ირანი. ადამიანის უფლებების დაცვა; დემონსტრაციები; აშშ-ირანის კრიზისი. იანვარი, 2020

ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკა – საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2020 წლის ინვარში გამოქვეყნებულ ანგარიშში ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ 2019 წლის განმავლობაში ირანში ათობით ადამიანის უფლებათა დამცველს და მშვიდობიან დემონსტრანტს მრავალწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. რეპრესიების გამტარებელი შიგა უსაფრთხოების სააგენტოები, კერძოდ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი კვლავ ავიწროვებდა სამოქალაქო აქტივისტებს, აკავებდა და გავრცელებული ინფორმაციით, აწამებდა დაკავების იზოლატორებში. აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები დიდ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე და ირანელთა საბაზისო მედიკამენტებზე წვდომაზე. ხელისუფლება მკაცრად ახშობს მშვიდობიან აქციებს, მათ შორის დასაქმებასთან დაკავშირებულ პროტესტს.

უფლებადამცველი ჯგუფების ინფორმაციით, 2019 წლის პირველი ნოემბრის მონაცემებით, ირანში სიკვდილით დასაჯეს 227 ადამიანი. 2017 წელს იგივე მაჩვენებელი 253 იყო. წყაროების მტკიცებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში სიკვდილით დასჯის მაჩვენებლის შემცირება გამოიწვია ნარკოტიკებთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში ცვლილებებმა.

ირანელი ქალები კვლავ განიცდიან დისკრიმინაციას ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა ქორწინება, განქორწინება, მემკვიდრეობა და ბავშვზე მეურვეობა. ირანის კანონმდებლობა კვლავ უზღუდავს რელიგიის თავისუფლებას ბაჰაიზმის მიმდევრებს. ხელისუფლება ასევე დისკრიმინაციულია რელიგიური უმცირესობების, მათ შორის სუნიტი მუსლიმების და აზერი, ქურთი, არაბი და ბალუჩი ეთნიკური უმცირესობის მიმართ; უზღუდავს რა მათ კულტურულ და პოლიტიკურ საქმიანობას.[1]

2019 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციები – 2019 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში, ირანში მთავრობის მიერ საწვავის გაძვირებას საპროტესტო აქციები მოჰყვა. დემონსტრაციები ქვეყნის რამდენიმე ქალაქში გაიმართა. სირჟანში აქციის მონაწილეებმა ნავთობის საცავის დაწვა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს. ირანის ხელისუფლებამ საწვავის გაძვირების გადაწყვეტილება 15 ნოემბერს მიიღო. კერძოდ, ხელისუფლებამ დააწესა, რომ ერთმა მანქანამ თვეში 60 ლიტრ საწვავზე მეტი არ უნდა მოიხმაროს. მანამდე დაშვებული რაოდენობა 250 ლიტრს შეადგენდა. საწვავის ღირებულება კი 50%-ით გაიზარდა. ქვეყნის პრეზიდენტ ჰასან როუჰანის თქმით, ცვლილებების მიზეზი დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობის მხარდაჭერა იყო.[2]

საპროტესტო აქციებმა ქვეყნის 21 ქალაქი მოიცვა. აქციების დროს სამართალდამცველებმა ძალა გამოიყენეს. მედიის ინფორმაციით, აქციების დროს 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ირანის ხელისუფლების ცნობით, ქვეყნის მასშტაბით 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. 19 ნოემბრის მდგომარეობით, ხელისუფლების შეფასებით, ვითარება ნორმალიზებული იყო.[3]

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ აქციების ორგანიზებაში აშშ და ისრაელი დაადანაშაულა. მისი თქმით, არეულობა დასრულდა და ქვეყანამ მორიგი გამოცდა წარმატებით ჩააბარა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მთავრობის მხარდამჭერი სპონტანური აქციები, რომლებიც რამდენიმე ქალაქში გაიმართა, ირანელი ხალხის სიძლიერის ნიშანია.[4]

2019 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში თეირანმა საპროტესტო აქციებზე მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. ირანული სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში გასულ სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ პოლიციელებმა კრიმინალები და მეამბოხეები მოკლეს. შინაგან საქმეთა მინისტრის აბდულრეზა რაჰმანი ფაზლის განცხადებით, საპროტესტო აქციებში 200 ათასი ადამიანი მონაწილეობდა და დემონსტრანტებმა 731 ბანკი, 70 ბენზინგასამართი სადგური და 140 საჯარო დაწესებულება დაწვეს. პროტესტების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ფაზლის არ დაუსახელებია. „Amnesty International“-ის მონაცემებით, საპროტესტო აქციების დროს სულ მცირე 208 ადამიანი დაიღუპა, თუმცა არაა გამორიცხული, რომ გარდაცვლილთა რიცხვი 400-ს აღემატებოდეს.[5]

ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გამწვავება – 2019 წლის 31 დეკემბერს, ბაღდადში, აშშ-ის მიერ ერაყში საბრძოლო დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ობიექტებზე მიტანილი იერიშის გამო, დაწყებული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აშშ-ის საელჩოზე თავდასხმა განახორციელეს. აშშ-ის საჰაერო ძალებმა სირიასა და ერაყში დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ობიექტებზე იერიში 2019 წლის 29 დეკემბერს მიიტანეს. „ქატაიბ ჰეზბოლა“ შიიტი მუსლიმების საბრძოლო დაჯგუფებაა, რომელსაც ირანი უჭერს მხარს. ის 2007 წელს დაარსდა. აშშ-მა ბაღდადში მოქალაქეებისთვის საკონსულო მომსახურება შეაჩერა. ამერიკის მოქალაქეებს ურჩია, საელჩოში მისვლისგან თავი შეიკავონ. პარალელურად, პროტესტის მონაწილეები, რომლებიც საელჩოს გარეთ იყვნენ შეკრებილნი, ტერიტორიიდან გაიყვანეს.[6]

2020 წლის 2 იანვარს, ერაყში, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად, აშშ-ის სარაკეტო დარტყმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების რაზმის „ალ-ქუდსის“ ლიდერი, გენერალი ყასემ სულეიმანი ემსხვერპლა. ინფორმაცია აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. „აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით, ჩვენმა სამხედროებმა უცხოეთში მყოფი ამერიკელების დასაცავად ქმედითი თავდაცვითი ზომები მიიღეს და გენერალი ყასემ სულეიმანი მოკლეს. დაჯგუფება „ალ-ქუდსი“, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა, აშშ-ში ტერორისტული ორგანიზაციების სიაში იყო შეყვანილი. გენერალი სულეიმანი ამერიკელ დიპლომატებზე და ერაყსა და მთელ რეგიონში მყოფ სამხედროებზე თავდასხმებს გეგმავდა. „ალ-ქუდსი“ პასუხისმგებელია ასობით ამერიკელი და კოალიციური ჯარის სამხედროს სიკვდილზე“, – განაცხადეს პენტაგონში. გარდა ამისა, სარაკეტო დარტყმას ემსხვერპლა შიიტური შეიარაღებული დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი.[7]

გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობის შემდეგ ირანში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა და ისლამური სახელმწიფოს სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აშშ-ს სასტიკი შურისძიებით დაემუქრა. ერაყის პრემიერმა აშშ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ერაყში აშშ-ის სამხედროების ყოფნის შეთანხმების პირობების დარღვევაში დაადანაშაულა.[8]

აშშ-მა თავის მოქალაქეებს ერაყის დაუყოვნებლივ დატოვება ურჩია[9] და რეგიონში დამატებით 3000 სამხედროს გაგზავნის შესახებ განაცხადა.[10]

5 იანვარს, ბაღდადში აშშ-ის საელჩოსთან რაკეტა აფეთქდა. ქალაქის ცენტრში, „მწვანე ზონაში“ რამდენიმე რაკეტა ჩამოვარდა. აფეთქებები ქალაქიდან 80 კილომეტრში, ბალადის სამხედრო ბაზაზეც მოხდა, სადაც ამერიკელი ჯარისკაცები არიან განთავსებული. მომხდარი ერაყის სამხედრო მეთაურობამაც დაადასტურა. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა მედიის ცნობით, დაიჭრა 5 ადამიანი.[11]

6 იანვარს ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ 2015 წელს დადებული ბირთვული შეთანხმება სრულად დატოვა. ოფიციალური თეირანის განცხადებით, ირანი შეთანხმებით დაწესებულ შეზღუდვებს აღარ დაემორჩილება.[12] ერაყის პარლამენტმა კი მიიღო რეზოლუცია, რომელიც უცხო ქვეყნების სამხედროებს ქვეყნის დატოვებას აიძულებს.[13] აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ერაყიდან სამხედროებს არ გაიყვანს და ბაღდადს სანქციების დაწესებით დაემუქრა. „ერაყში ძალიან ძვირადღირებული სამხედრო-საჰაერო ბაზა გვაქვს. მის მშენებლობაზე აშშ-ის ბიუჯეტიდან არაერთი მილიარდი დოლარი დაიხარჯა. ჩვენ არსად წავალთ, თუ ამ ფულს არ გადაიხდიან. თუ წასვლას გვთხოვენ და ჩვენ ამას ორმხრივი შეთანხმების გარეშე ვიზამთ, ერაყს ისეთ სანქციებს დავუწესებთ, როგორიც მათ მანამდე არასდროს უნახავთ. ასეთი სანქციები ირანისთვისაც კი არ დაგვიწესებია“, – განაცხადა ტრამპმა.[14]

7 იანვარს ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტმა აშშ-ის არმიისა და პენტაგონის ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოცხადებას მხარი ერთხმად დაუჭირა.[15]

8 იანვარს ირანმა ერაყში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანა. მედიაში იერიშის ამსახველი ვიდეო კადრები გავრცელდა. სარაკეტო დარტყმის სამიზნე ერაყის ჩრდილოეთით მდებარე „აინ ალ-ასადის“ ბაზა გახდა. პენტაგონის ცნობით, თავდასხმა 2 ობიექტზე განხორციელდა. ირანში განაცხადეს, რომ იერიში გენერალ სოლეიმანის მკვლელობის გამო შურისძიებაა და აშშ-ს საპასუხო ნაბიჯებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს.[16] ოფიციალურმა ბაღდადმა ირანის მიერ განხორციელებული იერიში გააკრიტიკა და ირანი ერაყის სუვერენიტეტის დარღვევაში დაადანაშაულა.[17]

9 იანვარს, ერაყში, ბაღდადის „მწვანე ზონასთან“ სამი რაკეტა ჩამოვარდა. ერთერთი რაკეტა ამერიკის საელჩოს შენობის სიახლოვეს დაეცა, თუმცა ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. „მწვანე ზონაში“ სამთავრობო შენობები და დიპლომატიური მისიებია განთავსებული.[18]

12 იანვარს, ერაყში, ბალადის ავიაბაზაზე, სადაც ამერიკელი სამხედროებიც არიან განლაგებულები, 7 ბომბი ჩამოვარდა. შედეგად ოთხი ერაყელი ჯარისკაცი დაიჭრა. ბომბები ბაზაზე არსებულ ასაფრენ ბილიკს დაეცა, რომელიც ბაღდადის ჩრდილოეთ 80 კილომეტრში მდებარეობს.[19]

14 იანვარს, ერაყში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ტაჯის ბაზა ბაღდადიდან 30 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ამასთან, მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[20]

11 იანვარს ირანმა უკრაინული ავია ლაინერის შეცდომით ჩამოგდება აღიარა. უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილი ბოინგი აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. ბორტზე ეკიპაჟის წევრები და 180 მგზავრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი გარდაიცვალა. რამდენიმე დღეში ირანმა აღიარა, რომ უკრაინული თვითმფრინავი შეცდომით ჩამოაგდო. შეიარაღებული ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ თვითმფრინავი სამხედრო ობიექტებთან ახლოს მიფრინავდა და ის „ადამიანური შეცდომის“ შედეგად ჩამოაგდეს. ირანულმა მხარემ პირობა დადო, რომ ყველა დამნაშავე კანონის წინაშე აგებს პასუხს.[21]

ირანის მიერ უკრაინული ლაინერის ჩამოგდების აღიარების შემდეგ თეირანში საპროტესტო აქციები დაიწყო. აქციის მონაწილეებმა მთავრობის საწინააღმდეგო ლოზუნგები გააჟღერებს და გენერალ ყასემ სულეიმანის ფოტოები დახიეს. ისინი ქვეყნის უზენაესის სასულიერო ლიდერის აიათოლა ხამენეის გადადგომას ითხოვენ. დემონსტრაციაში ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. თეირანში საპროტესტო აქციები რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტებმა მოაწყვეს. მომიტინგეები გამოვიდნენ ლოზუნგებით: „ჩვენი ტელევიზია სამარცხვინოა“, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი მკვლელობებზეა პასუხისმგებელი“, „ისინი იტყუებიან, რომ ჩვენი მტერი ამერიკაა, ჩვენი მტერი აქ არის“. გავრცელდა რამდენიმე ვიდეორგოლი, სადაც ჩანს, რომ აქციის მონაწილეები ცდილობენ მიწაზე დახატულ აშშ-ისა და ისრაელის დროშებს ფეხი არ დააბიჯონ. დემონსტრანტები ყველას, ვინც დროშებს აბიჯებდა უყვიროდნენ „სირცხვილია“. გავრცელებული ინფორმაციით, დემონსტრაციები ქალაქ ისპაჰანშიც გაიმართა. აქციებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა. „ირანის ლიდერებს – ნუ მოკლავთ დემონსტრანტებს. თქვენ უკვე ათასობით ადამიანი მოკალით ან დააპატიმრეთ და მსოფლიო გიყურებთ. რაც უფრო მნიშვნელოვანია, აშშ გიყურებთ. ჩართეთ ინტერნეტი და ჟურნალისტებს თავისუფლად მუშაობის უფლება მიეცით. შეწყვიტეთ დიდებული ირანელი ადამიანების დახოცვა“, – დაწერა ტრამპმა Twitter-ზე. თეირანში უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც 180-მდე მგზავრი ემსხვერპლა. 11 იანვარს ირანმა განაცხადა, რომ ავიალაინერი შეცდომით ჩამოაგდო. პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ კი მომხდარი უპატიებელი ადამიანური შეცდომით ახსნა. თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ელიტურმა სამხედრო ქვედანაყოფმა „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ აიღო. ამის შემდეგ თეირანში აიათოლა ალი ხამენეის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები დაიწყო. აქციაში მონაწილეობის გამო პოლიციამ ირანში დიდი ბრიტანეთის ელჩი რამდენიმე საათით დააკავა.[22]

[1] HRW – Human Rights Watch: World Report 2020 – Iran, 14 January 2020

 (accessed on 31 January 2020)

[2] DW; Iran: Deadly protests erupt over shock fuel price hike; 16 November, 2019; available at: https://www.dw.com/en/iran-deadly-protests-erupt-over-shock-fuel-price-hike/a-51275142

[3] Amnesty International; Iran: More than 100 protesters believed to be killed as top officials give green lights to crush protests; 19 November, 2019; available at: https://www.amnesty.org/en/latest/news/2019/11/iran-more-than-100-protesters-believed-to-be-killed-as-top-officials-give-green-light-to-crush-protests/

[4] Reuters; Iran’s Rouhani claims victory over unrest; 20 November, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-iran-gasoline-protests/irans-rouhani-claims-victory-over-unrest-and-blames-foreigners-idUSKBN1XU0YW

[5] BBC; Iran protests: State TV acknowledges death during unrest; 3 December, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-50643445

[6] Reuters; US embassy suspends consular operations; 1st January, 2020; available at: https://www.reuters.com/article/us-iraq-security-usa-diplomacy/u-s-embassy-suspends-consular-operations-idUSKBN1Z01XJ?il=0

[7] US Department of Defense; Statement by the Department of Defense; 2 January, 2020; available at: https://www.defense.gov/Newsroom/Releases/Release/Article/2049534/statement-by-the-department-of-defense/

[8] Reuters; US says terminated top Iran general to thwart attack on Americans; By Ahmed Rasheed, Ahmed Aboulenein, Idrees Ali; 3 January, 2020; available at: https://www.reuters.com/article/us-iraq-security-blast/iran-vows-revenge-after-u-s-kills-top-iranian-commander-soleimani-idUSKBN1Z11K8?il=0

[9] US Embassy and Consulates in Iraq; Security alert – US embassy Baghdad, Iraq; 3 January, 2020; available at: https://iq.usembassy.gov/security-alert-u-s-embassy-baghdad-iraq-january-3-2020/

[10] CNN; US to deploy thousands of additional troops to Middle East following Soleimani killing; 3 January, 2020; available at: https://edition.cnn.com/middleeast/live-news/baghdad-airport-strike-live-intl-hnk/h_e91f3c68f7d8beba7983b7556454b8d4

[11] BBC; Qasem Soleimani: Blasts hit Baghdad area as Iraqis mourn Iranian general; 5 January, 2020; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-50995792

[12] AP; Blowback: Iran abandons nuclear limits after IS killing; By Nasser Karimi, Jon Gamdrell and Zeina Karam; 6 January, 2020; available at: https://apnews.com/e043255bd33ab318f71d1947716a5b94

[13] BBC; Qasem Soleimani: Iraqi MPs back call to expel US troops; 5 January, 2020; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-50998065

[14] NY Times; Trump threatens Iranian cultural sites, and warns of sanctions on Iraq; 5 January, 2020; available at: https://www.nytimes.com/2020/01/05/us/politics/trump-iran-cultural-sites.html

[15] Tehran Times; Majlis designates Pentagon, all its affiliates as terrorists; 7 January, 2020; available at: https://www.tehrantimes.com/news/443873/Majlis-designates-Pentagon-all-its-affiliates-as-terrorists

[16] იმედის ახალი ამბები; ირანმა ერაყში ამერიკულ ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანა; 8 იანვარი, 2020; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/125117/iranma-erakshi-amerikul-bazaze-saraketo-ierishi-miitana

[17] იმედის ახალი ამბები; ბაღდადმა ირანი საკუთარი სუვერენიტეტის დარღვევაში დაადანაშაულა; 8 იანვარი, 2020; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/125166/bagdadma-irani-sakutari-suverenitetis-dargvevashi-daadanashaula

[18] CNN; Small rockets land near Baghdad’s heavily fortified Green Zone; By Kareem Khadder, Ryan Browne and Barbara Starr; 9 January, 2020; available at: https://edition.cnn.com/2020/01/08/politics/rockets-land-in-green-zone/index.html

[19] Reuters; Four wounded in attack on Iraqi military base that houses US forces; 12 January, 2020; available at: https://www.reuters.com/article/us-iraq-security-base/mortar-bombs-strike-iraqi-military-base-of-balad-four-wounded-military-sources-idUSKBN1ZB0I0

[20] Reuters; Rockets target Taji military base north of Baghdad – statement; 14 January, 2020; available at: https://www.reuters.com/article/us-iraq-security/rockets-target-taji-military-base-north-of-baghdad-statement-idUSKBN1ZD2I2

[21] AP; Under pressure, Iran admits it shot down jetliner by mistake; By Nasser Karimi and Joseph Krauss; 12 January, 2020; available at: https://apnews.com/21f4a92a2dfbc38581719664bdf6f38e

[22] Reuters; “Our enemy is here”: Iran protesters demand that leaders quit after plane downed; By Parisa Hafezi; 12 January, 2020; available at: https://www.reuters.com/article/us-iran-crash/protests-erupt-again-in-iran-after-military-admits-it-hit-plane-idUSKBN1ZA0X6?feedType=RSS&feedName=topNews

ირანი. მასობრივი საპროტესტო აქციების ქრონიკა. იანვარი, 2018

ირანში საპროტესტო გამოსვლები 2017 წლის 28 დეკემბერს დაიწყო. პირველი აქციები მოეწყო მეშჰედში, რომელიც ქვეყანაში სიდიდით მეორე ქალაქია. შემდეგ მასობრივი დემონსტრაციები და პოლიციასთან და ისლამური რევოლუციის გუშაგთა საბჭოს ძალებთან შეტაკებები სხვა ქალაქებში გაგრძელდა და 30 დეკემბერს არეულობა დაიწყო თეირანშიც. დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებენ ცრემლსადენ გაზს და წყლის ჭავლს. 2 იანვრის დილის მონაცემებით, დაღუპულია 20 ადამიანი, მათ შორის 3 პოლიციელი. მარტო თეირანში, სამი დღის განმავლობაში დაპატიმრებულია 450-მდე ადამიანი. აქციებში მონაწილეობისა და ანტირელიგიური ლოზუნგებისთვის მათ შეიძლება სიკვდილით დასჯაც ემუქრებოდათ.

გამოსვლები ფასების ზრდის გამო დაიწყო, შემდეგ პოლიტიკური ლოზუნგებიც გაჩნდა. BBC-ის სპარსული სამსახურის ბოლოდროინდელი გამოძიების თანახმად, საშუალო ირანული ოჯახი ბოლო ათწლეულის განმავლობაში 15%-ით გაღარიბდა. ამასთან, პურის, რძის და ხორცის მოხმარება 30-50%-ით შემცირდა. ახლახან, ირანში, რამდენიმე პოპულარულმა საკრედიტო კომპანიამ თავი გაკოტრებულად გამოაცხადა. შედეგად, ათასობით ადამიანმა ბოლო დანაზოგი დაკარგა და უსახსროდ დარჩა. ირანში უმუშევრობის ოფიციალური დონე 12%-ია. ამასთან, ქვეყნის ზოგიერთ რაიონში მოსახლეობის 60%-მდე უმუშევარია. საპროტესტო აქციების დაწყებამდე ერთი კვირის განმავლობაში ქათმის კვერცხზე ფასი ორჯერ გაიზარდა. დემონსტრანტების თავდაპირველი მოთხოვნა ფასების ზრდის შეწყვეტა იყო. პოლიტიკური ლოზუნგები – პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა და პოლიციის თავნებობის აღკვეთა – მოგვიანებით გაჩნდა.

ბოლო დღეებში უკმაყოფილების ერთ-ერთ მიზეზად ასახელებენ 2015 წელს ირანს და დასავლურ ქვეყნებს შორის ბირთვულ პროგრამაზე გაფორმებული შეთანხმების შედეგებს. ირანელები ელოდნენ, რომ ყველა შეზღუდვა მოიხსნებოდა, რაც არ მოხდა. შემდეგ გაჩნდა ანტისახელისუფლებო ლოზუნგებიც, მათ შორის „სიკვდილი როუჰანის“. ამასთან, აღნიშნავენ, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებს მკაფიოდ გამოკვეთილი ლიდერები არ ჰყავთ. ამით განსხვავდება საახალწლო საპროტესტო აქციები 2009 წლის მასშტაბური გამოსვლებისაგან, რომლის დროსაც ოპოზიციის მხარდამჭერები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.

თეირანმა დემონსტრანტების წაქეზებაში აშშ და მისი მოკავშირეები დაადანაშაულა. პრეზიდენტმა როუჰანიმ თავის გამოსვლაში 1-ელ იანვარს განაცხადა, რომ ეს არის აშშ-ის და სიონისტური რეჟიმის რეაქცია ირანის მიღწევებზე ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. როუჰანის აზრით, აქციის მონაწილეების უკან სავარაუდოდ, საუდის არაბეთიც დგას – 2016 წელს ერ-რიადმა თავის საელჩოზე თავდასხმის შემდეგ, საბოლოოდ გაწყვიტა ირანთან დიპლომატიური ურთიერთობა. ირანის ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ დააკავა რამდენიმე „ჯაშუში“, რომლებსაც არეულობის პროვოცირებაში სდებს ბრალს. როუჰანის მიაჩნია, რომ გამოსვლები „პატარა ჯგუფის“ მოწყობილია. იმავდროულად, პრეზიდენტმა თქვა, რომ ყურადღებას მიაქცევს ფასების ზრდას და უმუშევრობის პრობლემას ქვეყანაში. 2 იანვარს, ირანის უმაღლესმა ლიდერმა აიათოლა ხამენეიმ ასევე განაცხადა, რომ საპროტესტო გამოსვლების უკან დგანან „ქვეყნის მტრები“, რომლებიც ამისთვის იყენებენ „ფულს, იარაღს, პოლიტიკურ განცხადებებს და დაზვერვას“.

გამოსვლების შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო ტელევიზიაც არ მალავს. საპროტესტო აქციების პროცესში ირანში დაბლოკეს Instagram და Telegram. Telegram ქვეყნის მთავარი არაოფიციალური საინფორმაციო საშუალებაა. მაგრამ გამოსვლების შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო ტელევიზიაც არ მალავს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადგილობრივ მედია საშუალებას ხელისუფლება მკაცრად აკონტროლებს. ტელევიზიის ცნობით, დემონსტრანტები იარაღის ხელში ჩაგდების მიზნით პოლიციის განყოფილებებს ესხმიან თავს. თითქოს, სწორედ ამის გამო მოკლეს ექვსი ადამიანი. მთლიანობაში, ინფორმაციის ისეთი წყაროები, რომელთა გადამოწმებაც შეიძლება, ძალიან ცოტაა, რის გამოც სოციალურ ქსელში ყალბი ცნობები ვრცელდება. მაგალითად, სოციალურ ქსელში გარვცელებული ერთერთი ვიდეო, რომელიც ვითომ ირანში მიმდინარე პროცესებს ასახავს, სინამდვილეში არა ირანში, არამედ 2011 წელს ბაჰრეინშია გადაღებული.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებს მხარი დაუჭირა. „ბოლოსდაბოლოს ხალხი მიხვდა, რომ მათ ფულს და სიმდიდრეს იპარავენ და ტერორისტებს უგზავნიან“, – დაწერა ტრამპმა Twitter-ზე 31 დეკემბერს.[1]

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე განაცხადა, რომ ხელისუფლება ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მუშაობს. როუჰანმა ირანის ეკონომიკის შესახებ პარლამენტში ილაპარაკა. მისი თქმით, ირანის ამ დროისთვის არსებული ეკონომიკური მაჩვენებლები გაცილებით უკეთესია, ვიდრე საშუალო გლობალური ეკონომიკური მაჩვენებელი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება მდგომარეობით კმაყოფილია. „ირანის ეკონომიკა პირველი ექვსი თვის განმავლობაში 6 პროცენტით გაიზარდა, ხოლო სხვა ქვეყნებში საშუალო მაჩვენებელი ორი ან სამი პროცენტია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.[2]

ირანში განვითარებულ მოვლენებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი გამოეხმაურა. „ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირისთვის ირანთან ურთიერთობებში ყოველთვის ძირითადი საკითხი იყო. მშვიდობიანი დემონსტრაცია და გამოხატვის თავისუფლება არის ფუნდამენტური უფლებები, რომელთა დაცვა მოეთხოვება ყველა ქვეყანას და ირანი გამონაკლისი არაა. ჩვენ მოვლენებს ყურადღებით დავაკვირდებით“, – განაცხადა მან.[3]

დემონსტრაციების საპასუხოდ, ირანში ხელისუფლების მხარდამჭერი აქციები დაიწყო. ირანის გუშაგთა საბჭოს გენერალმა მეჯ გენ მოჰამედ ალი ჯაფარმა, სახელმწიფოს მხარდამჭერ აქციაზე, „ამბოხის დამარცხების“ შესახებ განაცხადა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხელისუფლების მხარდამჭერ აქციებში ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ტელევიზიის მიერ ნაჩვენებ კადრებში ირანის სხვადასხვა ქალაქში გამართული დემონსტრაციები იყო ნაჩვენები. მომიტინგეები აშშ-ის, საუდის არაბეთისა და ისრაელის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდნენ. ირანის მთავრობაში მიიჩნევენ, რომ სწორედ ეს სამი ქვეყანა არის ირანში გამართული მრავალათასიანი ანტისამთავრობო აქციების ორგანიზატორი. მათივე მტკიცებით, ეს ქვეყნები აფინანსებენ აქციების მონაწილეებს და იარაღსაც აწვდიან. იმის, რომ ისრაელის და აშშ-ის მეთაურები ირანის ანტისახელისუფლებო აქციებს მხარს უჭერენ, ასევე სჯერა ოფიციალურ ანკარას.[4]

სამშობლოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საზღვარგარეთ მცხოვრებმა ირანელებმა აქციები გამართეს. ბერლინში ათობით ირანელი ლტოლვილი შეიკრიბა და ირანის სხვადასახვა ქალაქში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს მხარდაჭერა გამოუცხადა. რომში მდებარე ირანის საელჩოსთან კი ირანული მემარცხენე რადიკალური ორგანიზაცია „მოჯაჰედინ-ე ჰალკის“ 30-მდე წევრი შეიკრიბა. ისინი ლოზუნგებს „შეაჩერეთ დასჯა“ და „არა როუჰანის“ სკანდირებდნენ. აქცია გაიმართა აგრეთვე ლონდონში მდებარე ირანის საელჩოსთანაც.[5]

ირანმა დაწყებით კლასებში ინგლისური ენის სწავლება აკრძალა. ოფიციალურად ინგლისური ენის სწავლების აკრძალვა ირანში მასობრივ გამოსვლებს არ უკავშირდება, თუმცა როგორც აიათოლა ხამენეიმ ადრე განაცხადა, დემონსტრანტების ქმედებები საზღვარგარეთიდან იმართება.

ინგლისური ენის სწავლების აკრძალვის მიზეზი ირანის სულიერი ლიდერის განცხადება გახდა, რომელიც მიიჩნევს, რომ ინგლისური ენის ნაადრევმა სწავლებამ დასავლეთის „კულტურულ შემოჭრას“ შეუწყო ხელი. როგორც უმაღლესი განათლების სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელმა განაცხადა, ინგლისური ენის სწავლება როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლების დაწყებით კლასებში „კანონებსა და ნორმებს ეწინააღმდეგება“.[6]

[1] იმედის ახალი ამბები; ირანში მასობრივი საპროტესტო აქციები არ წყდება; 2 იანვარი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/theme/175/iranshi-masobrivi-saprotesto-aqtsiebi-ar-tskdeba-mtavari

[2] Trend News Agency; President Rouhani: Iran’s economy ahead of global average; 1 January, 2018; available at: https://en.trend.az/iran/society/2842960.html

[3] Welt; EU ruft alle Seiten im Iran zu Gewaltverzicht auf; 3 January, 2018; available at: https://www.welt.de/newsticker/news1/article172118263/Proteste-EU-ruft-alle-Seiten-im-Iran-zu-Gewaltverzicht-auf.html

[4] Reuters; Iran deploys Revolutionary guards to quell ‘sedition’ in protest hotbeds; Bozorgmehr Sharefedin; 3 January, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-iran-rallies/iran-deploys-revolutionary-guards-to-quell-sedition-in-protest-hotbeds-idUSKBN1ES0FI?il=0

[5] იმედის ახალი ამბები; საზღვარგარეთ მცხოვრებმა ირანელებმა აქციები გამართეს; 3 იანვარი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/42840/sazgvargaret-mtskhovrebma-iranelebma-aqtsiebi-gamartes

[6] Reuters; Iran bans English in primary schools after leader’s warning; Reuters Staff; 7 January, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-iran-english/iran-bans-english-in-primary-schools-after-leaders-warning-idUSKBN1EW0L1

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 1-7 იანვარი, 2018

მასობრივი დემონსტრაციები ირანში – საპროტესტო აქციებისას გარდაცვლილთა რიცხვმა ოცს გადააჭარბა. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებებს ბოლოს 9 ადამიანი ემსხვერპლა. 6 მათგანი კაჰდარიჯანში პოლიციის შენობაზე თავდასხმისას დაიღუპა. როგორც ადგილობრივი მედია აცხადებს, ისინი შენობიდან იარაღის მოპარვას ცდილობდნენ. ჰომეინშეჰირში 11 წლის ბავშვი და 20 ბიჭი მოკლეს, ხოლო ნაჯაფაბადში დაიღუპა სამართალდამცველი. მათ სანადირო თოფიდან ესროლეს. ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, 3 დღის განმავლობაში 450-მდე ადამიანი დააკავეს.[1]

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე განაცხადა, რომ ხელისუფლება ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მუშაობს. როუჰანმა ირანის ეკონომიკის შესახებ პარლამენტში ილაპარაკა. მისი თქმით, ირანის ამ დროისთვის არსებული ეკონომიკური მაჩვენებლები გაცილებით უკეთესია, ვიდრე საშუალო გლობალური ეკონომიკური მაჩვენებელი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება მდგომარეობით კმაყოფილია. „ირანის ეკონომიკა პირველი ექვსი თვის განმავლობაში 6 პროცენტით გაიზარდა, ხოლო სხვა ქვეყნებში საშუალო მაჩვენებელი ორი ან სამი პროცენტია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.[2]

ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანმა ალი შამხანიმ განაცხადა, რომ ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციები იმ ომის ფარგლებში იმართება, რომელიც თეირანს რამდენიმე სახელმწიფომ გამოუცხადა. მისივე თქმით, ამ აქციების უკან აშშ, დიდი ბრიტანეთი და საუდის არაბეთი დგანან. „სწორედ ეს ქვეყნები ხელმძღვანელობენ სოციალურ ქსელებში კამპანიას, რომელიც საპროტესტო აქციებზე მოქმედებს. ჩვენი ანალიზით ირკვევა, რომ ახალი ჰეშთეგების 27%, რომელიც ირანის წინააღმდეგაა მიმართული, საუდის არაბეთშია შექმნილი“, – განაცხადა ირანის ხელისუფლების წარმომადგენელმა. მანვე დასძინა, რომ საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეში დასრულდება.

აიათოლა ალი ხამენეიმ ირანში დაპირისპირება „მტრებს“ დააბრალა. „ბოლო დღეებში, ირანის მტრები იყენებენ სხვადასხვა მეთოდს, მათ შორის ფულს, იარაღსა და პოლიტიკას, რათა ისლამურ რესპუბლიკას საფრთხე შეუქმნან“, – განაცხადა ირანის უმაღლესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ. მისი თქმით, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოებას მაშინ მიმართავს, როცა ამის დრო მოვა. ხამენეის არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობს ირანის მტრებში, თუმცა ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ ცოტა ხნით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალური ქსელით გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა, სადაც ტრამპი ირანში დემონსტრანტებს მხარდაჭერას უცხადებდა.[3]

ირანში განვითარებულ მოვლენებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი გამოეხმაურა. „ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირისთვის ირანთან ურთიერთობებში ყოველთვის ძირითადი საკითხი იყო. მშვიდობიანი დემონსტრაცია და გამოხატვის თავისუფლება არის ფუნდამენტური უფლებები, რომელთა დაცვა მოეთხოვება ყველა ქვეყანას და ირანი გამონაკლისი არაა. ჩვენ მოვლენებს ყურადღებით დავაკვირდებით“, – განაცხადა მან.[4]

დემონსტრაციების საპასუხოდ, ირანში ხელისუფლების მხარდამჭერი აქციები დაიწყო. ირანის გუშაგთა საბჭოს გენერალმა მეჯ გენ მოჰამედ ალი ჯაფარმა, სახელმწიფოს მხარდამჭერ აქციაზე, „ამბოხის დამარცხების“ შესახებ განაცხადა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხელისუფლების მხარდამჭერ აქციებში ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ტელევიზიის მიერ ნაჩვენებ კადრებში ირანის სხვადასხვა ქალაქში გამართული დემონსტრაციები იყო ნაჩვენები. მომიტინგეები აშშ-ის, საუდის არაბეთისა და ისრაელის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდნენ. ირანის მთავრობაში მიიჩნევენ, რომ სწორედ ეს სამი ქვეყანა არის ირანში გამართული მრავალათასიანი ანტისამთავრობო აქციების ორგანიზატორი. მათივე მტკიცებით, ეს ქვეყნები აფინანსებენ აქციების მონაწილეებს და იარაღსაც აწვდიან. იმის, რომ ისრაელის და აშშ-ის მეთაურები ირანის ანტისახელისუფლებო აქციებს მხარს უჭერენ, ასევე სჯერა ოფიციალურ ანკარას.[5]

სამშობლოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საზღვარგარეთ მცხოვრებმა ირანელებმა აქციები გამართეს. ბერლინში ათობით ირანელი ლტოლვილი შეიკრიბა და ირანის სხვადასახვა ქალაქში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს მხარდაჭერა გამოუცხადა. რომში მდებარე ირანის საელჩოსთან კი ირანული მემარცხენე რადიკალური ორგანიზაცია „მოჯაჰედინ-ე ჰალკის“ 30-მდე წევრი შეიკრიბა. ისინი ლოზუნგებს „შეაჩერეთ დასჯა“ და „არა როუჰანის“ სკანდირებდნენ. აქცია გაიმართა აგრეთვე ლონდონში მდებარე ირანის საელჩოსთანაც.[6]

ირანმა დაწყებით კლასებში ინგლისური ენის სწავლება აკრძალა. ოფიციალურად ინგლისური ენის სწავლების აკრძალვა ირანში მასობრივ გამოსვლებს არ უკავშირდება, თუმცა როგორც აიათოლა ხამენეიმ ადრე განაცხადა, დემონსტრანტების ქმედებები საზღვარგარეთიდან იმართება.

ინგლისური ენის სწავლების აკრძალვის მიზეზი ირანის სულიერი ლიდერის განცხადება გახდა, რომელიც მიიჩნევს, რომ ინგლისური ენის ნაადრევმა სწავლებამ დასავლეთის „კულტურულ შემოჭრას“ შეუწყო ხელი. როგორც უმაღლესი განათლების სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელმა განაცხადა, ინგლისური ენის სწავლება როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლების დაწყებით კლასებში „კანონებსა და ნორმებს ეწინააღმდეგება“.[7]

ბოკო ჰარამის ტყვეობიდან 700-ზე მეტი ნიგერიელი გათავისუფლდა – ნიგერიის არმიის ცნობით, ტერორისტული დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ ტყვეობიდან 700-ზე მეტმა ადამიანმა თავის დაღწევა შეძლო. ნიგერიის არმიის პრესსპიკერის თქმით, ტყვეებმა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ბანაკიდან გაქცევა მოახერხეს და ბორნოს შტატის ქალაქ მონგუნომში ჩავიდნენ. ტყვეებმა ბანაკი არა ერთდროულად, არამედ ნაწილ-ნაწილ, სხვადასხვა დროს დატოვეს. ნიგერიის პრეზიდენტმა მუჰამადუ ბუჰარიმ წინასაახალწლო მიმართვაში განაცხადა, რომ არმიის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად „ბოკო ჰარამი“ დამარცხებულია. დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“ 2002 წელს შეიქმნა და ძირითადად ნიგერიის ტერიტორიაზე მოქმედებს. ისლამისტები ქვეყანაში შარიათის კანონების შემოღებას ითხოვენ  და დასავლეთის გავლენის შესუსტებისთვის იბრძვიან. 2015 წლის აპრილში დაჯგუფებამ სახელი შეიცვალა და ახლა მას „ისლამური სახელმწიფოს დასავლეთ აფრიკული პროვინცია“ ჰქვია. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დაჯგუფების მეთაური აბუბაქარ შექაუ „ისლამურ სახელმწიფოს“ მიემხრო.[8]

თავდასხმები სალოცავებზე ნიგერიაში – ნიგერიაში უცნობი შეიარაღებული პირები ეკლესიის მრევლს თავს დაესხნენ. თავდასხმის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. მომხდარზე აქამდე პასუხისმგებლობა რეგიონში მოქმედ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.[9] ნიგერიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მეჩეთზე განხორციელებულ თავდასხმას 11 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ბორნოს შტატში მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ასაფეთქებელი ნივთიერება თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.[10]

სირიის ქალაქ ჰომსში გაეროს სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს – სამოქალაქო ომიდან თითქმის 7 წლის თავზე სირიის ქალაქ ჰომსში სარეაბილიტაციო სამუშაოები  ქალაქის ცენტრში, რომელსაც ომის პერიოდში რევოლუციის დედაქალაქიც კი უწოდეს, პარკების განახლება და ბავშვებისთვის ატრაქციონების დამონტაჟება მიმდინარეობს. ჰომსის რეაბილიტაცია გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში (UNDP) ხორციელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად UNDP-ის მოხალისეები მონაწილეობენ. 2011 წლიდან 2014 წლის გაზაფხულამდე, ჰომსი ალყაში იყო მოქცეული. გაეროსა და წითელი ჯვრის ინიციატივით, სირიის მთავრობასა და მეამბოხეებს შორის დროებითი ზავი გამოცხადდა. სწორედ ამ პერიოდში ქალაქიდან ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ქალაქის ნაწილი განადგურებულია. 600 ათასზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი მშობლიურ ქალაქ ჰომსში 2017 წლის სექტემბერში დაბრუნდა.[11]

ეთიოპია ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას გეგმავს – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა ჰეილემარიამ დესალემნმა განაცხადა. პრემიერის თქმით, ასევე დაიხურება ცენტრი, რომელზეც მედიაში იწერებოდა, რომ ხელისუფლება პატიმართა წამებისთვის იყენებდა. გადაწყვეტილება შეეხება იმ ბრალდებულებსაც, რომლებზეც სასამართლოს განაჩენი ჯერ არ დაუდგენია. ადამიანის უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა ეთიოპია არაერთხელ დაადანაშაულეს მასობრივ დაპატიმრებებსა და პატიმართა უფლებების შელახვაში.[12]

სირიის არმიამ ქალაქი სინჯარი დაიკავა – სირიის სახელისუფლებო არმიამ იდლიბის პროვინციაში მდებარე სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ სინჯარზე კონტროლი დაიბრუნა. სინჯარის დაბრუნებით ბაშარ ასადის არმიამ ქალაქთან მდებარე სამხედრო აეროპორტზე და მნიშვნელოვან სატრანსპორტო მაგისტრალზე წვდომა მოიპოვა. იდლიბი ბოლო პროვინციაა, რომელსაც პრაქტიკულად ასადის რეჟიმის მოწინააღმდეგეები აკონტროლებენ. პარალელურად ცნობილი გახდა, რომ აღმოსავლეთ გუტას რეგიონში 6 და 7 იანვარს განხორციელებულ ავია იერიშებს არანაკლებ 18 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები ემსხვერპლა, 60 კი დაშავდა.[13]

[1] Associated Press; Iran Protests Supreme leader blames ‘enemies’ for meddling; By Nasser Karimi and Jon Gambrell; 2 January, 2018; available at: https://www.apnews.com/0337232e446e41e49211dc71a788e152/Iran-state-TV:-9-killed-in-nationwide-protests,-unrest

[2] Trend News Agency; President Rouhani: Iran’s economy ahead of global average; 1 January, 2018; available at: https://en.trend.az/iran/society/2842960.html

[3] WBIR News; Iran’s Supreme Leader Ayatollah Ali Khameini blames ‘enemies’ for meddling in protests; By Kim Hjemgaard; 3 January, 2018; available at: http://www.wbir.com/article/news/nation-now/irans-supreme-leader-ayatollah-ali-khameini-blames-enemies-for-meddling-in-protests/465-e15055b5-4fff-4286-bc3e-434d219cdbd4

[4] Welt; EU ruft alle Seiten im Iran zu Gewaltverzicht auf; 3 January, 2018; available at: https://www.welt.de/newsticker/news1/article172118263/Proteste-EU-ruft-alle-Seiten-im-Iran-zu-Gewaltverzicht-auf.html

[5] Reuters; Iran deploys Revolutionary guards to quell ‘sedition’ in protest hotbeds; Bozorgmehr Sharefedin; 3 January, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-iran-rallies/iran-deploys-revolutionary-guards-to-quell-sedition-in-protest-hotbeds-idUSKBN1ES0FI?il=0

[6] იმედის ახალი ამბები; საზღვარგარეთ მცხოვრებმა ირანელებმა აქციები გამართეს; 3 იანვარი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/42840/sazgvargaret-mtskhovrebma-iranelebma-aqtsiebi-gamartes

[7] Reuters; Iran bans English in primary schools after leader’s warning; Reuters Staff; 7 January, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-iran-english/iran-bans-english-in-primary-schools-after-leaders-warning-idUSKBN1EW0L1

[8] BBC; Nigerian army says 700 Boko Haram captives have escaped; 1 January, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-africa-42536065

[9] Premium Times; New Year tragedy: Gunmen kill ‘21’ Rivers residents returning from church; Cletus Ukpong; 1 January, 2018; available at: https://www.premiumtimesng.com/news/headlines/254177-new-year-tragedy-gunmen-kill-21-rivers-residents-returning-church.html

[10] Reuters; Suicide bomber kills 11 people in mosque attack in northeast Nigeria; Reuters Staff; 3 January, 2018; available at: https://af.reuters.com/article/topNews/idAFKBN1ES0PR-OZATP?feedType=RSS&feedName=topNews

[11] იმედის ახალი ამბები; სირიის ქალაქ ჰომსში გაეროს სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს; 2 იანვარი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/42666/siriis-qalaq-homsshi-gaeros-sareabilitatsio-samushaoebi-mimdinareobs

[12] BBC; Ethiopia to release political prisoners, says prime minister; 3 January, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-africa-42552643

[13] იმედის ახალი ამბები; სირიის არმიამ ქალაქი სინჯარი დაიკავა; 7 იანვარი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/43216/siriis-armiam-qalaqi-sinjari-daikava