აზერბაიჯანი. ბიზნესის თავისუფლების კუთხით არსებული ვითარება. ივნისი, 2019

გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის კომიტეტში წარდგენილ ანგარიშში, რომელიც 2018 წლის 17 დეკემბრით თარიღდება, აზერბაიჯანის მთავრობა წერს, რომ 2016 წლის 23 სექტემბერს, ქვეყნის პრეზიდენტის განკარგულებით შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ABAD“, რომლის მიზანსაც წარმოადგენს მოქალაქეების აქტიური ჩართვა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში; ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, სოციალური პროექტების განხორციელება და დასაქმების წახალისება კონკურენტუნარიანი ოჯახების ფორმირებისთვის. პრიორიტეტს ოჯახური ბიზნესების, განსაკუთრებით ქალთა და სოფლის მეურნეობის აქტივობების ხელშეწყობა. პირველ ეტაპზე შეირჩა 63 ოჯახი მასალიდან, ბალაკანიდან, ისმაილიდან, შაკიდან და ბაქოდან; ასევე, 30 ოჯახი სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად, 2017 წელს ეკონომიკის სამინისტროსთან დაფუძნდა მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სააგენტო. სააგენტოს მიზანს ქვეყანაში წარმოების წახალისება, ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობა წარმოადგენს. სააგენტოს შემადგენლობაში იფუნქციონირებს მცირე და საშუალო ბიზნესის სახლები. აზერბაიჯანის მთავრობა მიიჩნევს, რომ სააგენტოს შექმნა წვლილს შეიტანს ქვეყნის რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის, განსაკუთრებით ქალთა მეწარმეობითი საქმიანობის განვითარებაში.

პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად, აზერბაიჯანში შეიქმნა თვითდასაქმების ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც განსაკუთრებულ აქცენტს ახალგაზრდებზე აკეთებს. დაახლოებით 1400 ოჯახმა წარმატებით განახორციელა საკუთარი ბიზნეს იდეა პროგრამის ფარგლებში. აღნიშნული მიმართულებთ მუშაობა გრძელდება. 2017 წელს 303 ახალგაზრდა მონაწილეს თვითდასაქმების პროგრამის ფარგლებში, საკუთარი ბიზნეს იდეების შესაბამისად, გაეწიათ დახმარება საჭირო აქტივებით. საერთაშორისო შრომითი ორგანიზაციის მხარდაჭერით, აზერბაიჯანში ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის 2016-2020 წლების პროგრამის ფარგლებში 2018 წლიდან ფუნქციონირება დაიწყო ახალმა საცდელმა პროექტმა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობას.

აზერბაიჯანის მთავრობა ზემოაღნიშნულ ანგარიშში წერს, რომ მათ წარმატებით განახორციელეს ფისკალური მდგრადობის და სტაბილური მონეტარული ეკონომიკის პოლიტიკა, სახელმწიფო წარმოების რეფორმა; შექმნეს ხელსაყრელი გარემო ბიზნესისთვის, გააუმჯობესეს სამართლებრივი ბაზა მცირე და საშუალო წარმოებებისთვის; შექმნეს ხელსაყრელი და ეფექტიანი გარემო მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ფინანსებზე და საგარეო ბაზრებზე წვდომის კუთხით და ა.შ. მიღწეულმა სტაბილურობამ, თავის მხრივ, უზრუნველყო ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს განვითარება, ეკონომიკის დივერსიფიკაცია, რეგიონებისა და მეწარმეობის განვითარება და მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური სტატუსის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2019 წლის ანგარიშში აზერბაიჯანის შესახებ წერს, რომ საკუთრების უფლებასა და განსახლების არჩევის თავისუფლებაზე ნეგატიურად მოქმედებს სამთავრობო განვითარების პროექტები, რომლებიც ხშირად იწვევს იძულებით გამოსახლებას, უკანონო ექსპროპრიაციას და ნგრევას, მცირე ან საერთოდ ყოველგვარი შეტყობინების გარეშე.[2]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში აზერბაიჯანის შესახებ წერს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს უცხოელების, ინტერნეტში აქტიური ცნობილი ახალგაზრდების, ზოგიერთი პოლიტიკოსის და ბიზნესმენის და საერთაშორისო ურთიერთობებში ჩართული პირების  სატელეფონო და ინტერნეტ კომუნიკაციის მონიტორინგს. რიგი სამართლებრივი ნორმები აძლევს ქვეყნის მთავრობას პოლიტიკური პარტიების, რელიგიური ჯგუფების, ბიზნესებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივობების რეგულირების საშუალებას. კანონით აკრძალულია ბიზნესის მფლობელთა სახელებისა და მათი სახელმწიფო ინვესტიციების გასაჯაროება. კრიტიკოსების აზრით, აღნიშნული კანონის მიზანია საგამოძიებო ჟურნალისტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სამთავრობო ოფიციალური პირების ბიზნეს ინტერესებით, ხელის შეშლა.[3]

საერთაშორისო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ 2018 წლის ივლისში გამოქვეყნებულ ანგარიშში აზერბაიჯანის შესახებ წერს, რომ როგორც ბევრი ავტორიტარული რეჟიმის ქვეყანა, აზერბაიჯანი ხასიათდება ძალაუფლების მაღალი კონცენტრაციით მმართველი ელიტის გარშემო, რაც აქრობს ხაზებს ბიზნესსა და პოლიტიკას შორის. მმართველი ოჯახი აფართოებს თავის ქონებას და პატრონაჟის ქსელს ქვეყნის ეკონომიკის ყველა სფეროში და ამით აფერხებს ქვეყნის გრძელვადიან ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას. არსებული კავშირი ბიზნესსა და პოლიტიკას შორის ართულებს ფირმების განვითარებას პოლიტიკური კავშირების გარეშე, რადგან ასეთი კავშირების არ არსებობის შემთხვევაში, ისინი აწყდებიან მრავლობით უკანონო ინსპექტირებას, რასაც ხშირად ახლავს არაოფიციალური გადასახდელები (ქრთამი) ინსპექტორებისთვის, რათა შენარჩუნდეს „კარგი ურთიერთობა“. მონოპოლიების დომინანტობა საფრთხეს უქმნის კონკურენციას, ნოვატორობას, ფასების სტაბილურობას, მომსახურების ხარისხს და ახალისებს კორუფციას.

2017 წელს მსოფლიო ბანკის რეიტინგში აზერბაიჯანი, საგარეო ვაჭრობის სიმარტივის კუთხით, 190 ქვეყანას შორის 184 პოზიციას იკავებდა. აღნიშნული პრობლემა კავშირშია და ექსპორტსა და იმპორტთან დაკავშირებულ დროსა და მაღალ გადასახადებთან. კომპანიები აწყდებიან ბევრ ბარიერს ვაჭრობისას, მათ შორის ტრანსპორტირების მაღალ გადასახადებს; მაღალ ტარიფებს, კორუფციას და ბიუროკრატიას, დამატებით ხარჯებს ნებართვებისა და სტანდარტიზაციის პროცესში.[4]

მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების 2019 წლის რეიტინგში აზერბაიჯანი, ბიზნესის კეთების სიმარტივის მხრივ, 190 ქვეყანას შორის 25-ე ადგილზეა. 2018 წელს ქვეყანა 57-ე პოზიციაზე იყო.[5]

[1] Government of Azerbaijan (Author), published by CESCR – UN Committee on Economic, Social and Cultural Rights: Fourth periodic report submitted by Azerbaijan under articles 16 and 17 of the Covenant, due in 2018 [27 December 2018] [E/C.12/AZE/4], 29 January 2019

 (accessed on 13 June 2019)

[2] Freedom House: Freedom in the World 2019 – Azerbaijan, 4 February 2019

 (accessed on 13 June 2019)

[3] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2018 – Azerbaijan, 13 March 2019

 (accessed on 13 June 2019)

[4] TI – Transparency International: Azerbaijan: Overview of Corruption and Anti-Corruption, 9 July 2018

 (accessed on 13 June 2019)

[5] World Bank; Doing Business 2019; available at:

(accessed on 13 June 2019)