რუსეთი. უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ჩართულობა შავ ბიზნესში. ივლისი, 2020

უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ჩართულობა უკანონო ბიზნეს საქმიანობაში – 2019 წლის აგვისტოში, რუსულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის კორუფციულ სქემაზე, რომლის გამოყენებითაც უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მაღალჩინოსნები, ფულის სანაცვლოდ, „მფარველობას“ (Крышевание) უწევდნენ რუსულ ბანკებს. დანაშაულებრივ სქემაში ჩართული იყო უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ეკონომიკური უსაფრთხოების სამსახურის მოსკოვის „კ“ სამმართველო, რომელიც კურირებს საბანკო, საპენსიო და სადაზღვევო სექტორებს.

უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის წარმომადგენლები ბანკებთან, რომლებიც ფულის უკანონო განაღდებით იყვნენ დაკავებულნი („Обналичка“ [1]), ორი გზით თანამშრომლობდა – განაღდებული თანხის 0,1-0,2% ან ფიქსირებული „სააბონენტო გადასახადი“. სქემის ეფექტურად მუშაობისა და სიტუაციის კონტროლისათვის, ბანკებში, როგორც წესი, ბანკის ეკონომიკური უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, ინიშნებოდნენ უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მიერ მივლენილი კადრები, როგორც წესი, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ყოფილი (პენსიაზე გასული) თანამშრომლები.

უსაფრთხოების სამსახურის მოსკოვის განყოფილებას სქემის განსახორციელებლად სჭირდებოდა რეგიონული სამსახურების დახმარება, რადგან დიდი ოდენობით ნაღდი ფულის შოვნა რეგიონებში უფრო ადვილია, სადაც კონცენტრირებულია რუსეთის ფედერაციის ჩრდილოვანი ეკონომიკის უდიდესი ნაწილი. რეგიონული სამმართველოები მოიპოვებდნენ დიდი ოდენობით ნაღდ ფულს, რომელსაც გზავნიდნენ მოსკოვში, „კ“ სამმართველოში, რომელიც „ურთიერთობებს ალაგებდა“ ბანკებთან. ფულის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდნენ უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფების, „ალფასა“ და „ვიმპელის“ თანამშრომლები.

დანაშაულებრივი სქემის შესახებ რუსული მედიისთვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის „კ“ სამმართველოს თავმჯდომარე კირილ ჩერკალინი დააპატიმრეს. როგორც მედია იტყობინება, 2014 წელს ჩერკალინმა ფინანსური ჯგუფის „ლაიფ“ ერთერთ მფლობელს ალეკსანდრ ჟელეზნიაკს „შესთავაზა“, ვიცე-პრეზიდენტად უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი დაენიშნა და მისთვის გადაეხადა ხელფასი 120 ათასი ამერიკული დოლარი წელიწადში. ამასთან, ფინანსური ჯგუფის „ლაიფ“ დიდი ნაწილი უნდა გადასულიყო კომერციული სტრუქტურის საკუთრებაში, რომელიც მოგებას გაუნაწილებდა უსაფრთხოების ფედერალური სამსახურისა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებს. ჟელეზნიაკმა „შეთავაზება“ არ მიიღო, რის შემდეგაც მისი და სხვა აქციონერების წინააღმდეგ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა და მათ საკუთრებაში არსებულ ბანკებს შეუჩერეს ლიცენზია. 2019 წლის აპრილში, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის „კ“ სამმართველოს თავმჯდომარე კირილ ჩერკალინი, ორ კოლეგასთან ერთად (მისი ყოფილი უფროსი დიმიტრი ფროლოვი და დაქვემდებარებული თანამშრომელი ანდრეი ვასილევი), დააპატიმრეს. ჩხრეკისას, მისი სახლიდან, ნაღდი ფულისა და ძვირფასეულობის სახით, 12 მილიარდი რუსული რუბლი ამოიღეს.[2]

ერთერთი მსხვილი რუსი ბანკირი ჩერკალინს ახასიათებს როგორც ძალიან ჭკვიან და საკითხში კარგად გარკვეულ პირს, რომელსაც, სხვა შემთხვევაში, აუცილებლად აიყვანდა სამსახურში – „[…] თუმცა, ეს ხალხი, ყველა, „კომერციული ტიპები“ არიან, ასეთი თაობაა […]“. კომერციულ საქმიანობაზე ორიენტირებული თაობა უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში 2000-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა, როდესაც რუსეთში საბანკო განაღდებების ბუმი იყო. იგივე ბანკის თქმით, „[…] ცნობილი პრინციპია, როდესაც აცნობიერებ, რომ რაღაცასთან ბრძოლა უსაფუძვლოა, მას სათავეში უნდა ჩაუდგე […]“. ბანკებს, რომლებიც დაკავებულნი იყვნენ „შავი ფულის“ მოპოვებით, ეკონომიკური უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის „კ“ სამმართველო „სააბონენტო გადასახადს“ ახდევინებდა.[3]

2019 წლის აპრილში რუსული მედია, ასევე, ამახვილებდა ყურადღებას ძალოვნების მხრიდან მეწარმეებზე კონტროლის გამკაცრების დინამიკაზე. ადგილობრივი მედია წერდა, რომ 2012 წელთან შედარებით, ეკონომიკური დანაშაულების გამო აღძრული სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა 3-ჯერ გაიზარდა. ადგილობრივი ექსპერტების თქმით, ასეთი საქმეების რაოდენობა ყოველწლიურად 20-25%-ით იზრდება. პოლიტოლოგი კირილ როგოვი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ზუსტად უსაფრთხოების ფედერალური სამსახურია მთავარი მოქმედი პირი პოლიტიკურად მგრძნობიარე სისხლის სამართლის საქმეებში, სადაც უსაფრთხოების სამსახური ან მხარდამჭერია ან თავად აღძრავს და აწარმოებს საქმის ძიებას. პოლიტოლოგის თქმით, ასეთი ტენდენცია განსაკუთრებით თვალშისაცემია მას შემდეგ, რაც სუგრობოვის საქმეში, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა „გაანადგურეს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალოგიური „ანტიკორუფციული“ ქვედანაყოფი.[4]

2019 წლის ნოემბერში „ბი-ბი-სის“ რუსულენოვანი განყოფილება წერდა, რომ რუსულმა ბიზნეს გაერთიანებებმა, სამართალდამცავ სტრუქტურებთან და მთავრობასთან თანამშრომლობით, შექმნეს ინტერნეტ გვერდი, რომლის გამოყენებითაც, ნებისმიერ ბიზნესმენს შეუძლია, პოლიციის, პროკურატურის ან უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლების მხრიდან ზეწოლის შესახებ განაცხადოს.[5]

ილია კლიგმანის საქმე – ილია კლიგმანს კრიმინალური სქემების ორგანიზატორად და რამდენიმე ათეული ბანკი-ბანკროტის საბოლოო ბენეფიციარად მიიჩნევენ. მასზე ძებნა 2019 წლის დეკემბერში გამოცხადდა. მას დაუსწრებლად აქვს ბრალი დადებული თაღლითობაში. კლიგმანს ძიება მიიჩნევს ათობით გაბანკროტებული ბანკის საბოლოო ბენეფიციარად. აღნიშნული ბანკებიდან საერთო ჯამში 100 მილიარდი რუბლი გაქრა, საიდან უმეტესი ნაწილი საზღვარგარეთ გატანილი. ბანკებს შორისაა „გელენჯიკის ბანკი“, „ინტერკომერც ბანკი“, „ტაიმ ბანკი“, „ანტალბანკი“, „არკსბანკი“ და სხვა. როგორც ძიებამ გაარკვია, ყველა ამ ბანკს უკან ილია კლიგმანი დგას.[6]

დენის ვორონენკოვის საქმე (ვიტალი კაჩური, დენის პანაიოტოვი) – დენის ვორონენკოვი რუსეთის პარლამენტის ყოფილი წევრია, რომელსაც ძიება ედავებოდა, მოსკოვში შენობის მიტაცების მიზნით, განსაკუთრებით ფართო მასშტაბის თაღლითობის ორგანიზებას. მისი დაკავება დეპუტატის მანდატის გამო ვერ ხერხდებოდა. პროკურატურამ ორჯერ უშედეგოდ მიმართა პარლამენტს ვორონენკოვისთვის (რომლის მეუღლეც, ასევე, პარლამენტარი იყო) იმუნიტეტის ჩამორთმევის თხოვნით. 2016 წელს ვორონენკოვი და მისი მეუღლე პარლამენტის წევრებად აღარ აირჩიეს და ისინი უკრაინაში გაიქცნენ. 2017 წლის 23 მარტს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია დენის ვორონენკოვის მკვლელობის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, ის კიევის ცენტრში ჩაცხრილეს. ოჯახმა ვორონენკოვის მკვლელობაში დენის პეტროვიჩ პანაიოტოვი დაადანაშაულა და საჯაროდ განაცხადა, რომ შესაბამის ორგანოებს გადაუგზავნა მასალები, რომლებიც პანაიოტოვის ბრალს ადასტურებდა. დენის პანაიოტოვი ოდენცოვის რაიონის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი იყო. ის 2013 წელს ეთიკური ნორმების დარღვევის გამო თანამდებობას ჩამოაშორეს და დაითხოვეს. დენის პანაიოტოვი ვორონენკოვის საუკეთესო მეგობარი იყო. სწორედ მან ურჩია ვორონენკოვს და მის მეუღლეს უკრაინაში გაქცევა. უკრაინაში ყოფილი დეპუტატები სწორედ პანაიოტოვის საკუთრებაში არსებულ ბინაში იყვნენ. სანაცვლოდ პანაიოტოვს გაქცეულების მოსკოვში არსებული აპარტამენტები დარჩა. პანაიოტოვი დაპირდა ვორონენკოვს, რომ ქონებას მოგვიანებით გადაუფორმებდა, თუმცა ასე არ მოიქცა. ვორონენკოვის საქმეში ფიგურირებდა ასევე ვიტალი კაჩური, რომლის ფულითაც მოხდა მოსკოვში მდებარე შენობის თაღლითური გზით შეძენა. ვიტალი კაჩურმა კოლონიაში 5 წელი გაატარა და 2017 წელს პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლდა. ძიების ვერსიით, 2010-2011 წლებში ვიაჩესლავ პოლოზკოვმა, სერგეი ვორონცოვმა და მარინა ვლადიმერსკაიამ გადაწყვიტეს 127-მილიონად შეფასებული შენობის მიტაცება. ვიტალი კაჩური მყიდველის როლში გამოვიდა და შენობა 20 მილიონ რუბლად იყიდა. კოლონიიდან გათავისუფლების შემდეგ, კაჩურის ადვოკატი აღნიშნული თანხის კლიენტისთვის დაბრუნების აუცილებლობაზე საუბრობდა. რაც შეეხება დენის ვორონენკოვს, მედიაში არ წყდება ცნობები იმის შესახებ, რომ მან თავისი სიკვდილი გაითამაშა და სინამდვილეში ყოფილი დეპუტატი ცოცხალია.[7] [8] [9]

გენერალი ივან ტკაჩოვი და გენერალი ოლეგ ფოეკტისტოვი – გენერალი ივან ტკაჩოვი უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ეკონომიკური უსაფრთხოების სამსახურის „კ“ განყოფილების ხელმძღვანელია. როგორც მედიაში წერენ, მას არ უყვარს ტელეეკრანებზე გამოჩენა და არც ინტერვიუების მიცემა. მიუხედავად ამისა, ბოლო რამდენიმე წელია, მისი სახელი აქტიურად ფიგურირებს საინფორმაციო ბადეში და მისი სახელის ხსენებაზე რუსი ბანკირები ნერვიულობას იწყებენ. გენერალი ტკაჩოვი, რომელიც ადრე უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ეკონომიკური უსაფრთხოების სამსახურის მეექვსე სამმართველოს ხელმძღვანელი იყო, სათავეში ედგა გახმაურებულ დაკავებებს, მათ შორის მინისტრების, რეგიონების ხელმძღვანელებისა და მსხვილი ბიზნესმენების. ახლა კი გენერალი ტკაჩოვი ხელმძღვანელობს უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის საკვანძო განყოფილებას, რომელიც კურირებს პრაქტიკულად მთელ საკრედიტო-საფინანსო სისტემას რუსეთში.

გენერალმა ივან ტკაჩოვმა კარიერა გაიკეთა ლუბიანკაზე (უსაფრთხოების ორგანოების შენობა ლუბიანკას ქუჩაზე მდებარეობს) თავის ჯარის მეგობართან გენერალ ოლეგ ფოეკტისტოვთან ერთად, რომელიც უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ეკონომიკური უსაფრთხოების სამსახურის მეექვსე განყოფილებას მეთაურობდა, რომელსაც „სეჩინსკის სპეცრაზმს“ ან „ექვსიანს“ ეძახდნენ. ტკაჩოვი და ფოეკტისტოვი ხელმძღვანელობდნენ ეკონომიკური განვითარების მინისტრის ალექსეი ულუკიაევის, კომის გუბერნატორის ვიაჩესლავ გეიზერის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის, გენერალ-ლეიტენანტის დენის სუგრობოვის გახმაურებულ დაკავებებს. გენერალი ტკაჩოვი პირადად იმყოფებოდა „ობორონსერვისის“ დირექტორთა საბჭოს წევრის ევგენი ვასილევის სახლის ჩხრეკაზე, სადაც იმ მომენტში მაშინდელი თავდაცვის მინისტრი ანატოლი სერდიუკოვიც იმყოფებოდა.

მას შემდეგ, რაც გენერალი ფოეკტისტოვი „როსნეფტში“ გადავიდა, ტკაჩოვმა „ექვსიანი“ ჩაიბარა და მას მთელი „ჩეკისტური“ სისტემის მომავალ ხელმძღვანელადაც მოიაზრებდნენ, თუმცა 2016 წელს, ლუბიანსკის კლანებს შორის მომხდარი დიდი ომის შედეგად, გენერალი ტკაჩოვი „კ“ განყოფილების ხელმძღვანელად დაინიშნა და მისი კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა, პრაქტიკულად, ყველა ბანკი, სადაზღვევო კომპანია და სხვა საფინანსო დაწესებულებები. მას შემდეგ, რაც ტკაჩოვმა ჩაიბარა „საბანკო“ განყოფილება, მან დაიწყო ღონისძიებები „სუმმა“ ჯგუფის მფლობელების – ძმები მაგომედოვების, ღია ხელისუფლების ექს-მინისტრის მიხაილ აბიზოვის, ფედერაციული საბჭოს სენატორის რაუფა არაშუკოვის და ამერიკელი ინვესტორის მაიკლ კალვის წინააღმდეგ. სწორედ გენერალ ტკაჩოვს მიეწერება თავის დაქვემდებარებაში მყოფი, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის პოლკოვნიკის კირილ ჩერკალინის დაჭერა, რომლის სახლის ჩხრეკისას 12 მილიარდი რუბლი იქნა ამოღებული. საბოლოოდ, ჩერკალინთან ერთად, „საბანკო“ განყოფილების კიდევ ორი თანამშრომელი დააპატიმრეს.

გენერალი ტკაჩოვის კარიერაში ერთადერთი უსიამოვნო ეპიზოდი სერპუხოვის რაიონის ხელმძღვანელის ალექსანდრ შესტუნის სახელს უკავშირდება. ტკაჩოვმა შესტუნს მოუწოდა, თავისი ნებით დაეტოვებინა თანამდებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გააფრთხილა, რომ მას არჩევნებამდე მიხედავდნენ – „რაღაცას ნახავენ და დაგიჭერენ“. შესტუნმა საუბარი ჩაიწერა და გამოაქვეყნა და ამით საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ზოგიერთი გუბერნატორის დაკავების მიზეზები და ის მეთოდები, რომელიც ასეთ შემთხვევებში გამოიყენებოდა. მალევე, როგორც ტკაჩოვმა გააფრთხილა, შესტუნი დააპატიმრეს თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის.[10]

2019 წლის ოქტომბერში რუსული მედია საშუალება „პასმი“ წერდა, რომ გენერალმა ტკაჩოვმა სისხლის სამართლებრივი დევნა აიცილა. სტატიის მიხედვით, 2019 წლის მარტში შესტუნმა დანაშაულის შესახებ განაცხადა. მისი მტკიცებით, მას სახელმწიფოს მხრიდან მფარველობის სანაცვლოდ გენერალი ტკაჩოვი ქრთამს სძალავდა. 11 ივლისს მოსკოვის სამხედრო სასამართლომ სამხედრო გამომძიებლების უმოქმედობა უკანონოდ ცნო და დაავალა მათ მოკვლევის ჩატარება. 2019 წლის ოქტომბერში მოსკოვის რაიონულმა სამხედრო სასამართლომ გააუქმა ქვემდგომი ინსტანციის გადაწყვეტილება. იმავე დღეს მოსკოვის სამხედრო პროკურორის ალექსანდრ სამოილოვის მოადგილემ შეწყვიტა მოკვლევა შესტუნის განცხადებაზე და თავად განცხადების რეგისტრაციაც გააუქმა.[11]

გენერალი ოლეგ ფოეკტისტოვი, მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების ფედერალური სამსახური დატოვა, ერთი წლის განმავლობაში (2016-2017) იყო „როსნეფტის“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. შემდეგ ის ბანკ „პერესვეტის“ ხელმძღვანელის მრჩეველი გახდა. 2018 წლის ივლისში ის სასამართლომ ორი მილიონი ამერიკული დოლარის (ნაღდი ფულის სახით) კანონიერ მფლობელად ცნო. საქმე ეხებოდა იმ თანხას, რომელიც „როსნეფტის“ მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა იგორ სეჩინმა, ოპერატიული ექსპერიმენტის დროს, ქრთამის სახით გადასცა ეკონომიკური განვითარების მაშინდელ მინისტრს ალექსეი ულიუკაევს. ეს უკანასკნელი გაასამართლეს და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.[12]

[1] „Обналичка“ – ფინანსური ქმედების ჟარგონული სახელწოდება. ქმედება გულისხმობს ნაღდი ფულის მიღებას ისე, რომ ის არ აისახოს დოკუმენტაციაში და არ იყოს საჭირო გადასახადების გადახდა. ე.წ. „შავი ფული“

[2] „დოიჩე ველე“; ჟურნალისტებმა გაშიფრეს სქემა, რომლის გამოყენებითაც უსაფრთხოების ფედერალური სამსახური „მფარველობას“ უწევდა რუსულ ბანკებს; სტატიის ავტორი: ოლგა მიშენკო; გამოქვეყნებულია: 01.08.2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.dw.com/ru/%D0%B6%D1%83%D1%80%D0%BD%D0%B0%D0%BB%D0%B8%D1%81%D1%82%D1%8B-%D1%83%D0%B7%D0%BD%D0%B0%D0%BB%D0%B8-%D0%BE-%D1%81%D1%85%D0%B5%D0%BC%D0%B5-%D0%BA%D1%80%D1%8B%D1%88%D0%B5%D0%B2%D0%B0%D0%BD%D0%B8%D1%8F-%D1%84%D1%81%D0%B1-%D1%80%D0%BE%D1%81%D1%81%D0%B8%D0%B9%D1%81%D0%BA%D0%B8%D1%85-%D0%B1%D0%B0%D0%BD%D0%BA%D0%BE%D0%B2/a-49841235 [ნანახია 2020 წლის 30 ივნისს]

[3] „The Bell“; „კომერციული ტიპები“: როგორ „მფარველობს“ უსაფრთხოების ფედერალური სამსახური რუსულ ბანკებს; სტატიის ავტორები: ანასტასია სტოგნეი და ირინა მალკოვა; 31.07.2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://thebell.io/kommercheskie-rebyata-kak-fsb-kryshuet-rossijskie-banki [ნანახია 2020 წლის 30 ივნისს]

[4] „Кто в курсе“; რუსული ბიზნესი უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის წნეხის ქვეშ; გამოქვეყნებულია: 01.04.2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://ktovkurse.com/biznes/rossijskij-biznes-popal-pod-gnet-fsb [ნანახია 2020 წლის 30 ივნისს]

[5] „ბი-ბი-სი“; რუსეთში შეიქმნა ინტერნეტ გვერდი, სადაც ბიზნესმენებს ძალოვნებზე საჩივრების გაცხადება შეუძლიათ; ავტორები: ოლგა შამინა და სერგეი კოზლოვსკი; გამოქვეყნებულია: 19.11.2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.bbc.com/russian/features-50479418 [ნანახია 2020 წლის 30 ივნისს]

[6] „Banki.ru“; ათეულობით გაკოტრებული ბანკის საბოლოო ბენეფიციარზე ძებნა გამოცხადდა; გამოქვეყნებულია: 18.12.2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.banki.ru/news/lenta/?id=10913446 [ნანახია 2020 წლის 30 ივნისს]

[7] „Daily Storm“; ვორონენკოვის თანამზრახველი პირობით ვადამდე გაათავისუფლეს; ავტორი: ილია გორშკოვი; გამოქვეყნებულია: 04.08.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://dailystorm.ru/obschestvo/podelnika-voronenkova-otpustili-iz-kolonii-po-udo [ნანახია 2020 წლის 30 ივნისს]

[8] „Kolibri Press“; ვინ არის დენის პანაიოტოვი; ავტორი: ნიკიტა გრომოვი; გამოქვეყნებულია 02.06.2019: ხელმისაწვდომია ბმულზე: https://kolibri.press/4226 [ნანახია 2020 წლის 30 ივნისს]

[9] „Gazeta.ru“ მაკსაკოვამ ქმრის მკვლელზე ისაუბრა; 02.06.2019; ავტორი: ივან აპულეევი; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.gazeta.ru/culture/2019/06/02/a_12390301.shtml [ნანახია 2020 წლის 30 ივნისს]

[10] „მბკ ნიუსი“; „დამწყები თეორიტიკოსი“. უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის გენერალი ივანი ტკაჩოვი; 18.07.2019; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2020 წლის 1-ელ ივლისს]

[11] „პასმი“; უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის გენერალს ივან ტკაჩოვს, ალექსანდრ შესტუნის განცხადებაზე, სისხლის სამართლებრივი დევნა აღარ ემუქრება; 07.10.2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://pasmi.ru/archive/244286/ [ნანახია 2020 წლის 1-ელ ივლისს]

[12] „ვედომოსტი“; სასამართლომ უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ყოფილი გენერალი ოლეგ ფოეკტისტოვი 2 მილიონი აშშ დოლარის მფლობელად აღიარა; ავტორები: ანასტასია კორნია და ალექსეი ნიკოლსკი; გამოქვეყნებულია: 01.07.2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.vedomosti.ru/politics/articles/2018/07/02/774292-sud-feoktistova-vladeltsem-2-mln [ნანახია 2020 წლის 1-ელ ივლისს]

რუსეთი. ბიზნესის თავისუფლების ხარისხი. ოქტომბერი, 2019

რუსეთის ფედერაციის ავტორიტარული პრეზიდენტი დომინირებს პოლიტიკურ სისტემაზე და ამისთვის ის იყენებს ძლევამოსილ მოკავშირეებს უსაფრთხოების სამსახურსა და ბიზნესში. გავლენიანი ჯგუფები ეფექტურად აკონტროლებენ პარლამენტის საქმიანობას, რომელიც, თავის მხრივ, არ არის თავისუფალი წესით არჩეული. ფედერალური ხელისუფლების უნარი, აკონტროლოს ჩეჩნეთის რესპუბლიკაში მიმდინარე პროცესები, შეზღუდულია; ჩეჩნეთის ლიდერს აქვს უკონტროლო ძალაუფლება იმის სანაცვლოდ, რომ ის ჩეჩნეთის რესპუბლიკას რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ინარჩუნებს.

კორუფცია მთავრობასა და ბიზნესში გავრცელებული მოვლენაა და პასუხისმგებლობის ნაკლებობის ზრდა ბიუროკრატებს დანაშაულებრივი ქმედებების დაუსჯელად ჩადენის საშუალებას აძლევს. ექსპერტები და ანალიტიკოსები მოქმედ რეჟიმს კლეპტოკრატიად აფასებენ, რომლის მთავარი მახასიათებელიც, მმართველი ელიტების გამოყენებით, საზოგადოებრივი დოვლათის მითვისებაა.

ნავალნის ანტი-კორუფციული ორგანიზაციის მიერ 2018 წლის აგვისტოში გავრცელებული ინფორმაციით, ეროვნული გვარდიის მეთაურმა ვიქტორ ზოლოტოვმა დიდძალი ქონება დააგროვა სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტებიდან მიღებული მილიონობით დოლარის სახით.

მთავრობა, პირდაპირ სახელმწიფოს კონტროლირებადი მედია საშუალებების ან მოკავშირე ბიზნეს მაგნატების საშუალებით, აკონტროლებს ეროვნულ სატელევიზიო სივრცეს და ბევრ რადიო და ბეჭდვით მედია საშუალებას და სარეკლამო ბაზარს. დამოუკიდებელი მედია საშუალებები მაინც ოპერირებენ, თუმცა ძირითადად ონლაინ რეჟიმში და უცხოეთიდან. ერთერთი მედია საშუალების კორესპონდენტმა დენის კოროტკოვმა სიკვდილის მუქარა მიიღო 2018 წლის ოქტომბერში. აღნიშნული მოხდა იქამდე, ვიდრე გამოცემა დაბეჭდავდა მის სტატიას კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენის ევგენი პრიგოჟენის შესახებ, სადაც ჟურნალისტი მას მკვლელობასა და სხვა სახის კრიმინალურ ქმედებებში ადანაშაულებდა.

ძალაუფლება და ქონება მჭიდროდ დაკავშირებული ცნებებია რუსეთში, სადაც მაღალი თანამდებობის პირები ხშირად იყენებენ თავიანთ პოზიციებს მთავრობაში, რათა დააგროვონ ქონება. სახელმწიფოს მხრიდან ძირითადი მრეწველობების მითვისება და მაღალი საგადასახადო სასჯელები საეჭვო სისხლის სამართლებრივი პროცესების გამოყენებით, ნათლად ასახავს საკუთრების უფლებას პუტინის რუსეთში; განსაკურებით ეს თვალსაჩინოა, როდესაც საქმეში ჩართულია პოლიტიკური ინტერესები. კერძო ბიზნესები უფრო ფართოდ წარმოადგენენ გამოძალვისა და ექსპროპრიაციის რუტინულ სამიზნეებს სამართალდამცავი სისტემის ოფიციალური პირებისა და კრიმინალური ჯგუფებისთვის.[1]

2018 წლის მაისში საერთაშორისო ორგანიზაცია „Pricewaterhouse Coopers“ რუსეთს იმ ხუთ ქვეყანას შორის ასახელებს, სადაც კომპანიები ყველაზე ხშირად ხდებიან ეკონომიკური დანაშაულის მსხვერპლნი. რუსეთი ერთერთი ლიდერია ბიზნესის წინააღმდეგ დანაშაულის გავრცელების თვალსაზრისით. ყველაზე მეტად კომპანიები შეწუხებულნი არიან კორუფციით და აქტივების მითვისებით. ორგანიზაცია განმარტავს, რომ კვლევა კომპანიების გამოკითხვას ეყრდნობა და ქმედებების კვალიფიკაცია თავად კომპანიებისაა და არა სამართალდამცავი ორგანოებისა და ყოველთვის არ მომხდარა სისხლის სამართლის საქმის აღძვრა.

2016-2017 წლებში რუსეთში მკვეთრად გაიზარდა იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც ეკონომიკური დანაშაულის წინაშე აღმოჩნდნენ. წინა გამოკითხვისას კომპანიების 48% ასახელებდა თაღლითობის ფაქტებს, ახლა კი უკვე 66%. 2018 წელს რუსეთში 210 კომპანია იქნა გამოკითხული (წინა კვლევისას 120 კომპანია იყო გამოკითხული).

რუსეთზე უფრო ხშირად ეკონომიკურ დანაშაულებს კომპანიები აწყდებიან სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, კენიასა და საფრანგეთში. მათ შემდეგ, მეოთხე ადგილს რუსეთი უგანდასთან იყოფს. რუსეთში ეკონომიკური დანაშაულის ყველაზე გავრცელებული ფორმა აქტივების მითვისება აღმოჩნდა, რომელიც კომპანიების 53%-მა დაასახელა (მსოფლიო მაჩვენებელი 45%-ია). მეორე ადგილზე კი კორუფცია და ქრთამის აღებ-მიცემა დასახელდა – 41% (მსოფლიო მაჩვენებელი 25%-ია). კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ მათი კვლევის შედეგებით, არ შეიძლება გადაჭრით ითქვას, რუსეთში იზრდება ეკონომიკური დანაშაულის ობიექტური დონე თუ იზრდება კომპანიების მიერ ასეთი ქმედებების გამოვლენის მაჩვენებელი.[2]

რუსეთის ფედერაციის ეკონომიკაში ხე-ტყის წარმოებას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ უკანასკნელ წლებში ხე-ტყის ბიზნესის წილი მთლიან შიგა პროდუქტში კლებულობს, თუმცა სფერო კვლავ ინარჩუნებს მნიშვნელობას. ხე-ტყის ბიზნესში ჩართვის მსურველები სახელმწიფოსგან იღებენ ნებართვას, კონკრეტული ტერიტორიის დამუშავებისთვის. კანონმდებლობით მკაფიოდ გაწერილია პროცედურები, რომელიც ბიზნესმენმა უნდა დაიცვას თუ აღნიშნულ სფეროში სურს საქმიანობა. სხვადასხვა მედია საშუალებები აქტიურად წერენ ხე-ტყის ბიზნესში არსებულ პრობლემებზე, რაც ძირითადად უკავშირდება თავად ტყეებში არსებულ პრობლემებს – არასათანადო ზრუნვა, მოვლა-პატრონობის ნაკლებობა, ხანძრები – ყოველივე ეს ნელ-ნელა ანადგურებს ბუნებრივ რესურსს, რომლითაც რუსეთის ფედერაცია მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. მედიასთან ინტერვიუებში ხე-ტყვის ბიზნესში ჩართული პირები არ მალავენ, რომ სახელმწიფოსთან ურთიერთობის პროცესში, სხვადასხვა ეტაპზე, უწევთ ქრთამის გადახდა. ხშირად ქრთამის ოდენობა ბიზნესმენს აიძულებს თავის წამოწყებაზე უარი თქვას. წყაროები ხე-ტყის ბიზნესში არსებულ ერთერთ სერიოზულ პრობლემად მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ ჩინური კომპანიები ისე ამუშავებენ ტყეს რუსეთში, რომ თავს არიდებენ გადასახადებს. რამდენიმე წლის წინ უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე ჩინეთში ხე-ტყის ექსპორტის აკრძალვაც განიხილებოდა, თუმცა, საბოლოოდ, აკრძალვა არ დაწესდა.[3] [4] [5] [6]

[1] Freedom House: Freedom in the World 2019 – Russia, 4 February 2019

 (accessed on 4 April 2019)

[2] მედია საშუალება „RBC“; რუსეთი აქტივების მითვისების კუთხით ლიდერთა შორის მოხვდა; 2018 წლის 16 მაისი; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.rbc.ru/newspaper/2018/05/16/5af9c1aa9a7947ca948205bd [ნანახია 2019 წლის 4 აპრილს]

[3] სპეციალური სარედაქციო პროექტი; მარტინ ჰერმანსონი ტყის პრობლემებსა და პერსპექტივებზე; 07.06.2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://rg.ru/2019/06/07/martin-hermansson-o-problemah-i-perspektivah-lesnoj-otrasli.html [ნანახია 2019 წლის 21 ოქტომბერს]

[4] რადიო თავისუფლება; უდმურტია – ტყის ბიზნესი რუსეთში, როგორც ასეთი; 23 ივნისი, 2012; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.svoboda.org/a/24623597.html [ნანახია 2019 წლის 21 ოქტომბერს]

[5] ტყის მეურნეობის პრობლემები რუსეთის ფედერაციის ეკონომიკაში; ანდრეი ნიკოლაევი; 02.08.2015; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://moluch.ru/conf/econ/archive/204/8629/

[6] პორტალი „პროდერევო“; ტყის მეურნეობა რუსეთში – მიმოხილვა; 23.04.2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://proderevo.net/industries/forestry/lesnoe-khozyajstvo-rossii-obzor-na-nachalo-2017-goda.html [ნანახია 2019 წლის 21 ოქტომბერს]

აზერბაიჯანი. ბიზნესის თავისუფლების კუთხით არსებული ვითარება. ივნისი, 2019

გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის კომიტეტში წარდგენილ ანგარიშში, რომელიც 2018 წლის 17 დეკემბრით თარიღდება, აზერბაიჯანის მთავრობა წერს, რომ 2016 წლის 23 სექტემბერს, ქვეყნის პრეზიდენტის განკარგულებით შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ABAD“, რომლის მიზანსაც წარმოადგენს მოქალაქეების აქტიური ჩართვა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში; ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, სოციალური პროექტების განხორციელება და დასაქმების წახალისება კონკურენტუნარიანი ოჯახების ფორმირებისთვის. პრიორიტეტს ოჯახური ბიზნესების, განსაკუთრებით ქალთა და სოფლის მეურნეობის აქტივობების ხელშეწყობა. პირველ ეტაპზე შეირჩა 63 ოჯახი მასალიდან, ბალაკანიდან, ისმაილიდან, შაკიდან და ბაქოდან; ასევე, 30 ოჯახი სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად, 2017 წელს ეკონომიკის სამინისტროსთან დაფუძნდა მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სააგენტო. სააგენტოს მიზანს ქვეყანაში წარმოების წახალისება, ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობა წარმოადგენს. სააგენტოს შემადგენლობაში იფუნქციონირებს მცირე და საშუალო ბიზნესის სახლები. აზერბაიჯანის მთავრობა მიიჩნევს, რომ სააგენტოს შექმნა წვლილს შეიტანს ქვეყნის რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის, განსაკუთრებით ქალთა მეწარმეობითი საქმიანობის განვითარებაში.

პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად, აზერბაიჯანში შეიქმნა თვითდასაქმების ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც განსაკუთრებულ აქცენტს ახალგაზრდებზე აკეთებს. დაახლოებით 1400 ოჯახმა წარმატებით განახორციელა საკუთარი ბიზნეს იდეა პროგრამის ფარგლებში. აღნიშნული მიმართულებთ მუშაობა გრძელდება. 2017 წელს 303 ახალგაზრდა მონაწილეს თვითდასაქმების პროგრამის ფარგლებში, საკუთარი ბიზნეს იდეების შესაბამისად, გაეწიათ დახმარება საჭირო აქტივებით. საერთაშორისო შრომითი ორგანიზაციის მხარდაჭერით, აზერბაიჯანში ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის 2016-2020 წლების პროგრამის ფარგლებში 2018 წლიდან ფუნქციონირება დაიწყო ახალმა საცდელმა პროექტმა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობას.

აზერბაიჯანის მთავრობა ზემოაღნიშნულ ანგარიშში წერს, რომ მათ წარმატებით განახორციელეს ფისკალური მდგრადობის და სტაბილური მონეტარული ეკონომიკის პოლიტიკა, სახელმწიფო წარმოების რეფორმა; შექმნეს ხელსაყრელი გარემო ბიზნესისთვის, გააუმჯობესეს სამართლებრივი ბაზა მცირე და საშუალო წარმოებებისთვის; შექმნეს ხელსაყრელი და ეფექტიანი გარემო მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ფინანსებზე და საგარეო ბაზრებზე წვდომის კუთხით და ა.შ. მიღწეულმა სტაბილურობამ, თავის მხრივ, უზრუნველყო ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს განვითარება, ეკონომიკის დივერსიფიკაცია, რეგიონებისა და მეწარმეობის განვითარება და მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური სტატუსის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2019 წლის ანგარიშში აზერბაიჯანის შესახებ წერს, რომ საკუთრების უფლებასა და განსახლების არჩევის თავისუფლებაზე ნეგატიურად მოქმედებს სამთავრობო განვითარების პროექტები, რომლებიც ხშირად იწვევს იძულებით გამოსახლებას, უკანონო ექსპროპრიაციას და ნგრევას, მცირე ან საერთოდ ყოველგვარი შეტყობინების გარეშე.[2]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში აზერბაიჯანის შესახებ წერს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს უცხოელების, ინტერნეტში აქტიური ცნობილი ახალგაზრდების, ზოგიერთი პოლიტიკოსის და ბიზნესმენის და საერთაშორისო ურთიერთობებში ჩართული პირების  სატელეფონო და ინტერნეტ კომუნიკაციის მონიტორინგს. რიგი სამართლებრივი ნორმები აძლევს ქვეყნის მთავრობას პოლიტიკური პარტიების, რელიგიური ჯგუფების, ბიზნესებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივობების რეგულირების საშუალებას. კანონით აკრძალულია ბიზნესის მფლობელთა სახელებისა და მათი სახელმწიფო ინვესტიციების გასაჯაროება. კრიტიკოსების აზრით, აღნიშნული კანონის მიზანია საგამოძიებო ჟურნალისტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სამთავრობო ოფიციალური პირების ბიზნეს ინტერესებით, ხელის შეშლა.[3]

საერთაშორისო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ 2018 წლის ივლისში გამოქვეყნებულ ანგარიშში აზერბაიჯანის შესახებ წერს, რომ როგორც ბევრი ავტორიტარული რეჟიმის ქვეყანა, აზერბაიჯანი ხასიათდება ძალაუფლების მაღალი კონცენტრაციით მმართველი ელიტის გარშემო, რაც აქრობს ხაზებს ბიზნესსა და პოლიტიკას შორის. მმართველი ოჯახი აფართოებს თავის ქონებას და პატრონაჟის ქსელს ქვეყნის ეკონომიკის ყველა სფეროში და ამით აფერხებს ქვეყნის გრძელვადიან ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას. არსებული კავშირი ბიზნესსა და პოლიტიკას შორის ართულებს ფირმების განვითარებას პოლიტიკური კავშირების გარეშე, რადგან ასეთი კავშირების არ არსებობის შემთხვევაში, ისინი აწყდებიან მრავლობით უკანონო ინსპექტირებას, რასაც ხშირად ახლავს არაოფიციალური გადასახდელები (ქრთამი) ინსპექტორებისთვის, რათა შენარჩუნდეს „კარგი ურთიერთობა“. მონოპოლიების დომინანტობა საფრთხეს უქმნის კონკურენციას, ნოვატორობას, ფასების სტაბილურობას, მომსახურების ხარისხს და ახალისებს კორუფციას.

2017 წელს მსოფლიო ბანკის რეიტინგში აზერბაიჯანი, საგარეო ვაჭრობის სიმარტივის კუთხით, 190 ქვეყანას შორის 184 პოზიციას იკავებდა. აღნიშნული პრობლემა კავშირშია და ექსპორტსა და იმპორტთან დაკავშირებულ დროსა და მაღალ გადასახადებთან. კომპანიები აწყდებიან ბევრ ბარიერს ვაჭრობისას, მათ შორის ტრანსპორტირების მაღალ გადასახადებს; მაღალ ტარიფებს, კორუფციას და ბიუროკრატიას, დამატებით ხარჯებს ნებართვებისა და სტანდარტიზაციის პროცესში.[4]

მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების 2019 წლის რეიტინგში აზერბაიჯანი, ბიზნესის კეთების სიმარტივის მხრივ, 190 ქვეყანას შორის 25-ე ადგილზეა. 2018 წელს ქვეყანა 57-ე პოზიციაზე იყო.[5]

[1] Government of Azerbaijan (Author), published by CESCR – UN Committee on Economic, Social and Cultural Rights: Fourth periodic report submitted by Azerbaijan under articles 16 and 17 of the Covenant, due in 2018 [27 December 2018] [E/C.12/AZE/4], 29 January 2019

 (accessed on 13 June 2019)

[2] Freedom House: Freedom in the World 2019 – Azerbaijan, 4 February 2019

 (accessed on 13 June 2019)

[3] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2018 – Azerbaijan, 13 March 2019

 (accessed on 13 June 2019)

[4] TI – Transparency International: Azerbaijan: Overview of Corruption and Anti-Corruption, 9 July 2018

 (accessed on 13 June 2019)

[5] World Bank; Doing Business 2019; available at:

(accessed on 13 June 2019)