რუსეთი. ნავალნის პოლიტიკური და საზოგადოებრივი საქმიანობა. აგვისტო, 2019

ალექსეი ანატოლის ძე ნავალნი რუსი პოლიტიკოსი, იურისტი და საზოგადო მოღვაწეა, რომელმაც სახელი გაითქვა რუსეთში კორუფციის ძიებით. ის 1976 წლის 4 ივნისს მოსკოვის ოლქში, ოდინცოვის რაიონში დაიბადა. თავის თავს მოქმედი ხელისუფლების მთავარ ოპონენტად მიიჩნევს. მისი შექმნილია კორუფციასთან ბრძოლის ფონდი, რომლის შვილობილი პროექტების მიზანია კორუფციისა და სახელმწიფო პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა. ნავალნი არის ერთერთი ყველაზე რეიტინგული ბლოგისა და „Youtube“ არხის ავტორი. 2009 წელს გაზეთმა „ვედომოსტი“ წლის პერსონად დაასახელა. 2012 წელს ჟურნალმა „თაიმსი“ მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი პირების სიაში შეიყვანა. 2017 წელს მოხდა ინტერნეტში 25 ყველაზე გავლენიან პირს შორის; ამავე წელს კი გაზეთ „ვედომოსტის“ მიერ წლის პოლიტიკოსად დასახელდა.

მოსკოვის მერის 2013 წლის არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა და ამომრჩევლების ხმათა 27.24% მიიღო. 2016 წლის დეკემბერში სურვილი გამოთქვა, მონაწილეობა მიეღო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. მან ჩაატარა სრულყოფილი საარჩევნო კამპანია 2017 წლის განმავლობაში, თუმცა 2017 წლის დეკემბერში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ის კანდიდატად არ დაარეგისტრირა მიმდინარე ნასამართლეობის გამო.

2010-იანი წლებიდან მოყოლებული ნავალნი არის ბრალდებული, მოპასუხე და მოწმე სხვადასხვა სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ, სამოქალაქო და საარბიტრაჟო საქმეებში. 2013 წელს კიროვის საოლქო სასამართლომ ნავალნი დამნაშავედ ცნო „კიროვლესის საქმეში“ და 5 წლით პირობით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2016 წელს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დადგენილების შესაბამისად, რუსეთის უზენაესმა სასამართლომ განაჩენი გააუქმა და საქმე ხელახლა ძიებაში დააბრუნა. 2017 წელს კიროვის სასამართლომ ხელმეორედ მიუსაჯა ნავალნის 5 წლით პირობით თავისუფლების აღკვეთა. 2014 წელს იგი დამნაშავედ ცნეს „ივ როშეს საქმეში“ და მიუსაჯეს 3 წლით პირობით თავისუფლების აღკვეთა. 2017 წელს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას თვითნებური და დაუსაბუთებელი უწოდა.

2000-2007 წლებში პარტიის „იაბლოკო“ წევრი იყო. 2013 წლიდან პარტიის „მომავლის რუსეთი“ (პარტიას ადრე სხვა სახელები ჰქონდა) წევრია. 2019 წლის 28 მარტიდან პარტიის „მომავლის რუსეთი“ თავჯდომარეა.[1]

პარტია „მომავლის რუსეთი“ დაურეგისტრირებელი რუსული პოლიტიკური პარტიაა. რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრომ პარტიას არაერთხელ უთხრა უარი სახელმწიფო რეგისტრაციაზე. პარტია 2012 წლის 15 დეკემბერს შეიქმნა და 2014 წლის 8 თებერვლამდე „სახალხო ალიანსი“, ხოლო 2018 წლის 29 მარტამდე „პროგრესის პარტია“ ერქვა. პარტია დაარსების დღიდან ნავალნის მხარდამჭერი იყო. თავად ნავალნი კი პარტიაში 2013 წლის მოსკოვის მერის არჩევნებში მეორე ადგილის დაკავების შემდეგ გაწევრიანდა. პარტიის სათაო ოფისი მოსკოვში, ლენინსკაია სლობოდას ქუჩაზე მდებარეობს.

„მომავლის რუსეთი“ უნივერსალური, ცენტრისტული პარტიაა, რომლის იდეოლოგიაა პროგრესი, სოციალური ლიბერალიზმი, ელექტრონული და პირდაპირი დემოკრატია. იუსტიციის სამინისტრომ საერთო ჯამში 9-ჯერ უთხრა პარტიას სახელმწიფო რეგისტრაციაზე. ბოლო მიზეზი იყო ასეთი სახელით პოლიტიკური პარტიის უკვე არსებობა, თუმცა იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა ბაზაში ასეთი სახელით პოლიტიკური პარტია ვერ მოინახა.[2]

ალექსეი ნავალნის პოლიტიკური პარტია შემოწირულობებით ფინანსდება. ნავალნის პარტია აქტიურად იყენებს ინტერნეტს და სხვადასხვა მარკეტინგულ ხერხს თანხების მოსაძიებლად. ნავალნის პოლიტიკურ პარტიას ფინანსებთან დაკავშირებული პრობლემები ჯერ კიდევ 2013 წელს ჰქონდა, როდესაც ის უკანონო დაფინანსების მიღებაში დაადანაშაულეს. მაშინ ძიებამ გამოავლინა 347 ფულადი ტრანსფერი, რომელიც ნავალნის ელექტრონულ ანგარიშზე უცხოური ელექტრონული მისამართებიდან იყო ჩარიცხული. რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით, აკრძალულია საარჩევნო კამპანიაში უცხოელების ფულის გამოყენება. მაშინ ნავალნი აცხადებდა, რომ მისი ფინანსების ძიება კრემლის მორიგი შეტევა იყო. უცხოეთიდან თანხების შეწირვა კი იმით ახსნა, რომ რუსეთის ფედერაციის მილიონზე მეტი მოქალაქე საზღვარგარეთ ცხოვრობს, ნახევარ მილიონზე მეტი მოგზაურობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ასევე, ასობით ათასი მოქალაქე რუსეთში უცხოურ ელექტრონულ მისამართებს იყენებს. მან ასევე, განაცხადა, რომ მისი კამპანია ფინანსური კუთხით ყველაზე გამჭვირვალე იყო.

ტრადიციული საბანკო გადარიცხვების გარდა, ნავალნი 2013 წლის მოსკოვის მერის საარჩევნო კამპანიისთვის თანხებს ორი სხვა მეთოდითაც აგროვებდა. მას ჰქონდა „Yandex.Money“ ანგარიში, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო ჩაერიცხა პატარა რაოდენობის თანხა. „Yandex.Money“ მაქსიმუმ ოდენობად 15 ათას რუბლს (450$) ადგენდა და ამ რაოდენობის თანხა პირს პირდაპირ შეეძლო ჩაერიცხა ნავალნის კამპანიის ანგარიშზე. იგივე თანხა იყო დადგენილი ანონიმური გადარიცხვებისთვის. ანუ ნავალნის კამპანიის შემომწირველებს შეეძლოთ თანხა ისე ჩაერიცხათ ანგარიშზე, რომ თავისი თავის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებად იდენტიფიცირება არ მოეხდინათ. ანონიმურობის საკითხი ნავალნის კამპანიამ გამოასწორა იმით, რომ შემომწირველებს სთხოვა, მოეხდინათ თავისი ვინაობის იდენტიფიცირება ყველა გადარიცხვისას, სხვა შემთხვევაში, კამპანია „Yandex.Money“ ანგარიშზე ჩარიცხულ თანხაზე გაცხადებულად ამბობდა უარს.

ნავალნიმ კიდევ ერთი გზა მოიფიქრა მაშინდელი კამპანიისთვის, რომელსაც „ნდობის კრედიტი“ დაარქვა და მოუწოდა „Yandex.Money“-ის მომხმარებლებს, აენაზღაურებინათ ნავალნის კამპანიის იმ შემომწირველებისთვის თანხა, რომლებიც 1 მილიონ რუბლს (30000$) გაიღებდნენ კამპანიისთვის. სამართლებრივად, თანხების ასეთი მოძიება უტოლდებოდა 4 ადამიანს, რომლებიც 4 მილიონ რუბლს შესწირავდნენ ნავალნის კამპანიას. თუმცა, ბევრისთვის ეს იყო რუსეთის საფინანსო რეგულაციების მარყუჟების თავის არიდების ტაქტიკა. მილიონი რუბლის კამპანიის შემომწირველებს არ მოეთხოვებოდათ თავიანთი თავის იდენტიფიცირება და გამოვიდა ისე, რომ „Yandex.Money“ ემსახურებოდა პირებს საბანკო ანგარიშებით 8 ქვეყანაში: რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, ესტონეთი, ისრაელი და თურქეთი. დაფინანსების ასეთი მეთოდი საკმარისად საეჭვო იყო გამოძიების დასაწყებად, თუმცა მაშინ ნავალნი დასავლეთიდან დაფინანსების მიღებაში დაადანაშაულეს, რის გამოც ბევრმა მთავრობა საბჭოთა მეთოდებით ბრძოლაში დაადანაშაულა.[3]

ნავალნი ახლაც აქტიურად იყენებს ინტერნეტს და მარკეტინგულ საშუალებებს თავისი პოლიტიკური პარტიისა და პროექტების დასაფინანსებლად. როდესაც ნავალნიმ დაიწყო კამპანია „20!8“, ბევრმა მოისურვა მაისურები კამპანიის სიმბოლიკით და მაშინ ნავალნის გუნდმა გადაწყვიტა გაეყიდა მაისურები კამპანიის სიმბოლიკით და მიღებული თანხით თავად კამპანია დაეფინანსებინა. მას შემდეგ აღნიშნული მიმართულება დაიხვეწა და ახლა მოქმედებს ონლაინ მაღაზია (NavalnyShop), სადაც სხვადასხვა სახის სამოსი და სხვა ნივთები იყიდება კამპანიის სიმბოლიკით. ონლაინ მაღაზიის ფუნქცია კვლავ თანხების მოძიებაა. მაღაზიაში გაყიდული ყველა პროდუქციიდან მიღებული თანხა სრულად იხარჯება ნავალნის კამპანიებზე.[4] ნავალნის კამპანიის სიმბოლიკის მარკეტინგული კუთხით გამოყენება სხვებმაც დაიწყეს. მაგალითად, 2017 წელს კომპანია „Bat Norton“-მა ასევე გამოუშვა სამოსი ნავალნის კამპანიის სიმბოლიკით და განაცხადა, რომ მიღებული შემოსავლის 30%-ს გადაურიცხავს ნავალნის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდს.[5]

2019 წლის 8 აგვისტოს გამოქვეყნებულ სტატიაში „Financial Times“ წერს, რომ რუსმა გამომძიებლებმა ნავალნის ფონდის ანგარიშები გაყინეს, მას შემდეგ რაც რეიდი მოაწყვეს ოფისებსა და თანამშრომლების სახლებში. წყაროს შეფასებით, ეს ნაბიჯი არის იმის ნიშანი, რომ კრემლმა გააძლიერა ერთი თვის განმავლობაში მიმდინარე პრო-დემოკრატიული პროტესტის რბევა. პოლიცია ნავალნის ფონდის საქმიანობას ფულის გათეთრების ბრალდებით იძიებს, რაც ნავალნის მომხრეების აზრით არის რეპრესიები იმის გამო, რომ ნავალნი პრეზიდენტ პუტინის საწინააღმდეგო კამპანიას ატარებს. გამოძიება ნავალნის ფონდს ედავება 15 მილიონი აშშ დოლარის გათეთრებას, რომელიც ფონდმა ანონიმური მესამე მხარისგან უკანონოდ მიიღო. გამოძიება ამტკიცებს, რომ თანხები უცხოეთიდან არის, მიღებულია ნაღდი ფულის სახით და ხმარდება ანტი-კორუფციული ფონდის საქმიანობას.

მოგვიანებით, ნავალნის ფონდის უფროსმა ლეონიდ ვოლკოვმა განაცხადა, რომ თანხა, რომლის გათეთრებასაც ფონდს ძიება ედავება გაცილებით აღემატება იმ თანხას, რომელიც რეალურად ფონდმა შემოწირულობების სახით მიიღო. მანვე სოციალურ ქსელში დაწერა – „ისინი იღებენ ფულს უძირო საბიუჯეტო კალათიდან და ფიქრობენ, ჩვენც ასეთი კალათა გვაქვს. ვერ იჯერებენ, რომ მასობრივი დაფინანსება (crowdfunding) არსებობს და ხალხი მთელი ქვეყნის მასშტაბით რიცხავს მცირე ოდენობის თანხას“.[6]

ამჟამად ალექსეი ნავალნი, რომელმაც გასულ წელს ყოველი 7 დღიდან ერთი საპატიმროში გაატარა, კვლავ დაპატიმრებულია. ის 2019 წლის 24 ივლისს, მოსკოვში თავის სახლთან დააკავეს. მისი განმარტებით, დაკავება დაკავშირებულია მის გეგმებთან, გაძღოლოდა მასობრივ საპროტესტო აქციებს, რომლებიც მოსკოვში უნდა დაწყებულიყო. სექტემბერში მოსკოვის საკრებულოს არჩევნებია. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კი რამდენიმე ოპოზიციურ კანდიდატს დარეგისტრირებაზე უარი განუცხადა (მიზეზად არასაკმარისი სანდო ხელმოწერის წარდგენა დასახელდა). სწორედ ამან გამოიწვია უკმაყოფილება და დაიგეგმა მასშტაბური საპროტესტო აქცია, რომლის ჩატარებაზე ნებართვა ქალაქის მერიამ არ გასცა. ნავალნის დაპატიმრებისა და ნებართვის არ ქონის მიუხედავად საპროტესტო აქციები მაინც დაიწყო და ამჟამადაც გრძელდება. ხელისუფლებამ პასუხად გამოიყენა ძალა – ადგილი ჰქონდა დარბევას, მასობრივ დაპატიმრებებს, თავისუფლების აღკვეთის განაჩენებს და პოლიციის მხრიდან ცემის ფაქტებს.[7]

[1] ალექსეი ნავალნის ოფიციალური ვებ-გვერდი; ბიოგრაფია, ოჯახი, საქმიანობა; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://navalny.com/about/ [ნანახია 2019 წლის 14 აგვისტოს]

[2] რადიო თავისუფლება; იუსტიციის სამინისტრომ ნავანლის პარტიას რეგისტრაციაზე კვლავ უარი უთხრა; 27 მაისი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.svoboda.org/a/29965717.html [ნანახია 2019 წლის 14 აგვისტოს]

[3] „The Moscow Times“; Navalny’s fundraising tricks; Opinion by Kevin Rothrock; 17 August, 2013; available at: https://www.themoscowtimes.com/2013/08/17/navalnys-fundraising-tricks-a26858 [accessed 14 August 2019]

[4] ალექსეი ნავალნის ოფიციალური ვებ-გვერდი; მაღაზია: გადატვირთვა; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://navalny.com/t/346/ [ნანახია 2019 წლის 14 აგვისტოს]

[5] რადიო თავისუფლება; ვინ შოულობს ფულს ნავალნის სახელით; 18 ივნისი, 2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.svoboda.org/a/28561690.html [ნანახია 2019 წლის 14 აგვისტოს]

[6] Financial Times; Russian investigators freeze accounts of Navalny foundation; By Max Seddon; 8 August, 2019; available at: https://www.ft.com/content/69f9adf8-b9c9-11e9-96bd-8e884d3ea203 [accessed 14 August 2019]

[7] Independent; Russian opposition leader Aleksei Navalny has been arrested – again; by Oliver Carrol; 24 July, 2019; available at: https://www.independent.co.uk/news/world/europe/aleksei-navalny-arrested-russia-moscow-police-putin-opposition-a9019101.html [accessed 14 August 2019]

Jamestown Foundation: Fears of Western ‘Hybrid Warfare’ and Suppression of the Russian Opposition; Eurasia Daily Monitor Volume: 16 Issue: 115, 8 August 2019

 (accessed on 14 August 2019)

რუსეთი. ანტიკორუფციული საპროტესტო დემონსტრაცია. იანვარი, 2018

2017 წლის 26 მარტს, დედაქალაქ მოსკოვში გამართულ ანტიკორუფციულ საპროტესტო აქციისას, დააკავეს აქციის ორგანიზატორი და რუსეთის ოპოზიციის მთავარი ლიდერი, ალექსეი ნავალნი.

ათასობით ადამიანი შეიკრიბა ქვეყნის მასშტაბით და კორუფციის ბრალდებების საფუძველზე, მოითხოვდნენ პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის გადადგომას.

ქვეყნის მასშტაბით გამართული აქციების დროს სულ მცირე 500 მომიტინგე დააკავეს. მსვლელობათა უმრავლესობა ნებართვის გარეშე ჩატარდა.

სატელევიზიო გაშუქებისას ჩანდა, რომ დემონსტრანტები სკანდირებდნენ: „ძირს პუტინი“, „რუსეთი პუტინის გარეშე“ და „პუტინი ქურდია“.

კორესპონდენტთა თქმით, 2011-2012 წლებში მთავრობის წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციების შემდეგ, აღნიშნული მიტინგი ყველაზე მასშტაბური იყო.

ალექსეი ნავალნი დააკავეს, როდესაც ის მოსკოვში გამართულ აქციაზე მივიდა. მომიტინგეები ცდილობდნენ პოლიციისთვის ხელი შეეშალათ, რათა არ დაეკავებინათ ნავალნი.

დაკავების შემდეგ, სოციალურ ქსელ ტვიტერში, ნავალნი მომიტინგეებს მოუწოდებდა, გაეგრძელებინათ დემონსტრაცია და ებრძოლათ კორუფციის წინააღმდეგ. მისივე თქმით, პოლიცია შეიჭრა მისი ფონდის ოფისში და დააკავა თანამშრომლები.

საპროტესტო აქციები გაიმართა ასევე სანქტ-პეტერბურგში, ვლადივოსტოკში, ნოვოსიბირსკში, ტომსკში და კიდევ რამდენიმე ქალაქში, სადაც, ასევე, ადგილი ჰქონდა დაკავებებს.

აშშ-მ დაგმო ასობით მშვიდობიანი მომიტინგის დაპატიმრება რუსეთის მასშტაბით და განაცხადა, რომ აღნიშნული ფაქტი ძირითადი დემოკრატიული ღირებულებების შეურაცხყოფაა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მარკ ტონერიმ, განაცხადა, რომ აშშ შეშფოთებულია ნავალნის დაკავებით.

ალექსეი ნავალნიმ მას შემდეგ მოუწოდა ხალხს ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციებისკენ, რაც მედვედევის ქონების შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც იგი ფლობდა სასახლეებს, იახტებს და ვენახებს, რისი ფლობაც მის ოფიციალურ ხელფასს აღემატებოდა. ანგარიშში ასევე ნათქვამი იყო, რომ მედვედევს, ერთ-ერთ მის საკუთრებაში, სპეციალური სახლი ჰქონდა იხვისთვის, რის საპასუხოდაც აქციისას დემონსტრანტებს ყვითელი რეზინის იხვები ეჭირათ.

მედვედევის სპიკერმა აღნიშნულ ბრალდებებს პროპაგანდისტული თავდასხმები უწოდა, თავად პრემიერ-მინისტრს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.

მოსკოვში მომიტინგეები პუშკინის მოედანზე შეიკრიბნენ, პოეტის ძეგლზე ავიდნენ და ყვიროდნენ – „იმპიჩმენტი“. პოლიციის შეფასებით, აქტივობა 7,000-დან 8,000 პირამდე იყო. მათივე თქმით, დედაქალაქში, 500 მომიტინგე იქნა დაკავებული, თუმცა ადამიანის უფლებადამცველი ჯგუფის „OVD Info“-ს შეფასებით, 800-ზე მეტი პირი იქნა დაკავებული.

საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, კრემლის მხრიდან არ გაკეთებულა კომენტარები. მან მხოლოდ განაცხადა, რომ მოსკოვში გამართული, არასანქცირებული საპროტესტო აქცია იყო უკანონო პროვოკაცია.

ალექსეი ნავალნიმ განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, აპირებს ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ იბრძოლოს, თუმცა მას არჩევნებში მონაწილეობის ნება არ მისცეს, რადგან აღმოაჩინეს, რომ იყო ნასამართლევი. ნავალნის თქმით, აღნიშნული საქმე იყო პოლიტიზირებული.

ნავალნის განცხადებით, საპროტესტო აქციები დაგეგმილი იყო 99 ქალაქში, მაგრამ 72 მათგანში ხელისუფლებამ აქციის გამართვის ნებართვა არ მისცა.[1]

საპროტესტო აქცია გაიმართა ქალაქ ვოლგოგრადშიც.[2]

რუსულენოვანი BBC-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, დედაქალაქში გამართული, ზემოაღნიშნული ანტიკორუფციული მსვლელობა, დაკავებების კუთხით, ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა ისტორიაში.

მოსკოვის რეგიონული უსაფრთხოებისა და კორუფციასთან ბრძოლის დეპარტამენტის უფროსის, ვლადიმირ ჩერნიკოვის განცხადებით, 600-ზე მეტი ადამიანი იქნა დაკავებული, ასევე აღნიშნა, რომ ეს ციფრი საბოლოო არაა და მოგვიანებით დაზუსტდება. ამასთანავე, უფლებადამცველი პროექტის “ОВД-Инфо”-ს მონაცემებით, მოსკოვში გამართულ მიტინგზე პოლიციამ დააკავა 1030 ადამიანი. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს „РИА Новости“-ის ინფორმაციითაც, დაკავებული იქნა ათასზე მეტი ადამიანი.

პოლიცია საკმაოდ მკაცრად მოქმედებდა, BBC-ის კორესპონდენტის თქმით, მან დაინახა, რამდენიმე ადამიანს თუ როგორ ურტყამდნენ თავში ხელკეტებს. „პროგრესის პარტიის“ მოსკოვის განყოფილების ხელმძღვანელი, ნიკოლაი ლასკინა, დაკავების შემდეგ გადაიყვანეს ბოტკინსკის საავადმყოფოში, რადგან ეჭვობდნენ, რომ, ცემის შედეგად, მიიღო ტვინის შერყევა. მისი თქმით, სატვირთო მანქანაში ყოფნის დროს, პოლიცია თავში ურტყამდა.

უფლებადამცველი, ოლგა რომანოვას, განცხადებით, ბევრი პირია დაშავებული და მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც. მისივე თქმით, დაზარალებულები პოლიციის განყოფილებიდან სასწრაფო დახმარების მანქანებით მიყავდათ.

ქ. ვოლგოგრადში, მიტინგის მონაწილის, პედაგოგიური უნივერსიტეტის მეხუთე კურსის სტუდენტის, წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე „ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ ძალის გამოყენების“ მუხლით. აქციის დროს ქალაქში სულ 28 პირი დაიჭირეს, რომელთაგან 12 დააჯარიმეს.[3]

[1] BBC News – Russia protests: Opposition leader Navalny and hundreds of others held, 27 March 2017, available at: http://www.bbc.com/news/world-europe-39398305 (accessed 15 January 2018)

[2] Kramola – В каких городах пройдут митинги Навального 26 марта 2017 года, 24 March 2017, available at: https://www.kramola.info/vesti/novosti/v-kakih-gorodah-proydut-mitingi-navalnogo-26-marta-2017-goda (accessed 15 January 2018)

[3] BBC News – Митинг в Москве обернулся рекордным количеством задержаний, 27 марта 2017, available at: http://www.bbc.com/russian/features-39402540 (accessed on 15 January 2018)