სომალიში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტი, საფრთხის მატარებელი გარემო, სახელმწიფოს მხრიდან დაცვის ნაკლებობა და მუდმივად განმეორებადი ჰუმანიტარული კრიზისი, სომალის მოქალაქეებს მძიმე ვითარებაში ამყოფებს. ქვეყანაში, დაახლოებით, 2.6 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირია და ბევრი მათგანი დახმარების გარეშე ცხოვრობს.[1]
საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Freedom House“ 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში სომალის შესახებ წერს, რომ ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს და გაეროს სააგენტოებს აქვთ შესაძლებლობა, ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში, სხვადასხვა სახის პროექტები განახორციელონ, თუმცა ისინი აწყდებიან სიძნელეებს და ხშირად საშიშ სამუშაო პირობებში იმყოფებიან. რეგიონული ხელისუფლება და უსაფრთხოების ძალები არასამთავრობო და ჰუმანიტარული ჯგუფების კონტროლის მიზნით, ხშირად მიმართავენ ძალადობას, გამოძალვას თუ სხვადასხვა ფორმით ობსტრუქციას. ასევე, ტერორისტული დაჯგუფება „ალ-შაბააბი“, ზოგადად, ასეთ ორგანიზაციებს თავის კონტროლირებად ტერიტორიებზე საქმიანობის ნებას არ რთავს.[2]
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში სომალის შესახებ წერს, რომ „ალ-შაბააბი“ იერიშებს ახორციელებს ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლებზე, გაეროს წარმომადგენლებსა და დიპლომატიურ მისიებზე. ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლები რეგულარულად აწყდებიან საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს, გზების ბლოკირებებს, გამოძალვას, ავტომანქანების ჩამორთმევას და ასევე სხვადასხვა სახის ბიუროკრატიულ ბარიერებს. ჰუმანიტარული ორგანიზაციები მაღალი ხარისხის ძალადობას აწყდებოდნენ 2018 წლის განმავლობაში. იანვარი – აგვისტოს პერიოდში დაფიქსირდა 85-ზე მეტი ინციდენტი, როდესაც სამიზნე იყო ჰუმანიტარული ორგანიზაციის პერსონალი თუ ინფრასტრუქტურა. ინციდენტების შედეგად ჰუმანიტარული ორგანიზაციების 7 თანამშრომელი დაიღუპა, 12 დაშავდა და კიდევ 12 დაპატიმრებული და დროებით დაკავებული აღმოჩნდა. ამავე პერიოდში, ხელისუფლებამ ჰუმანიტარული ორგანიზაციის ორი თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა. დაჯგუფება „ალ-შაბააბი“ იტაცებს ჰუმანიტარულ დახმარებას. 2018 წლის პირველ მეოთხედში ჰუმანიტარულ დახმარების წვდომაზე შეზღუდვის 7 ფაქტი დადასტურდა, რომელთაგან ორი შემთხვევა დაჯგუფება „ალ-შაბააბთან“ იყო დაკავშირებული.
2018 წლის განმავლობაში გრძელდებოდა დიალოგი ჰუმანიტარულ სააგენტოებს, სომალის ფედერალურ მთავრობასა და რეგიონულ ხელისუფლებას შორის საკონტროლო-გამშვები პუნქტების გაუქმებისა და ჰუმანიტარული დახმარებისთვის გადაადგილების თავისუფლების ხელშეწყობის შესახებ. გზების ბლოკირება და დანაღმვა შეიარაღებული ჯგუფების მიერ და ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლებზე თავდასხმები სერიოზულად აფერხებს დახმარების მიწოდებას სომალის სამხრეთ და ცენტრალურ სექტორებში.[3]
გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ 2019 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში სომალის შესახებ ნათქვამია, რომ დაჯგუფება „ალ-შაბააბი“ კვლავ პასუხისმგებელია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის შემთხვევათა დიდ ნაწილზე, რომლებიც კონცენტრირებულია მოგადიშუში და სამხრეთ და ცენტრალური სომალის სხვა ნაწილებში. ანგარიშში ასევე ყურადღებაა გამახვილებული „ალ-შაბააბის“ მხრიდან ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლებზე განხორციელებულ ძალადობაზე, მათ შორის, გამოსასყიდის მიღების მიზნით, ადგილობრივი ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლების გატაცების პრაქტიკაზე, განსაკუთრებით გედოს რეგიონში (Gedo Region). 2018 წლის ნოემბრიდან 2019 წლის აგვისტომდე პერიოდში ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლებზე თავდასხმის 12 ფაქტი დადასტურდა, რომელთა უმრავლესობა იყო გედოს რაიონში, „ალ-შაბააბის“ მიერ, გამოსასყიდის მიღების მიზნით, პერსონალის გატაცება. გარდა ამისა, 2019 წლის 2 ივლისს, დაჯგუფებამ მოკლა არასამთავრობო ორგანიზაციის (Lifeline) თანამშრომელი ბულო კადეიში (Buulo Cadey), გედოს რეგიონი.
2018 წლის 2 ნოემბერს, „ალ-შაბააბმა“ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის ორი თანამშრომელი გაიტაცა სოფელ ტულო ჯიბრილიდან (Tuulo Jibril), გედოს რეგიონი. 2019 წლის 27 თებერვალს, გარბაჰარეის რაიონში (Garbaharey), გურასთან (Gura) ახლოს, დაჯგუფებამ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის 5 თანამშრომელი გაიტაცა. 2019 წლის 14 მაისს, „ალ-შაბააბმა“ ორი არასამთავრობო ორგანიზაციის ორი თანამშრომელი გაიტაცა სოფელ გიდვეინიდან (Geedwayne), რომელიც ქალაქებს დოლოსა (Dolow) და ლუქს (Luq) შორის მდებარეობს. ისინი დაჯგუფების მიერ კონტროლირებად სოფელ ელ ადეში (El Adde) გადაიყვანეს. 26 მაისს „ალ-შაბააბის“ სასამართლომ ჰუმანიტარული ორგანიზაციების ორი თანამშრომელი, შესაბამისად, 55 და 32 ათასი აშშ დოლარით დააჯარიმა. 20 ივლისს ჰუმანიტარული ორგანიზაციის ერთი თანამშრომელი 21 ათასი აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. ანგარიშის მომზადების დროს ადგილობრივი ჰუმანიტარული ორგანიზაციების მინიმუმ 6 თანამშრომელი „ალ-შაბააბის“ პატიმრობაში რჩებოდა.[4]
საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში სომალის შესახებ წერს, რომ ჰუმანიტარული სააგენტოები სერიოზული გამოწვევების წინაშე დგანან უსაფრთხოების მხრივ არსებული რთული ვითარების, ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლებზე მიზნობრივი იერიშების, ზოგადი ძალადობის და კონფლიქტის მონაწილე მხარეების მიერ დაწესებული სხვადასხვა სახის შეზღუდვების გამო. დაჯგუფება „ალ-შაბააბი“ კვლავ უკრძალავს ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციას და გაეროს ყველა სააგენტოს მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საქმიანობას და ასევე ახდენს მთავრობის მიერ კონტროლირებადი ზოგიერთი ქალაქის ბლოკირებას.[5]
[1] HRW – Human Rights Watch: World Report 2020 – Somalia, 14 January 2020
[2] Freedom House: Freedom in the World 2019 – Somalia, 4 February 2019
[3] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2018 – Somalia, 13 March 2019
(accessed on 27 February 2020)[4] UN Security Council: Letter dated 1 November 2019 from the Chair of the Security Council Committee pursuant to resolution 751 (1992) concerning Somalia addressed to the President of the Security Council; Letter dated 27 September 2019 from the Panel of Experts on Somalia addressed to the Chair of the Security Council Committee pursuant to resolution 751 (1992) concerning Somalia [S/2019/858], 1 November 2019
(accessed on 27 February 2020)[5] HRW – Human Rights Watch: World Report 2020 – Somalia, 14 January 2020