ეგვიპტის 2014 წელს მიღებული კონსტიტუციის 53-ე მუხლის მიხედვით, გარანტირებულია მოქალაქეების თანასწორობა კანონის წინაშე და ის, ამავდროულად, კრძალავს მათ დისკრიმინაციას მთელი რიგი ნიშნების (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების ქონის) გამო. ამას გარდა, 80-ე მუხლი, რომელიც უშუალოდ ბავშვის უფლებებს ეხება, კონკრეტულად ითვალისწინებს, რომ „სახელმწიფოს მიერ გარანტირებულია შ.შ.მ. ბავშვების უფლებები და ის უზრუნველყოფს მათ რეაბილიტაციასა და სათანადო ჩართვას საზოგადოებაში“.
კონსტიტუციის 81-ე მუხლის მიხედვით, გარანტირებულია შ.შ.მ. პირთა მიერ წვდომა ჯანდაცვის, სოციალური, კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული კუთხით შესაძლებლობებზე. სახელმწიფო ასევე უზრუნველყოფს შ.შ.მ. პირების წვდომას სათანადო დასაქმებაზე და, გარდა იმისა, რომ საჯარო უწყებების შენობებსა და მიმდებარე გარემოს მაქსიმალურად ადაპტირებულად ხდის მათთვის, ასევე გამოჰყოფს კონკრეტულ პროცენტულ კვოტებს შ.შ.მ. პირების დასაქმებასთან მიმართებით. მუხლით ასევე გარანტირებულია შ.შ.მ. პირების ინტეგრაცია და მონაწილეობა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და სამოქალაქო მოვლენებში.[1]
ამას გარდა, ეგვიპტეში მოქმედებს კანონი ბავშვთა უფლებების შესახებ, რომლის 53-ე მუხლში ნათქვამია, რომ ბავშვის მიერ განათლების მიღებისას, ის დაცულია ყოველგვარი დისკრიმინაციისგან, სხვებთან ერთად, მათ შორის – შეზღუდული შესაძლებლობის ქონის ნიშნით. კანონში მეექვსე თავი, მთლიანად დათმობილია სახელმწიფოს მიერ შ.შ.მ. ბავშვების ზრუნვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, სადაც მთელი რიგი უფლებები და დამატებითი შეღავათები თუ შესაძლებლობებია გათვალისწინებული. კვლევის მიზნებისთვის, ამ კუთხით განსაკუთრებით საყურადღებოა 76 bis მუხლი, რომლის დისპოზიციაც შემდეგია: „შ.შ.მ. ბავშვს აქვს უფლება, მიიღოს განათლება, ტრეინინგი თუ სხვა სახის სარეაბილიტაციო-საგანმანათლებლო სერვისები იმავე საჯარო სკოლებში, ინსტიტუტებსა თუ ტრეინინგ-ცენტრებში, რომლებიც განკუთვნილია არა-შ.შ.მ. პირებისთვის. ამ კუთხით, გამონაკლისს წარმოადგენს ისეთი ტიპის შეზღუდული შესაძლებლობა, რომლის ბუნებიდან გამომდინარე, ზემოხსენებული თანაბარი მოპყრობა ფიზიკურად შეუძლებელია.“ მუხლში ასევე მითითებულია, რომ აღნიშნულ საგამონაკლისო შემთხვევების დროს, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, სპეციალურ დაწესებულებებში შესაბამისი განათლებით, ტრეინინგით თუ სხვა სერვისით უზრნველყოს შ.შ.მ. პირი, მისი დაავადების ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე. აღნიშნული სპეციალური ტიპის სკოლები ჩართულნი არიან ზოგადი განათლების სისტემაში, უნდა იყვნენ შ.შ.მ. პირების საჭიროებებზე მორგებული და მათ საცხოვრებელთან ახლოს. კანონის მიხედვით, მათ ასევე უნდა უზრუნველყონ შ.შ.მ. ბავშვი სრულყოფილი განათლებით ან ტრეინინგ-პროგრამით, მიუხედავად მისი ასაკისა ან შეზღუდული შესაძლებლობის ხარისხისა.[2]
ეგვიპტელი ექსპერტი და პროფესორი Salah Eldin Abdel Aziz Ghoneim „საგანმანათლებლო და სოციალური კვლევების საერთაშორისო ჟურნალში“ გამოქვეყნებულ სტატიაში სახელწოდებით „Requirements for Inclusion of Children with Disabilities in Public Education in Egypt“ წერდა, რომ ეგვიპტემ 2006 წელს განსაკუთრებული წვლილი შეიტანა გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის“ მიღებაში და 2007 წელს თავადაც გახდა მისი წევრი. სწორედ აღნიშნული კონვენციის 24 მუხლი განსაზღვრავს, რომ შ.შ.მ. პირებს უნდა ჰქონდეთ თანაბარი წვდომა ინკლუზიურ დაწყებით, საშუალო და სრულ საშუალო განათლებაზე და რომ ამის უზრუნველყოფა სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს. სწორედ ამ საერთაშორისო ვალდებულების შესრულებისთვის, ეგვიპტის მთავრობამ შეიმუშავა „შეზღუდული შეაძლებლობების შემცირების ეროვნული გეგმა“, რომლის იმპლემენტაციასაც სხავდასხვა სახელისუფლებო ორგანო უზრუნველყოფს. აღნიშნულ პროგრამაში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია შ.შ.მ. ბავშვების ჩართულობა საჯარო განათლებაში, რომლის ფარგლებშიც შემდეგი პოზიტიური ნაბიჯები იდგმება:
- შ.შ.მ. მოსწავლეებს საშუალება აქვთ, ისწავლონ ჩვეულებრივ საჯარო სკოლებში და ისწავლონ ჩვეულებრივ კლასელებთან ერთად;
- მინისტრის ბრძანება 37/1990 შესაბამისად, შემუშავებულია რეგულაციები სპეციალური სკოლებისა თუ პროგრამების შესახებ, რომლებიც უშუალოდ შ.შ.მ. მოსწავლეების საჭიროებებზეა მორგებული;
- მინისტრის ბრძანება 42/2008-ის საფუძელზე განათლების სამინისტროში შექმნილია იკლუზიის კომიტეტი, რომელიც შ.შ.მ. პირების საჯარო განათლებაში ჩართულობის კუთხით პოლიტიკას განსაზღვრავს;
- 2012-13 წლებში, იმ სკოლათა რიცხვი, რომლებიც აკმაყოფილებდნენ შ.შ.მ. მოსწავლეთა ინკლუზიის სტანდარტებს, გაიზარდა 796-მდე.
- და ა.შ.
თუმცაღა, სტატიის ავტორის მიხედვით, პრაქტიკაში შ.შ.მ პირების სრულ და კომპლექსურ წვდომას საჯარო განათლებაზე რამდენიმე ფაქტორი უშლის ხელს. მათ შორის ყველაზე უფრო ყურადსაღებია:
- ქვეყნის სასოფლო, შედარებით ნაკლებად განვითარებულ და ღარიბ რეგიონებში ისეთი ტიპის სკოლათა ნაკლებობა, სადაც შ.შ.მ. პირთა საჭირობები გარანტირებულია;
- ინკლუზიური სკოლების და პროგრამების სუსტი მენეჯმენტი და შეფასების და მონიტორინგის სისტემა;
- აღნიშნულ სკოლებში სამუშაო პირობები იქ მომუშავე შესაბამისად დატრენინგებული და პროფესიონალი პერსონალისთვის, ზოგჯერ, არ არის ხელისშემწყობი, რაც ხელს უშლის მათ დარჩენას აღნიშნულ სამსახურში;
- ზოგჯერ, შ.შ.მ მოსწავლეები ვერ იღებენ სათანადო განათლებას საჯარო სკოლებში მომუშავე მასწავლებლებისგან, რაც ხშირად განპირობებულია იმით, რომ მასწავლებელს სათანადო სპეციალური ცოდნა არ აქვს;
- ის ფაქტი, რომ ზოგჯერ, საჯარო სკოლის მოსწავლე შ.შ.მ. ბავშვებს კლასელები არასათანადოდ ეპყრობიან;
- ზოგჯერ, შ.შ.მ. მოსწავლეებს სჭირდებათ იმავე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის ყოფნა კლასში, იმისთვის, რომ გაუცხოება არ იგრძნონ;
- მშობელთა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იმ საკითხზე, რომ ინკლუზიური განათლებაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.[3]
შ.შ.მ. პირების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Handicap International 2015-2016 წლებში გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც ეგვიპტის მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენლის და ადგილობრივი ექსპერტების მიერ მომზადდა, წერდა ეგვიპტეში შ.შ.მ. ბავშვების მიერ პირველად საჯარო განათლებაზე წვდომის საკითხებზე. ანგარიშის მიხედვით, ეგვიპტე იმ არაბულ ქვეყანაში რიგებში შედის, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ შ.შ.მ. პირებს და მათ უფლებას. სწორედ ამის დასტურია ის ფაქტიც, რომ 2014 წელს მიღებულ კონსტიტუციაში კონკრეტულად ფიგურირებს მუხლები, რომლებითაც გარანტირებულია, მათ შორის, შ.შ.მ. პირებისთვის თანაბარი უფლებები და პირობები სასწავლო დაწესებულებებში. ამას გარდა, 2008 წელს მიღებული ეგვიპტის კანონი ბავშვთა უფლებების შესახებ ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფოს, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების როლი შ.შ.მ. მოსწავლეთათვის განათლების მიწოდებაში, განსაკუთრებით დიდია.[4]
[1] Constitution of Egypt; available at
[accessed 2 November 2020][2] Egypt LAW NO. 12 OF 1996 PROMULGATING THE CHILD LAW; amended in 2008; available at
[accessed 2 November 2020][3] Salah Eldin Abdel Aziz Ghoneim – Publication “Requirements for Inclusion of Children with Disabilities in Public Education in Egypt”; published in June 2014; available at https://www.mcser.org/journal/index.php/jesr/article/view/3490 [accessed 2 November 2020]
[4]Handicap International research team from the Arab Republic of Egypt – “Inclusion of Students with Disabilities in Primary Education in Public Schools” ; published in 2016; available at http://haqqi.info/check_1.php?t=research_paper&f=Egypt%20Executive%20Summary_En [accessed 2 November 2020]