აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ვენესუელის შესახებ წერს, რომ ქვეყანა ფორმალურად მრავალპარტიული, კონსტიტუციური რესპუბლიკაა, თუმცა ათწლეულზე მეტია პოლიტიკური ძალაუფლების კონცენტრირება ხდება ერთი პარტიის ხელში, რომლის აღმასრულებელი ავტორიტარიზმი იზრდება და ის მნიშვნელოვან კონტროლს აწესებს საკანონმდებლო, სასამართლო, სამოქალაქო (მათ შორის მთავარი პროკურატურა და ომბუდსმენი) და საარჩევნო შტოებზე. 2018 წლის 20 მაისს მთავრობამ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები (ვადა 2019-2025) ჩაატარა, რომელიც შეფასდა როგორც არც სამართლიანი და არც თავისუფალი. ნიკოლას მადურო ხელახლა იქნა არჩეული ვენესუელის პრეზიდენტად. ბევრმა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. მისი ახალი ვადით ინაუგურაცია 2019 წლის 10 იანვარს ჩაინიშნა. ოპოზიცია ქვეყნის პარლამენტში უმრავლესობით (ორი მესამედი) იქნა წარმოდგენილი 2015 წელს, თუმცა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, უზენაეს სასამართლოზე დაწესებული კონტროლის წყალობით, მნიშვნელოვნად შეასუსტა საკანონმდებლო ორგანოს როლი, უგულებელყო ძალაუფლების დაყოფის პრინციპი და პრეზიდენტს საშუალება მისცა, ქვეყანა საგანგებო განკარგულებებით ემართა. სამოქალაქო ხელისუფლება ეფექტურ კონტროლს ახორციელებს უსაფრთხოების ძალებზე, თუმცა ამავდროულად, აღნიშნული კონტროლი ასევე პოლიტიზებულია.
ადამიანის უფლებების მნიშნელოვან დარღვევებს წარმოადგენს უკანონო მკვლელობები უსაფრთხოების ძალების მხრიდან, მათ შორის მთავრობის დაფინანსებული შეიარაღებული დაჯგუფებების, ე.წ. „Colectivos“ მხრიდან; მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში საპატიმრო პირობები; პოლიტიკური პატიმრები. მთავრობა ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და პრესას სიგნალების დაბლოკვით; ასევე, ხურავს კერძო საკუთრებაში არსებულ რადიოებს, ტელევიზიებს და სხვა მედია საშუალებებს. ცილისმწამებლური, წამაქეზებელი და უზუსტო ინფორმაციის გავრცელება სისხლის სამართლის სანქციების საკითხს წარმოადგენს. ხელისუფლება იყენებს ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრაციების რეპრესირებისთვის. სხვა სახის დარღვევებს წარმოადგენ პოლიტიკური ჩართულობის შეზღუდვა, კორუფცია და დაუსჯელობა, როგორც უსაფრთხოების ძალების, ასევე სხვა სამთავრობო და ეროვნული ოფისების, მათ შორის უმაღლეს დონეზე. პრობლემას წარმოადგენს ტრეფიკინგი და ბავშვთა შრომა განსაკურებით ცუდი ფორმებით, რასაც მთავრობა თითქმის არ ებრძვის. ხელისუფლება არაფერს აკეთებს ადამიანის უფლებების დამრღვევი ოფიციალური პირების დასასჯელად.[1]
საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2019 წლის ანგარიშში ვენესუელის შესახებ წერს, რომ დღესდღეობით ქვეყანაში არ არის დამოუკიდებელი სამთავრობო ინსტიტუცია, რომელიც აღმასრულებელ ძალაუფლებას გააკონტროლებს. ჯერ ჩავესისა და შემდეგ მადუროს მთავრობების მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად, ვენესუელამ მიიღო სასამართლო და მოსამართლეები, რომელთაც დამოუკიდებლობაზე პრეტენზია არ აქვთ. ხელისუფლება ხშირად ძალადობრივი მეთოდებით ახშობს საპროტესტო გამოსვლებს ქუჩაში, აპატიმრებს ოპონენტებს და ასამართლებს სამოქალაქო პირებს სამხედრო სასამართლოებში. სამედიცინო საშუალებებისა და საკვების დეფიციტის გამო ბევრი ვერ ახერხებს ოჯახის გამოკვებას თუ მათი ჯანდაცვაზე წვდომის უზრუნველყოფას. მოსახლეობა მასობრივად ტოვებს ქვეყანას აღნიშნული რეპრესიების და მედიკამენტების თუ საკვების დეფიციტის გამო; აღნიშნულის შედეგად ლათინური ამერიკის ისტორიაში ერთერთი ყველაზე დიდი მიგრაციული კრიზისი უკვე სახეზეა.[2]
ვენესუელა ბოლო წლების განმავლობაში
ვენესუელის უახლესი ისტორია 1999 წლიდან იწყება. მაშინ ქვეყნის სათავეში უგო ჩავესი მოვიდა. ჩავესმა „სოციალისტური ექსპერიმენტი“ დაიწყო. უგო ჩავესმა ინდუსტრიის ნაციონალიზაცია ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადა. დიდი თანხა მიმართა სოციალური პროგრამებისკენ. დააწესა სოლიდური რაოდენობის მინიმალური ხელფასი, დაიწყო ღარიბი მოსახლეობის მხარდაჭერა განათლებასა და სოციალურ პროგრამებში. უგო ჩავესის სოციალისტურ პოლიტიკას ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ბუნებრივი რესურსი – ნავთობი დაეხმარა. ვენესუელას ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ნავთობსაბადოები აქვს. ამიტომ მსხვილი ნავთობკომპანიების ნაციონალიზაციამ ჩავესის ხელისუფლებას წლების განმავლობაში ტრილიონობით დოლარის შემოსავალი მოუტანა და დიდი თანხის სურვილისებრ განკარგვის საშუალება მისცა.
უგო ჩავესის რეფორმებს უმტკივნეულოდ არ ჩაუვლია. ქვეყნიდან თავდაპირველად გადინება დაიწყო უცხოურმა კაპიტალმა, უცხოელ ბიზნესმენებს მიჰყვნენ ადგილობრივი ბიზნესმენების ნაწილიც. ჩავესს პოპულისტური პოლიტიკის მიზეზით აკრიტიკებდა ოპოზიცია, აშშ და მისი პარტნიორი ქვეყნები ლათინურ ამერიკაში.
უგო ჩავესმა შეზღუდა მედია, კანონმდებლობით აკრძალა ხელისუფლების კრიტიკა. დაიწყო ოპოზიციის დევნა და შევიწროება. თუმცა ყოფილმა პრეზიდენტმა სიცოცხლის ბოლომდე ღარიბი მოსახლეობის მხარდაჭერა შეინარჩუნა. შეინარჩუნა საარჩევნო სისტემაც, რადგან ჩავესის აზრით, მმართველობაში დასარჩენად ეს ყველაზე ეფექტიანი და სამართლიანი გზა იყო. საგარეო მიმართულებით, ჩავესი აშშ-ს დაუპირისპირდა და იმპერიალისტური პოლიტიკის გატარებაში სდებდა ბრალს. დაუახლოვდა რუსეთის ხელისუფლებას.
ეკონომიკური კრიზისი
ვენესუელაში ეკონომიკური კრიზისი ჩავესის პერიოდში ვიცე-პრეზიდენტისა და მისი შემცვლელის ნიკოლას მადუროს ხელისუფლებაში მოსვლას მოჰყვა. თუმცა კრიზისის მთავარი მიზეზი ნავთობზე ფასის ვარდნა იყო, რადგან, როგორც აღმოჩნდა, ქვეყანა მთლიანად იყო დამოკიდებული ნავთობის ექსპორტზე. ნავთობზე ფასის ვარდნის გამო ვენესუელაში ჰიპერინფლაცია დაიწყო. ხელისუფლებამ ვერაფრით მოახერხა ეროვნული ვალუტის გაუფასურების შეჩერება. ამას დაემატა მადუროს არასწორი ფისკალური პოლიტიკა, ვენესუელა იმაზე მეტს ხარჯავდა, ვიდრე გამომუშავება შეეძლო.
2014 წლიდან სუპერმარკეტებმა იმპორტირებული პროდუქტისგან დაცლა დაიწყო, რამაც ხალხში პანიკა კიდევ უფრო გაზარდა. მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მიუწვდომელი გახდა საკვებისა და ჯანდაცვის მომსახურების ხარჯი. ეკონომიკური კრიზის გამო, მილიონობით ადამიანმა ვენესუელა დატოვა. მადუროს პოპულარობა რეკორდული ტემპით დაეცა. ამის გამო ბოლო წლების განმავლობაში პირველად, 2015 წელს ეროვნულ ასამბლეაში ოპოზიციამ მანდატების ორი მესამდის აღება შეძლო. ოპოზიციის გაძლიერების პარალელურად მადურომ ხელისუფლების უზურპაცია დაიწყო. 2016 წელს უზენაესი სასამართლოს მხარდაჭერით მან ეროვნულ ასამბლეას ეკონომიკაზე ნებისმიერი გადაწყვეტილების გამოტანა აუკრძალა.
2017 წელს მადუროს ხელისუფლებამ საერთოდ ეროვნული ასამბლეის გაუქმება სცადა, დიდი პროტესტის შემდეგ გადაწყვეტილება გაუქმდა, თუმცა კანონმდებლებს უფლებები შეუკვეცეს. იმავე წელს მადურომ ახალი მეთოდით სცადა ეროვნული ასამბლეის ჩამოშორება. მადურომ ახალი საკანონმდებლო ორგანო შექმნა, სადაც ყველა მანდატი მისმა მხარდამჭერებმა მიიღეს. ვენესუელაში ხელისუფლების ეს გადაწყვეტილებები ხშირად პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. გამოსვლებს კარაკასში ბოლო წლების განმავლობაში ასობით ადამიანი შეეწირა.
2018 წელს ნიკოლას მადურომ თითქოს ოპოზიციასთან მოლაპარაკება დაიწყო. მან ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებიც დანიშნა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს ხელისუფლების განმტკიცებისთვის გადადგმული მორიგი სვლა იყო. ხელისუფლებამ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ორ ყველაზე ძლიერ ოპოზიციონერ კანდიდატს ლეოპოლდო ლოპეზსა და ენრიკე კაპრილს აუკრძალა. საბოლოოდ, მადურომ არჩევნებში 68%-ით გაიმარჯვა. არჩევნები არ სცნო ოპოზიციამ და საერთაშორისო საზოგადოების დიდმა ნაწილმა. მადუროზე ზეწოლა კიდევ უფრო გაიზარდა.
საპროტესტო აქციები
ვენესუელის პრეზიდენტად 2018 წლის მაისში ნიკოლას მადურო მეორე ვადით აირჩიეს. მაგრამ არჩევნების შედეგმა პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბდა. პოლიციამ ანტისახელისუფლებო გამოსვლების დარბევა დაიწყო. მადურომ გასული წლის განმავლობაში პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნება ასე თუ ისე მოახერხა. მაგრამ 2019 წლის 10 იანვრიდან, მას შემდეგ, რაც მისი ინაუგურაცია გაიმართა, პროტესტმა ახალი ძალით იფეთქა.
მალე ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში ჯარისკაცების ჯგუფმა სამხედრო გადატრიალებაც სცადა, თუმცა მალევე დანებდა ხელისუფლებას. სამაგიეროდ ქუჩებში ყოველდღე მატულობდა დემონსტრანტთა რაოდენობა. საბოლოოდ, აქციაზე, ეროვნული ასამბლეის სპიკერმა და ოპოზიციის ახალგაზრდა ლიდერმა, ხუან გუაიდომ თავი შუალედურ პრეზიდენტად გამოაცხადა. ის დაპირდა მოსახლეობას, რომ მადუროს ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემთხვევაში ქვეყანაში დემოკრატიულ არჩევნებს ჩაატარებს. არჩევნებს, რომელიც სისტემური ცვლილებების საფუძველი უნდა გახდეს. გუაიდომ მხარდაჭერისკენ მოუწოდა შეიარაღებულ ძალებსაც, სთხოვა, რომ დადგნენ მოსახლეობის გვერდით და მმართველობას ჩამოაშორონ უზურპატორი. ხუან გუაიდოს მალევე გამოუცხადა მხარდაჭერა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომელმაც მადუროსა და ჩავესის ხელისუფლების დროს ვენესუელას ეკონომიკური სანქციები დაუწესა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ხუან გუაიდო ცნო. აშშ-ის შემდეგ პრეზიდენტად გუაიდო ცნო კანადამ, ბრაზილიამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, პერუმ, პარაგვაიმ, ეკვადორმა, კოსტა-რიკამ და გვატემალამ. ამერიკულ ქვეყნებთან ერთად გუაიდო პრეზიდენტად ცნო საქართველომაც.
მადურო უკან დახევას და გადადგომას არ აპირებს. ის ერთადერთ კანონიერ მმართველად საკუთარ თავს მიიჩნევს. მადუროს მხარდაჭერა გამოუცხადეს მექსიკამ, კუბამ და ბოლივიამ. მადურომ აშშ-თან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ განაცხადა და ამერიკელ დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად 72 საათი მისცა. თუმცა, ამერიკის საელჩო ვენესუელის დატოვებას არ აპირებს. აღნიშნული პროცესების გამო დღეს ვენესუელა ორი პრეზიდენტის ქვეყანაა, ორი ლიდერის, რომელიც თავს კანონიერ მმართველად მიიჩნევს.[3]
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის პოზიცია
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი მსოფლიოს ქვეყნებს ვენესუელიდან წამოსული ლტოლვილებისა და მიგრანტების მიღებისკენ მოუწოდებს, რადგან ქვეყანაში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება უარესდება. მსოფლიო მასშტაბით, ამჟამად 4 მილიონამდე ლტოლვილი და მიგრანტია ვენესუელიდან, მათი უმრავლესობა ლათინური ამერიკისა და კარიბის ქვეყნებში. ვენესუელაში პოლიტიკური, ეკონომიკური და ადამიანის უფლებების კუთხით გაუარესებული მდგომარეობის გათვალისწინებით, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი მიიჩნევს, რომ უმრავლესობა, ვინც ვენესუელა დატოვა, საერთაშორისო დაცვას საჭიროებს. მერყევი გარემოებების გათვალისწინებით, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა განახლებული სახელმძღვანელო პრინციპების დოკუმენტი გამოაქვეყნა, სადაც ქვეყნებს მოუწოდა, ვენესუელიდან წამოსული ხალხი თავიანთ ტერიტორიაზე დაუშვან და ხაზი გაუსვა ამ ხალხისთვის თავშესაფრის პროცედურაზე წვდომის კრიტიკულ მნიშვნელობას. დოკუმენტში ასევე წარმოდგენილია რეკომენდაცია ქვეყნებისთვის, რომ მათ ვენესუელიდან წამოსული ხალხი არ გააძევონ ან იძულებით არ დააბრუნონ სამშობლოში, სადაც მათი სიცოცხლე შესაძლოა რისკის ქვეშ აღმოჩნდეს.[4]
[1] USDOS – US Department of State: Country Reports on Human Rights Practices 2018 – Venezuela, 13 March 2019
(accessed on 27 June 2019)
[2] HRW – Human Rights Watch: World Report 2019 – Venezuela, 17 January 2019
(accessed on 27 June 2019)
[3] ლიბერალი; ორი პრეზიდენტის ქვეყანა – რა ხდება ვენესუელაში; ავტორი: ალექსანდრე ქეშელაშვილი; 24 იანვარი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://liberali.ge/news/view/42667/ori-prezidentis-qveyana–ra-khdeba-venesuelashi [ნანახია 2019 წლის 27 ივნისს]
[4] UNHCR – UN High Commissioner for Refugees: Death threats and disease drive more Venezuelans to flee, 21 May 2019
(accessed on 27 June 2019)