ერაყი. ვასიტის პროვინციაში არსებული ზოგადი მდგომარეობა. ოქტომბერი, 2018

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა ოფისი ერაყში დაბრუნებულთა შიდა გადაადგილებისა და სამოქალაქო დოკუმენტაციის შესახებ 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ, ზოგადად, სამხრეთ პროვინციებში (ბასრა, ქერბალა, ნაჯაფი, მუტჰანა, ტჰი-ქარი, მისსანი, ქადისია და ვასიტი) შიდა გადაადგილება რეკომენდირებულია, თუმცა, ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიმღებმა ორგანომ/პირმა უნდა გაითვალისწინოს საკითხი, თუ რამდენად უსაფრთხოა უკან დაბრუნებული პირის ბაღდადიდან სამხრეთში გამგზავრება.[1] საქმეში “AA”, გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი ტრიბუნალის იმიგრაციისა და  თავშესაფრის საკითხთა პალატამ დაადგინა, რომ „არ არსებობს იმის რეალური რისკი, რომ ჩვეულებრივი, რიგითი პირი, რომელიც მიემგზავრება ბაღდადის აეროპორტიდან ერაყის სამხრეთ პროვინციებში, დაექვემდებარება რაიმე ტიპის სერიოზულ ზიანს გზაში“.[2]

ნორვეგიის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის ცენტრი  – ლანდინფო (Landinfo) 2018 წლის ანგარიშში სამხრეთ ერაყში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ წერს, რომ ზოგადად, სამხრეთი ერაყის აბსოლუტურად ყველა პროვინცია, მათ შორის – ბაბილონი, იმყოფება ერაყის სამთავრობო კონტროლის ქვეშ. უკანასკნელი წლების განმავლობაში, ერაყის მთავრობა იძულებული იყო, ძირითადი სამხედრო და საპოლიციო ძალები გადაესროლა ქვეყნის ცენტრსა და ჩრდილოეთში, სადაც ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული დაპირისპირებები მიმდინარეობდა, შესაბამისად, სამხრეთში სამთავრობო გავლენამ იკლო.

ამ სიტუაციის გათვალისწინებით, მიმდინარე უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობაში  ძირითადი როლს თამაშობს ადგილობრივ ტომებს შორის კონფლიქტები და მზარდი დანაშაული. მთავრობასთან აფილირებული მებრძოლები ნაწილობრივ წარმოდგენილნი არიან სამხრეთის რეგიონებში, თუმცა მათი ძირითადი ნაწილი განლაგებულია ჩრდილოეთის იმ პროვინციებში, რომლებიც უკანასკნელ პერიოდში გაათავისუფლეს ისლამური სახელმწიფოს კონტროლისგან.

ტერორიზმი და კონტრტერორიზმი თამაშობს გარკვეულ როლს სამხრეთში, განსაკუთრებით ბაბილონის პროვინციაში, თუმცა, როგორც წესი, ეს როლი არის მიზერული. უშუალოდ ვასიტის პროვინციასთან მიმართებით, ცენტრი წერს, რომ აღნიშნული პროვინცია უსაფრთოების კუთხით ინციდენტების ძალიან დაბალი მაჩვენებლით ხასიათდება. 2017 აგვისტოდან 2018 წლის იანვრის ჩათვლით დაფიქსირდა სულ სამი შემთხვევა, რომელთაგანაც ორი ეხებოდა ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების დაკავებას, ხოლო მესამე – სროლებს, რომელიც მოჰყვა პოლიციის წარმომადგენლების მიერ ადგილობრივი შეიარაღებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრის დაკავებას. ვასიტის რეგიონში, მიმდინარე პერიოდში, არ დაფიქსირებულა გატაცებებისა და  ტომებსშორისი ძალადობის არც ერთი შემთხვევა.[3]

[1] United Kingdom: Home Office, Country Policy and Information Note Iraq: Internal relocation, civil documentation and returns , September 2018, Version 7.0, available at:

[accessed 15 October 2018]

[2] UK Upper Tribunal, Case “AA VS The Secretary of State for the Home Department”, available at http://www.bailii.org/uk/cases/UKUT/IAC/2015/544.html [accessed 15 October 2018]

[3] Norwegian Country of Origin Information Center – Landinfo, “Report on the security situation in South Iraq”, available at

[accessed 15 October 2018]