ავღანეთი. განათლებაზე ხელმისაწვდომობა ბავშვებისთვის. მარტი, 2021

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი 2020 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში ავღანეთთან მიმართებით სახელმძღვანელო პრინციპების შესახებ წერდა, რომ ავღანურ საზოგადოებაში ბავშვთა მიმართ არასათანადო მოპყრობა ენდემური ხასიათისაა. ავღანურ ოჯახებში ბავშვები ხშირად ექვემდებარებიან ისეთი დასჯის ფორმებს, როგორიცაა: სახეში სილის გაწვნა; სიტყვიერი შეურაცხყოფა; წვრილი ჯოხებით, ელექტრული კაბელის ან ფეხსაცმლის გამოყენებით ცემა და ა.შ. სექსუალური ხასიათის ძალადობა ასევე კვლავ რჩება პრობლემად, რომლის ყველაზე ხშირი ადრესატები გოგონები არიან.

მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს პრეზიდენტმა გჰანიმ მიიღო ბავშვთა დაცვის შესახებ კანონი, მისი რატიფიკაცია პარლამენტმა ჯერ ვერ მოახდინა, რადგან პარლამენტში ბავშვის დეფინიციაზე ვერ შეთანხმდნენ. „ბაჩა ბაზის“ პრაქტიკა (მცირეწლოვანი ბიჭებზე სექსუალური ძალადობა) კვლავ აღმოცენდა მას შემდეგ, რაც თალიბანის მმართველობა დასრულდა. წყაროთა მიხედვით, არის შემთხვევები, როდესაც ბიჭებს, რომელთა საშუალო ასაკი 14 წელია, იტაცებენ ან ყიდულობენ ოჯახებისგან ფულის სანაცვლოდ. აღნიშნულ პრაქტიკაში ჩართული ბიჭები ექვემდებარებიან ძალადობას და მუქარას, გაუპატიურებას და იმყოფებიან სექსუალურ მონობაში. „ბაჩა ბაზის“ ტრადიცია ავღანეთში არ აღიქმება, როგორც ჰომოსექსუალიზმი. მიუხედავად აღნიშნული პრაქტიკის კრიმინალიზაციისა, გავრცელებული ცნობებით, ავღანეთის უსაფრთხოების ძალების წევრები, თითქმის ყველა პროვინციაში იყენებდნენ „ბაჩა ბაზებს“. ტრადიციაში ჩართულ ბიჭებს თითქმის არ გააჩნიათ მხარდაჭერა სახელმწიფოსგან და დამნაშავეები იშვიათად თუ ექვემდებარებიან სასჯელს კანონის უზენაესობის კუთხით სუსტი სიტუაციისა და კორუფციის გამო. ახალი კანონმდებლობით, ბაჩა ბაზის ტრადიციაში ჩართულ მსხვერპლთა სისხლისსამართლებრივი დევნა აკრძალულია, თუმცა, ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც მათ აპატიმრებენ.

რაც შეეხება ავღანეთში ბავშვთა განათლებაზე წვდომის კუთხით სიტუაციას, ანგარიშის მიხედვით, ავღანეთში საჯარო და კერძო სკოლებში, ასევე – მადრასებში დასწრება ყველა ბავშვისთვის მე-9 კლასის ჩათვლით სავალდებულოა. თუმცა, გავრცელებული ცნობებით,  2018 წელს 3.7 მილიონი ბავშვი არ დადიოდა სკოლაში და მათი 60 % გოგონა იყო. ურბანულ დასახლებებში, სასოფლო რეგიონებთან შედარებით, ბავშვთა (მათ შორის – გოგონათა) სკოლაში დასწრება სავალდებულო იყო. ზოგადად, ქვეყანაში ბიჭთა სკოლები, რაოდენობრივად მეტია, ვიდრე გოგონათა სკოლა, ხოლო გოგონათა წვდომა სკოლებზე გაცილებით მაღალია სამთავრობო კონტროლს დაქვემდებარებულ რეგიონებში, ვიდრე – შეიარაღებულ დაჯგუფებების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

იმ ბავშვთა ჯგუფებს, რომელთაც ან საერთოდ ეზღუდებოდათ ან არასათანადო წვდომა გააჩნდათ სკოლებში დასწრებაზე,  განეკუთვნებოდა: შ.შ.მ. ბავშვები ( მათ შორის – ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე ბავშვები); ეთნიკური, ლინგვისტური და რელიგიური უმცირესობების ჯგუფების წარმომადგენლები; ქუჩაში მცხოვრები ბავშვები; ის ბავშვები, რომელთა ოჯახებიც სეზონურ მიგრაციაში არიან სამუშაოს გამო; ლტოლვილი ან იძულებით გადაადგილებული ბავშვები და ა.შ.

სხვა გამოწვევები, რომელთა წინაშეც ავღანეთის განათლების სისტემა დგას მოიცავს უსაფრთხოების კუთხით მძიმე სიტუაციას, სასკოლო შენობების ნაკლებობას და დაზიანებას; სასწავლო მასალების, წიგნების და რესურსების ნაკლებობა; მასწავლებელთა (განსაკუთრებით, ქალ მასწავლებელთა) ნაკლებობა, მასწავლებელთა სავარაუდოდ ქრთამის საფუძველზე დასაქმება; ინკლუზიური სისტემის არაარსებობა სკოლებში; კულტურული ნორმები, რომლებიც გოგონების  განათლებას აუცილებლად არ მიიჩნევს; სიღარიბე; სკოლასა და სახლებს შორის დიდი მანძილი და ა.შ.

2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა სასკოლო დაწესებულებებზე თავდასხმა, რადგან საჯარო სკოლები გამოიყენებოდა, როგორც საარჩევნო უბნები და, ბუნებრივია, ამან განათლებაზე წვდომის კუთხით სიტუაციაზე გრძელვადიანი გავლენა იქონია. სამთავრობო ძალები, სკოლებს, ზოგჯერ, ასევე იყენებდნენ სამხედრო მიზნებისთვის.

გამიზნული თავდასხმები სკოლებზე, მასწავლებლებსა და მოსწავლეებში ასევე ფიქსირდებოდა შეიარაღებული არა-სახელმწიფოებრივი აქტორების მხრიდან. უშუალოდ გოგონა სკოლებზე თავდასხმებს აწყობდნენ როგორც თალიბანი, ასევე – „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები. თალიბანი რეგულარულად ავრცელებდა მიმართვებს, რომლის ფარგლებშიც გამოხატავდა მხარდაჭერას განათლებისადმი და აბსოლუტურ აკრძალვას აწესებდა სკოლებზე თავდასხმაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ტიპის თავდასხმები, ბოლო პერიოდში, აღარ იყო სისტემატური ხასიათის, თუმცა, ზოგჯერ, მაინც ხდებოდა. UNAMA-ს მიხედვით, 2019 წლის განმავლობაში თალიბანმა განახორციელა არაერთი თავდასხმა, რამაც გავლენა იქონია სასწავლო დაწესებულებებზე (მათ შორის – დაზიანდა 28 სკოლის შენობა) და სკოლებში მომუშავე პერსონალზე. ჯგუფის მიზანი, როგორც ჩანს, უკვე აღარ არის სკოლების დახურვა, არამედ – მათზე კონტროლის მოპოვება ისეთი მეთოდების გამოყენებით, როგორიცაა მასწავლებლების რეკრუტირება; რეგულარული ინსპექციები სკოლებზე და სკოლის სასწავლო გეგმის მათ მიერ არჩევა. ზოგადად, თუ რა ხდება თალიბანის კონტროლს დაქვემდებარებულ რეგიონებში მდებარე სკოლებში, დამოკიდებულია ადგილობრივ მეთაურზე და მოსახლეობაზე. თალიბანის დამოკიდებულებაც გოგონების განათლების საკითხის მიმართ, ზოგჯერ უერთიერთგამომრიცხავია. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად, დაჯგუფება აღარ ეწინააღმდეგება გოგონათა მიერ განათლების მიღებას, კვლავ ფიქსირდება გოგონათა სკოლების გამიზნული დახურვისა და მათთვის სწავლის უფლების შეგნებული შეზღუდვები. აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით პრევალენტური იყო 12 წელს ზემოთ გოგონებში. უშუალოდ თალიბანის წევრები, საკუთარ ქალიშვილებს იშვიათად თუ რთავდნენ სკოლაში სიარულის გაგრძელების ნებას მათ მიერ სქესობრივი სიმწიფის ასაკის მიღწევის შემდგომ.

ანგარიშის მიხედვით, ზოგადად, ქალაქებში: ქაბული, ჰერათი და მაზარ-ე შარიფი, საგანმანათლებლო დაწესებულებები წარმოდგენილი იყო და სკოლებზე წვდომაც უკეთესია, ვიდრე ავღანეთის სხვა რეგიონებში. ქალაქებში, ბავშვთა განათლებაზე წვდომის ყველაზე დიდი ხელისშემშლელ ფაქტორად ითვლება სათანადო ფინანსური რესურსის ან დოკუმენტაციის (იძულებით გადაადგილებულ პირთა ან დაბრუნებულ პირთა შემთხვევაში) არქონა.

EASO-ს შეფასებით, ავღანეთის საგანმანათლებლო სისტემაში არსებული ზოგადი ხარვეზები და განათლების მიღების არახელსაყრელი პირობები, თავისთავად, არ შეიძლება ჩაითვალოს დევნად, რადგან ისინი არ წარმოადგენენ მესამე მხარის გამიზნული მოქმედებების შედეგად დამდგარ შედეგებს. თუმცაღა, როდესაც საქმე ეხება განათლებაზე წვდომის შეგნებულ შეზღუდვას, განსაკუთრებით – გოგონების შემთხვევაში, ასეთი ფაქტები შესაძლოა გაუტოლდეს დევნას.[1]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ავღანეთში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ავღანეთში განათლება მე-9 კლასის ჩათვლით სავალდებულოა და, კანონის მიხედვით, უფასოა. UNICEF-ის ცნობით, 3.7 მილიონი ავღანელი ბავშვი ვერ დადიოდა სკოლაში ისეთი მიზეზების გამო, როგორიცაა: დისკრიმინაცია, სიღარიბე; განგრძობადი კონფლიქტი და ა.შ. მათი 60 % გოგონა იყო, ხოლო გოგონების სკოლათა რაოდენობა, ქვეყანაში ყველა სკოლის რაოდენობის მხოლოდ 16 %-ს შეადგენდა. UNAMA-ს მიხედვით, შეიარაღებული ჯგუფები ცდილობდნენ შეეზღუდათ გოგონათა წვდომა განათლებაზე. აპრილში, შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი წაუკიდეს გოგონათა 2 სკოლას ქ. ფარაჰში, რის შედეგადაც, სწავლაზე წვდომა გაურკვეველი დროით შეუწყდა 1700-მდე გოგონას. გოგონათა განათლებაზე წვდომის მთავარ დამაბრკოლებელ ფაქტორებად რჩებოდა სიღარიბე; ადრეულ ასაკში და იძულებითი ქორწინებები; უსაფრთხოების კუთხით მყიფე სიტუაცია; ოჯახის მხრიდან მხარდაჭერის არარსებობა; ქალი მასწავლებლების ნაკლებობა და და ა.შ.

ანგარიშის მიხედვით, ძალადობრივი თავდასხმები ბავშვებზე, განსაკუთრებით კი – გოგონებზე, ზღუდავდა მათ წვდომას განათლებაზე, განსაკუთრებით – თალიბანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. თალიბანი და სხვა ექსტრემისტული დაჯგუფებები ემუქრებოდნენ და თავს ესხმოდნენ სკოლაში დასაქმებულ პერსონალს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს და წვავდნენ როგორც ბიჭების, ასევე – გოგონათა სკოლებს. პრესაში ვრცელდებოდა ცნობები სკოლის პერსონალისა და მასწავლებლების მიერ მოსწავლეებზე (განსაკუთრებით – ბიჭ მოსწავლეებზე) განხორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ. ასევე, გავრცელებული ცნობებით, როგორც შეიარაღებული დაჯგუფებები, ასევე – სამთავრობო ძალები იყენებდნენ სკოლებს სამხედრო მიზნებით. თალიბანის მიერ მიმდებარე სამთავრობო შენობებზე თავდასხმების შედეგად, ზოგჯერ, ზიანდებოდნენ სტუდენტები და სკოლები.[2]

[1] EASO – Country Guidance: Afghanistan Common analysis and guidance note; published in December 2020; available at

[accessed 26 March 2021]

[2] United State Department of State – Country Report on Human Rights Practices 2019 – Afghanistan; published on 11 March 2020; available at

[accessed 26 March 2021]

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 1-7 მაისი, 2018

ნიგერიაში მეჩეთთან ტერაქტს 86 ადაიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – ქალაქ მუბიში, მეჩეთთან აფეთქების შემდეგ, ახლომდებარე ტერიტორიაზე მყოფი ხალხი უსაფრთხო ადგილას შეიკრიბა, სადაც უკვე მეორე აფეთქება მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია; თუმცა, როგორც ცნობილია, ნიგერიაში ტერორისტულ აქტებს, ძირითადად, „ბოკო ჰარამი“ ახორციელებს.[1]

ნიგერიის სოფელში თავდამსხმელებმა ბავშვები და ზრდასრულები მოკლეს – შემთხვევა ჩრდილოეთ ნიგერიაში მდებარე სოფელ გვასკაში მოხდა. ზოგიერთი მოკლული ბავშვი 10 წლამდე ასაკის იყო, მათ სხეულები დასახიჩრებული ჰქონდათ. გადარჩენილების თქმით, დანაშაულებრივი ჯგუფი სოფელს თავს მოულოდნელად დაესხა და ცეცხლი გახსნა. მოსახლეობა პრეზიდენტს უკვე დიდი ხანია მოწყვლად სოფლებში სამხედროთა პოლიციელთა რაოდენობის გაზრდას სთხოვს, თუმცა უშედეგოდ.[2]

ნიგერიის არმიამ „ბოკო ჰარამის“ ტყვეობიდან 1000-მდე ადამიანი დაიხსნა – გათავისუფლებულებს შორის დიდი ნაწილი ქალები და ბავშვები არიან. სპეცოპერაცია ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ერთდროულად ჩატარდა.[3]

ინდოეთში ერთი კვირის განმავლობაში ორი არასრულწლოვანი გააუპატიურეს და დაწვეს – ინდოეთის შტატ ჯარხანდში 17 წლის გოგო კრიტიკულ მდგომარეობაშია მას შემდეგ, რაც ის გააპატიურეს და მისი დაწვის მცდელობა ჰქონდათ. პოლიციამ ერთი ეჭვმიტანილი დააკავა. ეჭვმიტანილი აცხადებს, რომ ის გოგოს ცოლად მოყვანას აპირებდა, თუმცა მან უარი უთხრა. ეს ჯარხანდის შტატში უკვე მეორე შემთხვევაა. 5 მაისს, 16 წლის გოგო ცოცხლად დაწვეს მას შემდეგ რაც, მისმა მშობლებმა სოფლის უხუცესებს განუცხადეს, რომ ის გააუპატიურეს. პოლიციაში განაცხადეს, რომ უხუცესებმა მოძალადეებს სასჯელის გამოსასყიდლად 100 ბუქნის გაკეთება და 50 ათასი რუპის (750 დოლარი) გადახდა დააკისრა. განრისხებული მოძალადეები ამის შემდეგ გოგოს სახლში მივიდნენ, მის მშობლებს სცემეს და არასრულწლოვანი დაწვეს. 21 აპრილს, ინდოეთის ხელისუფლებამ 12 წლამდე გოგოების გაუპატიურების გამო სასჯელის სახედ სიკვდილით დასჯა შემოიღო. გამკაცრდა სასჯელი 16 წლამდე გოგოების გაუპატიურებაზეც. სასჯელის მინიმალური ვადა 10-დან 20 წლამდე გაიზარდა. ზრდასრული ქალის გაუპატიურების გამო კი მოძალადეს, სულ მცირე, 10 წლით გაუშვებენ ციხეში.[4]

ავღანეთში მეჩეთთან აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა – მინიმუმ 12 ადამიანი დაიღუპა და 33 დაიჭრა ხოსტის პროვინციაში მდებარე მეჩეთთან მომხდარი აფეთქების შედეგად. მეჩეთი ამომრჩეველთა რეგისტრაციის ცენტრის ფუნქციასაც ითავსებს. მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობა არავის აუღია; თუმცა, ცნობილია, რომ თალიბანი და ისლამური სახელმწიფო დემოკრატიული არჩევნების ჩატარების წინააღმდეგნი არიან და წარსულში არაერთხელ დაესხნენ თავს საარჩევნო უბნებსა და რეგისტრაციის ცენტრებს. ბოლო თვის განმავლობაში ტერაქტებს ხმის მისაცემ უბნებზე ქაბულში 60-მდე ადამიანი ემსხვერპლა.[5]

ავღანეთში ინდოელი ინჟინრები მძევლად აიყვანეს – ავღანეთის ჩრდილოეთით, ბაღლანის პროვინციაში, 7 ინდოელი ინჟინერი და ერთი ავღანელი მძღოლი მძევლებად აიყვანეს. ინფორმაცია პროვინციის პოლიციის პრესსპიკერმა გაავრცელა. ინჟინრები ერთერთ ელექტროსადგურზე მიემგზავრებოდნენ, რა დროსაც მათ მინივენს შეიარაღებული ადამიანები დაესხნენ თავს. ხელისუფლება მათ დახსნას ცდილობს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა აღნიშნული ტერიტორია თალიბანის კონტროლის ქვეშ არის.[6]

„ჰეზბოლა“ ლიბანის პარლამენტში 67 მანდატით შევა – ლიბანში ბოლო 9 წლის განმავლობაში პირველი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. წინასწარი შედეგებით, პარტია „ლიბანური ძალები“, რომელიც მოსახლეობის ქრისტიანული ნაწილის ინტერესებს იცავს, პარლამენტში 15 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. დაჯგუფება „ჰეზბოლა“ კი, რომელიც 1995 წელს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა, პარლამენტში 67 კაცით შევა. პრემიერმინისტრ ალ-ჰარირის ბლოკმა წინა არჩევნებთან შედარებით ცუდი შედეგი აჩვენა, თუმცა ვარაუდობენ, რომ მინისტრთა კაბინეტის ფორმირებას მაინც მოახერხებს.[7]

[1] Reuters; Mosque blasts kill at least 27 in northeast Nigeria; By Percy Dabang, Emmanuel Ande; 1st May, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-nigeria-security/mosque-blasts-kill-at-least-27-in-northeast-nigeria-idUSKBN1I23QB

Daily Star; 86 killed in NE Nigeria suicide blasts: gravediggers; 2 May, 2018; available at: https://www.dailystar.com.lb/News/World/2018/May-02/447672-86-killed-in-ne-nigeria-suicide-blasts-gravediggers.ashx

[2] BBC; Nigeria Kaduna: Bandits slaughter 51 villagers; 6 May, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-africa-44021804

[3] იმედის ახალი ამბები; ნიგერიის არმიამ ბოკო ჰარამის ტყვეობიდან 1000-მდე ადამიანი დაიხსნა; 7 მაისი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/60495/nigeriis-armiam-boko-haramis-tkveobidan-1000mde-adamiani-daikhsna

[4] BBC; India rape: Second Jharkhand teenager set slight, police say; 7 May, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-asia-india-44028366

[5] The News Tribune; Bombing at mosque in Afghanistan kills 14, wounds 33; The Associated Press; 6 May, 2018; available at: http://www.thenewstribune.com/news/nation-world/article210575404.html

[6] Radio Liberty; Radio Free Europe; Seven Indian Engineers, Afghan Driver Kidnapped In Baghlan Province; 6 May, 2018; available at: https://www.rferl.org/a/seven-indian-engineers-afghan-driver-kidnapped-in-baghlan-province/29211261.html

[7] იმედის ახალი ამბები; წინასწარი შედეგებით, ლიბანის პარლამენტში „ჰეზბოლა“ 67 მანდატით შევა; 7 მაისი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/60408/tsinastsari-shedegebit-libanis-parlamentshi-hezbola-67-mandatit-sheva