ჟენევის აკადემიის პროექტის RULAC – „კანონის უზენაესობა შეიარაღებული კონფლიქტისას (Rule of Law in Armed Conflicts) მიხედვით, დღევანდელი მდგომარეობით, 2014 წლიდან მოყოლებული, უკრაინაში ფიქსირდება არა-საერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტი უკრაინის ხელისუფლებასა და თვითაღიარებულ „დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკებს“ შორის. ამას გარდა, ქვეყნის კონკრეტული ნაწილი, კერძოდ – ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა და ქალაქი სევასტოპოლი, რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.[1]
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ გავრცელებული ცნობების თანახმად, რუსეთის მხარდაჭერილი ძალები დონბასის რეგიონში ჩადიოდნენ ისეთ სერიოზულ უფლებათა დარღვევებს, როგორიცაა – სამოქალაქო პირთა მკვლელობა; გატაცებისა და იძულებითი გაუჩინარებების შემთხვევები; წამება; უკანონო დაკავება; გენდერული დანაშაული; მკაცრი და სიცოცხლისთვის საშიში საპატიმრო პირობები; პოლიტიკური პატიმრები; სასამართლო დამოუკიდებლობების არარსებობა; გამოხატვის თავისუფლების, პრესისა და ინტერნეტის კუთხით არსებული უმკაცრესი შეზღუდვები; შეკრებისა და მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლების შეზღუდვა და ა.შ.
გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის სამონიტორინგო მისიის (HRMMU) მიხედვით, კონფლიქტის დაწყებიდან მოყოლებული, 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქები. მათ განცხადებით, მიმდინარე შეიარაღებული მოქმედებები კვლავ მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა კონფლიქტის ზონაში მცხოვრები 3.9 მილიონი პირის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მათ შორის, რუტინულად საფრთხე ემუქრებოდა მათ სიცოცხლეს, ხოლო მათი ქონება და კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ნადგურდებოდა.
იმავე HRMMU-ს მიხედვით, კონფლიქტის დაწყებიდან დონბასის რეგიონში მოკლეს 13.000-ზე მეტი პირი, მათ შორის – სამოქალაქო პირები, სამხედროები და შეიარაღებული ჯგუფების წევრები. 2019 წლის აგვისტოს მონაცემებით, მიმდინარე წელს (2019) ორგანიზაციამ აღრიცხა 18 სამოქალაქო პირის სიკვდილი.
რაც შეეხება უშუალოდ უკრაინაში დევნილთა მდგომარეობას, ანგარიშის მიხედვით სექტემბრის მდგომარეობით, უკრაინის სოციალურ საკითხთა სამინისტროს რეგისტრირებული ყავდა 1.4 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირი. ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიხედვით, აღნიშნული რიცხვი შედარებით დაბალი იყო, რადგან პირთა ნაწილი, რეგისტრაციის შემდგომ, საკუთარ საცხოვრებელს დაუბრუნდა. დევნილთა უდიდესი ნაწილი ცხოვრობდა კონფლიქტის მიმდებარე ზონებში, კერძოდ – დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების სამთავრობო ძალების მიერ კონტროლირებად ნაწილებში; ასევე – ხარკოვში, დნიპროპეტროვსკში და ზაპოროჟიის ოლქში.
მთავრობა სოციალური შეღავათებს აძლევდა მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც რეგისტრირებულნი იყვნენ, როგორც იძულებით გადაადგილებული პირები. იმისთვის, რომ თავიდან აეცილებინათ თაღლითობა, სამთავრობო ინსტიტუციები ზღუდავდნენ პენსიებისა და სხვა სარგებლის გაცემას იმ პირებზე, რომლებზეც არ იყო დადასტურებული, რომ ბინადრობდნენ მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. HRMMU-ს მიხედვით, მთავრობა ზემოხსენებულ დადასტურების (ვერიფიკაციის) პროცედურას ფართოდ იყენებდა, რის გამოც იჩაგრებოდა პირთა გარკვეულ სეგმენტი, განსაკუთრებით – მოხუცები და შშმ პირები, რადგან მათი შეზღუდული უნარები გადაადგილების კუთხით ართულებდა მათ მიერ ვერიფიკაციის სტანდარტების დაკმაყოფილებას. მთავრობა, ზოგჯერ, აუქმებდა გადახდებს ყოველგვარი შეტყობინების გარეშე და დევნილები აცხადებდნენ, რომ მათი აღდგენისას გარკვეულ პრობლემებს აწყდებოდნენ.
ქვეყანაში მოქმედ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს კარგი წვდომა გააჩნდათ იმ რეგიონებზე, რომლებიც სამთავრობო კონტროლს ექვემდებარებოდნენ.
დევნილები ვერ ახერხებდნენ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში და საპარლამენტო არჩევნებისას, მაჟორიტარულ ოლქებში ხმის მიცემას, თუკი არ იქნებოდნენ რეგისტრირებულნი ახალ მისამართზე.
HRMMU-ს მიხედვით, იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაცია წარმოადგენდა პრობლემას, რადგან ამ კუთხით არ არსებობდა სამთავრობო სტრატეგია და შესაბამისი ფინანსური რესურსები, რის გამოც დევნილები მარგინალიზებულ მდგომარეობაში რჩებოდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციები, აცხადებდნენ, რომ დევნილები ასევე ექვემდებარებოდნენ დისკრიმინაციას დასაქმების კუთხით, ასევე – განათლების, ჯანდაცვისა და საჭირო დოკუმენტაციის მოპოვების კუთხით. მართალია, კანონის თანახმად მთავრობის ვალდებული იყო, იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, თუმცა, შესაბამისი ორგანოები ამ კუთხით არ დგამდნენ ეფექტურ ნაბიჯებს. სამუშაო ადგილების სიმცირე და ზოგადად სუსტი ეკონომიკა განსაკუთრებულ გავლენას ახდენდა დევნილებზე, აიძულებდა რა მათ ეცხოვრათ არაადექვატურ საცხოვრებლებში, მაგალითად, კოლექტიურ ცენტრებსა და დროებით საცხოვრებლებში. სხვა დევნილები ცხოვრობდნენ მასპინძელ ოჯახებში, მოხალისეებთან ან კერძო საცხოვრებლებში, რომელთაც ქირაობდნენ. ზოგიერთი დევნილს, განსაკუთრებით კი იმათ, რომლებიც ბინადრობდნენ დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების სამთავრობო კონტროლს დაქვემდებარებულ ნაწილებში, არ გააჩნდათ ადეკვატური წვდომა სანიტარულ საშუალებებზე, თავშესაფარსა თუ სასმელ წყალზე.[2]
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International უკრაინის შესახებ 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები კვლავ რჩებოდა სამოქალაქო აქტივისტებისა და სხვა ჰუმანიტარული აქტორების წვდომის მიღმა. იმ პირებს შორის, რომლებიც სეპარატისტებმა გაათავისუფლეს და გაუშვეს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, იყვნენ უფლებადამცველები; ჟურნალისტები და ბლოგერები, რომლებიც დაკავებულები იყვნენ საკუთარი საქმიანობის გამო, რაც ხშირად იქ მოქმედი რეჟიმის კრიტიკასაც მოიცავდა. მაგალითად, სტანისლავ ასეიევს ოქტომბერში 15 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა „ჯაშუშობისთვის“. აღნიშნული პირების განცხადებით, დონბასში ნებისმიერი ტიპის ქმედებას, რაც არ არის თავსებადი მოქმედ რეჟიმთან, შესაძლებელია მოჰყვეს ისეთი ტიპის სადამსჯელო ღონისძიებები, როგორიცაა – დაპატიმრება, დაკითხვა, წამება და სხვა ტიპის არასათანადო მოპყრობა. როგორც წესი, საპატიმრო პირობები მკაცრი და აუტანელია. ბევრ ყოფილ პატიმარს აღენიშნებოდა ფსიქიკური ტრავმა. მათ მიერ მოყოლილ შემაშფოთებელ ამბებს შორის, ასევე იყო სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის შემთხვევები, მათ შორის – სისტემატიური გაუპატიურებები, რომელთაც დაკავებისას უქვემდებარებდნენ არა მარტო ქალებს, არამედ – მამაკაცებსაც.[3]
Freedom House უკრაინის შესახებ 2020 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის (საანგარიშო პერიოდი -2019 წელი) მიხედვით, იძულებით გადაადგილებული პირები, რომელთა რიცხვის 1.5 მილიონზე მეტს აღწევდა, აწყდებოდნენ კონკრეტულ სამართლებრივ და პრაქტიკული ხასიათის ბარიერებს არჩევნებში მონაწილეობის კუთხით. ამას გარდა, ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული დევნილები განსაკუთრებით მოწყვლად კატეგორიას წარმოადგენდნენ სექსუალური ტრეფიკინგისა და იძულებითი შრომის კუთხით.[4]
[1] Geneva Academy – Rulac – Rule of Law in Armed Conflicts; available at http://www.rulac.org/browse/map [accessed 20 July 2020]
[2] United States Department of State – C ountry Report on Human Rights Practices 2019 – Ukraine; published in March 2020; available at
[accessed 20 July 2020][3] Amnesty International – Human Rights in Eastern Europe and Central Asia – Review of 2019 – Ukraine [EUR 01/1355/2020]; published in April 2020; available at
[accessed 21 July 2020][4] Freedom House – Freedom in the World 2020 – Ukraine; published in March 2020; available at
[accessed 21 July 2020]