დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 1-7 თებერვალი, 2020

ერაყის პრემიერად მუჰამედ ალავი დაინიშნა – მის კანდიდატურაზე ქვეყნის პარლამენტის ფრაქციები შეთანხმდნენ, რომლებსაც პრეზიდენტმა ვადა 1-ელ თებერვლამდე მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში თანამდებობაზე სალეჰის მიერ შერჩეული ადამიანი დაინიშნებოდა. 65 წლის ალავის, რომელიც კავშირგაბმულობის მინისტრი იყო, მთავრობის ჩამოსაყალიბებლად 1 თვე აქვს. ერაყის პრემიერმინისტრის პოსტი ვაკანტური 2019 წლის ნოემბერში გახდა, როცა საპროტესტო აქციების გამო პოსტი აბდელ მაჰდიმ დატოვა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ალავიმ პირობა დადო, რომ დემონსტრანტების მოთხოვნებს გაითვალისწინებს. პარლამენტი მის კანდიდატურას კენჭს უახლოეს სხდომაზე უყრის. არეულობა ერაყში 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო. დემონსტრანტები ქვეყანაში კორუფციის დასრულებას ითხოვენ. საპროტესტო აქციების მსვლელობისას 500-მდე ადამიანი დაიღუპა.[1]

სირიის კრიზისი – აშშ-მა სირიაში არსებული ორი უმსხვილესი სამხედრო ბაზის გაფართოება გადაწყვიტა. ამ ნაბიჯით ვაშინგტონს რეგიონის ნავთობის საბადოებთან თავისი წარმომადგენლობის შენარჩუნება სურს. საუბარია ჰასაკის პროვინციაში არსებულ „ომარის“ და „თალ ბაიდარის“ ბაზებზე. ამერიკელმა სამხედროებმა ბაზების გაფართოების სამუშაოები უკვე დაიწყეს. კერძოდ, „ომართან“ უკვე განლაგებულია შესაბამისი ტექნიკა. „თალ ბაიდარის“ გაფართოების მიზნით კი ვაშინგტონმა ბაზის მახლობლად მდებარე ტერიტორია შეიძინა.[2]

რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ბაშარ ასადის ძალების მიერ იდლიბის პროვინციაში განხორციელებულ ავია იერიშებს 9 სამოქალაქო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთაგან 7 ადამიანი ერთი ოჯახის წევრია. სირიის სამთავრობო ძალების იერიშებს მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა ქალაქ ბინიშში, ხოლო რუსი სამხედროების რეიდს ქალაქ ატარებში ქალის სიცოცხლე შეეწირა. ბოლო პერიოდში, მოსკოვის მხარდაჭერილმა სირიის სამთავრობო ძალებმა გააძლიერეს დარტყმები იმ რეგიონში, სადაც ჯიჰადისტები დომინირებენ. ავია დარტყმების შედეგად ათასობით ადამიანს სახლის დატოვება მოუწია.[3]

იდლიბის პროვინციაში სირიის სამთავრობო ძალების მიერ განხორციელებული იერიშების შედეგად, ოთხი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო 9 დაიჭრა. თურქეთის ცნობით, საპასუხო ცეცხლს 35 სირიელი სამხედრო ემსხვერპლა. იდლიბში ოპოზიციის კონტროლის ქვეშ არსებულ ბოლო დასახლებულ პუნქტში, სირიის სამთავრობო ძალებისა და მისი მხარდამჭერი რუსი სამხედროების იერიშების გამო ათასობით ადამიანმა დატოვა სახლი. დევნილთა ნაწილმა თურქეთის საზღვრებისკენ გადაინაცვლა, რომელიც მხარს ოპოზიციის ძალებს უჭერს. რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქმა ჯარისკაცებმა რეჟიმის მხარდამჭერი 46 სამხედრო ამოიღეს მიზანში და შეუტიეს. მისი თქმით, ჯამში 30-35 სირიელი განეიტრალდა. სირიის საინფორმაციო სააგენტო SANA-ის განცხადებით კი თურქეთის იერიშებს სირიის მხრიდან მსხვერპლი არ მოჰყოლია. რუსეთი და თურქეთი იდლიბში დეესკალაციის ზონების შექმნის შესახებ 2018 წლის შეთანხმდნენ. მორიგი შეთანხმება კი მხარეებმა სოჭში, 2019 წელს გააფორმეს, როცა თურქეთმა სირიაში ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ განახორციელა, თუმცა იდლიბში იერიშები ორივე მხრიდან გრძელდება.[4]

თურქეთის პრეზიდენტმა სირიის მთავრობას ულტიმატუმი წაუყენა. რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალური დამასკოსგან იდლიბის პროვინციაში სირიული ჯარის თურქული საგუშაგოების ტერიტორიიდან გაყვანას ითხოვს. მან სირიის მთავრობას ჯარის გასაყვანად დრო თებერვლის ბოლომდე მისცა. „იმედი გვაქვს, რომ ჯარის გაყვანის პროცესი თებერვლამდე დასრულდება. თუ რეჟიმი ამ დროისთვის ამას ვერ მოახერხებს, თურქეთს ამ საქმის გაკეთება თავად მოუწევს“, – განცხადა პრეზიდენტმა. სირია რუსეთის ავიაციის მხარდაჭერით იდლიბში მასშტაბურ ოპერაციას ახორციელებს. ეს უკანასკნელი რეგიონია ქვეყანაში, რომელსაც თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები აკონტროლებენ. ერთერთი ოპერაციის დროს სირიელმა ჯარისკაცებმა 8 თურქი სამხედრო მოკლეს. ანკარამ საპასუხო დარტყმა განახორციელა და ახალი, მყისიერი ქმედებებით დაიმუქრა. ერდოღანის თქმით, შეტევების შედეგად თურქეთისკენ და მის მიერ კონტროლირებად სირიულ ტერიტორიისკენ უკვე თითქმის მილიონი ადამიანი მოძრაობს. „არავის აქვს უფლება ასეთი ტვირთი დაგვადოს მხრებზე“, – თქვა თურქეთის პრეზიდენტმა. თურქეთს სირიის ტერიტორიაზე ე.წ. „დეესკალაციის ზონაში“ 12 საგუშაგო აქვს, რომლებიც 2017 წლის ხელშეკრულებით არის განთავსებული. ერდოღანის თქმით, 2 საგუშაგო სირიის სამთავრობო ძალების საფრონტო ხაზს მიღმა მოექცა.[5]

იემენში ალ-ქაიდას ერთერთი დამფუძნებელი მოკლეს – ამერიკელებმა იემენში ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად ყასიმ ალ-რიმი მოკლეს, რომელიც არაბეთის ნახევარკუნძულზე „ალ-ქაიდას“ მეთაურობდა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა განაცხადა. მისივე თქმით, ალ-რიმის ამერიკელების წინააღმდეგ არაერთი თავდასხმის განხორციელება ჰქონდა დაგეგმილი, მისი სიკვდილი კი „ალ-ქაიდას“ მნიშვნელოვნად დაასუსტებს. ყასიმ ალ-რიმი „ალ-ქაიდას“ ერთერთი დამფუძნებელი და ორგანიზაციის ლიდერის, აიმან ალ-ზავაჰირის მოადგილე იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ყასიმ ალ-რიმი იემენის ქალაქ მარიბში დრონით განხორციელებული იერიშის შედეგად მოკლეს.[6]

[1] DW; Iraqi president appoints Mohammed Allawi as PM; 1st February, 2020; available at: https://www.dw.com/en/iraqi-president-appoints-mohammed-allawi-as-pm/a-52227661

[2] იმედის ახალი ამბები; აშშ სირიაში სამხედრო ბაზებს აფართოებს; 2 თებერვალი, 2020; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/126781/anadolu-ashsh-siriashi-arsebul-samkhedro-bazebs-apartoebs

[3] France 24; Air strikes in northwest Syria kill 9 civilians; 2 February, 2020; available at: https://www.france24.com/en/20200202-air-strikes-in-northwest-syria-kill-9-civilians-monitor

[4] BBC; Turkish soldiers killed in Syrian army shelling in Idlib; 3 February, 2020; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-51354545

[5] Reuters; Turkey’s Erdogan demands Syrian forces in Idlib withdraw; 5 February, 2020; available at: https://www.reuters.com/article/us-syria-security-turkey/turkeys-erdogan-demands-syrian-forces-in-idlib-withdraw-idUSKBN1ZZ14L

[6] White House; Statement from the President; 6 February, 2020; available at: https://www.whitehouse.gov/briefings-statements/statement-from-the-president-13/

მსოფლიო. ნუსრას ფრონტი (ჯაბჰათ ფათაჰ ალ-შამ). დეკემბერი, 2017

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის არაკომერციული, არაპარტიული, საერთაშორისო პოლიტიკის ორგანიზაცია „Counter Extremism Project“ (CEP)  ნუსრას ფრონტის დაარსების და საქმიანობის შესახებ აქვეყნებს დეტალურ ინფორმაციას:

სახელი: ნუსრას ფრონტი (ჯაბჰათ ფათაჰ ალ-შამ)

ორგანიზაციის ტიპი: მეამბოხე არასახელმწიფო აქტორი, ტერორისტული, ტრანსნაციონალური, ძალადობრივი.

იდეოლოგია და წევრობა: ალ-ქაიდას შვილობილი დაჯგუფება; ისლამისტური ჯიჰადი; კუტბისტურ სალაფიტური სუნიზმი.

წარმოშობის ადგილი: სირია, ერაყი.

დაარსების წელი: ჩამოყალიბდა 2011 წელს, ოფიციალურად გამოცხადდა 2012 წლის იანვარში.

დამფუძნებლები: აბუ მუჰამმად ალ-გოლანი, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი.

მოქმედების არეალი: სირია და ლიბანი

ასევე ცნობილია შემდეგი სახელწოდებებით:

  • ალ-ნუსრას ფრონტი
  • ალ-ნუსრას ფრონტი ლევანტის დაცვისთვის
  • ალ-ნუსრას ფრონტი ლევანტის ხალხისთვის
  • ალ-ნუსრას ფრონტი ლიბანში
  • ანსარ ალ-მოჯაჰედინას ქსელი
  • ჰაიათ თაჰრირ ალ-შამ
  • ჯაბჰათ ალ-ნუსრა
  • ჯაბჰათ ალ-ნუსრა ლი-აჰლ ალ-შამ
  • ჯაბჰათ ალ-ნუსრა ლი-აჰლ ალ-შამ მინ მოჯაჰედინ ალ-შამ ფი საჰათ ალ-ჯიჰად
  • ჯაბჰათ ფათჰ ალ-შამ
  • ლევანტის დაპყრობის ფრონტი
  • ლევანტის მოჯაჰედები ჯიჰადის ბრძოლის ველზე
  • ლევანტის ხალხის მხარდამჭერი ფრონტი
  • თავდაცვის ფრონტი
  • სირიელი ხალხის დაცვის ფრონტი
  • ჯიჰადის ტერიტორიებზე სირიელი მოჯაჰედებისგან სირიელი ხალხის მხარდამჭერი ფრონტი
  • გამარჯვების ფრონტი

ნუსრას ფრონტი – ასევე ცნობილი, როგორც ჯაბჰათ ფათაჰ ალ-შამ (ლევანტის დაპყრობის ფრონტი) – წარმოადგენს საერთაშორისო სანქცირებულ ტერორისტულ დაჯგუფებას, რომელიც სირიაში რიგით მეორე ყველაზე ძლიერი მეამბოხე დაჯგუფებაა ისლამური სახელმწიფოს (ISIS) შემდეგ და ასევე, ალ-ქაიდას  ყოფილი  ღიად გაცხადებული შვილობილი დაჯგუფება. მის მიზანს წარმოადგენს ასადის რეჟიმის შეცვლა ისლამური სახელმწიფოთი. 2017 წლის იანვრიდან, მოქმედებს ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის კოალიციის ფარგლებში, რის გამოც ადანაშაულებენ, რომ, როგორც ბაზა, ემსახურება ალ-ქაიდას გლობალურ ოპერაციებს. 2011 წლიდან მოყოლებული, ნუსრას ფრონტმა თანდათანობით დაიმკვიდრა ტერიტორიები სირიის მასშტაბით. 2017 წლის დასაწყისისთვის ნუსრას ფრონტის კონტროლის ქვეშ იყო ტერიტორიები სირიის ჩრდილოეთით, დასავლეთით და სამხრეთით, მათ შორის იდლიბის პროვინციის დიდი ნაწილი.

ალ-ქაიდასგან გამოყოფის განცხადებამდე, წლების განმავლობაში, გოლანი ადასტურებდა აღნიშნული დაჯგუფებისადმი ერთგულებას. ნუსრას ფრონტის დამაარსებელი,  ISIS-ის ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი, აცხადებს, რომ გოლანი და სხვები – იმ დროისთვის ერაყის ალ-ქაიდის (AQI)  მებრძოლები – სწორედ მან გადაიყვანა სირიაში 2011 წელს, იმ მიზნით, რომ სამოქალაქო ომის შედეგად გამოწვეული ძალაუფლების ვაკუუმში უპირატესობა მოეპოვებინათ. 2013 წლის აპრილში, მას შემდეგ, რაც ალ-ბაღდადი ცალმხრივად აცხადებდა ნუსრას ფრონტის AQI-ის შემადგენლობაში გაერთიანებას, რომელიც დღეს ISIS-ის სახელითაა ცნობილი, გოლანმა გაწყვიტა კავშირები ბაღდადთან და დაადასტურა ცენტრალური ალ-ქაიდისადმი ერთგულება.

დასაწყისიდანვე ალ-ქაიდას ოფიციალურად აღიარებულმა შვილობილმა დაჯგუფებამ ნუსრას ფრონტმა განაცხადა, რომ მთლიანად გამოეყო საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციას. 2016 წლის 28 ივლისს, ალ ქაიდამ გამოაქვეყნა აუდიო განცხადება, სადაც ნუსრას ფრონტს აძლევდა მათგან გამოყოფის ფორმალურ ნებართვას. ნუსრას ფრონტის ლიდერმა აბუ მუჰამმად ალ-გოლანმა მადლობა გადაუხადა მოძმე ალ-ქაიდას მმართველებს და ოფიციალურად გამოაცხადა გამოყოფა, რის შემდეგაც გადაირქვა სახელწოდება და ჯაბჰათ ალ-ნუსრას (გამარჯვების ფრონტი) ნაცვლად, დაირქვა ჯაბჰათ ფათაჰ ალ-შამ (ლევანტის დაპყრობის ფრონტი). ანალიტიკოსები დიდი ხნით ადრე ვარაუდობდნენ, რომ ალ-ქაიდასგან გამოყოფა, რომელიც ხელოვნურია, ნუსრას ფრონტს საშუალებას მისცემდა უფრო მეტი დაფინანსება მოეზიდა სპარსეთის ყურის ქვეყნებისგან, როგორიცაა კატარი, მოეპოვებინა ადგილობრივი მხარდაჭერა და საკუთარი თავი წარმოედგინა, როგორც ლეგიტიმური მეამბოხე დაჯგუფება სირიაში. ნუსრას ფრონტმა სწორედ აღნიშნული სტრატეგია აირჩია, 2017 წლის 28 იანვარს განაცხადა, რომ მისი გამოყოფა მოხდა იმის გამო, რომ შეერთებოდა სირიის უფრო დიდ ისლამისტურ გაერთიანებას, ჰაიათ თაჰრირ ალ-შამს (ლევანტის გათავისუფლების ასამბლეა, იგივე HTS), რომელსაც ხელმძღვანელობდა ყოფილი ისლამისტური ფრაქციის აჰრარ ალ-შამის ლიდერი, ჰაშიმ ალ-შეიხი. HTS არის კოალიცია, რომელიც, ათობით პატარა ისლამისტური დაჯგუფებების და სეკულარული თავისუფალი სირიის არმიის გვერდით, აერთიანებს ხუთ ძირითად ისლამისტურ ფრაქციას – ნუსრას ფრონტს, ჰარაქათ ნურ ალ-დინ ალ-ზენქის, ლივა ალ-ჰაქქის, ანსარ ალ-დინს და ჯაიშ ალ-სუნნას – რომელთა სამხედრო მიმართულებასაც ხელმძღვანელობს გოლანი.

სირიაში ადგილობრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად, ნუსრას ფრონტი იყენებს ალ-ქაიდასთან დაკავშირებული ჯიჰადისტის, აბუ მუსაბ ალ-სურის, სამხედრო და მოქმედების არეალის სტრატეგიებს, როგორიცაა სირიაში დაფუძნებულ მრავალრიცხოვან კოალიციებში მონაწილეობა, ასევე თანამშრომლობა სხვა ისლამისტებთან და ზოგჯერ, სეკულარულ მეამბოხე ჯგუფებთან, რათა ერთობლივი თავდასხმები განახორციელონ ასადის შეიარაღებულ ძალებზე. ნუსრას ფრონტი, ამჟამად უკვე  HTS, ასევე ხელმძღვანელობს სამოქალაქო ადმინისტრაციულ ფრთას „საჯარო სერვისების ადმინისტრაციას“, რომელიც უზრუნველყოფს საბაზისო ადმინისტრაციულ საჭიროებებს და უსაფრთხოებას. ასევე, ისლამური სამართლის სხვადასხვა ფორმით მართავს მეამბოხეების კონტროლის ქვეშ არსებულ ზოგიერთ ქალაქს.

დაარსების დღიდან, ნუსრას ფრონტს განხორციელებული აქვს ფორმალური სამხედრო კამპანიები, მკვლელობები, მძევლების აყვანა, „მარტოხელა მგლის“ ოპერაციები, მათ შორის ალ-ქაიდას ცნობილი საფირმო ნიშანი – თვითმკვლელი ტერორისტების აფეთქება. 2013 წლის ივნისის მონაცემებით, ნუსრას ფრონტმა პასუხისმგებლობა აიღო, სირიის სამოქალაქო ომის დროს მომხდარ, 70-დან 57 თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმაზე. აღნიშნულის შემდეგაც, დაჯგუფება აგრძელებდა თვითმკვლელი ტერორისტული ხასიათის თავდასხმებს სირიაში და ასევე, გააფართოვა მოქმედებების არეალი ლიბანშიც, მას შემდეგ, რაც, 2013 წლის შუა პერიოდიდან, ჰეზბოლა შეუერთდა ომს. ლიბანში, ნუსრას ფრონტი აღვივებს სექტარიანულ დაყოფას, რასაც ახორციელებს ბეირუთში სამოქალაქო ცენტრებზე და ჰეზბოლას დასაყრდენ ტერიტორიებზე, როგორიცაა ჰერმელი (ლიბანის ჩრდილო-აღმოსავლეთი საზღვარი სირიასთან) თვითმკვლელი ტერორისტული თავდასხმების გზით.

2016 წლის შუა პერიოდის მონაცემებით, ნუსრას ფრონტი ყველაზე ძლიერ მეამბოხე გასამხედროებულ ძალად მიიჩნევა სირიაში, რომელსაც დაახლოებით 5,000-დან 10,000-მდე მებრძოლი ჰყავს, მათ შორისაა დაახლოებით 7,000 მებრძოლი მხოლოდ იდლიბის პროვინციაში. აღნიშნულმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ, ISIS-ის შემდეგ, ყველაზე დიდი რაოდენობით უცხოელ მებრძოლთა კონტიგენტი მიიზიდა საკუთარ რიგებში.

დოქტრინა

ნუსრას ფრონტი სალაფისტური ჯიჰადის იდეოლოგიის მიმდევარია, რომელიც მიზნად ისახავს საკუთარ კონტროლირებად ტერიტორიებზე ისლამური მმართველობის დამყარებას. 2012 წლის იანვარში, დაჯგუფების ინაუგურაციის ვიდეოში, ნიღბიანი წარმომადგენელი განმარტავდა მათ რეგიონულ მიზნებს. მისი თქმით, ნუსრას ფრონტი წარმოადგენს სირიელ მოჯაჰედებს, რომლებიც ჯიჰადის სხვადასხვა ფრონტიდან გაერთიანდნენ, რათა დედამიწაზე აღადგინონ ღმერთის კანონი [ისლამური სამართალი] და შური იძიონ სირიელების შელახული ღირსებისთვის და დაღვრილი სისხლისთვის.

მას შემდეგ, რაც ნუსრას ფრონტი გამოეყო ალ-ქაიდას, გოლანის განცხადებით, დაჯგუფების ძირითადი მიზნები არ შეცვლილა და ისინი, უკომპრომისოდ, კვლავ აგრძელებენ ჯიჰადს ალ-შამში [სირიაში], რათა ასადის მთავრობა ჩაანაცვლონ შარიათზე (ისლამური სამართალი) დაფუძნებული მმართველობით.

ორგანიზაციული სტრუქტურა

ნუსრას ფრონტი არის, როგორც იერარქიული, ასევე რეგიონული. ისტორიულად, თითოეულ რეგიონს ჰყავს საერთო ლიდერი, იგივე სამხედრო მეთაური და რელიგიური ლიდერი. მთლიანობაში ჯგუფს ხელმძღვანელობს პატარა საკონსულტაციო საბჭო, სახელად მაჯლის-აშ-შურა, რომელსაც სათავეში უდგას ემირი („მეთაური“ ან „პრინცი“), აბუ მუჰამმად ალ-გოლანი. წლების მანძილზე გოლანი ერიდებოდა საჯაროდ სახის გამოჩენას, აქვეყნებდა აუდიო ჩანაწერებს და მედია საშუალებებისთვის მიცემულ პირად ინტერვიუებში მისი სახე მუდამ ბუნდოვანი იყო. 2016 წლის ივლისში,  გოლანი გამოჩნდა ვიდეო ჩანაწერზე, რათა გაეცხადებინა მისი გამოყოფა ალ-ქაიდასგან. 2017 წლის დასაწყისში, გოლანის განცხადებით, იგი განზე გადგა ლიდერის როლის შესრულებისგან, რათა დამორჩილებოდა  HTS-ის კოალიციის ლიდერს, ჰაშიმ ალ-შეიხს, თავად კი დაჯგუფების სამხედრო მეთაურად დაინიშნა. თუმცა, შეიხისადმი ნომინალური პატივისცემის გამოხატვის მიუხედავად, მიიჩნევა, რომ გოლანი ინარჩუნებს, ნუსრას ფრონტის ლიდერის ავტორიტეტს.

დაფინანსება

დაარსებიდან (2011 წლიდან) ნუსრას ფრონტი კარგ დაფინანსებას იღებს. 2016 წლის აგვისტოსთვის, დაჯგუფებამ საკმაოდ დიდი დაფინანსება მიიღო სხვადასხვა საშუალებებით, მათ შორის გადასახადებით, ტარიფებით, ჯარიმებით, გამოსასყიდებით, საერთაშორისო შემოწირულობებით, ნავთობის გაყიდვით, ძარცვით და კონტრაბანდით.

ნუსრას ფრონტის შემოსავლის ყველაზე სტაბილური წყაროა გადასახადები, ტარიფები და ჯარიმები, რომელსაც ის ადგილობრივ მოსახლეობას უწესებს. გადასახადებში იგულისხმება, შემოსავალი, ბიზნესი, მომსახურება და კომუნალური გადასახადები, მათ შორის წყალზე და ელექტროენერგიაზე წვდომა. როგორც ცნობილია, ნუსრას ფრონტი ფინანსდება ბინების გაქირავებით და ასევე უწესებს გადასახადებს იდლიბის პროვინციაში იძულებით გადაადგილებულ პირებს. გარდა ამისა, დაჯგუფებამ რელიგიური უმცირესობების ჯგუფებს ჩამოართვა ქონება და სხვა მეამბოხე ჯგუფებს იარაღზე დაუწესა ტარიფები. ამ მხრივ, მიიჩნევა, რომ  ნუსრას ფრონტმა შეიარაღების თითქმის ნახევარი მოიპოვა, ჩრდილოეთით, სირიის თავისუფალი არმიისთვის გაგზავნილი იარაღიდან.

დაფინანსების წყაროებია, ასევე საუდის არაბეთის, კატარის და ქუვეითის მდიდარი პირების მხრიდან პირადი შემოწირულობები, რომლებიც თანხის გადაცემას ახორციელებდნენ მცირე რაოდენობის ფულადი გადარიცხვებით ან კონკრეტულ პირს ხელზე ატანდნენ, რომელიც კვეთდა ნუსრას ფრონტის მიერ კონტროლირებად საზღვარს. 2016 წლის ივლისში, როდესაც ნუსრას ფრონტმა მიიღო გადაწყვეტილება გამოყოფოდა ალ-ქაიდას, აღნიშნულმა ფაქტმა მეტი მოტივაცია მისცა კატარში მყოფ დონორებს დაეფინანსებინათ ნუსრას ფრონტი ისე, რომ მათ ბრალს არ დადებდნენ ალ-ქაიდას დაფინანსებაში.

უცხოური შემოწირულობების გარდა, ნუსრას ფრონტი ფინანსდება ნავთობის გაყიდვებით და კონტრაბანდით, ასევე სიგარეტის კონტრაბანდით და გამოძალვით. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობები უარყოფენ ტყვეთა გაცვლის დროს რაიმე სახის გადასახადის გადახდას, ნუსრას ფრონტმა მილიონობით დოლარი მოიგო კატარის მთავრობის მიერ ორგანიზებული ტყვეთა გაცვლის მოლაპარაკებების შედეგად. ერთ-ერთი გაცვლისას, 2014 წლის მარტში, როდესაც გაათავისუფლეს ოთხი ბერძენი მართლმადიდებელი მონაზონი, დაჯგუფებამ სანაცვლოდ 4 მილიონი აშშ დოლარი მიიღო.

რეკრუტირება

ისტორიულად, იმისთვის, რომ პირი შეერთებოდა ნუსრას ფრონტს, რეკრუტებს წინა ხაზის ორი მეთაურისგან უნდა მოეპოვებინათ თაზქია (ვაუჩერი რეკრუტის სახელზე). მას შემდეგ, რაც რეკრუტს აიყვანდნენ მას უნდა წარმოეთქვა ბაიაჰის ფიცი (ერთგულების ფიცი), რაც ნიშანი იყო მის მიერ რელიგიური ვალდებულების აღებისა.

ნუსრას ფრონტი ახალწვეულებს ასევე იყვანდა ონლაინ და პირადი წერილობითი შეტყობინებების საფუძველზე, რომელსაც ყოფილი მედია საშუალებების – ალ-მინარა, ალ-ბაიდა და ფურსან ალ-შამ – გზით იღებდა.

HTS-ის ქვეშ შეიქმნა ახალი მედია საშუალება, ებაას სააგენტო, რომელიც აქვეყნებს ამაქის (ISIS-ის მედია საშუალება) მსგავს მაღალი ხარისხის ვიდეოებს, ინფო გრაფიკას, და მედია განცხადებებს.

ნუსრას ფრონტს ასევე ადანაშაულებენ ბავშვი ჯარისკაცების რეკრუტირებაში. სირიაში გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს დამოუკიდებელი კომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ნუსრას ფრონტი 2017 წელსაც განაგრძობს ბავშვი ჯარისკაცების რეკრუტირებას.

ISIS – თან კავშირი

ნუსრას ფრონტი ერაყის ალ-ქაიდას (AQI, ამჟამად ISIS), გაფართოების შედეგად შეიქმნა და AQI-ის ლიდერისგან, აბუ ბაქრ ალ ბაღდადისგან, ყოველთვიურ ხელფასს იღებდა. ამ ორ დაჯგუფებას შორის ურთიერთობა 2013 წლის აპრილში გაუარესდა, როდესაც ბაღდადიმ ცალმხრივად გამოაცხადა მათი დაჯგუფებების შერწყმა. მას შემდეგ, ორივე მხარე ჩართულია ძალადობრივ შეტაკებებში და იბრძვიან ტერიტორიული კონტროლისთვის.

საერთაშორისო აღიარება

ნუსრას ფრონტი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყნის მიერ გამოცხადებულია უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად. 2012 წლის 10 დეკემბერს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ნუსრას ფრონტი აღიარა ტერორისტულ ორგანიზაციად. 2013 წელს საფრანგეთმა, ავსტრალიამ, კანადამ და დიდმა ბრიტანეთმა აღიარეს ტერორისტულ ორგანიზაციად, ხოლო 2014 წელს –  რუსეთმა, საუდის არაბეთმა, თურქეთმა, გაერთიანებულმა არაბულმა საემიროებმა და ევროკავშირმა.[1]

[1] CEP – Counter Extremist Project – Nusra Front (Jabhat Fateh al-Sham), available at: https://www.counterextremism.com/threat/nusra-front-jabhat-fateh-al-sham (accessed on 27 December 2017)