ეგვიპტე. სავალდებულო სამხედრო სამსახური. ნოემბერი, 2020

ავსტრალიის მთავრობის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი (DFAT)  2019 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერდა, რომ კონსტიტუციის 86 მუხლის თანახმად, ეგვიპტეში მოქმედებს სავალდებულო სამხედრო სამსახური, რომელსაც არგულირებს „კანონი სამხედრო და ეროვნული სამსახურის შესახებ“ (კანონი 127/1980). კანონის მიხედვით, 18 წელს გადაცილებული ყველა ეგვიპტელი მამაკაცი ვალდებულია, იმსახუროს სავალდებულო სამხედრო სამსახურში. მისი ვადა მაქსიმუმ 3 წლამდე პერიოდით განისაზღვრება და ახალწვეულებს, გაწვევის ფარგლებში, მსახურება უწევთ სამხედრო, საპოლიციო ან საპატიმრო ძალებში. როგორც წესი, 18 წელს გადაცილებულ მამაკაცს, რომელსაც გავლილი არ აქვს სამხედრო სამსახური, დასაქმებისას სთხოვენ, წარმოადგინოს ზემოხსენებული ვალდებულიდან გამორიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი. ზოგადად, ეგვიპტურ პირადობის მოწმობაზე აღნიშნულია, გავლილი აქვს თუ არა პირს სავალდებულო სამხედრო სამსახური და, გავრცელებული ცნობებით, იმ პირებს, რომელთაც ეს ვალდებულება მოხდილი არ აქვთ (და ისინი არც შესაბამისი ნიშნის გამო, გამორიცხულნი არიან სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან) არ აქვთ ნებართვა, დატოვონო ქვეყანა.

სამხედრო სამსახურისას, ზოგადი პირობები მნიშვნელოვნად განსხვავდება. მაგალითად, ზოგიერთ ახალწვეულს პირდაპირ ფრონტზე, წინა ხაზებში უშვებენ (იგულისხმება სინაის ნახევარკუნძულზე მიმდინარე დაპირისპირებები), ხოლო ზოგს ურბანულ დასახლებებში, ადგილობრივ საპოლიციო ძალებში ამწესებენ. ანგარიშის მიხედვით, იმ პირებს, რომელთაც გააჩნიათ გარკვეული ოჯახური ან სხვა ტიპის კონტაქტები და გავლენა, შეუძლიათ სამხედრო სამსახური შედარებით მსუბუქ პირობებში (ადმინისტრაციული დეპარტამენტები, სამხედრო სასტუმროები, სამხედრო ფრთის ეკონომიკური პროექტები და ა.შ.) მოიხადონ.

ეგვიპტეში, სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან პირის გამორიცხვის რამდენიმე წინაპირობა არსებობს:

  • ოჯახური მიზებები – პირს სამხედრო სამსხურში არ გაიწვევენ, თუ ის არის დედისერთა ვაჟი; წარმოადგენს ოჯახის ერთადერთ შემწეს; ჰყავს ძმა, რომელიც უკვე მსახურობს ეგვიპტის არმიაში; თუ ჰყავს მამა ან ძმა, რომლებიც სამხედრო სფეროში მსახურობისას დაიღუპნენ და სხვა მიზეზები, რომლებიც განხილვას ექვემდებარება;
  • სწავლასთან დაკავშირებული მიზეზები – უნივერსიტეტის სტუდენტებს, 28 წლის ასაკის მიღწევამდე, არ ევალდებულებათ სამხედრო სამსახურის მოხდა.
  • ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზები;
  • ახალწვეულთა დიდი რაოდენობა – თუ ახალწვეულთა რაოდენობა განსაკუთრებით დიდი, სამხედრო ფრთას აქვს შესაძლებლობა, კონკრეტული ახალწვეული გაათავისუფლოს ვალდებულებისგან;
  • ისლამისტები – გავრცელებული ცნობებით, სამხედრო სამსახურში არ იწვევენ წარსულში ნასამარლევ „ისლამისტებს“.
  • 30 წელს გადაცილებული პირები – როდესაც პირი 30 წელს აღწევს, ის ავტომატურად თავისუფლდება სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან.

ზოგადად, პირის გამორიცხვა სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან, გარდა 30 წლის ასაკს მიღწეული პირებისა, ექვემდებარება გადახედვას და განახლებას ყოველ 3 წელიწადში ერთხელ. თუ პირს არ შეუძლია მისი განახლება და, ამავდროულად, არ მოიხდის სამხედრო სამსახურს, დაექვემდებარება ჯარიმას 1000 ეგვიპტური გირვანქის ოდენობით ან 1 წლამდე ვადით პატიმრობას. შესწავლილი წყაროების თანახმად, უცნობია, წელიწადში საშუალოდ რამდენი ადამიანი ექვემდებარებ დაპატიმრებას ზემოხსენებული დანაშაულის გამო. თუმცა, გავრცელებული ცნობებით, თავის ამრიდებელი პირები ექვემდებარებიან ანალოგიურ მოპყრობას, როგორც ნებისმიერი სხვა პატიმარი.

ეგვიპტეში რელიგიური მოტივით სავალდებულო სამხედრო სამსახურზე უარის თქმა არ არის მიღებული პრაქტიკა. თუმცაღა, არსებობს მცირე მოძრაობა, რომელიც ზემოხსენებული უფლების განვითარებას ითხოვს.

DFAT-ის შეფასებით, ეგვიპტელ მამაკაცთა უმრავლესობა, დაექვემდებარება სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდა რაიმე ფორმით. ვალდებულებისგან გათავისუფლება ან გამორიცხვა მეტწილად დამოკიდებულია ინდივიდუალურ და სოციო-ეკონომიკურ წინაპირობებზე. მსახურების ადგილას არსებული ზოგადი პირობები მნიშვნელოვნად განსხვავებულია და დამოკიდებულია ლოკაციასა და პოზიციაზე. ორგანიზაციის შეფასებით, სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის ამრიდებლები, მაღალი ალბათობით, დაექვემდებარებიან დაკავებას ან დაპატიმრებას.[1]

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი 2019 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში, რომელიც უშუალოდ ეგვიპტეში სავალდებულო სამხედრო სამსახურს ეხება წერდა, რომ ეგვიპტეში 18-დან 30 წლამდე ყველა მამაკაცი სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდას ექვემდებარება, თუმცა, მოხალისეებს მისი გავლა 16 წლის ასაკიდან შეუძლიათ.

როგორც წესი, სამხედრო სამსახურის ვადა 12-დან 36 თვემდე განისაზღვრება, რის შემდეგადაც პირებს კვლავ გააჩნიათ 9 წლის ვადით სარეზერვო ვალდებულება. როგორც წესი, იმ პირთათვის, რომელთაც გააჩნიათ უმაღლესი განათლება, მსახურების ვადა 18 თვით განისაზღვრება.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეგვიპტის თავდაცვის სამინისტროს მიხედვით, სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლების/გამორიცხვის ოჯახობრივი საფუძვლებია:

  • თუ პირი არის გარდაცვლილი მამის ერთადერთი ვაჟი;
  • თუ არის ცოცხალი მამის ერთადერთი ვაჟი მაშინ, როდესაც მამას დამოუკიდებლად არ შეუძლია საკუთარი თავის რჩენა;
  • თუ პირის დედ-მამიშვილები მის კმაყოფაზე არიან და არ შეუძლიათ დამოუკიდებლად თავის რჩენა;
  • თუ პირის დედას დამოუკიდებლად არ შეუძლია თავის რჩენა;
  • თუ ის არის სამშობლოსთვის დაღუპული მამის უფროსი ვაჟი ან ანალოგიურად დაღუპული პირის უფროსი ძმა.

ამას გარდა, სხვადასხვა წყაროების მიხედვით, სამხედრო სამსახურის მოხდისგან თავისუფლდება პირი, რომელიც:

  • ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაექვემდებარება გაწვევას;
  • თუ პირი წარმოადგენს სტუდენტს, აღნიშნული სტატუსის ქონისას, 28 წლის ასაკამდე მას არ აქვს სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის ვალდებულება;
  • თუ პირს გააჩნია ორმაგი მოქალაქეობა, ის შესაძლოა გათავისუფლდეს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან;
  • თუ ახალწვეულთა რაოდენობა განსაკუთრებით დიდი, კონკრეტული ახალწვეულთუ ახალწვეულთა რაოდენობა განსაკუთრებით დიდი, სამხედრო ფრთას აქვს შესაძლებლობა, კონკრეტული ახალწვეულები შესაძლოა გათავისუფლდნენ სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდისგან;
  • ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, საჯარო სამსახურში საშტატო პოზიციაზე მუდმივად დასაქმებული პირსაც აქვს უფლება, გათავისუფლდეს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან;
  • რამდენიმე წყარო ადასტურებს, რომ თუ პირს 30 წელი შეუსრულდა, ის აღარ დაექვემდებარება გაწვევას.

ისევე როგორც კვლევის პირველ ნაწილში აღნიშნულ წყაროში, საშინაო საქმეთა ოფისიც უთითებს, რომ სამხედრო სამსახურისას, ზოგადი პირობები მნიშვნელოვნად განსხვავდება და დამოკიდებულია დისლოკაციის ადგილზე, ასევე – გამწვევ ორგანოზე (სამხედრო ნაწილი, საპოლიციო ნაწილი და ა.შ.). ანგარიშის მიხედვით, პირობები და ახალწვეულთა მოპყრობა ყველაზე უფრო დამოკიდებულია 2 ძირითად ფაქტორზე: ქრთამები (Rishva) და პირადი კავშირები (Wasta). ახალწვეულებს ხშირად უწევთ ქრთამების გადახდა ზემდგომი ოფიცრებისთვის, რათა თავიდან აირიდონ არასათანადო მოპყრობა ან მიიღონ დამატებითი საკვები რაციონი. ამას გარდა, წყაროთა მიხედვით, ეგვიპტურ საზოგადოებაში,ზოგადად, ნებისმიერი კონკრეტული მიზნის მისაღწევად, დიდი მნიშვნელობა აქვს პირის პირად კავშირებს.

ანგარიშში ასევე აღნიშნუალია, რომ ახალწვეულები აღქმულნი არიან, როგორც იაფი მუშახელი, რომელთაც სხვადასხვა სამხედრო თუ სახელმწიფო პროექტებში იყენებენ.

რაც შეეხება სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების საკითხს, ანგარიშის მიხედვით, ამრიდებლების საქმეს სამხედრო სასამართლოები განიხილავენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, კანონის მიხედვით, ბრალდებული დაექვემდებარება ჯარიმას 1000 ეგვიპტური გირვანქის ოდენობით ან 1 წლამდე ვადით პატიმრობას.  [2]

[1] Australian Government Department of Foreign Affairs and Trade – DFAT COUNTRY INFORMATION REPORT EGYPT; published on 17 June 2019; available at

[accessed 4 November 2020]

[2] UK Home Office – Country Policy and Information Note Egypt: Military service; published in November 2020; available at

[accessed 4 November 2020]

სირია. მოსახლეობის სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა. ივლისი, 2020

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი (EASO) სირიის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში წერდა, რომ სირიაში 18-დან 42 წლამდე მამრობითი სქესის მოქალაქეები სავალდებულო ხასიათის სამხედრო გაწვევას ექვემდებარებიან. სამხედრო სამსახურის ხანგრძლივობა 18-დან 21 თვემდე განისაზღვრება და მასში მონაწილეობის მიღება, სურვილის შემთხვევაში – ქალებსაც შეუძლიათ. ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ კანონით, გაწვევისას პირის მაქსიმალური ასაკი 42 წელს არ უნდა აღემატებოდეს, პრაქტიკაში აღნიშნული შეზღუდვა ნაკლებად მოქმედებს და, როგორ წესი, 45-55 წლამდე პირებსაც ზოგჯერ, იძულებით იწვევენ სამხედრო სამსახურში. წყაროთა ინფორმაციით, სამხედრო სამსახურზე ასაკის ლიმიტი ნაკლებად დამოკიდებულია კანონით დადგენილი ზოგად წესზე და უფრო მეტად განპირობებულია იმით, თუ რამდენად საჭიროებს მთავრობა კონკრეტულ მომენტში ძალების მობილიზაციას. ზოგადად, სამთავრობო ძალები გასაწვევად მაინც უფრო 18-დან 27 წლამდე პირებს ეძებენ, შესაბამისად, შედარებით უფროსი ასაკის მამაკაცებისთვის, სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდება შედარებით იოლია. ამას გარდა, სირიაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ბევრი მაშინდელი ახალწვეული არ გაუთავისუფლებიათ სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ და მხოლოდ 2018 წელს მოხდა მათი გათავისუფლება, თუმცა, ზოგიერთი მათგანი დღესაც მსახურობს.

ანგარიშში მოყვანილია ექსპერტის – კრისტოფერ კოზაკის (Christopher Kozak) შეფასება სირიაში პირთა სავალდებულო სამხედრო გაწვევის თემაზე, რომლის მიხედვითაც,  ქვეყანაში პირთა რეკრუტირების მასშტაბი იგივეა, მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია, უკანასკნელ ხანებში, შედარებით სტაბილური გახდა. კოზაკი ხაზს უსვამს, რომ სირიის მთავრობა ცდილობს, მის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან გაიწვიოს ნებისმიერი სამხედრო ასაკის პირი, რომელზეც მას ხელი მიუწვდება. სირიელი სუნიტებიც კი, რომლებიც სამთავრობო ძალების შეფასებით არ არიან სანდო, დაექვემდებარებიან გაწვევას და მათ გაანაწილებენ ისეთ რეგიონებში (მაგ. სამხრეთ სირიაში, სადაც შედარებით ნაკლები რისკებია მოსალოდნელი.

რაც შეეხება უშუალოდ წვევამდელების საკითხს, ანგარიშის მიხედვით, სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდება დასჯადია სირიის სამხედრო სისხლისსამართლებრივი კოდექსით, თუმცა, პრაქტიკაში მისი გამოყენება თვითნებურია. აღნიშნული კოდექსის 98 და 99 მუხლებით, გაწვევისგან თავის ამრიდებლები, მშვიდობიანი პერიოდის დროს, დაისჯებიან 1-დან 6 თვემდე თავისუფლების აღკვეთით, ხოლო შემდეგ მოიხდიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს სრულად. ომიანობის დროს, გაწვევისგან თავის არიდება სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადი ქმედებადაა და ისჯება 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით. წყაროთა მიხედვით, შესაბამისი სამსახურები აღნიშნულ კანონის დადგენილ ნორმებს, პრაქტიკაში, არ მისდევდნენ და ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც თავის ამრიდებელი პირი პირდაპირ სამხედრო სამსახურში იგზავნებოდა.

ამას გარდა, ანგარიშის მიხედვით, კონფლიქტის დაწყებიდან მოყოლებული, ათიათასობით მოქმედი ოფიცერი თუ ახალწვეული გახდა დეზერტირი. ბევრმა მათგანმა სირია დატოვა, ხოლო ისინი კი, ვინც დარჩნენ, ძირითადად შეუერთდნენ სხვადასხვა შეიარაღებულ ჯგუფებს. სირიის სამხედრო სისხლისსამართლებრივი კოდექსის 100 და 101 მუხლების მიხედვით, დეზერტირობა ისჯება 1-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით მშვიდობიანი პერიოდის დროს, ხოლო აღნიშნული სასჯელი ომიანობის პერიოდში, შესაძლებელია გაორმაგდეს. ის პირები, რომლებიც დეზერტირობის შემდგომ ქვეყანა დატოვეს, შესაძლებელია დაექვემდებარონ 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთასაც ომის დროს. დეზერტირობა, რომელიც მტრის მხარეს გადასვლით სრულდება, დასჯადია სიკვდილით ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. წყაროთა მიხედვით, უშუალო დეზერტირები გაცილებით უფრო მკაცრ სასჯელებს ექვემდებარებოდნენ, ვიდრე გაწვევისგან თავის ამრიდებლები.[1]

დანიის იმიგრაციის სამსახურმა 2020 წლის მაისში გამოაქვეყნა ანგარიში სირიაში სამხედრო სამსახურის შესახებ, რომელიც თებერვალში განხორციელებულ ფაქტების დამდგენი მისიის ფარგლებში მოპოვებულ მასალას ეფუძნებოდა. ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის ზაფხულიდან მოყოლებული, სირიის არმიაში გაწვევის მასშტაბი გაიზარდა, რაც განპირობებული იყო იმით, რომ სამთავრობო ძალებს ჰქონდათ უფრო მეტ ადამიანებზე წვდომა მას შემდეგ, რაც დაიბრუნეს კონკრეტული ტერიტორიები. ამას გარდა, არმია საჭიროებს დამატებით ჯარისკაცებს იდლიბის რეგიონში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებისთვის. როგორც წესი, გაწვევა უშუალოდ ხდება სამხედრო გამშვებ პუნქტებზე, საჯარო ინსტიტუციებში, უშუალოდ საზღვრის კვეთის დროს და იძულებით გადაადგილებულთა ბანაკებში. ამას გარდა, უკანასკნელ ხანებში სირიის არმიის მიერ დაბრუნებულ ტერიტორიებზე, გაწვევის ყველაზე გავრცელებული ფორმაა რეიდები სახლებში.

ანგარიშის მიხედვით, სირიის არმიაში მყოფი ნებისმიერი პირი, მიუხედავად მისი გამოცდილებისა, კვალიფიკაციისა, რელიგიური თუ გეოგრაფიული კუთვნილებისა, თანაბრად არის წინა ხაზზე დისლოკაციის ან/და უშუალოდ სამხედრო მოქმედებებში ჩართვის რისკის წინაშე.

ანგარიშში საუბარია უშუალოდ იმ პირების სამხედრო გაწვევაზეც, რომლებმაც სამხედრო ასაკის ლიმიტს (42 წელი) მიაღწიეს. კერძოდ, წყაროთა უმრავლესობა ამბობდა, რომ მათ არ გააჩნდათ ინფორმაცია იმის შესახებ, იწვევდა თუ არა სირიის მთავრობა 42 წელს გადაცილებულ პირებს სამხედრო სამსახურში. ერთი წყარო უთითებდა, რომ მსგავსი ფაქტი 2016 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა, ხოლო მეორეს ინფორმაციით, ბოლოს ეს 2018 წელს მოხდა.

გრეგორი უოთერსი – დელეგაციის მიერ გამოკითხული ექსპერტი, ამბობდა, რომ  ისიც არ ფლობდა ინფორმაციის 42 წელს გადაცილებული პირების სავალდებულო სამსახურში გაწვევის თაობაზე. თუმცა, ის ასევე აღნიშნავდა, რომ იცოდა რამდენიმე შემთხვევის  შესახებ, როდესაც 42 წელს გადაცილებული პირები, სირიაში ლიბანიდან და იორდანიიდან დაბრუნების შემდეგ, გაიწვიეს სარეზერვო სამსახურში.

დელეგაციის მიერ გამოკითხული კიდევ ერთი წყარო – SNHR  კი უთითებდა, რომ მათი ინფორმაციით, ზოგჯერ ადგილი ჰქონდა 42 წელს გადაცილებული პირების გაწვევის შემთხვევებსაც. კერძოდ, მათ მოიყვანეს მაგალითი – ჰაითჰამ ჰასსან ალ-ქანის ქეისი, რომელიც მასწავლებლად მუშაობდა ჰომსის პროვინციის ქალაქ თალბისაში. ის 2019 წელს სირიის სამთავრობო ძალებმა დააკავეს და გაიწვიეს, როგორც რეზერვისტი. მოგვიანებით, 2020 წლის 13 იანვარს, ის დაიღუპა ჰამას პროვინციაში მიმდინარე სამხედრო შეტაკებისას.

ანგარიშის მიხედვით, სირიის მთავრობა ზოგადად, ასრულებს კონკრეტულ საკანონმდებლო ნორმებს და არ იწვევს იმ პირებს, რომლებიც: არიან ოჯახში ერთადერთი ვაჟები; პირები, რომლებიც სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გამორიცხვის მოტივით, იხდიან კანონით დადგენილ გადასახადს; სამედიცინო ჩვენებით გამორიცხული პირები, თუმცა, აღნიშნული ჩვენება ზოგჯერ ბუნდოვანი და არაზუსტია.

რაც შეეხება სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის ამრიდებლებს, გამოკითხულ წყაროთა უმრავლესობის მიხედვით,   სირიის მთავრობა მათ, ხელში ჩაგდების შემთხვევაში,  პირდაპირ სამხედრო სამსახურში გააგზავნის. ზოგიერთის შემთხვევაში, მანამდე შესაძლებელია ადგილი აქვს მცირე პერიოდით დაკავებასაც. თუმცა, როგორც წესი, ამრიდებელთა უმრავლესობა, პატიმრობას მაგივრად, ფრონტზე გაგზავნას დაექვემდებარება. დეზერტირობა დასჯადია და დანაშაულის სიმძიმისა და ქმედების მოტივის მიხედვით, აღნიშნული დანაშაულისთვის სასჯელი რამდენიმე წლით თავისუფლების აღკვეთიდან სიკვდილით დასჯამდე მერყეობს. ანგარიშში, ასევე, საუბარია უკანასკნელ ხანებში სირიის მთავრობის მიერ  დეზერტირებისა თუ სავალდებულო სამსახურისგან თავის ამრიდებლების მიმართ გამოცხადებულ ამნისტიებზეც, თუმცა, დელეგაციის შეფასებით, მათი მოქმედება შეზღუდულია და, ზოგადად, სირიის მთავრობა მათ პრაქტიკაში არ ასრულებს.[2]

არასამთავრობო ორგანიზაცია Atlantic Council 2019 წლის თებერვალში გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც უშუალოდ სირიაში იძულებით სამხედრო გაწვევას ეხება, წერდა, რომ 2011 წლიდან მოყოლებული, ასადის რეჟიმი სავალდებულო სამსახურში მომსახურე ჯარისკაცებს იტოვებდა, როგორც “სათადარიგო ძალებს“ და არ აძლევდა მათ საშუალებას, დაესრულებინათ აღნიშნული სამხედრო სამსახური. ამის გამო, პირები გაურკვეველი ვადით იყვნენ გაწვეულნი და ზოგიერთი მათგანი დაახლოებით 8 წლის განმავლობაში იხდიდა სავალდებულო სამხედრო სამსახურს. შედეგად, ბუნებრივია, ბევრი სირიელი ახალგაზრდა მამაკაცი გაიქცა ქვეყნიდან ან სხვა გზებით ცდილობდა, აერიდებინა თავი გაწვევისთვის. აღნიშნული ქმედება სირიის კანონმდებლობით წარმოადგენს დეზერტირობას და ისჯება 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

2018 წლის ოქტომბერში, ბაშარ ალ ასადის მთავრობამ გამოაქვეყნა კანონი, რომელიც 800 000  დეზერტირი პირისთვის ამნისტიას აწესებდა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის ორგანოებში გამოცხადდებოდნენ 4 (სირიაში მცხოვრები პირები) ან 6 (საზღვარგარეთ მობინადრე სირიელები)  თვის განმავლობაში. აღნიშნულ ფაქტს, ბუნებრივია, უამრავი სირიელი ახალგაზრდა სიხარულით შეეგება. თუმცა, მთავრობამ, მალევე გამოაქვეყნა 400 000 კაციანი ახალი სია, რომელიც ითვალისწინებდა აღნიშნული პირების „გადაუდებელ სამხედრო სამსახურში“ გაწვევას. აღნიშნულ სიაში უმრავლესობას შეადგენდნენ ის სირიელი ახალგაზრდები, რომლებიც წინა სიამ ამნისტიაში შეიყვანა.

ანგარიშში მოცემულია ინტერვიუ 35 წლის რა’იდთან, რომელიც აცხადებდა, რომ 4 წლიანი მალვის შემდეგ, საშუალება მიეცა მშვიდად გასულიყო ქუჩაში და დაბრუნებოდა თავის ოჯახს. „სიხარული მხოლოდ 7 დღეს გაგრძელდა, რადგან მალევე მომივიდა გაწვევის ცნობა გადაუდებელ სამხედრო სამსახურში. არ მსურს რეჟიმის არმიაში სამსახური და იმ ომში ბრძოლა, რომლისაც არ მჯერა. მხოლოდ ოჯახთან ერთად მშვიდი ცხოვრება მინდა“ – განაცხადა რა’იდმა.

ანგარიშში ასევე საუბარია იმ ჯარისკაცებზე, რომლებიც სავალდებულო სამხედრო სამსახურში 2011 წლიდან მსახურობენ და რეჟიმი მათ არ ათავისუფლებს. მიუხედავად იმისა, რომ სირიაში აღნიშნული სამსახურის ვადა მაქსიმუმ ორი წლით განისაზღვრებოდა, რეჟიმის მიერ გატარებული პოლიტიკიდან გამომდინარე, ზოგიერთი ახალწვეული 2011 წლიდან დღემდე მსახურობს.[3]

ავსტრიის წარმოშობის ქვეყნისა და თავშესაფრის კვლევების და დოკუმენტირების ცენტრი (ACCORD) 2020 წლის 14 თებერვალს გამოქვეყნებულ ანგარიშის მიხედვით, როგორც სირიის მთავრობა, ასევე – არასამთავრობო აქტორები (ქურთული YPG; SDF;) აქტიურად დაეძებენ ახალ რეკრუტებს, რათა შეაჩერონ თურქეთის სამხედრო ძალებისა და მათი მხარდამჭერი სირიელი აჯანყებულების წინსვლა რეგიონში.

ამას გარდა, Euro-Mediterranean Human Rights Monitor-ის მიერ 2019 წლის სექტემბერში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გავრცელებული ცნობებით, სირიის დემოკრატიულმა ძალებმა (SDF) სირის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ბანაკიდან გაიტაცეს ათობით ბავშვი და ასობით ახალგაზრდა, რათა დაუქვემდებარონ გაწვევას და სამხედრო მოქმედებებში ჩართვას. უკანასკნელ ხანებში, SDF-მა წამოიწყო მასობრივი კამპანია, რომლის ფარგლებშიც საკუთარ კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე და სირიის სხვადასხვა რეგიონებში, აკავებენ ახალგაზრდა არაბ მამაკაცებს და სამხედრო სამსახურში იძულების წესით იწვევენ. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ალ-ჰოულის ბანაკიდან გაიტაცა 200-მდე ბავშვი და დაუქვემდებარა იძულებით რეკრუტირებას. ბავშვთა უმრავლესობა 13-დან 16 წლამდე ასაკისაა და მათ შორის არიან როგორც ობლები, ასევე – არა-არაბი ბავშვები.

აღნიშნულის გარდა, ანგარიშში მოყვანილია სხვადასხვა წყაროების მიერ გავრცელებული სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია, რომელთა მიხედვითაც, ქურთული YPG-ის და სირიის დემოკრატიული ძალების(SDF) მხრიდან, პირთა, მათ შორის – ბავშვების, იძულებითი გაწვევა რუტინაა და ხდება სირიის ბევრ რეგიონში.. ამას გარდა, ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, ზოგჯერ, ადგილი ჰქონდა მცირეწლოვანი გოგონების სამხედრო გაწვევასაც. ზოგჯერ, სამწუხაროდ, ზოგიერთ შემთხვევაში, ხდებოდა აღნიშნული ბავშვების ჩართვა უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში.[4]

Freedom House-ს 2020 წელს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში სირიის შესახებ (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) აღნიშნულია, რომ კონფლიქტის მონაწილე სხვადასხვა შეიარაღებული ჯგუფები პირებს უქვემდებარებდნენ იძულებით რეკრუტირებას და ასევე, იყენებდნენ ბავშვ მებრძოლებს.[5]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სირიაში ადამიანის უფლებების კუთხით მდგომარეობის შესახებ 2020 წელს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ სირიის მთავრობა და მისი მოკავშირეები ფართოდ იყენებდნენ მათ შორის ისეთ მეთოდებს, როგორიცაა – პირთა იძულებითი რეკრუტირება. ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული პრაქტიკა განსაკუთრებით გავრცელებული იყო რეჟიმის არმიის მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე. ანგარიშში ასევე საუბარი არის პირთა (მათ შორის, ბავშვთა) იძულებითი რეკრუტირების შემთხვევებზე კონფლიქტის მონაწილე სხვადასხვა შეიარაღებული ჯგუფების მიერ.[6]

[1] EASO – “Syria Targeting of Individuals”; published on March 2020; available at

[accessed 15 July 2020]

[2] Danish Immigration Service – „Syria Military Service” (Report based on a fact-finding mission to Istanbul and Beirut (17-25 February 2020)) published in May 2020; available at

[accessed 15 July 2020]

[3]Atlantic Council – “Forced conscription continues despite amnesty by Syrian Government”; published on 13 February 2020; available at https://www.atlanticcouncil.org/blogs/syriasource/forced-conscription-continues-despite-amnesty-by-syrian-government/ [accessed 15 July 2020]

[4]ACCORD – “Query response on Syria: Recruitment practice of Kurdish People’s Defense Units (YPG) and Women’s Defense Units (YPJ), particularly in Qamishli [a-11189]”; published 14 February 2020; available at

[accessed 10 March 2020]

[5] Freedom House – Freedom in the World 2020 – Syria; published in  March 2020; available at

[accessed 15 July 2020]

[6] United States Department of State – Country Report on Human Rights Practices 2019 – Syria; published in March 2020; available at

[accessed 15 July 2020]