დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 1-7 მაისი, 2019

კონგოში ებოლას ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ებოლას ვაქცინაზე ექსპერიმენტი ეფექტური აღმოჩნდა და შესაძლოა, მეორე ცდაზე უკვე დაინერგოს კიდეც მისი გამოყენება. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, 110 ათას ადამიანს ჩაუტარდა ვაქცინაცია, თუმცა არიან ადამიანები, მათ შორის ჯანდაცვის მუშაკები, რომლებმაც მის გამოყენებაზე უარი თქვეს.[1]

ეთიოპიაში ეთნიკურ ნიადაგზე შეტაკებებს 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა – დაპირისპირებები ამჰარასა და ბენიშანგულ გუზუმუს რეგიონებში მცხოვრებ ეთნიკურ ჯგუფებს შორის მოხდა. დაშავებულთა რიცხვი 80-ს აჭარბებს. ადგილობრივი პოლიცია მიიჩნევს, რომ სისხლიანი დაპირისპირება რამდენიმე დღის წინ 20 ადამიანის მკვლელობის საპასუხოდ მოხდა.[2]

ავღანეთში პოლიციაზე თავდასხმას 40 ადამიანი შეეწირა –  ინციდენტი ავღანეთის ქალაქ პულ-ი-ხუმპში მოხდა, სადაც თალიბანის მებრძოლები პოლიციის შენობაში შეიჭრნენ. შემთხვევის დროს თვითმკვლელმა ტერორისტმა ცეცხლი გახსნა. გაეროს ცნობით, ავღანეთში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი უკიდურესად მაღალ დონეზე რჩება.[3]

თურქეთში სტამბოლის მერის არჩევნების შედეგები გააუქმეს – არჩევნებში გამარჯვებულმა, ოპოზიციის კანდიდატმა ეკრემ იმამოღლუმ, პოსტი ოფიციალურად დაიკავა 17 აპრილს. თუმცა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე, 6 მაისს, მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ საჩივარი განიხილეს, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ 40 ათას ადამიანს ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდა. სტამბოლში განმეორებითი არჩევნები 23 ივნისს ჩატარდება.[4]

[1] AP; Why this Ebola outbreak is a special challenge; By Cara Anna; 4 May, 2019; available at: https://www.apnews.com/11b490eeeb2247bcb9c41ce75c24fe0d

[2] Africa News; Ethiopia deploys army to curb new deadly ethnic clashes; 3 May, 2019; available at: https://www.africanews.com/2019/05/03/ethiopia-deploys-army-to-curb-new-deadly-ethnic-clashes//

[3] BBC; Afghanistan conflict: Taliban attack northern police headquarters; 6 May, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-48169104

[4] იმედის ახალი ამბები; თურქეთში სტამბოლის მერის არჩევნების შედეგები გააუქმეს; 6 მაისი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/104865/turqetshi-stambolis-meris-archevnebis-shedegebi-gaauqmes

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 1-7 თებერვალი, 2018

საუდის არაბეთში ქალებს რესტორანში მუშაობის უფლება მისცეს – პირველ ეტაპზე ქალები გამოსაცდელი ვადით მუშაობას ქვეყნის 16 რესტორანში დაიწყებენ. გარდა ამისა შეიქმნება სპეციალური საბჭო, რომელიც ამ სფეროში ქალების დასაქმების საკითხზე იმუშავებს. ამ დროისთვის საუდის არაბეთში ქალთა უმუშევრობის მაჩვენებელი 33%-ია. საუდის არაბეთში 13 იანვარს ქალები ფეხბურთის მატჩს პირველად დაესწრნენ. გასული წლის 26 სექტემბერს კი საუდის არაბეთის მეფე სალმანმა განაცხადა, რომ 2018 წლის ივნისიდან ქალები მართვის მოწმობების მიღებას და ავტომანქანების კანონიერად მართვას შეძლებენ. საუდის არაბეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ქალებს მანქანის ტარება ოფიციალურად ეკრძალებოდათ.[1]

ავღანეთში ათობით თალიბი მებრძოლი მოკლეს – ავღანელი ოფიციალური პირების ცნობით, დაზვერვის უწყების ოპერაციის შედეგად, სამხრეთში მდებარე ყანდაარის პროვინციაში 83 თალიბი მებრძოლი მოკლეს. ოპერაციის დროს გაანადგურეს ექსტრემისტების ათობით ავტომანქანა და მოტოციკლი. უცნობია, არის თუ არა მსხვერპლი ავღანელი ჯარისკაცების რიგებში. თალიბანი ოპერაციას არ გამოხმაურებია. 28 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მსოფლიომ თალიბანის და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ გადამწყვეტი ზომები უნდა მიიღოს.[2]

2018 წელს ავღანეთში სამხედრო ოპერაციები აშშ-ს 45 მილიარდი დოლარი დაუჯდება – ამის შესახებ აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ რენდალ შრივერმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული თანხა, მათ შორის მოიცავს ავღანეთში ამერიკული ჯარის ხარჯებს – 13 მილიარდს, ავღანელი სამხედროების ხარჯებს – 5 მილიარდს და ეკონომიკური დახმარებისა და ლოგისტიკისთვის გამოყოფილ 780 მილიონ დოლარს.[3]

ირანის პოლიციამ ჰიჯაბის აქციის გამო 29 ქალი დააკავა – საპროტესტო გამოსვლები ახალგაზრდა ქალებმა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ისლამური ტრადიციების წინააღმდეგ გამართეს. აქციის მონაწილეებმა ქუჩებში თავსაბურავები მოიხსნეს და ამ ფორმით 1979 წელს, ისლამური რევოლუციის შემდეგ ამოქმედებული კანონის გაუქმება მოთხოვეს, რომელიც ქალებს ჰიჯაბის ტარებას ავალდებულებს. პოლიციამ აქტივისტები საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით დააკავა. ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ რეგულაციები უნდა გაუქმდეს და ქალებს მეტი თავისუფლება მიენიჭოთ. ჰიჯაბის ტარების გამო ირანში რამდენიმე ქალი მანამდეც დააკავეს.[4]

ეთნიკურ დაპირისპირებას კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 26 ადამიანი ემსხვერპლა – შეტაკება „ჰემა“ და „ლენდუ“ თემებს შორის ქვეყნის აღმოსავლეთით, იტურის პროვინციაში მოხდა; თავს დაესხნენ ქალაქ ბუნიას. იტურის ადგილობრივმა მთავრობამ ინციდენტი დაადასტურა და განაცხადა, რომ შეტაკების შედეგად სოფლის რამდენიმე მოსახლე დაიღუპა და რამდენიმე სახლი დაიწვა.[5]

აშშ-მა ერაყიდან ჯარის გაყვანა დაიწყო – ბაღდადის მიერ ერაყში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს” დამარცხების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ აშშ-მა ქვეყნიდან ჯარის გაყვანა დაიწყო. ბოლო დღეებში ერაყიდან ავღანეთში თვითმფრინავებით ათობით ჯარისკაცი გადაიყვანეს. მედიის ცნობით, საერთაშორისო კოალიციამ, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს და ერაყის ხელისუფლებამ ჯარის გაყვანის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. შეთანხმების თანახმად, ერაყის ტერიტორიაზე მხოლოდ 4000-მდე ამერიკელი ჯარისკაცი დარჩება, რომლებიც ადგილობრივ სამხედროებს მოამზადებენ. გასული წლის დეკემბრის დასაწყისში ერაყის შეიარაღებული ძალებმა განაცხადეს, რომ ქვეყანა „ისლამური სახელმწიფოსგან“ მთლიანად გათავისუფლებულია. აშშ-მა პირველი ავია იერიში „ისლამურ სახელმწიფოზე“ ერაყში 2014 წლის აგვისტოში მიიტანა და მომდევნო წლებში სერიოზულ მხარდაჭერას უწევდა ერაყის არმიას ყველა მთავარ გამარჯვებაში, მათ შორის მოსულის გათავისუფლებაში, რომელიც ერაყის სიდიდით მეორე ქალაქია.[6]

ყაზახეთში ათეისტებისა და მორწმუნეების გრძნობები გაათანაბრეს – ყაზახეთის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ინიციატივას, რომელიც ადმინისტრაციულ კოდექსში ათეისტების გრძნობების შეურაცხყოფის მუხლის შეტანას გულისხმობდა. იდეის ავტორი, ყაზახეთის რელიგიის სამინისტროა. რესპუბლიკის სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ კოდექსში უკვე არსებობს მუხლი „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის“ შესახებ, თუმცა მათში არ არიან ნახსენები ათეისტები. ათეისტების, ისევე როგორც მორწმუნეების გრძნობების შემლახველი პირი უნდა დაისაჯოს 120 ათასი ტენგეს ოდენობის ფულადი ჯარიმით (327 ამერიკული დოლარი); იურიდიული პირებისთვის ჯარიმის თანხა 481 ათასი ტენგეს ოდენობით განისაზღვრება (1500 ამერიკული დოლარი). რელიგიისა და საზოგადოებრივი კავშირის სამინისტროს ვიცე-მინისტრმა ბერიკ არინმა განაცხადა, რომ მორწმუნეების და ათეისტების გრძნობები უნდა გათანაბრდეს, რადგან საქმე ეხება „პიროვნების ღირსების დაფასებას, მიუხედავად რელიგიის მიმართ მისი დამოკიდებულებისა“. „ეს მოქალაქეების პირადი თავისუფლებაა – სწამდეს ან არ სწამდეს, – და არავის აქვს უფლება მათ შეურაცხყოფა მიაყენოს“, – ამბობს ვიცე-მინისტრი, რომლის თქმითაც, ყაზახეთში უამრავი ადამიანია, რომელიც რელიგიასთან დაკავშირებით ხმამაღლა ვერ ლაპარაკობს.[7]

[1] Khaleej Times; Saudi Arabia; Soon, Saudi Arabia plans to employ women in restaurants; 1st February, 2018; available at: https://www.khaleejtimes.com/region/saudi-arabia/soon-saudi-arabia-plans-to-employ-women-in-restaurants

[2] იმედი; ახალი ამბები; ავღანეთში ათობით თალიბი მებრძოლი მოკლეს; 1-ელი თებერვალი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/46609/avganetshi-atobit-talibi-mebrdzoli-mokles

[3] The Hill; Afghan war will cost $45B in 2018; By Ellen Mitchel; 2 February, 2018; available at: http://thehill.com/policy/defense/overnights/372659-overnight-defense-latest-on-spending-fight-house-passes-stopgap

[4] CNN; Iranian police arrest 29 for involvement in hijab protests; By Eliza Mackintosh; 3 February, 2018; available at: https://edition.cnn.com/2018/02/02/middleeast/iran-arrests-29-women-after-hijab-protest-intl/index.html

[5] Xinhuanet; Africa news; At least 26 killed in inter-ethnic fighting in eastern DRC; 4 February, 2018; available at: http://www.xinhuanet.com/english/2018-02/04/c_136948646.htm

[6] ABC News; Iraqi spokesman confirms US forces drawing down; By The Associated Press; 5 February, 2018; available at: http://abcnews.go.com/International/wireStory/latest-iraqi-spokesman-confirms-us-forces-drawing-52842400

[7] იმედი; ახალი ამბები; ყაზახეთში ათეისტებისა და მორწმუნეების გრძნობები გაათანაბრეს; 7 თებერვალი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/47465/kazakhetshi-ateistebisa-da-mortsmuneebis-grdznobebi-gaatanabres

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 16-23 დეკემბერი, 2017

პაკისტანში ეკლესიაზე თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა – პაკისტანში, ქალაქ კვეტას ეკლესიაში თვითმკვლელი ტერორისტების თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. პოლიციამ შემთხვევის ადგილი ალყაში მოაქცია, რის შემდეგაც თავდამსხმელებსა და სამართალდამცველებს შორის სროლა ატყდა. ბელუჯისტანის შტატის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, თავდასხმაში 2 ტერორისტი მონაწილეობდა. ერთ-ერთი მათგანი ეკლესიაში შესვლამდე მოკლეს, მეორემ კი ტაძარში შეღწევა და ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედება მოახერხა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.[1]

ეთიოპიაში ეთნიკურ დაპირისპირებას 60 ადამიანი ემსხვერპლა – ეთიოპიაში, სომალის საზღვართან მდებარე ორომოს ტომის ერთერთ სოფელზე თავდასხმის შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნული ინფორმაცია ადგილობრივმა მედია საშუალებებმა გაავრცელეს. მათი ინფორმაციით, თავდასხმას ეთნიკური სომალელები ემსხვერპლნენ.  მოგვიანებით, საინფორმაციო საშუალებებმა ხელისუფლებაზე დაყრდნობით დაწერეს, რომ დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე მოხდა.[2]

2017 წელს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას მსოფლიოში 65 ჟურნალისტი დაიღუპა – საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ყოველწლიურ ანგარიშში მედიის წარმომადგენლებისთვის ყველაზე საშიშ ქვეყნებად სირია და მექსიკა დაასახელა. გარდაცვლილთაგან 26 უშუალოდ სამუშაო პროცესში დაიღუპა. ისინი ავია იერიშებს, საარტილერიო ცეცხლსა და თვითმკვლელი ტერორისტების მიერ განხორციელებულ ტერაქტებს ემსხვერპლნენ. 39 კორესპონდენტი კი, რომელთა მასალებიც პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ დანაშაულებრივი ჯგუფების ინტერესებს უქმნიდა საფრთხეს, განზრახ მკვლელობის მსხვერპლია. ქვეყნების ჩამონათვალი ასეთია: სირია (12), მექსიკა (11), ერაყი (9), ავღანეთი (8), ინდოეთი (4), ფილიპინები (4), სომალი (4), რუსეთი (1), მალტა (1), სამხრეთ სუდანი (1), ჰონდურასი (1), დანია (1), კოლუმბია (1), ბრაზილია (1), მიანმარი (1), ბანგლადეში (1).

ყველაზე გახმაურებული მალტელი ჟურნალისტის დაფნე კარუანა გალიციას მკვლელობა გახდა. ჟურნალისტი 16 ოქტომბერს საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს. დაფნე კარუანა გალიცია მთავრობის წევრების, მათ შორის მალტის პრემიერ-მინისტრის ფინანსურ მაქინაციებში ჩართულობის შესახებ ხშირად წერდა. მკვლელობის საქმეზე დაკავებული ათი პირიდან სამს ბრალი აქვს წაყენებული. გარდა ამისა, შვედი ჟურნალისტის კიმ უოლის მკვლელობა, რომელშიც ბრალი უოლის რესპონდენტს და გამომგონებელს პეტერ მედსენს წაუყენეს.

პირველი დეკემბრის მონაცემებით, ინფორმაციის გადაცემასთან დაკავშირებით, მსოფლიო მასშტაბით, 326 ჟურნალისტი დააკავეს, 54 კი ტყვეა, ორი კორესპონდენტი დაკარგულად ითვლება. აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით, წლევანდელი მონაცემები შემცირებულია. 2016 წელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს 74 ჟურნალისტი დაიღუპა. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ინფორმაციით, 2017 წელს მსოფლიოს მასშტაბით დააპატიმრეს 262 ჟურნალისტი, რაც 2016 წლის ისტორიული მაქსიმუმის შემდეგ ახალი რეკორდია. ყველაზე მეტი ჟურნალისტი დააკავეს ჩინეთში (52), თურქეთში (43), სირიაში (24), ირანსა (23) და ვიეტნამში (19).[3]

ავღანეთში თალიბების თავდასხმას 11 ადამიანი ემსხვერპლა – ავღანეთში, ქუნდუზის პროვინციაში თალიბების თავდასხმას 11 ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმის შედეგად 8 პოლიციელი და 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ბოლო პერიოდში ავღანეთში მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. მოძრაობა თალიბანმა მსხვილ ქალაქებზე თავდასხმები დაიწყო. ქვეყნის ტერიტორიაზე გაძლიერდა „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენა.[4]

ერაყში 350 პატიმარი გაუჩინარდა – ქალაქ კირკუკში 350 პატიმარი გაუჩინარდა. დაკარგულ პატიმრებს შორის უმეტესად სუნიტები არიან. აღნიშნული ადამიანები ქურთისტანის ხელისუფლებამ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით დააკავა. მას შემდეგ რაც ერაყმა კირკუკზე კონტროლი დაამყარა, პატიმრების კვალს ვეღარსად მიაგნეს. არსებული ინფორმაციით, 7 ნოემბერს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა აქცია გამართეს, სადაც მთავარი მოთხოვნა მათი დაკავებული ახლობლების შესახებ ინფორმაციის მიღება იყო. 25 სექტემბერს ერაყელმა ქურთებმა რეფერენდუმზე დამოუკიდებლობას მისცეს ხმა. ამ ფაქტის გამო ერაყის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერს ქურთების მიერ კონტროლირებად პროვინციაში არმიის შეყვანა მოსთხოვა. ოქტომბერში ერაყის სპეცრაზმმა ქალაქ კირკუკზე კონტროლი დაამყარა.[5]

საუდის არაბეთში ქალებს მოტოციკლის და სატვირთო მანქანის მართვის უფლებაც მისცეს – 2018 წლიდან, საუდის არაბეთში ქალები, ავტომობილების გარდა, მოტოციკლის და სატვირთო მანქანების მართვასაც შეძლებენ. ქვეყნის ტრანსპორტის სამმართველომ ახალი წესების დეტალები გაასაჯაროვა, რომელიც ქალებისთვის ავტომობილების მართვის აკრძალვის მოხსნას გულისხმობს. სექტემბერში სამეფოში გაიცა განკარგულება, რომლის საფუძველზეც ქალებს მართვის უფლება 2018 წლის ივნისიდან შეეძლებათ. ტრანსპორტის სამმართველოს ცნობით, ქალები სატვირთოების და მოტოციკლის ტარებასაც შეძლებენ და მართვასთან დაკავშირებული აქტები ორივე სქესზე ერთნაირად გავრცელდება. „მძღოლ ქალებს სპეციალურ სარეგისტრაციო ნომრებს მისცემენ“, – აცხადებენ უწყებაში. თუმცა, ქალებს, რომლებიც ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილეები გახდებიან, ან დაარღვევენ საგზაო მოძრაობის წესებს, სპეციალურ ცენტრებში გააგზავნიან, სადაც მხოლოდ ქალები მუშაობენ.[6]

[1] CNN; Suicide bomber kills 7 at church in Pakistan; By Syed Shah and Sophia Saifi; 17 December, 2017; available at: http://edition.cnn.com/2017/12/17/asia/pakistan-quetta-church/index.html

[2] იმედის ახალი ამბები; ეთიოპიაში ეთნიკურ დაპირისპირებას 60 ადამიანი ემსხვერპლა; 18 დეკემბერი, 2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/40619/etiopiashi-etnikur-dapirispirebas-60-adamiani-emskhverpla

[3] Radio Free Europe – Radio liberty; RSF: Syria, Iraq, Mexico are most dangerous for journalists, but deaths decreasing; 19 December, 2017; available at: https://www.rferl.org/a/reporters-without-borders-journalists-deaths-2017/28926294.html

[4] იმედის ახალი ამბები; ავღანეთში თალიბების თავდასხმას 11 ადამიანი ემსხვერპლა; 20 დეკემბერი, 2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/41016/avganetshi-talibebis-tavdaskhmas-11-adamiani-emskhverpla

[5] Human Rights Watch; Kurdistan Region of Iraq: 350 Prisoners ‘Disappeared’; 21 December, 2017; available at: https://www.hrw.org/news/2017/12/21/kurdistan-region-iraq-350-prisoners-disappeared

[6] Arabian Business; Saudi women will also be allowed to drive trucks, motorbikes; By AFP; 16 December, 2017; available at: http://www.arabianbusiness.com/politics-economics/385814-saudi-women-will-also-be-allowed-to-drive-trucks-motorbikes