ირანი. ქალის მიერ პასპორტის მიღება და ქვეყნის დატოვება. ივნისი, 2021

ავსტრალიის მთავრობის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი ირანის შესახებ 2020 წლის 14 აპრილს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ … „ქალებს, რომლებიც არიან შედარებით რელიგიური ოჯახებიდან, ზოგადად, ესაჭიროებათ მამაკაცი „მეთვალყურის“ (Guardian) ნებართვა, რათა შეძლონ მარტო გადაადგილება და, ამ დროს, ისინი შესაძლოა დაექვემდებარონ საზოგადოების მხრიდან არასათანადო მოპყრობას, განსაკუთრებით – შედარებით კონსერვატულ რეგიონებში. ამას გარდა, პასპორტის მისაღებად და საზღვარგარეთ გასამგზავრებლად,  დაქორწინებულ ქალებს ესაჭიროებათ საკუთარი ქმრების, ხოლო 40 წლამდე დაუქორწინებელი ქალების შემთხვევაში მამის ან სხვა მამაკაცი ნათესავის, წერილობითი ნებართვა“.[1] ანალოგიური ინფორმაციაა მოცემული გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისის უახლეს შესაბამის ანგარიშშიც.[2]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ირანში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ 2021 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2020 წელი) წერდა, რომ ქვეყანაში კანონით გარანტირებულია როგორც შიდა, ასევე – საზღვარგარეთ გადაადგილების თავისუფლება, თუმცა, ამ კუთხით, სახეზეა გარკვეული შეზღუდვები ქალებისა და მიგრანტების შემთხვევაში. კერძოდ, დაქორწინებულ ქალებს არ აქვთ უფლება, დატოვონ ქვეყანა მათი ქმრების წინასწარი თანხმობის გარეშე. ასევე, ზოგადად ქალებს, ხშირად ესაჭიროებოდათ მოგზაურობისას მამაკაცი მეთვალყურის თანხლება და მარტო მგზავრობისას, ზოგჯერ აწყდებოდნენ დისკრიმინაციას როგორც სახელმწიფოს, ასევე – საზოგადოების მხრიდან.[3]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House ირანის შესახებ 2021 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2020 წელი) წერდა, რომ ქვეყანაში გადაადგილების თავისუფლება შეზღუდულია, რაც განსაკუთრებით ეხება ქალებსა და მმართველი რეჟიმის სავარაუდო ოპონენტებს. კერძოდ, ქალებს არ აქვთ კონკრეტულ საჯარო ადგილებზე ყოფნის უფლება და ზოგადად, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ საზღვარგარეთ გასამგზავრებლად პასპორტის მიღება, თუ გააჩნიათ მამების ან ქმრების შესაბამისი ნებართვა.[4]

ავსტრიის წარმოშობის ქვეყნისა და თავშესაფრის კვლევისა და დოკუმენტირების ცენტრი (ACCORD) 2019 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც ეხება ირანში და მისი საზღვარგარეთი წარმომადგენლობების მიერ პასპორტის გაცემას, წერდა, რომ ირანში პასპორტების გაცემაზე პასუხისმგებელი ორგანოა „იმიგრაციისა და საპასპორტო პოლიცია“. პასპორტის მისაღებად, 18 წელს მიღწეულმა მოქალაქეს უნდა წარადგინოს დაბადების მოწმობა, „Shenasnameh“ დოკუმენტი და პირადობის მოწმობა. ამას გარდა, არასრულწლოვანმა მოქალაქეებმა და 18 წელს მიღწეულმა დაუქორწინებელმა ქალებმა, დამატებით უნდა წარადგინონ მამის, ან მამაკაცი ახლო ნათესავის მიერ ხელმოწერილი წერილობითი ნებართვა.

რაც შეეხება ქორწინებაში მყოფ ქალებს, მათ ესაჭიროებათ ქმრის ნებართვა, რათა მათ სახელზე გამოიცეს პასპორტი. არსებობს 3 გამონაკლისი, როდესაც დაქორწინებულ ქალს პასპორტი მისაღებად არ ესაჭიროება ქმრის თანხმობა:

  • თუ ამის შესახებ საქორწინო კონტრაქტშია აღნიშნული;
  • თუ ქმარი საზღვარგარეთ ბინადრობს;
  • თუ ქმარი არ არის ირანის მოქალაქე [5]

[1] Australian Government Department of Foreign Affairs and Trade – DFAT COUNTRY INFORMATION REPORT IRAN; published on 14 April 2020; available at

[accessed 30 June 2021]

[2] United Kingdom Home Office – Country Policy and Information Note Iran: Women – Early and forced marriage; published in February 2021; available at

[accessed 30 June 2021]

[3] United States Department of State – 2020 Country Report on Human Rights Practices: Iran; published in March 2021; available at

[accessed 30 June 2021]

[4] Freedom House – Freedom in the World 2021 – Iran; published in March 2021; available at

[accessed 30 June 2021]

[5] ACCORD – Inquiry response on Iran: Requirements for the issuance of a travel document by the embassy, ​​passport for relatives in Iran, confirmation that a passport has not been obtained; published in October 2019; available at

[accessed 30 June 2021]

პალესტინის ტერიტორია. უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება ღაზის სექტორში. მაისი, 2021

უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარება – ჟენევის აკადემიის პროექტის RULAC –  „კანონის უზენაესობა შეიარაღებული კონფლიქტისას (Rule of Law in Armed Conflicts) მიხედვით, პალესტინის სახელმწიფოს ტერიტორიები ოკუპირებია ისრაელის მიერ. საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს ისრაელს, როგორც ოკუპანტ ძალას, რომელსაც ოკუპირებული აქვს დასავლეთი სანაპირო (მათ შორის – აღმოსავლეთი იერუსალიმი) და ღაზას სექტორი. [1]

ბელგიის სამეფოს ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა გენერალური კომისარიატი 2021 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში ღაზას სექტორში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების შესახებ წერდა, რომ მას შემდეგ, რაც 2007 წელს ღაზას სექტორში ძალაუფლება დაჯგუფება „Hamas”-მა ჩაიგდო ხელში, ისრაელმა აღნიშნული რეგიონის სრული ბლოკადა მოახდინა. აღნიშნულის შემდგომ, სექტორში უსაფრთხოების კუთხით სიტუაცია ცვალებადია: სახეზეა დაბალი ინტენსივობის შეტაკებები ისრაელის შეიარაღებულ ძალებსა და „ჰამასს“ შორის, რაც ზოგჯერ გადაიზრდება შედარებით უფრო ინტენსიურ ძალადობაში. „ჰამასი“ იყენებს სარაკეტო იერიშებს და საზღვრის მიმდებარე თავდასხმებს, რათა აიძულოს ისრაელი, მოხსნას ბლოკადა. ხოლო, ისრაელის თავდაცვის სამინისტრო, თავის მხრივ,  იყენებს სამხედრო ძალას და ბლოკადას, რათა შეინარჩუნოს არსებული სიტუაცია. ძალადობის ესკალაციის მოკლე, თუმცა ინტენსიურ შემთხვევებს ადგილი აქვს მაშინ, როდესაც დაპირისპირებული მხარეები ძალადობის კონკრეტულ ზღვარს გადადიან. მაგალითად, ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა 2014 წელს, რასაც  შედეგად მოჰყვა ოპერაცია „Protective Edge”  – ყველაზე ინტენსიური კონფლიქტი ღაზაში 2007 წლის შემდგომ.

ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის 15 მაისიდან მოყოლებული, „ჰამასი“ და ისრაელი ჩართულნი არიან არაფორმალურ მოლაპარაკებებში. თუმცა, ძალადობა (სასაზღვრე ძალადობა, სარაკეტო იერიშები და ა.შ.) პალესტინის მხარეს პერიოდულად კვლავ იჩენს თავს მაშინ, როდესაც „ჰამასი“ მიიჩნევს, რომ ისრაელის მხარე დანაპირებს სათანადოდ არ ასრულებს. ამას კიდე შედეგად მოჰყვება ისრაელის მხრიდან პასუხი, რაც ხშირად საჰაერო დაბომბვებისა და ეკონომიკური სანქციების სახეს იღებს. ძალადობის ესკალაციის უკანასკნელი შემთხვევა 2020 წლის აგვისტოს მეორე ნახევარში დაფიქსირდა. საბოლოოდ, 31 აგვისტოს მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

ანგარიშის მომზადების პერიოდში, ღაზას სექტორში მობინადრე პალესტინელები შედარებით უსაფრთხო პირობებში ცხოვრობდნენ, რაც გამოწვეული იყო კოვიდ-19 პანდემიით. 2019 წლის დეკემბერს შეწყვეტილი ოპოზიციის საპროტესტო დემონსტრაციები კვლავაც არ გაგრძელებულა. ისრაელმა  „ჰამასის“ პოზიციები ბოლოს 2020 წლის ნოემბერსა და დეკემბერში დაბომბა, რაც წარმოადგენდა საპასუხო იერიშებს. აღნიშნულ ინციდენტებს მსხვერპლი არ მოჰყოლია. UNOCHA-ს მიხედვით,  2020 წლის 1 ოქტომბრიდან 2021 წლის 15 მარტის პერიოდში, ღაზას სექტორში უსაფრთხოების კუთხით ინციდენტებს შედეგად არც ერთი პალესტინელი სამოქალაქო პირის სიცოცხლის მოსპობა არ მოჰყოლია. ხოლო, 2020 წლის მანძილზე, ღაზას სექტორში აღირიცხა 5 სამოქალაქო დანაკარგი.

რაც შეეხება დაშავებულთა კუთხით სტატისტიკას, კვლავ UNOCHA-ს მიხედვით, 2020 წლის 1 ოქტომბრიდან 2021 წლის 15 მარტის პერიოდში, ღაზას სექტორში უსაფრთხოების კუთხით ინციდენტების ფარგლებში ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო სულ 6 პალესტინელმა (მითითებული არაა, დაშავებულები წარმოადგენდნენ სამოქალაქო პირებს თუ კომბატანტებს).[2]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას სექტორში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ღაზას სექტორში ხელისუფლებაზე კონტროლს ახორციელებს ა.შ.შ. მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული „ჰამასი“. ორგანიზაცია გააჩნია საკუთარი სამხედრო ფრთა, რომელსაც ზოგჯერ იყენებს საწინააღმდეგო აზრის ჩასახშობად. გავრცელებული ცნობებით, „ჰამასის“ დაჯგუფების წევრები ხშირად ჩადიოდნენ სხვადასხვა ტიპის სამართალდარღვევებს.

ანგარიშის მიხედვით, ჰამასის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების კუთხით საყურადღებო და პრობლემურ საკითხებს წარმოადგენდა: უკანონო ან/და თვითნებური მკვლელობები; სისტემატური ხასიათის წამებისა და პირთა თვითნებური დაკავების შემთხვევები; პოლიტიკური პატიმრები; უკანონო ჩარევა პირად ცხოვრებაში; გამოხატვის თავისუფლების კუთხით შეზღუდვები, მათ შორის პრესის და ინტერნეტის ასპექტებში; ჟურნალისტთა მიმართ ძალადობა ან ძალადობის მუქარა, ცენზურა და ვებ-გვერდების ბლოკირება; მნიშვნელოვანი შეზღუდვები მშვიდობიანი შეკრების და დემონსტრაციის უფლებების რეალიზების კუთხით; კორუფცია; ქალთა მიმართ ძალადობის დროს არასათანადო გამოძიებისა და დამნაშავე პირთა პასუხისმგებლობის დაუყენებლობის საკითხები; ანტი-სემიტიზმით მოტივირებული ძალადობა ან ძალადობის მუქარა; ბავშვი ჯარისკაცების უკანონო რეკრუტირება და საბრძოლო მოქმედებებში გამოყენება; ლგბტი თემის წინააღმდეგ მიმართული  ძალადობა და ბავშვთა იძულებითი ან სავალდებულო შრომა.[3]

  1. გადაადგილების თავისუფლების კუთხით არსებული ვითარება

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტის ზემოხსენებული ანგარიშის მიხედვით,  ისრაელს ღაზას სექტორის როგორც სახმელეთო, ასევე – საზღვაო პერიმეტრი გამოცხადებული აქვს როგორც „დაშვების კუთხით შეზღუდული ზონა“ (access-restricted areas (ARAs), რადგან მიიჩნევს, რომ ჰამასი მათ იყენებს თავდასხმების განსხორციელებლად და იარაღის კონტრაბანდისთვის. ისრაელის ხელისუფლებას ასევე დაწესებული აქვს კონკრეტული შეზღუდვები ღაზაში ან ღაზიდან საქონლის, ნედლეულის და ადამიანების გადაადგილების თავისუფლების კუთხით, რის მიზეზადაც უსაფრთხოების და ეკონომიკურ საფუძვლებს ასახელებს. ანგარიშის მიხედვით, ისეთი ორგანიზაციების წარმომადგენელებს, როგორიცაა – გაერო, Human Rights Watch, Amnesty International  და სხვა, ისრაელმა არ მისცა ნებართვა, რათა ღაზას სექტორიდან შესულიყვნენ ისრაელში, რის მიზეზადაც უსაფრთხოების კუთხით საფუძვლები დაასახელა.

ამას გარდა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ თავად „ჰამასსაც“ დაწესებული აქვს კონკრეტული შეზღუდვები ღაზაში შევლის ან გასვლის კუთხით. ეს უფრო მეტად ეხება იმ პალესტინელებს, რომლებიც ღაზას ტოვებენ ისრაელის საზღართან მდებარე ერეზის საკონტროლო გამშვები პუნქტიდან. უფრო კონკრეტულად, ასევე პირებზე აუცილებელია გაცემული იქნას გასვლის შესახებ ნებართვა (Exit Permit).[4]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House ღაზას სექტორში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ ისრაელი ღაზას სექტორზე ახორციელებს დე-ფაქტო ბლოკადას, რაც გამოიხატება პირთა და საქონლის გადაადგილების თავისუფლების კუთხით დაწესებული საკმაოდ მკაცრი შეზღუდვებით. შედეგად, ღაზას სექტორში გადაადგილების კუთხით თავისუფლება უკიდურესად არის შეზღუდული. ისრაელი და ეგვიპტე ახორციელებენ მკაცრ კონტროლს ორივე სასაზღვრო პუნქტზე, ხოლო „ჰამასიც“, თავის მხრივ, აწესებს კონკრეტულ შეზღუდვებს გადაადგილებაზე. ისრაელი ხშირად არ ანიჭებს ნებართვას ღაზას სექტორის რეზიდენტებს, გაემგზავრონ საღვარგარეთ და ამის მიზეზად უსაფრთხოების კუთხით საფუძვლებს ასახელებს.[5]

პორტალ Welcome Palestine მიხედვით, ღაზას სექტორი, ისევე როგორც – დასავლეთი სანაპირო, შემოსაზღვრულია მასშტაბური სამხედრო კერდლით და უშალოდ ტერიტორიაზე შესვლა შესაძლებელია მხოლოდ ორი სასაზღვრო გამშვები პუნქტით – ისრაელიდან და ეგვიპტიდან. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ისრაელის მიერ ღაზას სექტორზე ხორციელდება სრული ბლოკადა, რასაც ხელს უწყობს ეგვიპტის ამჟამინდელი ხელისუფლება, რის გამოც ღაზასში შევსლა, როგორც ფიზიკურად, ისევე – ბიუროკრატიულად, განსაკუთრებით რთულია.

სტატიის მიხედვით, ღაზას სექტორი არ არის ღია იმ პირთათვის, ვისაც უბრალოდ სურს ტურისტული მიზნებით გაემგზავროს და მოინახულოს ის. როგორც წესი, შესვლაზე ნებართვას ზოგჯერ რთავენ საერთაშორისო ორგანიზაციებში მომუშავე პირებს ან ჟურნალისტებს. ღაზას სექტორში შესასვლელად, პირს უნდა გააჩნდეს კონკრეტული ლეგიტიმური მიზეზი, რის საფუძველზეც შეუძლია განცხადებით მიმართ ისრაელს ან ეგვიპტეს და მოიპოვოს სათანადო ნებართვა.[6]

[1] Geneva Academy – Rulac – Rule of Law in Armed Conflicts; available at      https://www.rulac.org/browse/conflicts/military-occupation-of-palestine-by-israel [accessed 7 May 2021]

[2] COMMISSARIAT GÉNÉRAL AUX RÉFUGIÉS ET AUX APATRIDES – COI Focus TERRITOIRE PALESTINIEN – GAZA Situation sécuritaire; published on 23 March 2021; available at

[accessed 7 May 2021]

[3] United States Department of State – 2020 Country Reports on Human Rights Practices: Israel, West Bank and Gaza (West Bank and Gaza); published in March 2021; available at

[accessed 7 May 2021]

[4] Ibid

[5] Freedom House – Freedom in the World 2020 – Gaza Strip*; published in March 2020; available at

[accessed 10 May 2021]

[6] Portal WelcomePalestine – article “getting into Gaza”; available at https://www.welcometopalestine.com/getting-in/gaza/ [accessed 10 May 2021]

ერაყი. ვასიტის პროვინციაში დაბრუნების შესაძლებლობა. აპრილი, 2021

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) 2021 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ერთ-ერთი რელევანტურ ანგარიშში წერდა, რომ 2014-2017 წლებში  დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ერაყში მასშტაბური ექპანსიისა და შემდგომი სამხედრო ოპერაციების გამო, ბევრმა ერაყულმა ადგილობრივმა ხელისუფლებებმა დააწესეს მკაცრი შეზღუდვები პროვინციებში შესვლასა და ბინადრობასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით, აღნიშნული შეზღუდვები და, ზოგჯერ, სრული აკრძალვები, ეხებოდა კონფლიქტური რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ სუნიტ არაბებს. ანგარიშის მომზადების დროს, უსაფრთხოებრივი „სქრინინგები“  და უსაფრთხოების კუთხით შემოწმებები კვალ რჩება იმ პირებისთვის, რომლებიც წარმოშობით არიან წარსულში ISIS-ს კონტროლს დაქვემდებარებულ ან კონფლიქტური რეგიონებიდან, განსაკუთრებით კი,  ეს ეხება სუნიტ არაბებსა და სუნიტ თურქმენებს.

ანგარიშის გამოქვეყნების დროს არსებული მდგომარეობით, UNHCR ფლობს ინფორმაციას, რომ იმ პირებს, რომლებიც წარმოშობით არიან წარსულში „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლირებადი ან კონფლიქტური ტერიტორიებიდან, ასევე იმ პირებს, რომლებიც ერაყში მესამე ქვეყნიდან დაბრუნდნენ, არ ესაჭიროებათ ადგილობრივი სპონსორის მხარდაჭერა შემდგომ პროვინციებსა თუ ქალაქებში ჩასასვლელად: ბაბილონი; ბაღდადი; ბასრა; დჰი ქარი; დიიალა; ქერბალა; ქ.კირკუკი;  მუთჰანა; ნაჯაფი; ქადისია და ვასიტი.

რაც შეეხება ბინადრობის მოწმობის აღებას და მის საფუძველზე ბინადრობას, UNHCR ფლობს ინფორმაციას, რომ იმ პირებს, რომლებიც წარმოშობით არიან წარსულში „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლირებადი ან კონფლიქტური ტერიტორიებიდან, ასევე იმ პირებს, რომლებიც ერაყში მესამე ქვეყნიდან დაბრუნდნენ, ესაჭიროებათ სპონსორისა ადგილობრივი მუხთარის (ადგილობრივი თვითმართველობის) მხარდაჭერა შემდეგ პროვინციებში: ბაღდადი, დიალა, ქ. კირკუკი, ბაბილონი; ბასრა; დჰი ქარი; დიიალა; ქერბალა;  მუთჰანა; ნაჯაფი; ქადისია და ვასიტი. [1]

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი ერაყში უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ 2020 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ ვასიტის პროვინცია მდებარეობს აღმოსავლეთ ირანში და მისი მოსახლეობა, 2019 წლის მაჩვენებლით, 1 415 034 პირს შეადგენს. მოქალაქეთა უმრავლესობა არაბულ ეთნოსს მიეკუთვნება, თუმცა, გვხვდებიან ფაილი ქურთებიც.

ეკონომიკურად ვასიტი წარმოადგენს სავაჭრო ჰაბს, რომელიც სამხრეთ და ჩრდილოეთ პროვინციებს აკავშირებს, ასევე – ირანთან საზღვრის გამო, საერთაშორისო ვაჭრობის კუთხით საკმაოდ მნიშვნელოვანია პროვინციაა. ვასიტის ეკონომიკაში მთავარი როლი შეაქვთ მიწათმოქმედებასა და ინდუსტრიას. უკანასკნელ ხანებში, გზებზე უსაფრთხოებაზე გავლენა იქონია საპროტესტო დემონსტრაციებმა, რომელთა ფარგლებშიც, მონაწილეები კეტავდნენ მაგისტრალებს.

გაეროს ანგარიშით – დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინამორბედი – „ერაყის ისლამური სახელმწიფო“ თავის დროზე, ოპერირებდა ვასიტის პროვინციის ნაწილში. ხოლო რაც შეეხება უშუალოდ ISIS-ს, ანგარიშის მიხედვით, მას არასდროს ეკავა ვასიტი. შესაბამისად, როდესაც 2014 წელს ერაყის უსაფრთხოების ძალები ჩრდილოეთსა და დასავლეთში, ISIS-ის წინააღმდეგ საბრძოლველად გაიწვიეს, ვასიტში უსაფრთხოების კუთხით სტაბილურობაზე უარყოფით გავლენას შემდეგი ფაქტორები ახდენდნენ: შიიტს ტომებს შორის შეტაკებები; სახელმწიფო სამშენებლო კონტრაქტები და მიწის ნაკვეთის მფლობელობაზე დავები. პროვინციაში მოქმედებეს ორი უსაფრთხოებრივი აქტორი: ერაყის უსაფრთოების ძალები (ISF) და „სახალხო სამობილიზაციო ძალები“ (PMF). 2018 წლის ზაფხულში, მთლიანი პროვინციის მასშტაბით საჯარო საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, 2020 წლის მაისში, ვასიტის პროვინციაში დაფიქსირდა სუნიტური ჯგუფების მიერ შიიტ სამოქალაქო პირებზე მიმართული დაბომბვები. აღნიშნულის დამადასტურებლი სხვა ინფორმაცია არ მოიძებნა.

ანგარიშის მიხედვით, 2018 წლიდან მოყოლებული, ვასიტში, ზოგჯერ ადგილი ჰქონდა საპროტესტო დემონსტრაციებს, რომელთაც მსხვერპლი მოჰყვა და რომელთა ფარგლებში, დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს PMF-ების და პოლიტიკოსთა ოფისებს. UNAMI-ს მიხედვით, მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციები ვასიტში კვლავ დაიწყო 2019 წლის ოქტომბერში.

რაც შეეხება პროვინციაში უსაფრთხოების კუთხით მდგომარეობას, UNAMI-ის მიხედვით, 2019 წლის იანვრიდან 2020 წლის ივლისის ჩათვლით, ვასიტში სულ 10 უსაფრთხოებრივი ინციდენტი დაფიქსირდა, რომელთა ფარგლებში 1 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1  – დაშავდა.

ACLED ინფორმაციით, 2019 წლის ივლისიდან 2020 წლის ივლისამდე პერიოდში, ვასიტში დაფიქსირდა 1 ბრძოლა; 1 დისტანციური ძალადობა/აფეთქება; სამოქალაქო მოსახლეობაზე ძალადობის 1 შემთხვევა და  38 არეულობის შემთხვევა, რაც ჯამში 31 უსაფრთხოების კუთხით ინციდენტს შეადგენს. იმავე პერიოდში, ორგანიზაციამ აღრიცხა 124 საპროტესტო დემონსტრაცია, რომელთაგან უმრავლესობა, დედაქალაქ კუტში ფიქსირდებოდა.

რაც შეეხება სახელმწიფო დაცვის კუთხით სიტუაციას, 2017 წელს მედია წყაროების ცნობით, სამხრეთულ რეგიონებში შექმნილმა ვაკუუმმა უსაფრთხოების კუთხით შეასუსტა ერაყის სახელმწიფო ძალების უნარი, უზრუნველეყოთ უსაფრთხოება აღნიშნულ პროვინციები. გავრცელებული ცნობებით, ფიქსირდებოდა სახელმწიფო ძალების მიერ სამოქალაქო დემონსტრანტების მოკვლის შემთხვევები. აღნიშნულის საკითხზე დაიწყო გამოძიებები, რასაც 2019 წლის ბოლოს შედეგად მოჰყვა სასამართლო გადაწყვეტილება, რომლის ფარგლებშიც ორ უსაფრთხოების ოფიცერს სასჯელი (მათ შორის, ერთ-ერთს – სიკვდილით დასჯა) მიესაჯა.

ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, PMF-ები ოპერირებენ ექსკლუზიურად საკუთარი სისტემის ფარგლებში. ისინი ხშირად უარს აცხადებენ ერაყის უმაღლესი მთავარსარდლის (პრემიერ-მინისტრის) ბრძანებების შესრულებაზე. New York Times-ის მიხედვით, ირანთან აფილირებული PMF დაჯგუფებების წევრები სათანადოდ არ გაასამართლეს ვასიტსა და სხვა პროვინციებში დემონსტრანტების მკვლელობის გამო. თუმცა, აღნიშნული შემთხვევების საპასუხოდ, ვასიტის პროვინციის პოლიციის მეთაური თანამდებობიდან გაათავისუფლეს და საჯაროდ შეარცხვინეს.[2]

[1] UNCHR – Relevant Country of Origin Information to Assist with the Application of UNHCR’s Country Guidance on Iraq – Ability of Persons Originating from Formerly ISIS-Held or Conflict-Affected Areas to Legally Access and Remain in Proposed Areas of Internal Relocation; published in January 2021; available at

[accessed 5 April 2021]

[2] EASO – Iraq Security Situation; published in October 2020; available at

[accessed 5 April 2021]

ერიტრია. ადამიანის უფლებები; გადაადგილება; სამხედრო სამსახური; იძულებითი შრომა; მარტი, 2019

ერიტრეა მკაცრად ცენტრალიზებული, ავტორიტარული რეჟიმის მქონე ქვეყანაა, რომელსაც პრეზიდენტი ისაიას აფვერკი აკონტროლებს. სამართლიანობის და დემოკრატიის სახალხო ფრონტი, რომელსაც პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, ქვეყნის ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა. ქვეყანამ ეთიოპიისგან დამოუკიდებლობა 1993 წელს მოიპოვა და მას შემდეგ არცერთი ეროვნული დონის არჩევნები არ ჩატარებულა. რეჟიმის სამოქალაქო ხელისუფლება, როგორც წესი, ეფექტურ კონტროლს ინარჩუნებს უსაფრთხოების ძალებზე.

ადამიანის უფლებების ყველაზე მნიშვნელოვან დარღვევებს წარმოადგენს თვითნებური მკვლელობები; გაუჩინარებები; წამება და სხვა არა ადამიანური მოპყრობა უსაფრთხოების ძალების მხრიდან, მათ შორის რელიგიური და პოლიტიკური შეხედულებების გამო; მძიმე საპატიმრო პირობები; თვითნებური დაპატიმრებები; სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვა; პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევა; სიტყვისა და პრესის თავისუფლების შეზღუდვა; ინტერნეტის, აკადემიური და კულტურული ღონისძიებების თავისუფლების შეზღუდვა; რელიგიის, შეკრებისა და გაერთიანების უფლების შეზღუდვა; შიგა და გარე გადაადგილების უფლების შეზღუდვა; მთავრობის არჩევის უფლების არ არსებობა; კორუფცია და გამჭვირვალობის ნაკლებობა; საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვა; ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა; ადამიანებით ვაჭრობა; ერთსქესიანთა კავშირის სისხლის სამართლებრივი დევნა; იძულებითი შრომა, მათ შორის იძულებითი მონაწილეობა ქვეყნის სამხედრო სამსახურში 18-თვიანი ვადის მიღმა. მთავრობა, როგორც წესი, არაფერს აკეთებს ოფიციალური პირების მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევების გამოსაძიებლად და დამნაშავეების დასასჯელად. დაუსჯელობა ასეთი ქმედებებისთვის ნორმადაა ქცეული.

გადაადგილების თავისუფლება – კანონი და კონსტიტუცია აწესებს შიგა და გარე გადაადგილების, ემიგრაციისა და რეპატრიაციის თავისუფლებას, თუმცა მთავრობა კრძალავს ყველა ამ უფლების განხორციელებას.

ქვეყნის შიგნით გადაადგილება – მთავრობა მოითხოვს მოქალაქეებისგან, რომ მათ ბინადრობის ადგილის ცვლილების შესახებ აცნობონ ადგილობრივი ხელისუფლებას, თუმცა ბევრი ამას არ აკეთებს. ქვეყნის შიგნით მოგზაურობისას, განსაკუთრებით სასაზღვრო რეგიონებში, რამდენიმე საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ხელისუფლება მოქალაქეებისგან მოითხოვს მოგზაურობის დასაბუთების წარდგენას. არა მოქალაქეების გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა კანონიერია. მთავრობა ითხოვს ყველა დიპლომატისგან, საერთაშორისო ჰუმანიტარული მისიით მომუშავეებისგან, გაეროს თანამშრომლებისგან და უცხოელებისგან, რომ მათ ითხოვონ მთავრობისგან ნებართვა 10 დღით ადრე, ვიდრე ისინი ასმარადან 15.5 მილის დაშორებით გამგზავრებას გადაწყვეტენ. ხელისუფლება გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის თანამშრომლებისთვის გასცემს ერთთვიან ნებართვას, რათა მათ შეძლონ გადაადგილება უმკულუს ლტოლვილთა ბანაკის მიმართულებით. აღნიშნული ტერიტორიის მონახულების უფლებას დიპლომატებს აძლევენ მაისში.

საზღვარგარეთ მოგზაურობა – მთავრობას ზღუდავს საზღვარგარეთ მოგზაურობას. მთავრობა მოითხოვს მოქალაქეებისგან, ხანდახან ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებისგანაც, რომ მათ აიღონ ქვეყნის დატოვების ნებართვა. მთავრობა ზღუდავს ერიტრიელებად მიჩნეული ბავშვების მოგზაურობას, მაშინაც როცა მათ უცხო ქვეყნის პასპორტი აქვთ. პასპორტისა და ქვეყნიდან გასასვლელი ვიზის მიღებისთვის დადგენილი მოთხოვნები არა თანმიმდევრული და გაუმჭვირვალეა. მთავრობა ხშირად არ გასცემს მოქალაქეებზე პასპორტებს და გასვლის ნებართვის ვიზებს იმ მიზეზით, რომ მოქალაქეებს არ აქვთ დასრულებული სამხედრო სამსახური; ან უბრალოდ ყოველგვარი მიზეზის გარეშე. ხელისუფლება, როგორც წესი, არ გასცემს ქვეყნის დატოვების ნებართვას 5 წლის ზევით ასაკის ბავშვებზე. ქვეყნიდან გასვლის ნებართვას ძალიან ცოტა მოზარდი იღებს. მშობლები ერიდებიან ქვეყნიდან გასვლის ნებართვა ითხოვონ სამხედრო სამსახურში გაწვევის ასაკთან ახლოს მყოფი შვილებისთვის, რადგან შიშობენ, რომ ხელისუფლება მშობლებსაც აუკრძალავს ქვეყნიდან გასვლას. ქვეყნიდან გასვლაზე უარს ეუბნებიან, ძირითადად, მამაკაცებს 54 წლამდე, იმის მიუხედავად, მოიხადეს თუ არა მათ თავიანთი წილი სამხედრო სამსახური და ქალებს 30 წლამდე, თუ მათ შვილები არ ჰყავთ. მთავრობა, როგორც წესი, ქვეყნის დატოვების ნებართვას არ გასცემს სამოქალაქო მილიციის წევრებზე, თუმცა ზოგი, ვინც ხელისუფლების მიერ გათავისუფლებულია ეროვნული სამსახურიდან და აქვს თავისი ზონის მეთაურის თანხმობა, ქვეყნიდან გასვლის ნებართვას იღებს.

2015 წელს წყაროები წერდნენ, რომ მთავრობამ, დიდწილად სამხედრო ძალებმა და განსაკუთრებით სასაზღვრო მეთვალყურეობის დანაყოფმა „მიზანშეწონილი პერიოდისთვის“ დანერგა სასიკვდილო გასროლის პოლიტიკა. 2016 წელს წყაროები აღნიშნავდნენ, რომ არსებობდა საიმედო მტკიცებულებები აღნიშნული პოლიტიკის კვლავ არსებობისა, თუმცა მისი აღსრულება აღარ ხდებოდა ისე მკაცრად, როგორც წარსულში. ორგანიზაცია „ექიმები საზღვრების გარეშე“ წერდა, რომ ერიტრიელებს, რომლებიც ცდილობდნენ საზღვრის გადაკვეთას და ეთიოპიაში გადასვლას, ესროდნენ; ბევრი ერიტრიელი გახდა იმის მოწმე, თუ როგორ გაუხსნეს ცეცხლი სხვა ერიტრიელებს საზღვრის გადაკვეთის მცდელობის დროს.

ქვეყნის დატოვება – გავრცელებული ინფორმაციით, იყო შემთხვევები, როდესაც ქვეყნის დატოვების ნებართვის გარეშე ერიტრიიდან გასულ მოქალაქეებს აღარ აძლევდნენ ქვეყანაში დაბრუნების უფლებას. ბევრი მოქალაქე, ვინც ერიტრეა დატოვა, თავად რჩებოდა დევნილობაში, რადგან ეშინოდა თავისი რელიგიის ან პოლიტიკური შეხედულებების გამო ან გაურბოდა სამხედრო სამსახურში გამოძახებას. სხვა წყაროების ინფორმაციით, არაფერი ემუქრებოდათ მათ, ვინც სხვა ქვეყნის ბინადრობას ან მოქალაქეობას ფლობდა. ზოგადად, მოქალაქეებს აქვთ დაბრუნების უფლება, მაგრამ მათ, ვინც ცხოვრობდა საზღვარგარეთ, უნდა დაადასტუროს, რომ გადაიხადეს საზღვარგარეთ გამომუშავებული შემოსავლის გადასახადი (2%-ის ოდენობით), რომ მიიღონ წვდომა სახელმწიფო სერვისებზე, მათ შორის ისეთ მომსახურებაზე, როგორიცაა ქვეყნიდან გასვლის ნებართვის აღება, დაბადების ან ქორწინების მოწმობის აღება, პასპორტის განახლება და უძრავი ქონების ტრანზაქცია. მთავრობა აღნიშნულ მოთხოვნას აღასრულებდა არა თანმიმდევრულად. მთავრობა დიდი დაკვირვებით განიხილავს იმ მოქალაქეთა საქმეებს, რომელთა შესახებ ცნობილია, რომ დაარღვიეს კანონი უცხო ქვეყანაში ან არიან რაიმე დაავადების მატარებელნი ან უცხო ქვეყნის მთავრობამ მათ უარი უთხრათ პოლიტიკური ნიშნით თავშესაფარზე.

მოქალაქეობა – იეჰოვას მოწმეები, რომლებიც არ ასრულებენ სამხედრო სამსახურს, კვლავ რჩებიან საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გარეშე. მათ არ შეუძლიათ იმუშაონ ფორმალურ ეკონომიკაში ან მიიღონ კვების კუპონები მთავრობის მიერ სუბსიდირებული ფასებით პროდუქტების შესაძენად.[1]

უსასრულო სამხედრო სამსახური და იძულებითი შრომა – ერიტრიის ყველა მოქალაქის უფლებები მკაცრად იზღუდება, თუმცა ყველაზე უარეს დღეში არიან ახალგაზრდები, რომელთაც სამხედრო სამსახურში იწვევენ. გაეროს სამსახურების მიერ ერიტრიის სამხედრო სამსახური დახასიათებულია, როგორც „მონობა“. და მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ მიაღწია შეთანხმებას ეთიოპიასთან, მთავრობამ მაინც არ გაათავისუფლა ეროვნულ სამსახურში დიდი ვადით გაწვეული არცერთი პირი.

18 წლის ყველა პირი გაწვეულია ეროვნულ (სამხედრო) სამსახურში. ისინი მსახურობენ უსასრულოდ, ზოგიერთი 18 წლის განმავლობაშიც კი. უსასრულო სამხედრო სამსახური არ არის ერთადერთი მიზეზი, რატომაც ათასობით ერიტრიელი, მათ შორის ბავშვები თანმხლები პირების გარეშე, ტოვებენ ერიტრიას ყოველთვე, მაგრამ სამხედრო სამსახური უმთავრესი მიზეზია. 1998 წლის ომის შემდეგ, ქვეყანა მოსახლეობის თითქმის 15%-მა დატოვა. მას შემდეგ, რაც ეთიოპიასთან საზღვარი გაიხსნა, ქვეყნიდან წასული ერიტრიელების, განსაკუთრებით თანმხლების პირის გარეშე ბავშვების, რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

სამხედრო სამსახურში გაწვეულები დიდი ხანია არა ადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის მათ შორის წამების ობიექტები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ანაზღაურება გაიზარდა, ის მაინც არაა საკმარისი ოჯახების შესანახად, განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ მატებასთან ერთად გაიზარდა საკვებისთვის განკუთვნილი დაქვითვები.

ერიტრიის ინფორმაციის მინისტრმა 2018 წელს გაცემულ ინტერვიუში აღიარა, რომ გაწვეულთა ერთ მეხუთედზე ნაკლებს აქვს სამხედრო როლი. დანარჩენები არიან ფერმის მუშახელი, მასწავლებლები, მშენებლობის მუშები, საჯარო მოსამსახურეები, დაბალი ინსტანციის მოსამართლეები და სხვა საჯარო მოხელეები. სამხედრო სამსახურში გაწვეულებს აფორმებენ მთავრობის საკუთრებაში მყოფ სამშენებლო ფირმებში და ამუშავებენ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უცხოელების საკუთრებაში არსებულ საბადოებზე.[2]

[1] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2017 – Eritrea, 20 April 2018

 (accessed on 6 March 2019)

[2] HRW – Human Rights Watch: World Report 2019 – Eritrea, 17 January 2019

 (accessed on 6 March 2019)