ბაჰრეინი – ქრისტიანების მდგომარეობა – ოქტომბერი, 2017

საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების შესახებ აშშ-ს კომისიის (USCIRF) მიერ, ბაჰრეინის შესახებ, 2017 წლის აპრილში გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის (დაახლოებით 1,3 მილიონი ადამიანი) ნახევარი ბაჰრეინის მოქალაქეა, ხოლო მეორე ნახევარი ემიგრირებულ მუშა ხელს წარმოადგენს, ძირთადად სამხრეთ აზიის ქვეყნებიდან. ემიგრანტთა თითქმის ნახევარი  არამუსლიმია (დაახლოებით 250,000-300,000). მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, ბაჰრეინის მოსახლეობის სულ მცირე 60% შიიტი მუსლიმია, ხოლო დაახლოებით 35% – სუნიტი მუსლიმი. მოსახლეობის 1-2% კი არამუსლიმი, მათ შორის არიან ქრისტიანები, ინდუსები, სიქჰები, ებრაელები და ბაჰაები. რეგიონში არსებულ სხვა ქვეყნებთან შედარებით, არამუსლიმ  რელიგიურ უმცირესობებთან მიმართებაში,   ბაჰრეინი ერთ-ერთი ყველაზე ტოლერანტული ქვეყანაა. მთავრობა ოფიციალურად აღიარებს სულ მცირე 19 ქრისტიანულ დენომინაციას (მიმდინარეობას), მცირე ებრაულ თემს, ინდუსებს და სიქჰებს. ბაჰაის მცირე თემი აღიარებულია, როგორც სოციალური გაერთიანება. ბაჰრეინელების უმრავლესობა აღიარებს, რომ ისტორიულად ტოლერანტული დამოკიდებულება ჰქონდათ ყველა რწმენისა და რელიგიის მიმართ.[1]

აშშ-ს სახელმწიფო დეპატამენტის მიერ ბაჰრეინის შესახებ, 2017 წლის აგვისტოში, გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ კონსტიტუციით, ისლამი გამოცხადებულია ოფიციალურ რელიგიად, ხოლო შარიათი კანონმდებლობის ძირითად წყაროდ. იგი ითვალისწინებს სინდისის თავისუფლებას, თაყვანისცემის ადგილების ხელშეუხებლობას და რელიგიური რიტუალების შესრულების თავისუფლებას. კონსტიტუცია იძლევა აზრის გამოხატვისა და გამოქვეყნების უფლებას, თუ აღნიშული არ ზღუდავს „ისლამური დოქტრინის ფუნდამენტურ რწმენებს“. კანონი კრძალავს ისლამის საწინააღმდეგო პუბლიკაციებს და „სახელმწიფო ოფიციალური რელიგიის შეურაცხყოფისა და კრიტიკის“ შემთხვევაში, აწესებს თავისუფლების აღკვეთას.

აშშ-ს მთავრობის შეფასებით, ქვეყნის მოსახლეობა შეადგენს 1.4 მილიონ ადამიანს (2016 წლის ივლისის მონაცემებით). მთლიანი მოსახლეობის 585,000 ადამიანი ბაჰრეინის მოქალაქეა (2015 წლის მონაცემები). აშშ-ს ინფორმაციით, მუსლიმები მოსახლეობის 70%-ს შეადგენენ, ქრისტიანები – 14.5%, ინდუსები – 9.8%, ბუდისტები – 2.5%, ხოლო ებრაელები 0.6%. ადგილობრივი წყაროების მიხედვით კი, მოქალაქეთა 99% მუსლიმია, ხოლო დარჩენილ 1%-ს ქრისტიანები, ინდუსები, ბაჰაები და ებრაელები შეადგენენ.

მთავრობა რეგისტრირებულ არამუსლიმურ საზოგადოებებს ნებას რთავდა, შეენარჩუნებინათ ღვთისმსახურების ადგილები, მოეწყოთ რელიგიური შეკრებები და გამოეჩინათ რელიგიური სიმბოლოები. შინაგან საქმეთა სამინისტრო რელიგიური თემების, მათ შორის არამუსლიმების, მიერ ორგანიზებულ მასშტაბური ღონისძიებების დროს, უზრუნველყოფდა უსაფრთხოების ზომებს. უსაფრთხოების ძალების განცხადებით, უსაფრთხოებისა და მშვიდობის შენარჩუნების მიზნით, ახორციელებდნენ რელიგიური შეკრებებისა და დაკრძალვის რიტუალების მონიტორინგს.

რელიგიური უმცირესობათა ჯგუფის მიმდევრების განცხადებით, მათ შეეძლოთ რელიგიური ხასიათის ინფორმაციისა და პუბლიკაციების გამოქვეყნება და მათი როგორც ეკლესიებში, ისე წიგნის მაღაზიებში დარიგება, თუმცა მთავრობა ისეთი პუბლიკაციების გამოქვეყნების ნებას რთავდა, რომელიც არ აკრიტიკებდა ისლამს.

ქრისტიანული თემის ლიდერების განცხადებით, მთავრობის მუდმივი მცდელობის კუთხით, რათა მოხდეს ქრისტიანული სასაფლაოების გაფართოება, მცირე პროგრესი შეინიშნება.

შურას საბჭოს (პარლამენტის სახლი) 40 წევრი შედგება 15 შიიტისგან, ერთი ებრაელისა და ერთი ქრისტიანისაგან, ხოლო 23 წევრი არის სუნიტი მუსლიმი.[2]

საინფორმაციო საშუალება Gulf News -ის მიერ 2017 წლის ივლისში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ ექსპატრიანტთა ასოციაციების ბაჰრეინული ფედერაციის (BFEA) გენერალური მდივნის, ბეტსი მატიესონის, განცხადებით, მსოფლიოში და ასევე, რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების ფონზე, მშვიდობიანი რელიგიური თანაარსებობა ბაჰრეინის მთავარი მახასიათებელია.

ბაჰრეინი, რომელიც უმეტესად მუსლიმებით არის დასახლებული, ასევე წარმოადგენს ადგილობრივი ქრისტიანების და ებრაელების სამშობლოს. ქრისტიანი ოჯახების უმრავლესობა ბაჰრეინში მე-19 საუკუნის ბოლოსკენ დასახლდა, რომლებიც ძირითადად ერაყიდან და თურქეთიდან ჩავიდნენ. 1940 წელს კი, უფრო მეტი არაბი ქრისტიანი ჩავიდა ბაჰრეინში, ძირითადად სირიიდან, ლიბანიდან, ეგვიპტიდან, პალესტინიდან და იორდანიიდან. მათი მიზანი იყო, ემუშავათ მასწავლებლებად, ექიმებად და ბიზნესმენებად.

ქრისტიანული თემის მიხედვით, ბაჰრეინელი ქრისტიანები მთლიანი მოსახლეობის 1%-ს შეადგენენ, თუმცა სხვა ეროვნების ქრისტიანების რიცხვი, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ ბაჰრეინში, 100,000-ზე მეტია. ბაჰრეინში 19 რეგისტრირებული ეკლესიაა. პირველი ქრისტიანული ეკლესია 1905 წელს აშენდა ამერიკელი მისიონერების მიერ. 1906 წელს, ეროვნული ევანგელისტური ეკლესია იყო პირველი ეკლესია, რომელმაც დაიწყო მსახურება.

რომის კათოლიკეებს აქვთ ორი ეკლესია, „Sacred Heart“-ის სახელობის ეკლესია მანამაში და „Our Lady of the Visitation“-ის სახელობის კათოლიკური ეკლესია ავალიში (ცენტრალური ბაჰრეინის ყოფილი ნავთობ-ქალაქი). „Sacred Heart“ აშენებულია 1940 წელს და ემსახურება 140,000 ადამიანს, ძირითადად ინდოელებს, ფილიპინელებს, პაკისტანელებს, ბანგლადეშელებს და შრი-ლანკელებს.[3]

 

[1] USCIRF – US Commission on International Religious Freedom: United States Commission on International Religious Freedom 2017 Annual Report; 2017 Country Reports: Tier 2 Countries: Bahrain, 26 April 2017 (available at ecoi.net)

 (accessed 26 September 2017)

[2] USDOS – US Department of State: 2016 Report on International Religious Freedom – Bahrain, 15 August 2017 (available at ecoi.net)
http://www.ecoi.net/local_link/345216/476367_en.html (accessed 26 September 2017)

[3] Gulf News – Religious freedom is what makes life great in Bahrain, 7 July 2017, available at: http://gulfnews.com/news/gulf/bahrain/religious-freedom-is-what-makes-life-great-in-bahrain-1.2054476 (26 September 2017)