ყირგიზეთი. აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამები. იანვარი, 2022

ყირგიზეთის რესპუბლიკაში აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა მხარდაჭერის მიმართულებით მუშაობს საზოგადოებრივი გაერთიანება „ხელი ხელს“. ორგანიზაცია 2012 წელს აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა მშობლებმა დააფუძნეს და მას შემდეგ ორგანიზაცია ცდილობს, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს უკეთესი მომავალი შეუქმნას. „ხელი ხელს“ არაკომერციული ორგანიზაციაა და ის ერთერთი ყველაზე ცნობილია იმ მცირე რაოდენობის ორგანიზაციას შორის, ვინც ყირგიზეთში აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს აბილიტაციურ მხარდაჭერას სთავაზობს. ორგანიზაცია კერძო პირებისა და ბიზნეს სექტორის შემოწირულობებით საქმიანობს.

ორგანიზაცია „ხელი ხელს“ აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ახორციელებს ინდივიდუალური ავა-თერაპიის და სენსორული ინტეგრაციის კურსებს. ორგანიზაციის მიერ შეთავაზებულ მომსახურებას შორისაა, ასევე, პროგრამები: „ოჯახი და ბავშვი“, „ვვითარდებით ერთად“, „განტვირთვა“, „არტ-თერაპია“, „ლოგოპედური გაკვეთილები“, „დამოუკიდებლობა ნაბიჯ-ნაბიჯ“, „მუსიკალური თერაპია“, „ფიზიკური თერაპია“ და „კომპიუტერის გაკვეთილები“.[1]

აუტიზმის მკურნალობას სთავაზობს მომხმარებელს ბიშკეკში მდებარე ვასილი შუროვის ფსიქიატრიული კლინიკა. კლინიკის ინტერნეტ გვერდის მიხედვით, ექიმი ეკატერინა შუროვა, რომელიც 12-წლიანი სტაჟის ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტია, წარმატებით ეხმარება ხალხს. კლინიკაში შესაძლებელია ბავშვთა ფსიქიატრის კონსულტაცია აუტიზმზე ეჭვის არსებობისას; ასევე, აუტიზმის დადასტურების შემდეგ, კომპლექსური დახმარება, რაც გულისხმობს მკურნალობის ინდივიდუალურ პროგრამას, ფსიქოთერაპევტულ, ლოგოდეპიურ და მედიკამენტოზურ მეთოდიკებს; ასევე, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშთა ეფექტურ სოციალურ ადაპტაციას.[2]

2014 წლის სექტემბერში ორგანიზაციამ „ხელი ხელს“, იუნისეფისა და სხვა პარტნიორების მხარდაჭერით, დაიწყო პროექტი „საპილოტე ავა-კლასი აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ბიშკეკის #34 სკოლაში“. აღნიშნული პროექტით, ყირგიზეთში პირველად მიეცათ აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს საშუალება, განათლება საკლასო ოთახებში მიიღონ. ახალი კლასებისთვის შეძენილ იქნა წიგნები, სასწავლო ავეჯი და სასწავლო პროცესისთვის საჭირო აღჭურვილობა. ყველა მოსწავლისთვის გათვლისწინებულია ინდივიდუალური სასწავლო გეგმა. პროექტის მიზანია აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთათვის განათლებაზე წვდომის უზრუნველყოფაა.[3]

საზოგადოებრივი ორგანიზაციის „ხელი ხელს“ თავმჯდომარე 2015 წლის თებერვალში აცხადებდა, რომ ყირგიზეთი განიცდის სპეციალისტების ნაკლებობას; „ჩენ გვსურს, სახელმწიფომ, ბოლოსდაბოლოს, ყურადღება დაუთმოს ამ პრობლემას. ქვეყანაში არ არის კანონი, რომელიც აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა სპეციალიზირებულ მხარდაჭერას დაარეგულირებს. სამედიცინო სასწავლებლებში აუტიზმის შესახებ ცალკე კურსები არ არის. იმისათვის, რომ აუტისტური სპექტრის დარღვევები არ განვითარდეს, საჭიროა, გვყავდეს სპეციალისტები, ვინც დიაგნოზის დასმას შეძლებს“, – აცხადებდა ჟილდიზ სადიკოვა.[4]

[1] საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ხელი ხელს“; ოფიციალური ინტერნეტ გვერდი; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://autism.kg/ [ნანახია 2022 წლის 12 იანვარს]

[2] ვასილი შუროვის ფსიქიატრიული კლინიკა; აუტიზმის მკურნალობა ბიშკეკში; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://psychiatr.clinic/regions/bishkek/psihiatrya/lechenie-autizma/ [ნანახია 2022 წლის 12 იანვარს]

[3] პარტნიორთა საკოორდინაციო საბჭო ყირგიზეთის რესპუბლიკის განვითარებისთვის; ახალი ამბები; პირველად ყირგიზეთში აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვები განათლებაზე წვდომას მიიღებენ; გამოქვეყნებულია 2014 წლის 2 სექტემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://www.donors.kg/ru/novosti/983-vpervye-v-kyrgyzstane-deti-s-autizmom-poluchat-dostup-k-obrazovaniyu [ნანახია 2022 წლის 12 იანვარს]

[4] ინტერნეტ რესურსი „KLOOP“; ბავშთა აუტიზმი: ყირგიზეთი სპეციალისტების ნაკლებობას განიცდის; ავტორი ბენაზირ იბრაიმოვა; გამოქვეყნებულია 2015 წლის 25 თებერვალს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://kloop.kg/blog/2015/02/25/detskij-autizm-kyrgyzstan-stalkivaetsya-s-nehvatkoj-spetsialistov/ [ნანახია 2022 წლის 12 იანვარს]