უკრაინა. დონბასის კრიზისი და დევნილთა მდგომარეობა. იანვარი, 2020

უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება აღმოსავლეთ უკრაინაში – საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში უკრაინის შესახებ წერს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში საომარმა მოქმედებებმა მეექვსე წლის ათვლა დაიწყო. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2019 წელს მნიშვნელოვანი კლება იყო სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლის თვალსაზრისით. მსხვერპლის გამომწვევს ძირითად მიზეზებს წარმოადგენდა საარტილერიო იერიშები და ნაღმმტყორცნები, მსუბუქი იარაღიდან ცეცხლი, ნაღმები და ომის აალებადი ნარჩენები. 2019 წლის იანვარი-მაისის პერიოდში, წინა წლის მონაცემებთან შედარებით, გაიზარდა იერიშები სკოლებზე, გამყოფი ხაზის ორივე მხარეს. კონფლიქტის ექვსი წლის მანძილზე  სულ 147 ბავშვი იქნა მოკლული.[1]

მედია საშუალება „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, 2019 წლის ოქტომბრის ბოლოს უკრაინის სახელმწიფო ჯარმა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა აღმოსავლეთ უკრაინიდან ძალების გაყვანის პროცესი დაიწყეს. აღნიშნული ფაქტი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვადიმ პრისტაიკომ დაადასტურა. „დასახლება ზოლოტეში ძალების გაყვანის პროცესი მიმდინარეობს“, – განაცხადა მან. ძალების გაყვანას ოქტომბრის დასაწყისში ხელმოწერილი „შტაინმაიერის ფორმულა“ ითვალისწინებს. შეთანხმების პირობების შესრულებას ეუთო გააკონტროლებს. „შტაინმაიერის ფორმულა“ დონბასში კონფლიქტის დარეგულირების კომპლექსურ გეგმას წარმოადგენს, რომელიც რეგიონისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას გულისხმობს, მას შემდეგ, რაც ამ ტერიტორიაზე ეუთოს მონიტორინგით არჩევნები გაიმართება. ადგილობრივი არჩევნების ჩატარებამდე ეს სტატუსი დროებითი იქნება, ეუთოს მიერ არჩევნების შედეგების აღიარების შემდეგ კი სტატუსი მუდმივი გახდება. უკრაინაში დოკუმენტის მიღებას საპროტესტო აქციები მოჰყვა.[2]

მედია საშუალება „როიტერის“ ცნობით, დონბასიდან სამხედრო ძალების გაყვანის პროცესი 2019 წლის ნოემბერში სოფელ პეტროვსკოესთან გაგრძელდა. მინსკის ხელშეკრულების მიხედვით, ეს ბოლო წერტილია, რომელშიც ძალების გაყვანა უნდა მოხდეს. პროცესს ეუთოს წარმომადგენლები აკვირდებიან. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, მას იმედი აქვს, რომ ძალების გაყვანა უახლოეს მომავალში დასრულდება.[3]

მედია საშუალება „როიტერის“ ინფორმაციით, 2019 წლის დეკემბრის ბოლოს უკრაინის მთავრობამ და პრო-რუსმა სეპარატისტებმა პატიმრების მასშტაბური გაცვლა დაიწყეს. საუბარია ყველა პატიმარზე. პატიმრების გაცვლის შესახებ შეთანხმებას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დეკემბერში მიაღწიეს. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინულ მხარეს 55 კაცს გადასცემენ, თუმცა უკრაინის ობმუდსმენმა, ლიუდმილა დენისოვამ უკრაინელ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კიევი პატიმართა გაცვლის პროცესში 80 კაცის გადაცემას ელის. თავის მხრივ, კიევი მზად არის, სხვადასხვა მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული და ბრალდებული 87 პირი გაათავისუფლოს. ამასთან, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტებზე მომუშავე საერთაშორისო ჯგუფი რუსეთსა და უკრაინას შორის პატიმრების გაცვლის პირობაზე შეთანხმდა. ამის შესახებ ჯგუფში რუსეთის წარმომადგენელმა ბორის გრიზლოვმა 23 დეკემბერს განაცხადა. რუსეთმა და უკრაინამ პატიმრების პირველი ნაკადი 7 სექტემბერს გაცვალეს. ამ ფაქტს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონბასის რეგიონში „საშინელი ომის“ დასრულებისკენ გადადგმული ნაბიჯი უწოდა.[4]

2019 წლის ოქტომბერში უკრაინაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. მოსახლეობა პრეზიდენტს კაპიტულაციაში ადანაშაულებდა და იმ გეგმას აპროტესტებდა, რომლის მიხედვითაც დონბასში ადგილობრივი არჩევნები უნდა ჩატარდეს და რეგიონს განსაკუთრებული სტატუსი მიენიჭოს. აქციები ვეტერანთა ასოციაციების და ნაციონალისტური პარტიების ორგანიზებით დაიწყო და მასში ათასობით ადამიანი ჩაერთო.[5]

მედია საშუალება „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, 2020 წლის 5 იანვარს დონბასის რეგიონში სამხედრო დავალებაზე მყოფი ორი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე იქნა მოკლული. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ერთი სამხედრო სეპარატისტების მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევის შედეგად გარდაიცვალა. მეორე კი სამხედრო ავტომობილში დაიღუპა, როდესაც ლუჰანსკის რეგიონში, ცეცხლის ხაზთან მდებარე ქალაქ ხუტირ ვილნისთან ასაფეთქებელ მოწყობილობას გადაუარა. სამხედრო ავტომობილში მყოფი კიდევ ერთი სამხედრო მძიმედ დაშავდა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სეპარატისტების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევა მოიცავდა 82-მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნიდან ცეცხლის, ხელყუმბარების, მძიმე საავტომობილო იარაღისა და სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას. უკრაინულმა ძალებმა ქალაქი ხუტირ ვილნი, რომელიც ასევე ცნობილია ზოლოტეს სახელით, 2018 წლის სექტემბრის ბოლოს გაათავისუფლეს. ქალაქში ამჟამად 20-ზე ნაკლები მოსახლეა.[6]

იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა – საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში უკრაინის შესახებ წერს, რომ მთავრობა კვლავ განაგრძობს დისკრიმინაციულ პოლიტიკას და სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს სთხოვს იძულებით გადაადგილებულ პირებად რეგისტრაციას და რეგულარულად მისვლა-მოსვლას – რეგისტრაციას მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმისთვის, რომ ამ ხალხს წვდომა ჰქონდეს სოციალურ სარგებელზე. აღნიშნული რეგულაცია უქმნის სირთულეებს მოხუც ხალხს პენსიის მიღების კუთხით; ბევრი ჯანმრთელობის მდგომარეობის ან გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ვერ ახერხებს რეგულარულად გადაკვეთოს გამყოფი ხაზი და საერთოდ პენსიის გარეშეა დარჩენილი. 2018 წლის მაისში უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ პენსიონერებისთვის იძულებით გადაადგილებულ პირებად რეგისტრაციის მოთხოვნა იყო დამატებითი ტვირთი პენსიაზე წვდომის კუთხით. 2018 წლის დეკემბერში კი უზენაესმა სასამართლომ პენსიონერებისთვის განსახლების დადასტურების მოთხოვნა არაკონსტიტუციურად ცნო.

საბაზისო საჭიროებებსა და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაზე შეზღუდული წვდომა რჩება პრობლემად გამყოფი ხაზის ზოგიერთ წერტილში. 2019 წლის იანვარი-აპრილის პერიოდში მინიმუმ 19 ადამიანი, ძირითადად მოხუცები, დაიღუპნენ გამყოფი ხაზის გადაკვეთისას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.

ანგარიშში დადებითადაა შეფასებული ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ელექტრონულ საშვებს, რითიც ხდება გამყოფი ხაზის გადაკვეთა, ვადა აღარ გასდის. 2019 წლის აგვისტოში ხელისუფლებამ შემოიღო ელექტრონული ბარათი, რომლის მეშვეობითაც ხდება მოხუცი ხალხისა და შშმ პირების ტრანსპორტირება და გადაყვანა ლუჰანსკის სადგურის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე. 2019 წლის ნოემბერში ხელისუფლებამ დაასრულა სარეაბილიტაციო სამუშაოები გამყოფ ხაზთან დანგრეულ ხიდზე, რითიც მნიშვნელოვნად შეამცირა საფრთხეები გამყოფი ხაზის გადაკვეთის პროცესში.

2019 წლის აგვისტოში სეპარატისტებმა ლუჰანსკის რეგიონში დააპატიმრეს სტუდენტი სერგეი რუსინოვი, რომელიც სოციალურ მედიაში პრო-უკრაინულ განცხადებებს ავრცელებდა, და ტერორიზმის ბრალდებით 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 2019 წლის დეკემბერში, პატიმრების გაცვლის პროცესში, სეპარატისტებმა უკრაინას გადასცეს ჟურნალისტები სტანისლავ ასეევი და ოლეგ ჰალაზიუკი, რომლებიც 2017 წლიდან უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდნენ დონეცკში.[7]

[1] HRW – Human Rights Watch: World Report 2020 – Ukraine, 14 January 2020

 (accessed on 21 January 2020)

[2] BBC; Ukraine conflict: Front-line troops begin pullout; 29 October, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-europe-50221995

[3] Reuters; Ukraine, Russian-backed rebels begin Donbass village withdrawal; 9 November, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-ukraine-crisis-withdrawal/ukraine-russian-backed-rebels-begin-donbass-village-withdrawal-idUSKBN1XJ07M

[4] Reuters; Ukraine holds big prisoner swap with pro-Russian separatists; By Pavel Polityuk and Vladimir Soldatkin; 29 December, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-ukraine-crisis-prisoners-swap/ukraine-and-separatists-begin-all-for-all-prisoner-swap-reports-idUSKBN1YX04N?il=0

[5] Reuters; Thousands rally in Kiev to protest autonomy plan for eastern Ukraine; 6 October, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-ukraine-crisis-rally/thousands-rally-in-kiev-to-protest-autonomy-plan-for-eastern-ukraine-idUSKCN1WL0E8 [accessed 22 January 2020]

[6] RFE/RL – Radio Free Europe/Radio Liberty: Two Ukrainian Soldiers Killed In Eastern Conflict Zone, 6 January 2020

 (accessed on 21 January 2020)

[7] HRW – Human Rights Watch: World Report 2020 – Ukraine, 14 January 2020

 (accessed on 21 January 2020)

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 24-31 დეკემბერი, 2019

ავღანეთში არსებული ვითარება – ავღანეთის ჩრდილოეთით, ბალხის პროვინციაში „თალიბანის“ მებრძოლების თავდასხმას 15 სამხედრო ემსხვერპლა. მთებში განლაგებულ იზოლირებულ საგუშაგოზე იერიში „თალიბანის“ ათობით მებრძოლმა მიიტანა. დაჯგუფებამ მომხდარზე პასუხისმგებლობა საჯაროდ აიღო.[1]

„თალიბანმა“ ავღანური ორგანიზაციის „სახალხო მოძრაობა მშვიდობისთვის“ 27 წევრი გაიტაცა. მოძრაობის აქტივისტები მთელი ქვეყნის მასშტაბით მარშებს აწყობენ და ავღანეთში მძვინვარე კონფლიქტის ყველა მხარეს მოლაპარაკებებისა და მშვიდობისკენ მოუწოდებენ. აქტივისტები  ქვეყნის დასავლეთით, ფარაჰის პროვინციაში გაიტაცეს. მოძრაობის ლიდერების თქმით, მათ აქტივისტებს უკვე მეოთხედ იტაცებენ. „თალიბანს“ მომხდართან დაკავშირებით საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია.[2]

საუდის არაბეთში ნაადრევი ქორწინება აიკრძალა – ახალი კანონმდებლობით, ქორწინებისთვის მინიმალურ ასაკად 18 წელი განისაზღვრა. მათ, ვისაც 18 წლამდე ასაკში მოუნდება დაქორწინება, სპეციალური ნებართვის აღება დასჭირდება, რომელიც სასამართლომ უნდა გასცეს.[3]

სომალიში აფეთქებას ათობით ადამიანი ემსხვერპლა – შემთხვევა დედაქალაქ მოგადიშუში მოხდა. დანაღმული ავტომობილი საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე 28 დეკემბერს აფეთქდა. დაღუპულთა რიცხვმა 75-ს გადააჭარბა, დაშავებულია 90-მდე ადამიანი. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[4]

უკრაინის კრიზისი – უკრაინის მთავრობამ და პრო-რუსმა სეპარატისტებმა პატიმრების გაცვლა დაიწყეს. საუბარია ყველა პატიმარზე. პატიმრების გაცვლის შესახებ შეთანხმებას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დეკემბერში მიაღწიეს. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინულ მხარეს 55 კაცს გადასცემენ, თუმცა უკრაინის ობმუდსმენმა, ლიუდმილა დენისოვამ უკრაინელ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კიევი პატიმართა გაცვლის პროცესში 80 კაცის გადაცემას ელის. თავის მხრივ, კიევი მზად არის, სხვადასხვა მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული და ბრალდებული 87 პირი გაათავისუფლოს. ამასთან, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტებზე მომუშავე საერთაშორისო ჯგუფი რუსეთსა და უკრაინას შორის პატიმრების გაცვლის პირობაზე შეთანხმდა. ამის შესახებ ჯგუფში რუსეთის წარმომადგენელმა ბორის გრიზლოვმა 23 დეკემბერს განაცხადა. რუსეთმა და უკრაინამ პატიმრები 7 სექტემბერს გაცვალეს. ამ ფაქტს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონბასის რეგიონში „საშინელი ომის“ დასრულებისკენ გადადგმული ნაბიჯი უწოდა.[5]

იემენის კრიზისი – სამხედრო აღლუმზე ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების მიერ განხორციელებულ საჰაერო იერიშს ათამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია და საჯარო კომენტარი არც ჰუსიტების წარმომადგენლებს გაუკეთებიათ.[6]

ერაყში აშშ-ის საელჩოს თავს დაესხნენ – ბაღდადში, აშშ-ის მიერ ერაყში საბრძოლო დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ობიექტებზე მიტანილი იერიშის გამო დაწყებული საპროტესტო აქციის მონაწილეები, აშშ-ის საელჩოში შეიჭრნენ. დემონსტრანტებმა ერთერთ საგუშაგო კოშკს ცეცხლი წაუკიდეს, ამერიკელმა ჯარისკაცებმა კი ხალხის დასაშლელად ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს. მანამდე აშშ-ის ქმედებები ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო, ირანმა კი, რომელიც „ქატაიბ ჰეზბოლას“ უჭერს მხარს, თავდასხმას „ტერორიზმის ნათელი მაგალითი“ უწოდა. აშშ-ის საჰაერო ძალებმა სირიასა და ერაყში დაჯგუფება ქატაიბ ჰეზბოლას“ ობიექტებზე იერიში 29 დეკემბერს მიიტანეს. „ქატაიბ ჰეზბოლა“ შიიტი მუსლიმების საბრძოლო დაჯგუფებაა, რომელსაც ირანი უჭერს მხარს. ის 2007 წელს შეიქმნა.[7]

ვაშინგტონი არ აპირებს საელჩოს ევაკუაცია მოხდინოს, პირიქით, შტატები რეგიონში დამატებითი სამხედრო ძალის გაგზავნას გეგმავს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საელჩოზე თავდასხმაში ირანი დაადანაშაულა. „ირანმა ამერიკელი კონტრაქტორი მოკლა, ბევრი დაჭრა. ჩვენ მტკიცედ ვუპასუხეთ და ყოველთვის ასე მოვიქცევით. ახლა კი ირანმა ერაყში აშშ-ის საელჩოზე თავდასხმის ორგანიზება განახორციელა. ისინი სრულად აგებენ პასუხს“, – დაწერა ტრამპმა.[8]

[1] Reuters; Taliban kill 15 in attack on Afghan security checkpoint: local officials; 24 December, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-afghanistan-attack/taliban-kill-15-in-attack-on-afghan-security-checkpoint-local-officials-idUSKBN1YS0K2

[2] BBC; Afghan People’s Peace Movement marchers kidnapped by Taliban; 25 December, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-50911882

[3] Saudi Gazette; Ministry of Justice bans marriage under 18; 23 December, 2019; available at: http://saudigazette.com.sa/article/585608/SAUDI-ARABIA/Ministry-of-Justice-bans-marriage-under-18?fbclid=IwAR3A67z1p8wzGLCBfSMC766MM2X0rJj7ybj95xbix7SgtkmeYfynHHLi8t8

[4] BBC; Rush-hour vehicle bomb kills dozens in Somali capital; 28 December, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-africa-50932130

[5] Reuters; Ukraine holds big prisoner swap with pro-Russian separatists; By Pavel Polityuk and Vladimir Soldatkin; 29 December, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-ukraine-crisis-prisoners-swap/ukraine-and-separatists-begin-all-for-all-prisoner-swap-reports-idUSKBN1YX04N?il=0

[6] Reuters; Missile hits military parade in Yemen, killing at least seven; 29 December, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-yemen-security-blast/blast-hits-military-parade-in-yemen-idUSKBN1YX047?il=0

[7] BBC; US Baghdad embassy attacked by protesters angry at air strikes; 31 December, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-50956111

[8] Reuters; US has no plans to evacuate embassy in Baghdad, more forces being sent to compound; By Idrees Ali and David Brunnstrom; 31 December, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-iraq-security-usa-trump/trump-blames-iran-for-orchestrating-attack-on-u-s-embassy-in-iraq-idUSKBN1YZ0TD

უკრაინა. დონბასიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა. მაისი, 2018

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი 2017 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში – „უკრაინა: ყირიმი, დონეცკი და ლუგანსკი“ – წერს, რომ როგორც გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარი 2017 წლის თებერვლის განცხადებაში აღნიშნავს, ბევრი იძულებით გადაადგილებული პირი კვლავ აწყდება ბიუროკრატიულ დაბრკოლებებს და დისკრიმინაციას სხვადასხვა კანონის გამო, რომელიც კონფლიქტის დაწყების შემდეგაა მიღებული. დევნილები პოლიტიკური უფლებების გარეშე არიან დარჩენილები; მათ რეგულარულად ამოწმებს ხელისუფლება და ისინი განიცდიან არაპროპორციულ სირთულეებს საჯარო სერვისებზე წვდომის კუთხით; ყოველივე ამის გამო, დევნილები დგანან რისკის წინაშე, გახდნენ მარგინალიზებულები საზოგადოებაში, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს მათ დამოკიდებულებას საგარეო დახმარებაზე. სამი წლის გასვლის შემდეგაც კი, ხელისუფლება იბრძვის, რათა შექმნას ყოველმხრივი და მდგრადი სტრატეგია დევნილებისთვის, მათ შორის მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის კუთხით; განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ კონფლიქტს დასასრული არ უჩანს. მიუხედავად სირთულეებისა, იძულებით გადაადგილებული პირების 88% ამბობს, რომ ნაწილობრივ ან სრულადაა ინტეგრირებული ადგილობრივ საზოგადოებაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2016 წლის ანგარიშში წერს, რომ იყო შემთხვევები, როდესაც მთავრობის წარმომადგენლები გამოხატავდნენ დისკრიმინაციულ ხედვებს იძულებით გადაადგილებული პირების მიმართ. 2016 წლის 23 სექტემბერს შინაგან საქმეთა მინისტრმა ავაკოვმა საჯაროდ დააკავშირა ერთმანეთთან კრიმინალის ზრდა და დევნილთა დიდი ნაკადები. არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებდნენ ინფორმაციას დევნილთა დისკრიმინაციის შესახებ დასაქმებისას. ზოგიერთი დევნილი, განსაკუთრებით დონეცკსა და ლუგანსკში მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები, განიცდის სანიტარიის, თავშესაფრის და სასმელი წყლის ნაკლებობას. დევნილებს კვლავ უჭირთ მიიღონ განათლება, სამედიცინო დახმარება და საჭირო დოკუმენტები.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იგივე ანგარიშში გაეროს სააგენტოებზე დაყრდნობით წერს, რომ დევნილების ნაკადებმა გაზარდა დაძაბულობა რესურსებისთვის ბრძოლის გამო. კრიტიკოსები დასავლეთში გადაადგილებულ პირებს სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებას ედავებიან, როდესაც იზრდება კონკურენცია განსახლების, დასაქმებისა და საგანმანათლებლო შესაძლებლობებისთვის კიევსა და ლვოვში.

ავსტრიის ფაქტების მოძიების ჯგუფის უკრაინაში ვიზიტის ანგარიშში, რომელიც 2017 წლის მაისში გამოქვეყნდა, საუბარია მასპინძელი საზოგადოების დამოკიდებულებაზე იძულებით გადაადგილებული პირების მიმართ. ანგარიშში ნათქვამია, რომ ინფორმაცია აღნიშნულ თემაზე წინააღმდეგობრივია. ერთი მხრივ, ისინი გამოხატავენ ნეიტრალურ და მეგობრულ დამოკიდებულებას და იძულებით გადაადგილებულ პირთა მძიმე მდგომარეობის გაცნობიერებას და აცხადებენ მათი დახმარებისთვის მზადყოფნას. მეორე მხრივ, არის მტკიცებულებები დევნილთა მიმართ როგორც დისკრიმინაციის ფაქტების, ასევე ცრურწმენებისა და ნეგატიური სტერეოტიპების; ასევე ჩანს ფარული და პოტენციური სოციალური კონფლიქტის ნიშნები. რაც უფრო ახლოს ცხოვრობს ხალხი კონფლიქტის ზონასთან, უფრო კარგად ესმით იძულებით გადაადგილებული პირების. ზოგადად, დევნილების მიმართ დამოკიდებულება ძირითადად პოზიტიურია, თუმცა ასეთი სიტუაცია თანდათანობით იცვლება. ვინიცაში იყო ერთეული ინციდენტები ყირიმელ თათრებთან მიმართებაში, მაგრამ ეს არაა ზოგადი ტენდენცია. უკრაინელები კვლავ ძალიან ეხმარებიან იძლებით გადაადგილებულ პირებს. სამოქალაქო საზოგადოება უკრაინაში ძალიან ძლიერია და ის, ზოგადად, ზრუნავს დევნილებზე.

იგივე ანგარიშში ნათქვამია, რომ გამოკითხული მოსახლეობის ნახევარზე მეტი დაიქირავებდა სამსახურში იძულებით გადაადგილებულ პირებს ან მიაქირავებდა მათ სახლში. გამოკითხულთა ნახევარზე მეტის თქმით, ისინი პირადად აიყვანდნენ დევნილებს სახლის სარემონტო სამუშაოებზე ან ძიძად. აღნიშნული, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ დაახლოებით ნახევარი სხვაგვარად ფიქრობს და ასე არ მოიქცეოდა. კითხვაზე თუ რატომ არ აიყვანდნენ სამსახურში დევნილებს ან არ მიაქირავებდნენ მათ ბინას, პასუხი ძირითადად იყო შიში და უნდობლობა უცხო პირების მიმართ. პირადი შეხედულებები ასევ თამაშობენ ნეგატიურ როლს. მოსახლეობის 70%-ს არ უგრძვნია დევნილთა ჩამოვლის გავლენა საზოგადოებაზე. 64% მიიჩნევს რომ კრიმინალი არ შეცვლილა და არც სოციალური დაძაბულობის გაზრდილა ან შემცირებულა. ერთი მეოთხედს სმენია კონკურენციის შესახებ ადგილობრივ მოსახლეობასა და დევნილებს შორის ისეთ საკითხებში, როგორიცაა განსახლება, დასაქმება, ადგილები სკოლებსა და ბაღებში; თუმცა ძალიან ცოტას გამოუცდია ასეთი პრაქტიკა საკუთარ თავზე. 81%-ს არ სმენია თავიანთ ქალაქში ადგილობრივ მოსახლეობასა და დევნილებს შორის კონფლიქტის შესახებ; 11% ახერხებს ერთეული ინდივიდუალური შემთხვევის გახსენებას. საერთო ჯამში, ძირითადად, ადგილობრივ საზოგადოებას არ უგრძვნია არც ინფრასტრუქტურული და არც საბაზრო დატვირთვა დევნილების ჩამოსვლის შემდეგ. ისინი არც იმას ფიქრობენ, რომ მათი ცხოვრება მნიშვნელოვნად გაუარესდა ან რაიმე ფუნდამენტური ცვლილება მოხდა დევნილების გადმოსახლების შემდეგ. განსაკურებით დიდი რაოდენობა დევნილებისა კონცენტრირდა აღმოსავლეთში და კიევში. დაახლოებით მესამედი ამ არეალში მაცხოვრებლებისა აღნიშნავს დევნილების გავლენას მათ საზოგადოებაზე.

ავსტრიის ფაქტების მოძიების ჯგუფის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ენის საკითხი საერთოდ არ დგას. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, რუსულად მოლაპარაკეთა შევიწროვებას ადგილი არ აქვს არანაირ ვითარებაში. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ დევნილები დასავლეთ უკრაინაში შედარებით უკეთ არიან ინტეგრირებულები და საჭიროებენ ნაკლებ კოორდინაციას სახელმწიფოსგან.[1]

[1] United Kingdom: Home Office, Country Policy and Information Note – Ukraine: Crimea, Donetsk and Luhansk, September 2017, v 3.0, available at:

[accessed 28 May 2018]