აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში იემენში რელიგიის თავისუფლების შესახებ წერს, რომ ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, ისლამი სახელმწიფო რელიგიაა და ყველა კანონი შესაბამისობაში უნდა იყოს შარიათთან. კონსტიტუცია უზრუნველყოფს აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას შესაბამისი კანონის საზღვრებში, თუმცა არ აღიარებს რელიგიის თავისუფლებას. კანონი კრძალავს ისლამის უარყოფას, ისლამიდან სხვა რელიგიაზე კონვერტაციას და პროზელიტიზმს (რელიგიის აქტიური ქადაგება, მისწრაფება საკუთარ სარწმუნოებაზე მოაქციო სხვები) მუსლიმების მიმართ. ზემოხსენებული დანაშაულების მიმართ სასჯელის უმაღლესი ზომა – სიკვდილით დასჯაა დაწესებული; პროზელიტიზმის შემთხვევაში – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. იემენის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, ისლამის „გაცნობიერებული“ და „დაჟინებული“ უარყოფა სიკვდილით ისჯება, თუმცა, ურწმუნოებაში ბრალდებულს აძლევენ მონანიების სამ შანსს. თუკი ბრალდებული მოინანიებს, მათ მიმართ სიკვდილით დასჯა არ გამოიყენება. იემენის საოჯახო კანონმდებლობით, დაუშვებელია მუსლიმის დაქორწინება „ურწმუნოზე“. ქალების შემთხვევაში, აკრძალულია არა-მუსლიმ მამაკაცზე დაქორწინება, ხოლო, მამაკაცებს შეუძლიათ იქორწინონ „წიგნის რელიგიების“ (ისლამი, ქრისტიანობა, იუდაიზმი) აღმსარებელ პირებზე. იემენის საჯარო სკოლებში ისწავლება რელიგია, თუმცა, მხოლოდ ისლამი. საჯარო სკოლებში, დაწყებითი და საშუალო განათლების მიზანია, მოსწავლეებმა იცოდნენ ისლამური რიტუალები და ქვეყნის ისტორია თუ კულტურა ისლამური კონტექსტით, ასევე, ისლამური დოქტრინა.
ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომს თან ახლავს ექსტრემისტული ისლამისტური ჯგუფებისგან რელიგიური ძალადობის შემთხვევები. ტერორისტულ ჯგუფებს (AQAP, ISIS) საკუთარი წვლილი შეაქვთ ქვეყანაში მიმდინარე ძალადობაში. ანგარიშში ნათქვამია, რომ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ფიქსირდებოდა თავდასხმები ქრისტიანებზე, ებრაელებსა და ბაჰაიზმის მიმდევრებზე.[1]
„Freedom House“ 2018 წლის ანგარიშში იემენის შესახებ წერს, რომ იემენში არსებობს მცირე რელიგიური უმცირესობის ჯგუფები, რომელთა რელიგიის და აღმსარებლობის თავისუფლებას, ტრადიციულად, უმეტეს შემთხვევაში პატივს სცემენ, თუმცა, ისლამიდან კონვერტაცია და მუსლიმების მიმართ პროზელიტიზმი სასტიკად აკრძალულია. მიმდინარე სამოქალაქო ომის ფონზე, გამწვავებულია სიტუაცია შიიტებს და სუნიტებს შორის.[2]
იემენური გამოცემა „AL-BAB“ 2016 წლის 26 აპრილის სტატიაში წერს 17 წლის ომარ მუჰამედ ბატავილიზე, რომელიც იემენის ქალაქ ადენში, საკუთარი სახლიდან გაიტაცეს კვირა დღეს, დილის 10 საათზე. მეორე დღეს, ერთერთი უბნის მაცხოვრებლებმა ის ქუჩაში მოკლული იპოვეს. წყაროების ინფორმაციით, ბატავილი ხშირად იღება სიკვდილის შესახებ მუქარებს რელიგიაზე საკუთარი კრიტიკული შეხედულებების გამო, რომელსაც ის ავრცელებდა სოციალური ქსელის „Facebook“ საშუალებით. სავარაუდოდ, ის სწორედ რელიგიური ექსტრემისტების ჯგუფმა მოკლა.
იემენში ისლამის უარყოფა სიკვდილით დასჯადი დანაშაულია, თუმცა, პრაქტიკაში, თითქმის არასდროს გამოიყენება. იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლოში შედის კონკრეტული საქმე რელიგიის უარყოფასთან დაკავშირებით, ბრალდებულს ხშირად ნებას რთავენ, საკუთარი ნებით დატოვოს ქვეყანა, ან მას აპატიმრებენ სხვა დანაშაულის გამო, რათა თავიდან აიცილონ საერთაშორისო დონეზე გამოხმაურება. ექსტრემისტები კი, მიიჩნევენ, რომ სამთავრობო სტრუქტურები სათანადო ყურადღებას არ უთმობენ საკუთარ რელიგიურ ვალდებულებებს და ცდილობენ, თავად აღასრულონ ისინი. სწორედ ამის შედეგია ისეთი თვითნებური მკვლელობების შემთხვევები, როგორსაც ადგილი ჰქონდა ზემოხსენებულ პირთან მიმართებაში.[3]
[1] United States Department of State, 2016 Report on International Religious Freedom – Yemen, 15 August 2017, available at:
[accessed 21 June 2018][2] Freedom House, Freedom in the World 2018 – Yemen, 1 March 2018, available at:
[accessed 21 June 2018][3] Yemeni Online Journal “Al-Abab”, article “Yemeni accused of atheism is murdered”, 26 April 2016, available at: http://al-bab.com/blog/2016/04/yemeni-accused-atheism-murdered [accessed June 21 2018]