აშშ-ის კომისია საერთაშორისო რელიგიის შესახებ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი 2021 წელი) ეგვიპტეში რელიგიის თავისუფლების შესახებ წერს, რომ ეგვიპტის მოსახლეობა დაახლოებით 105 მილიონი ადამიანს შეადგენს, რომელთა 90% სუნიტი მუსლიმია. ითვლება, რომ კოპტები ყველაზე დიდი ქრისტიანული საზოგადოებაა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. კოპტების 90%-ზე მეტი მიეკუთვნება კოპტურ მართლმადიდებლურ ეკლესიას, ხოლო კოპტი კათოლიკეები, ევანგელისტები, პროტესტანტები წარმოადგენენ, პატარა, მაგრამ გამორჩეულ ქვესაზოგადოებებს.
წყაროს თანახმად, ეგვიპტეში მოქმედებს კანონი, რომელიც კრძალავს „ზეციური რელიგიების შეურაცხყოფას“. აღნიშნული კანონი ეგვიპტეში მცხოვრები რელიგიური უმცირესობებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა. მსგავსი კანონების ამოქმედებით ეგვიპტის ხელისუფლება ცდილობს რელიგიური უმცირესობებისა და ადამიანის უფლებათა აქტივისტების შესუსტებას. სასამართლოები, რომლებიც საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ დადგენილი საგანგებო კანონების მიხედვით მოქმედებენ, ხშირად გამოსცემენ ბრძანებებს რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებთან დაკავშირებული საქმეების განახლების შესახებ. კოპტი პატრიკ ზაკი და რამი კამელი, რომლებიც დაკავებიდან 2 წლის შემდეგ გაათავისუფლეს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ისევ წარსდგებიან მოსამართლის წინაშე. დაკავებულებს ბრალი ედებათ ვიდეოს გასაჯაროებისთვის, რომელშიც ისინი ეგვიპტელი კოპტების მდგომარეობის შესახებ საუბრობენ.
აშშ-ის კომისია გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა კოპტებზე ძალადობის შემთხვევები, განსაკუთრებით სოფლებში.[1]
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი 2021 წელი) ეგვიპტეში რელიგიის თავისუფლების შესახებ წერს, რომ კანონის თანახმად ეგვიპტეში ქრისტიანობის, იუდაიზმისა და ისლამის მიმდევრები უფლებამოსილნი არიან განახორციელონ საკუთარ რწმენასთან დაკავშირებული რიტუალები და ააგონ სალოცავები, რადგან სახელმწიფოში მხოლოდ აღნიშნული სამი რელიგია არის ოფიციალურად აღიარებული. კანონმდებელი კრძალავს დისკრიმინაციას რელიგიური ნიშნით და ადგენს, რომ ეგვიპტის თითოეული მოქალაქე, მიუხედავად რელიგიური კუთვნილებისა, კანონის წინაშე თანასწორია.
წყარო ასევე იუწყება, რომ ეგვიპტის ხელისუფლებამ 2017 წლის 21 ივნისს აჰმად საიდ იბრაჰიმ ალ-სობატი სიკვდილით დასაჯა კოპტი მღვდლის განზრახ მკვლელობის გამო. 2020 წელს, კოპტი ქრისტიანის მკვლელობის ბრალდებით თავისუფლების უვადო აღკვეთა მიესაჯათ ძმებს ნაზირ და ალი ალ-სამბოებს. გარდა ამისა, მინიას სასამართლომ პასუხისმგებლობა დააკისრა იმ პირებს, რომლებიც ანადგურებდნენ, წვავდნენ კოპტების სახლებს (10 პირს მიუსაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა).
საანგარიშო პერიოდში ეგვიპტელი კოპტები რამდენჯერმე გახდნენ ტერორისტული დაჯგუფებების თუ ზოგადად სხვა პირთა თავდასხმის სამიზნე. კერძოდ, 2021 წლის აპრილში, ისლამური სახელმწიფოს ტერორისტულმა დაჯგუფებამ (ISIS-SP) გამოაქვეყნა კოპტი ქრისტიანის მკველელობის ამსახველი ვიდეო, ხოლო ამავე წლის 27 ივლისს კოპტი სალაჰ ასადი, სავარაუდოდ სალაფიტმა მეზობელმა, ცივი იარაღით მოკლა.
2020 წლის სექტემბერში ადგილი ჰქონდა კოპტებსა და ეგვიპტის უშიშროების ძალებს შორის შეტაკებას, რომლის გამომწვევი მიზეზიც სოფელ ბასტარში მშენებარე კოპტური ტაძრის ნგრევა იყო. აღნიშნული შეტაკებების შედეგად დაშავდა სულ მცირე 4 პირი, ხოლო 21 კოპტი კი დააპატიმრეს. დამკვირვებლები, მათ შორის კოპტი წარმომადგენლები, ადგილობრივ სასულიერო პირებს ადანაშაულებდნენ, რომლებმაც კანონით გათვალისწინებული რეგისტრაციის პროცედურების გავლაზე უარი განაცხადეს.[2]
„Freedom House“-ის მიერ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი 2021 წელი) ეგვიპტეში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების შესახებ წერია, რომ კოპტები ეგვიპტეში წარმოადგენენ რელიგიურ უმცირესობას. მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტის კონსტიტუციის 64-ე მუხლის თანახმად, რელიგიის თავისუფლება აბსოლუტურ უფლებას წარმოადგენს, ეგვიპტეში რელიგიური უმცირესობები, მათ შორის კოპტები, ხშირად ხდებიან ფიზიკური ძალადობის, დაბომბვისა თუ განზრახ გაჩენილი ხანძრის მსხვერპლნი.[3]
„Human Rights Watch“-ის მიერ 2022 წელს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტისთვის გაგზავნილ ანგარიშში ეგვიპტეში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების წერია, რომ ხელისუფლება რეგულარულად ვერ იცავს ქრისტიანებს სექტანტური თავდასხმებისგან. ხშირად ეგვიპტის ხელისუფლება მართავს „შერიგების სესიებს“, რომელიც ხელს უწყობს მუსლიმებს თავი აარიდონ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ქრისტიანების მიმართ ჩადენილი ქმედებებისთვის.
2019 წელს, შობის დღესასწაულამდე ორი დღით ადრე, კოპტურ ეკლესიაში დამონტაჟებულმა ბომბმა ერთი პოლიციელის სიცოცხლე იმსხვერპლა. ერთი წლით ადრე, დიმშაუ ჰაშიმის სოფელში კოპტი ქრისტიანების სახლები გაანადგურეს, მას შემდეგ, რაც გავრცელდება ხმები, რომ ქრისტიანები სოფელში ტაძრის აშენებას გეგმავდნენ. წყაროს თანახმად, 29 კოპტი ქრისტიანის სიცოცხლე ემსხვერპლა 2017 წლის მაისში, ავტობუსზე განხორციელებულ შეტევას. აღნიშნულზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.[4]
„Amnesty International“ -ის მიერ 2022 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, რომ 2022 წლის 30 იანვარს ეგვიპტის უსაფრთხოების ძალებმა ელ-მინიას პროვინციაში 9 კოპტი ქრისტიანი დააკავეს. აღნიშნული პირები დაკავებამდე ერთი კვირით ადრე შეუერთდნენ მშვიდობიან პროტესტს, რომლის ფარგლებშიც ქრისტიანული ეკლესიის მშენებლობის ნებართვას ითხოვდნენ, რადგან აღნიშნული იქნებოდა სოფლის კოპტი მაცხოვრებლებისთვის ერთადერთი ადგილი, სადაც ისინი ღვთის დიდებას აღასრულებდნენ.
წყარო იუწყება, რომ ხელისუფლება წლების განმავლობაში ყურადღებას არ აქცევდა სოფლის მაცხოვრებლების მოთხოვნას ქრისტიანული ეკლესიის აშენების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ელ-მინიას პროვინციის ამ სოფელში დაახლოებით 800-მდე კოპტი ცხოვრობს. ხელისუფლება ცდილობს ძალის გამოყენებით ჩაახშოს კოპტი მოსახლეობის მშვიდობიანი პროტესტი.
წყაროს შეფასებით, ეგვიპტეში მოქმედი დისკრიმინაციული კანონმდებლობა წლებია ძირს უთხრის ქვეყანაში მცხოვრები რელიგიური უმცირესობების თავისუფლებას. კოპტი ქრისტიანებისთვის დაწესებული შეზღუდვები ამის ნათელი მაგალითია. სტატიის თანახმად 2016 წელს ქრისტიანულ ეკლესიაში დაფიქსირდა ხანძრის ფაქტი, რომლის გამომწვევი მიზეზიც ხელისუფლებამ ვერ დაადგინა. მსგავსი დამოკიდებულება აიძულებს კოპტებს საკუთარ რწმენასთან დაკავშირებული რიტუალების აღსასრულებლად სოფლიდან სოფელში გადავიდნენ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეგვიპტეში 2016 წლის შემდეგ 25 ქრისტიანული ეკლესია დაიხურა.[5]
[1] აშშ-ის კომისია საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების შესახებ – ანგარიშში რელიგიის თავისუფლების შესახებ – ეგვიპტე; გამოქვეყნებულია 2022 წლის აპრილში; ხელმისაწვდომია ბმულზე:
[ნანახია 2022 წლის 7 ივლისს][2] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – ანგარიში რელიგიის თავისუფლების შესახებ – ეგვიპტე; გამოქვეყნებულია 2022 წლის 2 ივნისს; ხელმისაწვდომია ბმულზე:
[ნანახია 2022 წლის 7 ივლისს][3] Freedom House – ანგარიში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების შესახებ – ეგვიპტე; გამოქვეყნებულია 2022 წლის 28 თებერვალს; ხელმისაწვდომია ბმულზე:
[ნანახია 2022 წლის 7 ივლისს][4] Human Rights Watch – ანგარიში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების შესახებ – ეგვიპტე; გამოქვეყნებულია 2022 წელს; ხელმისაწვდომია ბმულზე:
[ნანახია 2022 წლის 7 ივლისს][5] „Amnesty International“ – „Egypt: Release nine Coptic Christians detained for attempt to rebuild church“; გამოქვეყნებულია 2022 წლის 30 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.amnesty.org/en/latest/news/2022/03/egypt-release-nine-coptic-christians-detained-for-attempting-to-rebuild-church/ [ნანახია 2022 წლის 7 ივლისს]