ირანი. ბლოგერთა მიმართ არსებული დამოკიდებულება. ოქტომბერი, 2020

პოლონეთის უცხოელთა საკითხების ოფისის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების (COI) განყოფილება 2020 წლის იანვარში გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში წერდა, რომ ქვეყანაში მოქმედებს განსაკუთრებით მკაცრი რეგულაციები, რომლებიც გარდაი იმისა, რომ მნიშვნელოვნად ზღუდავენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ინტერნეტ სივრცეში, ასევე აწესებენ საკმაოდ მძიმე სასჯელებს დარღევევებისთვის. როგორც კონსტიტუცია, ასევე – შესაბამისი კანონები, კრძალავენ ისეთი იდეების გამოქვეყნებას, რომელიც ეწინააღმდეგება ისლამს ან აზიანებს საჯარო წესრიგს. აღნიშნული ნორმები ძალიან ბუნდოვანია და როგორც პოლიციის, ასევე – ირანული სასამართლოს მიერ მათი ფართო ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა. ოფიციალურად, 2009 წელის შემდგომ, ისეთი სოციალური ქსელების გამოყენება, როგორიცაა – Facebook და Twitter აკრძალულია, თუმცა, ბევრი ირანელი ნახულობს აკრძალვისგან თავის არიდების გზას.

შესაბამისი სამსახურების მხრიდან იმ პირთა მიმართ, რომლებიც ღიად აფიქსირებენ ანტი-სამთავრობო რეტორიკას ან საკუთარ ანტიპათიას სამართლებრივი ან რელიგიური სიტემის მიმართ, დაშინება და ძალადობა რუტინული ხასიათისაა. გამომდინარე თანამედროვეობიდან, აღნიშნული მიდგომა ასევე ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც საკუთარ კრიტიკულ მოსაზრებებს ინტერნეტის საშუალებით აფიქსირებენ. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში, არაერთი პირი დააკავეს და დიდი ხნით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ონლაინ-სივრცეში აქტივობის გამო, 2017 წლიდან მოყოლებული, როგორც წესი, ირანული სასამართლოები მსჯავრდებულებს შედარებით მსუბუქ სასჯელებს უწესებენ (როგორც წესი, მოკლევადიანი პერიოდით თავისუფლების აღკვეთა ან ჯარიმა). დაპატიმრებულთა უმრავლესობის შემთხვევაში, საქმე ეხება ირანში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის – „ტელეგრამის“ გამოყენებას.

შესწავლილ წყაროებში მოცემული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, შეუძლია იმ პირთა ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა, რომლებიც უკანასკნელი წლების განმავლობაში, ირანში საკუთარი ონლაინ-აქტივობის გამო სისხლისამართლებრივ დევნას ან სხვა ტიპის სასჯელს დაექვემდებარნენ. თუმცა, შესწავლილი წყაროების ავტორთა უმრავლესობა, აღნიშნულ საკითხზე საუბრისას იყენებს ისეთ ფრაზებს, როგორიცაა: „ხშირი დაპატიმრებები“; „დაკავების ბევრი შემთხვევა“ და „ფართოდ გავრცელებული დაშინება და ძალადობა“.[1]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House ირანის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება და მედიის დამოუკიდებლობა მნიშვნელოვნად არის შეზღუდული როგორც საჯარო სივრცეში, ასევე – ონლაინ. ირანში მოქმედი ბუნდოვანი კანონები გამოხატვის კუთხით, მკაცრი სისხლისსამართლებრივი სასჯელები და ონლაინ-კომუნიკაციაზე სახელმწიფო სტრუქტურების მონიტორინგი იყო იმ არსებით ფაქტორთა შორის, რომელთა გამოც მოქალაქეები თავს იკავებდნენ ღია და თავისუფალი დისკუსიისგან, პირად სივრცეშიც კი. მიუხედავად აღნიშნული რისკებისა და შეზღუდვებისა, ბევრი ცდილობდა საკუთარი განსხვავებული აზრი დაეფიქსირებინა სოციალურ ქსელებში, რასაც ზოგჯერ, მთავრობის მიერ კონკრეტული ვებ-გვერდებისა თუ ქსელების დაბკლოკვაც კი ახლდა თან. ორგანიზაცია ირანში პოლიტიკურ ან სხვა ტიპის სენსიტიურ საკითხებზე გამოხატვის თავისუფლების კუთხით არსებულ სიტუაციის 4-დან 1 ქულით აფასებს.[2]

იგივე Freedom House ირანში ინტერნეტის თავისუფლების კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ 2020 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ წლის მანძილზე, ირანში ინტერნეტის თავისუფლება კვლავაც მნიშვნელოვნად იყო შეზღუდული. მთავრობამ, გარკვეული პერიოდით, თითქმის ტოტალურად გათიშა ინტერნეტი მას შემდეგ, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო დემონსტრაციები დაიწყო ბენზინის ფასების ზრდის გამო. ის ასევე აგრძელებდა დამოუკიდებელი მედია საშუალებების ვებ-გვერდებსა თუ კონკრეტულ სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვას. როგორც გასული წლების განმავლობაში, ბლოგერები, ონლაინ სივრცეში მოღვაწე ჟურნალისტები, აქტივისტები და უბრალო მოქალაქეებიც კი ექვემდებარებოდნენ დაპატიმრებას მათ მიერ ინტერნეტში გამოქვეყნებული კონტენტის გამო.

ანგარიშის მიხედვით, 2009 წელს განხორციელებელი მასიური სადამსჯელო ღონისძიებათა კამპანიის შემდეგ, ბევრმა ჟურნალისტმა და ბლოგერმა მიმართ „თვით-ცენზურას“.  არაერთმა მათგანმა ან საერთოდ დატოვა ონლაინ-სივრცე, ან იყენებდნენ ფსევდონიმებს, რათა მათი ვინაობა ანონიმური დარჩენილიყო. 2019 წლის ივლისში, ირანელმა ბლოგერმა და ფოტოჟურნალისტმა – სოჰეილ არაბმა, რომელსაც „სახელმწიფოს საწინააღმდგო პროპაგანდის გავრცელებისა“ და „უზენაესი ლიდერის შეურაცხყოფისთვის“ სასამართლომ 7.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, 20 დღიანი შიმშილობა გამოაცხადა, რათა გაეპროტესტებინა საპატიმროებში არსებული საშინელი პირობები.[3]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ირანში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი  – 2019 წელი) წერდა, რომ ონლაინ სივრცეში საკუთარი აზრის დაფიქსირების გამო, ბლოგერები, სოციალური მედიის მომხმარებლები და ონლაინ-ჟურნალისტები კვლავ ექვემდებარებოდნენ დაპატიმრებებს. აპრილში, სამთავრობო უწყებებმა მოქალაქეები გააფრთხილეს, რომ ისინი დაექვემდებარებოდნენ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, იმ შემთხვევაში, თუ ონლაინ-სივრცეში განათავსებდნენ ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მომხდარი წყალდიდობის ფოტოებს. 5 ოქტომბერს, გავრცელებული ცნობების თანახმად, შესაბამისმა სამსახურებმა დააკავებს ინსტაგრამ-მომხმარებელი – საჰარ თაბარი, მას შემდეგ, რაც მან საკუთარ გვერდზე დაპოსტა და განათავსა საკუთარი პლასტიკური ოპერაციების ამსახველი ფოტოები. მას ბრალი დასდეს „ღვთისგმობასა“ და „ახალგაზრდების გარყვნის წახალისებაში“. რამდენიმე კვირის შემდეგ, თაბარი გამოჩნდა სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში და გამოხატა სინანული საკუთარი ქმედებების გამო, რაც ბევრის მიერ შეფასებული იქნა, როგორც „იძულებითი აღიარება“. ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, აგვისტოში დააკავეს სულ მცირე 14 ე.წ. „ინსტაგრამ-სელებრითი“ და მოსთხოვეს მათ, დაუყოვნებლივ შეეწყვიტათ საკუთარი საქმიანობა.[4]

[1] Office For Foreigners (Poland) COI Unit – “Query response on Iran: Situation of persons presenting liberal political and political views in social media“; published in January 2020; available at

[accessed 15 October 2020]

[2] Freedom House – Freedom in the World 2020 – Iran; published in March 2020; available at

[accessed 15 October 2020]

[3] Freedom House – Freedom on the Net 2020 – Iran; published in October 2020; available at

[accessed 15 October 2020]

[4] United States Department of State – Country Report on Human Rights Practices 2019 – Iran; published in March 2020; available at

[accessed 15 October 2020]

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 24-30 სექტემბერი, 2018

აშშ ერაყის ქალაქ ბასრაში საკონსულოს დახურვას გეგმავს – აშშ აცხადებს, რომ დახურავს საკონსულოს ერაყის ქალაქ ბასრაში, ირანის მთავრობის მხრიდან მუქარისა და იმ სარაკეტო თავდასხმების გამო, რომლის უკანაც, ვაშინგტონის ვარაუდით, ერაყში მოქმედი ირანის მიერ მხარდაჭერილი ექსტემისტები დგანან. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანის მეზობელ ქვეყნებში მდებარე აშშ-ის დიპლომატიურ ობიექტებზე განხორციელებულ თავდასხმებში იგი პირდაპირ ადანაშაულებს ირანს. ამ განცხადების ფონია ცოტ ხნის წინ ქალაქ ბასრაში, აშშ-ის საკონსულოსა და ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, აშშ-ის საელჩოზე განცხორციელებული სარაკეტო თავდასხმები. შენობებისა და პერსონალისათვის სარაკეტო თავდასხმებს ზიანი არ მიუყენებია, თუმცა ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ ეს სერიოზული მუქარაა ერაყში მომუშავე ამერიკელი დიმპლომატებისადმი. მაიკ პომპეო ამ თავდასხმებზე პასუხისმგებლობას ირანსა და მასთან კავშირში მყოფ ექსტრემისტულ ძალებს აკისრებს და აცხადებს, რომ მსგავს თავდასხმებზე აშშ-ის პასუხი იქნება სწრაფი და შესატყვისი.[1]

ერაყში სილამაზის კონკურსში გამარჯვებული ქალი მოკლეს – მოდელი და ბლოგერი ტარუ ფარესი, რომელმაც 2015 წელს სილამაზის კონკურსი „მის ბაღდადი“ მაიგო, ერაყის დედაქალაქში მოკლეს. 22 წლის ქალი საავადმყოფოში სამი ნატყვიარით მიიყვანეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობამდე ის მძევლად აიყვანეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამ შემთხვევამდე, ერაყში, საიდუმლო ვითარებაში, დაიღპნენ სილამაზის სალონის მესაკუთრე და მოდის ექსპერტი.[2]

ერაყის ქურთისტანში საპარლამენტო არჩევნებია – ერაყელი ქურთები ახალ პარლამენტს ირჩევენ. დამოუკიდებლობის მოპოვების უშედეგო მცდელობის შემდეგ, ეს რეგიონის პირველი არჩევნებია. ადგილობრივი გამოცემების ინფორმაციით, არ არის გამორიცხული გამარჯვება პოლიტიკურმა პარტიებმა – „ქურთისტანის დემოკრატიული პარტია“ (KDP) და „ქურტისტანის პატრიოტთა ალიანსი“ (PUK) მოიპოვონ. ერაყის ქურთისტანის პარლამენტში სულ 111 ადგილია. აქედან 11 ეთნიკური უმცირესობებისთვის არის განკუთვნილი. არჩევნებში ხმის მისაცემად 3.85 მილიონი ამომრჩეველია რეგისტრირებული.[3]

ეგვიტეში ყალბი ამბების გავრცელების ბრალდებით აქტივისტი გაასამართლეს – ადამიანის უფლებების დაცვის აქტივისტს ამალ ფატის ორწლიანი პირობითი სასჯელი და 560 დოლარის ოდენობის ჯარიმა მიესაჯა. ის მაისში მას შემდეგ დააკავეს, რაც ქვეყნის ხელისუფლების კრიტიკისშემცველი ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში ამალ ფატი ეგვიპტეში არსებულ შევიწროებას აპროტესტებდა. ამალ ფატის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. ეგვიპტეში ახლახანს მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც ინტერნეტზე კონტროლი გამკაცრდა. კიბერდანაშაულის შესახებ კანონი გულისხმობს ეგვიპტეში იმ ვებგვერდების დაბლოკვას, რომლებიც ეროვნულ უსაფრთხოებას ან ქვეყნის ეკონომიკას საფრთხეს უქმნის. კანონით, ასევე შესაძლებელი ხდება სოციალურ ქსელში 5000-ზე მეტი გამომწერის მქონე ექაუნთის ზედამხედველობა. ეგვიპტის ხელისუფლება კანონის გამკაცრების აუცილებლობას ტერორიზმთან ბრძოლით ხსნის.[4]

ყაზახეთში ახალი ამბების ჟურნალისტი მოკლეს – 37 წლის ირინა ბეკეტოვა საკუთარი სახლის სადარბაზოში მოკლეს. ის საინფორმაციო პორტალში „ყაზახეთის ახალი ამბები“ მუშაობდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი, რომელიც 34 წლისაა და ასტანაში ცხვორობს, უკვე დაკავებულია. მკვლელობის მოტივი გამოძიებას ჯერ არ დაუდგენია.[5]

ინდოეთში მრუშობა დასჯადი აღარ იქნება – ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ მრუშობას სისხლის სამართლის დანაშაულის სტატუსი მოუხსნა. კოლონიალური ეპოქიდან მოყოლებული, კანონი ყველა კაცს, რომელსაც დაქორწინებულ ქალთან მისი ქმრის თანხმობის გარეშე ჰქონდა სექსი, თავისუფლების აღკვეთით სჯიდა. უცნობია დღემდე რამდენი ადამიანი გაასამართლეს ამ მუხლით. აღსანიშნავია, რომ კანონი არ სჯიდა ქალს და მხოლოდ კაცი მიიჩნეოდა დამნაშავედ. სასამართლომ გადაწყვიტა, რომ კანონი კაცების მიმართ დისკრიმინაციული იყო.[6]

[1] იმედის ახალი ამბები; აშშ ერაყის ქალაქ ბასრაში საკონსულოს დახურვას გეგმავს; 30 სექტემბერი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/79330/ashsh-erakis-qalaq-basrashi-sakonsulos-dakhurvas-gegmavs

[2] Kurdistan 24; Iraqi model, fashion icon killed in Baghdad; By Baxtiyar Goran; 27 September, 2018; available at: http://www.kurdistan24.net/en/news/c1ddd610-007f-4716-a1db-b42b936307ad

[3] Reuters; Main Iraqi Kurdish party says it may reject regional election result; By Ahmed Aboulenein, Raya Jalabi; 30 Sepetmeber, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-iraq-kurds/polls-open-in-iraqi-kurdistan-for-regional-election-idUSKCN1MA04P?il=0

[4] BBC; Egypt senteces activist for spreading fake news; 29 September, 2018; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-45691770

[5] იმედის ახალი ამბები; ყაზახეთში ახალი ამბები ჟურნალისტი მოკლეს; 25 სეტქმბერი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/78791/kazakhetshi-akhali-ambebis-jurnalisti-mokles

[6] BBC; Adultery no longer a criminal offence in India; By Soutik Biswas; 27 September, 2018; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-india-45404927

რუსეთი. ოპოზიციონერი ბლოგერების მიმართ დამოკიდებულება. სექტემბერი, 2018

მედია საშუალება BBC 2018 წლის 23 აგვისტოს გამოქვეყნებულ ერთერთ სტატიაში წერს ციმბირის რეგიონის ქალაქ ბერნაულში მცხოვრები 23 წლის რუსი ქალბატონის მარია მოტუზნაიას შესახებ. მარიას განცხადებით, ის რუსულმა სპეც-სამსახურებმა ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს, ხოლო ამის მიზეზი მის მიერ, რუსული სოციალური ქსელის – „VKontakte“ მეშვეობით, სიძულვილის ენის გამოყენება და მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა გახდა. ორივე ზემოხსენებული ქმედება რუსეთში დასჯადია. უფრო კონკრეტულად კი, მარიამ სოციალურ ქსელში განათავსა რამდენიმე ე.წ. „მიმი“ (MEME), რამაც რუსული პოლიციის დაინტერესება გამოიწვია. კერძოდ, ერთერთ ასეთ პოსტში ასახულია მონაზონთა ჯგუფი, რომლის წევრებიც სიგარეტს ეწევიან, ხოლო ერთერთი მათგანი ამბობს: „დაუჩქარე, სანამ ღმერთი არ გვიყურებს“. მეორე სურათზე ასახულია მოშიმშილე აფრიკელი ბავშვები ცარიელი თეფშებით ხელში, წარწერით – „შავი იუმორი საჭმელივითაა – ყველა ვერ იღებს“ (“Black humour is like food – not everyone gets it”). მას 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ასევე, BBC-ის ინფორმაციით, ანალოგიური ბრალდებებით, იმავე ქალაქში დაკავებულია კიდევ ორი პირი. როგორც ირკვევა, სამივე შემთხვევაში პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მას შემდეგ, რაც ორმა სტუდენტმა გოგონამ პოლიციაში საჩივარი შეიტანა, მათი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით.[1]

არასამთავრობო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2018 წლის 21 აგვისტოს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ წლის განმავლობაში, რუსეთის ფედერაციის შესაბამისმა სამსახურმა „ექსტრემისტთა“ სიაში 762 ადამიანი შეიყვანა, მათი დიდი ნაწილი – სოციალურ მედიაში გავრცელებული პოსტების გამო.

ერთერთი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა რუსეთის ალტაის რეგიონის ზემოხსენებულ ქალაქ ბერნაულში. საქმე ეხება 19 წლის სტუდენტ დანიილ მარკინს, რომელსაც ბრალად სოციალური ქსელის „VKontakte” მეშვეობით, ქრისტიანობის შეურაცხმყოფელი „მიმების“ გავრცელება ედება. გასული წლის ივლისში, მარკინის სახლში ჩხრეკის ნებართვით პოლიცია შევიდა, მას ჩამოართვეს ელექტრონული მოწყობილობები და წაიყვანეს დაკითხვაზე. დაკითხვის დროს, მისი ტელეფონიდან ამოიღეს 10 ე.წ. მიმი, რომელიც ქრისტიანობას აშარჟებდა, მათ შორის, სურათი, რომელზეც ასახულია პოპულარულ სერიალ „სატახტოთა თამაშის“ პერსონაჟი ჯონ სნოუ, როგორც იესო ქრისტე, ხოლო სურათს თან ერთვის წარწერა – „ჯონ სნოუ აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!“, რაც ერთგვარ პაროდიას წარმოადგენს მართლმადიდებლურ აღდგომასთან დაკავშირებული გამონათქვამისა.

მარკინს დააწერინეს აღიარებითი ჩვენება, რომ მან ნამდვილად შეინახა ზემოხსენებული სურათები საკუთარი ტელეფონის შიდა მეხსიერებაში, ხოლო შემდეგ გაათავისუფლეს. რუსეთის ფინანსური მონიტორინგის შესაბამისმა სამსახურმა მისი საბანკო ანგარიშები გაყინა, ხოლო შემთხვევიდან 1 წლის თავზე – მის წინააღმდეგ საოლქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ბრალდების დადასტურების შემთხვევაში, 19 წლის ახალგაზრდას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამასობაში, ალტაის პროვინციაში კიდევ 3 ანალოგიური საქმე აღიძრა „ონლაინ კანონდამრღვევთა“ წინააღმდეგ.[2]

„რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება“ 2018 წლის 3 აგვისტოს სტატიაში წერს 38 წლის რუს ანდერი შაშერინზე, რომელიც ასევე ზემოხსენებულ ქალაქ ბერნაულში ცხოვრობს. მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს არა მარტო სოციალურ ქსელში გავრცელებული რასობრივი და პოლიტიკური კონტექსტით დატვირთული სურათების გამო, არამედ რუსეთის პატრიარქ კირილის „გაშარჟებისთვისაც“. კერძოდ, ანდრეიმ გაავრცელა პატრიარქის სურათი, სადაც მას მაჯაზე ძვირადღირებული საათი უკეთია, ხოლო რუსეთის საპატრიარქოს იგივე, ოფიციალურ სურათზე მოგვიანებით, ზემოხსენებული საათი გააქრეს.

სატელეფონო ინტერვიუს დროს შაშერინმა განაცხადა, რომ ის ბრალდებულია სიძულვილის ენის გამოყენებასა და „მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაში“, რაც დაკავშირებული იყო მის მიერ სოციალურ ქსელში კონკრეტული სურათების გავრცელებასთან.[3]

რაც შეეხება ოპოზიციური ბლოგერების ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მდგომარეობას, არასამთავრობო ორგანიზაცია „Freedom House“ რუსეთში ინტერნეტის თავისუფლების შესახებ 2017 წლის ანგარიშში წერს, რომ ამ კუთხით ქვეყანაში მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა უკანასკნელი წლების განმავლობაში. განსაკუთრებით აღსანიშნავი ფაქტორები იყო რუსეთის მთავრობის ზეწოლა საკომუნიკაციო და ქსელურ კომპანიებზე, გადმოეტანათ რუსი მომხმარებლების ინფორმაციის შემცველი ბაზები რუსეთის ტერიტორიაზე და, ასევე, აშშ-ში დაფუძნებული საერთაშორისო ვებ-საიტის – LinkedIn დაბლოკვა, ზემოხსენებულ კრიტერიუმთან შეუთავსებლობის გამო.

სამთავრობო უწყებები აგრძელებდნენ ოპოზიციური პოლიტიკური ხასიათის შემცველი ბლოგებისა თუ საიტების ცენზურას, მათ შორის იყო წამყვანი ოპოზიციური ფიგურების: ალექსეი ნავალნისა და გარი კასპაროვის ბლოგები.

ასევე, მთავრობა ხშირად იყენებდა ექსტრემიზმის შესახებ კანონს, რათა შეეზღუდა მათ მიმართ გამოთქმული კრიტიკა. მაგალითად, სხვებთან ერთად, აღნიშნული კანონით აკრძალულ მასალას 2017 წლის აპრილიდან განეკუთვნება პრეზიდენტ პუტინის სურათი, რომელშიც მას მაკიაჟი უკეთია.

დამოუკიდებელ ბლოგერებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ე.წ. „ბლოგერების კანონმა“, რომელიც ავალდებულებს 3 000-ზე მეტი ვიზიტორის მქონე ბლოგერს, დარეგისტრირდეს როგორც, მასობრივი ინფორმაციის გამავრცელებელი; ე.ი. დაკარგოს ანონიმურობა და იყოს სამართლებრივად პასუხისმგებელი მის ბლოგზე არსებულ ნებისმიერი სახის მასალაზე, მათ შორის, მესამე პირის მიერ გაკეთებულ კომენტარზე.

2017 წლის ივლისში, დაახლოებით  ათასმა პირმა, მოსკოვის ქუჩებში გააპროტესტა მზარდი რეპრესიები ონლაინ მედიაზე და მოითხოვა ამ მიზეზით დაკავებული მოქალაქეების პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება, მათ შორის, განსაკუთრებით აღნიშნული იყო  ცნობილი ვიდეო ბლოგერი – რუსლან სოკოლოვკი, რომელსაც მსჯავრი დაედო რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის, მას შემდეგ, რაც გაავრცელა ვიდეო, სადაც ასახული იყო, თუ როგორ თამაშობდა  მობილურ თამაშს – Pokemon Go-ს ეკლესიაში.

2016 წლის დეკემბერში, ტერორიზმის გაღვივების ბრალდებით, დაკავებული იქნა ციმბირელი ბლოგერი ალქსეი კუნგუროვი, რომელმაც საკუთარ ბლოგ პოსტში გააკრიტიკა რუსეთის სამხედრო ინტერვენცია სირიაში. მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ქალაქ ბელგოროდში, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 21 წლის ქალის წინააღმდეგ, რომელმაც 2016 წლის მაისში დაპოსტა ვიდეო, სადაც სიგარეტს უკიდებდა ეკლესიის სანთლების გამოყენებით. მას მაქსიმუმ 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ასევე, 2017 წლის თებერვალში, ჩეჩნეთის საჯარო პროკურორმა სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო ცნობილი კომიკოსისა და ბლოგერის – ილია დავიდოვის წინააღმდეგ 2012 წელს გავრცელებული ვიდეოს გამო, სადაც მან იხუმრა საპირფარეშოში ჯდომისას ყურანის კითხვაზე. იანვარში, მას შემდეგ, რაც აღნიშნულის გამო სიკვდილით რამდენჯერმე დაემუქრნენ, დავიდოვმა დატოვა ქვეყანა.[4]

[1] BBC, Article “The memes that might get you jailed in Russia”, published 23 August 2018, available at https://www.bbc.com/news/blogs-trending-45247879 [accessed 14 September 2018]

[2] Human Rights Watch, Article “Online Jokes Are No Laughing Matter in Russia”, Published 21 August 2018, available at https://www.hrw.org/news/2018/08/21/online-jokes-are-no-laughing-matter-russia [accessed 14 September 2018]

[3] RFERL, Article “Another Russian Faces Criminal Probe Over Social-Media Memes”, 3 August 2018, available at https://www.rferl.org/a/russian-faces-criminal-probe-social-media-memes/29410323.html [accessed 14 September 2018

[4] Freedom House, Freedom on the Net 2017 – Russia, 14 November 2017, available at:

[accessed 17 September 2018]