ბანგლადეში. ადამიანის უფლებების დაცვა. პოლიტიკური ოპოზიცია. ნოემბერი, 2019

ბანგლადეშში პოლიტიკური ძალაუფლება კონცენტრირებულია მმართველი პარტიის „ავამი ლიგა“ ხელში და მდგომარეობის შესანარჩუნებლად, ის იყენებს ოპოზიციისა და მასთან დაკავშირებული სუბიექტების, ასევე კრიტიკულად განწყობილი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ რეპრესიებს. კორუფცია ქვეყანაში სერიოზული პრობლემაა და ანტი-კორუფციული ძალისხმევა მნიშვნელოვნადაა შესუსტებული პოლიტიზებული ძალოვანი სტრუქტურების მეშვეობით. უსაფრთხოების ძალები დაუსჯელად სჩადიან სხვადასხვა სახის ადამიანის უფლებების დარღვევებს. ისლამისტური ექსტრემისტული საფრთხე 2016 წლის შემდეგ შემცირებულია – მთავრობამ აამოქმედა მკაცრი მეთოდები, რასაც 15 ათასამდე პირის დაპატიმრება მოყვა.[1]

სამოქალაქო ხელისუფლება ახორციელებს უსაფრთხოების ძალების ეფექტურ კონტროლს. ბანგლადეშში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სერიოზულ პრობლემებია უკანონო და თვითნებური მკვლელობები; იძულებითი გაუჩინარებები; წამება; თვითნებური და უკანონო დაკავებები მთავრობის მიერ ან მისი სახელით; მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში საპატიმრო პირობები; პოლიტიკური ნიშნით პატიმრები; თვითნებური და უკანონო ჩარევა პირად ცხოვრებაში; ცენზურა, ინტერნეტ საიტების დაბლოკვა და ცილისწამება; ასევე. მშვიდობიანი შეკრების უფლებების დარღვევა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობების აკრძალვები; პოლიტიკური ჩართულობის შეზღუდვა; კორუფცია; ადამიანებით ვაჭრობა; ძალადობა ლგბტი თემის მიმართ და ერთსქესიანთა კავშირის სისხლისსამართლებრივი დევნა; მშრომელთა უფლებების დარღვევები და ბავშვთა შრომის გამოყენება. ვრცელდება ინფორმაციები უსაფრთხოების ძალების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ფართომასშტაბიანი დაუსჯელობის შესახებ. მთავრობა ძალიან ცოტას აკეთებს უსაფრთხოების ძალების მიერ სავარაუდო მკვლელობების ფაქტების გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯისთვის.[2]

ბანგლადეშის პარლამენტი 350 წევრისგან შედგება, საიდანაც 300 აირჩევა პირდაპირი წესით. პოლიტიკური პარტიები ირჩევენ საერთო ჯამში 50 მდედრობითი სქესის წევრს მათ მიერ არჩევითი ადგილების განაწილების შესაბამისად. შეიხ ჰასინას მმართველმა „ავამი ლიგამ“ 2018 წლის დეკემბერში გამართული არჩევნები, ზედიზედ მესამედ, უდიდესი უპირატესობით მოიგო და 300 არჩევითი ადგილიდან 288 დაისაკუთრა. არჩევნების დღე და წინასაარჩევნო კამპანია პოლიტიკური ძალადობის ფონზე მიმდინარეობდა და მინიმუმ 17 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა; ასევე, ადგილი ჰქონდა მთავრობის ოპონენტების როგორც სამართლებრივი ასევე სხვა მეთოდებით შევიწროვებას. ოპოზიციური პარტიის „BNP“ მტკიცებით, მათი 6 ათასამდე მხარდამჭერი და 10 კანდიდატი არჩევნების წინ დააპატიმრეს და აღნიშნული კანდიდატები ძალადობისა და დაშინების მსხვერპლნი გახდნენ. პარტიის ლიდერი კჰალედა ზია კორუფციის ბრალდებით გაასამართლეს და კენჭისყრამდე ჩასვეს ციხეში, შემდეგ კი არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის უფლება ჩამოართვეს, რამაც პარტია „BNP“ სერიოზულად დააზარალა.

პარტია „BNP“-ის მტკიცებით, „ავამი ლიგამ“ არჩევნები ფართომასშტაბიანი მოსყიდვის და გაყალბების გზით მოიგო. აღნიშნულ პროცესში, მათი თქმით, ჩართულნი იყვნენ, როგორც პარტიის აქტივისტები, ასევე სამართალდამცავი ორგანოები. არჩევნებზე არ დაუშვეს სანდო და სარწმუნო რეპუტაციის მქონე არც საერთაშორისო და არც ადგილობრივი დამკვირვებლები. საარჩევნო კომისიამ, სხვადასხვა დარღვევებისთვის, „ავამი ლიგის“ 3 და „BNP“-ის 141 კანდიდატი მოხსნა არჩევნებიდან.[3]

ბანგლადეშში გრძელდება მმართველი პარტიის მიმართ ოპოზიციურად და კრიტიკულად განწყობილთა დევნა. მათ შორის არიან როგორც პოლიტიკური ოპოზიცია, ასევე ჟურნალისტები, ცნობილი სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეებიც კი.[4]

[1] Freedom House: Freedom in the World 2019 – Bangladesh, 4 February 2019

 (accessed on 28 November 2019)

[2] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2018 – Bangladesh, 13 March 2019

 (accessed on 28 November 2019)

[3] Freedom House: Freedom in the World 2019 – Bangladesh, 4 February 2019

 (accessed on 28 November 2019)

[4] HRW – Human Rights Watch: World Report 2019 – Bangladesh, 17 January 2019

 (accessed on 28 November 2019)

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 8-15 თებერვალი, 2018

მსოფლიოში ყოველი მეექვსე ბავშვი კონფლიქტის ზონაში ცხოვრობს – ამის შესახებ საუბარია ჰუმანიტარული ორგანიზაციის „Save the Children“ ანგარიშში „ომი ბავშვების წინააღმდეგ“. 1990-იანი წლების დასაწყისთან შედარებით კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ბავშვების რიცხვი 75%-ით გაიზარდა და 357 მილიონს მიაღწია. ორგანიზაციის ცნობით, ამ ბავშვების თითქმის ნახევარი – 165 მილიონი განსაკუთრებით მსხვილი კონფლიქტის ზონაში ცხოვრობს. ისინი ვერ დადიან სკოლაში და არა აქვთ წვდომა სამედიცინო დაწესებულებებზე. ბავშვებისთვის ყველაზე საშიშ ქვეყნებად სირია, ავღანეთი, სომალი, ნიგერია, სამხრეთ სუდანი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, იემენი და ერაყი დასახელდა. ანგარიშის თანახმად, 2010 წლიდან მოკლული და დაჭრილი ბავშვების რიცხვი მსოფლოში თითქმის სამჯერ გაიზარდა.[1]

ერაყის აღმშენებლობისთვის 30 მილიარდი დოლარი გამოიყო – გადაწყვეტილება ერაყის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებმა მიიღეს მიიღეს. ინფორმაცია ქუვეითის საგარეო საქმეთა მინისტრმა, შეიხ საბახ ალ-ხალედ ალ-ხამად ას-საბახმა დაადასტურა. ერაყის ეკონომიკის განვითარებისა და აღდგენთი სამუშაოებისთვის განკუთვნილ კონფერენციაში 51 ფონდი, 107 არასამთავრობო ორგანიზაცია და 76 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია მონაწილეობდა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი ერაყის განვითარებისთვის 300 მილიონ ევროს გამოყოფს. ერაყის ხელისუფლების მონაცემებით, ომისგან დაზარალებული ქვეყნის აღსადგენად 88.2 მილიარდი დოლარია საჭირო. ქუვეითში ერაყის რეკონსტრუქციის საერთაშორისო კონფერენცია 12-14 თებერვალს ჩატარდა.[2]

ბანგლადეშის ოპოზიციის ლიდერს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს – ბანგლადეშის ოპოზიციის ლიდერი ხალედა ზია კორუფციის ბრალდებით დააკავეს და 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. დჰაკას სასამართლომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პოლიციამ ბანგლადეშის ყოფილი პარლამენტის წევრის მხარდამჭერების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. 72 წლის პოლიტიკოსი ფინანსურ მაქინაციებში მონაწილეობას უარყოფს და მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია, რადგან ამით მას დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნები მონაწილეობის უფლება შეუზღუდეს. ხალედა ზია დიდი ხნის განმავლობაში პრემიერ-მინისტრ შეიხ ჰასინას მეტოქე იყო.[3]

ინდოეთში ქალები „პატარძლის შემოწმების“ ტრადიციას აპროტესტებენ – მაჰარაშტრას შტატში ქუჩაში 200 ათასამდე ინდოელი ქალი გამოვიდა. აქტივისტების მოთხოვნაა, გაუქმდეს დამამცირებელი ტრადიცია, რომელიც პატარძლის „სიწმინდის“ შემოწმებას გულისხმობს. ადგილობრივები – კანჯარბათის თემის წევრები, დღემდე მისდევენ „ქალიშვილობის შემოწმების“ უძველეს ტრადიციას; საქორწინო ღამეს წყვილისთვის თემის საბჭო ან წყვილის ოჯახის წევრი ქირაობს სასტუმროს ოთახს, წყვილს აძლევენ თეთრ ზეწარს და თემი და ოჯახი ოთახის გარეთ ელოდება, დადასტურდება თუ არა ქალის „სიწმინდე“. თუ ქალი „წმინდაა“, მას ოჯახი „იტოვებს“. თუ არა – შეიძლება, შემთხვევა ქალისთვის მძიმე შედეგებით დასრულდეს. საპროტესტო ტალღა ინდოეთში იზრდება, რადგან ქალები ფიქრობენ, რომ ამ გზით მათ ამცირებენ და სიცოცხლის ბოლომდე, ისინი სირცხვილს განიცდიან.[4]

საუდის არაბეთში ქალთა უფლებები ფართოვდება – საუდელი ქალებისთვის აბაიას (გრძელი თავისუფალი კაბა) ტარება სავალდებულო არ არის. ამის შესახებ უმაღლესმა რელიგიურმა სასულიერო პირმა შეიხ აბდულა ალ-მუთლაქმა განაცხადა. ალ-მუთლაქის თქმით, ქალებს მოკრძალებულად უნდა ეცვათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აბაია აუცილებელია. ამჟამად საუდელი ქალების ჩაცმულობას კანონი არეგულირებს.[5]

საუდის არაბეთში ქალებს გამომძიებლად მუშაობის უფლებაც მისცეს. საუდის არაბეთის გენერალურმა პროკურატურამ გამომძიებლის პოსტის დასაკავებლად ქალებისთვის კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობას მხოლოდ საუდის არაბეთის მოქალაქეობის და უმაღლესი განათლების მქონე ქალები შეძლებენ. გასაუბრების გარდა, კონკურსანტებმა ტესტები უნდა ჩააბარონ  და ფიზიკური მომზადება გაიარონ. 13 იანვარს საუდის არაბეთში ქალები ფეხბურთის მატჩს პირველად დაესწრნენ. გასული წლის 26 სექტემბერს კი საუდის არაბეთის მეფე სალმანმა განაცხადა, რომ 2018 წლის ივნისიდან ქალები მართვის მოწმებების მიღებას და ავტომანქანების კანონიერად მართვას შეძლებენ.[6]

მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია ეგვიპტეში – ეგვიპტის არმიამ სინას ნახევარკუნძულზე მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო, რომელიც ნილოსის სანაპიროსა და უდაბნოს ტერიტორიებს მოიცავს. ქვეყნის სამხედრო მეთაურის განმარტებით, სპეცოპერაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ტარდება და შეტევა ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე მიმდინარეობს. დაჯგუფებას ეგვიპტის სპეცსამსახურები გასული წლის ნოემბერში მეჩეთზე მომხდარ თავდასხმაში ადააშაულებენ. ინციდენტს მაშინ 235-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.[7]

სინაის ნახევარკუნძულზე სპეცოპერაციის ფარგლებში ეგვიპტელმა სამხედროებმა 16 რადიკალი ისლამისტი მოკლეს. გარდა ამისა, დაკავებულია ოთხი მებრძოლი და 30 ადამიანი, რომელთაც ტერორისტების დახმარებაში სდებენ ბრალს. სამხედრო ოპერაციაში ჩართულია ეგვიპტის ავიაცია, ფლოტი და მესაზღვრეებიც. სამხედროებმა აღმოაჩინეს ტერორისტების საკომუნიკაციო ცენტრი და ნარკოტიკების მწარმოებელი ექვსი ქარხანა. როგორც ეგვიპტის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, განადგურებულია ტერორიზმში ეჭვმიტანილთა იარაღი, მოტოციკლეტები და მანქანებიც. მანამდე ეგვიპტის ლიდერმა აბდელ ფატაჰ ალ-სისიმ მოუწოდა სამხედროებს ქვეყანაში მოქმედი ბანდფორმირებები თვის ბოლომდე გაანადგურონ. მედიის ცნობით, ლიკვიდირებულებს შორის არიან „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებიც.[8]

ბოლო დღეების განმავლობაში სირიაში იერიშებს 277 ადამიანი ემსხვერპლა – გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესმა კომისარმა სირიაში მიმდინარე მოვლენები დაგმო. უწყებაში განმარტავენ, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში განხორციელებული იერიშების შედეგად, ამბოხებულების მიერ კონტროლირებად რეგიონებში 277 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, აქედან 230 ავიაიერიშებს შეეწირა. კიდევ 812 ადამიანი კი დაშავდა. ორგანიზაციის უმაღლესი კომისარი საერთაშორისო გაერთიანებას დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ მომხდარი სამხედრო დანაშაულია და ის დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. რამდენიმე დღის წინ, მეამბოხეების მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ გუტას რეგიონში სირიის სამთავრობო ძალების ავიადარტყმებს 59 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის 15 ბავშვი იყო.[9]

თურქეთის პროქურთულმა პარტიამ ახალი ლიდერები აირჩია – თურქეთის ერთ-ერთმა მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ „სახალხო დემოკრატიულმა პარტიამ“, რომელიც ქურთებს უჭერს მხარს, ყრილობაზე ახალი ლიდერები აირჩია – იურისტი და უფლებადამცველი პერვინ ბულდანი და პარტიის თანათავმჯდომარის მოადგილე სეზაი თემელი. პარტიის წევრების ცნობით, ყრილობის ჩაშლა ხელისუფლებამ მათი მხარდამჭერების დაკავებებით სცადა, თუმცა არ გამოუვიდა. პარტიის ინფორმაციით, ყრილობამდე რამდენიმე დღის განმავლობაში მოულოდნელი შემოწმებისა და რეიდების შედეგად, თურქეთის პოლიციამ 500-მდე თანამოაზრე დააკავა. ამის მიუხედავად, კონგრეს 32 ათასი მხარდამჭერი და პარტიის წევრი დაესწრო. შეკრება პირველი იყო მას შემდეგ, რაც პარტიის ლიდერი სელაჰატინ დემირტაში 2014 წელს ტერორიზმის მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს.

2017 წლის იანვარში თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქის, დიარბაკირის პროკურატურამ პარტიის თანათავმჯდომარეებისთვის – სელაჰატინ დემირტაშისთვის 142-წლიანი და ფიგენ იუკსეგდაგისათვის 83-წლიანი პატიმრობა მოითხოვა. პოლიტიკოსებს ტერორისტული ორგანიზაციის პროპაგანდასა და მოსახლეობაში უკმაყოფილების გაღვივებაში სდებენ ბრალს. 2016 წლის ნოემბერში, თურქეთის პროკურატურის მოთხოვნით, პარტიის 15 დეპუტატი დააპატიმრეს. მათ ბრალად დასდეს თურქეთში აკრძალულ „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ კავშირი.[10]

[1] იმედი, ახალი ამბები; ანგარიში: მსოფლიოში ყოველი მეექვსე ბავშვი კონფლიქტის ზონაში ცხოვრობს; 15 თებერვალი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/48732/angarishi-msoplioshi-koveli-me6-bavshvi-konpliqtis-zonashi-tskhovrobs

[2] The Washington Post; $30 bilion pledged in Kuwait at summit to rebuild Iraq; By Jon Gambrell; 14 February, 2018; available at: https://www.washingtonpost.com/world/middle_east/kuwait-to-give-2-billion-in-loans-investments-for-iraq/2018/02/14/a1191afe-115e-11e8-a68c-e9374188170e_story.html?utm_term=.e70fafef115f

[3] BBC; Bangladesh ex-PM Khaleda Zia jailed amid clashes; 8 February, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-asia-42987765

[4] BBC; The fight to ban a ‘humiliating’ virginity test for newlyweds; 8 February, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-asia-india-42814681

[5] BBC; Saudi women shoul not have to wear abaya robes, top cleric says; 10 February, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-middle-east-43017148

[6] Arab News; Saudi prosecutor to hire women investigators for first time; By AFP; 12 February, 2018; available at: http://www.arabnews.com/node/1245101/saudi-arabia

[7] Aljazeera; Egypt launches military operation in Sinai, Nile Delta; 10 February, 2018; available at: http://www.aljazeera.com/news/2018/02/egypt-launches-military-operation-sinai-nile-delta-180209064926285.html

[8] BBC; Egypt army says it killed 16 jihadists in Sinai; 11 February, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-middle-east-43022522

[9] CNN; UN human rights chief condemns bloody week in Syria; By Laura Smith-Spark; 10 February, 2018; available at: https://edition.cnn.com/2018/02/10/middleeast/syria-violence-united-nations-intl/index.html

[10] Reuters; Turket’s pro-Kurdish opposition elects new leaders; 11 February, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-turkey-kurds/turkeys-pro-kurdish-opposition-elects-new-leaders-idUSKBN1FV0S8