით. მიუხედავად ამისა, კანონი უფლებას აძლევს კერძო ინსტიტუციებს, რომ გარკვეული პირობებით განათლება იმ ენასა და დიალექტებზე მიაწოდონ, რომელთაც ხალხი ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებს.[5]

„Freedom House“ 2018 წლის ანგარიშში თურქეთის რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია ადგენს რელიგიის თავისუფლებას, საჯარო სფეროში სუნიტური ისლამი დომინირებს. ალევი საზოგადოების სალოცავი ადგილები არ არის აღიარებული მთავრობის მიერ და მათ ხელი არ მიუწვდებათ სუბსიდიებზე, რომელიც ხელმისაწვდომია სუნიტური მეჩეთებისთვის. მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ხელში გაიზარდა სუნიტური ისლამური სწავლებების სკოლები. თურქეთის საგანმანათლებლო სისტემა გულისხმობს რელიგიის სავალდებულო გაკვეთილებს, საიდანაც არა-მუსლიმებს, როგორც წესი, ათავისუფლებენ, მაგრამ სირთულეებია ამ მხრივ ალევი საზოგადოებისა და არა-მორწმუნეებისთვის. ოფიციალურ აღიარებული სამი რელიგიური არა-მუსლიმური ჯგუფი – იუდეველები, მართლმადიდებელი ქრისტიანები და სომეხი ქრისტიანები. თუმცა კამათი ქონებისა და სასულიერო პირების სწავლების აკრძალვის საკითხებზე მაინც გრძელდება; არ აღიარებული რელიგიური ჯგუფების უფლებები უფრო შეზღუდულია.[6]

[1] United States Commission on International Religious Freedom, USCIRF Annual Report 2017 – Tier 2 countries – Turkey, 26 April 2017, available at:

[accessed 20 February 2018]

[2] United Kingdom: Home Office, Country Information and Guidance – Turkey: Background information, including actors of protection and internal relocation, February 2016, Version 1.0, available at:

[accessed 20 February 2018]

[3] United States Department of State, 2016 Report on International Religious Freedom – Turkey, 15 August 2017, available at:

[accessed 20 February 2018]

[4] Forum 18, Turkey: What do parents and pupils think?, 1 November 2017, available at:

[accessed 20 February 2018]

[5] European Union: European Asylum Support Office (EASO), EASO Country of Origin Information. Report Turkey Country Focus, November 2016, available at:

[accessed 20 February 2018]

[6] Freedom House, Freedom in the World 2018 – Turkey, 2 February 2018, available at:

[accessed 20 February 2018]

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 1-7 თებერვალი, 2018

საუდის არაბეთში ქალებს რესტორანში მუშაობის უფლება მისცეს – პირველ ეტაპზე ქალები გამოსაცდელი ვადით მუშაობას ქვეყნის 16 რესტორანში დაიწყებენ. გარდა ამისა შეიქმნება სპეციალური საბჭო, რომელიც ამ სფეროში ქალების დასაქმების საკითხზე იმუშავებს. ამ დროისთვის საუდის არაბეთში ქალთა უმუშევრობის მაჩვენებელი 33%-ია. საუდის არაბეთში 13 იანვარს ქალები ფეხბურთის მატჩს პირველად დაესწრნენ. გასული წლის 26 სექტემბერს კი საუდის არაბეთის მეფე სალმანმა განაცხადა, რომ 2018 წლის ივნისიდან ქალები მართვის მოწმობების მიღებას და ავტომანქანების კანონიერად მართვას შეძლებენ. საუდის არაბეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ქალებს მანქანის ტარება ოფიციალურად ეკრძალებოდათ.[1]

ავღანეთში ათობით თალიბი მებრძოლი მოკლეს – ავღანელი ოფიციალური პირების ცნობით, დაზვერვის უწყების ოპერაციის შედეგად, სამხრეთში მდებარე ყანდაარის პროვინციაში 83 თალიბი მებრძოლი მოკლეს. ოპერაციის დროს გაანადგურეს ექსტრემისტების ათობით ავტომანქანა და მოტოციკლი. უცნობია, არის თუ არა მსხვერპლი ავღანელი ჯარისკაცების რიგებში. თალიბანი ოპერაციას არ გამოხმაურებია. 28 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მსოფლიომ თალიბანის და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ გადამწყვეტი ზომები უნდა მიიღოს.[2]

2018 წელს ავღანეთში სამხედრო ოპერაციები აშშ-ს 45 მილიარდი დოლარი დაუჯდება – ამის შესახებ აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ რენდალ შრივერმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული თანხა, მათ შორის მოიცავს ავღანეთში ამერიკული ჯარის ხარჯებს – 13 მილიარდს, ავღანელი სამხედროების ხარჯებს – 5 მილიარდს და ეკონომიკური დახმარებისა და ლოგისტიკისთვის გამოყოფილ 780 მილიონ დოლარს.[3]

ირანის პოლიციამ ჰიჯაბის აქციის გამო 29 ქალი დააკავა – საპროტესტო გამოსვლები ახალგაზრდა ქალებმა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ისლამური ტრადიციების წინააღმდეგ გამართეს. აქციის მონაწილეებმა ქუჩებში თავსაბურავები მოიხსნეს და ამ ფორმით 1979 წელს, ისლამური რევოლუციის შემდეგ ამოქმედებული კანონის გაუქმება მოთხოვეს, რომელიც ქალებს ჰიჯაბის ტარებას ავალდებულებს. პოლიციამ აქტივისტები საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით დააკავა. ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ რეგულაციები უნდა გაუქმდეს და ქალებს მეტი თავისუფლება მიენიჭოთ. ჰიჯაბის ტარების გამო ირანში რამდენიმე ქალი მანამდეც დააკავეს.[4]

ეთნიკურ დაპირისპირებას კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 26 ადამიანი ემსხვერპლა – შეტაკება „ჰემა“ და „ლენდუ“ თემებს შორის ქვეყნის აღმოსავლეთით, იტურის პროვინციაში მოხდა; თავს დაესხნენ ქალაქ ბუნიას. იტურის ადგილობრივმა მთავრობამ ინციდენტი დაადასტურა და განაცხადა, რომ შეტაკების შედეგად სოფლის რამდენიმე მოსახლე დაიღუპა და რამდენიმე სახლი დაიწვა.[5]

აშშ-მა ერაყიდან ჯარის გაყვანა დაიწყო – ბაღდადის მიერ ერაყში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს” დამარცხების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ აშშ-მა ქვეყნიდან ჯარის გაყვანა დაიწყო. ბოლო დღეებში ერაყიდან ავღანეთში თვითმფრინავებით ათობით ჯარისკაცი გადაიყვანეს. მედიის ცნობით, საერთაშორისო კოალიციამ, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს და ერაყის ხელისუფლებამ ჯარის გაყვანის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. შეთანხმების თანახმად, ერაყის ტერიტორიაზე მხოლოდ 4000-მდე ამერიკელი ჯარისკაცი დარჩება, რომლებიც ადგილობრივ სამხედროებს მოამზადებენ. გასული წლის დეკემბრის დასაწყისში ერაყის შეიარაღებული ძალებმა განაცხადეს, რომ ქვეყანა „ისლამური სახელმწიფოსგან“ მთლიანად გათავისუფლებულია. აშშ-მა პირველი ავია იერიში „ისლამურ სახელმწიფოზე“ ერაყში 2014 წლის აგვისტოში მიიტანა და მომდევნო წლებში სერიოზულ მხარდაჭერას უწევდა ერაყის არმიას ყველა მთავარ გამარჯვებაში, მათ შორის მოსულის გათავისუფლებაში, რომელიც ერაყის სიდიდით მეორე ქალაქია.[6]

ყაზახეთში ათეისტებისა და მორწმუნეების გრძნობები გაათანაბრეს – ყაზახეთის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ინიციატივას, რომელიც ადმინისტრაციულ კოდექსში ათეისტების გრძნობების შეურაცხყოფის მუხლის შეტანას გულისხმობდა. იდეის ავტორი, ყაზახეთის რელიგიის სამინისტროა. რესპუბლიკის სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ კოდექსში უკვე არსებობს მუხლი „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის“ შესახებ, თუმცა მათში არ არიან ნახსენები ათეისტები. ათეისტების, ისევე როგორც მორწმუნეების გრძნობების შემლახველი პირი უნდა დაისაჯოს 120 ათასი ტენგეს ოდენობის ფულადი ჯარიმით (327 ამერიკული დოლარი); იურიდიული პირებისთვის ჯარიმის თანხა 481 ათასი ტენგეს ოდენობით განისაზღვრება (1500 ამერიკული დოლარი). რელიგიისა და საზოგადოებრივი კავშირის სამინისტროს ვიცე-მინისტრმა ბერიკ არინმა განაცხადა, რომ მორწმუნეების და ათეისტების გრძნობები უნდა გათანაბრდეს, რადგან საქმე ეხება „პიროვნების ღირსების დაფასებას, მიუხედავად რელიგიის მიმართ მისი დამოკიდებულებისა“. „ეს მოქალაქეების პირადი თავისუფლებაა – სწამდეს ან არ სწამდეს, – და არავის აქვს უფლება მათ შეურაცხყოფა მიაყენოს“, – ამბობს ვიცე-მინისტრი, რომლის თქმითაც, ყაზახეთში უამრავი ადამიანია, რომელიც რელიგიასთან დაკავშირებით ხმამაღლა ვერ ლაპარაკობს.[7]

[1] Khaleej Times; Saudi Arabia; Soon, Saudi Arabia plans to employ women in restaurants; 1st February, 2018; available at: https://www.khaleejtimes.com/region/saudi-arabia/soon-saudi-arabia-plans-to-employ-women-in-restaurants

[2] იმედი; ახალი ამბები; ავღანეთში ათობით თალიბი მებრძოლი მოკლეს; 1-ელი თებერვალი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/46609/avganetshi-atobit-talibi-mebrdzoli-mokles

[3] The Hill; Afghan war will cost $45B in 2018; By Ellen Mitchel; 2 February, 2018; available at: http://thehill.com/policy/defense/overnights/372659-overnight-defense-latest-on-spending-fight-house-passes-stopgap

[4] CNN; Iranian police arrest 29 for involvement in hijab protests; By Eliza Mackintosh; 3 February, 2018; available at: https://edition.cnn.com/2018/02/02/middleeast/iran-arrests-29-women-after-hijab-protest-intl/index.html

[5] Xinhuanet; Africa news; At least 26 killed in inter-ethnic fighting in eastern DRC; 4 February, 2018; available at: http://www.xinhuanet.com/english/2018-02/04/c_136948646.htm

[6] ABC News; Iraqi spokesman confirms US forces drawing down; By The Associated Press; 5 February, 2018; available at: http://abcnews.go.com/International/wireStory/latest-iraqi-spokesman-confirms-us-forces-drawing-52842400

[7] იმედი; ახალი ამბები; ყაზახეთში ათეისტებისა და მორწმუნეების გრძნობები გაათანაბრეს; 7 თებერვალი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/47465/kazakhetshi-ateistebisa-da-mortsmuneebis-grdznobebi-gaatanabres