საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2019 წლის ანგარიშში შრი ლანკის შესახებ წერს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების კუთხით არსებული ვითარება გაუმჯობესდა 2015 წელს მათრიპალა სირისენას პრეზიდენტად არჩევის შემდეგ. მიუხედავად ამისა, რომ მთავრობის ქმედებები იყო ნელი გარდამავალი პერიოდის სამართლის საჭირო მექანიზმების კუთხით, რომელიც მიმართული უნდა იყოს 26-წლიანი სამოქალაქო ომის შედეგებისკენ; ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო დაპირისპირება მთავრობას და თამილელ ამბოხებულებს შორის 2009 წელს დასრულდა. სირისენას, როგორც დემოკრატი რეფორმატორის რეპუტაცია შეილახა 2018 წლის საკონსტიტუციო კრიზისის დროს, როდესაც მან სცადა ერთპიროვნულად ჩაენაცვლებინა პრემიერი, დაეთხოვა პარლამენტი და ჩაეტარებინა ვადამდელი არჩევნები. მისი მცდელობები დაბლოკეს საპარლამენტო უმრავლესობამ და სასამართლომ.
2015 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიციამ „ეროვნული ფრონტი კარგი მმართველობისთვის“ გამარჯვება მოიპოვა და 225 მანდატიდან 106 მიიღო. „ერთიანი სახალხო თავისუფლების ალიანსი მეორე ადგილზე გავიდა და 95 მანდატი მიიღო. თამილთა ეროვნული ალიანსი, რომელიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი უმსხვილესი პარტიაა, 16 მანდატის მფლობელი გახდა. დარჩენილი ადგილები სამ მცირე ჯგუფს შორის გადანაწილდა. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებს ძალადობრივი ინციდენტები, მათ შორის მკვლელობა ახლდა, თავად არჩევნები და ხმის მიცემა სანდოდ შეფასდა.
რიგი პოლიტიკური პარტიებისა წარმოადგენენ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინტერესებს, მათ შორის არიან თამილური პარტიები და შრი ლანკის მუსლიმთა კონგრესი, რომელიც ქვეყანაში უმსხვილესი მუსლიმური პარტიაა. 2015 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში თამილური პარტიები და თამილი მოსახლეობა გაცილებით ნაკლებ შევიწროვებასა და ძალადობას აწყდებოდა, ვიდრე 2010 წლის არჩევნებში. თუმცა, სისტემური დისკრიმინაცია, მათ შორის კანონმდებლობა ენის შესახებ და ნატურალიზაციის პროცედურები, ნეგატიურად მოქმედებს თამილთა პოლიტიკურ ჩართულობაზე. ქალები არასათანადოდ არიან წარმოდგენილნი ქვეყნის პოლიტიკურ პროცესში და ისინი საერთო მანდატების მხოლოდ 6%-ს ფლობენ.
ჩაის პლანტაციებში ძირითადად თამილი მოსახლეობაა დასაქმებული და მიუხედავად იმისა, რომ მათი 70 პროცენტზე მეტი გაერთიანებულია, მაინც აწყდებიან უფლებების დარღვევებს. შრომითი აქტივისტების შევიწროვებისა და ოფიციალურ დონეზე გაერთიანებათა აქტივობების მიმართ შეუწყნარებლობის შესახებ, განსაკუთრებით საექსპორტო პროდუქციის ზონებში, რეგულარულად ვრცელდება ცნობები.
პოლიცია და უსაფრთხოების ძალები, ცნობილია, რომ ჩართულნი არიან ძალადობრივ ქმედებებში, როგორიცაა უსამართლოდ სიკვდილით დასჯა, იძულებითი გაუჩინარება, საპატიმროში გაუპატიურება და წამება; ყოველივე ეს არაპროპორციულად ეხება თამილებს. რესურსების ნაკლებობის გამო, დამოუკიდებელი კომისია საკმაოდ ნელია პოლიციისა და სამხედროების მხრიდან სავარაუდო დანაშაულების გამოძიების პროცესში. თამილები აცხადებენ სისტემატური დისკრიმინაციის შესახებ ისეთ სფეროებში, როგორიცაა, მათ შორის, სამთავრობო სექტორში დასაქმება, საუნივერსიტეტო განათლება და სამართლიან სასამართლოზე წვდომა.[1]
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი 2018 წელი) შრი ლანკის შესახებ წერს, რომ როგორც ადგილობრივი, ასევე ინდური წარმოშობის თამილები განიცდიან ხანგრძლივ და სისტემატურ დისკრიმინაციას საუნივერსიტეტო განათლების, სამთავრობო სექტორში დასაქმების, განსახლების, ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის, ენის კანონების და ნატურალიზაციის პროცედურების კუთხით. მთელი ქვეყნის მასშტაბით და განსაკუთრებით ჩრდილოეთსა და აღმოსავლეთში, თამილთა მტკიცებით, უსაფრთხოების ძალები რეგულარულად აკონტროლებენ და ავიწროვებენ მათ საზოგადოებას, განსაკუთრებით აქტივისტებს და ყოფილ LTTE (თამილელი ვეფხვები) წევრებს ან ასეთად მიჩნეულებს.
მთავრობაში მოქმედებს რამდენიმე სამინისტრო და პრეზიდენტის მიერ დანიშნული პირები, რომელთა მიზანი თამილი უმცირესობის სოციალური და სხვა კუთხით განვითარების საჭიროებების გადაწყვეტაა. ხელისუფლებამ განახორციელა ნდობის აღდგენისკენ მიმართული რიგი პროექტებისა, რომელიც ასევე მიმართული იყო თამილი მოსახლეობისკენ. მთავრობამ, ასევე, სამხედრო გუბერნატორები ჩრდილოეთსა და აღმოსავლეთში ჩაანაცვლა სამოქალაქო პირებით. პრეზიდენტის მიერ, 2016 წელს შეიქმნა ეროვნული ერთობისა და შერიგების ოფისი, რომელიც განაგრძობს სამოქალაქო შერიგების კუთხით სამთავრობო ძალისხმევის კოორდინირებას. ოფისი ფოკუსირებულია სოციალური ინტეგრაციის წახალისებაზე, რათა შეიქმნას ინკლუზიური საზოგადოება, დაცული იყოს ენობრივი უფლებები ყველა მოქალაქისთვის და აღარ განმეორდეს ძალადობა. თამილთა ეროვნული ალიანსი და თავდაცვის სამინისტრო განაგრძობს შეხვედრებს სამხედროების მიერ ჩრდილოეთსა და აღმოსავლეთში დაკავებული მიწების დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით. 2018 წლის 4 ოქტომბერს, პრეზიდენტმა სირისენამ გამოსცა განკარგულება და სამხედროებს დაავალა, წლის ბოლომდე გაეთავისუფლებინათ ყველა კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი. დამკვირვებელთა მტკიცებით, ასეთი ბრძანების აღსრულება ასეთ ვადებში ლოგისტიკურად შეუძლებელი იყო.
ზოგიერთი თამილი პოლიტიკოსი და ადგილობრივი ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფი ყოფილი „თამილელი ვეფხვების“ ზოგიერთ მებრძოლს, რომლებიც ტერორიზმთან დაკავშირებული ბრალდებებით არიან გასამართლებული „პოლიტიკურ პატიმრებად“ მიიჩნევს. ასეთი 130-მე მეტი პირია ამჟამად საპატიმროებში. ხელისუფლება არც მათ და არც სხვა ვინმეს არ აღიარებს პოლიტიკურ პატიმრად და აცხადებს, რომ პირები მათი დანაშაულებრივი ქმედებებისთვის არიან საპატიმროებში. ხელისუფლება რეგულარულად რთავს ნებას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს, ჯგუფებს და დამკვირვებლებს მოინახულონ საპატიმროები და იქ არსებული პირობები.
2018 წლის ოქტომბერში ათობით თამილმა პატიმარმა ქვეყნის მასშტაბით შიმშილობა წამოიწყო, მათ შორის ყოფილი „თამილელი ვეფხვების“ მებრძოლებმა; ისინი მოითხოვდნენ გახანგრძლივებული დაკავების გადაწყვეტას. ბევრი მათგანი, საპატიმროში ტერორიზმის პრევენციის აქტით და ყოველგვარი ბრალდების გარეშე იმყოფება. დაკავებულები ითხოვდნენ ან ბრალის წაყენებას და გასამართლებას ან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
დამოუკიდებელი მედია აქტიურია და აშუქებს სხვადასხვა ხედვებს და მიმართულებებს. მიუხედავად ამისა, ჩრდილოეთში, სადაც თამილები უმრავლესობაში არიან, ჟურნალისტები საუბრობენ გარკვეული ხასიათის შევიწროვებასა და ჩარევაზე უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან, როდესაც ხდება სამოქალაქო ომთან ან სხვა მგრძნობიარე საკითხებთან დაკავშირებული თემების გაშუქება.
ქვეყნის სამოქალაქო ომმა, რომელიც 2009 წელს დასრულდა, იძულებითი გადაადგილება გამოიწვია, ძირითადად თამილი მოსახლეობის. განსახლების, რეაბილიტაციის, ჩრდილოეთის განვითარებისა და ინდუისტური რელიგიის საკითხთა სამინისტროს მონაცემებით, 2018 წლის 30 ივნისისთვის ქვეყანაში 37 ათასზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი რჩებოდა. ყველა დევნილს აქვს გადაადგილების სრული თავისუფლება, თუმცა უმეტესობა ვერ ახერხებს სახლში დაბრუნებას სხვადასხვა მიზეზების გამო. მათ შორისაა დანაღმული ტერიტორიები, სამუშაოს ნაკლებობა, ძირითად სერვისებზე წვდომის ნაკლებობა და ა.შ. ხელისუფლება მხარს უჭერს დევნილების დაბრუნებას და ამის ჟესტად, სახელმწიფომ დააბრუნა სამხედროების მიერ დაკავებული მიწა (840 აკრის ოდენობით) და სახელმწიფო მიწა ხელმისაწვდომი გახადა მიწის გარეშე დარჩენილი დევნილებისთვის. სამხედროები და სხვა სამთავრობო უწყებები ეხმარებიან დევნილებს დაბრუნების პროცესში – გამოთავისუფლებულ მიწებზე ისინი აშენებენ სახლებსა და სკოლებს და უზრუნველყოფენ სხვადასხვა სახელმწიფო სერვისის მიწოდებას.[2]
[1] Freedom House: Freedom in the World 2019 – Sri Lanka, 4 February 2019
[2] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2018 – Sri Lanka, 13 March 2019
(accessed on 13 May 2019)