ირანი. ბიბლიის თარგმნა-გავრცელების მიმართ არსებული დამოკიდებულება. მაისი, 2022

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რელიგიის თავისუფლების შესახებ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2020 წელი] წერს, რომ ქრისტიანული არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში კვლავ გრძელდება მთავრობის მხრიდან შეზღუდვები რელიგიური მასალის გამოცემაზე; მათ შორის, გრძელდება ქრისტიანობის შესახებ ადრე ხელმისაწვდომი წიგნების კონფიკაცია; თუმცა მთავრობის მხრიდან სანქცირებული ნათარგმნი ბიბლია, გავრცელებული ინფრომაციით, კვლავ ხელმისაწვდომია. სამთავრობო პირები ხშირად ახდენენ ბიბლიისა და სხვა არა-შიიტური რელიგიური ლიტერატურის კონფისკაციას და ზეწოლას ახდენენ საგამომცემლო სახლებზე, რომლებიც არასანქცირებულ არა-მუსლიმურ რელიგიურ მასალას ბეჭდავენ, რათა შეზღუდონ მსგავსი საქმიანობა.

ანგარიშის მიხედვით, ირანში აღიარებული რელიგიური უმცირესობები [გარდა სუნიტი მუსლიმებისა] უფლებამოსილნი არიან კერძო სკოლები იქონიონ. განათლების სამინისტრო ზედამხედველობს აღნიშნულ სკოლებს და აწესებს კონკრეტულ სასწავლო [კურიკულუმი] მოთხოვნებს. სამინისტრომ უნდა დაამოწმოს ყველა სასწავლო წიგნი, მათ შორის რელიგიური ტექსტიც. აღნიშნულ სკოლებს შეუძლიათ თავიანთი რელიგია ასწავლონ ნებისმიერ ენაზე, გარდა სპასრულისა; თუმცა ხელისუფლებამ ეს ტექსტიც უნდა დაამტკიცოს. უმცირესობები ვალდებულნი არიან, ტექსტის ოფიციალური გადახედვისთვის, სპარსულად თარგმნის საფასური გადაიხადონ. ქრისტიანი ლიდერების ინფრომაციით, ხელისუფლება ხურავს ეკლესიებს თუ გაიგებს, რომ იქ ნათლავენ კონვერტირებულებს ან რელიგიურ მსახურებას აღასრულებენ სპარსულად.[1]

მედია საშუალება „რადიო თავისუფლება“ 2022 წლის 15 მარტს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ ირანელმა მათემატიკოსმა და ფილოსოფიის ლექტორმა [Kaave Lajevardi] უარი თქვა ჯილდოს მიღებაზე, რომელიც მისთვის წლის წიგნისთვის უნდა გადაეცათ. კაავე ლაჯევარდიმ ჯილდო [ერთობლივად] დაიმსახურა ჯონ ლოკის წიგნის თარგმნისთვის. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ მისი ნათარგმნი წიგნი ცენზურის ობიექტი არ გახდა, არ ნიშნავს იმსა, რომ ის ვერ ხედავს ცენზურის დომინანტობას საგამომცემლო კუთხით და იმას თუ როგორ ირღვევა სამოქალაქო უფლებები ავტორებისთვის, გამომცემლებისა და მთარგმნელებისთვის. სტატიის მიხედვით, ნებისმიერი შემოქმედებითი ან კულტურული ნამუშევრის გამოქვეყნება, მათ შორის წიგნებისა და ფილმებისაც, შესაძლებელია მხოლოდ სამთავრობო ინსტიტუტების შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.[2]

განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებზე ხელმისაწვდომი ინფრომაციის მიხედვით, ირანში ბიბლიისა თუ სხვა რელიგიური [არა-შიიტური] ლიტერატურის სპარსულად თარგმნა და გავრცელება აკრძალულია. ირანის ხელისუფლება აღნიშნულ ქმედებას ქადაგებად [პროზელიტიზმი] მიიჩნევს. დამატებითი ინფორმაციისთვის ქადაგების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან არსებული დამოკიდებულების შესახებ, იხილეთ განყოფილების მიერ მომზადებული დოკუმენტი – „ირანი. კონვერტირებულ ქრისტიანთა მიმართ არსებული დამოკიდებულება. აპრილი, 2022“.

[1] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი; ყოველწლიური ანგარიში რელიგიის თავისუფლების შესახებ ირანში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 12 მაისს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 2 მაისს]

[2] მედია საშუალება „რადიო თავისუფლება“; ირანელმა მთარგმნელმა, „არარაციონალური ცენზურის“ მიმართ პროტესტის ნიშნად, ჯილდოზე უარი თქვა; გამოქვეყნებულია 2022 წლის 15 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 2 მაისს]