რუსეთი. ინფორმაცია მახაჩყალაში მდებარე სალაფიტური მეჩეთების შესახებ. მარტი, 2018

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „მემორიალი“ 2015 წლის 24 ნოემბერს აქვეყნებს სტატიას მახაჩყალაში, კოტროვას ქუჩაზე მდებარე მეჩეთში სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ განხორციელებულ ოპერაციაზე და მეჩეთის მრევლის დაკავებაზე. სტატიაში ნათქვამია, რომ მომხდარმა შეიძლება დიდი ნეგატიური გავლენა იქონიოს დაღესტანში მუსლიმურ თემებს შორის ურთიერთობაზე და ზოგადად რეგიონის განვითარებაზე. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ დაღესტანის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დახმარებით, ახალგაზრდა ხალხმა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მოქმედებდნენ დაღესტანის მუსულმანთა სულიერი ხელმძღვანელობის სახელით, ფაქტობრივად დაისაკუთრეს მეჩეთი, სადაც უკანასკნელი წლების განმავლობაში ძირითადად ლოცულობდნენ ისლამის სალაფიტური განშტოების მიმდევრები.[1]

ახალი ამბების ონლაინ სააგენტო „Новое Дело“ 2015 წლის 21 ნოემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ დაღესტნის მეჩეთებში მასობრივ დაკავებებს ჰქონდა ადგილი. თვითმხილველების თქმით, ასობით ადამიანი დააკავეს; დღის ბოლოს კი ერთერთ მეჩეთში იმამი შეცვალეს. სტატიაში ნათქვამია, რომ ინციდენტებს ადგილი ჰქონდა კოტროვასა და უნგრელი მებრძოლების სახელობის ქუჩებზე მდებარე მეჩეთებში. კოტროვას ქუჩზე მდებარე მეჩეთში სპეცოპერაცია ქუჩების გადაკეტვით დაიწყო, ისმოდა სროლის ხმა. თვითმხილველების თქმით, პოლიციელებმა ჰაერში სროლა დაიწყეს მას შემდეგ, რაც ხალხმა სცადა გამოსარჩლებოდა ერთერთ ბიჭს, რომელსაც პოლიციელები მიათრევდნენ. დაკავებულები წინასწარ მობილიზებული სამი ავტობუსით წაიყვანეს განყოფილებებში.

მეჩეთის მომლოცველებთან ერთად დაკავებულებს შორის „კომერსანტის“ ჟურნალისტებიც მოხვდნენ, რომლებიც შემთხვევის დროს მეჩეთში იმყოფებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომლის განცხადებით, მათ მომლოცველები არ დაუკავებიათ; „ჩვენ ისინი განყოფილებაში გადავიყვანეთ დოკუმენტების შესამოწმებლად, ეს დაკავება არაა. ოპერაცია უსაფრთხოების გაძლიერების ფარგლებში ჩატარდა. რაც შეეხება ჟურნალისტებს, ისინი დაუყოვნებლივ გაუშვეს“ – განაცხადა შსს-ის პრესსამსახურის თანამშრომელმა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაკავებულების უმეტესობა განყოფილებიდან მალევე გამოუშვეს.

სტატიაში ასევე საუბარია კიდეც ერთ ოპერაციაზე, რომელიც უნგრელი მებრძოლების სახელობის ქუჩაზე მდებარე მეჩეთში ჩატარდა, სადაც მეჩეთის მომლოცველის თქმით, პარასკევის ლოცვის დროს 5 ადამიანი დააკავეს. შსს-ში დაადასტურეს იმ რაიონში, სადაც მეჩეთი მდებარეობს, ოპერაციის ჩატარება, მაგრამ უარყვეს 5 ადამიანის დაკავების ფაქტი. მეჩეთის მომლოცველის თქმით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეს იყო მესამე შემთხვევა – აქამდე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, მათ შორის, მეჩეთის იმამიც. დღის ბოლოს სოციალური ქსელებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოტროვას ქუჩაზე მდებარე მეჩეთში საღამოს ლოცვის შემდეგ, დაღესტანის მუფტის ინიციატივით მოხდა იმამის ცვლილება. თვითმხილველები წერდნენ პატარა დაპირისპირების ფაქტზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ახალი იმამის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. თვითმხილველების ინფორმაციით, რაიონში შეიმჩნეოდა პოლიციელების დიდი რაოდენობა.[2]

ახალი ამბების ონლაინ სააგენტო „Кавказский Узел“ 2015 წლის 20 ნოემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ მახაჩყალის მეჩეთში იმამის დანიშვნამ კონფლიქტი გამოიწვია. სტატიაში ნათქვამია, რომ დაღესტანის სულიერმა ხელმძღვანელობამ მახაჩყალაში, კოტროვას ქუჩაზე მდებარე მეჩეთისთვის, რომელიც მიიჩნევა, რომ სალაფიტურია, ახალი იმამი შეარჩია, რომელიც მომლოცველებს უკვე წარუდგინა. მეჩეთის ერთერთმა წევრმა იმამის შეცვლას იძულებითი უწოდა. „თავდაპირველად სულიერი ხელმძღვანელობის ხალხი მოვიდა, დაახლოებით 30-40 კაცი; მათ ერთერთ მომლოცველს სცემეს და ახლა ვიღაც დაუდი მოგვიყვანეს მეჩეთის იმამად. ეს უკანონობაა. ჩვენ გვყავს ჩვენი იმამი ჰასან-ჰაჯი, რომელიც მეჩეთის საბჭომ აირჩია. იმამი მეჩეთის საბჭომ უნდა აირჩიოს, მუფტმა კი არ უნდა დანიშნოს“, – მისივე თქმით, ქუჩაში პოლიციის მინიმუმ 5-6 ეკიპაჟი მუდმივად მორიგეობს.[3]

ადამიანის უფლება დამცველი ორგანიზაცია „მემორიალი“ 2015 წლის 2 დეკემბერს აქვეყნებს სტატიას კოტროვას ქუჩაზე მდებარე მეჩეთის შესახებ, სადაც წერია, რომ მეჩეთი დაკეტილია. როგორც ადგილობრივი მცხოვრები აცხადებს, 20 ნოემბერს დანიშნული იმამი მავუდ ჰაჯი ტურმალაევი 24 ნოემბერს გადადგა, ხოლო მის ნაცვლად დანიშნული მაგომედრასულ საადუევი 29 ნოემბერს გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. 1-ლი დეკემბრის მდგომარეობით, მეჩეთი ცარიელი და დაკეტილ იყო; იქვე პოლიციელი განაგრძობდნენ პატრულირებას.[4]

ახალი ამბების ონლაინ სააგენტო „Кавполит“ 2016 წლის 10 დეკემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ პოლიციამ კოტროვას ქუჩაზე მდებარე მეჩეთის პატრულირება შეწყვიტა. მეჩეთის თანამშრომლის თქმით, პოლიციელები აღარ პატრულირებენ. შსს-მ მეჩეთის შენობა გადასცა ხაჩილაევების ოჯახს, ვისი ძალისხმევითაც მოხდა მისი აშენება. თუმცა, როგორც მეჩეთი, ის ჯერ არ იფუნქციონირებს. შსს-ის პრესსამსახურის თქმით, ისინი არ ფლობენ ინფორმაციას მეჩეთის გარშემო არსებული სიტუაციის შესახებ.[5]

საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „ისლამის ხმა“ 2016 წლის 16 აპრილს აქვეყნებს სტატიას, სადაც საუბარია მახაჩყალაში უნგრელი მებრძოლების სახელობის ქუჩაზე მდებარე მეჩეთზე განხორციელებული რეიდის და დაახლოებით 200 ადამიანის დაკავების შესახებ. თვითმხილველები პოლიციელების დიდი რაოდენობით მობილიზებაზე საუბრობდნენ; მეჩეთის საზოგადოებრივი საბჭოს წევრის თქმით, დაკავებები უმიზეზოდ ხდება. „დაკავებები უბრალოდ იმის გამო ხდება, რომ ხალხი ამ მეჩეთში დადის მოსალოცად“.[6]

ახალი ამბების ონლაინ სააგენტო „Кавполит“ 2016 წლის 17 ივნისს აქვეყნებს სტატიას მახაჩყალაში უნგრელი მებრძოლების სახელობის ქუჩაზე მდებარე მეჩეთის 80-მდე მომლოცველის დაკავების შესახებ. მედიასაშუალების ინფორმაციით, პოლიციელებს გადაკეტილი ჰქონდათ ქუჩები, ისინი მეჩეთიდან გამოსულებს აჩერებდნენ, დოკუმენტებს სთხოვდნენ და ავტობუსებში ანაწილებდნენ. სულ, დაახლოებით 80 პირი დააკავეს. დაკავებულთა უმეტესობას დოკუმენტები თან ჰქონდათ, თუმცა ისინი მაინც გადაიყვანეს სხვადასხვა განყოფილებაში. პოლიციელებმა მომხდარი საკონტროლო-პროფილაქტიკური ღონისძიებებით ახსნეს. გამოცემის ინფორმაციით, საკონტროლო-პროფილაქტიკურ აღრიცხვაზე 2800 მახაჩყალელი დგას, ხოლო რესპუბლიკაში ასეთი ხალხის რაოდენობა დაახლოებით 10 ათასია.[7]

ახალი ამბების ონლაინ სააგენტო „ჩვენი ვერსია კავკასიაზე“ 2017 წლის 23 მაისს აქვეყნებს სტატიას მახაჩყალაში უნგრელი მებრძოლების სახელობის ქუჩაზე მდებარე მეჩეთის პოლიციელების მიერ დაბლოკვის შესახებ. სტატიაში ნათქვამია, რომ უნგრეთის მებრძოლთა სახელობის ქუჩაზე მდებარე სალაფიტურ მეჩეთს პოლიციამ ალყა მას შემდეგ შემოარტყა, რაც მიიღო ინფორმაცია მეჩეთთან ახლოს მდებარე სკოლაში ბომბის დამონტაჟების შესახებ. საბოლოოდ, ბომბის შესახებ შეტყობინება მცდარი აღმოჩნდა.[8]

ახალი ამბების სააგენტო „მედუზა“ 2016 წლის 24 თებერვალს აქვეყნებს რეპორტაჟს სახელწოდებით „მეჩეთები, სადაც სიარული საშიშია – რატომ გამოუცხადეს ძალოვნებმა ომი დაღესტნელ სალაფიტებს“. რეპორტაჟში ნათქვამია, რომ ბოლო რამდენიმე თვეა, რაც დაღესტანში ხურავენ სალაფიტურ მეჩეთებს, რომელთა მომლოცველები მისდევენ ულტრაკონსერვატიულ ისლამს. მორწმუნეებმა მახაჩყალაში მდებარე ყველაზე მსხვილი მეჩეთის დაცვა და შენარჩუნებაც ვერ შეძლეს. ძალოვნები თვლიან, რომ სალაფიტურ მეჩეთებში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსთვის“ მებრძოლების რეკრუტირება ხდება. მომლოცველებს მასობრივად აყენებენ „პროფილაქტიკურ აღრიცხვაზე“, რაც უზღუდავს მათ რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადაადგილებას; რეპორტაჟში ნათქვამია, რომ სალაფიტებს პოლიცია რეგულარულად აკავებს.[9]

[1] ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „მემორიალი“; მახაჩყალაში კოტროვას ქუჩაზე მდებარე მეჩეთის დაკავების შესახებ; 24 ნოემბერი, 2015; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://memohrc.org/ru/news/o-zahvate-mecheti-na-ulice-kotrova-v-mahachkale [ნანახია 2018 წლის 2 მარტს]

[2] ახალი ამბების ონლაინ სააგენტო „Новое Дело“; მახაჩყალაში, კოტროვას ქუჩაზე მდებარე მეჩეთში მომლოცველები დააკავეს და იმამი შეცვალეს; 21 ნოემბერი, 2015; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://ndelo.ru/detail/v-mechetyakh-na-ul-kotrov [ნანახია 2018 წლის 2 მარტს]

[3] ახალი ამბების ონლაინ სააგენტო „Кавказский Узел“; მახაჩყალის მეჩეთში იმამის დანიშვნამ კონფლიქტი გამოიწვია; 20 ნოემბერი, 2015; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://www.kavkaz-uzel.eu/articles/272887/ [ნანახია 2018 წლის 2 მარტს]

[4] ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „მემორიალი“; დაღესტანი: კოტროვას ქუჩაზე მდებარე მეჩეთი დაკეტილია; 2 დეკემბერი, 2015; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://memohrc.org/ru/news/dagestan-mechet-na-ul-kotrova-zakryta [ნანახია 2018 წლის 2 მარტს]

[5] ახალი ამბების ონლაინ სააგენტო „Кавполит“; პოლიციელები კოტროვას ქუჩაზე მდებარე მეჩეთს აღარ პატრულირებენ; 10 დეკემბერი, 2016; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://kavpolit.com/articles/politsejskie_perestali_patrulirovat_mechet_po_uli-30279/ [ნანახია 2018 წლის 2 მარტს]

[6] საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „ისლამის ხმა“; მახაჩყალაში, უნგრელი მებრძოლების სახელობის ქუჩაზე მდებარე მეჩეთის მომლოცველების მასობრივი დაკავებები; 16 აპრილი, 2016; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://golosislama.com/news.php?id=29553 [ნანახია 2018 წლის 2 მარტს]

[7] ახალი ამბების ონლაინ სააგენტო „Кавполит“; მახაჩყალაში უნგრელი მებრძოლების სახელობის ქუჩაზე მდებარე მეჩეთის 80-მდე მომლოცველი დააკავეს; 17 ივნისი, 2016; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://kavpolit.com/articles/v_mahachkale_zaderzhali_okolo_80_prihozhan_mecheti-26457/ [ნანახია 2018 წლის 2 მარტს]

[8] ახალი ამბების ონლაინ სააგენტო „ჩვენი ვერსია კავკასიაზე“; მახაჩყალაში უნგრელი მებრძოლების სახელობის ქუჩაზე მდებარე მეჩეთს პოლიციელებმა ალყა შემოარტყეს; 23 მაისი, 2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://kavkaz.versia.ru/v-maxachkale-siloviki-zablokirovali-mechet-po-ulice-vengerskix-bojcov [ნანახია 2018 წლის 2 მარტს]

[9] ახალი ამბების სააგენტო „მედუზა“; მეჩეთები, სადაც სიარული საშიშია – რატომ გამოუცხადეს ძალოვნებმა ომი დაღესტნელ სალაფიტებს; 24 თებერვალი, 2016; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://meduza.io/feature/2016/02/24/mecheti-v-kotorye-opasno-hodit [ნანახია 2018 წლის 2 მარტს]