უკრაინა. უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება და დევნილთა მდგომარეობა. აპრილი, 2019

უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება – ეუთოს სპეციალური მონიტორინგის მისიის ინფორმაციით, 2018 წლის ოქტომბრის მონაცემებით, უკრაინის კონფლიქტურ რეგიონებში (აღმოსავლეთ უკრაინა – დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების ნაწილი) მინიმუმ 212 სამოქალაქო პირი იყო დაშავებული ან დაღუპული; მეტწილად დაბომბვებისა და მსუბუქი იარაღიდან ცეცხლის შედეგად. დაბომბვები ძირითადად ხორციელდება ე.წ. გამყოფ ხაზსა და მიმდებარე ტერიტორიებზე, რაც კვლავ აზიანებს მოსახლეობის სახლებს და ინფრასტრუქტურას და საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს. 2014 წლიდან მოყოლებული, 740 საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა კონფლიქტის შედეგად, მათგან 16 2018 წლის იანვარი-ოქტომბრის პერიოდში. კონფლიქტში ჩართული ორივე მხარის მხრიდან ადგილი აქვს განურჩეველ ან განზრახ იერიშებს სკოლებზე და ასევე, სკოლების სამხედრო დანიშნულებით გამოყენების ფაქტებს.

ხელისუფლება კვლავ განაგრძობს დისკრიმინაციულ პოლიტიკას იმ პენსიონერების მიმართ, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში, შეიარაღებული ჯგუფის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რჩებიან. ხელისუფლება მათ იძულებით გადაადგილებულ პირებად რეგისტრაციას და მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩაწერას სთხოვს, რათა მათ პენსია მიიღონ. დადგენილი წესის მიხედვით, მოსახლეობას გადაბმულად მაქსიმუმ 60 დღე შეუძლიათ გაჩერდნენ დაჯგუფების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შეიძლება პენსია შეუჩერდეთ. ორ შემთხვევაში, სასამართლომ არსებული წესები პენსიონერთა მიმართ დისკრიმინაციულად შეაფასა და ხელისუფლებას ხარვეზის გამოსწორება დაავალა; თუმცა, ხელისუფლების მხრიდან ამას რეაგირება არ მოჰყოლია.

ხანდაზმულები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, რომლებიც პრიორიტეტულ მდგომარეობაში არიან კონფლიქტის ხაზის გადაკვეთისა და დახმარების მიღების კუთხით, აწყდებიან სირთულეებს აღნიშნული სერვისების მიღების პროცესში.

ძირითადი ობიექტები და სანიტარული ინფრასტრუქტურა გამყოფი ხაზის გადაკვეთის წერტილებში კვლავ არა ადექვატურია, განსაკუთრებით რუსეთის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ კონტროლირებად მხარეს, როგორც დონეცკის, ასევე ლუჰანსკის რეგიონში. დიდი ხნით ლოდინი კვეთის წერტილებთან, განსაკუთრებით ექსტრემალური ამინდის პირობებში, კვლავ იწვევს სერიოზულ ზიანს მოსახლეობაში.[2]

აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტი 2019 წლის ანგარიშში უკრაინის შესახებ წერს, რომ რუსეთის მთავრობა აკონტროლებს ძალადობის დონეს აღმოსავლეთ უკრაინაში და კონფლიქტური სიტუაციის ესკალაციას ახდენს მაშინ, როდესაც ეს მის პოლიტიკურ ინტერესებს სჭირდება. რუსული ძალები განაგრძობენ სეპარატისტების შეიარაღებას, წვრთნას და ხანდახან მათ მხარდამხარაც იბრძვიან. მათი მხრიდან ადგილი აქვს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სისტემატურ დარღვევას.

საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის „Amnesty International“, „Human Rights Watch“ და გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისი თავიანთ პერიოდულ ანგარიშებში წერენ ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ ე.წ. დონბასის რეგიონში. ასევე, მედია და ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები კვლავ წერენ ადამიანის უფლებების ფართომასშტაბიან დარღვევებზე რუსეთი მიერ მხარდაჭერილი ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე.

2017 წელთან შედარებით, 2018 წელს მსხვერპლის რაოდენობა შემცირებულია. 2017 წელს 86 ადამიანი დაიღუპა და 390 დაშავდა; ხოლო 2018 წლის 1-ელი ნოემბრის მონაცემებით, დაიღუპა 43 და დაშავდა 173 სამოქალაქო პირი.

წყაროების ინფორმაციით, გამყოფი ხაზის ორივე მხარეს ადგილი აქვს გატაცებებს და იძულებით გაუჩინარებებს. როგორც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალების, ასევე მთავრობის მხრიდან ადგილი აქვს სამოქალაქო პირებსა და ჯარისკაცებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტებს საპატიმრო დაწესებულებებში. სეპარატისტები დონეცკის ოლქში არ უშვებენ უკრაინის ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჰუმანიტარულ დახმარებას. ამის შედეგად, ფასები სამომხმარებლო პროდუქტებზე სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არა ადექვატურადაა გაზრდილი.[3]

იძულებით გადაადგილებული პირების მდგომარეობა – უკრაინის სოციალური პოლიტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის სექტემბრის მდგომარეობით, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტისა და ყირიმის ანექსიის შედეგად, ქვეყანაში 1.5 მილიონზე მეტი დევნილია რეგისტრირებული. სხვადასხვა წყარო ვარაუდობს, რომ რეალური დევნილების რაოდენობა შედარებით ნაკლებია, რადგან ზოგიერთი დევნილი, რეგისტრაციის შემდეგ, კვლავ ბრუნდება თავის საცხოვრებელ ადგილზე, ხოლო ზოგიერთი ისე რეგისტრირდება იძულებით გადაადგილებულ პირად, რომ არც ტოვებს თავის საცხოვრებელს. დევნილთა ყველაზე დიდი რაოდენობა უშუალოდ გამყოფი ხაზის მიმდებარედ ცხოვრობს – დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების მთავრობის მიერ კონტროლირებად ნაწილში, ასევე, ხარკოვის, დნიპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში. ბევრი გამყოფ ხაზთან იმ იმედით რჩება, რომ საკუთარ სახლებში დაბრუნებას შეძლებს.

მთავრობა სოციალურ დახმარებას აძლევს მხოლოდ იმ დევნილებს, რომლებიც რეგისტრირდებიან იძულებით გადაადგილებულ პირებად. კანონის მიხედვით, დევნილი ბავშვები და შშმ პირები იღებენ 880 გრივნას (33$) ყოველთვიურად; ხოლო შრომისუნარიანი პირები 440 გრივნას (16$). კანონის მიხედვით, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს დევნილთა განსახლება, მაგრამ მთავრობა ამისთვის ეფექტურ ნაბიჯებს არ დგამს. 2018 წლის 10 ოქტომბერს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ითვალისწინებს პრიორიტეტულ დებულებებს შშმ პირთა განსახლების კუთხით. მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჰუმანიტარული დახმარების ჯგუფებს კარგი წვდომა აქვთ.

განსახლება, დასაქმება და სოციალური სარგებლისა და პენსიის მიღება დევნილთათვის უდიდეს გამოწვევად რჩება. სოციალური პოლიტიკის სამინისტროს ადგილობრივი დეპარტამენტები რეგულარულად აჩერებენ სოციალური დახმარებისა და პენსიის გაცემას, ვიდრე ბენეფიციარის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ფიზიკური ყოფნა არ დადასტურდება. გაყალბებასთან ბრძოლის ფარგლებში, ხელისუფლება ითხოვს აღდგენის მძიმე პროცესის გავლას. დევნილთა ვერიფიკაციის პროცესი ხელისუფლების მიერ ფართოდ გამოიყენება და ეს ზიანს აყენებს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მყოფ დევნილებსაც, მაგრამ განსაკუთრებით იმ დევნილებს, რომლებიც სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე რჩება. ნეგატიური ეფექტი განსაკუთრებით თვალსაჩინოა მოხუცი და შშმ პირების მიმართ, რომელთაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ ვერიფიკაციის პროცესის გავლის კუთხით. ხელისუფლება ხშირად დახმარების გაცემას გაუფრთხილებლად აჩერებს და შემდგომ დევნილებო აწყდებიან სირთულეებს აღდგენის პროცესში. 2018 წლის 4 სექტემბერს სასამართლომ დაადგინა, რომ ვერიფიკაციის მოთხოვნებს არ აქვთ სამართლებრივი საფუძველი პენსიის შეჩერებისთვის.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევის შედეგებით, დევნილთა 59%-ისთვის სახელმწიფო შემწეობა შემოსავლის მთავარი წყაროა. გამოკითხულთა 15%-ის თქმით, მათთვის აღნიშნული დახმარება სხვადასხვა დროს შეუჩერებიათ. დევნილებს არ ჰქონდათ საშუალება მონაწილეობა მიეღოთ ადგილობრივ არჩევნებში, გარდა იმ პირებისა, რომლებმაც შეიცვალეს რეგისტრაციის ადგილი.

იძულებით გადაადგილებული პირების ინტეგრაცია კვლავ დიდი გამოწვევაა. დაბრკოლებებს იწვევს მთავრობის მხრიდან სტრატეგიის არ ქონა და მწირი ფინანსური რესურსი. ყოველივე ეს კი იწვევს დევნილთა ეკონომიკურ და სოციალურ მარგინალიზაციას. ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები დევნილებს სხვადასხვა სახის დროებით დახმარებას უწევენ. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით მათი რესურსი, დაეხმარონ დევნილებს, შეზღუდული და ამოწურვის პირასაა. გაეროს სააგენტოები აღნიშნავენ, რომ დევნილთა ნაკადმა გაზარდა დაძაბულობა მწირი რესურსებისთვის კონკურენციისას. კრიტიკულად განწყობილი საზოგადოება ქვეყნის დასავლეთ ნაწილში იძულებით გადაადგილებულ მამაკაცებს სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში ადანაშაულებს; პარალელურად კი იზრდება კონკურენცია განსახლების, დასაქმების და საგანმანათლებლო შესაძლებლობების კუთხით კიევსა და ლვოვში.

დასაქმების მწირი შესაძლებლობები და ზოგადად სუსტი ეკონომიკა განსაკუთრებით ნეგატიურად მოქმედებს დევნილებზე და ბევრ მათგანს არა ადექვატურ საცხოვრებელ პირობებში (კოლექტიური ცენტრები და დროებითი თავშესაფრები) დარჩენა უწევთ. სხვა დევნილები მასპინძელ ოჯახებში, მოხალისეებთან ან ნაქირავებ ბინებში ცხოვრობენ; აღსანიშნავია, რომ ქირისთვის ხელმისაწვდომი ბინები ასევე მძიმე კონდიციისაა.

არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ დასაქმების კუთხით დევნილთა დისკრიმინაციის შესახებ. დევნილთა ნაწილი, განსაკურებით ისინი, ვინც დონეცკისა და ლუჰანსკის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობენ, სათანადო სანიტარიის, თავშესაფრისა და სასმელი წყლის ნაკლებობას განიცდიან. დევნილები აწყდებიან სირთულეებს განათლების, ჯანდაცვისა და საჭირო დოკუმენტაციის მიღების პროცესში.[4]

[1] OCHA; Ukraine Situation Report; 18 February, 2019; available at:

[accessed 5 April 2019]

[2] HRW – Human Rights Watch: World Report 2019 – Ukraine, 17 January 2019

 (accessed on 4 April 2019)

[3] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2018 – Ukraine, 13 March 2019

 (accessed on 4 April 2019)

[4] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2018 – Ukraine, 13 March 2019

 (accessed on 4 April 2019)

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 24-28 თებერვალი, 2019

საუდის არაბეთმა პირველი ქალი ელჩი აშშ-ში დანიშნა – პრინცესა რიმა ბინტი პრინცი ბენდერას შვილია, რომელიც საუდის არაბეთის დიპლომატიას აშშ-ში 1983 წლიდან 2005 წლამდე ხელმძღვანელობდა. ამის შემდეგ, მან ქვეყანის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურში დაიწყო მუშაობა.[1]

თალიბების ერთერთი ლიდერი ამერიკასთან მოლაპარაკებებში ჩაერთვება – მულაჰ ბარადერმა რვა წელი პაკისტანის ციხეში გაატარა. ის 2018 წელს გაათავისუფლეს. ამჟამად ის პაკისტანში თალიბების წარმომადგენელია. თალიბებთან დაახლოებული წყაროები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული ფაქტორი მოლაპარაკებების წარმატების შანსებს ზრდის. მხარეების განცხადებით კი, წინა თვეში შემდგარი მოლაპარაკებები წარმატებული იყო და არ არის გამორიცხული 17-წლიანი კონფლიქტი სამშვიდობო შეთანხმებამ დაასრულოს.[2]

2018 წელს ავღანეთში ყველაზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა – გაეროს მონაცემებით, მაჩვენებელი რეკორდულია. 2018 წელს ავღანეთში 3 804 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, რომელთაგან 927 ბავშვია. 2017 წელთან შედარებით მსხვერპლთა რაოდენობა 11%-ითაა გაზრდილი.[3]

ნიგერიაში მოქმედი პრეზიდენტი მეორე ვადით აირჩიეს – 76 წლის მუჰამადუ ბუჰარიმ უპირატესობა 36-დან 19 შტატში მოიპოვა. მისი კონკურენტი ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ატიკუ აბუბაქრი იყო. არჩევნები დანიშნულზე ერთი კვირით გვიან ჩატარდა და არჩევნების დღეს ძალადობა სდევდა თან, თუმცა საერთაშორისო დამკვირვებლებს არჩევნების გაყალბება არ დაუფიქსირებიათ.[4]

დონეცკში მიკროავტობუსი ნაღმზე აფეთქდა – შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია კიდევ რამდენიმე მოქალაქე. ინციდენტი ე.წ. ბუფერულ ზონაში მოხდა. თვითმხილველების თქმით, მიკროავტობუსი გზიდან გადავიდა და ნაღმზე აფეთქდა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.[5]

[1] იმედის ახალი ამბები; საუდის არაბეთმა პირველი ქალი ელჩი აშშ-ში დანიშნა; 24 თებერვალი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/97593/saudis-arabetma-pirveli-qali-elchi-ashshshi-danishna

[2] იმედის ახალი ამბები; თალიბების ერთ-ერთი ლიდერი ამერიკასთან მოლაპარაკებებში ჩაერთვება; 25 თებერვალი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/97676/talibebis-erterti-lideri-amerikastan-molaparakebebshi-chaertveba

[3] 1TV; გაერო – ავღანეთში 2018 წელს ყველაზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა; 25 თებერვალი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://1tv.ge/news/gaero-avghanetshi-2018-wels-yvelaze-meti-mshvidobiani-moqalaqe-daighupa/

[4] BBC; Nigeria election: Muhammadu Buhari re-elected as president; 27 February, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-africa-47380663

[5] 1TV; დონეცკში მიკროავტობუსი ნაღმზე აფეთქდა; 24 თებერვალი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://1tv.ge/news/doneckshi-mikroavtobusi-naghmze-afetqda/

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 8-15 ნოემბერი, 2018

იდლიბის ბუფერულ ზონაში ასადის სამთავრობო ძალებმა ოპოზიციური ძალების 22 მებრძოლი მოკლეს – ბრძოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ასადის რეჟიმის მხარდამჭერები ჰამას პროვინციის ჩრდილოეთით შეიჭრნენ. ამ ტერიტორიას აქამდე დაჯგუფება ჯაიშ ალ-იზა მართავდა.[1]

თურქეთში ჟურნალისტი ერდოღანის შეურაცხყოფისთვის გაასამართლეს – ჰუსნი მაჰალის 4 წლით და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ჟურნალისტმა თურქეთი სირიაში ტერორისტების მხარდაჭერაში დაადანაშაულა, რისთვისაც მას 1 წელი და 8 თვე მიუსაჯეს. სასჯელის დანარჩენი ჟურნალისტს ქვეყნის ლიდერის კრიტიკისა და შეურაცხყოფისთვის მიუსაჯეს.[2]

ტერაქტი სომალიში – მოგადიშუში სამი ავტომობილის აფეთქებას 52 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 100-მდე პირი, მათ შორის ჟურნალისტებიც არიან. აფეთქება სასტუმროსთან „Sahafi“ ახლოს მოხდა, რომელიც სომალის საგამოძიებო დეპარტამენტთან ახლოს მდებარეობს. თავდასხმისას პოლიციელებმა ხუთი ტერორისტი მოკლეს. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ალ-შაბააბმა აიღო.[3]

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას უკვე 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა – ვაქცინაციის პროგრამა ჯერჯერობით მხოლოდ 25 ათას ადამიანს შეეხო. სამედიცინო ჯგუფები, რომელთაც ვაქცინაცია უნდა ჩაატარონ, ხშირად ამბოხებულთა თავდასხმის სამიზნეები ხდებიან.[4]

ვითარება ავღანეთში – აფეთქების შედეგად კოჰსანის ოლქის გუბერნატორი ჰაჯი ამირ ჰაფბალა დაიღუპა. აფეთქება მისივე ოფისში მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[5]

ქაბულში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რასაც სულ მცირე ექვსი ადამიანი შეეწირა, რვა კი დაშავდა. შემთხვევა აქციის დროს მოხდა. ადამიანები ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს არ არსებობას და თალიბების მიერ შიიტებზე თავდასხმებს აპროტესტებდნენ. პოლიციის ინფორმაციით, თვითმკვლელი ხალხმრავალ ადგილამდე არ მიუშვეს, თორემ მსხვერპლი უფრო დიდი იქნებოდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფო აიღო.[6]

თალიბანის თავდასხმებმა ავღანეთის დასავლეთ პროვინციაში, მთლიანობაში, სულ მცირე 30 ავღანელი ჯარისკაცი იმსხვერპლა. ინფორმაცია ქვეყნის ძალოვანმა სტრუქტურამ გაავრცელა.[7]

თვითაღიარებულ დონეცკსა და ლუგანსკში არჩევნები გაიმართა – უკრაინის აღმოსავლეთში, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების მეთაურების არჩევნებში ლიდერობენ დენის პუშილინი და ლეონიდ პასეჩნიკი – ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტოები წერენ თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ე.წ. საარჩევნო კომისიებზე დაყრდნობით. უკრაინის მიერ უკანონოდ გამოცხადებული არჩევნების წინასწარი შედეგებით, დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელს, პუშილინს ხმა მისცა 61,5%-მა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელს, პასეჩნიკს 63%-მა. უკრაინის პროკურატურამ კენჭისყრის ორგანიზატორთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მუხლით, რომელიც სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს. დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში არჩევნების ჩატარება დაგმეს ევროკავშირმა, ნატომ და აშშ-მა.

ომი დონბასში 2014 წელს დაიწყო. მხარეებს შორის, საერთაშორისო შუამავლების მონაწილეობით, 2014 წლის სექტემბერში ხელი მოეწერა მინსკის შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მოგვიანებით, 2017 წელს ხელი მოეწერა კიდევ ერთ შეთანხმებას, რომელიც, თავდაპირველი ჩანაფიქრით, დეკემბრის ბოლოს უნდა ამოქმედებულიყო. თუმცა, დღემდე ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის განახლებაში. აღმოსავლეთ უკრაინაში მთავრობის ჯარებსა და სეპარატისტებს შორის კონფლიქტმა 2014 წლის შემდეგ 10300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ასობით ათასი ადამიანი აქცია დევნილებად.[8]

[1] Daily Sabah; Assad regime attack kills 23 opposition forces in Syria’s Idlib buffer zone; 09 November, 2018; available at: https://www.dailysabah.com/syrian-crisis/2018/11/09/assad-regime-attack-kills-23-opposition-forces-in-syrias-idlib-buffer-zone-monitor

[2] SANA – Syrian Arab News Agency; Turkish court hands down prison sentences for SANA correspondents in Turkey; 08 November, 2018; available at: https://www.sana.sy/en/?p=150621

[3] CNN; Death toll in Mogadishu car bombing rises to 52; By Omar Nor and Bukola Adebayo; 12 November, 2018; available at: https://edition.cnn.com/2018/11/12/africa/mogadishu-bomb-death-toll-intl/index.html

[4] BBC; DR Congo Ebola outbreak worst in country’s history; 11 November, 2018; available at: https://www.bbc.com/news/world-africa-46167340

[5] იმედის ახალია ამბები; ავღანეთში აფეთქებისას გუბერნატორი დაიღუპა; 10 ნოემბერი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/84915/avganetshi-apetqebisas-gubernatori-daigupa

[6] Fox News; ISIS claims responsibility for suicide attack in Afghanistan; By Kitty Logan; 13 November, 2018; available at: https://www.foxnews.com/world/isis-claims-responsibility-for-bomb-attack-in-afghanistan

[7] Reuters; Taliban attacks in western Afghanistan kill at least 30 security forces; 15 November, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-afghanistan-attack/taliban-attacks-in-western-afghanistan-kill-at-least-30-security-forces-idUSKCN1NK10E?il=0

[8] იმედის ახალია ამბები; დონბასისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში ე.წ. არჩევნების წინასწარი შედეგები გამოქვეყნდა; 12 ნოემბერი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/85101/donbasisa-da-luganskis-tvitgamotskhadebul-respublikebshi-ets-archevnebis-tsinastsari-shedegebi-gamoqveknda

უკრაინა. დონბასიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა. მაისი, 2018

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი 2017 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში – „უკრაინა: ყირიმი, დონეცკი და ლუგანსკი“ – წერს, რომ როგორც გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარი 2017 წლის თებერვლის განცხადებაში აღნიშნავს, ბევრი იძულებით გადაადგილებული პირი კვლავ აწყდება ბიუროკრატიულ დაბრკოლებებს და დისკრიმინაციას სხვადასხვა კანონის გამო, რომელიც კონფლიქტის დაწყების შემდეგაა მიღებული. დევნილები პოლიტიკური უფლებების გარეშე არიან დარჩენილები; მათ რეგულარულად ამოწმებს ხელისუფლება და ისინი განიცდიან არაპროპორციულ სირთულეებს საჯარო სერვისებზე წვდომის კუთხით; ყოველივე ამის გამო, დევნილები დგანან რისკის წინაშე, გახდნენ მარგინალიზებულები საზოგადოებაში, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს მათ დამოკიდებულებას საგარეო დახმარებაზე. სამი წლის გასვლის შემდეგაც კი, ხელისუფლება იბრძვის, რათა შექმნას ყოველმხრივი და მდგრადი სტრატეგია დევნილებისთვის, მათ შორის მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის კუთხით; განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ კონფლიქტს დასასრული არ უჩანს. მიუხედავად სირთულეებისა, იძულებით გადაადგილებული პირების 88% ამბობს, რომ ნაწილობრივ ან სრულადაა ინტეგრირებული ადგილობრივ საზოგადოებაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2016 წლის ანგარიშში წერს, რომ იყო შემთხვევები, როდესაც მთავრობის წარმომადგენლები გამოხატავდნენ დისკრიმინაციულ ხედვებს იძულებით გადაადგილებული პირების მიმართ. 2016 წლის 23 სექტემბერს შინაგან საქმეთა მინისტრმა ავაკოვმა საჯაროდ დააკავშირა ერთმანეთთან კრიმინალის ზრდა და დევნილთა დიდი ნაკადები. არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებდნენ ინფორმაციას დევნილთა დისკრიმინაციის შესახებ დასაქმებისას. ზოგიერთი დევნილი, განსაკუთრებით დონეცკსა და ლუგანსკში მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები, განიცდის სანიტარიის, თავშესაფრის და სასმელი წყლის ნაკლებობას. დევნილებს კვლავ უჭირთ მიიღონ განათლება, სამედიცინო დახმარება და საჭირო დოკუმენტები.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იგივე ანგარიშში გაეროს სააგენტოებზე დაყრდნობით წერს, რომ დევნილების ნაკადებმა გაზარდა დაძაბულობა რესურსებისთვის ბრძოლის გამო. კრიტიკოსები დასავლეთში გადაადგილებულ პირებს სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებას ედავებიან, როდესაც იზრდება კონკურენცია განსახლების, დასაქმებისა და საგანმანათლებლო შესაძლებლობებისთვის კიევსა და ლვოვში.

ავსტრიის ფაქტების მოძიების ჯგუფის უკრაინაში ვიზიტის ანგარიშში, რომელიც 2017 წლის მაისში გამოქვეყნდა, საუბარია მასპინძელი საზოგადოების დამოკიდებულებაზე იძულებით გადაადგილებული პირების მიმართ. ანგარიშში ნათქვამია, რომ ინფორმაცია აღნიშნულ თემაზე წინააღმდეგობრივია. ერთი მხრივ, ისინი გამოხატავენ ნეიტრალურ და მეგობრულ დამოკიდებულებას და იძულებით გადაადგილებულ პირთა მძიმე მდგომარეობის გაცნობიერებას და აცხადებენ მათი დახმარებისთვის მზადყოფნას. მეორე მხრივ, არის მტკიცებულებები დევნილთა მიმართ როგორც დისკრიმინაციის ფაქტების, ასევე ცრურწმენებისა და ნეგატიური სტერეოტიპების; ასევე ჩანს ფარული და პოტენციური სოციალური კონფლიქტის ნიშნები. რაც უფრო ახლოს ცხოვრობს ხალხი კონფლიქტის ზონასთან, უფრო კარგად ესმით იძულებით გადაადგილებული პირების. ზოგადად, დევნილების მიმართ დამოკიდებულება ძირითადად პოზიტიურია, თუმცა ასეთი სიტუაცია თანდათანობით იცვლება. ვინიცაში იყო ერთეული ინციდენტები ყირიმელ თათრებთან მიმართებაში, მაგრამ ეს არაა ზოგადი ტენდენცია. უკრაინელები კვლავ ძალიან ეხმარებიან იძლებით გადაადგილებულ პირებს. სამოქალაქო საზოგადოება უკრაინაში ძალიან ძლიერია და ის, ზოგადად, ზრუნავს დევნილებზე.

იგივე ანგარიშში ნათქვამია, რომ გამოკითხული მოსახლეობის ნახევარზე მეტი დაიქირავებდა სამსახურში იძულებით გადაადგილებულ პირებს ან მიაქირავებდა მათ სახლში. გამოკითხულთა ნახევარზე მეტის თქმით, ისინი პირადად აიყვანდნენ დევნილებს სახლის სარემონტო სამუშაოებზე ან ძიძად. აღნიშნული, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ დაახლოებით ნახევარი სხვაგვარად ფიქრობს და ასე არ მოიქცეოდა. კითხვაზე თუ რატომ არ აიყვანდნენ სამსახურში დევნილებს ან არ მიაქირავებდნენ მათ ბინას, პასუხი ძირითადად იყო შიში და უნდობლობა უცხო პირების მიმართ. პირადი შეხედულებები ასევ თამაშობენ ნეგატიურ როლს. მოსახლეობის 70%-ს არ უგრძვნია დევნილთა ჩამოვლის გავლენა საზოგადოებაზე. 64% მიიჩნევს რომ კრიმინალი არ შეცვლილა და არც სოციალური დაძაბულობის გაზრდილა ან შემცირებულა. ერთი მეოთხედს სმენია კონკურენციის შესახებ ადგილობრივ მოსახლეობასა და დევნილებს შორის ისეთ საკითხებში, როგორიცაა განსახლება, დასაქმება, ადგილები სკოლებსა და ბაღებში; თუმცა ძალიან ცოტას გამოუცდია ასეთი პრაქტიკა საკუთარ თავზე. 81%-ს არ სმენია თავიანთ ქალაქში ადგილობრივ მოსახლეობასა და დევნილებს შორის კონფლიქტის შესახებ; 11% ახერხებს ერთეული ინდივიდუალური შემთხვევის გახსენებას. საერთო ჯამში, ძირითადად, ადგილობრივ საზოგადოებას არ უგრძვნია არც ინფრასტრუქტურული და არც საბაზრო დატვირთვა დევნილების ჩამოსვლის შემდეგ. ისინი არც იმას ფიქრობენ, რომ მათი ცხოვრება მნიშვნელოვნად გაუარესდა ან რაიმე ფუნდამენტური ცვლილება მოხდა დევნილების გადმოსახლების შემდეგ. განსაკურებით დიდი რაოდენობა დევნილებისა კონცენტრირდა აღმოსავლეთში და კიევში. დაახლოებით მესამედი ამ არეალში მაცხოვრებლებისა აღნიშნავს დევნილების გავლენას მათ საზოგადოებაზე.

ავსტრიის ფაქტების მოძიების ჯგუფის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ენის საკითხი საერთოდ არ დგას. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, რუსულად მოლაპარაკეთა შევიწროვებას ადგილი არ აქვს არანაირ ვითარებაში. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ დევნილები დასავლეთ უკრაინაში შედარებით უკეთ არიან ინტეგრირებულები და საჭიროებენ ნაკლებ კოორდინაციას სახელმწიფოსგან.[1]

[1] United Kingdom: Home Office, Country Policy and Information Note – Ukraine: Crimea, Donetsk and Luhansk, September 2017, v 3.0, available at:

[accessed 28 May 2018]