ერაყი. ერაყის რესპუბლიკაში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაცია. ოქტომბერი, 2018

გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინირების ოფისის (OCHA) დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალიზებული პრეს-სამსახური – „Reliefweb“ 2018 წლის 1-ელი მაისის გამოცემაში წერს ერაყში დაბრუნებულ მიგრანტთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა რეინტეგრაციის პროცესში ადგილობრივი რესურსცენტრების როლის შესახებ.

სააგენტოს ინფორმაციით, კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებული 3.6 მილიონზე მეტი პირი უკვე დაუბრუნდა საკუთარ სახლს. ერაყის მთავრობის კოორდინაციისა და მონიტორინგის ერთობლივი ცენტრი (JCMC), სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, აფუძნებს ადგილობრივ რესურს-ცენტრებს იმ რეგიონებში, სადაც დიდი რაოდენობით იძულებით გადაადგილებული პირი დაბრუნდა. ცენტრები ფუნქციონირებენ სწორედ JCMC-ის ეგიდით და მათი დანიშნულებაა, შეასრულონ ერთგვარი საკოორდინაციო და საინფორმაციო ჰაბის ფუნქცია, სადაც იძულებით გადაადგილებული პირები და უკან დაბრუნებული მიგრანტები მიიღებენ ინფორმაციას სხვადასხვა გადაუდებელი, ჯანდაცვისა და სტაბილიზაციის სერვისის შესახებ. აღნიშნულ სერვისებზე წვდომას, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, უზრუნველყოფს ერაყის მთავრობა, რათა ხელი შეუწყოს ერაყში მიგრანტთა დაბრუნებისა და უკვე  დაბრუნებულ პირთა ინტეგრაციის პროცესს.

ცენტრების მიზანია, ერაყის მთავრობის მხარდაჭერა როგორც ადგილობრივ, ისე – ეროვნულ დონეზე, რათა მან კოორდინირება გაუწიოს დაბრუნებულ პირთათვის ისეთი სერვისების მიწოდებას, რომელიც უზრუნველყოფს მათ უსაფრთხო, ნებაყოფლობით და მდგრად სოციალურ-ეკონიმიკურ რეინტეგრაციას ადგილობრივ თემებში.

პირველი რესურსცენტრები იხსნება ნინევისა და ანბარის პროვინციებში, ხოლო შემდგომ – სხვა რეგიონებში, სადაც კონფლიქტმა და, შედეგად, მოსახლეობის იძულებითმა გადაადგილებამ, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.

„ადგილობრივი რესურსცენტრები დაგვეხმარება, რათა ყველაზე ეფექტური გზით მივაწოდოთ დაბრუნებულ პირებს ინფორმაცია და სხვადასხვა ტიპის სერვისი“ – განაცხადა JCMC-ის თავმჯდომარე აბდულ ამირ მოჰამედ ალიმ.

ერაყის მთავრობის კოორდინაციისა და მონიტორინგის ერთობლივ ცენტრთან (JCMC) ერთად, პროცესებში ჩართულია 7 გაეროსა და არასამთავრობო პარტნიორი ორგანიზაცია: გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR); ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC); მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM); ლტოლვილთა ნორვეგიის საბჭო (NRC); ტექნიკური თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტო (ACTED); არასამთავრობო ორგანიზაციები People in Need (PIN) და Terre des hommes (TDH) Lausanne.[1]

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) გერმანიის წარმომადგენლობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, 2015-2017 წლების განმავლობაში, IOM-მა, გერმანიის მიგრაციის და ლტოლვილთა ფედერალური ოფისთან თანამშრომლობით,  განახორციელა მასშტაბური პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა ერაყის ქურთისტანის რეგიონში ერაყელი მოქალაქეების დაბრუნებისა და გრძელვადიან პერსპექტივაში რეინტეგრაციის ხელშეწყობას.

პროექტში მონაწილეობა მიიღეს ერაყის იმ მოქალაქეებმა, რომელთაც გააჩნდათ ახლო ოჯახური კავშირები ქურთისტანის რეგიონში და, ასევე, საკუთარი ნების საფუძველზე გამოხატავდნენ მზაობას, დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში.

თითოეული პირისთვის შეიქმნა თავდაპირველი ინდივიდუალური რეინტეგრაციის გეგმა, სადაც გათვალისწინებული იქნა მათი პირადი საჭიროებები. იმ აპლიკანტებს კი, რომელთაც გააჩნდათ რეალისტური და ეკონომიკური შეთავაზებები, გაეწიათ სათანადო მხარდაჭერა  ჩრდილოეთ ერაყში მათი დაბრუნების შემდეგ, რათა ხელი შეეწყოთ მათი რეინტეგრაციის პროცესისთვის. ინდივიდუალური რეინტეგრაციის გეგმების შემდეგ, მათ დამატებით მიეწოდათ მომდევნო რამდენიმე თვის სამყოფი დახმარება.[2]

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ერაყის წარმომადგენლობის ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით, იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა არის 1.890.696; ხოლო – სამშობლოში დაბრუნებულ პირთა  კი – 4.075.350, რაც რეკორდული მაჩვენებელია. შედარებისთვის, 2016 წლის დასაწყისში, ერაყში დაბრუნებულთა რიცხვი მხოლოდ 500 000 პირს შეადგენდა.[3]

[1] Reliefweb, article “Community Resource Centres to Consolidate Support for Returnee Reintegration in Iraq” May 1 2018, available at https://reliefweb.int/report/iraq/community-resource-centres-consolidate-support-returnee-reintegration-iraq [accessed 10 October 2018]

[2] IOM Germany, Project – “Integrated Reintegration in Iraq”, available at http://germany.iom.int/en/integrated-reintegration-iraq-kurdistan-region [accessed 11 October 2018]

[3] IOM Iraq Mission, Returnee Dashboard, available at http://iraqdtm.iom.int/ReturneeML.aspx  [accessed 11 October 2018]