ალჟირი. ჰირაკის მოძრაობის პროტესტი და დემონსტრანტთა მდგომარეობა. ოქტომბერი, 2021

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ალჟირის შესახებ წერს, რომ 2019 წელს ქვეყანაში, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან (1962) მოყოლებული ყველაზე მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მოეწყო ხელისუფლების წინააღმდეგ. 2019 წლის 22 თებერვლიდან მოყოლებული ალჟირელები ყოველ პარასკევს ავსებდნენ ქუჩებს ალჟირის დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში. თავდაპირველად დემონსტრანტები აპროტესტებდნენ აბდელაზიზ ბუტეფლიკას გადაწყვეტილებას, მეხუთე ვადით დაეყენებინა კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე. ბუტეფლიკა, მას შემდეგ რაც 2013 წელს ინსულტი გადაიტანა, იშვიათად ჩნდებოდა საჯაროდ. დემონსტრაციების შედეგად, ბუტეფლიკამ პოსტი 2019 წლის 2 აპრილს დატოვა, რის შემდეგაც, დემონსტრაციები დემოკრატიული მმართველობის მოთხოვნით გაგრძელდა.

ბუტეფლიკას გადადგომის შემდეგ, სენატის პრეზიდენტი აბდელკადერ ბენსალეჰი გახდა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ვიდრე თავდაცვის მინისტრის მოადგილე და შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი გენერალი აჰმედ გაიდ სალეჰმა ეფექტური კონტროლი საკუთარ ხელში აიღო. გაიდ სალეჰმა ახალი საპრეზიდენტო არჩევნები 4 ივლისისთვის ჩანიშნა და შემდეგ 12 დეკემბრამდე გადადო. ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის საპასუხოდ, ხელისუფლებამ დაიწყო მშვიდობიანი დემონსტრანტების შევიწროვება, აქციის მონაწილეების თვითნებური დაკავებები, აკრძალა ადამიანის უფლებათა აქტივისტებისა და პოლიტიკური ჯგუფების შეკრებები და დააპატიმრა კრიტიკულად განწყობილი პირები. ალჟირის ქალაქებში, ყოველკვირეულად მიმიდნარე ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების პარალელურად, პოლიციის ძალების მობილიზება ხდებოდა დედაქალაქის ქუჩებში და აწესებდა საკონტროლო გამშვებ პუნქტებს და ზღუდავდა დემონსტრანტების გადაადგილების თავისუფლებას; რათა ისინი ვერ შეერთებოდნენ საპროტესტო მსვლელობებს. ხოლო მათ, ვინც მაინც ახერხებდა დემონსტრაციებზე მისვლას, მკაცრად აკონტროლებდა. ხელისუფლებამ ასობით მშვიდობიანი დემონსტრანტი დააკავა; ბევრი მათგანი რამდენიმე საათში ბრალის წაყენების გარეშე გაათავისუფლა, თუმცა ათობით პირის მიმართ სისხლის სამართლის დევნა დაიწყო და საპატიმროში გაამწესა.[1]

ჰირაკის მოძრაობის საპროტესტო აქციების მეორე კვირას, 2019 წლის 1-7 მარტს, საპროტესტო მსვლელობები გაიმართა ალჟირის ქალაქებში. დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი გამოვიდა ქუჩეწბში და მოაწყო საპროტესტო მსვლელობები. ამ პერიოდში, საპროტესტო მსვლელობები უკვე სახელმწიფო ტელევიზიამაც გააშუქა. პროტესტი მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა ალჟირის სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში, მათ შორის ქალაქ სეტიფში. ჰირაკის მოძღაობის პროტესტის საწყისი მიზნები იყო, რომ ბუტეფლიკას მეხუთე ვადით აღარ ეცადა პრეზიდენტობა და გადამდგარიყო პრემიერი აჰმედ ოიაჰია. შემდეგ მოთხოვნები უფრო ზოგადი გახდა და დემონსტრანტები მთავრობის კლანური მმართველობისგან გათავისუფლებას და საფუძვლიან დემოკრატიულ ცვლილებებს ითხოვდნენ. ჰირაკის მოძრაობის პროტესტის განმავლობაში გაიჟღერა ბევრმა სლოგანმა, სიმღერამ და სლოგანმა, მათ შორის იყო: „ბუტეფლიკა წადი და გაიდ სალაჰი გაიყოლე თან“, „მოისროლეთ ყველა“, „თავისუფლება ალჟირს“, „სისტემის შეცვლა… 99 პროცენტი ჩატვირთულია“ და სხვა. წყაროების ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ საერთო ჯამში დემონსტრაციები იყო მშვიდობიანი, ცალკეულ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა არეულობებს, რაც გამოიხატებოდა, დემონსტრაციების საღამოს, მანქანების დაწვასა და მაღაზიების დარბევებში.[2] [3]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Amnesty International“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ალჟირის შესახებ წერს, რომ ხელისუფლება განაგრძობდა მშვიდობიანი დემონსტრანტების, ჟურნალისტების და იმ მოქალაქეების დაკავებებს და სისხლისსამართლებრივ დევნას, ვინც ჰირაკის სახელით ცნობილი საპროტესტო მოძრაობაში მონაწილეობდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ჰირაკის მოძრაობა, რომელიც 2019 წლის თებერვალში დაიწყო, აქტიურად მიმდინარეობდა მარტის ჩათვლით, ვიდრე გადაწყდებოდა პროტესტის შეჩერება კოვიდ 19-ის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით. 2020 წლის იანვარში ხელისუფლებამ 70 დემონსტრანტზე მეტი გაათავისუფლა, მაგრამ, ჰირაკის პროტესტში მონაწილეობისა და ინტერნეტში განთავსებული კრიტიკული პოსტების გამო, პატიმრობაში დატოვა მინიმუმ 93 პირი, მათ შორის ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური აქტივისტები.[4]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Freedom House“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ალჟირის შესახებ წერს, რომ ათეიზმისა და ღვთისგმობის ბრალდებები სისხლის სამართლის დანაშაულია და ხშირად ასეთი ბრალდებები პოლიტიკური მიზნებით შეიძლება იყოს გამოყენებული. ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის ოქტომბერში, ჰირაკის მოძრაობის აქტივისტი იასინე მებარკის, მას შემდეგ, რაც პოლიციამ მის სახლში ყურანის დაზიანებული წიგნი აღმოაჩინა, ბრალი დასდეს ისლამის შეურაცხყოფასა და ათეიზმის მხარდაჭერაში და 10 წლით პატიმრობა და 10 მილიონი დინარის (77 ათასი აშშ დოლარი) ოდენობის ჯარიმა მიუსაჯეს. ხელისუფლებამ ასევე აქტიურად მიჰყო ხელი სოციალური მედიის მომხმარებლების, კერძოდ ჰირაკის მოძრაობის აქტივისტების, სისხლის სამართლებრივ დევნას 2020 წლის განმავლობაში. აპრილში, ვალიდ კეჩდა დააპატიმრეს პრეზიდენტისა და ისლამური მორალის შეურაცხმყოფელი „მემეების“ გამოქვეყნებისთვის. მაისში, აქტივისტ სოჰეიბ დებაღის, სოციალურ ქსელში Facebook გამოქვეყნებული ანტი-სახელისუფლებო პოსტების გამო, ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ლაბრი ტაჰარსა და ბოუსიფ მოჰამედს ბუდიაფს 18 თვით პატიმრობა მიუსაჯეს სოციალურ ქსელში Facebook პრეზიდენტ ტებუნეს საწინააღმდეგო პოსტის გამოქვეყნების გამო. სექტემბერში, პოლიციის ყოფილი ოფიცერს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში Facebook დაგმო პოლიციის მხრიდან ძალადობა ჰირაკის მოძღაობის პროტესტის მიმართ. ჰირაკის კიდევ ერთ აქტივისტ ბრაჰიმ ლაალამის სამი წლით პატიმრობა, ხოლო ადვოკატ ხალედ ტაზაგარტს ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს ჰირაკის საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო.[5]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ალჟირის შესახებ წერს, რომ ჰირაკის მოძრაობის ასობით დემონსტრანტი დააკავეს. დაკავებულთა უმეტესობა იმავე დღეს გაათავისუფლეს, თუმცა სხვები გაასამართლეს და საპატიმროში გაამწესეს „უკანონო შეკრების“, „ეროვნული ერთობისთვის ზიანის მიყენებისა“ და „შეიარაღებული ძალების დემორალიზაციის“ ბრალდებებით. 24 მარტს ალჟირის (დედაქალაქი) სააპელაციო სასამართლომ ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯა ცნობილ პოლიტიკოსს და ჰირაკის მოძრაობის მხარდამჭერ კარიმ ტაბუს. 2020 წლის 21 აგვისტოს პოლიციამ ძალის გამოყენებით ჩაახშო დემონსტრანტების მცდელობა, განეახლებინათ საპროტესტო მსვლელობები. პოლიციამ დააკავა დემონსტრანტები ალჟირში, ბილდაში, ტიზი ოზუისა და სეტიფში. ასევე, სეტიფში, 27 აპრილს, დააპატიმრა პოლიციამ სატირული გვერდის „ჰირაკის მემეები“ ადმინისტრატორი ვალიდ კეჩიდა.[6]

[1] საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Human Rights Watch“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ალჟირში – 2019 წელი; გამოქვეყნებულია 2020 წლის 14 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2021 წლის 25 ოქტომბერს]

[2] მედია საშუალება „La Tribune“; მასობრივი პროტესტი ალჟირში ბუტეფლიკას მეხუთე ვადის გამო; გამოქვეყნებულია 2019 წლის 2 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.latribune.fr/economie/international/manifestations-massive-en-algerie-contre-un-cinquieme-mandat-de-bouteflika-809355.html [ნანახია 2021 წლის 25 ოქტომბერს]

[3] მედია საშუალება BBC; როგორ გაწირა ალჟირის არმიამ ქვეყნის პრეზიდენტი ძალაუფლების შესანარჩუნებლად; გამოქვეყნებულია 2019 წლის 6 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.bbc.com/news/world-africa-47821980 [ნანახია 2021 წლის 25 ოქტომბერს]

[4] საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Amnesty International“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ალჟირში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 7 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2021 წლის 25 ოქტომბერს]

[5] საერთაშორისო ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია „Freedom House“; ყოველწლიური ანგარიში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების პრაქტიკის შესახებ ალჟირში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 3 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2021 წლის 25 ოქტომბერს]

[6] საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Human Rights Watch“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკის შესახებ ალჟირში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 13 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2021 წლის 25 ოქტომბერს]

ალჟირი. დასაქმება – სამუშაო პირობები და უმუშევრობის დონე. ოქტომბერი, 2021

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ალჟირის შესახებ წერს, რომ სამმხრივი შეთანხმება, რომელიც გაფორმებულია ალჟირის მთავრობას, ბიზნეს სექტორსა და პროფესიულ კავშირს შორის, აწესებს ეროვნულ, ყოველთვიურ მინიმალურ ხელფასს, რომელიც უნდა აღემატება ქვეყანაში არსებულ სიღარიბის ზღვარს. 2020 წლის ივნისში, პრეზიდენტი ტებუნეს მითითებით, შრომის სამინისტრომ მინიმუმალური სახელფასო ზღვარი გაზარდა 18-დან 20 ათას ალჟირულ დინარამდე (155 აშშ დოლარი). ასევე, გაუქმდა საგადასახადო ვალდებულებები დაბალი შემოსავლის მქონე დასაქმებულებისთვის.

ალჟირში სტანდარტული სამუშაო კვირა 40 საათს გრძელდება და მოიცავს ერთ საათს ყოველდღიურად, რომელიც ლანჩისთვისაა განსაზღვრული. დასაქმებულები, ვინც ზეგანაკვეთურ შრომას ეწევიან, იღებენ დამატებით ანაზღაურებასერთნახევარი ან ორმაგი ოდენობით, იმის გათალისწინებით, ზეგანაკვეთურ შრომას ადგილი ჰქონდა ჩვეულებრივ სამუშაო დღეს თუ დასვენების ან უქმე დღეებში.

კანონმდებლობა ითვალისწინებს შრომით ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტებს, რაც სრულად არ ტარდება პრტაქტიკაში. არ გავრცელებულა ცნობები იმის შესახებ, რომ დასაქმებული დაითხოვეს იმის გამო, რომ თავიდან აირიდა საშიშ სამუშაო პირობები. თუ დასაქმებულები აწყდებიან ასეთ პირობებს, მათ შეუძლიათ ხელახალი მოლაპარაკებები წარმართონ საკუთარი კონტრაქტის შესახებ და საჭიროებისამებრ, მიმართონ სასამართლოსაც. მიუხედავად ასეთი სამართლებრივი მექანიზმებისა, დასაქმებაზე არსებული მაღალი მოთხოვნა, დამსაქმებლებს მუშა ხელის ექსპლოატაციის საშუალებას აძლევს. მთავრობა დამსაქმებლებს ავალდებულებს, შრომის სამინისტროში წარადგინოს დასაქმებულთა მონაცემები და გადაიხადოს სოციალური უსაფრთხოების ბენეფიტები. ანგარიშის მიხედვით, შრომის სამინისტროს არ ჰყავს სათანადო რაოდენობის ინსპექტორები, დარღვევებზე შესაბამისი რეაგირებისთვის.

2020 წლის 20 მარტს მთავრობამ საჯარო მოხელეებისა და კერძო სექტორში დასაქმებულების 50% სავალდებულო შვებულებაში გაუშვა. შვებულება გამოწვეული იყო კოვიდ რეგულაციებით და სრულად იყო ანაზღაურებული. მთავრობის პრიორიტეტს, განსაკუთრებული შვებულების კუთხით, წარმოადგენდნენ ფეხმძიმეები და ის ქალები, რომლებიც შვილებს ზრდიან, ასევე, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები. მთავრობამ განსაკუთრებული შვებულება 24 მარტს კერძო სექტორისთვისაც აამოქმედა. 2020 წლის 2 აგვისტოს მთავრობამ აამოქმედა კანონი, რომლის მიზანიც იყო ჯანდაცვის სექტორის მუშაკთა დაცვა ფიზიკური და ვერბალური თავდასხმებისგან, კოვიდ პანდემიის პირობებში. კანონი აწესებდა სანქციებს ისეთი ძალადობის ფაქტებისთვის, რომელიც მიმართული იყო სახელმწიფო ქონებისა და სამედიცინო აღჭურვილობის დაზიანებისკენ. სასჯელის მაქსიმალური ზომად სამუდამო პატიმრობა განიზაღვრა.[1]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Amnesty International“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ალჟირის შესახებ წერს, რომ შრომითი კანონმდებლობა კვლავ აწესებს შეზღუდვებს პროფესიული კავშირების შექმნაზე. კანონი პროფესიული კავშირების შექმნის უფლებას აძლევს მხოლოდ ალჟირში დაბადებულ ან ბოლო 10 წლის განმავლობაში ალჟირის მოქალაქობის მქონე პირს; ასევე, იკრძალება პროფესიული კავშირების საზღვარგარეთიდან დაფინანსება. ხელისუფლება კვლავ არ არეგისტრირებს დამოუკიდებელ „ალჟირელ მშრომელთა გენერალურ ავტონომიურ კონფედერაციას“, რომელმაც რეგისტრაციაზე პირველი განაცხადი 2013 წელს გააკეთა.[2] საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Freedom House“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ალჟირის შესახებ წერს, რომ ქვეყნის მთავარი პროფესიული კავშირი „ალჟირელთა გენერალური კავშირი“ კრიტიკის ობიექტია მთავრობასთან ახლო კავშირების გამო. კავშირს ადანაშაულებენ მშრომელთა ინტერესების უგულებელყოფაში.[3]

ბიზნესისა და ეკონომიკის გლობალური მონაცემთა ბაზის „The Global Economy“ მონაცემებით, ალჟირში უმუშევრობის დონე 12.8%-ია, რაც ერთი პროცენტით მეტია გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით. კონკრეტულად მამაკაცთა უმუშევრობის ბოლო ხელმისაწვდომი მონაცემი 2019 წლით თარიღდება და 9.6%-ია. 2019 წელს მსოფლიოს 181 ქვეყანაში მამაკაცთა უმუშევრობის საშუალო მაჩვენებელი 6,4% იყო.[4]

[1] USDOS – US Department of State: 2020 Country Reports on Human Rights Practices: Algeria, 30 March 2021

 (accessed on 18 October 2021)

[2] AI – Amnesty International: Amnesty International Report 2020/21; The State of the World’s Human Rights; Algeria 2020, 7 April 2021

 (accessed on 18 October 2021)

[3] Freedom House: Freedom in the World 2021 – Algeria, 3 March 2021

 (accessed on 18 October 2021)

[4] The Global Economy; Business and economic data for 200 countries; Algeria: unemployment and male unemployment; available at: https://www.theglobaleconomy.com/Algeria/Male_unemployment/ [accessed on 18 October 2021]

ალჟირი. ადამიანის უფლებების დაცვა და უსაფრთხოება. ოქტომბერი, 2021

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ალჟირის შესახებ წერს, რომ ალჟირი მრავალპარტიული რესპუბლიკაა, რომლის პრეზიდენტიც, რომელიც სახელმწიფოს მეთაურია, აირჩევა 5-წლიანი ვადით. პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებაა დანიშნოს და გაათავისუფლოს მინისტრთა კაბინეტის წევრები და პრემიერი, რომელიც მთავრობის მეთაურია. 2016 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ, პრეზიდენტი ვალდებულია, პრემიერის დანიშვნამდე კონსულტაციები გაიაროს საპარლამენტო უმრავლესობასთან. პრეზიდენტი აბდელმაჯიდ ტებუნი მოვალეობის შესრულებას შეუდგა 2019 წლის არჩევნების შემდეგ. არჩევნებში ამომრჩეველთა დაახლოებით 40 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა. დამკვირვებლების მიერ არჩევნები შეფასდა როგორც კარგად ორგანიზებული და მნიშვნელოვანი პრობლემებისა და დარღვევების გარეშე ჩატარებული პროცესი; თუმცა, დამკვირვებლები აღნიშნავდნენ სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვებს წინასაარჩევნო პროცესში და გამჭვირვალობის ნაკლებობას ხმების დათვლის პროცესში.

130 ათას-კაციანი ეროვნული ჟანდარმერია და 200 ათას-კაციანი ეროვნული უსაფრთხოების გენერალური დირექტორატი ინაწილებენ პასუხისმგებლობას კანონის უზენაესობისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფის მიმართულებით. შეიარაღებული ძალები პასუხისმგებელია საგარეო უსაფრთხოებაზე და ქვეყნის საზღვრების დაცვაზე; არმიას, ასევე, აქვს გარკვეული პასუხისმგებლობები საშინაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებითაც. სამოქალაქო ხელისუფლება, ზოგადად, ეფექტიანად აკონტროლებს უსაფრთხოების სამსახურებს. უსაფრთხოების სამსახურის წევრები, რიგ შემთხვევებში, არღვევენ ადამიანის უფლებებს. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სამოქალაქო, უსაფრთხოების ან სამხედრო პირების მიმართ ადგილი არ ჰქონია სისხლისამართლებრივ დევნას ან მათ პასუხისგებაში მიცემას სავარაუდო დარღვევების გამო.

ალჟირში ადამიანის უფლებათა მნიშვნელოვანი დარღვევის ფაქტები მოიცავს თვითნებურ დაკავებებს, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებებს, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ნაკლებობას, უკანონო ჩარევას პირად ცხოვრებაში. ასევე, მნიშვნელოვანი შეზღუდვებია მედიისა და გამოხატვის თავისუფლების კუთხით, მათ შორის, ჟურნალისტების დაპატიმრებები და ინტერნეტ გვერდების აკრძალვები. შეზღუდვებია დაწესებული შეკრების თავისუფლების კუთხითაც. მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ლტოლვილების დაბრუნება იმ ქვეყნებში, სადაც ისინი სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის რისკის წინაშე არიან. ალჟირში, ასევე, პრობლემაა კორუფცია და ქალთა მიმართ ძალადობა, რაც უმეტესად დაუსჯელი რჩება. პრობლემაა ასევე ტრეფიკინგი, ბავშთა შრომის მძიმე ფორმები და მნიშვნელოვანი შეზღუდვები მშრომელთა ასოციაციების ფორმირების უფლების კუთხით.

ხელისუფლება დგამს ნაბიჯებს, რათა გამოიძოს, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს ან დასაჯოს საჯარო მოხელეები, ვინ სჩადიან დანაშაულს, განსაკუთრებით კორუფციის კუთხით. პოლიციისა და უსაფრთხოების ძალების წევრების დაუსჯელობა პრობლემად რჩება, თუმცა მთავრობა ატარებს რიგ ღონისძიებებს იმ მოხელეების მიმართ, ვინც სჩადის დანაშაულს.[1]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Amnesty International“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ალჟირის შესახებ წერს, რომ ხელისუფლება განაგრძობს მშვიდობიანი დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაკავებებს და სისხლისსამართლებრივ დევნას. 2019 წლის არჩევნების შემდეგ ალჟირში დაიწყო მასობრივი საპროტესტო გამოსვლები, რომელიც „ჰირაკის“ სახელით გახდა ცნობილი. დემონსტრანტები რადიკალურ დემოკრატიულ ცვლილებებს ითხოვდნენ. აქციები 2020 წლის დასაწყისშიც გაგრძელდა, შემდეგ კი, კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, შეჩერდა. აღნიშნული დემონსტრაციების მონაწილეები ასევე აწყდებოდნენ შევიწროვებას [დაკავებები, გასამართლება] ხელისუფლების მხრიდან.

ახალმა კონსტიტუციამ გააუმჯობესა ქალთა უფლებების დაცვა, მაგრამ დააწესა შემზღუდველი რეგულაციები სიტყვის თავისუფლებაზე რელიგიისა და კულტურული საკითხების კონტექსტში. ხელისუფლება ზღუდავს ქრისტიანული ეკლესიების ფუნქციონირებას და ავიწროვებს აჰმადიების რელიგიურ ჯგუფს. დისკრიმინაციული მიდგომები ქალთა მიმართ, როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე რეალურ ცხოვრებაში, გრძელდება; მაღალია, ასევე, გენდერზე დაფუძნებული ძალადობისა და ფემიციდის შემთხვევები. ერთსქესიანთა ქორწინება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია და აღნიშნული „დანაშაულისთვის“ დაპატიმრებებს ალჟირში ადგილი ჰქონდა 2020 წელსაც. პროფესიული კავშირების შექმნის უფლება კვლავ შეზღუდულია.[2]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანზიაცია „Freedom House“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშშ ალჟირის შესახებ წერს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური საკითები, უკვე დიდი ხანია, ჩაკეტილი ელიტის კონტროლის ქვეშაა. აღნიშნული ელიტა შედგება სამხედროებისა და მმართველი პარტიისგან [ეროვნული გამათავისუფლებელი ფრონტი]. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში წარმოდგენილნი არიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, არჩევნების სანდოობას ეჭვის ქვეშ აყენებს სხვადასხვა სახის თაღლითობები და პროცესის გაუმჭვირვალობა. ანგარიშს მიხედვით, ქვეყანაში, სერიოზულ პრობლემებად რჩება ქუჩის პროტესტის ჩახშობა, სამართლებრივი შეზღუდვები მედია თავისუფლებაზე და ყოვლისმომცველი კორუფცია. „ჰირაკის“ პროტესტმა დიდი ზეწოლა მოახდინა რეჟიმზე, რომელმაც განსხვავებული აზრის მქონე პირთა დარბევა დაიწყო.[3] საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ალჟირის შესახებ წერს, რომ „ჰირაკის“ პროტესტმა პრეზიდენტი აბდელაზიზ ბოუტეფლიკა აიძულა, გადამდგარიყო. 2019 წლის დეკემბერში საპრეზიდენტო არჩევნებში აბდელმაჯიდ ტებუნმა გაიმარჯვა და მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნოდ დიალოგის პირობას სდებდა, მისი გაპრეზიდენტების შემდეგაც გაგრძელდა დემონსტრანტების, აქტივისტებისა და ჟურნალისტების დაპატიმრებები. ხელისუფლება კვლავ განაგრძობს „ჰირაკის“ პროტესტის რეპრესიებს.[4]

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების ჟენევის აკადემიის პროექტის „კანონის უზენაესობა შეიარაღებულ კონფლიქტებში“ (RULAC) მიხედვით, ალჟირის ტერიტორიაზე ადგილი არ აქვს საერთაშორისო ხასიათის ან შიგა შეიარაღებულ კონფლიქტს. ასევე, ალჟირი არ არის ჩართული საერთაშორისო ან სხვა სახის შეირაღებულ კონფლიქტში რომელიმე სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე.[5]

[1] USDOS – US Department of State: 2020 Country Reports on Human Rights Practices: Algeria, 30 March 2021

 (accessed on 18 October 2021)

[2] AI – Amnesty International: Amnesty International Report 2020/21; The State of the World’s Human Rights; Algeria 2020, 7 April 2021

 (accessed on 18 October 2021)

[3] Freedom House: Freedom in the World 2021 – Algeria, 3 March 2021

 (accessed on 18 October 2021)

[4] HRW – Human Rights Watch: World Report 2021 – Algeria, 13 January 2021

 (accessed on 18 October 2021)

[5] The Rule of Law in Armed Conflicts project RULAC; Geneva Academy of International Humanitarian Law and Human Rights; Algeria; available at: https://www.rulac.org/browse/map [accessed on 18 October 2021]

ალჟირი. უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება. მაისი, 2020

ჟენევის აკადემიის პროექტის RULAC – „კანონის უზენაესობა შეიარაღებული კონფლიქტისას (Rule of Law in Armed Conflicts) მიხედვით, დღევანდელი მდგომარეობით, ალჟირში როგორც საერთაშორისო, ასევე, შიდა ტიპის შეიარაღებული კონფლიქტი – არ ფიქსირდება.[1]

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის ოფისმა 2020 წლის 21 მაისს  გამოაქვეყნა განახლებული რუქა, სადაც აღწერილია მოგზაურთათვის ალჟირში მოგზაურობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებული რჩევები. რუქაზე წითლად აღნიშნულია ზონა, სადაც ტურისტებს ურჩევენ საერთოდ არ იმოგზაურონ;  ყვითლად აღნიშნულია ზონა, სადაც ტურისტებს ურჩევენ იმოგზაურონ მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში; მწვანე ფრად აღნიშნულია ზონა, სადაც მოგზაურობა ნებადართულია რჩევების გათვალისწინებით.

ოფისი მოუწოდებს ბრიტანეთის მოქალაქეებს, კატეგორიულად შეიკავონ თავი ლიბიის, მავრიტანიის, მალისა და ნიგერის საზღვრებთან 30 კილომეტრიან მიმდებარე ზონაში, ასევე, ტუნისის საზღვართან – ილიზისა და ოურაგალას პროვინციებში. ქვეყნის დანარჩენი ტერიტორია ხვდება ე.წ. ყვითელ ზონაში, რაც ნიშნავს, რომ აღნიშნულ რეგიონებში მოგზაურობა დასაშვებია მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.[2]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ალჟირში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ქვეყანაში წესრიგსა და შინაგან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც წარმოდგენილია „ეროვნული პოლიციის“ 200 000 თანამშრომლით და 130 000 მუშაკისგან შემდგარი „ეროვნული ჟანდარმერია“, რომელიც ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ემორჩილება. ქვეყნის საგარეო უსაფრთხოებასა და საზღვრების დაცვაზე პასუხისმგებელია ალჟირის არმია. ანგარიშის მიხედვით, სამოქალაქო ინსტიტუციები, როგორც წესი, ინარჩუნებდნენ ეფექტურ კონტროლს უსაფრთხოების ძალებზე.

2019 წლის 22 თებერვლიდან მოყოლებული, მთლიანი ქვეყნის მასშტაბით ადგილი ჰქონდა მასშტაბურ დემონსტრაციებს, რომლის მონაწილეებიც სამთავრობო ცვლილებებს მოითხოვდნენ. აღნიშნული პროტესტები, საკუთარი გეოგრაფიული გავრცელებითა და  მასშტაბით, 2002 წლის ალჟირის სამოქალაქო ომის შემდეგ, ყველაზე დიდი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას და, ზოგჯერ, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიებიც იქნა გამოყენებული, მთავრობამ შეინარჩუნა კონტროლი სიტუაციაზე და მაქსიმალურად თავიდან აირიდა სამოქალაქო დანაკარგები. შედეგად, დაფიქსირდა მხოლოდ ერთი გარდაცვლილი პირი.

მიმდინარე საანგარიშო პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირებულ სერიოზულ უფლებათა დარღვევებს შორის იყო: უკანონო და თვითნებური მკვლელობის შემთხვევები; თვითნებური დაკავებები; პოლიტიკური პატიმრები; დამოუკიდებელი სასამართლოს კუთხით პრობლემები; პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევა; კანონმდებლობა, რომლითაც სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადია დეფამაცია და, ასევე, შეზღუდულია გამოხატვის კონკრეტული ფორმები; პრესის თავისუფლების კუთხით არსებული შეზღუდვები; კონკრეტული ვებ-გვერდების ბლოკირება; შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვა, განსაკუთრებით – რელიგიური უმცირესობების მიმართ; ლტოლვილთა წარმოშობის ისეთ ქვეყანაში გაძევება, სადაც ისინი შესაძლოა დაექვემდებარონ სასიკვდილო სასჯელს; კორუფცია; პირთა ტრეფიკინგი; უსაფრთხოების ძალების მხრიდან ლგბტი პირების მიმართ ძალადობა და ა.შ.[3]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ალჟირში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, ალჟირში, 1962 წელს ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, ყველაზე დიდი და ხანგრძლივი ანტი-სამთავრობო დემონსტრაციები დაფიქსირდა. 22 თებერვლიდან მოყოლებული, ალჟირელები ყოველ პარასკევ დღეს გადიოდნენ დედაქალაქისა და სხვა დიდი ქალაქების ქუჩებში და აპროტესტებდნენ პრეზიდენტი აბდელაზიზ ბოუტეფიკას მეოთხე ვადით არჩევას. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი 2 აპრილს თანამდებობიდან გადადგა, დემონსტრანტები მოითხოვდნენ უფრო დემოკრატიული რეჟიმის არჩევას.

ანგარიშის მიხედვით, პროტესტების საპასუხოდ, ქვეყნის მთავრობამ დაშალა მშვიდობიანი დემონსტრაციები, თვითნებურად დააკავა დემონსტრანტები, დაბლოკა პოლიტიკური და უფლებადამცველთა მიერ ორგანიზებული ღონისძიებები და დააპატიმრა მისდამი კრიტიკულად განწყობილი პირები.[4]

არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House ალჟირში ზოგადი უფლებებისა და თავისუფლებების კუთხით სიტუაციის შესახებ 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, ქვეყანა ინდექსით – 34 ქულა 100-დან, კვალიფიცირებულია, როგორც „არა-თავისუფალი“.

ანგარიშის მიხედვით, ალჟირში პოლიტიკური სიტუაციას აკონტროლებს სამხედრო ელიტა და მმართველი პარტია „ეროვნული განმათავისუფლებელი ფრონტი“ (FLN). მართალია, ქვეყნის პარლამენტში ბევრი ოპოზიციური პარტიაცაა შესული, თუმცა, როგორც წესი, არჩვენებში გაყალბება ხშირია და თვითონ საარჩევნოც პროცესიც გამჭირვალე არაა. უფლებების კუთხით მნიშვნელოვანი დარღვევები ფიქსირდება, კერძოდ, ადგილი აქვს მედიაზე დაწესებულ სამართლებრივ შეზღუდვებს, ფართოდ გავრცელებულ კორუფციასა და ქუჩაში პროტესტების ჩახშობას. 2019 წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა “ჰირაკის საპროტესტო მოძრაობის” გავლენა, რამაც, საბოლოოდ, პრეზიდენტი აბდელაზიზ ბოუტეფლიკას თანამდებობიდან გადადგომა გამოიწვია.[5]

არასამთვრობო ორგანიზაცია Amnesty International საკუთარ უახლეს ანგარიშში ალჟირის შესახებ წერდა, რომ ზოგჯერ, მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციებისას, უსაფრთხოების ძალები იყენებდნენ არა-აუცილებელ ან გადამეტებულ ძალას დემონსტრანტთა დასაშლელად. მათ ასევე თვითნებურად დააკავეს ასობით აქციის მონაწილე, ხოლო ზოგიერთი მათგანი  დაპატიმრებასაც დაექვემდებარა. ანგარიშის მიხედვით, უსაფრთხოების ძალები აწამებდნენ ან სხვა ტიპის არასათანადო მოპყრობას უქვემდებარებდნენ აქტივისტებს. ალჟირის მთავრობამ, მიმდინარე წელს დახურა 9 ქრისტიანული ეკლესია. უსაფრთხოების ძალები, ასევე, აკავებდნენ და ზოგჯერ, იძულებით, ალჟირის სამხრეთსა თუ სხვა უცხო ქვეყნებში აძევებდნენ სუბ-საჰარელ მიგრანტებს. კანონის ძალით, კვლავ აკრძალული იყო იგივე სქესის პირთა შორის სექსუალური ურთიერთობა. ასევე, უსამართლოდ შეზღუდული იყო პროფესიული კავშირების შექმნა. მიმდინარე საანგარიშო პერიოდში, დაფიქსირდა სასამართლოს მიერ პირთათვის სასიკვდილო სასჯელის მისჯა, თუმცა, ადგილი არ ჰქონდა მათი აღსრულების არც ერთ შემთხვევას.[6]

[1] Geneva Academy – RULAC – Rule of Law in Armed Conflicts; available at http://www.rulac.org/browse/map [accessed 25 May 2020]

[2] United Kingdom Foreign and Commonwealth Office – Foreign travel advice: Algeria; published on 21 May 2020; available at https://www.gov.uk/foreign-travel-advice/algeria [accessed 25 May 2020]

[3] United States Department of State – Country Report on Human Rights Practices 2019 – Algeria; published in March 2020; available at

[accessed 25 May 2020]

[4] Human Rights Watch – “World Report 2020 – Algeria”; published in January 2020; available at

[accessed 25 May 2020]

[5] Freedom House – Freedom in the World 2020 – Algeria; published in March 2020; available at

[accessed 26 May 2020]

[6] Amnesty International – Human rights in the Middle East and North Africa: Review of 2019; Algeria; published in February 2020; available at

[accessed 26 May 2020]

ალჟირი. ეთნიკურად ებრაელთა მიმართ დამოკიდებულება. მაისი, 2020

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ალჟირში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ალჟირში ეთნიკურად ებრაული პოპულაცია 200 ადამიანზე ნაკლებია. ანგარიშის მიხედვით, რელიგიური და სამოქალაქო საზოგადოებრივი ლიდერები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ებრაული თემი აწყდებოდა არა-ოფიციალურ, რელიგიურად მოტივირებულ დაბრკოლებებს საჯარო სექტორში დასაქმების კუთხით. მათ მიმართ, ასევე, ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ გართულებებს საჯარო სერვისების მიღებისას და, ზოგადად, სამთავრობო ბიუროკრატიულ აპარატთან ურთიერთობისას.[1]

აშშ-ის რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების კომისია ალჟირის შესახებ 2020 წლის აპრილში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ ალჟირის ებრაული თემმა, თითქმის სრული კოლექტივით დატოვა ქვეყანა 1962 წელს ალჟირის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ განვითარებული მოვლენების გამო, რაც ძირითადად, მათ წინააღმდეგ მიმართული  სახალხო დემონსტრაციებითა და მთავრობის მიერ მათი დევნით იყო განპირობებული. 2014 წელს, ალჟირის ხელისუფლებამ დადო პირობა, რომლის თანახმადაც, ხელახლა უნდა გახსნილიყო 1967-68 წლებში წართმეული სინაგოგები (რომელთაგან ბევრი უკვე მეჩეთად ან ეკლესიად იყო გადაკეთებული). მიუხედავად აღნიშნულისა, 2014 წლის შემდგომ დღემდე, ამ კუთხით ნაბიჯები თითქმის არ გადადგმულა.[2]

საერთაშორისო ორგანიზაცია – World Jewish Congress, რომელიც მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ებრაული თემის ინტერესებს წარმოადგენს, მიხედვით, ისტორიულად,  ეთნიკურად ებრაელები ალჟირის ტერიტორიაზე ძველი რომაული პერიოდიდან მოყოლებული – მე-20 საუკუნის ადრეული 60-იან წლებამდე ცხოვრობდნენ. ორგანიზაციის მიხედვით, დღესდღეობით, ალჟირში ებრაული თემი, როგორც ასეთი – არ არსებობს. დეტალურად, თუ რამდენი ეთნიკურად ებრაელი ბინადრობს ამჟამად ალჟირში უცნობია, თუმცა, ექსპერტების გათვლით, საქმე გვაქვს მხოლოდ რამდენიმე პირთან, რომლებიც როგორც წესი, საკუთარ იდენტობას მალავენ.

ალჟირსა და ისრაელს არ აქვთ დიპლომატიური ურთიერთობები. ალჟირი, ქვეყნის საზღვრებს შიგნით არ უშვებს ისრაელის მოქალაქეებს, ან ისრაელის მიერ გაცემული ნებისმიერი ტიპის ვიზის მქონე პირებს. მოცემული ინფორმაციის მიხედვით, 1948 წლის შემდეგ, ალჟირიდან ისრაელში დაახლოებით 25 000-ზე მეტი პირი დაბრუნდა.[3]

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებში, სხვა დამატებითი ინფორმაცია საკვლევ კითხვაში მოცემული საკითხის გარშემო, არ იძებნება. მათ შორის, ავტორიტეტული სამთავრობო თუ არასამთვრობო ორგანიზაციები, საკუთარ შესაბამის ანგარიშებში, თითქმის არაფერს წერენ ალჟირში ეთნიკურად ებრაელი პირების მდგომარეობის შესახებ.

[1] United States Department of State – Country Report on Human Rights Practices 2019 – Algeria; published in March 2020; available at

[accessed 25 May 2020]

[2] USCIRF – US Commission on International Religious Freedom – Annual Report on Religious Freedom 2020 – Algeria; published in April 2020; available at

[accessed 26 May 2020]

[3] World Jewish Congress – Algeria; page last updated in 2018; available at https://www.worldjewishcongress.org/en/about/communities/DZ [accessed 26 May 2020]