ავღანეთი. ბალხის პროვინცია და ქ. მაზარ-ე-შარიფი. მაისი, 2021

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი 2020 წლის მაისში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ EASO-ს 2019 წლის სახელმძღვანელო ანგარიშის მიხედვით, ბალხის პროვინცია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ რეგიონს ავღანეთში, თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგიერთი შეიარაღებული ჯგუფი აქაც აქტიურია. 2017 წლის ბოლოს, განსაკუთრებით პროვინციის დედაქალაქ მაზარ-ე-შარიფში დაფიქსირდა რამდენიმე თავდასხმა, განხორციელებული შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ. იმავე წყარო 2019 წლის ივნისის ანგარიშში წერდა, რომ მაზარ-ე-შარიფში ადგილი აქვს დანაშაულებრივი ქმედებების ზრდას, მათ შორის – შეიარაღებულ ყაჩაღობებს, მკვლელობებს, შეტაკებებს და გატაცების შემთხვევებს. თუმცა, თავად EASO ქალაქში არსებულ ზოგად სიტუაციას შედარებით დადებითად აფასებს და ამბობს, რომ მაზარ-ე-შარიფში განურჩეველი ძალადობის მხოლოდ დაბალ დონეს აქვს ადგილი.

ბოლო დროს მომხდარი ინციდენტებიდან აღსანიშნავია 2019 წლის 30 აპრილი, როდესაც პოლიციის მანქანაზე დამაგრებული მაგნიტური ბომბი აფეთქდა, რასაც ერთი პოლიციის ოფიცრის სიცოცხლე ემსხვერპლა. ანგარიშის მიხედვით, ქ. მაზარ-ე-შარიფი სამთავრობო კონტროლსაა დაქვემდებარებული.[1]

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი EASO ავღანეთში უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ 2020 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ 2019 წლის პირველ ნახევრამდე, ბალხის პროვინცია ავღანეთში ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ და მშვიდ პროვინციად ითვლებოდა. ეს მეტწილად განპირობებული იყო პროვინციაში ძალაუფლებაზე ყოფილი სამხედრო მეთაურის – ატტა მოჰამმედ ნურის მონოპოლიით, რომელიც ბალხის გუბერნატორის პოზიციას ათწლეულზე მეტი ხნის პერიოდში იკავებდა. მისი თანამდებობიდან გადადგომის შემდგომ, ერთ-ერთი წყაროს შეფასებით (შვედეთის მიგრაციის სააგენტო) მასსა და პრეზიდენტს შორის დაძაბულობა გაიზარდა, რასაც დედაქალაქ მაზარ-ე-შარიფში სხვადასხვა პირებთან (თანამდებობის პირები, პარლამენტის წევრები და ა.შ.) აფილირებულ შეიარაღებულ პირთა რაოდენობის ზრდა მოჰყვა. შედეგად, ადგილი ჰქონდა დანაშაულებრივი ქმედებების ზრდას, მათ შორის – შეიარაღებულ ყაჩაღობებს, მკვლელობებს, შეტაკებებს და გატაცების შემთხვევებს.

ანგარიშის მიხედვით, სხვა ჩრდილო პროვინციებთან შედარებით, „თალიბანს“ ბალხში დიდი გავლენა არ გააჩნია. თუმცაღა, მიუხედავად ამისა, გავრცელებული ცნობებით, 2019 წელს პროვინციაში თალიბანის გავლენა გაიზარდა და ის მოქმედი იყო ბალხის თითქმის ყველა დასახლებაში. ერთ-ერთი წყაროს (Long War Journal) მიხედვით, 2020 წლის  ივლისის მდგომარეობით, თალიბანი ბალხში აკონტროლებდა „Dawlatabad” დასახლებას, ხოლო Charbulak; Chemtal და Zari დასახლებები „შერეულ“ კონტროლს იყო დაქვემდებარებული. რაც შეეხება ბალხის სხვა დასახლებებს, მათ ავღანეთის მთავრობა აკონტროლებდა.

ადგილობრივი წყაროების მიხედვით, 2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ჩრდილოეთის ყველა პროვინციაში,  მათ შორის – ბალხში, დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო – ხორასანი“ (ISKP) საკუთარი გავლენა გაზარდა. თუმცაღა. ACLED-ის მიერ 2019 წლის 1 მარტიდან 2020 წლის 30 ივნისამდე პერიოდში აღრიცხულ სტატისტიკაში, ბალხის პროვინციაში აღნიშნულ დაჯგუფებასთან დაკავშირებული უსაფრთხოებრივი ინციდენტები არ დაფიქსირებულა.

2019 წელს, UNAMA-მ აღრიცხა 277 სამოქალაქო დანაკარგი ბალხში (108 გარდაცვლილი და 169 დაშავებული). ეს 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 22 %-იანი ზრდის მაჩვენებელია. დანაკარგების მთავარ გამომწვევ მიზეზებს შორის იყო სახმელეთო შეტაკებები; ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები (IED) და გამიზნული მკვლელობები. 2020 წლის პირველი ნახევრის მაჩვენებლით, UNAMA-მ ბალხში 344 სამოქალაქო დანაკარგი აღრიცხა, რაც ავღანეთის პროვინციებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ACLED-ის მიერ 2019 წლის 1 მარტიდან 2020 წლის 30 ივნისამდე პერიოდში აღრიცხული სტატისტიკის მიხედვით, ბალხის პროვინციაში დაფიქსირდა 811 ძალადობრივი ინციდენტი, რომელთაგან 631 შეფასებულია, როგორც „ბრძოლა“; 162 – „აფეთქება/დისტანციური ძალადობა“; ხოლო 18 – „ძალადობა სამოქალაქო პირებზე“. გაეროს მონაცემების მიხედვით, ბალხში უსაფრთხოების კუთხით სიტუაცია 2019 წლიდან უარესდებოდა და 2020 წლის პირველ ნახევარში ის 4 ყველაზე აქტიურ პროვინციას შორის იყო.

რაც შეეხება კონკრეტულად ქ. მაზარ-ე-შარიფს, საანგარიშო პერიოდში აღნიშნული ქალაქი წარმოადგენდა შეტაკებების სცენას, რაც ძირითადად გამოიხატებოდა პოლიტიკურ დაპირისპირებებსა და ძალაუფლების დემონსტრირებაში. მაგ. 2019 წლის 14 მარტს შეტაკება მოხდა ყოფილ გუბერნატორ ატტა ნურის მხარდამჭერებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებს შორის. შედეგად, ათობით პირი, მათ შორის – პოლიციელები თუ სამოქალაქო პირები, დაშავდნენ. 2019 წლის 7 მაისს, პოლიციასა და „ჯიჰადის“ ადგილობრივ მეთაურებს შეტაკებას 2 პირის, მათ შორის – ერთი სამოქალაქოს სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 5 – დაშავდა. 2019 წლის 14 დეკემბერს თითქმის 24 საათიანი შეტაკება მოხდა ავღანეთის უსაფრთხოების ძალებსა და შეიარაღებულ პირებს შორის, რომლებიც იყვნენ ფარიაბის პოლიციის ყოფილი უფროსის – ნიზამუდდინ ქაისარის მხარდამჭერები. შეტაკება იმდენად მძიმე იყო, რომ მიმდებარე ტერიტორიიდან მაცხოვრებლები გაიქცნენ, რადგან მხარეები ერთმანეთს ბომბავდნენ. დაზიანდა მახლობლად მდებარე სამოქალაქო სახლები.

საპრეზიდენტო არჩევნების დღე – 2019 წლის 28 სექტემბერი, მაზარ-ე-შარიფში საკმაოდ მშვიდი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში არ მიუღიათ უსაფრთხოების კუთხით რაიმე განსაკუთრებული ზომა და არ იყო საკონტროლო გამშვები პუნქტები. მიუხედავად ამისა, წინა არჩევნებთან შედარებით, აქტიურობა დაბალი იყო. ერთ-ერთი წყაროს (Landinfo) მიხედვით, რომელმაც 2019 წლის ბოლოს ავღანეთში ფაქტების დამდგენი მისია გააგზავნა, ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ უსაფრთხოების კუთხით სიტუაცია 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, გაუარესდა. თუმცა, ისინი ამ გაუარესებას ძირითადად მომატებულ კრიმინალთან და არა – კონფლიქტთან დაკავშირებულ ძალადობასთან აკავშირებდნენ. მაზარ-ე-შარიფის მაცხოვრებლებმა იგივე განუცხადეს სხვა წყაროსაც (Pajhwok) – რომ 2019 და 2020 წლებში უსაფრთხოების კუთხით სიტუაცია უარესდებოდა და რომ ქალაქში დანაშაულებრივი ქმედებების ზრდის ტრენდი იყო. [2]

ავსტრიის წარმოშობის ქვეყნისა და თავშესაფრის კვლევისა და დოკუმენტირების ცენტრი (ACCORD) 2021 წლის 6 მაისს გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში ჰერათსა და მაზარ-ე-შარიფში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების შესახებ წერდა, რომ 2020 წლის იანვრიდან 2021 წლის აპრილის ჩათვლით, ადგილი ჰქონდა ჯამში დაახლოებით 30 შემთხვევას (17 2020 წელს, 13 – 2021 წლის აპრილამდე პერიოდში). ინციდენტებს შორის იყო: აფეთქებები ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებითა თუ სხვა ტიპის ბომბებით; თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმა; სროლები და ა.შ. ინციდენტებს შორის ხუთში (2020 წელს ერთ, ხოლო 2021 წელს – 4 ინციდენტში) ასევე ფიგურირებდა დაჯგუფება „თალიბანი“.[3]

[1] UK Home Office – Country Policy and Information Note Afghanistan: security and humanitarian situation; published in May 2020; available at

[accessed 17 May 2021]

[2] EASO – Afghanistan Security situation; published in September 2020; available at

[accessed 18 may 2021]

[3] ACCORD – Ecoi.net featured topic on Afghanistan: Security situation and socio-economic situation in Herat-City and Mazar-e Sharif; published on 6 May 2021; available at https://www.ecoi.net/en/countries/afghanistan/featured-topics/security-situation-and-socio-economic-situation-in-herat-city-and-mazar-e-sharif/#Toc517936358 [accessed 18 May 2021