ეგვიპტე. კათოლიკე ქრისტიანების მიმართ დამოკიდებულება. აგვისტო, 2019

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ეგვიპტეში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული სიტუაციის ამსახველ 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანაგარიშო პერიოდი – 2018 წელი) წერდა, რომ ეგვიპტის კონსტიტუციის თანახმად – ”რწმენის თავისუფლება არის აბსოლუტური” და ”რელიგიური რიტუალების ჩატარების თავისუფლება და ღვთიური (ან აბრაამისეული) რელიგიების მიმდევართათვის სალოცავი ადგილების დაწესება არის კანონით რეგულირებული.” კონსტიტუციაში ასევე ნათქვამია, რომ მოქალაქეები „თანასწორნი არიან კანონის წინაშე“ და რომ აკრძალული და სისხლისამართლებრივი წესით დასჯადია დისკრიმინაცია და „სიძულვილის სტიმულირება“, რომელიც ემყარება „რელიგიას, რწმენას, სქესს, წარმოშობას, რასას ან რაიმე სხვა მიზეზს.“ ამას გარდა,  „ისლამი წარმოადგენს სახელმწიფო რელიგიას… და ისლამური შარიათის პრინციპები კანონმდებლობის ძირითადი წყაროა.“ მთავრობა ოფიციალურად ცნობს სუნიტურ ისლამს, ქრისტიანობას და იუდაიზმს და მხოლოდ მათ მიმდევრებს აძლევს საშუალებას, საჯაროდ აღასრულონ თავიანთი რელიგიური რიტუალები.

რაც შეეხება რელიგიური დემოგრაფიის კუთხით სიტუაციას, ეგვიპტის საერთო მოსახლეობის დაახლოებით 10 % არის ქრისტიანი, რომელთა მასიური უმრავლესობა (90 %) კოპტების მართლმადიდებლურ დენომინაციას განეკუთვნება.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიხედვით, ადგილობრივი ხელისუფლება ხშირად  ქრისტიანთა მიმართ სექტარული თავდასხმების შემდგომ, ძალადობის დამნაშავეების დევნისა და სათანადოდ დასჯის მაგირვად,  ხშირად, უბრალოდ სამთავრობო სხდომებს მართავდა, რაც იწვევდა კოპტი საზოგადოების წევრების მხრიდან უკმაყოფილებას. დეკემბერში, პრეზიდენტმა აბდელ ფატა ალ-სისიმ გამოსცა ბრძანებულება, რომლის საფუძველზეც შეიქმნა „სექტარიანული ინციდენტების წინააღმდეგ ბრძოლის უზენაესი კომიტეტი“  რომელსაც დაევალა, შეიმუშავოს სტრატეგია, რათა თავიდან აცილებულ იქნას სექტარიანული ინციდენტები და მოხდეს მათი მოხდენისთანავე, დაუყოვნებლივ აღმოფხვრა. იანვარში Awqaf (ისლამური საკითხების) მინისტრმა გომარიამ დაადასტურა, რომ ეკლესიების დაცვა ”ისეთივე კანონიერი ვალდებულებაა, როგორც მეჩეთების დაცვა” და განაცხადა, რომ ეკლესიის მფარველობაში დაღუპული ადამიანებიც “მოწამეები“ არიან. 30 აგვისტოს ქვეყნის მასშტაბით გატარებული მმართველობითი რეფორმების ფარგლებში, პრეზიდენტმა ალ-სისიმ დანიშნა ორი ქრისტიანი გუბერნატორი, მათ შორის, ქვეყნის პირველი ქრისტიანი ქალი გუბერნატორი. ალ-აჟარი (Al-Azhar), ისლამის გავრცელებისა და ისლამური დოქტრინის დამცველი ქვეყნის ძირითადი ინსტიტუტი, ატარებდა კონფერენციებს რელიგიათაშორისი დიალოგის შესახებ, ასევე, აკეთებდა განცხადებებს, რომელთა ფარგლებში გმობდა ექსტრემიზმს და ხელს უწყობდა მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას.

რაც შეეხება საზოგადოების მხრიდან ქრისტიანების მიმართ დამოკიდებულებას, 2 ნოემბერს შეიარაღებულმა თავდამსხმელები თავს დაესხნენ სამს ავტობუსს, რომელთაც ქრისტიანი პილიგრიმები გადაჰყავდათ ზემო ეგვიპტის რეგიონ მინში, ერთ-ერთ მონასტერში. შედეგად,  დაიღუპა 7; ხოლო დაშავდა – 19 ადამიანი. წლის განმავლობაში, თავდასხმები გრძელდებოდა  შეტევა გაგრძელდა ქრისტიანებსა და ქრისტიანების საკუთრებაში არსებულ ქოენაზე, აგრეთვე, ზემო ეგვიპტის რეგიონში მდებარე ეკლესიებზე. 26 მაისს, შვიდი ქრისტიანი დაშავდა სოფელ Shoqaf- ში, როდესაც ცდილობდნენ, მუსლიმი თავდამსხმელებისგან დაეცვათ ეკლესია. 14 იანვარს, შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა მოკლეს ადამიანი ჩრდილოეთ სინაში, მას შემდეგ რაც აღმოაჩინეს, რომ იგი ქრისტიანი იყო. EIPR-ის ცნობით, ჩრდილოეთ სინაში ქრისტიანების წინააღმდეგ განხორციელებული რიგი შეტევების შედეგად, რომლებიც დაიწყო 2017 წლის იანვარში, რეგიონი 250-ზე მეტმა ქრისტიანმა ოჯახმა დატოვა. და ა.შ.[1]

ავსტრალიის მთავრობის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი 2019 წლის ივნისში გამოქვეყნებულ  ვრცელ ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერდა, რომ  „2011 წლის რევოლუციის შემდეგ, ქრისტიანთა უმრავლესობა მხარს უჭერდა პრეზიდენტ მორსის მთავრობის გადაყენებას  და მის ნაცვლად, ამჟამად მოქმედი პრეზიდენტი სისის არჩევას. ისინი ასევე მიესალმებოდნენ ქვეყანაში ზოგადი წესრიგის აღდგენას და აცხადებდნენ, რომ ეგვიპტის წინა ლიდერებთან შედარებით, ისინი გაცილებით უკეთ დაცულად გრძნობდნენ თავს პრეზიდენტის სისის მმართველობის ქვეშ. ქრისტიანულმა რელიგიურმა ხელისუფლება თანმიმდევრულად გამოთქვამდა მადლიერიებას სისის საზოგადოებისადმი მიმართვების  გამო, რომელშიც ის მოუწოდება ეგვიპტელებს, დაევიწყებინათ რელიგიური განსხვავებები და პირველ ადგილზე დაეყენებინათ  ეროვნული ერთიანობის გრძნობა.  2015 წელს, სისი გახდა ეგვიპტის სახელმწიფოს პირველი მეთაური, რომელიც დაესწრო საშობაო მესას წმინდა მარკის ტაძარში.

კაირო და მას შემდეგ ყოველწლიურად დაესწრო. სისი აქტიურად ერთვებოდა ქრისტიანულ საზოგადოებასთან დაკავშირებულ პროცესებში, მაგალითად, მან რამდენჯერმე  გამოაცხადა ეროვნული გლოვის დღეები ან პირადად დაურეკა და მიუსამძიმრა კოპტური ეკლესიის ლიდერს, მას შემდეგ რაც  ქრისტიანების წინააღმდეგ განხორციელდა რამდენიმე ფართომასშტაბიანი ტერაქტი. ადგილობრივი წყაროების ცნობით, ზოგადად ქრისტიანები კვლავ რჩებიან სისის ძლიერი მომხრეებად, თუმცა (სხვა ეგვიპტელების მსგავსად) მათ ამ თავდპირველ ენთუზიაზმზე ნეგატიური გავლენა იქონია ეგვიპტეში ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებამ  და მიმდინარე სოციალური სირთულეებმა.

რაც შეეხება ქრისტიანების მიმართ განხორციელებული ღია ძალადობის შემთხვევებს, ანგარიშის მიხედვით, 2016 წლის დეკემბერში, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა  კაიროში მდებარე წმინდა მარკოზის სახელობის ეკლესიაში მიმდინარე მესის დროს. შედეგად დაიღუპა 29, ხოლო დაშავდა 49 პირი.

2017 წლის თებერვალში ელ არიშში განხორციელებული ტერორისტული აქტის გარდა, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ პასუხისმგებლობა აიღო 2017 წლის 9 აპრილს პალმის კვირის საეკლესიო მესის დროს  განხორციელებულ ორ მთავარ თავდასხმაზე. პირველი შეტევა მოხდა ტანტას ეკლესიასთან, დაიღუპა 27 და დაშავდა 70-ზე მეტი ადამიანი. ხოლო, მეორე ინციდენტს ადგილი ჰქონდა ალექსანდრიის საკათედრო ტაძარში.  შედეგად, მინიმუმ 16 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 66 ადამიანი დაშავდა.

2017 წლის მაისში, მინში, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა ავტობუსში და მოკლა ის 29 ადამიანი, რომლებმაც უარი თქვეს რწმენის შეცვლაზე.

2018 წლის ნოემბერში შეირაღებული პირები ჩაუსაფრდნენ  სამ ავტობუსს, რომელთაც ქრისტიანი მომლოცველები გადაჰყავდათ კაიროს სამხრეთით მდებარე შორეული უდაბნოს მონასტერში.  დაიღუპა 7 და დაიჭრა 19 ადამიანი. გარდა ამისა, უსაფრთხოების სამსახურების განცხადებით,  ზემოაღნიშნული თავდასხმების გარდა, მათ მოახერხეს რამდენიმე ინციდენტის წინასწარი პრევენცია.[2]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House ეგვიპტეში ზოგადი თავისუფლებების შესახებ 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (რომელიც 2018 წელს მიმდინარე მოვლენებს ასახავს) წერდა, რომ „2014 წლის კონსტიტუციის მე-2 მუხლის მიხედვით, ისლამი ქვეყნის ოფიციალურ რელიგიადაა გამოცხადებული, ხოლო 64-ე მუხლში ნათქვამია, რომ ”რწმენის თავისუფლება არის აბსოლუტური”. ეგვიპტელთა უმეტესობა სუნიტი მუსლიმია, ხოლო კოპტი ქრისტიანები ქმნიან მნიშვნელოვან უმცირესობას. ამას გარდა, ქვეყანაში შედარებით მცირე რაოდენიბით წარმოდგენილნი არიან  შიიტი მუსლიმები, არაკპოტური ქრისტიანული დენომინაციები და სხვა რელიგიური ჯგუფები. ანგარიშის მიხედვით, რელიგიური უმცირესობებისა და ათეისტების ზოგჯერ ექვემდებარებოდნენ დევნასა და ძალადობას, ხოლო განსაკუთრებით კოპტების შემთვევაში ხშირად სახეზე იყო  იძულებითი გადაადგილების, ფიზიკური შეურაცხყოფის, დაბომბვების, ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმებისა და, უკანასკნელი წლების განმავლობაში, ქრისტიანული სალოცავი ადგილების ბლოკირების უამრავი შემთხვევა.[3]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International 2019 წელს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში ეგვიპტეში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ წერდა, რომ მთავრობა კვლავ უზღუდავდა ქრისტიანების თაყვანისცემის უფლებას როგორც კანონების დონეზე, ასევე – პრაქტიკაში. ამას გარდა, ხელისუფლებამ ვერ მოახერა რელიგიურ-სექტარიანულ მოტივით განხორციელებულ ძალადობაში დამნაშავე პირების დასჯა. 3730 სალოცავი ადგილიდან, რომლებმაც ეგვიპტის ახალი „ეკლესიების მშენებლობა-შეკეთების შესახებ“ კანონის თანახმად, განაცხადი შეიტანეს ეკლესიის რეგისტრაციაზე, ხელისუფლებამ მხოლოდ 588 დააკმაყოფილა. ასევე, წლის განმავლობაში, შესაბამისმა ორგანოებმა დახურეს სულ მცირე 4 ეკლესია, მათ შორის ზოგიერთი იმ მოტივით, რომ მათზე ადგილობივი მოსახლეობის მხირდან ხორციელდებოდა თავდასხმები. აპრილში, მას შემდეგ, რაც რამდენიმე ადამიანმა ბენი სოუფის რეგიონის ერთ-ერთ სოფელში ქრისტიანთა სახლები დაწვეს და, ასევე, სცადეს იქ მდებარე ეკლესიაზე თავდასხმა, უსაფრთხოების ძალებმა დააპატიმრეს 20 ქრისტიანი პირი და დაადანაშაულეს თავდასხმასა და ” ძალადობის წაქეზებაში“. მოგვიანებით, ყველა პირი გაათავისუფლეს.

აგვისტოში, უსაფრთხოების ძალებმა დააპატიმრეს ხუთი ქრისტიანი პირი ასუანის ერთ-ერთ სოფელში და დაადანაშაულეს  ”არალიცენზირებულ შენობაში რელიგიური რიტუალების გამართვაში“, მას შემდეგ, რაც ადგილობრივებმა გამართეს დემონსტრაცია, რათა გაეპროტესტებინათ ეკლესიაში ჩატარებული წირვა-ლოცვა. ხელისუფლებამ თავდამსხმელები და აღნიშნული ხუთი პირი მალევე გაათავისუფლა არაფორმალური შეთანხმების შემდეგ.[4]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch ეგვიპტეში ადამიანის უფლებების შესახებ 2019 წელს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში წერდა, რომ „ეგვიპტის ქრისტიანული საზოგადოება, რომელიც მოსახლეობის დაახლოებით 10 პროცენტს მოიცავს და წარმოადგენს შუა აღმოსავლეთის უდიდეს ქრისტიანულ უმცირესობას, ათწლეულების განმავლობაში განიცდის როგორც კანონიერ, ასევე – სოციალურ დისკრიმინაციას. ხელისუფლება რეგულარულად ვერ ახერხებს, დაიცვას ქრისტიანები სექტარულ-რელიგიურად მოტივირებული თავდასხმებისგან და დასაჯოს აღნიშნულ თავდასხმებში დამნაშავე პირები. მაგალითად,  31 აგვისტოს სექტარული ძალადობის ამსახველ ერთ-ერთ ინციდენტში, შეიარაღებულმა ჯგუფმა ხუთი ადამიანი გაიტაცა და გაძარცვა მინას რეგიონის სოფელ დიმშუა ჰაშიმში, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ჭორები, რომ ქრისტიანი მოსახლეობა სოფელში ეკლესიის აშენებას გეგმავდა. ხელისუფლებამ დაზარალებულებზე ზეწოლა მოახდინა, რათა მთავრობის მიერ შუამავლობით მიღებული „შერიგება“-ზე დათანხმებულიყვნენ, რომელიც ერთი მხრივ, გამორიცხავდა დამნაშავეების პასუხისმგებლობას, ხოლო მოერე მხრივ, არ სთავაზობდა ქრისტიან პირებსა და მათ ოჯახებს არანაირ დაცვის მექანიზმს.[5]

[1] United States Department of State – 2018 Report on International Religious Freedom: Egypt; available at

[accessed 22 August 2019]

[2] Australian Government Department of Foreign Affairs and Trade –  DFAT COUNTRY INFORMATION REPORT EGYPT; available at

[accessed 22 August 2019]

[3] Freedom House – Freedom in the world 2018 – Egypt; available at

[accessed 22 August 2019]

[4] Amnesty International – HUMAN RIGHTS IN THE MIDDLE EAST AND NORTH AFRICA: REVIEW OF 2018 – Egypt; available at

[accessed 22 August 2019]

[5] Human Rights Watch – World Report 2019 – Egypt; available at

[accessed 22 August 2019]

ეგვიპტე. ლგბტ პირების მიმართ არსებული დამოკიდებულება. აგვისტო, 2019

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის კანონმდებლობა კონკრეტულად არ განსაზღვრავს ერთსქესიანთა კავშირს დანაშაულად, პოლიციას აძლევს საშუალებას, ლგბტ პირები დააპატიმროს ისეთი დანაშაულებისთვის, როგორიცაა „გარყვნილება“, „პროსტიტუცია“ და „რელიგიური სწავლებების დარღვევა“; პატიმრობის ვადამ კი შესაძლოა 10 წელი შეადგინოს. ადგილობრივი უფლებადამცველი ჯგუფის ინფორმაციით, მსგავსი ბრალდებებით დაკავების 250 შემთხვევაზე მეტი დაფიქსირდა 2013 წლიდან მოყოლებული.

ხელისუფლება არ იყენებს ანტიდისკრიმინაციულ კანონს ლგბტ პირების დასაცავად. სამართლებრივი დისკრიმინაცია და სოციალური სტიგმა არ აძლევს ლგბტ პირებს საკუთარი უფლებების საჯაროდ დაცვის საშუალებას. ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი სექსუალური ორიენტაციის გამო ოფიციალური ან პირადი დისკრიმინაციის შესახებ დასაქმების, განსახლების, მოქალაქეობის, განათლებასა თუ ჯანდაცვაზე წვდომის მიმართულებით. ასევე, ხელისუფლების მხრიდან არ გადადგმულა ნაბიჯები შესაძლო დისკრიმინაციის წინააღმდეგ. 2017 წელს მედიის უზენაესმა საბჭომ, რომელიც ნახევრად სამთავრობო უწყებაა, აკრძალა მედია საშუალება, რომელიც მხარს უჭერდა ლგბტ პირებს და მათ უფლებებს.

2018 წლის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაციები ლგბტ პირების დაპატიმრებებისა და შევიწროვების შესახებ. შიში და დაპატიმრების რისკი ზღუდავს ღიაობას და ხელს უწყობს თვითცენზურის დაწესებას. უფლებადამცველი ჯგუფები და აქტივისტები ავრცელებენ ინფორმაციას პოლიციის მხრიდან ძალადობის, მათ შორის ფიზიკური შეურაცხყოფის და დაპატიმრების თავიდან აცილების სანაცვლოდ ქრთამის გადახდის ან სხვა ლგბტ პირების იდენტიფიცირებაში დახმარების იძულების შესახებ.

ვრცელდებოდა სანდო ინფორმაცია, რომ ხელისუფლება იყენებდა სოციალურ მედიას, გაცნობის საიტებს და სატელეფონო აპლიკაციებს სექსუალური უმცირესობების და მათი შეკრების ადგილების ამოსაცნობად; გასული ორი წლის განმავლობაში მრავლად დაიხურა საჯარო ადგილები, სადაც ლგბტ პირების მიმართ მეგობრული ატმოსფერო სუფევდა.

2018 წლის იანვარში პოლიციამ ალექსანდრიაში 10 პირი დააპატიმრა გარყვნილებისა და ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებებით. პოლიციის ანგარიშში ეწერა, რომ ერთერთი პირი აქირავებდა ბინას მამაკაცებისთვის, რომლებიც „ეძებდნენ სიამოვნებას მამაკაცებისგან“.

უფლებადამცველი ჯგუფები აცხადებდნენ, რომ ხელისუფლება, მათ შორის სამედიცინო უწყებები, აიძულებდნენ პირებს ანალური გამოკვლევების ჩატარებას. კანონი უშვებს ასეთ პრაქტიკას გარყვნილების შემთხვევების დროს.[1]

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „Amnesty International“ 2019 წლის ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ ხელისუფლება აპატიმრებს და სისხლის სამართლის წესით დევნის ლგბტ პირებს მათი რეალური ან მიწერილი სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის გამო. 2018 წლის თებერვალში დააპატიმრეს ორი მამაკაცი და ისინი დაადანაშაულეს „საჯარო უხამსობაში“. ბრალდებამ საბოლოოდ ისინი გაათავისუფლა, მას შემდეგ, რაც დააჯარიმა ლიცენზიის გარეშე წვეულების მოწყობისთვის. ასევე თებერვალში დააპატიმრეს და დააკავეს 9 მამაკაცი პროსტიტუციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონის დარღვევისთვის.[2]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2019 წლის ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ ქვეყნის კონსტიტუცია და კანონმდებლობა უზრუნველყოფს პოლიტიკურ უფლებებს ყველა მოქალაქისთვის განურჩევლად რელიგიისა, გენდერისა, რასისა, ეთნიკური წარმოშობისა და სხვა განსხვავებულობისა. მიუხედავად ამისა, ქალები, ქრისტიანები, შიიტი მუსლიმები, განსხვავებული კანის ფერის ხალხი და ლგბტ პირები არაპირდაპირი დისკრიმინაციის ობიექტები არიან და მათი პოლიტიკური ჩართულობა სხვადასხვა ზომით იზღუდება.

მიუხედავად იმისა, რომ ერთსქესიანთა კავშირი პირდაპირ არ არის აკრძალული, ლგბტ პირებს ადანაშაულებენ პროსტიტუციასა და გარყვნილებაში. მას შემდეგ რაც 2017 წელს, ერთერთ კონცერტზე, ცისარტყელის დროშა ააფრიალეს, ხელისუფლებამ ლგბტ პირების დარბევა დაიწყო; დააკავეს 60-მდე პირი. ვრცელდებოდა ინფორმაციები საპატიმროებში მათზე ძალადობის შესახებ. ბევრ მათგანს 6 წლამდე პატიმრობა მიესაჯა. ლგბტ პირების დევნა გრძელდებოდა 2018 წელსაც – პოლიცია იყენებდა გაცნობის აპლიკაციას (Grindr), რათა ამოეცნო გეი მამაკაცები და სხვადასხვა მედია საშუალება ავრცელებდა ისტორიებს ლგბტ პირების მიმართ მტრული დამოკიდებულების გასაღრმავებლად.[3]

[1] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2018 – Egypt, 13 March 2019

 (accessed on 7 August 2019)

[2] AI – Amnesty International: Human rights in the Middle East and North Africa: Review of 2018 – Egypt [MDE 12/9916/2019], 26 February 2019

 (accessed on 7 August 2019)

[3] Freedom House: Freedom in the World 2019 – Egypt, 4 February 2019

 (accessed on 7 August 2019)

ეგვიპტე. გამოხატვის თავისუფლების კუთხით არსებული სიტუაცია. ივლისი, 2019

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ 2019 წელს გამოქვეყნებულ ყოვეწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2018 წელი) წერს, რომ „მოქალაქეები გამოხატავდნენ საკუთარ აზრს  მრავალ პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხზე. თუმცა, მიუხედავად ამისა, მთავრობა, მისდამი კრიტიკულად განწყობილ პირებს სისხლისსამართლებრივ დევნას უქვემდებარებდა, ძირითადად, ძალადობისკენ მოწოდების, რელიგიის შეურაცხყოფის, საჯარო მოხელეთა და დაწესებულებათა (მაგ. სასამართლო, არმია, ა.შ.) შეურაცხყოფისა ან საჯარო მორალის დარღვევის ბრალდებების საფუძველზე.“ ამას გარდა, ანგარიშში ასევე საუბარია, რომ პირები ფართოდ იყენებდნენ სოციალურ მედიის ვებ-გვერდებს (Twitter, Facebook), რათა გამოეხატათ საკუთარი კრიტიკული დამოკიდებულება მთავრობისა და უსაფრთხოების ძალების მიმართ“.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2019 წლის ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერდა, რომ მთავრობა აგრძელებდა მის მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირთა სისხლისამართლებრივ დევნასა და დაპატიმრებას, მათ შორის, ჟურნალისტებისა და ბლოგერების მიმართ.  ამას გარდა, ანგარიშის მიხედვით „სამთავრობო უწყებებმა გამოიყენეს კონტრ-ტერორისტული და საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონმდებლობა და სასამართლოები, რათა უსამართლო სისხსლისსამართლებრივი დევნა დაეწყოთ  იმ ჟურნალისტების, აქტივისტებისა თუ, ზოგადად, კრიტიკოს პირთა წინააღმდეგ, რომლებმაც საკუთარი აზრი მშვიდობიანი ფორმით გამოხატეს“.[2]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2018 წლის 1-ელ ნოემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც უშუალოდ ეხება ეგვიპტეში პრესისა და ინტერნეტ თავისუფლების კუთხით არსებულ სიტუაციას, წერდა, რომ ქვეყანაში ინტერნეტის თავისუფლების კუთხით სიტუაცია კვლავ გაუარესდა 2018 წელს, გაიზარდა რა ონლაინ-ცენზურა, ხოლო მრავალი პირი დაკავებული ან დაპატიმრებული იქნა ონლაინ სივრცეში საკუთარი აზრის გამოხატვისთვის.

ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის აპრილსა და სექტემბერში, ეგვიპტის 17 ქალაქიდან 240 პირი იქნა დაკავებული სოციალური მედიის საშუალებით პრეზიდენტი სისის მიმართ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების გამო. ასევე 2017 წელს, კოპტ ქრისტიან ენდრიუ სალეებს მიუსაჯეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა „ტერორიზმის ხელშეწყობისთვის“, მას შემდეგ, რაც მან სოციალურ ქსელ Facebook-ზე პრეზიდენტი სისი გააკრიტიკა და ასევე, მოსახლეობის მოუწოდა, გამოეხატათ პროტესტი ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო.

ამას გარდა, 2017 წლის ნოემბერში, ბლოგერი და ფართო საზოგადოებისთვის ცნობადი პირი – ისლამ ალ-რაფაეი, რომელიც პოლიტიკური და სოციალური თემების მიმართ სარკასტული კომენტარებით იყო ცნობილი, „ტერორისტული ჯგუფის წევრობისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მოწოდებების“ ბრალდებით, დააკავეს.

ასევე, 2017 წლის ნოემბერში დააკავეს მოჰამედ იბრაჰიმი, ცნობილი აქტივისტი და ბლოგერი. ის რამდენიმე საათში გაათავისუფლეს, თუმცა 2018 წლის აპრილში კვლავ დააკავეს და დღემდე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. (შესაბამის სამსახურებს მისი დაკავების მიზეზი არ განუმარტიათ, თუმცა, აღსანიშნავია, რომ დაკავებამდე იბრაჰიმა საკუთარ youtube ბლოგზე განათავსა მასალები, სადაც იკვეთება ეროვნული უსაფრთხოების ძალების მონაწილეობა წამებისა და იძულებითი გაუჩინარებების ფაქტებში. ამას გარდა, მან გააკრიტიკა გასულ წელს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები.[3]).

2018 წლის მაისში დააკავეს ცნობილი ბლოგერი და ჟურნალისტი ვაელ აბბასი. მას ბრალი დასდეს ყალბი ინფორმაციის გავრცელებასა და უკანონი ჯგუფის წევრობაში. აბასი წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ აქტივისტს, რომელიც ცნობილია პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტების ამსახველი მასალების დოკუმენტირებითა და გამოქვეყნებით.

2018 წლის მაისში, აქტივისტი ამალ ფატჰი დააკავეს მას შემდეგ, რაც საკუთარ Facebook გვერდზე განათავსა ვიდეო, სადაც აკრიტიკებდა ეგვიპტის მთავრობას იმის გამო, რომ ის ვერ უზრუნველყოფდა ქალთა დაცვას სექსუალური შევიწროებისგან და ვერ აუმჯობესებდა ადამიანის უფლებებისა და სოციო-ეკონომიკური კუთხით არსებულ მდგომარეობას.

აქტივისტი შადი ალ-გჰაზალი დაკავებულ იქნა 2018 წლის მაისში, პრეზიდენტის შეურაცხყოფის, კანონით აკრძალული ჯგუფის წევრობისა და ყალბი ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით. მან სოციალურ ქსელ Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, საუდის არაბეთისთვის კონკრეტული კუნძულების გადაცემის გამო, ეგვიპტის მთავრობა გააკრიტიკა.

ასევე, დაპატიმრებულ იქნა სამი ანანი – ეგვიპტის ეროვნული არმიის შტაბის ყოფილი ხელმღვანელი, მას შემდეგ, რაც მან საკუთარ Facebook გვერდზე განათავსა ვიდეო, რომელშიც აცხადებდა საკუთარ სურვილს, მონაწილეობა მიეღო 2018 წლის მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში. ვიდეოში ის მოუწოდებდა სამოქალაქო და სამხედრო დაწესებულებებს, შეენარჩუნებინათ ნეიტრალური დამოკიდებულება ყველა იმ პირის მიმართ, ვინც არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა და არ დაეკავებინათ იმ პრეზიდენტის მხარე, რომელიც თანამდებობას რამდენიმე თვეში დატოვებდა.

ამას გარდა, 2018 წლის ივლისში ლიბანელ ტურისტს – მონა ელ-მაზბოჰის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამის მიზეზი გახდა მის მიერ სოციალურ ქსელ Facebook-ზე  ატვირთული ვიდეო, სადაც ის ჩიოდა სექსუალური შევიწროების, ქურდობისა და ქვეყანაში არსებული ცუდი რესტორნების სერვისის გამო. ის დამნაშავედ ცნეს „საზოგადოებისთვის ზიანის მომტანი ჭორების მიზანმიმართული გავრცელების, რელიგიის შეურაცხყოფის და საჯარო უზნეობის“ ბრალდებებისთვის.[4]

[1] United States Department of State – Country Report on Human Rights Practices 2018 – Egypt; 13 March 2019; available at

[accessed 10 July 2019]

[2] Human Rights Watch – World Report 2019 – Egypt; published 17/01/2018; available at

[accessed 11 July 2019]

[3] Frontline Defenders – Case of Mohamed Ibrahim; available at https://www.frontlinedefenders.org/en/case/mohamed-ibrahim-detained [accessed 11 July 2019]

[4] Freedom House  – Freedom on the Net 2018 – Egypt; published 1 November 2018; available at

[accessed 12 July 2019]

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 16-23 ივნისი, 2019

იემენის კრიზისი – ჰუსიტებმა საუდის არაბეთის ორი აეროდრომი დრონებით დაბომბეს. ამით ჰუსიტებმა თაიზის პროვინციაში მშვიდობიან მოსახლეობაზე საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის მიერ მიტანილ იერიშს უპასუხეს, რომელსაც 9 ადამიანი ემსხვერპლა. ჰუსიტების განცხადებით, საუდელმა საჰაერო ძალებმა 2018 წლის დეკემბერში გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაარღვიეს. იემენში მეოთხე წელია სამოქალაქო ომი მიმდინარეობს.[1]

13 წლის ასაკში დაკავებული საუდელი ბიჭი სიკვდილით დასჯას გადაურჩა – ახლა მურთაჯა ქურეირისი 18 წლისაა და მას ბრალად ედებოდა 10 წლის ასაკში თავის აქტივისტ ძმასთან ერთად ყოფნა, რომელმაც ავამიას პოლიციის განყოფილებას მოლოტოვის კოქტეილი ესროლა. პატარა ქურეირისის კიდევ ერთი ბრალდება ის იყო, რომ თავისი ძმის დაკრძალვას დაესწრო. საერთო ჯამში, მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ქურეირისი ციხეს 2022 წელს დატოვებს, რადგან ამ დრომდე საპატიმროში გატარებული ვადა, მას საერთო სასჯელის ვადაში ჩაეთვალა.[2]

ნიგერიაში მომხდარ აფეთქებას მინიმუმ 30 ადამიანი ემსხვერპლა – შემთხვევა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ბორნოში მოხდა. დაშავებულია კიდევ 40 ადამიანი. ბომბები მაშინ გააქტიურდა, როდესაც გულშემატკივრები ფეხბურთის მატჩს ადევნებდნენ თვალს. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ბოკო ჰარამმა“ აიღო.[3]

ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი მოჰამედ მორსი სასამართლო დარბაზში გარდაიცვალა – მან მგრძნობელობა სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ დაკარგა. ბრალდება ჯაშუშობას ეხებოდა. მორსი 67 წლის იყო. ის თანამდებობიდან 2013 წელს გადააყენეს. მას ბრალად ედებოდა დაჯგუფება „ჰამასთან“ და „ჰეზბოლასთან“ ერთად ციხიდან მასობრივი გაქცევის საქმეში მონაწილეობა. ექს-პრეზიდენტი გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში კაიროს აღმოსავლეთ ნაწილში დაკრძალეს. ხელისუფლებამ საჯარო დაკრძალვაზე უარი განაცხადა.[4]

ვენესუელის კრიზისი – ვენესუელა-კოლუმბიის საზღვარზე მომხდარ აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა. ინციდენტი დასახლებულ პუნქტში, სოფელ ბოკა-დე-გრიტაში მოხდა. უცნობმა პირებმა რამდენიმე ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედეს. კოლუმბიის ხელმძღვანელობამ უკვე დააკავა ორი კაცი, რომლებმაც სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით საზღვარი უკანონოდ გადალახეს. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებები სხვადასხვა კრიმინალური დაჯგუფების შორის არსებულ დაპირისპირებებს უკავშირდება, რომლებიც საზღვრის გასწვრივ საწვავის კონტრაბანდით არიან დაკავებული.[5]

[1] Reuters; Yemen’s Houthis target two Saudi airports with multiple drone attacks; 15 June, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-yemen-security-saudi-drone/yemens-houthis-target-two-saudi-airports-with-multiple-drone-attacks-idUSKCN1TG0M3?il=0

[2] CNN; Saudi teenager arrested at 13 spared from execution, source says; By Muhammad Darwish and Tamara Qiblawi; 16 June, 2019; available at: https://edition.cnn.com/2019/06/16/middleeast/murtaja-qureiris-saudi-teen-execution-intl/index.html

[3] BBC; Nigeria suicide blast kills 30 at video hall in Borno; 17 June, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-africa-48660150

[4] BBC; Egypt’s Mohammed Morsi: Ex-leader buried after court death; 18 June, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-48672096

[5] იმედის ახალი ამბები; ვენესუელა-კოლუმბიის საზღვარზე აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა; 19 ივნისი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/109087/venesuelakolumbiis-sazgvarze-apetqebebs-12-adamiani-emskhverpla

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 8-15 ივნისი, 2019

აღმოსავლეთ უკრაინაში ორი სამხედრო დაიღუპა – ოფიციალური კიევის მტკიცებით, რუსულმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 7 ივნისს 28-ჯერ დაარღვია. ორმხრივი სროლისას დაიღუპა ორი სამხედრო და დაიჭრა 12 ჯარისკაცი, მათგან 5-ის მდგომარეობა მძიმეა.[1]

თეირანში 500-ზე მეტი რესტორანი ისლამის პრინციპების დაუცველობის დამო დახურეს – ირანის დედაქალაქში რეიდი 547 რესტორანსა და კაფეში ჩატარდა. რამადანის ბოლო კვირაში დაწესებულებები ისლამური წესების დაუცველობის გამო დალუქეს. დაკავებულია 11 მფლობელი.[2]

ინდოეთში 8 წლის მუსლიმი გოგოს გაუპატიურებაში, წამებასა და მკვლელობაში ბრალდებული 8 კაციდან 6 სასამართლომ დამნაშავედ ცნო – მათგან სამს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. მსხვერპლი ბავშვი ინდოეთში მცხოვრები მუსლიმი მომთაბარე ტომიდან იყო. ის 2018 წლის იანვარში ქალაქ კატჰუასთან მდებარე ტყეში იპოვეს. ეს ამბავი ინდური მედიის ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ადვოკატებმა და მემარჯვენე ჯგუფებმა საქმეზე ბრალდებული 8 ადამიანის დაკავება გააპროტესტეს. საქმეზე დაკავებულებს შორის იყო ერთ ერთი მსჯავრდებულის შვილიც, თუმცა სასამართლომ ის გაამართლა. დანარჩენ ბრალდებულებს შორის კი არიან როგორც ყოფილი პოლიციელები, ასევე საჯარო სამსახურის თანამშრომლები და არასრულწლოვანი. მისი სასამართლო პროცესი ცალკე გაიმართება, რადგან 18 წელს მიუღწეველი პირია.

როგორც გამოძიების პროცესში ითქვა, ბრალდებულებს ბავშვის გამოყენებით სურდათ ის ტომი, რომელსაც ბავშვი წარმოადგენდა (მათ გუჯარებს უწოდებენ), დაეშინებინათ და ტერორის ქვეშ ჰყოლოდათ. როგორც მოკლული გოგოს მშობლებმა სასამართლოზე თქვეს, მათი ოჯახი კატჰუში თავს დაუცველად გრძნობს, სადაც საზოგადოების დიდი ნაწილი ინდოელებისგან შედგება.

BBC-ის ინფორმაციით, 2018 წლის მონაცემებით, ინდოეთში ყოველ 155 წუთში ერთხელ 16 წლამდე ბავშვს,  ყოველ 13 საათში ერთხელ კი 10 წლამდე ბავშვს აუპატიურებენ. 2012 წელს ინდოეთში ბავშვებზე სექსუალური ძალადობის 8,541 შემთხვევა დაფიქსირდა, ეს მაშინ, როდესაც 2016 წელს მაჩვენებელი 19,765 იყო. 2015 წელს ინდოეთში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 10 000-ზე მეტი ბავშვი და მოზარდი გახდა. ამასთან, ინდოეთში 240 მილიონამდე ქალმა ოჯახი 18 წლამდე შექმნა. ბავშვებზე სექსუალური მოძალადეების 50% მსხვერპლისთვის ნაცნობები ან ოჯახისთვის ნდობით აღჭურვილი ადამიანები არიან.[3]

ვენესუელაში სამხედრო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით 17 ადამიანი დააკავეს – ვენესუელის გენერალურმა პროკურატურამ, 30 აპრილს მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით, 17 ადამიანს ბრალი წაუყენა. „გამოძიება 34 ადამიანის მიმართ მიმდინარეობს, მათგან 17 დაკავებულია. ვენესუელაში ვითარება განსაკუთრებით იანვარში დაიძაბა, როდესაც აშშ-ის მხარდაჭერილმა ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა. მადუროს ხელისუფლების პირობებში ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად ცნო. მიმდინარე წლის აპრილში გუაიდოს მხარი სამხედროების ჯგუფმა დაუჭირა, რის შემდეგაც ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები განახლდა. პოლიციასთან შეტაკებების შედეგად დაიღუპა 5 და დაშავდა ასობით ადამიანი.[4]

ეგვიპტეში ტერორიზმის ბრალდებით 296 ადამიანი გაასამართლეს – 32 მათგანს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. მოსამართლის განცხადებით, დამნაშავეები ეგვიპტის პრეზიდენტის აბდელ ფატაჰ ალ-სისის მოკვლას 2014 წელს საუდის არაბეთში ვიზიტისას გეგმავდნენ. დანარჩენ 264 ადამიანს 3-დან 15 წლამდე პატიმრობა მიესაჯა.[5]

სომალის დედაქალაქში ორი ძლიერი აფეთქება მოხდა – მოგადიშუს ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა.  კიდევ ერთი აფეთქება, რომლის შედეგადაც არავინ დაშავებულა, აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[6]

[1] UNIAN; Donbas warzone update: Number of attacks on Ukraine almost doubles; 8 June, 2019; available at: https://www.unian.info/war/10579224-donbas-warzone-update-number-of-attacks-on-ukraine-almost-doubles.html?fbclid=IwAR2LtMn2A50Yvow76_qu3e5T85hOe1utoR7tfjNBJrX_xpk3Sn7AfLU9gOY

[2] DW; Tehran shuts hundreds of restaurants for flouting Islam; By Nik Martin; 9 June, 2019; available at: https://www.dw.com/en/tehran-shuts-hundreds-of-restaurants-for-flouting-islam/a-49118896?fbclid=IwAR0x2xOe0np5i_lxjsRJfARI_HCw07b7sYqH-IQqDaWr1XqU8MccLaq__9Q

[3] BBC; Kathuna child rape and murder: Three men given life sentences; 10 June, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-india-48552354?fbclid=IwAR3u3ERGGxIO4s6qml6D52d3FSUqs4175svg9hQ5NJ1QL5tUnihr-A0Pg_A

[4] France 24; Venezuela says 17 arrested and charged over anti-Maduro coup; 11 June, 2019; available at: https://www.france24.com/en/20190611-venezuela-says-17-arrested-charged-over-anti-maduro-coup

[5] იმედის ახალი ამბები; ეგვიპტეში ტერორიზმის ბრალდებით 296 ადამიანი გაასამართლეს; 12 ივნისი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/108525/egvipteshi-terorizmis-braldebit-296-adamiani-gaasamartles

[6] იმედის ახალი ამბები; სომალის დედაქალაქში ორი ძლიერი აფეთქება მოხდა; 15 ივნისი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/108783/somalis-dedaqalaqshi-ori-dzlieri-apetqeba-mokhda

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 16-23 მაისი, 2019

ამერიკულმა ნავთობკომპანიამ „ExxonMobil“ ერაყიდან 30 უცხოელი ინჟინრის ევაკუაცია განახორციელა – ნავთობკომპანიის განცხადებით, თანამშრომლები დუბაიში გადაიყვანეს, რადგან ეს მათი უსაფრთხოებისთვის იყო საჭირო. კომპანიის თქმით, აღნიშნული ფაქტი ერაყში აღმოსავლეთ კურნას ნავთობსადენზე ნედლეულის მოპოვებაზე გავლენას ვერ მოახდენს. კომპანიის „ExxonMobil“ ნავთობსადენზე 1700 ადამიანი მუშაობს. ევაკუაციის შესახებ გადაწყვეტილება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ქმედებამ განაპირობა – გასულ კვირას აშშ-ირანის დაძაბულობის ფონზე, სახელმწიფო დეპარტამენტმა ერაყიდან დაქირავებული სახელმწიფო მოხელეები გამოიწვია.[1]

უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 21 ივლისს გაიმართება – შესაბამისი განკარგულება ქვეყნის მეექვსე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსცა. პრეზიდენტი არჩევნების ფინანსურ უზრუნველყოფას მინისტრთა კაბინეტს ავალებს. რამდენიმე დღეში მან პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებს ითვალისწინებდა – საარჩევნო ბარიერის 5-დან 3%-მდე დაწევას და მაჟორიტარული წესით არჩევნების გაუქმებას. აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტმა დღის წესრიგში არ შეიტანა. საჭირო 226 ხმიდან პრეზიდენტის ინიციატივას მხარი მხოლოდ 92 დეპუტატმა დაუჭირა.[2]

ეგვიპტეში ტურისტების ავტობუსთან აფეთქება მოხდა – ინციდენტის შედეგად არავინ დაღუპულა; 16 ადამიანმა მცირე დაზიანებები მიიღო. აფეთქება გიზის პირამიდებთან ახლოს, ეროვნულ მუზეუმთან მოხდა, რომლის სიახლოვესაც იდგა ტურისტების ავტობუსი. ბოლო პერიოდში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც აფეთქებისას ტურისტები დაშავდნენ. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[3]

[1] CNN; ExxonMobil evacuates 30 engineers from Iraq, Basra Oil Company says; By Aqeel Najim and Victoria Cavaliere; 18 May, 2019; available at: https://edition.cnn.com/2019/05/18/business/exxon-iraq-evacuation/index.html

[2] უკრაინული „პრავდა“; რადამ არჩევნების შესახებ ზელენსკის კანონი ჩააგდო; 22 მაისი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.pravda.com.ua/rus/news/2019/05/22/7215800/

[3] BBC; Egypt explosion: Tourists on bus injured near Giza pyramids; 19 May, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-48328793

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 24-30 აპრილი, 2019

ტრამპი „მუსლიმთა საძმოს“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას ითხოვს – 9 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტი ეგვიპტის პრეზიდენტს თეთრ სახლში შეხვდა. ამის შემდეგ კი ტრამპის ადმინისტრაციამ დიპლომატებსა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ უწყებებს ამ საკითხზე მუშაობა დაავალა. „მუსლიმთა საძმო“ ტრადიციული სუნიტური ისლამური ორგანიზაციაა, რომელიც ეგვიპტეში 1928 წელს დაარსდა. ორგანიზაცია ეგვიპტეში აკრძალულია და ტერორისტული ორგანიზაციების სიაშია შეყვანილი; ისევე როგორც ბაჰრეინში, რუსეთში, სირიაში, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.[1]

თურქეთში ცნობილ კარიკატურისტს პატიმრობა მიუსაჯეს – ოპოზიციური გამოცემის „Cumhuriyet“ 6 ყოფილ ჟურნალისტს, მათ შორის ცნობილ კარიკატურისტ მუსა კარტს პატიმრობა მიუსაჯეს. მათ ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში დასდეს ბრალი. მუსა კარტმა სახელი რეჯეფ ტაიპ ერდოღანის კარიკატურებით გაითქვა.[2]

ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით თურქეთში 115 სამხედრო დააკავეს – ოპერაციის ფარგლებში 55 ეჭვმიტანილი სტამბოლში, 60 კი სხვადასხვა პროვინციაში დააკავეს. კიდევ 95 სამხედროზე ძებნაა გამოცხადებული. ყველა დაკავებული მოქმედი სამხედროა. თურქეთის ხელისუფლება ფეთჰულა გიულენს 2016 წელს გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.[3]

შრი-ლანკაზე კიდევ 3 აფეთქება მოხდა – ამჯერად აფეთქებები ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ კალმუნიასთან ახლოს მოხდა, სადაც ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს. ტერაქტების სერია შრი-ლანკაზე 20 აპრილიდან დაიწყო. დაღუპულთა რაოდენობა რამდენიმე ასეულს აჭარბებს.[4]

სუდანში სამხედროები და დემონსტრანტები საერთო საბჭოს შექმნაზე შეთანხმდნენ – საბჭოში შევლენ როგორც სამხედროები, ასევე სამოქალაქო პირები. საბჭოს საქმიანობისა და ფუნქციონირების პროცედურებზე მსჯელობა შემდგომში გაიმართება. სუდანში აქციები 6-7 აპრილიდან დაიწყო და პრეზიდენტის გადადგომით დამთავრდა. ქვეყანაში ორწლიანი გარდამავალი პერიოდი გამოცხადდა. ამ ხნის განმავლობაში ქვეყანას სამხედრო საბჭო მართავს.[5]

[1] The New York Times; Trump pushes to designate Muslim Brotherhood a terrorist group; 30 April, 2019; available at: https://www.nytimes.com/2019/04/30/us/politics/trump-muslim-brotherhood.html

[2] AP; 6 Turkish journalists sent to jail after losing appeals; 25 April, 2019; available at: https://apnews.com/0ef9a481eb9541b98e16a22ea2943c51

[3] იმედის ახალი ამბები; თურქეთში გიულენთან კავშირის ბრალდებით 115 სამხედრო დააკავეს; 26 აპრილი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/103961/turqetshi-giulentan-kavshiris-braldebit-115-samkhedro-daakaves

[4] CNN; Sri Lanka imposes extended curfew after security forces found ISIS flags and explosives; By Ivan Watson, Rebecca Wright and Ajith Champika; 26 April, 2019; available at: https://edition.cnn.com/2019/04/26/asia/sri-lanka-bombings-suspect-intl/index.html?fbclid=IwAR3beRyiXSNyVwlpCr1LdP9AsViyujXVpCe9ZTUCGLmh1vg_lWllg3L8uFI

[5] Al Jazeera; Sudan’s military and opposition agree on joint council; 28 April, 2019; available at: https://www.aljazeera.com/news/2019/04/sudan-military-opposition-agree-joint-council-190428060156681.htmlთურ

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 16-23 თებერვალი, 2019

სირიაში აფეთქებას 15 ადამიანი ემსხვერპლა – ორმაგი აფეთქება იდლიბში მოხდა. ინციდენტის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა. დანაღმული მანქანა ქალაქის მთავარ ქუჩაზე აფეთქდა. ადგილზე მაშველების მისვლის შემეგ კი მეორე აფეთქება მოხდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა არვის აუღია.[1]

თურქეთის ხელისუფლებამ ფეთჰულა გიულენთან შესაძლო კავშირის გამო 295 სამხედრო მოსამსახურე დააკავა – მათგან 3 პოლკოვნიკი, 8 მაიორი და ათი ლეიტენანტია. დაკავებულები სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალების წარმომადგენლები არიან.[2]

თურქეთის სააპელაციო სასამართლომ გაზეთ „ჯუმჰურიეთის“ ჟურნალისტების წინააღმდეგ განაჩენი ძალაში დატოვა – მოსამართლის გადაწყვეტილებით, ექვს ჟურნალისტს და კარიკატურისტს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა; ამიტომ მათ განაჩენის გასაჩივრების უფლება აღარ ექნებათ. დანარჩენ ექვს ჟურნალისტს, ვისაც 5 წელზე მეტი მიესაჯა, კიდევ აქვთ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება. დაკავებულები აცხადებენ, რომ საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული და ერდოღანის კრიტიკის აღმოფხვრას ისახავს მიზნად.[3]

სუდანის პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა – მან გაათავისუფლა ფედერალური მთავრობა და თანამდებობები გუბერნატორებს დაატოვებინა. ამ დრომდე პრეზიდენტი პოსტის დატოვებას აპირებდა. ალ-ბაშირი ბოლო კვირების განმავლობაში მიმდინარე ანტი-სამთავრობო აქციაზეა ფოკუსირებული.[4]

დონეცკში სამი აფეთქება მოხდა – სეპარატისტების კონტროლირებად ტერიტორიაზე ერთი აფეთქება იმ სასტუმროსთან ახლოს მოხდა, სადაც ეუთოს დამკვირვებელთა შტაბია განთავსებული. კიდევ 2 აფეთქება ადმინისტრაციულ შენობებთან ახლოს მოხდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.[5]

ეგვიპტეში, სინაის ჩრდილოეთ ნაწილში შეტაკებების დროს 15 სამხედრო დაიღუპა – ორმხრივი სროლის დროს 7 თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.[6]

[1] ABC News; Syria twin blasts in rebel-held city of Idlib kill at least 15, including emergency workers; 19 February, 2019; available at: https://www.abc.net.au/news/2019-02-19/syria-twin-blasts-kill-at-least-15-idlib/10824558

[2] 1TV; თურქეთის ხელისუფლებამ ფეთჰულა გიულენთან შესაძლო კავშირის გაო 295 სამხედრო მოსამსახურე დააკავა; 22 თებერვალი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://1tv.ge/news/turqetis-khelisuflebam-fethula-giulentan-shesadzlo-kavshiris-gamo-295-samkhedro-mosamsakhure-daakava/

[3] 1TV; თურქეთის სასამართლომ გაზეთ „ჯუმჰურიეთის“ ჟურნალისტების წინააღმდეგ განაჩენი ძალაში დატოვა; 19 თებერვალი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://1tv.ge/news/turqetis-saapelacio-sasamartlom-gazet-jumhurietis-djurnalistebis-winaaghmdeg-ganacheni-dzalashi-datova/

[4] იმედის ახალი ამბები; სუდანის პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა; 23 თებერვალი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/97506/sudanis-prezidentma-sagangebo-mdgomareoba-gamoatskhada

[5] იმედის ახალი ამბები; დონეცკში 3 აფეთქება მოხდა; 18 თებერვალი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/97025/donetskshi-3-apetqeba-mokhda

[6] 1TV; ეგვიპტეში, სინაის ჩრდილოეთ ნაწილში შეტაკებებისას 15 სამხედრო დაიღუპა; 16 თებერვალი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://1tv.ge/news/egvipteshi-sinais-chrdiloet-nawilshi-shetakebebisas-15-samkhedro-daighupa/

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 1-7 იანვარი, 2019

ვითარება ავღანეთში – ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე სარ-ე-პულის პროვინციაში თალიბმა ექსტრემისტებმა რამდენიმე ბლოკპოსტზე მიიტანეს იერიში. თავდასხმების შედეგად 27 ავღანელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.[1]

26 ავღანელი პოლიციელი და სახალხო ლაშქრის წევრი დაიღუპა აღმოსავლეთ ავღანეთში უსაფრთხოების ძალების საგუშაგოებზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად. ბაგდის პროვინციის ორ რაიონში თავდამსხმელებმა კოორდინირებული იერიშები წამოიწყეს 6 იანვარს. უსაფრთხოების ძალებმა 15-ზე მეტი თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოახდინეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.[2]

საახალწლო ზავის მიუხედავად აღმოსავლეთ უკრაინაში ჯარისკაცი მოკლეს – ოფიციალური კიევის ინფორმაციით, ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და ორი დაიჭრა დონბასში, უკრაინის ჯარებსა და სეპარატისტებს შორის მომხდარი შეტაკებების დროს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სეპარატისტებმა 1-ელ იანვარს სამჯერ დაარღვიეს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. უკრაინის ჯარებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს და მოკლეს ერთი და დაჭრეს ოთხი სეპარატისტი. თავის მხრივ, სეპარატისტებმა ზავის დარღვევაში კიევი დაადანაშაულეს.[3]

ნიგერის არმიამ „ბოკო ჰარამის“ 300-მდე მებრძოლი გაანადგურა – ექსტრემისტების პოზიციებზე არმიამ იერიში ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ნიგერიის საზღვართან მიიტანა. ნიგერიის თავდაცვის სამინისტროში ასევე განაცხადეს, რომ სპეცოპერაციის დროს არმიას დანაკარგები არ აქვს. „ბოკო ჰარამი“ ისლამისტური დაჯგუფებაა, რომელიც ნიგერიის, ნიგერის, კამერუნისა და ჩადის ტერიტორიებზე მოქმედებს. 2015 წელს დაჯგუფებამ ერთგულება გამოუცხადა „ისლამურ სახელმწიფოს“.[4]

ბანგლადეშში ოპოზიციური პარტიისთვის ხმის მიცემის გამო ქალი ჯგუფურად გააუპატიურეს – ბანგლადეშის სასამართლომ 7 კაცი, მათ შორის მმართველი პარტიის ადგილობრივი ლიდერი, ჯგუფური გაუპატიურების ბრალდებით დააკავა. 4 შვილის დედა ირწმუნება, რომ ის ჯგუფურად გააუპატიურეს, რადგან მან ხმა ოპოზიციურ პარტიას მისცა. ქალზე ძალადობას მიტინგები და სოციალურ ქსელში დიდი კრიტიკა მოჰყვა. კაცებმა ბრალდება უარყვეს, პარტიის ლიდერი კი პარტიიდან გარიცხეს. ბანგლადეშში არჩევნები ქაოსის ფონზე ჩატარდა. ბოლო მონაცემებით დაპირისპირების დროს სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა.[5]

საუდელი ქალები განქორწინების შესახებ ცნობას მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიიღებენ – საუდის არაბეთის ხელისუფლებამ სასამართლოებს დაავალა, რომ ქალებს გაყრის შესახებ ცნობა მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაუგზავნონ. ეს წესი ე.წ. საიდუმლო განქორწინებების პრაქტიკას დაუსვამს წერტილს, როცა კაცს ამ გადაწყვეტილების მიღება მეორე ნახევრის საქმის კურსში ჩაუყენებლად, ერთპიროვნულად შეეძლო. ამჯერად ქალები უკვე ინფორმირებულები იქნებიან და ალიმენტის უფლებით სარგებლობაც შეეძლებათ. ეს წესი პრინც მუჰამედ ბინ სალმანის რეფორმების ფარგლებში ამოქმედდება. ამავე რეფორმის ფარგლებში, გასულ წელს ქალებს ავტომობილის მართვის უფლება მისცეს. ამას გარდა, მათ ფეხბურთის მატჩებზე დასწრებაც უკვე შეუძლიათ. თუმცა, კიდევ ბევრი რამ არის ისეთი, რასაც სამეფოში ქალები მეურვე კაცის თანხმობის გარეშე ვერ აკეთებენ. მაგალითად, ვერ იღებენ პასპორტს, ვერ მიდიან საზღვარგარეთ, ვერ ხსნიან საბანკო ანგარიშს, ვერ იკეთებენ გეგმურ ოპერაციას, ვერ თხოვდებიან.[6]

ეგვიპტეში კოპტურ ეკლესიაზე თავდასხმა მოხდა – ბომბი კაიროსთან ახლოს მდებარე ქრისტიანულ ტაძართან აფეთქდა. თავდასხმას ერთი პოლიციელი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. დაღუპული პოლიციელი ბომბის გაუვნებელყოფას ცდილობდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[7]

ეგვიპტის პრეზიდენტმა ახლო აღმოსავლეთში ყველაზე დიდი ქრისტიანული კათედრალი და მეჩეთი ერთდროულად გახსნა – აბდელ ფატაჰ ალ-სისიმ ტაძარი და მეჩეთი ახალ ადმინისტრაციულ დედაქალაქში შობის ღამეს გახსნა. ის ტრადიციულად დაესწრო საშობაო ლიტურგიას და სიტყვით გამოსვლისას თავის თავს ექსტრემისტების წინააღმდეგ ქრისტიანების დამცველი უწოდა. მისი თქმით, ტაძრისა და მეჩეთის ერთდროულად გახსნა ერთიანობის შესახებ გზავნილია. „ჩვენ ვართ და ვიქნებით ერთი“, – თქვა მან. ტაძრის გახსნას ქრისტიანული მრევლი და პატრიარქი ესწრებოდნენ.[8]

[1] New York Times; Taliban attacks in northern Afghanistan kill 27 security officers; By Najim Rahim and Fahim Abed; 1st January, 2019; available at: https://www.nytimes.com/2019/01/01/world/asia/afghanistan-attacks-taliban.html

[2] Radio Free Europe / Radio Liberty; At least 26 killed in Taliban attacks in western, eastern Afghanistan; 7 January, 2019; available at: https://www.rferl.org/a/taliban-attacks-security-posts-in-western-afghanistan-killing-21/29695327.html

[3] იმედის ახალი ამბები; საახალწლო ზავის მიუხედავად აღმოსავლეთ უკრაინაში ერთი ჯარისკაცი მოკლეს; 2 იანვარი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/91716/saakhaltslo-zavis-miukhedavad-agmosavlet-ukrainashi-jariskatsi-mokles

[4] Daily Nation; Niger army kills at least 280 Boko Haram militants: ministry; 3 January, 2019; available at: https://www.nation.co.ke/news/africa/Niger-army-kills-at-least-280-Boko-Haram-militants–ministry/1066-4919334-vs6ndkz/index.html

[5] BBC; Bangladesh election: Gang rape suspects detained; 6 January, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-46775833

[6] BBC; Saudi women to get divorce confirmation by text message; 5 January, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-46770612

[7] BBC; Egypt policeman killed defusing bomb near Coptic church; 6 January, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-46772729

[8] Reuters; Egypt’s Sisi opens mega-mosque and Middle East’s largest cathedral in New Capital; 6 January, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-egypt-religion/egypts-sisi-opens-mega-mosque-and-middle-easts-largest-cathedral-in-new-capital-idUSKCN1P00L9

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 8-15 დეკემბერი, 2018

ეგვიპტეში კოპტებზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი 2 ტერორისტი პოლიციამ მოკლა – კოპტებზე თავდასხმის შემდეგ ტერორისტები უდაბნოში მიიმალნენ, სადაც მათ პოლიციამ მიაგნო. სპეცოპერაციისას სამართალდამცველებმა დიდი რაოდენობით იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღეს. მანამდე, პოლიციასთან შეტაკებისას, ტერაქტში ეჭვმიტანილი 19 ისლამისტი მეომარი დაიღუპა.[1]

სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართა – სომხეთის საარჩევნო კომისიის ოფიციალური საბოლოო მონაცემებით, არჩევნები ნიკოლ პაშინიანის ალიანსმა „ჩემი ნაბიჯი“ მოიგო. პრემიერის კოალიციამ ხმების 70%-ზე მეტი მიიღო და 101-ადგილიან პარლამენტში 88 მანდატი დაისაკუთრა. პაშინიანის განცხადებით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მისი ბლოკი დაწყებულ რეფორმებს გააგრძელებს. მეორე ადგილზე ბიზნესმენ გაგიკ ცარუკიანის „აყვავებული სომხეთი“ გავიდა, რომელმაც ხმების 8%-ზე მეტი მიიღო და 26 მანდატი დაისაკუთრა. პარტიამ წინა არჩევნებთან შედარებით, 5 მანდატით ნაკლები მიიღო. მესამე ადგილზე პრო-დასავლური „ნათელი სომხეთი“ გავიდა – პაშინიანის ყოფილი მოკავშირის ედმონ მარუკიანის პარტიამ ხმების 6%-ზე მეტი მიიღო და პარლამენტში 18 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. სხვა ვერცერთმა პარტიამ ვერ შეძლო 5%-იანი ბარიერის გადალახვა, მათ შორის პარლამენტს მიღმა დარჩა წლების განმავლობაში მმართველი რესპუბლიკური პარტია და პაშინიანის კიდევ ერთი მოწინააღმდეგე „დაშნაკების“ პარტია.[2] [3]

არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის 49%-მა მიიღო მონაწილეობა. დამკვირვებლებმა სომხეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დადებითად შეაფასეს. მათი თქმით, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები და არჩევნები ხასიათდებოდა საზოგადოების მაღალი ნდობით. საერთაშორისო დამკვირვებლების თქმით, არჩევნების ჩატარდა ფართოდ კონკურენტულ გარემოში. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ ხალხის ნდობის გამართლებისა და შემდგომი საარჩევნო რეფორმებისკენ.[4]

ერაყში ისლამურ სახელმწიფოზე გამარჯვების წლისთავი აღნიშნეს – ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს დამარცხების შემდეგ, 2017 წელს, 10 დეკემბერი ქვეყანაში ოფიციალურ დღესასწაულად გამოაცხადეს. ბაღდადში გამართულ ღონისძიებას ერაყის პრემიერ მინისტრი ადელ აბდელ მაჰდი მთავრობისა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.[5]

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა – ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ფატალური ვირუსით 500-მდე ადამიანია დაავადებული. ებოლამ უკვე იმსხვერპლა 290 ადამიანი. ვირუსი დასავლეთ აფრიკაში 2015 წელს გავრცელდა.[6]

ავღანეთში ტერაქტს ბავშვებიც ემსხვერპლნენ – მორიგი ტერაქტის სამიზნე ამჯერად ქაბულის გარეუბანი იყო. დანაღმული ავტომანქანა უსაფრთხოების ძალების კოლონის ჩავლისას აფეთქდა. ტერაქტის შედეგად 12 ადამიანი, მათ შორის 2 ქალი და 2 ბავშვი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის 4 სამხედროა. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება თალიბანმა აიღო.[7]

თურქეთის სირიაში ახალ სპეცოპერაციას იწყებს – სირიის საზღვართან სამხედრო ტექნიკისა და სპეციალური დანიშნულების შენაერთების კონცენტრაცია უკვე დაწყებულია. გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო კოლონა ჰატაის პროვინციისკენ მიემართება. თურქეთის პრეზიდენტის რეფ ტაიპ ერდოღანის თქმით, ეს ნაბიჯი სირიაში სიტუაციის პოლიტიკური გზით დარეგულირებას შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფო სირიელებს საფრთხეს ვეღარ შეუქმნის.[8]

იემენის კრიზისი – იემენში დაპირისპირებულმა მხარეებმა საპორტო ქალაქ ჰოდეიდაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს. გაეროს მხარდაჭერილი სამშვიდობო მოლაპარაკებები შვედეთში გაიმართა. მიზანი თითქმის ოთხწლიანი სამოქალაქო ომის დასრულება იყო. გაერო სექტემბერშიც შეეცადა მსგავსი მოლაპარაკებების გამართვას ჟენევაში, თუმცა უშედეგოდ. იემენში სამხედრო კონფლიქტი 2014 წელს დაიწყო. თითქმის 4-წლიანი ომის შედეგად იემენში 10,000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რის გამოც არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთით მდებარე სახელმწიფო ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა.[9]

[1] Press TV; Egyptian police kill two suspects in November attack on Coptic Christians; 8 December; available at: https://www.presstv.com/Detail/2018/12/08/582369/Egypt-Minya-terror-attack-Minya-Coptic-Christians

[2] Radio Free Europe / Radio Liberty; Armenian Election Commission confirms landslide victory for Pashinian’s Bloc; 16 December, 2018; available at: https://www.rferl.org/a/armenian-election-commission-confirms-landslide-victory-for-pashinian-s-bloc/29658943.html [accessed 14 December 2018]

[3] Radio Free Europe / Radio Liberty; Pashinian alliance scores “Revolutionary Majority” in landslide Armenian win; 10 December, 2018; available at: https://www.rferl.org/a/armenian-elections-pashinian-my-step-sarkisian-hhk/29645721.html [accessed 14 December 2018]

[4] Radio Free Europe / Radio Liberty; Monitors hail Armenian vote, call for further electoral reforms; 10 December, 2018; available at: https://www.rferl.org/a/monitors-hail-armenia-s-snap-polls-call-for-further-electoral-reforms/29647816.html [14 December 2018]

[5] The Wall Street Journal; Iraq marks anniversary of ISIS defeat amid public discontent; By Ghassan Adnan and Isabel Coles; 10 December, 2018; available at: https://www.wsj.com/articles/iraq-marks-anniversary-of-isis-defeat-amid-discontent-over-corruption-governance-1544452820

[6] Express News; Ebola outbreal latest: Thousands of aid workers vaccinated amid epidemic fears; By Tom Nellist; 11 December, 2018; available at: https://www.express.co.uk/news/world/1057482/ebola-outbreak-latest-aid-workers-vaccinations-south-sudan-rwanda-uganda-who

[7] TOLO News; Blast targets security forces convoy in Kabul; 12 killed; 11 December, 2018; available at: https://www.tolonews.com/afghanistan/blast-targets-security-forces-convoy-kabul?fbclid=IwAR3jfQHtGyUUgb_y8IqxXdtESEIAjNgOYcSA7Ciz2qyiWKHBwNYSGXk2V68

[8] Reuters; Turkey to launch operation against US-backed Kurds in Syria in few days; By Ezgi Erkoyun; 12 December, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-mideast-crisis-syria-turkey/turkey-will-start-operation-east-of-euphrates-in-syria-in-a-few-days-erdogan-says-idUSKBN1OB18J

[9] BBC; Yemen war: Truce for lifeline port city of Hudaydah; 13 December, 2018; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-46555059