ერიტრეა. ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარება და სამხედრო სამსახური. ნოემბერი, 2022.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 12 აპრილს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი 2021 წელი) ერიტრეაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ წერია, რომ ერიტრეა არის ცენტრალიზებულ და ავტორიტარულ რეჟიმს დაქვემდებარებული სახელმწიფო. ქვეყნის პრეზიდენტია ისაის აფვერკი. „დემოკრატიისა და სამართლიანობის სახალხო ფრონტი“ ქვეყანაში ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა, რომელსაც პრეზიდენტი ხელმძღვანელობს. ქვეყანაში, 1993 წლის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის შემდეგ,  არ ჩატარებულა არანაირი სახის არჩევნები.

ერიტრეაში ქვეყნის შიდა უსაფრთხოებაზე პოლიცია, ხოლო საგარეო უსაფრთხოებაზე შეიარაღებული ძალები არიან პასუხისმგებელნი. მთავრობა ზოგჯერ იყენებდა რეზერვში არსებულ ძალებს, ასევე – დემობილიზებულ ჯარისკაცებსა და სამოქალაქო შეიარაღებულ ჯგუფებს, რათა სათანადოდ ეპასუხა უსაფრთხოების გამოწვევებისთვის. ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები პასუხისმგებლები არიან იმ პირთა დაპატიმრებაზე, რომლებიც სავარაუდოდ საფრთხეს უქმნიან ეროვნულ უსაფრთხოებას. შეიარაღებულ ძალებს აქვთ სამოქალაქო პირთა დაპატიმრებისა და დაკავების უფლებამოსილება. ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ სამოქალაქო ხელისუფლებამ შეინარჩუნა ეფექტური კონტროლი უსაფრთხოების ძალების უმეტეს ნაწილზე. მიუხედავად ამისა, დაფიქსირდა უსაფრთხოების ძლების მიერ ჩადენილი დარღვევები.

ანგარიშის თანახმად საანგარიშო პერიოდში (2021 წელი) ერიტრეაში ადამიანის უფლებათა მნიშვნელოვანი საკითხები მოიცავდა:   უკანონო და თვითნებურ მკვლელობებს; იძულებით გაუჩინარებებს; წამებას; მკაცრ და სიცოცხლისთვის საშიშ საპატიმრო და დაკავების პირობებს; თვითნებურ დაკავებებს; პოლიტ-პატიმრებს; სასამართლო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებს; თვითნებურ და უკანონო ჩარევას პირად ცხოვრებაში; კონფლიქტთან დაკავშირებულს დარღვევებს, მათ შორის სამოქალაქო პირების მიმართ დარღვევებს; გამოხატვის თავისუფლების სერიოზულ შეზღუდვას; შეკრების და გაერთიანების თავისუფლების სერიოზული შეზღუდვას; სერიოზული შეზღუდვას გადაადგილების თავისუფლებაზე; ქვეყნის მოქალაქეების უუნარობას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით შეცვალონ ხელისუფლება; ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ სერიოზულ შეზღუდვებს; გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების და პასუხისმგებლობის დაკისრების ნაკლებობას; ადამიანებით ვაჭრობას; კანონებს, რომლითაც კრიმინალიზებულია ნებაყოფლობითი ერთსქესიანი სექსუალური ურთიერთობა; ბავშვთა შრომის ყველაზე ცუდ ფორმებს.

ანგარიშის თანახმად, ხელისუფლებას არ გადაუდგამს  ნაბიჯები ოფიციალური პირების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების და მათზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კუთხით.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშში სავალდებულო სამხედრო სამსახურზე წერს, რომ ეს უკანასკნელი იძულებითი შრომის ყველაზე ცუდი ფორმაა. კანონის თანახმად ქვეყნის ყველა მოქალაქე 18-დან 50 წლამდე (შეზღუდული გამონაკლისებით) ვალდებულია გაიაროს სავალდებულო სამხედრო სამსახური. აღნიშნული მოიცავს ექვსკვირიან სამხედრო წვრთნებს და 12 თვიან აქტიურ სამხედრო ან სამოქალაქო სამსახურს, ჯამში სულ 18 თვე. გარდა ამისა, პირები, რომლებიც ვერ გაივლიან სამხედრო მომზადებას, გაივლიან 18 თვიან სამსახურს რომელიმე სახელმწიფო დაწესებულებაში. საგანგებო მდგომარეობაში, ხელისუფლებას შეუძლია ამ დაწესებული 18-თვიანი ლიმიტის შეჩერება, რაც ერიტრეის ხელისუფლებამ 1998 წელს გააკეთა ეთიოპიაში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებისას  და დღემდე არ გაუქმებულა.  აღნიშნული ქმედებიდან გამომდინარე სამხედრო სამსახური განუსაზღვრელი დროით ხანგრძლივდება. ზოგიერთ შემთხვევაში ეს იყო 20 წელი და მეტი. სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება თვითნებურია და მასთან დაკავშირებული პროცედურები კვლავ ბუნდოვანია. წვევამდელებს ასაქმებდნენ ყველა სახელწმიფო თუ პარტიულ სამსახურში. მათ შორის მოგებაზე ორიენტირებულ კომპანიებში, იძულებითი შრომის პირობებში.

ანგარიშის თანახმად წვევამდელთა ანაზღაურება დაბალია, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე პროფესიასთან დაკავშრებით გადაიხედა ანაზღაურების საკითხი. სამხედრო სამსახურში მყოფ პირებს, რომლებსაც არ აქვთ მიღებული განათლება ან პროფესიული კვალიფიკაცია, აქვთ ძალიან დაბალი ანაზღაურება და ხელისუფლება ანაზღაურებას ხანდახან საკვებით ანაცვლებდა. კანონი პირისთვის სამუშაო კატეგორიის მინიჭებას ითვალისწინებს პირის უნარების და პროფესიის გათვალიწინებით, მაგრამ პრაქტიკაში  ყოველთვის ასე არ ხდებოდა.  კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ალტერნატიულ სამსახურს კეთილსინდისიერი მოწინააღმდეგეებისთვის.[1]

Amnesty International-ის მიერ 2022 წლის 29 მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი 2021 წელი) ერიტრეაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ წერია, რომ ქვეყანაში გაგრძელდა პირთა თვითნებური დაკავებები და იძულებით გაუჩინარებები. ახალწვეულები, რომლებიც სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, იძულებულები იყვნენ ემსახურათ განუსაზღვრელი პერიოდით.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2020 წლის ნოემბრის შემდეგ ერიტრეის თავდაცვის ძალები იბრძვიან ეთიოპიის ხელისუფლების სამხედრო ძალებთან ერთად ტიგრაის სახალხო გამათავისუფლებელი ფრონტის წინააღმდეგ ეთიოპიის ტიგრაის რეგიონში. კონფლიქტის მიმდინარეობისას, ერიტრეის თავდაცვის ძალებმა, ისევე, როგორც ეთიოპიის  უსაფრთხოების ძალებმა, ჩაიდინეს ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევები, მათ შორის ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობა და სამოქალაქო პირთა კანონგარეშე მკვლელობები, რომლებიც შესაძლოა გაუტოლდეს ომის დანაშაულებს და ადამიანობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებებს.[2]

Human Rights Watch-ის მიერ 2022 წლის 13 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშში ერიტრეაში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარების შესახებ წერია, რომ ერიტრეის ხელისუფლების ძალებმა ჩაიდინეს ომის დანაშაულები, ასევე სავარაუდოდ დანაშაულები ადამიანობის წინააღმდეგ და სხვა მძიმე დარღვევები, ეთიოპიის ტიგრაის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის ფარგლებში.

ანგარიშის თანახმად ერიტრეაში გრძელდებოდა ხელისუფლების მხრიდან რეპრესია, მათ შორის იძულებით გაწვევა, მასობრივი შეკრებები ჯარის რიგების შესავსებად და ფართოდ გავრცელებული იძულებითი შრომა. ქვეყანაში ასევე მკაცრად შეზღუდული იყო გამოხატვის, რწმენის და აზრის თავისუფლება.[3]

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისის მიერ 2021 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში ერიტრეის შესახებ წერია, რომ სამხედრო სამსახური შესაძლოა დაიყოს სამხედრო და სამოქალაქო კომპონენტებად. თავდაპირველად, ყველა ახალწვეული გადის სამხედრო მომზადებას და შემდეგ ხდება მათი გადანაწილება თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სამხედრო ნაწილებში ან სამოქალაქო სამსახურში. ახალწვეულთა ნაწილი მუშაობს „დემოკრატიისა და სამართლიანობის სახალხო ფრონტის“ საკუთრებაში არსებულ რომელიმე კომპანიაში ან შეიარაღებულ ძალებში.

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო უთითებს 5 ფაქტორზე, რომელმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს იმაზე ახალწვეულს დაეკისრება სამხედრო თუ სამოქალაქო ფუნქცია:

  • ახალწვეულები, რომელთა რეკრუტირებაც მოხდა მე-12 სასწავლო წლის შემდეგ, უფრო სავარაუდოა, რომ მოხვდებიან სამოქალაქო სამსახურში ვიდრე ის პირები, რომელთაც სკოლა მიატოვეს და რეკრუტირებული არიან ადგილობრივი ადმინისტრაციის მიერ;
  • ერიტრეის საშუალო განათლების სასერთიფიკატო გამოცდებში მიღებულმა შედეგებმა შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ფუნქციათა განაწილებაში;
  • ქალები სავარაუდოდ განაწილდებიან სამოქალაქო სამსახურში;
  • სოფლის მოსახლეობა უფრო სავარაუდოა, რომ განაწილდებიან სამხედრო სამსახურში, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს მათ არასრულფასოვან განათლებასთან;
  • ე.წ Freedom Fighters-ის შვილები და გავლენიან ადამიანებთან კავშირის მქონე პირები დიდი ალბათობით განაწილდებიან სამოქალაქო სამსახურში.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის 2021 წლის მაისის ანგარიშის თანახმად მიუხედავად იმისა, რომ ახალწვეულთა ნაწილი ასრულებს სამხედრო როლს შეიარაღებულ ძალებში, მათი უმეტესობა მუშაობს სამოქალაქო ადმინისტრაციაში, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, განათლების საკითხებზე ან სხვა. აღნიშნულია ისიც, რომ ახალწვეულებს დასაქმების თვალსაზრისით არ აქვთ თავისუფალი არჩევანი.

ანგარიშში წერია ისიც, რომ სამხედრო სამსახურმა შესაძლოა ბევრი ფორმა მიიღოს, რომლის მხოლოდ მცირე ნაწილია აქტიური სამხედრო სამსახური. მათ შორის არის სახელმწიფო დაწესებულებასა თუ კომპანიაში საოფისე სამსახური; ფიზიკური შრომა; სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მაღაროებში მუშაობა; დაწყებით და საშუალო სკოლაში მუშაობა და ა.შ.

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი წერს, რომ პირობები საკმაოდ მკაცრია სამხედრო სამსახურში მყოფი პირებისთვის, თუმცა ზოგიერთი პირის შემთხვევაში ეს პირობები არის ნორმალური, თუმცა დაბალი ანაზღაურებით.

ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ სამოქალაქო მოვალეობის შემსრულებელი პირები ჩვეულებრივ არიან შეიარაღებული ძალების წევრები და ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი მათი გამოძახება. გარდა ამისა, მათ აქვთ ვალდებულება, რომ დროდადრო მონაწილეობა მიიღონ სამხედრო წვრთნებში.

1995 წლის ეროვნული სამხედრო სამსახურის პროკლამაციის მე-6 მუხლის თანახმად ერიტრეის მოქალაქეებს 18-დან 50 წლამდე აქვთ ვალდებულება გაიარონ სამხედრო სამსახური.

იმავე პროკლამაციის მე-8 მუხლის თანახმად კი ერიტრეის მოქალაქეები 18-დან 40 წლამდე ვალდებული არიან გაიარონ აქტიური სამხედრო სამსახური, რომელიც მოიცავს 6 თვიან სამხედრო წვრთნას და 12 თვიან უშუალო მსახურებას.

1995 წლის პროკლამაცია ასევე მოიცავს მუხლებს, რომელიც უკავშირდება პირის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებას; პროკლამაციის მე-12 მუხლი უთითებს, რომ აქტიური სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლდებიან ერიტრეის მოქალაქეები, რომლებმაც გაიარეს სამხედრო სამსახური ამ პროკლამაციის გამოქვეყნებამდე და ასევე ის პირები, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ მთელი დრო გაატარეს გათავისუფლებისთვის ბრძოლაში.

მე-15 მუხლის თანახმად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მიიღებენ თავდაცვის სამინისტროსგან სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების სერთიფიკატს.

პროკლამაციის მე-13 მუხლის თანახმად პირები, რომლებიც გამოცხადნენ სამხედრო სამსახურისთვის შეუფერებლად, ნებისმიერ საჯარო ან სახელისუფლებო ორგანოში გაივლიან 18 თვიან მსახურებას.

 

მე-14 მუხლის თანახმად აქტიური სამხედრო სამსახურიდან დროებითი გათავისუფლება შესაძლებელია სუსტი ჯანმრთელობის ან განათლებასთან (უნივერსიტეტი ან პროფესიული სკოლა) დაკავშირებული საკითხის გამო. მიუხედავად ამისა, აღნიშნულია, რომ პირს სერთიფიკატი, დიპლომი ან ხარისხის დამადასტურებელი საბუთი გადაეცემა მხოლოდ აქტიური სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ.

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო 2019 წლის ანგარიშში უთითებს სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების „დე ფაქტო“ საფუძვლებს. კერძოდ, ანგარიშის თანახმად ქალები, რომელთაც ყავთ შვილები ან არიან ფეხმძიმედ, თავისუფლებიან სამხედრო სამსახურიდან. მიუხედავად ამისა, დედები თავისუფლებიან მხოლოდ სამხედრო სამსახურიდან და არა სამოქალაქო სამსახურიდან. გარდა ამისა, დაქორწინებული ქალები, რომელთაც არ ჰყავთ შვილები ან არ არიან ფეხმძიმედ ხშირად თავისუფლებიან სამხედრო სამსახურიდან.

ანგარიშში ასევე წერია გათავისუფლების სხვა საფუძვლები, რომლებიც პრაქტიკაში არათანმიმდევრულად გამოიყენებოდა:

  • მუსლიმი ქალები ისეთი რეგიონებიდან, როგორიც არის Gash Barka და Southern Red Sea (სოფლის დასახლებები);
  • მომთაბარე ტომთა და რაშაიდას (Rashaida) ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები;
  • რელიგიური მსახურები (მღვდელი, იმამი და ა.შ.).

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისის ანგარიშის თანახმად პრაქტიკაში სამხედრო სამსახურიდან ასევე თავისუფლებიან:

  • მენტალური პრობლემების მქონე პირები;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
  • ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის მქონე პირები;
  • ფეხმძიმე ქალები;
  • ქალები, რომელთაც ჰყავთ მცირეწლოვანი შვილები;
  • პირები, რომლებიც არიან ოჯახის ერთადერთი მარჩენალი.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ 2021 წლის მაისში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად ერიტრეაში სამხედრო სამსახურის რეჟიმის ფარგლებში ადგილი აქვს ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებს, მათ შორის სამხედრო სამსახურის განუსაზღვრელი ხანგრძლივობა, შეურაცხმყოფელი პირობები და წვევამდელების გამოყენება იძულებით შრომაში.

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისის ანგარიშში წერია, რომ ზოგიერთი წყაროს თანახმად სამხედრო სამსახური აღიქმება, როგორც იძულებითი შრომა, ხოლო ზოგიერთის მიერ, როგორც „მონობა“. წყაროს თანახმად სამხედრო სამსახურში მყოფი წვევამდელების პირობები იყო საშინელი და მიუთითებდა დაუსჯელად ჩადენილი სექსუალური ძალადობის ბრალდებებზე. გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში გაიზარდა არასრულწლოვან წვევამდელთა რიცხვი.

კიდევ ერთი წყარო აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ეროვნული კონტექსტის გათვალისწინება, როდესაც ხდება სამხედრო სამსახურის დროს ცხოვრების პირობების გაანალიზება. წყაროს თანახმად, სამხედრო სამსახურის წვევამდელები ცხოვრობენ ისეთ პირობებში, რომელიც ასახავს ერიტრეაში მცხოვრები მოსახლეობის ნორმალურ პირობებს.[4]

[1] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – ერიტრეა – ანგარიში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ; გამოქვეყნებულია 2022 წლის 12 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 11 ნოემბერს]

[2] Amnesty International – ერიტრეა – ანგარიში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ; გამოქვეყნებულია 2022 წლის 29 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 11 ნოემბერს]

[3] Human Rights Watch – ერიტრეა – ანგარიში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ; გამოქვეყნებულია 2022 წლის 13 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 11 ნოემბერს]

[4] გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი – ერიტრეა – „სამხედრო სამსახური და ქვეყნის უკანონოდ დატოვება“; გამოქვეყნებულია 2021 წლის სექტემბერში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 11 ნოემბერს]

ერიტრეა. ადამიანის უფლებების დაცვა; სავალდებულო სამხედრო სამსახური. ივლისი, 2020

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ერიტრეაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ერითრეა არის მკაცრად ცენტრალიზებული, ავტორიტარული რეჟიმს დაქვემდებარებული სახელწმიფო, რომელსაც პრეზიდენტი ასაიას აფვერკი აკონტროლებს. ქვეყანაში ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა „დემოკრატიისა და სამართლიანობის ხალხთა ფრონტი“, რომელსაც პრეზიდენტი ხელმძღვანელობს. ქვეყანაში, 1993 წლის დამოუკიდებლობების რეფერენდუმის შემდგომ, არ ჩატარებულა არანაირი ტიპის არჩევნები.

ერიტრეაში ქვეყნის შიდა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს პოლიცია, ხოლო შეიარაღებული ძალები საგარეო უსაფრთხოებაზე არიან პასუხისმგებელნი. მთავრობა ზოგჯერ იყენებს რეზერვში არსებულ ძალებს, ასევე – დემობილიზებულ ჯარისკაცებსა და სამოქალაქო შეიარაღებულ ჯგუფებს, რათა უზრუნველყოს სათანადო პასუხი ზოგიერთი შიდა თუ საგარეო გამოწვევის მიმართ. შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ სამოქალაქო პირთა დაპატიმრება. სამოქალაქო ინსტიტუციები და საჯარო ორგანოები, უსაფრთხოების ძალების უდიდეს ნაწილზე ინარჩუნებდნენ ეფექტურ კონტროლს.

მიმდინარე წელს ადამიანის უფლებათა კუთხით, ერიტრეაში აქტუალური საკითხები იყო:  სამთავრობო ძალების მიერ პირთა იძულებითი გაუჩინარების შემთხვევები, წამება და თვითნებური დაკავება; მკაცრი და სიცოცხლისთვის საშიში საპატიმრო პირობები; პოლიტიკური პატიმრები; პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევა; დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობა; ცენზურა და პრესისა და გამოხატვის თავისუფლების კუთხით დაწესებული უსაშინლესი შეზღუდვები; შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვა; შეზღუდვები რელიგიის და გადაადგილების თავისუფლებების კუთხით;  პირთა ტრეფიკინგი; იმავე სქესის პირთა შორის ნებაყოფლობითი სექსუალური ურთიერთობის კრიმინალიზება და იძულებით შრომა, მათ შორის – პირთა იძულებითი მონაწილეობა სავალდებულო სამხედრო სამსახურში, რომელიც რუტინულად მოიცავს კანონით დაწესებულ 18 თვეზე გაცილებით ხანგრძლივ პერიოდს.

მთავრობა, როგორც წესი, არ დგამდა არანაირ ნაბიჯს, რათა სათანადოდ გამოეძიებინა ზემოხსენებული სამართალდარღვევები და დაესაჯა დამნაშავეები. შესაბამისად, დაუსჯელობა აღნიშნული ქმედებებისთვის ნორმად მიიჩნეოდა.

ანგარიშში ასევე საუბარია ქვეყანაში მოქმედ სავალდებულო სამხედრო სამსახურზეც. კერძოდ, კანონის მიხედვით, 18-დან 50 წლამდე ყველა მოქალაქემ უნდა გაიაროს სავალდებულო სამხედრო სამსახური, რომლის მოცულობაც არის 18 თვე – 6 თვე სამხედრო წვრთნები, ხოლო შემდგომი 12 – უშუალო მსახურება კონკრეტული სახელმწიფო ორგანოსთვის. ქვეყანაში არ არსებობს ალტერნატიული სამსახური.

ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად 18 თვიანი კანონისმიერი ლიმიტისა, მთავრობა არ ათავისუფლებდა ახალწვეულებს მათი ვადის მოხდის შემდგომ და მათ აიძულებდა განუსაზღვრელი ვადით მსახურებას, რისთვისაც იყენებდა ისეთ მეთოდებს, როგორიცაა – დაკავების მუქარა; ასევე – მუქარები წამების ან ოჯახის მიმართ სხვადასხვა სასჯელების შესახებ. ახალწვეულებს არ აქვთ სამსახურიდან წამოსვლის უფლება და მათ, ასევე, არ შეუძლიათ სხვა დამატებით სამსახურში იმუშავონ. როგორც წესი, მათ ასევე არ შეუძლიათ ქვეყნის დატოვება, რადგან მთავრობა მათ ვიზას ან ქვეყნიდან გამსვლელ ნებართვას არ აძლევს. გარდა სტანდარტული მოვალეობებისა, როგორიცაა – პატრული და საზღვრის მონიტორინგი, ახალწვეულებს უწევდათ ისეთი სამუშაოების შესრულება, როგორიცაა: გზების შეკეთება; მცენარეების დათესვა; სწავლება; მშენებლობებში მონაწილება; სამთავრობო სტრუქტურების ოფისებში კლერკული სამუშაოს შესრულება და ა.შ. ასევე, გავრცელებული ცნობების თანახმად, ზოგიერთი ახალწვეული ასევე ექვემდებარებოდა ფიზიკურ შრომას, რასაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა სავალდებულო სამხედრო სამსახურთან.[1]

Human Rights Watch ერიტრეის შესახებ 2020 წლის ანგარიშში წერდა, რომ ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში, პრეზიდენტი ისაიას აფევერკი იყენებდა ეთიოპიასთან არსებულ კონფლიქტს, რათა გაემართლებინა მოქმედი ავტორიტარული რეჟიმი. მართალია,  2018 წლის ივლისში, ორ ქვეყანას შორის ზავი დაიდო, რის შედეგადაც დასრულდა ერითრეის დიპლომატიური იზოლაცია, თუმცა, სიტუაცია იგივე დარჩა. მთავრობა კვლავ აგრძელებდა განუსაზღვრელი ვადით ერითრეელი მოქალაქეების სამხედრო გაწვევას, რის შედეგადაც აიძულებდა მათ ემუშავათ დაბალ ხელფასზე, არ ჰქონოდათ არანაირი არჩევანი სამუშაო ადგილი არჩევის კუთხით და, ხშირად, ემუშავათ და ეცხოვრათ უმძიმეს პირობებში.

მთავრობის მიერ სავალდებულო სამსახურის წესების დარღვევის გამო, ათასობით ერიტრიელი (მათ შორის, ბავშვები) იძულებული იყო, ქვეყნის გარეთ გაქცეულიყო. UNHCR-ის 2018 წლის ბოლოს არსებული მონაცემებით, ქვეყანა დატოვა 507. 300-მა პირმა, რაც ქვეყნის საერთო მოსახლეობის დაახლოებით 10 %-ია.[2]

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი (EASO) ერითრეაში სამხედრო სამსახურის შესახებ გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში წერდა, რომ ქვეყანაში დე ფაქტო „საგანგებო მდგომარეობა“ 1998 წელს გამოცხადდა და მას შემდეგ ძალაშია, შესაბამისად, აღნიშნული მიზეზის გამო, არსებული სავალდებულო სამხედრო სამსახური განუსაზღვრელი ვადით გრძელდება. 2018 წელს, მას შემდეგ, რაც საბოლოოდ შედგა სამშვიდობო შეთანხმება ეთიოპიასთან, იყო მოლოდინი, რომ აღნიშნული სამსახურის მაქსიმალური ვადა კანონისმიერ ჩარჩოს – კერძოდ, 18 თვეს დაუბრუნდებოდა. თუმცა, 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით, არაფერი შეცვლილა და ამ კუთხით, ჯერჯერობით არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა. ხელისუფლება აცხადებს, რომ რეფორმას გარკვეული დრო სჭირდება, რადგან თუ ასობით ათას მოქმედ ახალწვეულს გაათავისუფლებს, მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს უმუშევრობას, რადგან მათი უმრავლესობისთვის საკმარისი სამუშაო ადგილები არ იქნება. შესაბამისად, მთავრობას, იმისთვის, რომ შექმნას აღნიშნული ადგილები, გარკვეული დრო ჭირდება.

1995 წლის ეროვნული სამხედრო სამსახურის პროკლამაციის 8 მუხლის მიხედვით, სავალდებულო სამსახური გრძელდება 18 თვეს, რომელთაგან 6 თვე ეთმობა სამხედრო წვრთნებს, ხოლო დანარჩენი 12 – უშუალოდ მსახურებას. თუმცა, კანონის 21 (1) მუხლი ამბობს, რომ ომიანობის დროს, აღნიშნული სამსახურის პერიოდი განუსაზღვრელი ვადით შეიძლება გაგრძელდეს. ეს  მუხლი გამოყენებულ იქნა ეთიოპიასთან ომის დაწყების დროს 1998 წელს და დღემდე მოქმედებს. გამოკითხულ წყაროთა მიხედვით, ზოგჯერ, ახალწვეულებს 18 თვით მსახურების შემდგომ ათავისუფლებენ, თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, ეს პერიოდი გაცილებით ხანგრძლივია. არის ბევრი შემთხვევა, როდესაც პირები 10 ან 20 წლის განმავლობაშიც არიან სამხედრო სამსახურში გაწვეულნი. როგორც წესი, ქალებს გაცილებით ადრე ათავისუფლებენ, ვიდრე მამაკაცებს და ეს ხშირად მათი ქორწინებისას ან პირველი შვილის დაბადებისას ხდება.

სავალდებულო სამხედრო სამსახურის ზემოაღნიშნულ 12 თვეს ახალწვეულები სამოქალაქო ან სამხედრო მსახურებაში ატარებენ. გავრცელებული ცნობებით, სამოქალაქო ნაწილში არსებული სიტუაცია უკეთესია, ვიდრე სამხედრო ნაწილში. თუმცა, მიუხედავად ამისა,  არის კონკრეტული სერიოზული პრობლემები. კერძოდ, მათ არ შეუძლიათ:

  • მსახურების ადგილის არჩევა, რაც ხელს უშლის მათ განათლებას, უნარებსა და პირად მისწრაფებებს;
  • მსახურებისთვის დაწესებული სარგო ძალიან დაბალი და არასაკმარისია;
  • მათ ეკრძალებათ საზღვარგარეთ გამგზავრება.

სამოქალაქო სამსახურში, გადაცდომისთვის დაწესებული დისციპლინარული პასუხისმგებლობის ფორმები არ არის ისეთი მკაცრი, როგორც სამხედრო სამსახურში. წყაროები ამ კუთხით არაფერს წერდნენ წამების შემთხვევების შესახებ. სასჯელად შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სამხედრო ნაწილში გადაყვანა ან/და დაპატიმრება.

სიტუაცია კარდინალურად განსხვავებულია სამხედრო ნაწილში სამსახურის მოხდისას. ეს, გარკვეულწილად, იმით არის განპირობებული, რომ მეთაურებს შეუზღუდავი უფლებამოსილებები გააჩნიათ მათ დაქვემდებარებულ ახალწვეულებთან მიმართებით. პრობლემატური საკითხებია:

  • ცუდი დისციპლინის ან რეკრუტის მიერ შესაბამისი უნარის ვერ გამომუშავების გამო სასჯელი ზედმეტად მკაცრია – გავრცელებული ცნობებით, მათ სცემენ და საათობით ან რამდენიმე დღის განმავლობაშიც კი ჰყავთ გაკოჭილი;
  • სამხედრო ნაწილების უმრავლესობას აქვს საკუთარი საპატიმრო, სადაც პირობები საშინელია. ზოგიერთი მათგანი მიწისქვეშაა ან სულაც სატვირთო კონტეინერებში მდებარეობს. არის გადატვირთულობის, ჰიგიენის, მედიკამენტებისა და კვების კუთხით არსებული სერიოზული პრობლემები;
  • მძიმეა სამუშაო პირობებიც და პერიოდიც, გავრცელებული ცნობებით, 72 საათიანი სამუშაო კვირებიც ფიქსირდება;
  • ბევრი ქალი ახალწვეული ექვემდებარება სექსუალურ ძალადობას;
  • სამხედრო სამსახურის ხანგრძლივობა განუსაზღვრელია და ახალწვეულებმა არ იციან, როდის დასრულდება იგი. ხშირია 10 ან 20 წლით მსახურების შემთხვევებიც.

რაც შეეხება სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებისთვის არსებულ სანქციას, 1995 წლის ეროვნული სამხედრო სამსახურის პროკლამაციის 37 (1) მუხლის მიხედვით, ამ კანონიდან ნებისმიერი ტიპის გადახვევა  (მათ შორის, გაწვევისგან თავის არიდება და დეზერტირობა) ისჯება 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ან/და 3 000 ნაკფას მოცულობით (180 ევრო) ჯარიმით. ამას გარდა, ასევე მოქმედებს ერითრეის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებიც. მაგალითად, 297 მუხლის თანახმად, ომიანობის პერიოდში, გაწვევისგან თავის არიდება დასჯადია 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ხოლო იმავე დროს დეზერტირობა ისჯება 5 წლით ან უვადო პატიმრობით, ხოლო განსაკუთრებით სერიოზულ შემთხვევები კი, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სიკვდილით დასჯა. ანგარიშის მიხედვით, დე-ფაქტო სასჯელები გაწვევისგან თავის არიდებისთვის თვითნებური ხასიათისაა და დამოკიდებულია კონკრეტულ სამხედრო მეთაურზე. ვერ მოიძებნა კონკრეტული და სანდო ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რამდენად შეიცვალა სიტუაცია ამ კუთხით სამშვიდობო შეთანხმების შემდგომ. ერითრეის შესაბამისი სამსახურები აგრძელებენ დეზერტირებისა და სამხედრო სამსახურისგან თავის ამრიდებლების ძებნას სხვადასხვა მეთოდებით, მათ შორის:

  • სამხედრო მეთაურები აგზავნიან ჯარისკაცებს წვევამდელის ან დეზერტირის მოსაძებნად უშუალოდ მათ სახლში ან სოფელში;
  • ტარდება შემოვლები სახლიდან სახლამდე, რომლის დროსაც ყველა ოჯახს უჩვენებენ წვევამდელის ან დეზერტირის ფოტოებს და ეკითხებიან, ფლობენ თუ არა მათზე რაიმე ინფორმაციას;
  • სპეც-ოპერაციების (Giffa) მეშვეობით, აპატიმრებენ დეზერტირს ან თავის ამრიდებელს;
  • მათ ასევე აპატიმრებენ უშუალოდ საზღვრის უკანონო კვეთისას;
  • ზოგიერთ შემთხვევაში, ასევე აპატიმრებენ დეზერტირის ოჯახის წევრებს, რათა აიძულონ მათ საკუთარ დანაყოფს დაუბრუნდეს.

ანგარიშის მიხედვით, სავალდებულო სამსახურის სამხედრო კომპონენტში მომსახურე დეზერტირებს, იმ შემთხვევაში, თუ კოლეგა ჯარისკაცები დაიჭერენ, აბრუნებენ საკუთარ დანაყოფში, რის შემდეგაც მისი უშუალო მეთაური განსაზღვრავს, თუ რა სასჯელს დაექვემდებარება იგი. როგორც სამხედრო, ასევე – სამოქალაქო კომპონენტში მომსახურე დეზერტირებს, ასევე – სამხედრო სამსახურისგან თავის ამრიდებლებს, რომლებსაც ზემოჩამოთვლილი მეთოდებით დაიჭერენ, პირდაპირ საპატიმროში უშვებენ. ციხეებში ისინი ექვემდებარებიან დაკითხვას და, ზოგჯერ, წამებასაც. წყაროთა მიხედვით, საპატიმროში ისინი ერთიდან 12 თვემდე ვადით არიან, თუმცა, დანაშაულის რეციდივის ან საბუთების გაყალბების დროს, დამნაშავეებს 3 წლითაც სჯიან. ციხიდან გათავისუფლების შემდგომ, დეზერტირები უბრუნდებიან საკუთარ დანაყოფებს; ხოლო სამსახურისგან თავის ამრიდებლები გადიან სამხედრო წვრთნებს. მას შემდეგ, რაც დეზერტირები დაბრუნდებიან საკუთარ დანაყოფში, მათ მეთაური თვითნებურად განსაზღვრავს დამატებით სასჯელს, რომელიც შესაძლებელია იყოს დამატებითი ვადით პატიმრობა უშუალოდ დანაყოფის ციხეში, სადაც ისინი პოტენციურად დაექვემდებარებიან წამებას. მეთაურმა შესაძლოა არ დააწესოს სასჯელი და ამ დროს, პირი უბრალოდ დანაყოფში რეინტეგრაციას დაქვემდებარება.

სამხედრო სამსახურისგან თავის ამრიდებლების ან დეზერტირების ოჯახის წევრებს ზოგჯერ აპატიმრებენ რამდენიმე კვირით ან თვით, რათა აიძულონ პირი, გამოჩნდეს. აღნიშნული მეთოდი, როგორც წესი, გამოიყენება მაშინ, თუ არსებობს ვარაუდი, რომ პირი ჯერ კიდევ ერითრეაშია. თუ ის ქვეყანას დატოვებს, ნათესავებს, როგორც წესი, ათავისუფლებენ. 2005 წლიდან 2010 წლამდე ადგილი ჰქონდა პრაქტიკას, როდესაც იმ დეზერტირების ან თავის ამრიდებლების, რომლებმაც ერითრეა დატოვეს, ოჯახებს, უნდა გადაეხადათ ჯარიმა 50 000 ნაფკას მოცულობით. თუ ისინი ვერ გადაიხდიდნენ აღნიშნულ თანხას, მათ დააპატიმრებდნენ 1 წლამდე ვადით, ან წაართმევდნენ ქონებას. უკანასკნელი წლების განმავლობაში, აღნიშნული პრაქტიკა თანდათან გაქრა, თუმცა, 2019 წლის მდგომარეობით, იშვიათად, თუმცა მაინც ხდება.

რაც შეეხება ერიტრეაში საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს, ანგარიშის მიხედვით, უცხოეთიდან დაბრუნებისას (მიუხედავად იმისა, ქვეყანა ლეგალურად დატოვეს თუ არა) მათ უნდა დააკმაყოფილონ კონკრეტული პირობები: კერძოდ, ისინი, საზღვარგარეთ ბინადრობისას, ერითრეის შესაბამის საელჩოში უნდა იხდიდნენ „რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის გადასახადს“ – მათი შემოსავლის 2 პროცენტს, რომელსაც სხვაგვარად „დიასპორის გადასახადი“ ეწოდება. ამას გარდა, იმ პირებს, რომელთაც გავლილი არ აქვთ სავალდებულო სამხედრო სამსახური, უწევთ სპეციალური 4/4.2 ფორმის შევსება. აღნიშნული წარმოადგენს ერთგვარ „სინანულის ფურცელს“, რომლის ფარგლებშიც ისინი აღიარებენ, რომ სავალდებულო სამსახურისგან თავის არიდებით, ჩაიდინეს დანაშაული და, რომ მზად არიან, პასუხი აგონ ამისთვის. ასევე, მართალია, კანონისმიერ დანაწესს არ  წარმოადგენს, თუმცა დე-ფაქტო მოთხოვნაა ისიც, რომ ისინი არ უნდა ეწეოდნენ არანაირ ანტი-სამთავრობო, პოლიტიკური ხასიათის საქმიანობას უცხოეთში.

იმ პირებს რომლებიც დააკმაყოფილებენ აღნიშნულ პირობებს, მიეცემათ ე.წ. „პრივილეგირებული სტატუსი“, რომელის ფარგლებშიც შეუძლიათ ჩავიდნენ ერითრეაში და შემდგომ დატოვონ ქვეყანა სპეციალური, „ქვეყნიდან გასვლის ვიზის“ გარეშე. ამას გარდა, ისინი დროებით არ დაექვემდებარებიან სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას. თუმცა, აღნიშნული სტატუსი დროებითია და განკუთვნილია მხოლოდ იმ პირთათვის, რომლებიც ქვეყანაში ხანმოკლე ვიზიტით (6-დან 12 თვემდე ვადით) ბრუნდებიან. წყაროთა მიხედვით, პირები, რომლებიც აღნიშნულ ვადას გადააცილებენ, კვლავ ერითრეის რეზიდენტებად მიიჩნევიან და, შესაბამისად, ექვემდებარებიან გაწვევას.

ქვეყანაში დაბრუნებისას, თუ რა ტიპის მოპყრობას (მათ შორის, პატიმრობას ან სავალდებულო სამსახურში გაწვევას) დაექვემდებარება პირი, დამოკიდებულია შემდგომ ფაქტორებზე:

  • როგორ დაბრუნდა პირი ერითრეაში, საკუთარი ნებით თუ იძულებით;
  • როგორ წავიდა საზღვარგარეთ, ლეგალურად თუ არალეგალურად;
  • გადაიხადა თუ რა 2 %-იანი დიასპორის გადასახადი და შევსებული აქვს თუ არა ფორმა 4/4.2
  • მისი პოლიტიკური აქტივობები საზღვარგარეთ;
  • მოხდილი ჰქონდა თუ არა სავალდებულო სამსახური ქვეყნიდან გასვლისას;
  • რა დროით რჩება ერითრეაში, დროებით თუ პერმანენტულად:
  • კონტაქტები მთავრობაში და საჯარო სექტორში
  • გადაწყვეტილების მიმღების თვითნებობა

აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, პირი, რომელსაც არ აქვს სავალდებულო სამხედრო სამსახური მოხდილი და პერმანენტულად ბრუნდება ერითრეაში, შესაძლებელია დაექვემდებაროს განსხვავებულ მოპყრობას. წყაროთა უმრავლესობა კონკრეტულად ვერ ასახელებს ზუსტად რა შედეგი მოჰყვება აღნიშნულ ქმედებას. მათ თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც პირები წარმატებით, ყოველგვარი პრობლემების გარეშე დაბრუნდნენ საზოგადოებაში. ზოგიერთი წყაროს ცნობით, იყო შემთხვევები, როდესაც ისინი დააკავეს, პატიმრობაში დაუქვემდებარეს წამებას და შემდგომ გაგზავნეს სამხედრო დანაყოფებში. თუმცა, იმ პირებს, რომელთაც გადახდილი ჰქონდათ დიასპორის გადასახადი და, ასევე, წარადგინეს ზემოხსენებული სპეციალური ფორმა, შედარებით უკეთესად მოექცნენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, საბოლოოდ მაინც დააკავეს.

წყაროთა ინფორმაცია ამ საკითხზე განსხვავებულია, მათი ნაწილი იზიარებს იმ აზრს, რომ ერითრეაში დაბრუნებულ სამხედრო სამსახურისგან თავის ამრიდებლებს დააკავებენ და გაწვევას დაუქვემდებარებენ,  თუმცა უმრავლეს შემთხვევაში, წყაროები უბრალოდ არ ფლობენ ამაზე ინფორმაციას.[3]

[1] United States Department of State –  Country Report on Human Rights Practices 2019 – Eritrea; published in March 2020; available at

[accessed 22 July 2020]

[2] Human Rights Watch – World Report 2020 – Eritrea; published in January 2020; available at

[accessed 23 July 2020]

[3] EASO – “Eritrea National service, exit, and return Country of Origin Information Report”; published in September 2019; available at

[accessed 23 July 2020]

ერიტრია. ადამიანის უფლებები; გადაადგილება; სამხედრო სამსახური; იძულებითი შრომა; მარტი, 2019

ერიტრეა მკაცრად ცენტრალიზებული, ავტორიტარული რეჟიმის მქონე ქვეყანაა, რომელსაც პრეზიდენტი ისაიას აფვერკი აკონტროლებს. სამართლიანობის და დემოკრატიის სახალხო ფრონტი, რომელსაც პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, ქვეყნის ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა. ქვეყანამ ეთიოპიისგან დამოუკიდებლობა 1993 წელს მოიპოვა და მას შემდეგ არცერთი ეროვნული დონის არჩევნები არ ჩატარებულა. რეჟიმის სამოქალაქო ხელისუფლება, როგორც წესი, ეფექტურ კონტროლს ინარჩუნებს უსაფრთხოების ძალებზე.

ადამიანის უფლებების ყველაზე მნიშვნელოვან დარღვევებს წარმოადგენს თვითნებური მკვლელობები; გაუჩინარებები; წამება და სხვა არა ადამიანური მოპყრობა უსაფრთხოების ძალების მხრიდან, მათ შორის რელიგიური და პოლიტიკური შეხედულებების გამო; მძიმე საპატიმრო პირობები; თვითნებური დაპატიმრებები; სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვა; პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევა; სიტყვისა და პრესის თავისუფლების შეზღუდვა; ინტერნეტის, აკადემიური და კულტურული ღონისძიებების თავისუფლების შეზღუდვა; რელიგიის, შეკრებისა და გაერთიანების უფლების შეზღუდვა; შიგა და გარე გადაადგილების უფლების შეზღუდვა; მთავრობის არჩევის უფლების არ არსებობა; კორუფცია და გამჭვირვალობის ნაკლებობა; საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვა; ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა; ადამიანებით ვაჭრობა; ერთსქესიანთა კავშირის სისხლის სამართლებრივი დევნა; იძულებითი შრომა, მათ შორის იძულებითი მონაწილეობა ქვეყნის სამხედრო სამსახურში 18-თვიანი ვადის მიღმა. მთავრობა, როგორც წესი, არაფერს აკეთებს ოფიციალური პირების მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევების გამოსაძიებლად და დამნაშავეების დასასჯელად. დაუსჯელობა ასეთი ქმედებებისთვის ნორმადაა ქცეული.

გადაადგილების თავისუფლება – კანონი და კონსტიტუცია აწესებს შიგა და გარე გადაადგილების, ემიგრაციისა და რეპატრიაციის თავისუფლებას, თუმცა მთავრობა კრძალავს ყველა ამ უფლების განხორციელებას.

ქვეყნის შიგნით გადაადგილება – მთავრობა მოითხოვს მოქალაქეებისგან, რომ მათ ბინადრობის ადგილის ცვლილების შესახებ აცნობონ ადგილობრივი ხელისუფლებას, თუმცა ბევრი ამას არ აკეთებს. ქვეყნის შიგნით მოგზაურობისას, განსაკუთრებით სასაზღვრო რეგიონებში, რამდენიმე საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ხელისუფლება მოქალაქეებისგან მოითხოვს მოგზაურობის დასაბუთების წარდგენას. არა მოქალაქეების გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა კანონიერია. მთავრობა ითხოვს ყველა დიპლომატისგან, საერთაშორისო ჰუმანიტარული მისიით მომუშავეებისგან, გაეროს თანამშრომლებისგან და უცხოელებისგან, რომ მათ ითხოვონ მთავრობისგან ნებართვა 10 დღით ადრე, ვიდრე ისინი ასმარადან 15.5 მილის დაშორებით გამგზავრებას გადაწყვეტენ. ხელისუფლება გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის თანამშრომლებისთვის გასცემს ერთთვიან ნებართვას, რათა მათ შეძლონ გადაადგილება უმკულუს ლტოლვილთა ბანაკის მიმართულებით. აღნიშნული ტერიტორიის მონახულების უფლებას დიპლომატებს აძლევენ მაისში.

საზღვარგარეთ მოგზაურობა – მთავრობას ზღუდავს საზღვარგარეთ მოგზაურობას. მთავრობა მოითხოვს მოქალაქეებისგან, ხანდახან ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებისგანაც, რომ მათ აიღონ ქვეყნის დატოვების ნებართვა. მთავრობა ზღუდავს ერიტრიელებად მიჩნეული ბავშვების მოგზაურობას, მაშინაც როცა მათ უცხო ქვეყნის პასპორტი აქვთ. პასპორტისა და ქვეყნიდან გასასვლელი ვიზის მიღებისთვის დადგენილი მოთხოვნები არა თანმიმდევრული და გაუმჭვირვალეა. მთავრობა ხშირად არ გასცემს მოქალაქეებზე პასპორტებს და გასვლის ნებართვის ვიზებს იმ მიზეზით, რომ მოქალაქეებს არ აქვთ დასრულებული სამხედრო სამსახური; ან უბრალოდ ყოველგვარი მიზეზის გარეშე. ხელისუფლება, როგორც წესი, არ გასცემს ქვეყნის დატოვების ნებართვას 5 წლის ზევით ასაკის ბავშვებზე. ქვეყნიდან გასვლის ნებართვას ძალიან ცოტა მოზარდი იღებს. მშობლები ერიდებიან ქვეყნიდან გასვლის ნებართვა ითხოვონ სამხედრო სამსახურში გაწვევის ასაკთან ახლოს მყოფი შვილებისთვის, რადგან შიშობენ, რომ ხელისუფლება მშობლებსაც აუკრძალავს ქვეყნიდან გასვლას. ქვეყნიდან გასვლაზე უარს ეუბნებიან, ძირითადად, მამაკაცებს 54 წლამდე, იმის მიუხედავად, მოიხადეს თუ არა მათ თავიანთი წილი სამხედრო სამსახური და ქალებს 30 წლამდე, თუ მათ შვილები არ ჰყავთ. მთავრობა, როგორც წესი, ქვეყნის დატოვების ნებართვას არ გასცემს სამოქალაქო მილიციის წევრებზე, თუმცა ზოგი, ვინც ხელისუფლების მიერ გათავისუფლებულია ეროვნული სამსახურიდან და აქვს თავისი ზონის მეთაურის თანხმობა, ქვეყნიდან გასვლის ნებართვას იღებს.

2015 წელს წყაროები წერდნენ, რომ მთავრობამ, დიდწილად სამხედრო ძალებმა და განსაკუთრებით სასაზღვრო მეთვალყურეობის დანაყოფმა „მიზანშეწონილი პერიოდისთვის“ დანერგა სასიკვდილო გასროლის პოლიტიკა. 2016 წელს წყაროები აღნიშნავდნენ, რომ არსებობდა საიმედო მტკიცებულებები აღნიშნული პოლიტიკის კვლავ არსებობისა, თუმცა მისი აღსრულება აღარ ხდებოდა ისე მკაცრად, როგორც წარსულში. ორგანიზაცია „ექიმები საზღვრების გარეშე“ წერდა, რომ ერიტრიელებს, რომლებიც ცდილობდნენ საზღვრის გადაკვეთას და ეთიოპიაში გადასვლას, ესროდნენ; ბევრი ერიტრიელი გახდა იმის მოწმე, თუ როგორ გაუხსნეს ცეცხლი სხვა ერიტრიელებს საზღვრის გადაკვეთის მცდელობის დროს.

ქვეყნის დატოვება – გავრცელებული ინფორმაციით, იყო შემთხვევები, როდესაც ქვეყნის დატოვების ნებართვის გარეშე ერიტრიიდან გასულ მოქალაქეებს აღარ აძლევდნენ ქვეყანაში დაბრუნების უფლებას. ბევრი მოქალაქე, ვინც ერიტრეა დატოვა, თავად რჩებოდა დევნილობაში, რადგან ეშინოდა თავისი რელიგიის ან პოლიტიკური შეხედულებების გამო ან გაურბოდა სამხედრო სამსახურში გამოძახებას. სხვა წყაროების ინფორმაციით, არაფერი ემუქრებოდათ მათ, ვინც სხვა ქვეყნის ბინადრობას ან მოქალაქეობას ფლობდა. ზოგადად, მოქალაქეებს აქვთ დაბრუნების უფლება, მაგრამ მათ, ვინც ცხოვრობდა საზღვარგარეთ, უნდა დაადასტუროს, რომ გადაიხადეს საზღვარგარეთ გამომუშავებული შემოსავლის გადასახადი (2%-ის ოდენობით), რომ მიიღონ წვდომა სახელმწიფო სერვისებზე, მათ შორის ისეთ მომსახურებაზე, როგორიცაა ქვეყნიდან გასვლის ნებართვის აღება, დაბადების ან ქორწინების მოწმობის აღება, პასპორტის განახლება და უძრავი ქონების ტრანზაქცია. მთავრობა აღნიშნულ მოთხოვნას აღასრულებდა არა თანმიმდევრულად. მთავრობა დიდი დაკვირვებით განიხილავს იმ მოქალაქეთა საქმეებს, რომელთა შესახებ ცნობილია, რომ დაარღვიეს კანონი უცხო ქვეყანაში ან არიან რაიმე დაავადების მატარებელნი ან უცხო ქვეყნის მთავრობამ მათ უარი უთხრათ პოლიტიკური ნიშნით თავშესაფარზე.

მოქალაქეობა – იეჰოვას მოწმეები, რომლებიც არ ასრულებენ სამხედრო სამსახურს, კვლავ რჩებიან საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გარეშე. მათ არ შეუძლიათ იმუშაონ ფორმალურ ეკონომიკაში ან მიიღონ კვების კუპონები მთავრობის მიერ სუბსიდირებული ფასებით პროდუქტების შესაძენად.[1]

უსასრულო სამხედრო სამსახური და იძულებითი შრომა – ერიტრიის ყველა მოქალაქის უფლებები მკაცრად იზღუდება, თუმცა ყველაზე უარეს დღეში არიან ახალგაზრდები, რომელთაც სამხედრო სამსახურში იწვევენ. გაეროს სამსახურების მიერ ერიტრიის სამხედრო სამსახური დახასიათებულია, როგორც „მონობა“. და მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ მიაღწია შეთანხმებას ეთიოპიასთან, მთავრობამ მაინც არ გაათავისუფლა ეროვნულ სამსახურში დიდი ვადით გაწვეული არცერთი პირი.

18 წლის ყველა პირი გაწვეულია ეროვნულ (სამხედრო) სამსახურში. ისინი მსახურობენ უსასრულოდ, ზოგიერთი 18 წლის განმავლობაშიც კი. უსასრულო სამხედრო სამსახური არ არის ერთადერთი მიზეზი, რატომაც ათასობით ერიტრიელი, მათ შორის ბავშვები თანმხლები პირების გარეშე, ტოვებენ ერიტრიას ყოველთვე, მაგრამ სამხედრო სამსახური უმთავრესი მიზეზია. 1998 წლის ომის შემდეგ, ქვეყანა მოსახლეობის თითქმის 15%-მა დატოვა. მას შემდეგ, რაც ეთიოპიასთან საზღვარი გაიხსნა, ქვეყნიდან წასული ერიტრიელების, განსაკუთრებით თანმხლების პირის გარეშე ბავშვების, რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

სამხედრო სამსახურში გაწვეულები დიდი ხანია არა ადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის მათ შორის წამების ობიექტები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ანაზღაურება გაიზარდა, ის მაინც არაა საკმარისი ოჯახების შესანახად, განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ მატებასთან ერთად გაიზარდა საკვებისთვის განკუთვნილი დაქვითვები.

ერიტრიის ინფორმაციის მინისტრმა 2018 წელს გაცემულ ინტერვიუში აღიარა, რომ გაწვეულთა ერთ მეხუთედზე ნაკლებს აქვს სამხედრო როლი. დანარჩენები არიან ფერმის მუშახელი, მასწავლებლები, მშენებლობის მუშები, საჯარო მოსამსახურეები, დაბალი ინსტანციის მოსამართლეები და სხვა საჯარო მოხელეები. სამხედრო სამსახურში გაწვეულებს აფორმებენ მთავრობის საკუთრებაში მყოფ სამშენებლო ფირმებში და ამუშავებენ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უცხოელების საკუთრებაში არსებულ საბადოებზე.[2]

[1] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2017 – Eritrea, 20 April 2018

 (accessed on 6 March 2019)

[2] HRW – Human Rights Watch: World Report 2019 – Eritrea, 17 January 2019

 (accessed on 6 March 2019)

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 8-15 სექტემბერი, 2018

ერაყში დემონსტრანტებმა მძევლები აიყვანეს – ერაყელმა დემონსტრანტებმა „ლუკოილის“ თანამშრომლები ბასრას მახლობლად, საბადო „კურნა-2“-ზე თავდასხმისას, მძევლად აიყვანეს. ერაყის სამხრეთ ნაწილში, რომელიც ძირითადად შიიტებით არის დასახლებული, პროტესტის ტალღა რამდენიმე კვირაა გრძელდება. დემონსტრანტები აპროტესტებენ ინფრასტრუქტურის და ელექტროენერგიის არარსებობას, ასევე კორუფციას. 2-მილიონიანი ქალაქის მოსახლეობა უწყლობასაც უჩივის და ამბობს, რომ მათ სახლებში მარილიანი წყალი მოდის. დემონსტრანტებმა ბასრაში მდებარე ირანის საკონსულო დაწვეს და თავს დაესხნენ სახანძრო მანქანებს. არეულობის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა.[1]

ერაყის პარლამენტმა სუნიტი თავმჯდომარე აირჩია – ერაყის პარლამენტმა სუნიტი კანონმდებელი, მუჰამედ ალ-ჰალბოსი თავმჯდომარედ აირჩია. ჰალბოსის არჩევა ნიშნავს იმას, რომ ერაყის პარლამენტს უკვე შეუძლია, აირჩიოს სხვა ოფიციალური პირები. ეს პროცესი 90 დღეს მოიცავს. კანონმდებლებმა სამომავლოდ პრეზიდენტიც უნდა აირჩიონ. ჰალბოსი 37 წლისაა და ის ერაყის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა თავმჯდომარეა. ჰუსეინის რეჟიმის შემდეგ, ტრადიციულად, პარლამენტის თავმჯდომარე სუნიტია, ქვეყნის პრემიერი შიიტი, ხოლო პრეზიდენტი ქურთების წარმომადგენელი. ერაყში საპარლამენტო არჩევნები 12 მაისს გაიმართა. მასში მონაწილეობდა 29 საარჩევნო ბლოკი, რომელიც 200 სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას აერთიანებდა. არჩევნებში კოალიცია „საირუნმა“ გაიმარჯვა, რომელსაც რადიკალი შიიტი მქადაგებელი მუქთადა ალ-სადრი ხელმძღვანელობს.[2]

ტერაქტები ავღანეთში – ავღანეთის დედაქალაქში აფეთქებას სულ მცირე 7 ადამიანი ემხვერპლა, 25 კი დაშავდა. ტერორისტმა თავი დემონსტრაციაზე აიფეთქა, რომელიც ეროვნული გმირის აჰმად შაჰ მასუდის გარდაცვალების წლისთავის აღსანიშნად იმართებოდა. აფეთქება ტაიმანის რაიონში მოხდა. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ტერორისტი მოტოციკლით გადაადგილდებოდა, როდესაც ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა.[3]

ავღანეთში აქციაზე მომხდარი ტერაქტის შედეგად ბოლო მონაცემებით 68 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რიცხვმა 165-ს მიაღია. შემთხვევა პაკისტანის საზღვართან მდებარე ნანგარჰარის პროვინციაში 11 სექტემბერს მოხდა, სადაც აქციის მონაწილეები ადგილობრივი პოლიციის ხელმძღვანელის გადადგომას მოითხოვნენ. აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. ბოლო თვეების განმავლობაში ეს ყველაზე სისხლიანი თავდასხმა იყო.[4]

ეგვიპტეში მუსლიმთა საძმოს 75 წევრს სიკვდილით დასჯიან – მათ შორის არიან საძმოს ლიდერები, ესამ ელ ერიანი და მუჰამედ ბელთაგი. ისინი 2013 წელს დააპატიმრეს. საძმოს წევრებს ბრალი ხუთი წლის წინ ეგვიპტეში საპროტესტო გამოსვლებისას, მკვლელობებსა და ძალადობაში დასდეს. ცნობილ ფოტოგრაფს მაჰმუდ აბოუ ზეიდს (მეტსახელად Shawkan) ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის 2013 წელს ეგვიპტის უსაფრთხოების ძალებმა საპროტესტო აქციების ძალადობრივი მეთოდებით დარბევის გაშუქების გამო დააკავეს. ერთი თვის წინ ეგვიპტის სასამართლომ მუსლიმთა საძმოს ხუთ ლიდერს, მათ შორის 75 წლის მუჰამედ ბადის, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.[5]

ჟენევაში იემენის სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩაიშალა – სამოქალაქო კონფლიქტში ჩართული შიიტი ჰუსიტები მოლაპარაკებების მაგიდასთან არ გამოცხადდნენ. ამის შესახებ იემენის საკითხებში, გაეროს საგანგებო წარმომადგენელმა, მარტინ გრიფიტმა განაცხადა. ჟენევაში სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ გაეროს დიპლომატი ამბოხებულ ჰუსიტებთან სანააში შეხვედრის ინიციატივით გამოვიდა. მარტინ გრიფიტის თქმით, უმჯობესი იქნება, თუ მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში გაიმართება. ამასთან, გაეროს დიპლომატმა აღნიშნა, რომ ჰუსიტების ქმედებას სამშვიდობო მოლაპარაკებების წინააღმდეგ დაწყებულ ფუნდამენტურ ბლოკადად არ აფასებს და მოლაპარაკებების გაგრძელების იმედი აქვს. იემენის სამშვიდობო მოლაპარაკებები ჟევენაში 6 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო. მასში მონაწილეობა სახელისუფლებო და ამბოხებულთა დელეგაციებს უნდა მიეღოთ. თუმცა ამბოხებული ჰუსიტების დელეგაციის წარმომადგენლებმა გაავრცელეს ცნობა, რომ მათ სანაას საერთაშორისო აეროპორტის დატოვება ვერ მოახერხეს. მათი თქმით, კოალიციურმა ძალებმა თვითმფრინავს აფრენის უფლება არ მისცეს. მოგვიანებით კოალიციურმა ძალებმა ინფორმაცია უარყვეს.[6]

საუდის არაბეთში კაცი ქალთან სადილობის გამო დააკავეს – საუდის არაბეთში ეგვიპტელი მიგრანტი „უხამსი ქცევის| გამო დააკავეს. კაცმა ინტერნეტში განათავსა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ ის ქალთან ერთად სადილობს. საუდელები აღშფოთდნენ იმით, რომ ნიქაბში ჩაცმული ქალი კაცს ხელით აჭმევს. ეგვიპტელი, რომელიც ბაჰაიზმის მიმდევარია, სასტუმროში დააკავეს. მას ქალთან სადილობის გარდა სასტუმროში მუშაობაშიც დასდეს ბრალი – იმიგრანტებისთვის სასტუმრო ინდუსტრიაში მუშაობა აკრძალულია. საუდის არაბეთის შრომის სამინისტრომ დაკითხვაზე სასტუმროს მფლობელიც დაიბარა.[7]

ეთიოპიასა და ერიტრეას შორის საზღვარი 20 წლის შემდეგ პირველად გაიხსნა – ერიტრეას პრეზიდენტი ისაიას აფევერკი და ეთიოპიის ახალი რეფორმატორი პრემიერმინისტრი, ები აჰმედი კიდევ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს. ერიტრეის პირველმა პირმა ეთიოპიის პრემიერს ახალი წელი მიულოცა (ეთიოპური კალენდარი გრიოგორიანულ კალენდარს დაახლოებით 8 წლით ჩამორჩება. ის 13 თვისგან შედგება, რის გამოც ახალი წელი ეთიოპიელებისთვის სექტემბერშია). ლიდერებმა ჩრდილოეთ ეთიოპიაში, ქალაქ ზალამბბესაში სასაზღვრო საბაჟო გამშვები პუნქტი გახსნეს. 14 ივლისს ერიტრეას პრეზიდენტი, ქვეყნებს შორის კონფლიქტის დასრულების შემდეგ, ეთიოპიაში პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ორ ქვეყანას შორის საომარი მდგომარეობა ცოტა ხნის წინ გაუქმდა. 18 ივლისს ეთიოპია-ერიტრეას შორის პირველი ავიარეისი შესრულდა. ქვეყნებს შორის ყველა დიპლომატიური კავშირი ჯერ კიდევ 1998 წელს გაწყდა. მაშინ, როცა ეთიოპიასა და ერიტრეას შორის ომი დაიწყო. ორი წლის განმავლობაში, 2000 წლამდე ომს ათობით ათასი სამხედრო და სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. ეთიოპიაში 30-დან 42 ათასამდე ერიტრიელი ლტოლვილი ცხოვრობს.[8]

[1] Daily Sabah; Likoil employees held hostage by protesters in Iraq’s Basra freed; 8 September, 2018; available at: https://www.dailysabah.com/mideast/2018/09/07/lukoil-employees-held-hostage-by-protesters-in-iraqs-basra-freed

[2] Reuters; Iraq parliament elects Sunni lawmaker al-Halbousi as speaker, breaking deadlock; By Raya Jalabi, Ahmed Rasheed; 15 September, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-iraq-politics/iraq-parliament-elects-sunni-lawmaker-al-halbousi-as-speaker-breaking-deadlock-idUSKCN1LV0BH?feedType=RSS&feedName=worldNews&utm_source=feedburner&utm_medium=feed&utm_campaign=Feed%3A+Reuters%2FworldNews+%28Reuters+World+News%29

[3] Tolo News; Suicide bomber targeted Massoud supporters in Kabul; 9 September, 2018; available at: https://www.tolonews.com/afghanistan/suicide-bomber-targeted-massoud-supporters-kabul

[4] იმედის ახალი ამბები; ავღანეთში ტერაქტის მსხვერპლთა რიცხვმა 70-ს მიაღწია; 12 სექტემბერი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/77234/avganetshi-teraqtis-mskhverplta-ritskhvma-70s-miagtsia

[5] Aljazeera; Egypt sentences 75 to death over Rabaa protests; 9 September, 2018; available at: https://www.aljazeera.com/news/2018/09/egypt-sentences-75-death-rabaa-protests-180908092058638.html

[6] Reuters; Yemen peace talks collapse in Geneva after Houthi no-show; By Stephanie Nebehay; 8 September, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-yemen-security-un/yemen-peace-talks-collapse-in-geneva-after-houthi-no-show-idUSKCN1LO08Z

[7] Reuters; Saudi Arabia holds Egyptian who ate breakfast with female coworker; 10 September, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-saudi-women/saudi-arabia-holds-egyptian-who-ate-breakfast-with-female-coworker-idUSKCN1LQ16T

[8] BBC; Ethiopia-Eritrea border reopens after 20 years; 11 September, 2018; available at: https://www.bbc.com/news/world-africa-45475876

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 16-23 ივლისი, 2018

ინდოეთში 11 წლის გოგოს გაუპატიურებისთვის 17 ბიჭი დააკავეს – ტამილნადუს შტატში, ქალაქ ჩენაიში 17 ბიჭი 11 წლის გოგოს რამდენჯერმე გაუპატიურებისთვის დააკავეს. ცნობილია, რომ ისინი მიმდინარე წლის იანვრიდან არაერთხელ დაესხნენ თავს არასრულწლოვანს და ჯგუფურად გააუპატიურეს. ბრალდებულთა უმეტესობა სკოლის მოსწავლეა. ბრალდებულები სასამართლოს შენობაში გაძლიერებული დაცვის თანხლებით შეიყვანეს, რადგან შენობასთან გოგოს ათობით ნათესავი და უცხო ადამიანები იყვნენ შეკრებილნი. პოლიცია არ გამორიცხავს, რომ ბავშვის გაუპატიურების საქმეზე ეჭვმიტანილთა რაოდენობა გაიზარდოს. დაკავებულთაგან 4-მა ბრალი უკვე აღიარა. ერთი თვის  წინ ინდოეთი ქალებისთვის ყველაზე საშიშ ქვეყნად დასახელდა. აქ გაუპატიურების შესახებ ყოველდღიურად ასობით განცხადება რეგისტრირდება, თუმცა რამდენ მსხვერპლს ეშინია ამის გაცხადება, უცნობია.[1]

ეთიოპიასა და ერიტრეას შორის პირველი ავიარეისი შესრულდა – ეთიოპიასა და ერიტრეას შორის 20 წლის შემდეგ პირველად, ავიარეისი შესრულდა. ორ ქვეყანას შორის საომარი მდგომარეობა ცოტა ხნის წინ გაუქმდა. პირველი რეისის მგზავრებს შამპანურები და ვარდები დაურიგეს. ეთიოპიის ავიახაზების წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ „ერიტრეაში მშვიდობის მტრედი გაფრინდა“. რამდენიმე დღის წინ ერიტრეას პრეზიდენტი ქვეყნებს შორის კონფლიქტის დასრულების შემდეგ ეთიოპიაში პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა.

ქვეყნებს შორის ყველა დიპლომატიური კავშირი ჯერ კიდევ 1998 წელს გაწყდა. მაშინ, როცა ეთიოპიასა და ერიტრეას შორის ომი დაიწყო. ორი წლის განმავლობაში, 2000 წლამდე ომს ათობით ათასი სამხედრო და სამოქალაქო პირი დაიღუპა. სამხედრო კონფლიქტი ტერიტორიების კონტროლის მოსაპოვებლად მიმდინარეობდა. ომი 1998 წლის 6 მაისს დაიწყო. 12 მაისს ერიტრეის შეიარაღებულმა ჯარებმა ბადმა დაიკავეს. ამას მოჰყვა ერიტრეის ტერიტორიაზე მასირებული ავიადარტყმები. ერიტრეელებმა ფრონტის გარღვევა შეაჩერეს, მაგრამ, დაბომბვას ათასობით ჯარისკაცი ემსხვერპლა. 2000 წლის მაისსა და ივნისში ეთიოპიის ძალებმა ერიტრეელები გააძევეს კონფლიქტური ზონებიდან. მიუხედავად იმისა, რომ ომი ეთიოპიის სამხედრო გამარჯვებით დასრულდა, საერთაშორისო სასამართლოში გამარჯვება ერიტრეამ მოიპოვა. ეთიოპიაში 30-დან 42 ათასამდე ერიტრიელი ლტოლვილი ცხოვრობს.[2]

საუდის არაბეთში ავიაციის აკადემია პირველად მიიღებს ქალ სტუდენტებს – საუდის არაბეთში ქალებს ავტომობილების მართვის შემდეგ, უკვე საჰაერო საშუალებების მართვის სწავლის საშუალებაც მიეცათ. ქალაქ დამამში ავიაციის აკადემიამ უკვე დაიწყო განაცხადების მიღება. აკადემიაში მოსახვედრად განაცხადი უკვე ასობით ქალმა შეავსო. ისინი სწავლას სექტემბრიდან დაიწყებენ. „Oxford Aviation Academy“ საუდის არაბეთში $300 მილიონად შეფასებულ პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივები თანამედროვე სიმულაციური ტექნიკით თვითმფრინავების მართვას სწავლობენ.[3]

ირანში განხორციელებულ თავდასხმას 10 სამხედრო ემსხვერპლა – 10 ირანელი მესაზღვრე ერაყის საზღვართან ახლოს მოკლეს. ინფორმაციას ირანის ერთ-ერთი ახალი ამბების სააგენტო ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, თავდასხმელების ვინაობა უცნობია. ქურთისტანის პროვინციაში ირანელი სამხედროების განეიტრალების შემდეგ თავდამსხმელებმა ტყვია-წამალის საწყობი ააფეთქეს. ერაყის საზღვარზე, ბოლო წლების განმავლობაში თავდასხმების დროს დაღუპული ირანელი ჯარისკაცების რიცხვმა შემაშფოთებელ ნიშნულს მიაღწია. მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.[4]

პაკისტანში პოლიტიკური პარტიის კანდიდატი აფეთქებას ემსხვერპლა – პაკისტანში არჩევნებამდე რამდენიმე დღე რჩება და დაძაბულობა პიკს აღწევს. კრიკეტის ყოფილი მოთამაშე და ერთერთი პოლიტიკური პარტიის კანდიდატი იმრან ხანი აფეთქებას ემსხვერპლა. ინციდენტის დროს დაშავდა ოთხი ადამიანი. უბედური შემთხვევა ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ხუბერ-პახტუნხვას პროვინციაში, პოლიტიკური მსვლელობის დროს მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ ექსტრემისტულ დაჯგუფებას არ აუღია. ივლისში, წინასაარჩევნო კამპანიისას განხორციელებულ აფეთქებებს სულ 149 ადამიანი ემსხვერპლა. პაკისტანში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 25 ივლისს არის დაგეგმილი.[5]

ქაბულის აეროპორტში ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო – ქაბულში, ჰამიდ კარზაის სახელობის აეროპორტის შესასვლელთან აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც აეროპორტში ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტი აბდულ-რაშიდ დუსტუმი ჩამოვიდა, რომელიც მანამდე ქვეყნიდან ადამიანების წამებისა და გატაცებაში ბრალდების გამო გაიქცა. თვითმკვლელი ტერორისტი აეროპორტის დაცვამ შენიშნა და მას ვიცეპრეზიდენტამდე მისვლის საშუალება აღარ მისცა, ამ დროს კი ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აამუშავა. აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა. შემთხვევა 22 ივლისს მოხდა.[6]

ერაყში ისლამური სახელმწიფო მებრძოლები სამთავრობო შენობას თავს დაესხნენ – ერაყის ქურთისტანის ქალაქ ერბილში 3 შეიარაღებული მებრძოლი ადმინისტრაციულ შენობას თავს დაესხა. ამ დროისთვის სამივე თავდამსხმელი მოკლულია, შენობის შტურმი კი დასრულებული. ოპერაციისას 1 მძევალი დაიღუპა, 1 სამართალდამცველი და სპეცსამსახურების 3 თანამშრომელი კი დაშავდნენ. მთავრობის ცნობით, თავდამსხმელები დაჯგუფება ისლამურ სახელწმიფოსთან იყვნენ დაკავშირებულები.[7]

სომალიში სამხედრო ბაზაზე თავდასხმას 15 ადამიანი ემსხვერპლა – სომალიში ტერორისტული დაჯგუფება ალ შაბაბი ქვეყნის სამხრეთით, საპორტო ქალაქ კისმაიოსტან მდებარე სამხედრო ბაზას თავს დაესხა. შემთხვევას ტერორისტული დაჯგუფების 10 მებრძოლი და 5 სომალელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. თავდასხმა სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ტერორისტი მებრძოლის დანაღმული ავტომობილით შეჭრით დაიწყო. მას რამდენიმე მხრიდან შეუერთდნენ მძიმედ შეიარაღებული სხვა მებრძოლები. ალ შაბაბის დაჯგუფების ინფორმაციით, დაღუპულია არა 15, არამედ – 27 ჯარისკაცი. ალ შაბაბი არის ალ ქაიდასთან დაკავშირებული დაჯგუფება, რომელიც ქვეყანაში გაეროს მიერ მხარდაჭერილი სომალის მთავრობის დამხობისთვის იბრძვის. სომალიში ამჟამად აფრიკის კავშირის სამხედრო ძალების 22 ათასი მებრძოლია, რომლებიც ქვეყნის მთავრობას ტერორისტებთან ბრძოლაში ეხმარებიან.[8]

[1] BBC; India rape: 17 man accused of multiple attacks on 11-year-old girl in Chennai; 18 July, 2018; available at: https://www.bbc.co.uk/news/world-asia-india-44877729

[2] BBC; Ethiopian Airlines makes historic flight to Eritrea; 18 July, 2018; available at: https://www.bbc.co.uk/news/world-africa-44870778

[3] The National; Saudi aviation academy to train first women pilots; 18 July, 2018; available at: https://www.thenational.ae/world/gcc/saudi-aviation-academy-to-train-first-women-pilots-1.751643

[4] Times of Islamabad; Iraian military 10 soldiers killed in a deadly border attack; 21 July, 2018; available at: https://timesofislamabad.com/21-Jul-2018/iranian-military-10-soldiers-killed-in-a-deadly-border-attack

[5] Reuters; Candidate of Imran Khan’s party killed in bombing days before Pakistan election; By Saud Mehsud; 22 July, 2018; available at: https://uk.reuters.com/article/uk-pakistan-election-attack/candidate-of-pakistani-political-party-killed-in-suicide-attack-at-rally-idUKKBN1KC0DU

[6] Reuters; Islamic State claims suicide bombing targeting Afghan vice president Amaq; 22 July, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-afghanistan-dostum-claim/islamic-state-claims-suicide-bombing-targeting-afghan-vice-president-amaq-idUSKBN1KC0Q4?il=0

[7] Al Jazeera; Iraq: Deadly standoff in Erbil governorate building ends; 23 July, 2018; available at: https://www.aljazeera.com/news/2018/07/gunmen-storm-governorate-building-iraq-erbil-official-180723065501918.html

[8] Daily Sabah Africa; 15 killed after al-Shabaab militants storm Somali military base; 23 July, 2018; availbale at: https://www.dailysabah.com/africa/2018/07/23/15-killed-after-al-shabaab-militants-storm-somali-military-base

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 8-15 ივლისი, 2018

ერაყში საპროტესტო აქციებს მსხვერპლი მოჰყვა – ერაყის სამხრეთ ნაწილში უმუშევრობის წინააღმდეგ მასშტაბური აქციები მიმდინარეობს. ქალაქ ბასრაში დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებას სულ მცირე 2 ადამიანი ემსხვერპლა. კიდევ 3 ადამიანი მუთანას პროვინციაში დაიღუპა. მოსახლეობა, კვირაზე მეტია, არასაკმარის სამუშაო ადგილებს, ასევე ელექტროენერგიისა და წყლის დეფიციტს აპროტესტებს. ერაყის შსს-მ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.[1]

ირანელი გოგო ვიდეოში ცეკვის გამო დააპატიმრეს – ირანში ახალგაზრდა ქალი დააკავეს, ამის მიზეზი კი Instagram-ზე მის მიერ ატვირთული ვიდეო იყო, რომელზეც ის ცეკვავს. მას ამ გვერდზე 40,000-ზე მეტი მიმდევარი ჰყავს. ირანულმა ტელევიზიამ მის შესახებ სიუჟეტი მოამზადა, რომელშიც 18-19 წლის მაედე მოჯაბრი ამბობს, რომ მორალური ნორმები დაარღვია, თუმცა დასძენს, რომ სხვებისთვის ცუდი მაგალითი არ მიუცია. სიუჟეტში მისი სახე დაფარული იყო, იქვე ჩანდა სხვა პირებიც, რომლებიც მსგავსი ბრალდებით არიან პატიმრობაში. ირანის სახელმწიფო ტელევიზია ხშირად აჩვენებს აღიარებებს, რომლებიც, აქტივისტების შეფასებით, ზეწოლის ქვეშ არის მოპოვებული. ირანში მოქმედი ისლამური კანონები კრძალავს საჯაროდ ცეკვას. ჰოჯაბრის თავის გვერდზე გამოქვეყნებული აქვს ათობით ფოტო და ვიდო, რომლებიც ასახავს მის ცეკვას დასავლურ პოპ და რეპ მუსიკაზე და მას ვიდეოებში არ აცვია ისლამური წესებისთვის შესაფერისი სამოსი. ზოგიერთი ცნობით, ჰოჯაბრი თავდებითაა გათავისუფლებული. ირანის პოლიცია აცხადებს, რომ დახურავს მსგავს გვერდებს Instagram-ზე, რომელსაც მილიონობით ირანელი მოიხმარს.[2]

ღვინის დალევის გამო ირანში კაცი 10 წლის შემდეგ გაშოლტეს – ირანში კაცი ალკოჰოლის მიღების გამო 10 წლის დაგვიანებით დასაჯეს. მან აღიარა, რომ როცა ის 14 წლის იყო, როცა ქორწილში ღვინო დალია. ამ „დანაშაულის“ გამო კაცი ხეზე მიაბეს და შოლტი 80-ჯერ დაარტყეს. ინციდენტი ქალაქ კაშმირში მოხდა. ორგანიზაციის „Amnesty International“ წარმომადგენლის თქმით, ირანში ამ დრომდე გავრცელებულია მკაცრი დასჯის მეთოდები, მათ შორის ხელის მტევნის მოკვეთაც.[3]

ეთიოპიისა და ერიტრეის ლიდერები ომის შემდეგ პირველად შეხვდნენ – ეთიოპიის ახალი რეფორმატორი პრემიერმინისტრი, ები აჰმედი ერიტრეის დედაქალაქში ჩავიდა და პრეზიდენტ ისაიას აფევერკის შეხვდა. ეს ამ ქვეყნების ლიდერთა პირველი შეხვედრაა 2000 წლის შემდეგ. ლიდერები ქვეყნებს შორის საომარი ვითარების დასრულებაზე შეთანხმდნენ. ასმერას ქუჩებში ეთიოპიელი პრემიერის დასახვედრად ღონისძიებები გაიმართა, უჩვენეს ნაციონალური ცეკვები და მოასმენინეს საკუთარი ფოლკლორი. ქვეყნებს შორის ყველა დიპლომატიური კავშირი ჯერ კიდევ 1998 წელს გაწყდა. მაშინ, როცა ეთიოპიასა და ერიტრეას შორის ომი დაიწყო. ორი წლის განმავლობაში, 2000 წლამდე ომს ათობით ათასი სამხედრო და სამოქალაქო პირი შეეწირა. კონფლიქტი ტერიტორიების კონტროლის მოსაპოვებლად მიმდინარეობდა. ომი 1998 წლის 6 მაისს დაიწყო. 12 მაისს ერიტრეის შეიარაღებულმა ჯარებმა ბადმა დაიკავეს. ამას მოჰყვა ერიტრეის ტერიტორიაზე მასირებული ავიადარტყმები. ერიტრეელებმა ფრონტის გარღვევა შეაჩერეს, მაგრამ, დაბომბვას ათასობით ჯარისკაცი ემსხვერპლა. 2000 წლის მაისსა და ივნისში ეთიოპიის ძალებმა ერიტრეელები გააძევეს კონფლიქტური ზონებიდან. მიუხედავად იმისა, რომ ომი ეთიოპიის სამხედრო გამარჯვებით დასრულდა, საერთაშორისო სასამართლოში გამარჯვება ერიტრეამ მოიპოვა. ეთიოპიაში 30-დან 42 ათასამდე ერიტრიელი ლტოლვილი ცხოვრობს.[4]

ეგვიპტეში ლიბანე ტურისტს სოციალურ ქსელში ქვეყნის შეურაცხყოფის გამო 8 წელი მიუსაჯეს – კაიროს სასამართლომ 24 წლის ლიბანელ ტურისტ ქალს მონა ელ-მასბოჰს Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო 8 წლით თავისუფლების აღვეთა მიუსაჯა. ტურისტს ბრალად არასწორი ინფორმაციის გავრცელებით ქვეყნისთვის ზიანის მიყენება და მოსახლეობის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასდეს. ლიბანელმა ტურისტმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ეგვიპტეში მის მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტებზე ისაუბრა. ვიდეოში ქალმა რესტორანში მომსახურების დაბალ დონეზეც გაამახვილა ყურადღება. მანვე გაიხსენა ქვეყანაში ადრინდელი სტუმრობა, როცა ფული მოპარეს. ვიდეოს ბოლოს ტურისტმა ქვეყანას „ნაბიჭვარი“ (son of a bitch country) უწოდა. მოგვიანებით მონა ელ მასბოჰმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ამბობდა, რომ „არ სურდა ყველა ეგვიპტელის“ შეურაცხყოფა. დაკავებულის ადვოკატის ინფორმაციით, საქმის სააპელაციო განხილვა 28 ივლისსაა დანიშნული.[5]

ვითარება ავღანეთში – ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რასაც 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სულ მცირე 4 კი დაიჭრა. ტერორისტმა თავი პოლიციის ერთერთ საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან აიფეთქა. დაღუპულებს შორის 2 პოლიციელი და 8 სამოქალაქო პირია. ჯალალაბადში აფეთქება ივლისის დასაწყისშიც მოხდა. მაშინ 17 ადამიანი დაიღუპა.[6]

ავღანეთის დედაქალაქში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. უბედური შემთხვევა ქაბულში, სამთავრობო შენობის წინ საღამოს საათებში მოხდა. პოლიციის განმარტებით, აფეთქებას სულ მცირე 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. დაღუპულები სამთავრობო უწყების თანამშრომლები არიან, რომლებიც ოფისს ტოვებდნენ. „სამწუხაროდ თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი სამინისტროს ჭიშკართან აიფეთქა“, – განაცხადა ავღანეთის ძალოვანი უწყების წარმომადგენელმა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.[7]

ავღანეთის 17-წლიანი კონფლიქტის განმავლობაში 2018 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემების მიხედვით დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამის შესახებ გაეროს ანგარიშში ნათქვამია. ანგარიშში წერია, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის 1,692 შემთხვევა აღირიცხა. საუბარია როგორც მებრძოლების, ისე თვითმკვლელი ტერორისტების მიერ განხორციელებულ თავდასხმებზე. გაეროს ანგარიში მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ქაბულში, სამთავრობო შენობის წინ თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი. ავღანეთში განხორციელებულ იერიშებზე პასუხისმგებლობას ძირითადად „თალიბანი“ და „ისლამური სახელმწიფო“ იღებს.

ავღანეთის კონფლიქტი 2001 წელს დაიწყო. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მსგავს შემთხვევებს 2009 წლიდან აღწერს. ანგარიში, რომელზეც ავღანეთში გაერთიანებული ერების დამხმარე მისიამ იმუშავა წერია, რომ გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით დაღუპული ადამიანების მაჩვენებელი 1%-ით გაიზარდა. რაც არ უნდა იყოს, კვლევაში ვკითხულობთ, რომ დაშავებულთა რიცხვმა 5%-ით იკლო და 3,430 ადამიანზე ჩამოვიდა. რაც შეეხება დაშავებულთა და დაზარალებულთა რიცხვს ერთად ეს მაჩვენებელი 3%-ით შემცირდა და 5,122 ადამიანზე გაჩერდა. მიუხედავად ავღანეთის სამხედრო ძალებსა და „თალიბანს“ შორის გასულ თვეში მიღწეული ხანმოკლე შეთანხმებისა კონფლიქტისას დაღუპულთა რიცხვი მაინც მაღალია.

11-12 ივლისს ბრიუსელში, ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერები შეიკრიბნენ და შეთანხმდნენ რომ ავღანეთის „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის დაფინანსება 2024 წლამდე გაეხანგრძლივებინათ. ავღანეთში ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ საწვრთნელი მისია 2015 წლის 1 იანვრიდან დაიწყო და მასში ალიანსის წევრ ქვეყნებთან ერთად საქართველოც არის ჩართული. 2014 წელს ნატომ ავღანეთში საბრძოლო მოქმედებები ფორმალურად დაასრულა და ძალაუფლება მის მიერ გაწვრთნილ ავღანეთის სამხედრო ძალებს გადაულოცა. მას შემდეგ „თალიბანმა“ ავღანეთის მასშტაბით ქვეყნის ტერიტორიების დიდ ნაწილზე დაამყარა კონტროლი.[8]

სამხრეთ-აღმოსავლეთ პაკისტანში, პოლიტიკური პარტიის შეხვედრაზე მომხდარი აფეთქებისას 70-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა – თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი 11 ივლისს მაშინ აიფეთქა, როდესაც ერთერთ პოლიტიკურ ლიდერს საარჩევნო პროპაგანდით სცენიდან მხარდამჭერებისთვის უნდა მიემართა. დაშავებულია 120-მდე ადამიანი. დაღუპულებს შორის პოლიტიკური პარტიის ლიდერი და მისი 16 წლის შვილია. შემთხვევისას 1000 ადამიანი იყო შეკრებილი. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ამ დროისთვის არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.[9]

სომალის პრეზიდენტის რეზიდენციასთან ავტომობილი აფეთქდა – ორი ძლიერი აფეთქება მოხდა სომალის დედაქალაქ მოგადიშოში, რასაც თან სროლებიც მოჰყვა. პრეზიდენტის რეზიდენციასთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. ინციდენტის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორისაა თავდამსხმელიც.[10]

[1] იმედის ახალი ამბები; ერაყში საპროტესტო აქციებს მსხვერპლი მოჰყვა; 15 ივლისი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/70248/erakshi-saprotesto-aqtsiebs-mskhverpli-mohkva

[2] იმედის ახალი ამბები; ირანელი გოგო ვიდეოში ცეკვის გამო დააკავეს; 8 ივლისი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/69249/iraneli-gogo-videoshi-tsekvis-gamo-daakaves

[3] Daily Mail; Man is tied to tree and flogged eighty times in Iran – a decade after drinking alcohol at a wedding when he was 14 years old; By Debbie White; 11 July, 2018; available at: http://www.dailymail.co.uk/news/article-5943675/Man-tied-tree-flogged-80-times-Iran-decade-drinking-alcohol-wedding-14.html

[4] Daily Sabah AFRICA; Leaders of Ethiopia, Eritrea meet for first time in 18 years for peace summit; 8 July, 2018; available at: https://www.dailysabah.com/africa/2018/07/08/leaders-of-ethiopia-eritrea-meet-for-first-time-in-18-years-for-peace-summit

[5] Reuters; Lebanese tourist sentenced to eight years in prison for Facebook post against Egypt; 7 July, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-egypt-politics/lebanese-tourist-sentenced-to-eight-years-in-prison-for-facebook-post-against-egypt-idUSKBN1JX0NJ

[6] იმედის ახალი ამბები; ჯალალაბადში აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა; 10 ივლისი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/69453/jalalabadshi-apetqebas-10-adamiani-emskhverpla

[7] Reuters; At least seven killed in suicide blast near Afghan ministry; 15 July, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-afghanistan-blast/suspected-suicide-blast-hits-afghan-capital-kabul-idUSKBN1K50J4?il=0

[8] BBC; Afghanistan conflit: Civilian death hit record high, says UN; 15 July, 2018; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-44837612

[9] Reuters; Suicide bomber kills 128 in attack on Pakistani election rally; By Guli Yousafzai; 13 July, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-pakistan-politics-blast/death-toll-rises-to-70-in-attack-on-pakistan-election-rally-baluchistan-health-minister-idUSKBN1K31PE?feedType=RSS&feedName=worldNews&utm_source=feedburner&utm_medium=feed&utm_campaign=Feed%3A+Reuters%2FworldNews+%28Reuters+World+News%29

[10] Associated Press; 6 dead after attackers target Somalia’s presidential palace; By Abdi Guled; 14 July, 2018; available at: https://apnews.com/b29d0a791e9041b4a79a32550b175d8a