დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 24-31 ივლისი, 2019

ზელენსკის პარტიას რადაში უმრავლესობა ეყოლება – უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ყველა ხმა დათვლილია. მეცხრე მოწვევის პარლამენტში 5 პოლიტიკური პარტია შევა. ყველაზე მეტი ხმა 43,16% ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიამ “ხალხის მსახურმა“ მოიპოვა. მეორე ადგილზეა „ოპოზიციური პლატფორმა“ 13,05%-ით, მესამეზეა იულია ტიმოშენკოს პარტია 8,18%-ით, მეოთხეზე პეტრო პოროშენკოს „ევროპული სოლიდარობა“ 8,10%-ით და ხუთეულს ასრულებს პარტია „ხმა“ 5,82%-ით, რომლის ლიდერი, მუსიკოსი სვიატოსლავ ვაკარჩუკია. საკანონმდებლო ორგანოში ზელენსკის პარტიის 254 დეპუტატი შევა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინის პირველ პირს პარლამენტში უმრავლესობა ექნება. გადაწყვეტილების მისაღებად 450-ადგილიან რადაში 226 ხმაა საჭირო. რადის პირველი სხდომა 9 სექტემბრამდე უნდა გაიმართოს.[1]

ბოლო 10 დღის განმავლობაში სამთავრობო ძალების მიერ სირიაში საჰაერო იერიშებს 103 ადამიანი, მათ შორის 26 ბავშვი ემსხვერპლა – გაეროს ცნობით, ასადის რეჟიმმა საავადმყოფოები, სკოლები და ბაზრები დაბომბა. 8-წლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ ოპოზიცია იდლიბს ისევ აკონტროლებს.[2]

ბოკო ჰარამის თავდასხმას ნიგერიაში 65 ადამიანი ემსხვერპლა – ინციდენტი ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ბორნოს შტატში მოხდა. დაჯგუფების წევრებმა იერიში მოქალაქეებზე მიიტანეს.[3]

ვითარება ავღანეთში – ქაბულში მომხდარი აფეთქებისას ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი დაიჭრა. შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, 25 კი დაშავდა. შეიარაღებულმა კაცმა კანდიდატის ოფისთან ბომბი ააფეთქა. ამრულა სალეჰი ევაკუაციამდე დაიჭრა. არჩევნები 28 სექტემბერსაა ჩანიშნული.[4]

ავტობუსის აფეთქების შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის რამდენიმე ბავშვია. ინციდენტი ჰერათისა და კანდაგარის პროვინციების დამაკავშირებელ გზატკეცილზე მოხდა. სამგზავრო ავტობუსმა დამონტაჟებულ ნაღმს გადაუარა და აფეთქდა. დაშავებული 17 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარში პოლიციამ თალიბანი დაადანაშაულა.[5]

[1] იმედის ახალი ამბები; ზელენსკის პარტიას რადაში უმრავლესობა ექნება; 26 ივლი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/112586/zelenskis-partias-radashi-umravlesoba-eqneba

[2] BBC; Syria war: World shrugs as 103 civilians killed in 10 days; 26 July, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-49126523

[3] Reuters; At least 65 killed in Nigeria Boko Haram attack: state TV; 28 July, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-nigeria-security-toll/at-least-65-killed-in-nigeria-boko-haram-attack-state-tv-idUSKCN1UN0RC?il=0

[4] Reuters; Afghan VP candidate injured as Kabul blast kills two, wounded 25; 28 July, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-afghanistan-blast/afghan-vp-candidate-injured-as-kabul-blast-kills-two-wounds-25-idUSKCN1UN0GZ?il=0&fbclid=IwAR1mNu7FjJBr0SH2uaOX6iLTD7QKuVfkVJQdFDGoOaUVjTriRT9a35yz28s

[5] Reuters; Afghanistan highway blast kills at least 35 on bus, wounds 27; 31 July, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-afghanistan-blast/afghanistan-highway-blast-kills-at-least-34-on-bus-injures-17-idUSKCN1UQ0IV?fbclid=IwAR16FfFEliyEgzLZMqRp7Jw_sCTJPLSq4Uoeo5xeApCWnwr-PaBlii2HL7E