ერაყი. დიალის პროვინციაში არსებული ზოგადი ვითარება. აპრილი, 2021

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი (EASO) 2020 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების შესახებ წერდა, რომ დიალას პროვინცია ერაყის ცენტრალურ-აღმოსავლეთ ნაწილში და აქვს საერთაშორისო საზღვარი ირანთან. პროვინციის მოსახლეობა 1 680 328 პირს შეადგენს და როგორც ეთნიკური, ასევე – რელიგიური თვალსაზრისით, ის საკმაოდ არაერთგვაროვანია: მოსახლეობის უმრავლესობას არაბები, ქურთები და თურქმენები შეადგენენ, რომლებიც როგორც ისლამის შიიტურ, ასევე – სუნიტურ დენომინაციას მიეკუთვნებიან.

პროვინციაში ფიქსირდება საკმაოდ ბევრი უსაფრთხოებრივი შეიარაღებული აქტორი. მათ შორის ყველაზე მეტად აღსანიშნავია: ერაყის შეიარაღებული ძალები; „სახალხო სამობილიზაციო ძალები“ (PMU); „გვაროვნული სამობილიზაციო ძალები“ (TMF, Hashd al-Asha’iri); ქურთისტანის რეგიონალური მთავრობის შეიარაღებული ძალები, ასევე –  ტერორისტული დაჯგუფებები: „ისლამური სახელმწიფო“ (ISIS; ISIL) და Ansar al Islam (AAI).

დიალას პროვინციას ხშირად ახასიათებენ, როგორც უსაფრთხოების კუთხით  ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ რეგიონს ერაყში, რაც ძირითადად ეთნო-სექტარული დაპირისპირებებითაა გამოწვეული. ცნობილია, რომ დიალაში 2004 წლიდან ბინადრობდნენ ექსტრემისტი შეიარაღებული დაჯგუფებები. როგორც დედაქალაქ ბაღდადთან, ასევე – ირანის საზღვართან სიახლოვის გამო, დიალას პროვინციის დაკავება პრიორიტეტული იყო ერაყის ხელისუფლება და პრო-ირანული „სახალხო სამობილიზაციო ძალებისთვის“ (PMU). ერაყის პროვინციებს შორის, დიალა ყველაზე უფრო მეტად დაზარალდა 2013-2014 წლებში „ისლამური სახელმწიფოს“ ექსპანსიისას. 2014 წელს, აღნიშნული დაჯგუფების მიერ ჩადენილი საშინელებების გამო, ადგილობრივმა გვარების ლიდერებმა ალიანსი შეკრეს ერაყის უსაფრთხოების ძალებთან, რათა ერთობლივი ძალებით ებრძოლათ ISIS-ის წინააღმდეგ.

2015 წლის იანვარში, 6 თვიანი ოკუპაციის შემდეგ, რამაც ათასობით ადგილობრივის იძულებითი გადაადგილება გამოიწვია, დიალას გამოცხადდა „ისლამური სახელმწიფოსგან“ სრულიად თავისუფლად. ა.შ.შ. თავდაცვის დეპარტამენტის მიხედვით, დიალა, სადაც ყველაზე უფრო არიან კონცენტრირებულნი ირანთან აფილირებული „სახალხო სამობილიზაციო ძალებისთვის“ (PMU), წარმოადგენს ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმების ძირითად სამიზნეს. იმავე წყაროს მიხედვით, 2019 წლის მარტში ISIS-ის ე.წ. ტერიტორიული ხალიფატის დაცემასთან ერთად, დიალას პროვინციაში არაერთხელ ფიქსირდებოდა “ისლამური სახელმწიფოს თავდასხმების“ ყველაზე დიდი კონცენტრაცია.

The Middle East Institute-ის მიხედვით,დიალაში უსაფრთხოების კუთხით სიტუაცია კვლავ რჩება საყურადღებოდ, რადგან პროვინციაში ISIS კვლავ აქტიურია და ხელს უშლის ნორმალური ცხოვრების დაბრუნების კუთხით გადადგმულ ყველა ნაბიჯს. ადგილობრივი ექსპერტების მიხედვით, დღიური თავდასხმები 4-დან 12 შემთხვევამდეც კი შესაძლოა აღწევდეს. ზოგიერთი ტერიტორია (მაგ. ჯალავლას დასახლება) საერთოდ მიუღწეველია. ა.შ.შ. თავდაცვის დეპარტამენტის მიხედვით, პროვინციის შიგნით, უსაფრთხოების კუთხით ყველაზე უფრო რთული ვითარებაა ბაქუბაჰისა და ხანაქინის დასახლებებში. 2019 წლის მანძილზე და 2020 წლის დასაწყისში, საერთაშორისო კოალიციური ძალები ან ერაყის უსაფრთხოების ძალები, რეგულარულად ახორციელებდნენ საჰაერო იერიშებს ISIS სავარაუდო სამალავებზე.

2019 წლის იანვარი-მარტის პერიოდში, კვლავ ა.შ.შ. თავდაცვის დეპარტამენტის მიხედვით, ISIS აძლიერებდა საკუთარ ქსელს დიალაში. 2019 წლის აპრილში, დაჯგუფებამ დაიწყო მასშტაბური თავდასხმათა სერია, რომელმაც დიალაში პიკს მაისში მიაღწია. აღნიშნულ თვეში დაფიქსირდა 35 უსაფრთხოებრივი ინციდენტი, ძირითადად – ბაქუბაჰისა და ხანაქინის დასახლებებში. აგვისტოში ინციდენტების რაოდენობა 41-მდე გაიზარდა. ხანაქინის დასახლების 12 სოფლიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია მოახდინეს. ოქტომბერში სიტუაცია გაუმჯობესდა, რადგან მხოლოდ 13 ინციდენტი აღირიცხა. ეს ნაწილობრივ გამოწვეული იყო მასშტაბური დემონსტრაციებით ბაღდადსა და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში, რომელის დროსაც დაჯგუფებამ თავდასხმები შეწყვიტა. დეკემბერის თვეში, დიალაში ინციდენტების რაოდენობა კვლავ გაიზარდა (42), ხოლო ISIS ახალი სამიზნე გახდა მუქდადიას დასახლება. იმავე წყაროს მიხედვით, 2020 წლის აპრილში ISIS-მა დაიწყო ყოველწლიური საგაზაფხულო თავდასხმათა კამპანია, რომლის ფარგლებშიც, დიალას პროვინციაში, აპრილის თვეში 42, ხოლო მაისში – 71 უსაფრთხოებრივი ინციდენტი დაფიქსირდა. თავდასხმათა უმრავლესობა ხანაქინსა და მუქდადიას დასახლებებაზე მოდიოდა. ISIS განსაკუთრებით აქტიური იყო დიალაში 2020 წლის ივნისშიც.

რაც შეეხება სტატისტიკას, UNAMI-ს მიხედვით, 2019 წლის იანვარი – 2020 წლის ივნისი პერიოდში, სიტუაცია შემდეგია: 2019წლის მანძილზე სახეზეა  55 ინცდენტი, რომელთაც ჯამში 47 პირის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 64 – დაშავდა. 2020 წლის იანვარი-ივლისის პერიოდში, დაფიქსირდა 48 ინციდენტი, რასაც 46 ადამიანი შეეწირა, ხოლო 67 – დაშავდა.

იმავე პერიოდში, ACLED მიხედვით, დიალას პროვინციაში დაფიქსირდა 280 ბრძოლის, 260 დისტანციური ძალადობა/აფეთქების, სამოქალაქო მოსახლეობაზე თავდასხმის 90 შემთხვევა, რაც ჯამში 630 უსაფრთხოების კუთხით ინციდენტს შეადგენს. შემთხვევათა უმრავლესობა მუქდადიას დასახლებაზე მოდიოდა.[1]

ჟურნალისტი  და მკვლევარი ჯოელ უინგი 2008 წლიდან მოყოლებული აწარმოებს ონლაინ-ბლოგს, სადაც ყოველკვირეული პერიოდულობით თავსდება ინფორმაცია ერაყში უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციაზე და ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ თუ სხვა საკითხებზე.  ბლოგზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 2021 წლის იანვრის თვეში, დიალას პროვინციაში სულ 21 უსაფრთხოების კუთხით ინციდენტი დაფიქსირდა (თითქმის სრულიად – ISIS თავდასხმები), რასაც ჯამში 36 სამოქალაქო დანაკარგი მოჰყვა (17 მოკლული და 19 დაშავებული). სტატიის მიხედვით, დიალა რეგულარულად წარმოადგენს ყველაზე ძალადობრივ პროვინციას ერაყში. ინციდენტთა უმრავლესობა ფიქსირდებოდა მუქდადიასა და ხანაქინის დასახლებებში. თავდასხმების სამიზნეთა უმრავლესობას კი უსაფრთხოების ძალები წარმოადგენდნენ – 17 გარდაცვლილიდან 12 „ერაყის უსაფრთხოების ძალებისა“ და ჰაშდის წარმომადგენელი იყო, ისევე როგორც – დაშავებულ 19-თაგან – 13.[2]

დიალაში უსაფრთხოების კუთხით ტენდენცია შენარჩუნდა თებერვლის თვეშიც. კვლავ დაფიქსირდა 21 თავდასხმა, რასაც 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 23 კი – დაშავდა. ამას გარდა, ადგილი ჰქონდა გატაცების 2, ხოლო ქალაქებზე და საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე თავდასხმის 5 შემთხვევას. ინციდენტთა უმრავლესობა დაფიქსირდა ხანაქინის დასახლების მიმდებარედ, რომელიც ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ მთავარ ბაზას წარმოადგენს.[3]

რაც შეეხება მარტის თვეს, დიალაში კვლავ ადგილი ჰქონდა 21 უსაფრთხოების კუთხით ინციდენტს, რასაც 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო კიდევ 9 კი – დაშავდა. .

[4]

[1] EASO – Iraq Security situation; published in October 2020; available at

[accessed 22 April 2021]

[2]Joel Wing – Blog “Musings on Iraq” – article “Violence Continues To Decline In Iraq Winter 2020-21”; available at http://musingsoniraq.blogspot.com/2021/02/violence-continues-to-decline-in-iraq.html[accessed 22 April 2021]

[3]Joel Wing – Blog “Musings on Iraq” – article “IS Winter Break Continues In Feb While Pro-Iran Groups Picking Up Attacks?”; available at http://musingsoniraq.blogspot.com/2021/03/is-winter-break-continues-in-feb-while.html [accessed 22 April 2021]

[4]Joel Wing – Blog “Musings on Iraq” – article “Violence In Iraq, March 2021”; available at http://musingsoniraq.blogspot.com/2021/04/violence-in-iraq-march-2021.html [accessed 22 April 2021]

ერაყი. შიიტების მდგომარეობა პროვინცია დიალაში. ოქტომბერი, 2019

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2019 წლის 21 ივნისს გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყში რელიგიის თავისუფლების შესახებ წერს, რომ ქვეყნის მოსახლეობა, 2018 წლის მდგომარეობით, დაახლოებით 40 მილიონია. ერაყის მთავრობის 2010 წლის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის 97% მუსლიმია, მათ შორის 55-60% შიიტი, ხოლო დაახლოებით 40% სუნიტი. შიიტები ძირითადად განსახლებულნი არიან სამხრეთით და აღმოსავლეთით და წარმოადგენენ უმრავლესობას ბაღდადში, ხოლო სუნიტები – დასავლეთით, ცენტრალურ ნაწილსა და ჩრდილოეთით.

ქვეყნის კონსტიტუცია ისლამს ოფიციალურ რელიგიად აღიარებს და კანონმდებლობის მთავარ წყაროდ მიიჩნევს. კონსტიტუცია იცავს ერაყის მოსახლეობის „ისლამურ იდენტობას“ და ამასთან, არ აკეთებს კონკრეტულ მითითებას სუნიზმსა ან შიიზმზე. კონსტიტუცია ასევე ადგენს რწმენისა და რელიგიური მსახურების თავისუფლებას ქრისტიანებისთვის, იეზიდებისა და საბეან-მანდეანებისთვის, მაგრამ არ იცავს სხვა რელიგიის მიმდევრებსა და ათეისტებს. სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ებრალებს არ აქვთ უფლება, დასაქმდნენ სახელმწიფო საწარმოებში ან იმსახურონ ჯარში. კანონი უკრძალავს რელიგიურ მსახურებას ბაჰაის და სუნიტური ისლამის ვაჰაბიტური შტოს მიმდევრებს.

ერაყის ახალი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ განსაზღვრავს პირის რელიგიური დენომინაციების მიხედვით კუთვნილებას, თუმცა ონლაინ განაცხადისას აღნიშნული ინფორმაციის მითითება მაინც სავალდებულოა. დოკუმენტზე შეიძლება მითითებული იყოს ზოგადად რელიგია – ქრისტიანი, საბეან-მანდეანი, იეზიდი, ებრაელი და მუსლიმი. დოკუმენტზე არ აღინიშნება მუსლიმი შიიტია თუ სუნიტი ან ქრისტიანული დენომინაციები.

ანგარიშში ნათქვამია, რომ სხვადასხვა ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, ზოგიერთი შიიტური დაჯგუფება, მათ შორის სახალხო მობილიზაციის ძალების ქოლგის ქვეშ მოქმედი, სხვადასხვა ფორმით ძალადობს სუნიტ სამოქალაქო პირებზე, სავარაუდოდ, დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მიერ შიიტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების საპასუხოდ. მედია საშუალებები ავრცელებენ მრავალ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შიიტური სახალხო მობილიზაციის ძალები შედიან, ძარცვავენ და წვავენ ქურთების, სუნიტი თურქმენების, სუნიტი არაბების და სხვა ეთნიკური უმცირესობების სახლებს კირკუკის პროვინციაში.

ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში, არა-მუსლიმი რელიგიური უმცირესობა, ისევე როგორც სუნიტი და შიიტი მოსახლეობა, სადაც ისინი უმცირესობას წარმოადგენენ, კვლავ აწყდებიან ძალადობას და შეზღუდვებს ხელისუფლების მხრიდან.

სუნიტი მუსლიმების ნაწილი კვლავ საუბრობს ანტი-სუნიტურ დისკრიმინაციაზე, რომელიც შიიტური მთავრობისგან მომდინარეობს და საფუძვლად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სადამის რეჟიმის დროს სუნიტები უპირატეს მდგომარეობაში იყვნენ. სუნიტები აცხადებენ, რომ შიიტური უმრავლესობით ფორმირებული მთავრობა მათ არიდებს სამთავრობო სამუშაოებს და მომგებიან კონტრაქტებს იმ მოტივით, რომ სუნიტები იყვნენ ბაასისტები და იზიარებდნენ დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს იდეოლოგიას.[1]

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი (EASO) 2019 წლის ანგარიშებში წერს, რომ პროვინცია დიალა ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნებით გამოირჩევა და 2004 წლიდან მოყოლებული ყოველთვის იყო ექსტრემისტული განწყობის მქონე ამბოხებულების ნავსაყუდელი. მიუხედავად იმისა, რომ დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ მოახერხა პროვინციის ჩრდილოეთით დიდი ნაწილის დაკავება, დიალა სრულად არასდროს მოქცეულა დაჯგუფების კონტროლის ქვეშ და იყო პირველი, რომელიც გათავისუფლებდა 2015 წელს. მიუხედავად ამისა, ისლამურმა სახელმწიფომ გააფართოვა მოქმედებები დიალაში და დაამყარა კონტროლი უმეტეს პერიფერიულ ნაწილებზე. გავრცელებული ინფორმაციით, დაჯგუფების მებრძოლები იმალებიან მთებში, სადაც მათი მოძებნა რთულია. წყაროები აღნიშნავენ, რომ ისლამური სახელმწიფო ფლობს მოქმედ საოპერაციო ქსელს მუქთადიაში, ჯავლავლაში, ქარა ტაპასა და მანდალიში. ხიფრისა და ქანაქინის რაიონები სადავოდაა შეფასებული.

სახალხო მობილიზაციის ძალები განსაკუთრებით ძლიერები არიან დიალაში. შიიტური იდეოლოგიის მქონე ბადრის ორგანიზაცია, რომელიც აკონტროლებს პროვინციის უსაფრთხოების საბჭოს, უსაფრთხოების მთავარ მოქმედ პირს წარმოადგენს. ადგილობრივი სუნიტური ტომთა დაჯგუფებები ასევე მოქმედებენ პროვინციაში, სხვა, უფრო ძლიერი სახალხო მობილიზაციის ჯგუფების პატრონაჟის ქვეშ.

საერთო ჯამში, ძალადობის მაჩვენებელი დიალის პროვინციაში მსგავსი იყო 2017 და 2018 წლებში, ზოგიერთ რაიონში შეინიშნებოდა მატება. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტები, რომელთაც სამოქალაქო პირთა შორის მსხვერპლი გამოიწვია, ყველაზე ხშირად დაკავშირებული იყო ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლას, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების ამოქმედებასა და სიკვდილით დასჯას. დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს იერიშები სამოქალაქო პირებზე მოიცავდა მკვლელობებს, გატაცებებს და სასოფლო მეურნეობის ინფრასტრუქტურის განადგურებას. ვრცელდებოდა ინფორმაციები საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე თავდასხმების შესახებ.

ორგანიზაცია „Iraqi Body Count“-ის ინფორმაციით, 2018 წელს დიალის პროვინციაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული 170 ისეთი ინციდენტი დაფიქსირდა, რომელსაც სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლი მოჰყვა. სიკვდილიანობის მაჩვენებელი 100 ატას პირზე 16.4 იყო. 2017 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 17.1 იყო (180 ინციდენტი). გაეროს ერაყის მხარდაჭერის მისიის მიერ 2018 წელს სამოქალაქო პირთა შორის 142 მსხვერპლი დაფიქსირდა. 2017 წელს, დიალაში, ორგანიზაციის მიერ სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლი არ დაფიქსირებულა.

100 ათას პირზე სიკვდილიანობის ინტენსივობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ხასიათდებოდა ალ-მუქთადიას (46.4), ხიფრის (33.8), ქანაქინისა (26.1) და ბალადრუზის (21.4) რაიონები. აღნიშნული მაჩვენებელი ყველაზე დაბალი იყო ბაქუბასა (0.7) და ალ-ხალისში (5.1).

2018 წლის დეკემბრისთვის დიალა იყო რიგით მეხუთე პროვინცია იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების მაჩვენებლით (223 326 რეგისტრირებული დაბრუნებული პირი). მიუხედავად ამისა, 89 662 პირი დიალიდან კვლავ რჩებოდა იძულებით გადაადგილებულად პროვინციის შიგნით. გავრცელებული ინფორმაციით, დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მიერ სახლების დანაღმვა ართულებს დაბრუნების პროცესს. ასევე, ვრცელდებოდა ინფორმაციები დევნილთა იძულებითი გამოსახლების და სუნიტებისთვის (ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის ბრალდებით) დაბრუნებაზე უარის თქმის შესახებ. წყაროები ასევე აღნიშნავენ კორუფციას მთავარ კომერციულ გზებზე, სადაც საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს სახალხო მობილიზაციის ძალები აკონტროლებენ.

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი მიიჩნევს, რომ ინდიკატორთა შეფასებით, „უბრალოდ ყოფნა“ ტერიტორიაზე (დიალა) არაა საკმარისი სერიოზული ზიანის (მაკვალიფიცირებელი დირექტივის მე-15 მუხლი) რეალური რისკის დასადგენად; თუმცა, განურჩეველი ძალადობა აღწევს მაღალ დონეს და შესაბამისად, დაბალი ხარისხის ინდივიდუალური ელემენტებია საჭირო იმის სარწმუნოდ, რომ პირი, დაბრუნების შემთხვევაში, სერიოზული ზიანის რეალური საფრთხის წინაშე დადგება. მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ განურჩეველი ძალადობა შედარებით ნაკლებად ეხება ბაქუბასა და ალ-ხალისის რაიონებს.[2] [3]

ერაყში ისლამური სახელმწიფოს მომძლავრების შემდეგ, დაჯგუფების მიერ განხორციელებული იერიშების უმეტესობა მიზნობრივად იყო მიმართული სამოქალაქო პირებსა და ობიექტებზე და იერიშის მოტივი კონფესიური ბუნების იყო. 2014-2018 წლებში, ისეთ ტერიტორიებზე, სადაც ისლამურ სახელმწიფოს კონტროლი არ ჰქონდა დაწესებული, ადგილი ჰქონდა ათობით ინციდენტს, რომლებიც, თავად დაჯგუფების განცხადებით, შიიტებისა და შიიტური დასახლებების წინააღმდეგ იყო მიმართული. უშუალოდ დაჯგუფების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, ასევე, ფართოდ იყო გავრცელებული სისტემატური ძალადობა სამოქალაქო პირებზე. ასეთი ქმედებები მოიცავდა სიკვდილით დასჯებს, მიზნობრივ მკვლელობებს, რელიგიური, თემის და პოლიტიკური ლიდერების იძულებით გაუჩინარებებს. დაჯგუფების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შიიტები ყოველთვის არაბები არ იყვნენ, თურქმენები და შაბაკები ასევე ხდებოდნენ ისლამური სახელმწიფოს იერიშების ობიექტები.

მსგავსი ფართო მასშტაბიანი იერიშების რაოდენობამ და გავლენამ იკლო 2017 წლის ბოლოდან. ერაყის საკითხებზე მომუშავე ანალიტიკოსის ჯოელ უინგის შეფასებით, დაჯგუფება ამ დროიდან გადაერთო აჯანყების ტაქტიკაზე, რადგან აღარ შესწევდა ძალა გაეძლო კოალიციის ავიაიერიშებისა და ერაყის უსაფრთხოების ძალებთან კონვენციური ომისთვის. სავარაუდოდ, 2018 წლის ოქტომბრიდან, ისლამური სახელმწიფო გადაჯგუფების ახალ ფაზაში შევიდა და განაახლა ძალისხმევა ისეთი ინციდენტების ორგანიზებისთვის, რომლებიც მასობრივ მსხვერპლს გამოიწვევს.[4]

2018 წლის 30 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების მიერ გზაზე დამონტაჟებულ ასაფეთქებელ მოწყობილობას სამი შიიტი პილიგრიმი ემსხვერპლა. ინციდენტი ქანაქინის რაიონში მოხდა.[5]

2019 წლის იანვარში „ვაშინგტონ პოსტი“ თავის სტატიაში წერდა, რომ ერაყში მოქმედი შიიტური დაჯგუფებები თავად წყვეტენ რომელი სუნიტი ოჯახები დაბრუნდებიან თავიანთ სახლებში. ბევრ სოფელსა და ქალაქში დაჯგუფებებმა შექმნეს ადგილობრივი საბჭოები, სადაც წყვეტენ სუნიტებისთვის, მათი ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის საფუძველზე, ქონების ჩამორთმევის საკითხებს. ასეთი პრაქტიკა სერიოზულ დემოგრაფიულ ცვლილებებს იწვევს ისეთ ტრადიციულად შერეულ (სუნიტურ-შიიტური) ადგილებში, როგორიცაა ჰილა და დიალა.[6]

[1] USDOS – US Department of State: 2018 Report on International Religious Freedom: Iraq, 21 June 2019

 (accessed on 22 October 2019)

[2] EASO – European Asylum Support Office: Country Guidance: Iraq; Guidance note and common analysis, June 2019

 (accessed on 22 October 2019)

[3] EASO – European Asylum Support Office: Iraq; Security situation, March 2019

 (accessed on 22 October 2019)

[4] EASO – European Asylum Support Office: Iraq; Targeting of Individuals, March 2019

 (accessed on 22 October 2019)

[5] Jane’s Terrorism Watch Report; IED attack kills three Shia Muslim pilgrims in Iraq’s Diyala; 31 October, 2018; available at: https://www.janes.com/article/84225/ied-attack-kills-three-shia-muslim-pilgrims-in-iraq-s-diyala (accessed on 22 October 2019)

[6] The Washington Post; As Iraq’s Shiite militias expand their reach, concerns about an ISIS revival grow; By Tamer El-Ghobashy and Mustafa Salim; 10 January, 2019; available at: https://www.washingtonpost.com/world/as-iraqs-shiite-militias-expand-their-reach-concerns-about-an-isis-revival-grow/2019/01/09/52da575e-eda9-11e8-8b47-bd0975fd6199_story.html (accessed on 22 October 2019)