დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 24-30 ივნისი, 2019

სტამბოლის მერის არჩევნებში კვლავ ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა – ეკრემ იმამოღულ ხმების 54% მიიღო. მისი ოპონენტი, ყოფილი პრემიერი ბინალი ილდირიმი შეშფოთებულია, პრეზიდენტმა ერდოღანმა კი იმამოღლუს გამარჯვება მიულოცა. სტამბოლის მერის არჩევნები ხელმეორედ ჩატარდა. ამის მიზეზი ისაა, რომ ერდოღანმა 31 მარტის არჩევნებში ხმის მიცემის პროცესში დანაშაულებრივი ქმედებები დაინახა. თურქეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სტამბოლის მერის არჩევნების შედეგები გააუქმა, თუმცა ხელახალ არჩევნებში კვლავ იგივე კანდიდატმა გაიმარჯვა.[1]

ვითარება ავღანეთში – ავღანეთში ამერიკელი სამხედროები დაიღუპნენ. ინციდენტი ურუზგანის პროვინციაში მოხდა. თავდასხმა, რომელსაც ორი ჯარისკაცი ემსხვერპლა, ავღანეთში მაიკ პომპეოს ვიზიტის შემდეგ მოხდა. სამხედრო უწყებას ჯარისკაცების დაღუპვის შესახებ დეტალები არ გაუმჟღავნებია.[2]

თალიბებმა საარჩევნო კომისიის წევრებზე იერიში მიიტანეს და 8 ადამიანი ადგილზე მოკლეს. ინციდენტი კანდაგარის პროვინციაში მოხდა, სადაც თალიბებსა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებაზე მოლაპარაკებების მეშვიდე რაუნდი მიმდინარეობს. ქვეყანაში შეიარაღებული კონფლიქტი 18 წელია გრძელდება.[3]

ტუნისის ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო – ტუნისის დედაქალაქის ცენტრში ორმაგი ტერაქტი მოხდა, რის შედეგადაც ერთი პოლიციელი დაიღუპა, ორი პოლიციელი და სამი სამოქალაქო პირი დაშავდა. აფეთქება შარლ დე გოლის გამზირზე, საფრანგეთის საელჩოსთან ახლოს მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.[4]

ინდოეთში დედა-შვილს გაუპატიურებისას წინააღმდეგობის გაწევის გამო თავები გადაპარსეს – ინციდენტი ბიჰარის შტატში მოხდა. კაცები დედა-შვილის სახლში შევარდნენ და მათი ჯგუფური გაუპატიურება სცადეს. როდესაც მათ წინააღმდეგობა გაუწიეს, დამნაშავეებმა დედა-შვილს თავები გადაპარსეს, შემდეგ კი სოფელში ჩამოატარეს. მათ ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. პოლიციამ ორი პირი დააკავა და 5-ზე ძებნა გამოაცხადა.[5]

[1] BBC; Erdogan’s party suffers blow after Istanbul re-run poll defeat; 24 June, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-europe-48739256

[2] New York Times; 2 US soldiers killed in Fierce Firefight in Afghanistan; 26 June, 2019; available at: https://www.nytimes.com/2019/06/26/world/asia/afghanistan-american-soldiers-killed.html

[3] იმედის ახალი ამბები; ავღანეთში თალიბებმა საარჩევნო კომისიის 8 წევრი მოკლეს; 30 ივნისი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/110307/avganetshi-talibebma-saarchevno-komisiis-8-tsevri-mokles

[4] Reuters; Islamic State claims suicide attacks on police in Tunisian capital; 27 June, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-tunisia-security-claim/islamic-state-claims-suicide-attacks-on-police-in-tunisian-capital-idUSKCN1TS2ZK

[5] BBC; India arrests after women’s heads shaved for resisting rape; 28 June, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-india-48783253ავღანე

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 16-23 მაისი, 2019

ამერიკულმა ნავთობკომპანიამ „ExxonMobil“ ერაყიდან 30 უცხოელი ინჟინრის ევაკუაცია განახორციელა – ნავთობკომპანიის განცხადებით, თანამშრომლები დუბაიში გადაიყვანეს, რადგან ეს მათი უსაფრთხოებისთვის იყო საჭირო. კომპანიის თქმით, აღნიშნული ფაქტი ერაყში აღმოსავლეთ კურნას ნავთობსადენზე ნედლეულის მოპოვებაზე გავლენას ვერ მოახდენს. კომპანიის „ExxonMobil“ ნავთობსადენზე 1700 ადამიანი მუშაობს. ევაკუაციის შესახებ გადაწყვეტილება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ქმედებამ განაპირობა – გასულ კვირას აშშ-ირანის დაძაბულობის ფონზე, სახელმწიფო დეპარტამენტმა ერაყიდან დაქირავებული სახელმწიფო მოხელეები გამოიწვია.[1]

უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 21 ივლისს გაიმართება – შესაბამისი განკარგულება ქვეყნის მეექვსე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსცა. პრეზიდენტი არჩევნების ფინანსურ უზრუნველყოფას მინისტრთა კაბინეტს ავალებს. რამდენიმე დღეში მან პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებს ითვალისწინებდა – საარჩევნო ბარიერის 5-დან 3%-მდე დაწევას და მაჟორიტარული წესით არჩევნების გაუქმებას. აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტმა დღის წესრიგში არ შეიტანა. საჭირო 226 ხმიდან პრეზიდენტის ინიციატივას მხარი მხოლოდ 92 დეპუტატმა დაუჭირა.[2]

ეგვიპტეში ტურისტების ავტობუსთან აფეთქება მოხდა – ინციდენტის შედეგად არავინ დაღუპულა; 16 ადამიანმა მცირე დაზიანებები მიიღო. აფეთქება გიზის პირამიდებთან ახლოს, ეროვნულ მუზეუმთან მოხდა, რომლის სიახლოვესაც იდგა ტურისტების ავტობუსი. ბოლო პერიოდში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც აფეთქებისას ტურისტები დაშავდნენ. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[3]

[1] CNN; ExxonMobil evacuates 30 engineers from Iraq, Basra Oil Company says; By Aqeel Najim and Victoria Cavaliere; 18 May, 2019; available at: https://edition.cnn.com/2019/05/18/business/exxon-iraq-evacuation/index.html

[2] უკრაინული „პრავდა“; რადამ არჩევნების შესახებ ზელენსკის კანონი ჩააგდო; 22 მაისი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.pravda.com.ua/rus/news/2019/05/22/7215800/

[3] BBC; Egypt explosion: Tourists on bus injured near Giza pyramids; 19 May, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-48328793

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 1-7 მაისი, 2019

კონგოში ებოლას ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ებოლას ვაქცინაზე ექსპერიმენტი ეფექტური აღმოჩნდა და შესაძლოა, მეორე ცდაზე უკვე დაინერგოს კიდეც მისი გამოყენება. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, 110 ათას ადამიანს ჩაუტარდა ვაქცინაცია, თუმცა არიან ადამიანები, მათ შორის ჯანდაცვის მუშაკები, რომლებმაც მის გამოყენებაზე უარი თქვეს.[1]

ეთიოპიაში ეთნიკურ ნიადაგზე შეტაკებებს 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა – დაპირისპირებები ამჰარასა და ბენიშანგულ გუზუმუს რეგიონებში მცხოვრებ ეთნიკურ ჯგუფებს შორის მოხდა. დაშავებულთა რიცხვი 80-ს აჭარბებს. ადგილობრივი პოლიცია მიიჩნევს, რომ სისხლიანი დაპირისპირება რამდენიმე დღის წინ 20 ადამიანის მკვლელობის საპასუხოდ მოხდა.[2]

ავღანეთში პოლიციაზე თავდასხმას 40 ადამიანი შეეწირა –  ინციდენტი ავღანეთის ქალაქ პულ-ი-ხუმპში მოხდა, სადაც თალიბანის მებრძოლები პოლიციის შენობაში შეიჭრნენ. შემთხვევის დროს თვითმკვლელმა ტერორისტმა ცეცხლი გახსნა. გაეროს ცნობით, ავღანეთში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი უკიდურესად მაღალ დონეზე რჩება.[3]

თურქეთში სტამბოლის მერის არჩევნების შედეგები გააუქმეს – არჩევნებში გამარჯვებულმა, ოპოზიციის კანდიდატმა ეკრემ იმამოღლუმ, პოსტი ოფიციალურად დაიკავა 17 აპრილს. თუმცა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე, 6 მაისს, მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ საჩივარი განიხილეს, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ 40 ათას ადამიანს ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდა. სტამბოლში განმეორებითი არჩევნები 23 ივნისს ჩატარდება.[4]

[1] AP; Why this Ebola outbreak is a special challenge; By Cara Anna; 4 May, 2019; available at: https://www.apnews.com/11b490eeeb2247bcb9c41ce75c24fe0d

[2] Africa News; Ethiopia deploys army to curb new deadly ethnic clashes; 3 May, 2019; available at: https://www.africanews.com/2019/05/03/ethiopia-deploys-army-to-curb-new-deadly-ethnic-clashes//

[3] BBC; Afghanistan conflict: Taliban attack northern police headquarters; 6 May, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-48169104

[4] იმედის ახალი ამბები; თურქეთში სტამბოლის მერის არჩევნების შედეგები გააუქმეს; 6 მაისი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/104865/turqetshi-stambolis-meris-archevnebis-shedegebi-gaauqmes

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 1-7 აპრილი, 2019

ერდოღანის პარტიამ სტამბოლსა და ანკარაში არჩევნები წააგო – მიუხედავად ამისა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გამარჯვება მაინც „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიას დარჩა. ერდოღანმა აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავარი მიზანი ეკონომიკის გაძლიერება, განვითარების შენარჩუნება და დასაქმების გაზრდა იქნება.[1]

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ზელენსკიმ მოიგო – მსახიობს მხარი ამომრჩეველთა 30.24%-მა დაუჭირა. მეორე ადგილზე მოქმედი პრეზიდენტი პოროშენკო გავიდა ხმების 15.95%-ით. არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება.[2]

პაკისტანელმა მეგობრების გასართობად ცეკვაზე უარის გამო ცოლს რკინის მილით სცემა – შემთხვევა ლაჰორში მოხდა. ახალგაზრდა კაცი და მისი მეგობარი დააკავეს. მაინ ფაისალმა ცოლს ჯერ რკინის მილი ჩაარტყა, შემდეგ კი თმა დაუწვა. ახალგაზრდა ქალის დახმარებაზე პოლიციამ და კლინიკებმა უარი თქვეს. მას შემდეგ კი, რაც საქმე გახმაურდა, კაცი დააკავეს. ბრალდებულმა თავი იმით იმართლა, რომ ნარკოტიკული ნივთიერებების თრობის ქვეშ იყო და არაფერი ახსოვს.[3]

ავღანეთში მორიგი თავდასხმა მოხდა – ამჯერად პროვინცია ბადღისში „თალიბანის“ ასობით მებრძოლი შეიჭრა. დაღუპულია, სულ მცირე, 20 ადამიანი. „თალიბანის“ მხრიდან 30-მდე მებრძოლი დაიღუპა. შეიარაღებული თავდასხმა ოთხი სხვადასხვა მიმართულებიდან განხორციელდა და თავდამსხმელებმა ხუთი საკონტროლო-გამშვებ პუნქტი აიღეს.[4]

საუდის არაბეთში ქალთა უფლებადამცველები ისევ დააკავეს – 7 დაკავებულს შორის ორი ასევე აშშ-ის მოქალაქეცაა. დაკავებულები ბლოგერები არიან. მათ თებერვლიდან მოგზაურობის უფლება უკვე შეზღუდული ჰქონდათ. დაკავებულები იმ 10-კაციანი ჯგუფის წევრები არიან, რომელიც საუდის არაბეთში ქალთა შეზღუდულ უფლებებს აპროტესტებს.[5]

[1] BBC; Turkey Local Election: Setback for Erdogan in big cities; 1 April, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-europe-47764393

[2] UNIAN Info; CEC announces official results of first round of presidential elections in Ukraine; 7 April, 2019; available at: https://www.unian.info/politics/10507722-cec-announces-official-results-of-first-round-of-presidential-elections-in-ukraine-video.html

[3] Dunya News; Medical report of woman tortured by her husband in Lahore reveal injuries; 29 March, 2019; available at: https://dunyanews.tv/en/Pakistan/484632-Medical-report-of-woman-tortured-by-her-husband-Lahore-reveal-injuries

[4] Al Jazeera; Taliban kills Afghan security forces in massive Badghis attack; 4 April, 2019; available at: https://www.aljazeera.com/news/2019/04/taliban-kill-afghan-security-forces-massive-badghis-attack-190404155048831.html

[5] BBC; Saudi Arabia arrests seven including US citizens; 5 April, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-47826106

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 24-31 მარტი, 2019

ტრამპმა გოლანის მაღლობები ისრაელის ტერიტორიად გამოცხადა – ტრამპმა დეკლარაციას ხელი თეთრ სახლში მოაწერა. ტერიტორია 1976 წლის შემდეგ სადავოა ისრაელსა და სირიას შორის. ერთი მხრივ, გაეროს უშიშროების საბჭომ გოლანის მაღლობების ისრაელის მიერ დაკავება ოკუპაციად გამოაცხადა; მეორე მხრივ, ბოლომდე ნათელი არაა, ჰქონდა თუ არა სირიას ამ ტერიტორიაზე უფლება 1967 წლამდე.[1]

ტერაქტი სომალიში – ტერორისტების სამიზნე ამჯერად მოგადიშუს ცენტრალური რაიონი გახდა. დანაღმული ავტომობილი ალ-მუკარამის ქუჩაზე რესტორნის სიახლოვეს აფეთქდა. დაიღუპა 15 და დაშავდა 17 ადამიანი.[2]

ეგზიტპოლის შედეგებით უკრაინაში მეორე ტური გაიმართება – პირველ ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხმათა 17.8% მიიღო, ვლადიმერ ზელენსკის 30.4%, ხოლო იულია ტიმოშენკოს 14.2% აქვს. მეორე ტური სავარაუდოდ 21 აპრილს გაიმართება. პრეზიდენტობისთვის მოქმედი პრეზიდენტი და მსახიობი და კომიკოსი ვლადიმერ ზელენსკი იბრძოლებენ.[3]

[1] Reuters; Trump sighs declaration recognizing Israel’s sovereignty over disputed Golan Heights territory; 25 March, 2019; available at: https://twitter.com/Reuters/status/1110214093741400064/photo/1

[2] Al Jazeera; Car bomb blast kills 15 in Somalia’s Mogadishu; 28 March, 2019; available at: https://www.aljazeera.com/news/2019/03/8-killed-car-bomb-mogadishu-190328110849696.html?fbclid=IwAR1n6JfulSWGfE58fSejER98N6r73OXPNljv2y6yknJTe8ZWxLumNfKIEM0

[3] იმედის ახალი ამბები; ეგზიტპოლის შედეგებით უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება; 31 მარტი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/101318/egzitpolis-shedegebit-ukrainashi-saprezidento-archevnebis-meore-turi-gaimarteba

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 24-28 თებერვალი, 2019

საუდის არაბეთმა პირველი ქალი ელჩი აშშ-ში დანიშნა – პრინცესა რიმა ბინტი პრინცი ბენდერას შვილია, რომელიც საუდის არაბეთის დიპლომატიას აშშ-ში 1983 წლიდან 2005 წლამდე ხელმძღვანელობდა. ამის შემდეგ, მან ქვეყანის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურში დაიწყო მუშაობა.[1]

თალიბების ერთერთი ლიდერი ამერიკასთან მოლაპარაკებებში ჩაერთვება – მულაჰ ბარადერმა რვა წელი პაკისტანის ციხეში გაატარა. ის 2018 წელს გაათავისუფლეს. ამჟამად ის პაკისტანში თალიბების წარმომადგენელია. თალიბებთან დაახლოებული წყაროები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული ფაქტორი მოლაპარაკებების წარმატების შანსებს ზრდის. მხარეების განცხადებით კი, წინა თვეში შემდგარი მოლაპარაკებები წარმატებული იყო და არ არის გამორიცხული 17-წლიანი კონფლიქტი სამშვიდობო შეთანხმებამ დაასრულოს.[2]

2018 წელს ავღანეთში ყველაზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა – გაეროს მონაცემებით, მაჩვენებელი რეკორდულია. 2018 წელს ავღანეთში 3 804 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, რომელთაგან 927 ბავშვია. 2017 წელთან შედარებით მსხვერპლთა რაოდენობა 11%-ითაა გაზრდილი.[3]

ნიგერიაში მოქმედი პრეზიდენტი მეორე ვადით აირჩიეს – 76 წლის მუჰამადუ ბუჰარიმ უპირატესობა 36-დან 19 შტატში მოიპოვა. მისი კონკურენტი ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ატიკუ აბუბაქრი იყო. არჩევნები დანიშნულზე ერთი კვირით გვიან ჩატარდა და არჩევნების დღეს ძალადობა სდევდა თან, თუმცა საერთაშორისო დამკვირვებლებს არჩევნების გაყალბება არ დაუფიქსირებიათ.[4]

დონეცკში მიკროავტობუსი ნაღმზე აფეთქდა – შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია კიდევ რამდენიმე მოქალაქე. ინციდენტი ე.წ. ბუფერულ ზონაში მოხდა. თვითმხილველების თქმით, მიკროავტობუსი გზიდან გადავიდა და ნაღმზე აფეთქდა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.[5]

[1] იმედის ახალი ამბები; საუდის არაბეთმა პირველი ქალი ელჩი აშშ-ში დანიშნა; 24 თებერვალი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/97593/saudis-arabetma-pirveli-qali-elchi-ashshshi-danishna

[2] იმედის ახალი ამბები; თალიბების ერთ-ერთი ლიდერი ამერიკასთან მოლაპარაკებებში ჩაერთვება; 25 თებერვალი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/97676/talibebis-erterti-lideri-amerikastan-molaparakebebshi-chaertveba

[3] 1TV; გაერო – ავღანეთში 2018 წელს ყველაზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა; 25 თებერვალი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://1tv.ge/news/gaero-avghanetshi-2018-wels-yvelaze-meti-mshvidobiani-moqalaqe-daighupa/

[4] BBC; Nigeria election: Muhammadu Buhari re-elected as president; 27 February, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-africa-47380663

[5] 1TV; დონეცკში მიკროავტობუსი ნაღმზე აფეთქდა; 24 თებერვალი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://1tv.ge/news/doneckshi-mikroavtobusi-naghmze-afetqda/

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 16-23 სექტემბერი, 2018

2011 წლის შემდეგ პირველად სირიაში ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა – 2011 წლის შემდეგ პირველად, 16 სექტემბერს, სირიაში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ბაშარ ასადის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად რეგიონებში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით, 07:00 საათზე გაიღო. ადგილობრივ ადმინისტრაციულ საბჭოებში 18 478 ადგილის დასაკავებლად 40 ათასზე მეტი კანდიდატი იბრძოდა. ქვეყანაში 6 500-ზე მეტი საარჩევნო უბანი ფუნქციონირებდა. სირიის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა კადრები, როგორ იდგნენ საარჩევნო ყუთებთან ამომრჩევლები დამასკოში, ტარტუსსა და ლატაკიაში. კანდიდატთა უმეტესობა სირიის მმართველი ძალის, არაბთა სოციალისტური აღორძინების პარტიის წევრი იყო. არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღო 5 მილიონზე მეტმა ლტოლვილმა და ექვს მილიონამდე იძულებით გადაადგილებულმა პირმა.[1]

იემენის კრიზისი – დასავლეთ იემენში, წითელი ზღვის სანაპიროზე, საპორტო ქალაქ ჰოდეიდაში ადგილობრივი რადიოს სადგურზე შეიარაღებულ საჰაერო თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ოთხივე რადიოს თანამშრომელი იყო. რეგიონში საუდის არაბეთის მიერ ჩამოყალიბებული კოალიციური ძალები და აჯანყებული ადგილობრივი ჰუსიტები ჰოდეიდაზე კონტროლის დასამყარებლად იბრძვიან. ქალაქს სტრატეგიული მდებარეობა აქვს, – გარდა საპორტო ფუნქციისა, ის წითელ ზღვას დედაქალაქთან, სანასთან აკავშირებს. ჯერჯერობით ორივე ქალაქს ჰუსიტები აკონტროლებენ.[2]

საერთაშორისო ორგანიზაციის „Save the Children“ ახალი ანგარიშის მიხედვით, იემენში ერთი მილიონი ბავშვი შიმშილის ზღვარზეა, რაც ქვეყანაში საკვებზე ფასის მატებისა და ეროვნული ვალუტის გაუფასურებითაა გამოწვეული. ეკონომიკური პრობლემების მიზეზი კი სამოქალაქო ომია. ანგარიშის მიხედვით, ვითარებას განსაკუთრებით ამძიმებს იემენის დასავლეთით, საპორტო ქალაქ ჰოდეიდაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები, საიდანაც ქვეყნის მოსახლეობის 2/3-ს ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდება. „მილიონობით ბავშვმა არ იცის, როდის, – ან საერთოდ, მიიღებს თუ არა შემდეგ საკვებს. ჩრდილოეთ იემენის ერთერთ საავადმყოფოში სტუმრობისას ვნახეთ ბავშვები, რომლებიც შიმშილისგან იმდენად დასუსტებულები არიან, რომ ტირილიც აღარ შეუძლიათ. ეს ომი კლავს იემენის მთელ მომავალ თაობას“ – წერია ანგარიშში. სექტემბრის დასაწყისში ორგანიზაციამ გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის მიხედვითაც, წლის ბოლომდე, შიმშილის გამო, შეიძლება 36 ათასზე მეტი ბავშვი დაიღუპოს.

იემენში მთავრობასა და შიიტ ჰუსიტებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 2014 წელს დაიწყო. ბოლო დროს მხარეები სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, საპორტო ქალაქ ჰოდეიდასთავის იბრძვიან. გაეროს მონაცემებით, იემენში კონფლიქტს 10 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილთა ორი მესამედი სამოქალაქო პირია. გაერომ ცოტა ხნის  წინ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც 2017 წელს მსოფლიოში 821 მილიონი ადამიანი – ყოველი 9 ადამიანიდან ერთი – საკვების უკმარისობას განიცდიდა. ეს მაშინ, როდესაც ასეთი ადამიანების რაოდენობა 2016 წელს 815 მილიონი იყო. შიმშილის უმთავრეს მიზეზად კლიმატის ცვლილება და შეიარაღებული კონფლიქტები სახელდება.[3]

ვითარება ავღანეთში – ავღანეთის ორ პროვინციაში „თალიბანის“ თავდასხმას, სულ მცირე, 15 პოლიციელი ემსხვერპლა. ინფორმაციას ადგილობრივი მთავრობა ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, შეტაკებას პოლიცელებთან ერთად რადიკალური დაჯგუფების რამდენიმე წევრიც ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც.[4]

ავღანეთში, ფარიაბის პროვინციაში, აფეთქებისას 8 ბავშვი დაიღუპა, 6 კი დაიჭრა. ისინი პოლიციის შენობასთან ახლოს თამაშობდნენ, რა დროსაც შენობაში აფეთქება მოხდა. ადგილობრივი პოლიცია შენობის დანაღმვაში თალიბანს ადანაშაულებს, რადგან გასულ კვირაში ეს ტერიტორია თალიბების კონტროლის ქვეშ მოექცა. დაღუპულთა და დაშავებულთა ასაკი 6-დან 12 წლამდეა. ორ ბავშვს კიდურების ამპუტაცია დასჭირდა.[5]

ტერაქტი ირანში – ირანში, სამხედრო აღლუმზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ისლსამურმა სახელმწიფომ აიღო. თუმცა დაჯგუფებას რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ტერაქტი ნამდვილად მათი მოწყობილია, არ გაუვრცელებია. ბოლო მონაცემებით, სამხედრო აღლუმზე თავდასხმას სულ მცირე 25 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ჯარისკაცებთან ერთად რიგითი მოქალაქეებიც არიან. დაჭრილია 50-ზე მეტი ადამიანი. მათ შორის ერთი ბავშვია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბოროტმოქმედებმა სროლა ერთერთი დასასვენებლი პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყეს, რის შემდეგაც ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს. ისლამური სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული მასშტაბური ტერაქტი, თეირანში ბოლოს 2017 წელს მოხდა.[6]

ისლამისტების თავდასხმა კონგოში – კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩრდილოეთ ნაწილში თავდასხმას სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა, 8 კი დაშავდა. შემთხვევა კივუს პროვინციაში მოხდა. წინასწარი ცნობით, თავდასხმის უკან ისლამური დაჯგუფების „დემოკრატიული ძალების ალიანსის“ მებრძოლები დგანან. დაღუპულთა შორის 12 მშვიდობიანი მოქალაქეა.[7]

[1] Al Jazeera; Syrians in government areas vote in first local polls since 2011; 17 September, 2018; available at: https://www.aljazeera.com/news/2018/09/syrians-government-areas-vote-local-polls-2011-180916103650940.html

[2] Reuters; Saudi-led air strike kills four at Yemen radio station, U.N. intensifies diplomacy; 16 September, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-yemen-security-hodeidah/air-strike-kills-four-at-radio-station-in-yemens-hodeidah-residents-medics-idUSKCN1LW0BP?feedType=RSS&feedName=worldNews&utm_source=feedburner&utm_medium=feed&utm_campaign=Feed%3A+Reuters%2FworldNews+%28Reuters+World+News%29

[3] BBC; Yemen conflict: A million more children face famine, NGO warns; 19 September, 2018; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-45568669

[4] Gulf News; 15 cops killed in Taliban attacks in Afghanistan; 17 September, 2018; available at: https://gulfnews.com/news/asia/afghanistan/15-cops-killed-in-taliban-attacks-in-afghanistan-1.2279214

[5] BBC; Afghan children killed in police station bomb blast; 22 September, 2018; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-45611398

[6] Reuters; Islamic State claims Iran military parade attack, no evidence provided; 22 September, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-iran-military-attack-is/islamic-state-claims-iran-military-parade-attack-no-evidence-provided-idUSKCN1M20JH?il=0

[7] Al Jazeera; DR Congo: Rebels carry out deadly attack in Beni city; 23 September, 2018; available at: https://www.aljazeera.com/news/2018/09/dr-congo-rebels-carry-deadly-attack-beni-city-180923112006160.html

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 16-23 აგვისტო, 2018

ავღანეთში არსებული ვითარება – ავღანეთის დედაქალაში მორიგი თავდასხმა მოხდა. შეიარაღებული პირები ქაბულში მდებარე არმიის საწვრთნელ ცენტრს დაესხნენ თავს. ინფორმაცია დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის შესახებ არ გავრცელებულა. წინა დღისით, ქაბულში, სასწავლო დაწესებულებაზე მიტანილი იერიშის შედეგად კი 48 ადამიანი გარდაიცვალა და 67 დაშავდა.[1]

ავღანეთის პრეზიდენტმა დაჯგუფება „თალიბანის“ წინააღმდეგ 3 თვით ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა. ბრძანება ძალაში იმ შემთხვევაში შევა თუ თალიბანი ამ გადაწყვეტილებას პატივს სცემს. აღნიშნული გადაწყვეტილება ყურბან-ბაირამის დღესასწაულის დადგომასთანაა დაკავშირებული. პრეზიდენტი აშრაფ ღანი თალიბანს საპასუხო ნაბიჯის გადადგმისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებს.[2]

„თალიბანის“ წევრებმა კუნდუზის რეგიონში 3 სამგზავრო ავტობუსი მგზავრებიანად გაიტაცეს. ეს იმ დროს მოხდა, როდესაც ავღანეთში 170 გატაცებული ტყვის გათავისუფლების ოპერაცია მიმდინარეობდა.[3] ოპერაციის შედეგად გატაცებულების დიდი ნაწილი – 149 ადამიანი გაათავისუფლეს, მათ შორის ქალები და ბავშვები.[4]

ქაბულში, პრეზიდენტის სასახლის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა გაუშვეს. ამ დროს ქვეყნის პრეზიდენტი ყურბან-ბაირამის დღესასწაულთა დაკავშირებით სიტყვით გამოდიოდა. შემთხვევა დილით მოხდა. დაშავებულების შესახებ ან სხვა რაიმე დეტალები შემთხვევის შეასხებ არ გავრცელებულა.[5]

ერაყის უზენაესმა სასამართლომ საპარლამენტო არჩევნების შედეგები დაამტკიცა – ერაყის უზენაესმა სასამართლომ 12 მაისის საპარლამენტო არჩევნების შედეგები კანონიერად ცნო და გამარჯვებულ პარტიებს მთავრობის ჩამოსაყალიბებლად 90-დღიანი კონსტიტუციური ვადა მისცა. ივნისში გახდა ცნობილი, რომ არჩევნების შედეგებს ხელახლა დაითვლიდნენ. გადაწყვეტილება სასამართლომ მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყნის მთავრობამ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საარჩევნო პროცესში მასობრივი დარღვევების შესახებ გახდა ცნობილი. არჩევნების შედეგების დამტკიცების შემდეგ კანონმდებლებს 90 დღის ვადაში პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა მოუწევთ, შემდეგ პრეზიდენტის და ბოლოს პრემიერმინისტრისა და მისი კაბინეტის. ერაყში საპარლამენტო არჩევნები 12 მაისს გაიმართა. მასში მონაწილეობას 29 საარჩევნო ბლოკი იღებდა, რომელიც 200 სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას აერთიანებს. საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პარლამენტში 369 ადგილისთვის 7,000-ზე მეტი კანდიდატი იბრძოდა. არჩევნებში კოალიცია „საირუნმა“ გაიმარჯვა, რომელსაც შიიტი მქადაგებელი მუქთადა ალ-სადრი ხელმძღვანელობს.[6]

პაკისტანის პრემიერი კრიკეტის გუნდის ყოფილი კაპიტანი გახდა – იმრან ხანმა ფიცი 18 აგვისტოს დადო. ის ამ თანამდებობაზე პაკისტანის ეროვნულმა ასამბლეამ აირჩია. მისმა პარტიამ, „მოძრაობა სამართლიანობისთვის“ ივლისის არჩევნებში გაიმარჯვა. პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ 272-მანდატიანი პარლამენტიდან 116 ადგილის მიღება შეძლო. უმრავლესობის ფორმირებისთვის კი, 137 მანდატის მოპოვება იყო საჭირო და ხანს სამთავრობო კოალიციის შექმნა დასჭირდა. იმრან ხანს პაკისტანის ნაკრებში საერთაშორისო დებიუტი 1971 წელს ჰქონდა, 1982 წელს კი გუნდის კაპიტანი გახდა. 2002-2007 და 2013-2018 წლებში ხანი პაკისტანის ეროვნული ასამბლეის წევრი იყო. იმრან ხანის მოძრაობას მხარს უჭერენ სხვადასხვა დაჯგუფებები, რომელთაგან ზოგიერთი ძალიან სადავოა, ერთ-ერთი კი, როგორც ამტკიცებენ, დაკავშირებულია „ალ ქაიდასთან“.

პაკისტანში საყოველთაო არჩევნები 25 ივლისს გაიმართა, რომელშიც ათობით მილიონი ადამიანი მონაწილეობდა. არჩევნების პროცესს მშვიდად არ ჩაუვლია – ქალაქ კვეტაში კენჭისყრის დღეს, ბომბის აფეთქების შედეგად, 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. პარტიული აქტივისტების შეიარაღებულ დაპირისპირებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და რამდენიმე დაშავდა. ქვეყნის სხვადასხვა ადგილას შედარებით პატარა აფეთქებები მოხდა და დაპირისპირებული პარტიის ფუნქციონერებს შორის შეტაკებების გამო ორი ადამიანი დაიღუპა და ათამდე დაშავდა. წინასაარჩევნო პერიოდის ბოლო კვირებში მოკლეს 180 ადამიანი, მათ შორის პარლამენტის დეპუტატობის სამი კანდიდატი.[7]

კონგოში კვლავ ებოლას ებრძვიან – კონგოში ებოლას ვირუსის მსხვერპლთა რიცხვმა 47-ს მიაღწია. გავრცელებული ცნობით, კიდევ 63 ადამიანი დაინფიცირებულია. ეპიდემიის მორიგი ტალღა ქვეყანაში 1-ელ აგვისტოს გამოცხადდა. მას შემდეგ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მოსახლეობის აცრა დაიწყო. 24 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონგოში ებოლას ეპიდემია დასრულდა. ებოლას ვირუსი საშიში დაავადებაა, რომელიც შიდა სისხლდენას იწვევს და ხშირად ადამიანის გარდაცვალებით სრულდება. ვირუსი დაავადებულ ადამიანთან კონტაქტით ვრცელდება და ადრეულ სტადიაზე გრიპის მსგავსი სიმპტომები აქვს.[8]

ეპისკოპოსის მკვლელობისთვის ეგვიპტეში კოპტური ეკლესიის 2 ბერი დააკავეს – ეგვიპტეში კოპტური ეკლესიის 2 ბერი დააკავეს. პოლიციამ საეკლესიო პირები მას შემდეგ აიყვანა, რაც მონასტრის ეპისკოპოსი მოკლული იპოვეს. ეპისკოპოს ეპიპტანუსის ცხედარი პოლიციამ 29 ივლისს მონასტერში იპოვა. ძალოვანი უწყების წარმომადგენლების თქმით, მკვლელობის მიზეზი განსხვავებული შეხედულებები გახდა, რის გამოც ვაელ საადი და რემონ რაზმი მანსური ეჭვიმიტანილები არიან მკვლელობაში. მომხდარმა ეგვიპტის კოპტური ეკლესია შოკში ჩააგდო. გამოცემის ინფორმაციით, ბერები სასამართლოს წინაშე მალე წარდგებიან, თუმცა ჯერ უცნობია როდის.[9]

საუდის არაბეთში ქალთა უფლებების დამცველს სიკვდილით დასჯიან – ელ-ქატიფში სიკვდილით დასჯიან 5 აქტივისტს, რომლებიც 2011 წლიდან აქციებს მართავდნენ. ისინი შიიტი მუსლიმები არიან და სუნიტი ხელისუფლებისგან დისკრიმინაციას აპროტესტებდნენ. სიკვდილმისჯილთა შორისაა ისლა ალ-ღომღამი (Israa al-Ghomgham), ქალი, რომელიც პირველი ქალია საუდის არაბეთში, რომლის განაჩენიც უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ საქმიანობს უკავშირდება. ის და მისი ქმარი 2015 წლის დეკემბერში დაიჭირეს. მათ ბრალი ედებათ ისეთ აქტივობებში, რომელმაც ეროვნული უსაფრთხოება რისკის ქვეშ დააყენა. ის 2011 წლის მასობრივ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა და მიმდინარე მოვლენებს დოკუმენტურად აღწერდა. 2015 წლიდან ის დამამის ციხეშია. „Human Rights Watch“ საუდის არაბეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას „საშიშ პრეცედენტად“ აფასებს.[10]

[1] Tolo News; Attack on NDS training center ends after 6-hour battle; 16 August, 2018; available at: https://www.tolonews.com/afghanistan/gunmen-open-fire-ana-training-center-kabul

[2] Reuters; Afghanistan announces Muslim Eid holiday ceasefire with Taliban; By Rupam Jain, Sayed Hassib; 19 August, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-afghanistan-ceasefire/afghanistan-announces-muslim-eid-holiday-ceasefire-with-taliban-idUSKCN1L40GB

[3] იმედის ახალი ამბები; თალიბებმა ავღანეტში 3 სამგზავრო ავტობუსი მგზავრებიანად გაიტაცეს; 20 აგვისტო, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/74565/talibebma-avganetshi-3-samgzavro-avtobusi-mgzavrebianad-gaitatses

[4] The Washington Post; Afghan forces free 149 people taken by Taliban; 20 August, 2018; available at: https://www.washingtonpost.com/world/asia_pacific/the-latest-afghan-forces-free-149-people-taken-by-taliban/2018/08/20/b0fa37b4-a452-11e8-ad6f-080770dcddc2_story.html?noredirect=on&utm_term=.c7751e24bd9c

[5] Tolo News; Rocket attack on Kabul during Ghani’s Eid Ceremony; 21 August, 2018; available at: https://www.tolonews.com/afghanistan/rocket-attack-kabul-during-ghani%E2%80%99s-eid-ceremony

[6] Reuters; Iraqi Supreme Court ratifies May election results; 19 August, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-iraq-election/iraqi-supreme-court-ratifies-may-election-results-idUSKCN1L40CS?il=0

[7] BBC; Imran Khan confirmed as Pakistan prime minister; 17 August, 2018; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-45219455

[8] Reuters; Militia threat hampers Ebola fight in Congo as disease kills 47; By Stephanie Nebehay; 17 August, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-health-ebola-who/militia-threat-hampers-ebola-fight-in-congo-as-disease-kills-47-idUSKBN1L20VB

[9] BBC; Coptic monks charged with bishop’s murder in Egypt; 19 August, 2018; availbale at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-45239401

[10] BBC; Saudi Arabia seeks death penalty for woman activist; 22 August, 2018; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-45270224?ns_source=facebook&ns_campaign=bbcnews&ocid=socialflow_facebook&ns_mchannel=social

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 24-31 ივლისი, 2018

ვითარება ავღანეთში – ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში სამედიცინო სასწავლო დაწესებულებას თავს დაესხნენ, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. სროლის ხმა მეანი ქალების სასწავლო დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე ორ საათზე მეტ ხანს ისმოდა. განხორციელდა სტუდენტების ევაკუაცია. მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ ექტრემისტულ დაჯგუფებას არ აუღია. რამდენიმე კვირის წინ ჯალალაბადში აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა მაშინ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ქალების 50%-ზე მეტი ავღანეთში ბავშვებს მეანი ქალების გარეშე აჩენს.[1]

კიდევ ერთი აფეთქება მოხდა ჯალალაბადში – თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი, რის შედეგადაც დაიღუპა სულ მცირე 4 ადამიანი; მათგან ერთი პოლიციის უფროსი იყო. ინფორმაცია ადგილობრივი მთავრობის სპიკერმა გაავრცელა. შემთხვევა ნანგარჰარის პროვინციაში მოხდა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. ნანგარჰარის პროვინციას ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ თავს 2014 წლიდან ესხმის. პროვინცია პაკისტანის საზღვართან ახლოს მდებარეობს.[2]

ავღანეთის პროვინცია ფარაჰში ტერორისტულ აქტს 11 ადამიანი ემსხვერპლა, 40 – დაშავდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა გზაზე იყო დამონტაჟებული. ტერაქტზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტერაქტში „თალიბანი“ დაადანაშაულა. დაღუპულებს შორის ქალები და ბავშვებიც არიან.[3]

კონგოში ებოლას ეპიდემია დასრულდა – განცხადება ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ოლი ილუნგამ გააკეთა. სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალური განცხადების გაკეთება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც 42 დღის განმავლობაში, დავირუსების შესახებ მათთან არცერთი შეტყობინება არ შესულა. ეპიდემია კონგოში 8 მაისს გამოცხადდა. ის რიგით მეცხრე იყო. ვირუსი ქვეყნის ჩრდილოდასავლეთით გავრცელდა. ებოლათი კონგოში 33 ადამიანი დაიღუპა.[4]

სამხრეთ სირიაში ტერაქტების სერიას 221 ადამიანი ემსხვერპლა – სირიის სამხრეთ ნაწილში ტერორისტების თავდასხმის შედეგად 221 ადამიანი დაიღუპა. ოთხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ქალაქ სვიდეაში სხვადასხვა ადგილას აიფეთქა. კიდევ რამდენიმე ტერორისტი თავს ქალაქის სხვადასხვა უბანში დაესხა ხალხს. სვიდეაში ქვეყნის პრეზიდენტის ბაშარ ასადის მხარდამჭერი მებრძოლები ჩავიდნენ; მათთან შეტაკებების დროს 38 ტერორისტი მოკლეს. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ეს ყველაზე დიდი მსხვერპლია მას შემდეგ, რაც სვიდეაში შეტაკებები დაიწყო. მანამდე მხოლოდ ბოლო ერთ თვეში სირიაში ტერორისტული დაჯგუფება ISIS-ის თავდასხმებს 150-მდე ადამიანი ემსხვერპლა.[5]

პაკისტანის არჩევნებში ცენტრისტულმა „ტეჰრიკ-ე-ინსაფმა“ გაიმარჯვა – პაკისტანის საარჩევნო კომიტეტმა უკვე ყველა ბიულეტინი დაითვალა და არჩევნების საბოლოო შედეგებიც დაადგინა. როგორც გაირკვა გამარჯვებულია ცენტრისტული პარტია „ტეჰრიკ-ე-ინსაფი“ (Tehreek-e-Insaf PTI), რომელსაც პაკისტანის კრიკეტის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, იმრან ხანი ხელმძღვანელობს. მან ქვეყნის ეროვნულ ასამბლეაში 272 ადგილიდან 116 მოიპოვა. მეორე ადგილზე გავიდა პაკისტანის მუსლიმური ლიგა (Pakistan Muslim League-Nawaz PML-N). მას საკანონმდებლო ორგანოში 64 ადგილი ერგო. პაკისტანში საყოველთაო არჩევნები 25 ივლისს გაიმართა, რომელშიც ათობით მილიონი ადამიანი მონაწილეობდა. არჩევნების პროცესს მშვიდად არ ჩაუვლია – ქალაქ კვეტაში კენჭისყრის დღეს, ბომბის აფეთქების შედეგად, 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. კიდევ ერთ რაიონში პარტიული აქტივისტების შეიარაღებულ დაპირისპირებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და რამდენიმე დაშავდა. ქვეყნის სხვადასხვა ადგილას შედარებით პატარა აფეთქებები მოხდა და დაპირისპირებული პარტიების ფუნქციონერებს შორის შეტაკებების გამო ორი ადამიანი დაიღუპა და ათამდე დაშავდა. წინასაარჩევნო პერიოდის ბოლო კვირებში მოკლეს 180 ადამიანი, მათ შორის პარლამენტის დეპუტატობის სამი კანდიდატი.[6]

ეგვიპტეში „მუსლიმთა საძმოს“ 75 წევრს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს – 44 მათგანი პატიმრობაში იმყოფება, 31 პირის მიმართ კი განაჩენი დაუსწრებლად გამოცხადდა. მათ 2013 წლის საპროტესტო აქციების დროს სისხლის ღვრაში ედებათ ბრალი, რასაც 800-მდე ადამიანი ემსხვერპლა. 2013 წელს, „მუსლიმთა საძმოს“ ასობით მხარდამჭერი, ისევე როგორც ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი მუჰამედ მორსი, სიკვდილით დასაჯეს.[7]

[1] BBC; Midwife training centre attacked in Afghanistan’s Jalalabad; 28 July, 2018; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-44991470

[2] Euronews; Suicide bomber kills prominent Afghan militia commander; 30 July, 2018; available at: http://www.euronews.com/2018/07/30/suicide-bomber-kills-prominent-afghan-militia-commander

[3] Radio Liberty / Radio Free Europe; Bomb kills at least 11 in western Afghanistan; 31 July, 2018; available at: https://www.rferl.org/a/roadside-bomb-kills-at-least-11-in-western-afghanistan/29400553.html

[4] იმედის ახალი ამბები; კონგოში ებოლას ეპიდემია დასრულდა; 24 ივლისი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/71471/kongoshi-ebolas-epidemia-dasrulda

[5] იმედის ახალი ამბები; სამხრეთ სირიაში ტერაქტებს 221 ადამიანი ემსხვერპლა; 26 ივლისი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/71672/samkhret-siriashi-teraqtebis-serias-221-adamiani-emskhverpla

[6] The Guardian; EU piles pressure on Imran Khan after Pakistan election; By Memphis Barker; 27 July, 2018; available at: https://www.theguardian.com/world/2018/jul/27/pakistan-election-imran-khan-official-results-win-coalition

[7] BBC; Egypt court sentences 75 to death over 2013 pro-Morsi protests; 28 July, 2018; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-44993661

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 16-23 ივლისი, 2018

ინდოეთში 11 წლის გოგოს გაუპატიურებისთვის 17 ბიჭი დააკავეს – ტამილნადუს შტატში, ქალაქ ჩენაიში 17 ბიჭი 11 წლის გოგოს რამდენჯერმე გაუპატიურებისთვის დააკავეს. ცნობილია, რომ ისინი მიმდინარე წლის იანვრიდან არაერთხელ დაესხნენ თავს არასრულწლოვანს და ჯგუფურად გააუპატიურეს. ბრალდებულთა უმეტესობა სკოლის მოსწავლეა. ბრალდებულები სასამართლოს შენობაში გაძლიერებული დაცვის თანხლებით შეიყვანეს, რადგან შენობასთან გოგოს ათობით ნათესავი და უცხო ადამიანები იყვნენ შეკრებილნი. პოლიცია არ გამორიცხავს, რომ ბავშვის გაუპატიურების საქმეზე ეჭვმიტანილთა რაოდენობა გაიზარდოს. დაკავებულთაგან 4-მა ბრალი უკვე აღიარა. ერთი თვის  წინ ინდოეთი ქალებისთვის ყველაზე საშიშ ქვეყნად დასახელდა. აქ გაუპატიურების შესახებ ყოველდღიურად ასობით განცხადება რეგისტრირდება, თუმცა რამდენ მსხვერპლს ეშინია ამის გაცხადება, უცნობია.[1]

ეთიოპიასა და ერიტრეას შორის პირველი ავიარეისი შესრულდა – ეთიოპიასა და ერიტრეას შორის 20 წლის შემდეგ პირველად, ავიარეისი შესრულდა. ორ ქვეყანას შორის საომარი მდგომარეობა ცოტა ხნის წინ გაუქმდა. პირველი რეისის მგზავრებს შამპანურები და ვარდები დაურიგეს. ეთიოპიის ავიახაზების წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ „ერიტრეაში მშვიდობის მტრედი გაფრინდა“. რამდენიმე დღის წინ ერიტრეას პრეზიდენტი ქვეყნებს შორის კონფლიქტის დასრულების შემდეგ ეთიოპიაში პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა.

ქვეყნებს შორის ყველა დიპლომატიური კავშირი ჯერ კიდევ 1998 წელს გაწყდა. მაშინ, როცა ეთიოპიასა და ერიტრეას შორის ომი დაიწყო. ორი წლის განმავლობაში, 2000 წლამდე ომს ათობით ათასი სამხედრო და სამოქალაქო პირი დაიღუპა. სამხედრო კონფლიქტი ტერიტორიების კონტროლის მოსაპოვებლად მიმდინარეობდა. ომი 1998 წლის 6 მაისს დაიწყო. 12 მაისს ერიტრეის შეიარაღებულმა ჯარებმა ბადმა დაიკავეს. ამას მოჰყვა ერიტრეის ტერიტორიაზე მასირებული ავიადარტყმები. ერიტრეელებმა ფრონტის გარღვევა შეაჩერეს, მაგრამ, დაბომბვას ათასობით ჯარისკაცი ემსხვერპლა. 2000 წლის მაისსა და ივნისში ეთიოპიის ძალებმა ერიტრეელები გააძევეს კონფლიქტური ზონებიდან. მიუხედავად იმისა, რომ ომი ეთიოპიის სამხედრო გამარჯვებით დასრულდა, საერთაშორისო სასამართლოში გამარჯვება ერიტრეამ მოიპოვა. ეთიოპიაში 30-დან 42 ათასამდე ერიტრიელი ლტოლვილი ცხოვრობს.[2]

საუდის არაბეთში ავიაციის აკადემია პირველად მიიღებს ქალ სტუდენტებს – საუდის არაბეთში ქალებს ავტომობილების მართვის შემდეგ, უკვე საჰაერო საშუალებების მართვის სწავლის საშუალებაც მიეცათ. ქალაქ დამამში ავიაციის აკადემიამ უკვე დაიწყო განაცხადების მიღება. აკადემიაში მოსახვედრად განაცხადი უკვე ასობით ქალმა შეავსო. ისინი სწავლას სექტემბრიდან დაიწყებენ. „Oxford Aviation Academy“ საუდის არაბეთში $300 მილიონად შეფასებულ პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივები თანამედროვე სიმულაციური ტექნიკით თვითმფრინავების მართვას სწავლობენ.[3]

ირანში განხორციელებულ თავდასხმას 10 სამხედრო ემსხვერპლა – 10 ირანელი მესაზღვრე ერაყის საზღვართან ახლოს მოკლეს. ინფორმაციას ირანის ერთ-ერთი ახალი ამბების სააგენტო ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, თავდასხმელების ვინაობა უცნობია. ქურთისტანის პროვინციაში ირანელი სამხედროების განეიტრალების შემდეგ თავდამსხმელებმა ტყვია-წამალის საწყობი ააფეთქეს. ერაყის საზღვარზე, ბოლო წლების განმავლობაში თავდასხმების დროს დაღუპული ირანელი ჯარისკაცების რიცხვმა შემაშფოთებელ ნიშნულს მიაღწია. მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.[4]

პაკისტანში პოლიტიკური პარტიის კანდიდატი აფეთქებას ემსხვერპლა – პაკისტანში არჩევნებამდე რამდენიმე დღე რჩება და დაძაბულობა პიკს აღწევს. კრიკეტის ყოფილი მოთამაშე და ერთერთი პოლიტიკური პარტიის კანდიდატი იმრან ხანი აფეთქებას ემსხვერპლა. ინციდენტის დროს დაშავდა ოთხი ადამიანი. უბედური შემთხვევა ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ხუბერ-პახტუნხვას პროვინციაში, პოლიტიკური მსვლელობის დროს მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ ექსტრემისტულ დაჯგუფებას არ აუღია. ივლისში, წინასაარჩევნო კამპანიისას განხორციელებულ აფეთქებებს სულ 149 ადამიანი ემსხვერპლა. პაკისტანში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 25 ივლისს არის დაგეგმილი.[5]

ქაბულის აეროპორტში ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო – ქაბულში, ჰამიდ კარზაის სახელობის აეროპორტის შესასვლელთან აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც აეროპორტში ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტი აბდულ-რაშიდ დუსტუმი ჩამოვიდა, რომელიც მანამდე ქვეყნიდან ადამიანების წამებისა და გატაცებაში ბრალდების გამო გაიქცა. თვითმკვლელი ტერორისტი აეროპორტის დაცვამ შენიშნა და მას ვიცეპრეზიდენტამდე მისვლის საშუალება აღარ მისცა, ამ დროს კი ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აამუშავა. აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა. შემთხვევა 22 ივლისს მოხდა.[6]

ერაყში ისლამური სახელმწიფო მებრძოლები სამთავრობო შენობას თავს დაესხნენ – ერაყის ქურთისტანის ქალაქ ერბილში 3 შეიარაღებული მებრძოლი ადმინისტრაციულ შენობას თავს დაესხა. ამ დროისთვის სამივე თავდამსხმელი მოკლულია, შენობის შტურმი კი დასრულებული. ოპერაციისას 1 მძევალი დაიღუპა, 1 სამართალდამცველი და სპეცსამსახურების 3 თანამშრომელი კი დაშავდნენ. მთავრობის ცნობით, თავდამსხმელები დაჯგუფება ისლამურ სახელწმიფოსთან იყვნენ დაკავშირებულები.[7]

სომალიში სამხედრო ბაზაზე თავდასხმას 15 ადამიანი ემსხვერპლა – სომალიში ტერორისტული დაჯგუფება ალ შაბაბი ქვეყნის სამხრეთით, საპორტო ქალაქ კისმაიოსტან მდებარე სამხედრო ბაზას თავს დაესხა. შემთხვევას ტერორისტული დაჯგუფების 10 მებრძოლი და 5 სომალელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. თავდასხმა სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ტერორისტი მებრძოლის დანაღმული ავტომობილით შეჭრით დაიწყო. მას რამდენიმე მხრიდან შეუერთდნენ მძიმედ შეიარაღებული სხვა მებრძოლები. ალ შაბაბის დაჯგუფების ინფორმაციით, დაღუპულია არა 15, არამედ – 27 ჯარისკაცი. ალ შაბაბი არის ალ ქაიდასთან დაკავშირებული დაჯგუფება, რომელიც ქვეყანაში გაეროს მიერ მხარდაჭერილი სომალის მთავრობის დამხობისთვის იბრძვის. სომალიში ამჟამად აფრიკის კავშირის სამხედრო ძალების 22 ათასი მებრძოლია, რომლებიც ქვეყნის მთავრობას ტერორისტებთან ბრძოლაში ეხმარებიან.[8]

[1] BBC; India rape: 17 man accused of multiple attacks on 11-year-old girl in Chennai; 18 July, 2018; available at: https://www.bbc.co.uk/news/world-asia-india-44877729

[2] BBC; Ethiopian Airlines makes historic flight to Eritrea; 18 July, 2018; available at: https://www.bbc.co.uk/news/world-africa-44870778

[3] The National; Saudi aviation academy to train first women pilots; 18 July, 2018; available at: https://www.thenational.ae/world/gcc/saudi-aviation-academy-to-train-first-women-pilots-1.751643

[4] Times of Islamabad; Iraian military 10 soldiers killed in a deadly border attack; 21 July, 2018; available at: https://timesofislamabad.com/21-Jul-2018/iranian-military-10-soldiers-killed-in-a-deadly-border-attack

[5] Reuters; Candidate of Imran Khan’s party killed in bombing days before Pakistan election; By Saud Mehsud; 22 July, 2018; available at: https://uk.reuters.com/article/uk-pakistan-election-attack/candidate-of-pakistani-political-party-killed-in-suicide-attack-at-rally-idUKKBN1KC0DU

[6] Reuters; Islamic State claims suicide bombing targeting Afghan vice president Amaq; 22 July, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-afghanistan-dostum-claim/islamic-state-claims-suicide-bombing-targeting-afghan-vice-president-amaq-idUSKBN1KC0Q4?il=0

[7] Al Jazeera; Iraq: Deadly standoff in Erbil governorate building ends; 23 July, 2018; available at: https://www.aljazeera.com/news/2018/07/gunmen-storm-governorate-building-iraq-erbil-official-180723065501918.html

[8] Daily Sabah Africa; 15 killed after al-Shabaab militants storm Somali military base; 23 July, 2018; availbale at: https://www.dailysabah.com/africa/2018/07/23/15-killed-after-al-shabaab-militants-storm-somali-military-base