ერაყი. ერბილის 2021 წლის სექტემბრის კონფერენცია. დეკემბერი, 2022

არაკომერციული, დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაცია „Arab Center Washington DC“ 2021 წლის 12 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერს, რომ 2021 წლის 24 სექტემბერს, ერაყის ქალაქ ერბილში [ქურთისტანის რეგიონის დედაქალაქი], ერაყის ტომების და პოლიტიკური ლიდერები კონფერენციაზე შეიკრიბნენ. კონფერენციის 300-მდე მონაწილე ერაყის ძირითადად სუნიტებით დასახლებულ 6 პროვინციას წარმოადგენდა. კონფერენციის მონაწილეები ითხოვდნენ ფედერალურ სახელმწიფოს, სადაც სუნიტი მოსახლეობისთვის იქნებოდა ისეთივე რეგიონი, როგორც ერაყში ქურთებს აქვთ. აღნიშნული მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენდა შიიტური გასამხედროებული შენაერთების მხრიდან ზეწოლის თავიდან არიდების სურვილი. სტატიის მიხედვით, მონაწილეთათვის სიურპრიზი იყო კონფერენციის სპიკერი ვისამ ალ-ჰარდანის [Wisam al-Hardan] განცხადება, რომელმაც ისრაელთან ურთიერთობის სრული ნორმალიზაცია და „აბრაჰამის ჩანაწერთან“ [შეთანხმება ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ბაჰრეინს, მაროკოს და სუდანს შორის] მიერთება მოითხოვა. ის, ასევე, ერაყული წარმოშობის ებრაელების, ვინც დეკადების წინ ემიგრირდა ისრაელში, რესტიტუციის მოწოდებით გამოვიდა.

ერაყსა და ისრეალს შორის ურთიერთობა, ამ უკანასკნელის სახელმწიფოს შექმნიდან მოყოლებული, ძალიან დაძაბულია. ერაყი ისრაელის არსებობას არ აღიარებს, სადამ ჰუსეინის დროს ერაყი პალესტინელების ერთერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი იყო და ათწლეულების განმავლობაში ერაყსა და ისრაელს შორის რამდენიმე სამხედრო ინციდენტს ჰქონდა ადგილი. 2019-2020 წლებში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ერაყის მოსახლეობის 90 პროცენტი ეწინააღმდეგება ისრაელის დიპლომატიურ აღიარებას.

სტატიის მიხედვით, კონფერენციის მონაწილეების უმრავლესობა ადგილზე მივიდა იმის განსახილველად, როგორც დახმარებოდნენ ფედერალური სახელმწიფოს შექმნის იდეას. კონფერენციის მონაწილეებისთვის მოულოდნელი იყო ერბილის კონფერენციაზე ისრაელის ყოფილი პრეზიდენტის შიმონ პერესის შვილის, ჩიმი პერესის გამოჩენა, რომელიც პოდიუმზე ავიდა და კონფერენციის მონაწილეებს მიმართა.[1]

ერბილის კონფერენცია მედიაში ძირითადად გაშუქდა იმ კონტექსტით, რომ იქ შეკრებილი საზოგადოება ისრაელთა ურთიერთობების დალაგებას უჭერდა მხარს. მედია საშუალება „The New York Times“ 2021 წლის 29 სექტემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ ერაყის მიერ ისრაელის აღიარების შესახებ საუბარმა კონფერენციის მონაწილეების მიმართ დაპატიმრებისა და მკვლელობის მუქარები გამოიწვია.[2] 2021 წლის 25 სექტემბერს, ერბილის კონფერენციის მონაწილე ტომების ლიდერები გაემიჯნენ ისრაელთა ურთიერთობის ნორმალიზების საკითხს და განაცხადეს, რომ კონფერენციაზე ისინი მოტყუებით მიიყვანეს. ინტერნეტ რესურსის „Shafaq News“ მიხედვით, განცხადება დიაბის ტომის შეიხი სალეჰ მუსლეჰმა გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ტომების ლიდერები კონფერენციაზე ვისამ ალ-ჰარდანმა „საჰვას“ მებრძოლების კონტრაქტებსა და ხელფასებზე სასაუბროდ მიიწვია და მათ არაფერი იცოდნენ კონფერენციის ფარულ მიზნებზე. „[…] ჩვენი პოზიცია მკაფიო და ცნობილია: ჩვენ მხარს ვუჭერთ პალესტინელი ხალხის უფლებას, აღიდგინონ ყველანაირი უფლებები, და ჩვენ ვეწინააღმდეგებით ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზებას […]“ – განაცხადეს ტომების ლიდერებმა.[3]

„Arab Center Washington DC“ წერს, რომ კონფერენცია აშკარად ადგილობრივი და საერთაშორისო აქტორების მიერ იყო ორგანიზებული. კონფერენციაში ვისამ ალ-ჰარდანის [ვინც სუნიტი ტომების მებრძოლთა სამხედრო მეთაური იყო და ანბარში ალ-ქაედა დაამარცხა] მონაწილეობა იყო როგორც სიურპრიზი, ასევე ერთგვარი მხილება. აღსანიშნავია, რომ კონფერენციის შემდეგ, მან ღია მხარდაჭერა დაუდასტურა პალესტინელებს და განაცხადა, რომ ისიც მოატყუეს. აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ მან წაიკითხა „ისრაელის მხარდამჭერი“ განცხადება კონფერენციაზე, რომელსაც შემდეგ თავადვე გაემიჯნა. კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ გენერალი ამერ ალ-ჯუბური და საჰარ ალ-ტაიე, რომელიც იმ დროს ერაყის კულტურის სამინისტროს თანამდებობის პირი იყო. კონფერენციაზე გამოჩენისა და „აბრაჰამის ჩანაწერთან“ მიერთების მოთხოვნის გაჟღერების შემდეგ, ის დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

აღსანიშნავია, რომ ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზების იდეა აქამდე სხვა ერაყელი პოლიტიკოსის მიერაც გაჟღერდა. ერაყის ეროვნული კონგრესის წევრი, ერაყში აშშ-ის შეჭრის ერთერთი ენთუზიასტი და დებაასიფიკაციის პროექტის ავტორი მითალ ალ-ალუსი არასდროს მალავდა ისრაელით აღფრთოვანებას. ის ორჯერ [2004 და 2008 წლებში] სტუმრობდა კიდეც ისრაელს. 2005 წელს მას თავდამსხმელებმა ორი შვილი მოუკლეს – თავდამსხმელებს ეგონათ, რომ ავტომობილში, ბავშვებთან ერთად, თავად ალ-ალუსიც იმყოფებოდა.

ერაყის პრემიერმა და მთავრობამ სწრაფადვე დაგმო კონფერენცია; ქურთისტანის ხელისუფლებამ კი პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა და თავი ისე დაიჭირა, თითქოს კონფერენციის შესახებ არაფერი იცოდა. ერაყის პრეზიდენტმა, რომელიც ქურთია, ასევე დაგმო კონფერენცია. ერაყის იუსტიციის უზენაესმა საბჭომ ჰარდანის, ტაიესა და ალ-ალუსის დაპატიმრების ორდერები გამოსცა. აღსანიშნავია, რომ ალ-ალუსი შეხვედრაში არ მონაწილეობდა.[4]

[1] კვლევითი ორგანიზაცია „Arab Center Washington DC“; ერბილის კონფერენცია: ერაყმა ისრაელთა ურთიერთობების ნორმალიზებაზე უარი თქვა; გამოქვეყნებულია 2021 წლის 12 ოქტომბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://arabcenterdc.org/resource/the-erbil-conference-iraq-rejects-normalizing-with-israel/ [ნანახია 2022 წლის 27 დეკემბერს]

[2] მედია საშუალება „The New York Times“; საუბრებმა ერაყის მიერ ისრაელის აღიარების თაობაზე დაპატიმრებისა და მკვლელობის მუქარები გამოიწვია; გამოქვეყნებულია 2021 წლის 29 სექტემბერს; ხელმისაწვდომაი ბმულზე: https://www.nytimes.com/2021/09/29/world/middleeast/iraq-recognizing-israel.html [ნანახია 2022 წლის 27 დეკემბერს]

[3] ინტერნეტ რესურსი „Shafaq News“; ერბილის კონფერენციის მონაწილეები: ჩვენ მოტყუებით მიგვიყვანეს; გამოქვეყნებულია 2021 წლის 25 სექტემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://shafaq.com/en/iraq-news/attendees-in-the-erbil-conference-we-were-tricked-into-participation [ნანახია 2022 წლის 27 დეკემბერს]

[4] კვლევითი ორგანიზაცია „Arab Center Washington DC“; ერბილის კონფერენცია: ერაყმა ისრაელთა ურთიერთობების ნორმალიზებაზე უარი თქვა; გამოქვეყნებულია 2021 წლის 12 ოქტომბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://arabcenterdc.org/resource/the-erbil-conference-iraq-rejects-normalizing-with-israel/ [ნანახია 2022 წლის 27 დეკემბერს]

ერაყი. განათლების ხელმისწვდომობა ერბილში. სექტემბერი, 2019

დაწყებითი განათლება სავალდებულოა ერაყის ყველა მოქალაქე ბავშვისთვის (ერაყის ქურთისტანში სწავლა სავალდებულოა 15 წლის ასაკამდე). მოქალაქეებისთვის სწავლა უფასოა. გოგონათა თანაბარი ხელმისაწვდომობა განათლებაზე კვლავ წარმოადგენს გამოწვევას, განსაკუთრებით პერიფერიულ და არა უსაფრთხო რაიონებში. აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტის უკანასკნელ ანგარიშში ერაყის შესახებ ნათქვამია, რომ განახლებული და სანდო ინფორმაცია სასწავლებლებში ჩარიცხვის, დასწრებისა და დასრულების შესახებ არ იყო ხელმისაწვდომი.[1]

2017 წლის მაისში გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდი ერაყში, ბოლო ათწლეულის მანძილზე, დაწყებითი განათლების დაწესებულებებში ჩარიცხვის მხრივ მნიშვნელოვანი პროგრესის შესახებ წერდა. ფონდის ინფორმაციით, ზრდა შეადგენდა დაახლოებით 4.1%-ს წლიურად. 2015-2016 წლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით განათლების ყველა დონეზე 9.2 მილიონი სტუდენტი ირიცხებოდა. იგივე წყარო, ასევე, ყურადღებას ამახვილებდა გენდერულ პრობლემებზე განათლების კუთხით. კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში, მაგალითად სალაჰადინსა და დიალაში, სასკოლო ასაკის ბავშვთა 90% საგანმანათლებლო სისტემის მიღმა იყო დარჩენილი. 2015-2016 წლებში ერაყი თავისი ბიუჯეტის 5.7%-ს ხარჯავდა განათლებაზე, რაც შუა აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის ერთერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო. საჯარო განათლებაში შეზღუდულმა რესურსებმა შედეგად მოიტანა განათლების ხარისხის დაცემა და მასწავლებელთა პოზიციებზე შენარჩუნების მაჩვენებლების შემცირება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ბავშვები აწყდებოდნენ სხვადასხვა სახის ბარიერებს განათლებაზე წვდომის კუთხით; მათ შორის იყო იერიშები სკოლებზე, მასწავლებლებსა და სასწავლო პერსონალზე. სხვა ბარიერები მოიცავდა ახლოს მდებარე სკოლების ნაკლებობას, სკოლების დევნილთა თავშესაფრებად ან „ისლამური სახელმწიფოს“ დაკავების ცენტრებად გამოყენებას; ასევე, სასკოლო ინფრასტრუქტურის ნაკლებობას. იგივე წყაროს ცნობით, 2017 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სკოლა ხელახლა გაიხსნა და განაგრძო ფუნქციონირება, დაახლოებით 1.2 მილიონი ბავშვი მთელი ერაყის მასშტაბით რჩებოდა სკოლის მიღმა.[2]

2018 წლის იანვარში გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტის შედეგად იძულებითმა გადაადგილებამ ნეგატიური გავლენა იქონია განათლებაზე და იძულებით გადაადგილებული ბავშვების მინიმუმ 70%-მა სასწავლო წელი გამოტოვა. იგივე წყარო 2018 წლის თებერვალში წერდა, რომ ერაყის სკოლების თითქმის ნახევარს სჭირდება შეკეთება დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ტერიტორიული დამარცხების შემდეგ და რომ, დაახლოებით, სამი მილიონი ბავშვის განათლების პროცესი შეფერხდა.

ერაყში მოქმედი კანონმდებლობით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის, რომლებიც განთავსებულნი არიან თავშესაფარში, სახელმწიფო სახლებში და ბავშვთა სახლებში, გარანტირებულია დაცვა, მათ შორის ხელმისაწვდომობა ჯანდაცვასა და განათლებაზე. განათლებაზე წვდომა შეზღუდულია განსაკურებული საჭიროებების მქონე და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. განათლებაზე წვდომის კუთხით დისკრიმინაციას განიცდიან, ასევე, ქალები. სოციალურმა, რელიგიურმა და პოლიტიკურმა ზეწოლამ მნიშვნელოვნად შეზღუდა არჩევანის თავისუფლება აკადემიური და კულტურული მიმართულებით.[3]

მასწავლებლები დიდი ხანია აწყდებიან მუქარებსა და ძალადობას ან სხვა სახის ნეგატიურ შედეგებს იმის გამო, რომ ასწავლიან ისეთ საგნებს ან საკითხებს, რომლებიც ძლევამოსილი სახელმწიფო ან არა სახელმწიფო აქტორებისთვის დავის საგანს წარმოადგენს. ქვეყნის ოფიციალური სასწავლო გეგმა ხშირად კლასში იცვლება რელიგიური ან კონფესიური შეხედულებების შესაბამისად. უნივერსიტეტის სტუდენტების პოლიტიკურმა აქტივობამ, შეიძლება, ისინი დაშინების ან შევიწროვების ობიექტებად აქციოს.[4]

ერაყელი ოჯახები, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ასოცირების გამო, რაც, როგორც წესი, დაკავშირებულია მათ გვართან, ტომობრივ კავშირებთან ან წარმოშობის რეგიონთან, ვერ გადიან უსაფრთხოების შემოწმებას, რათა მიიღონ პირადობის დამადასტურებელი ბარათი ან სხვა სახის დოკუმენტაცია. აღნიშნული იწვევს მათი სხვადასხვა უფლების, მათ შორის, განათლების უფლების შეზღუდვას.[5]

2.5 მილიონზე მეტი ბავშვი საჭიროებს განათლებაზე წვდომას. ქვეყანაში კონფლიქტური მდგომარეობის შედეგად სკოლები განადგურდა და ბევრ სკოლას უწევს ორმაგი ან სამმაგი დატვირთვით მუშაობა. დევნილი ბავშვების 50%-ს დევნილთა ბანაკებში არასათანადო წვდომა აქვთ განათლებაზე. დაახლოებით, 3.2 მილიონი ბავშვი არა რეგულარულად ან საერთოდ ვერ დადის სკოლაში.[6]

არასამთავრობო ორგანიზაცია „The Borgen Project“ 2018 წლის 10 აგვისტოს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ერაყში განათლება სახარბიელო მდგომარეობაში არ არის, საერთაშორისო მოთამაშეების მხრიდან დახმარების თავიდან აცილება არ ხდება. გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდის მხარდაჭერა ერაყის მიმართ განათლების კუთხით მნიშვნელოვანია და მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა სკოლების მშენებლობა, წყლისა და კანალიზაციის სისტემების შეკეთება უკვე არსებულ სკოლებში, 50 ათასზე მეტი მასწავლებლის გადამზადება, მილიონობით ბავშვის სასკოლო ნივთებით მომარაგება და ბევრი სხვა სახის პოზიტიური ჩარევა. 2016 წელს გაეროს ბავშვთა ფონდი 682 ათას ბავშვს დაეხმარა განათლებაზე წვდომის კუთხით.

სტატიაში, ასევე, საუბარია ერაყში განათლების კუთხით არსებულ პრობლემებზე. სტატიის ავტორი წერს, რომ კონფლიქტმა ქვეყანაში შეამცირა დასწრების მაჩვენებელი. „ისლამური სახელმწიფოს“ აქტივობებმა ერაყის საგანმანათლებლო სისტემა მოშალა. იმ დროს, როდესაც დაჯგუფება ერაყში კონტროლირებად ტერიტორიებს ფლობდა, დაიხურა ბევრი სკოლა და შენობების გამოყენება ხდებოდა სხვადასხვა მიზნებით, მათ შორის უსაფრთხო სახლებად ან რადიკალური სწავლებებისთვის. ამან გამოიწვია ის, რომ ყოველი ერთი სკოლა ხუთიდან გახდა უფუნქციო. ისლამური სახელმწიფოს დამარცხების შემდეგ, ბევრია გასაკეთებელი სიტუაციის გამოსასწორებლად; მაგალითად, დაჯგუფების მიერ სკოლების დახურვამ გამოიწვია ის, რომ ბევრ ბავშვს ორი სასწავლო წლის გამოტოვება მოუხდა; ახლა საჭიროა მათი დახმარება, რომ ისინი სასწავლო პროგრამას წამოეწიონ.

სტატიის ავტორი წერს, რომ ერაყში განათლება ყოველთვის არ იყო პრობლემატური და რომ კონფლიქტებმა თავისი უარყოფითი კვალი დატოვა განათლების სისტემაზე. ავტორის შეფასებით, გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდისა და სხვა ორგანიზაციების მიზანია ერაყის განათლების სისტემის ფეხზე წამოყენება; თუმცა, ბევრია გასაკეთებელი იქამდე, რომ განათლების სისტემა დაუბრუნდეს იმ დონეს, რაც იყო ისლამური ოქროს ეპოქაში, როდესაც ბაღდადი გლობალური ინტელექტუალიზმის ეპიცენტრს წარმოადგენდა.[7]

2019 წლის 17 თებერვალს ერაყში მასწავლებლებმა გაფიცვა მოაწყვეს.  ისინი სასწავლო გეგმისა და საგანმანათლებლო სისტემის დონის გაუმჯობესებას და მასწავლებლების ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესებას ითხოვდნენ. გაფიცვა ბაღდადისა და სხვა პროვინციების დაწყებითი და საშუალო განათლების დაწესებულებების მასწავლებლებმა მოაწყვეს. გაფიცულების თქმით, ერაყში განათლების პროცესი სერიოზულად შეფერხდა და საჭიროა ხარისხის გაუმჯობესება. მათი თქმით, ხელისუფლებამ უნდა გამოყოს სათანადო რაოდენობის დაფინანსება განათლების სამინისტროსთვის ვითარების გამოსასწორებლად.[8]

[1] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2018 – Iraq, 13 March 2019

 (accessed on 13 March 2019)

[2] EASO – European Asylum Support Office: Iraq; Targeting of Individuals, March 2019

 (accessed on 13 March 2019)

[3] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2018 – Iraq, 13 March 2019

 (accessed on 13 March 2019)

[4] Freedom House: Freedom in the World 2019 – Iraq, 4 February 2019

 (accessed on 13 March 2019)

[5] HRW – Human Rights Watch: World Report 2019 – Iraq, 17 January 2019

 (accessed on 13 March 2019)

[6] EASO – European Asylum Support Office: Iraq; Security situation, March 2019

 (accessed on 13 March 2019)

[7] The Borgen Project; Top 10 facts about education in Iraq; By Daniel Lehewych; 10 August, 2018; available at: https://borgenproject.org/education-in-iraq/ [accessed 14 March 2019]

[8] Xinhua; Iraqi teachers on strike over deteriorated educational system; 17 February; 2019; available at: http://www.xinhuanet.com/english/2019-02/17/c_137829072.htm [accessed 14 March 2019]

ერაყი. ერბილში შიგა გადაადგილების ალტერნატივის მიზანშწონილობა. აგვისტო, 2019

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი (EASO) 2019 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყის შესახებ წერს, რომ ერაყის ქურთისტანის რეგიონი ავტონომიური რეგიონია, რომელიც სამ პროვინციას აერთიანებს: ერბილი, სულეიმანია და დაჰუკი. ქალაქი ერბილი ერბილის პროვინციის დედაქალაქი და ერაყის რიგით მეოთხე ქალაქია სიდიდის მიხედვით; ერბილი, ასევე, ყველაზე დასახლებული ქალაქია ქურთისტანის რეგიონში. ქურთისტანის უსაფრთხოების ძალებს წარმოადგენენ პეშმერგა და სადაზვერვო სამსახური (Asayish), ასევე ქურთისტანის მმართველი პარტიების მიერ კონტროლირებადი შეიარაღებული დაჯგუფებები – KDP აკონტროლებს დაჰუკსა და ერბილს, ხოლო PUK სულეიმანიას.

საერთო ჯამში, კონფლიქტის მასშტაბი ერბილის პროვინციაში კვლავ დაბალია. 2018 წელს ერბილში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული 15 ინციდენტი დაფიქსირდა, რომელთაც სამოქალაქო პირების მსხვერპლი მოჰყვა. სიკვდილიანობის მაჩვენებელი 100 ათას პირზე 1.3-ია. ერბილში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტები, რომელთაც სამოქალაქო პირების მსხვერპლი მოჰყვა, ყველაზე დიდი რაოდენობით დაფიქსირდა სორანისა და კოისნიაქის რაიონებში. ინციდენტების უმეტესობა 2018 წლის განმავლობაში იყო ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა და ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების ამოქმედება.

ერბილი ერთადერთი პროვინციაა ქურთისტანში, სადაც შიგა გადაადგილება და დაბრუნება დაფიქსირდა. გადაადგილებას ადგილი ჰქონდა მახმურის რაიონიდან, რომელიც სადავო ტერიტორიად მიიჩნევა. ერბილი იძულებით გადაადგილებული პირების დიდ რაოდენობას (211920 პირი) მასპინძლობს. დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის შემდეგ, ერბილი საბრძოლო ნარჩენებით დაბინძურდა – სახნავი და საძოვარი მიწების 15-17% ნაღმების გამო არ არის ხელმისაწვდომი.

საერთო ჯამში, ინდიკატორების გათვალისწინებით, წყარო ასკვნის, რომ განურჩეველი ძალადობა ერბილის პროვინციაში ისეთ დაბალ დონეზეა, რომ ზოგადად პირისთვის არ არის რისკი, რომ იგი პირადად გახდეს განურჩეველი ძალადობის მსხვერპლი მაკვალიფიცირებელი დირექტივის მეთხუთმეტე მუხლის მიმართებით.

ერბილის საერთაშორისო აეროპორტი ქალაქიდან 9 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. საგზაო გადაადგილება ერაყში კვლავ სახიფათოა ბომბების, მანქანებზე თავდასხმების, ცრუ საკონტროლო-გამშვები პუნქტებისა და ძარცვის ფაქტების გამო. მიუხედავად ამისა და საერთაშორის აეროპორტის არსებობის გათვალისწინებით, წყარო ასკვნის, რომ მოგზაურობის უსაფრთხოების სტანდარტის მოთხოვნები, ზოგადად, დაცულია ბაღდადთან, ბასრასა და ერბილთან მიმართებაში. გარკვეული პროფილის პირებისთვის, მაგალითად, მათთვის, ვინც შეიძლება მიჩნეული იყოს დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოსთან ასოცირებულად, გათვალისწინებული უნდა იქნას ინდივიდუალური გარემოებები.

უსაფრთხო ადგილამდე გადაადგილებისას, წესით, არ უნდა არსებობდეს სამართლებრივი ბარიერები, რადგან ერაყელები სარგებლობენ გადაადგილების თავისუფლებით და პრინციპში, არანაირი სამართლებრივი ბარიერი ერაყელებისთვის გადაადგილების, მათ შორის ბაღდადში, ბასრასა და ერბილში გადაადგილებისთვის არ არსებობს.

2019 წლის დასაწყისიდან მოყოლებული ერბილის პროვინციაში შესვლისთვის აღარ არის საჭირო სპონსორობა. გარკვეული ადმინისტრაციული შეზღუდვები და მოთხოვნებია დაწესებული მათთვის, ვინც ადრე ისლამური სახელმწიფოს კონტროლირებადი ტერიტორიიდანაა. ასეთი პირობებით, განსაკურებით სუნიტი არაბები და თურქმენი მამაკაცები ზიანდებიან.

მიუხედავად იმისა, რომ საკვები ზოგადად ხელმისაწვდომია, ერაყელი დევნილებისთვის საკვები მაინც მაღალ პრიორიტეტად რჩება. იძულებით გადაადგილებული პირებისა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრებთა მსყიდველობითი უნარი ძალიან დაბალია და ისინი მგრძნობიარენი არიან საკვების უსაფრთხოების მიმართ. ერბილი გამოირჩევა საკვებზე მაღალი ფასებით. ერაყის ცენტრალურ ხელისუფლებასთან კონფლიქტის პიკის პერიოდში ერბილში კლება დაიწყო ქირის ფასმა.

კონფლიქტის შედეგად დაზიანდა ერაყის ჯანდაცვის სისტემა, მათ შორის ბაღდადში. როგორც სამედიცინო მომსახურება, ასევე მედიკამენტები ხელმისაწვდომია როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის სისტემებში. ჰოსპიტალები და სხვა სამედიცინო დაწესებულებები ძირითადად ურბანულ სივრცეებშია კონცენტრირებული და ძნელად ხელმისაწვდომია ღარიბი პროვინციებისთვის. სამედიცინო პერსონალი არა თანაბრადაა გადანაწილებული ქვეყანაში. ბაღდადში ზედმეტად დიდი რაოდენობა ექიმები და სამედიცინო პერსონალია თავმოყრილი და ამ დროს ღარიბი პროვინციები სამედიცინო რესურსების ნაკლებობას განიცდიან.

ზემოაღნიშნულისა და პირის ეთნიკური და რელიგიური წარსულის გათვალისწინებით, წყარო ასკვნის, რომ ბაღდადში, ბასრასა და ერბილში შიგა გადაადგილების ალტერნატივა მიზანშეწონილი იქნება მარტოხელა შრომისუნარიანი მამაკაცისა და დაქორწინებული წყვილისთვის, რომელთაც არ ჰყავთ ბავშვები, აქვთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და რაიმე მხრივ არ არიან მოწყვლადები. ასევე, წყარო ასკვნის, რომ შიგა გადაადგილების ალტერნატივა შეიძლება მიზანშეწონილი იყოს იმ ოჯახებისთვის, ვისაც ბავშვები ჰყავთ, მათ შორის მხარდაჭერის ქსელის არ არსებობის პირობებშიც, თუ ბავშვების საუკეთესო ინტერესები დაცული იქნება. მიუხედავად იმისა, რომ დასახლებასთან დაკავშირებული ვითარება გარკვეულწილად მძიმეა, მაინც შესაძლებელია პირმა მიიღოს საბაზისო საარსებო წყარო, განსახლება, თავშესაფარი და ძირითადი ჯანდაცვა. სხვა პროფილის პირებს, ზოგადად, ასეთ სერვისებზე წვდომისთვის მხარდაჭერის ქსელის არსებობა სჭირდებათ.[1]

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისი 2019 წლის მაისში გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყში შიგა გადაადგილების მიზანშეწონილობის შესახებ წერს, რომ უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება ერაყის ქურთისტანში შედარებით სტაბილურია, თუმცა დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მხრიდან თავდასხმების რისკი კვლავ არსებობს.

გლუკი წერს, რომ სერიოზული შეშფოთების საგანს წარმოადგენს რეგიონის შესაძლებლობების ზღვარი იძულებით გადაადგილებულ პირთა დიდი ნაკადისა და შერყეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, მზარდი სიღარიბის და კლებადი ჰუმანიტარული დახმარების გამო. დიდი რაოდენობით დევნილების არსებობა, ძირითადად ურბანულ ზონებში, გავლენას ახდენს სერვისებსა და ინფრასტრუქტურაზე, ზრდის შეჯიბრს დასაქმების კუთხით და მნიშვნელოვნად ამცირებს ცხოვრების სტანდარტს.

იძულებით გადაადგილებული პირები საუბრობენ დასაქმების კუთხით არსებულ სიძნელეებზე. ბევრი მათგანი მხოლოდ შემთხვევით სამუშაოს პოულობს და ამის გამო რეგულარული შემოსავლის გარეშეა. იძულებით გადაადგილებული პირები ძნელად პოულობენ ისეთ სამუშაოს, რომელიც მათი ცხოვრების, ჯანდაცვის და განათლების ხარჯებს დაფარავს. არაბი დევნილები ასევე აღნიშნავენ ნეგატიურ შეხედულებებსა და ენობრივ ბარიერს დასაქმების კუთხით. საჯარო სექტორი, რომელიც ქურთისტანში დასაქმების კუთხით დომინანტი სფეროა, ზოგადად, არ არის ღია არა-ქურთი მოსახლეობისთვის სხვა რეგიონებიდან. პატრონაჟისა და ნეპოტიზმის მიმდინარე პრაქტიკა მნიშვნელოვანი ფაქტორია დასაქმებისას, ამიტომ ისინი, ვინც წარმოშობით ქურთისტანიდან არ არიან, უთანასწორო პირობებში იმყოფებიან. საარსებო წყაროების შეზღუდულობის გამო ბევრი იძულებულია ნეგატიური პრაქტიკა გამოიყენოს თავის სარჩენად, მათ შორის ვალების აღება, ბავშვებისა და იძულებითი ქორწინება და ბავშვთა შრომა.

ქირის ფასი კვლავ იზრდება და ბევრი იძულებით გადაადგილებული პირი ვერ ახერხებს მზარდ ფასებთან გამკლავებას. ამიტომ, ბევრი იძულებული ხდება მძიმე საცხოვრებელ პირობებში განაგრძოს არსებობა. ქურთისტანში არ არის საკმარისი რაოდენობის სკოლა, რათა ყველა იძულებით გადაადგილებული პირის მოთხოვნები დაკმაყოფილდეს. გლუკის ხელთ არსებული ინფორმაციით, 2019-2020 წლებიდან იხურება არაბულენოვანი სკოლები, რომლებიც სპეციალურად დევნილებისთვის 2014 წელს გაიხსნა. გლუკის ინფორმაციით, 1800 იძულებით გადაადგილებულ მასწავლებელს უკვე მოსთხოვა ცენტრალურმა ხელისუფლებამ წარმოშობის რეგიონებში დაბრუნება. არაბულენოვანი ბავშვების, განსაკუთრებით მოზრდილი ასაკის, ქურთულ სკოლებში გადაყვანა ენობრივი ბარიერის გამო შეუძლებელი იქნება.

ზემოაღნიშნული ინფორმაციიდან გამომდინარე გლუკი მიიჩნევს, რომ შიგა გადაადგილება ერაყის ქურთისტანში, ზოგადად, მიზანშეწონილი არ არის; გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოხდება დადასტურება იმისა, რომ პირს ექნება წვდომა სათანადო თავშესაფარზე (იმის გათვალისწინებით, რომ დევნილთა ბანაკები და არაფორმალური დასახლებები ასეთად არ მიიჩნევა), საარსებო სერვისებზე (სასმელი წყალი, ჰიგიენა, ელექტროენერგია, ჯანდაცვა და განათლება) და საარსებო წყაროებზე.[2]

[1] EASO – European Asylum Support Office: Country Guidance: Iraq; Guidance note and common analysis, June 2019

 (accessed on 5 August 2019)

[2] UNHCR – UN High Commissioner for Refugees: International Protection Considerations with Regard to People Fleeing the Republic of Iraq, May 2019

 (accessed on 5 August 2019)