ერაყი. ბაღდადში არსებული ვითარება – დეკემბერი, 2020

ჟენევის აკადემიის პროექტის RULAC – „კანონის უზენაესობა შეიარაღებული კონფლიქტისას (Rule of Law in Armed Conflicts) მიხედვით, 2014 წლის იანვრიდან მოყოლებული, ერაყი აწარმოებს არა-საერთაშორისო ხასიათის, შიდა ტიპის შეიარაღებულ კონფლიქტს დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. ამას გარდა, ქვეყანა ასევე ჩაბმულია საერთაშორისო ხასიათის კონფლიქტში თურქეთთან, რადგან ამ უკანასკნელმა ერაყის ჩრდილოეთში, ქურთი შეიარაღებული ჯგუფების წინააღმდეგ ერაყის მთავრობის ნებართვის გარეშე იერიში მიიტანა.
ჟურნალისტი და მკვლევარი ჯოელ უინგი 2008 წლიდან მოყოლებული აწარმოებს ონლაინ-ბლოგს, სადაც ყოველკვირეული პერიოდულობით თავსდება ინფორმაცია ერაყში უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციაზე და ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ თუ სხვა საკითხებზე. 2020 წლის 3 დეკემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში მოცემულია შკალა, სადაც აღწერილია ბაღდადის რეგიონში, უკანაკნელი 2 წლის განავლობაში დაფიქსირებული უსაფრთხოების კუთხით ინციდენტები.

როგორ შკალიდან ჩანს, როგორც დედალაქში, ასევე – მთლიანი ერაყის მასშტაბით, უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაცია, წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. აგვისტოსა და სექტემბრის თვეებში, ბაღდადის რეგიონში, შესაბამისად, 1 და 2 უსაფრთხოების კუთხით ინციდენტი დაფიქსირდა. ხოლო ოქტომბერი-ნოემბრის შუალედში – 5 და 6 შემთხვევა.
რაც შეეხება ქვეყანაში და, მათ შორის – დედაქალაქში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ზოგად ვითარებას, ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ერაყში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერს, რომ ერაყი არის პარლამენტარული ტიპის რესპუბლიკა, სადაც 2018 წელს ჩატარებული არჩევნები, მიუხედავად იმისა, რომ ექსცესების გარეშე არ ჩავლილა, მეტ-ნაკლებად თავსებადი იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებთან და უზრუნველყო ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება. ახლადარჩეული პრემიერი – აბილ აბდ ალ-მაჰდი 2019 წლის 1 დეკემბერს, ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბური დემონსტრაციების საპასუხოდ, თანამდებობიდან გადადგა.
ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში საშინაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი არაერთი ორგანო თუ დაჯგუფება მოქმედებს. გვხვდება ერაყის სამთავრობო უსაფრთხოების ძალები, რომელიც კომპეტენციების მიხედვით გაყოფილია შესაბამის ორგანოებში და ყველა მათგანი ექვმდებარება პრემიერ-მინისტრსსა და ერაყის ცენტრალურ ხელისუფლებას. ამას გარდა, ერაყში ასევე არსებობს ე.წ. „სახალხო სამობილიზაციო ძალები“ (Popular Mobilization Forces (PMF)) – სახელწიფოს მიერ მხარდაჭერილი სამხედრო ორგანიზაცია, რომელიც 60-მდე შეიარაღებულ ჯგუფად არის დაყოფილი. მათი უმრავლესობა არის შიიტი არაბი. კანონის მიხედვით, ყველა PMF პასუხისმგებელია ერაყის პრემიერ-მინისტრის წინაშე, თუმცა, პრაქტიკაში, ზოგიერთი დანაყოფი ირანსა და ირანის რევოლუციური გუშაგების კორპუსს ექვემდებარებოდა. ქურთისტანის რეგიონში, ერაყის კონსტიტუციის თანახმად, „ქურთისტანის რეგიონალურ მთავრობა“ -ს გააჩნია საკუთარი უსაფრთხოების აპარატი და ჯარი. თუმცა, ამას გარდა, ორი წამყვანი პოლიტიკური პარტია – ქურთისტანის დემოკრატიული პარტია (KDP) და „ქურთისტანის პატრიოტთა გაერთიანება“ (PUK) ინარჩუნებდნენ საკუთარ, დამოუკიდებელ სამხედრო ფრთებს – ე.წ. „ფეშმერგა“ ერთეულებს. ანგარიშის მიხედვით, ერაყის სამოქალაქო სამსახურები, ზოგჯერ, ვერ ინარჩუნებდნენ ეფექტურ კონტროლს უსაფრთხოების ძალებზე. აღნიშნული, განსაკუთრებით სახეზე იყო ირანთან აფილირებული PMF დაჯგუფებების შემთხვევაში.
ქვეყანაში, ოქტომბრის დასაწყისიდან, ფიქსირდებოდა მასშტაბური საპროტესტო დემონსტრაციები, ძირითდად, ბაღდადსა და სხვა შიიტურ რეგიონებში. დემონსტრანტები მოითხოვნდნენ მთავრობის რესტრუქტურიზაციას და კორუფციის აღმოფხვრას. სამოქალაქო სამსახურებმა მალევე მალევე დაკარგეს კონტროლი სიტუაციაზე და, შედეგად, უსაფრთხოების ძალებმა და, ასევე – PMF ერთეულებმა დაიწყეს დემონსტრაციების ძალადობრივი გზით დაშლა. მათ შორის, გამოყენებული იყო რეალური ამუნიცია. მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 17 დეკემბრის მდგომარეობით, დემონსტრაციების დარბევის დროს, 479-ზე მეტი სამოქალაქო პირი გაირდაცვალა, ხოლო სულ მცირე 20 000 – დაშავდა.
მიმდინარე საანგარიშო პერიოდში დაფიქსირებულ მნიშვნელოვან უფლებადარღვევათა შორის იყო: უკანონო და თვითნებური მკვლელობის შემთხვევები; პირთა იძულებითი გაუჩინარება; წამება; თვითნებური დაკავების შემთხვევები; მძიმე და სიცოხლისთვის საშიში საპატიმრო პირობები; პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევა; აზრის გამოხატვის, პრესის და ინტერნეტის თავისუფლების კუთხით არსებული შეზღუდვები, მათ შორის – ცენზურა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობა; შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვა; მნიშვნელოვანი ჩარევა შეკრებისა და მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლებაში; იძულებით გადაადგილებულ პირთა და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ სავარაუდოდ აფილირებული პირთა მიმართ მუქარა; ფართოდ გავრცელებული სამთავრობო კორფუცია; ზოგიერთი ელემენტის, მათ შორის – „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ (PKK) და ირანისამდი ლოიალურად განწყობილი PMF ერთეულების მიერ ბავშვთა იძულებითი რეკრუტირება; ლგბტი პირთა მიმართ მიზანმიმართული ძალადობა და ა.შ.
მთავრობა, მართალია, იძიებდა აღნიშნული სამართალდარღვევის შემთხვევებს, თუმცა, იშვიათად თუ აყენებდა დამნაშავე პირების პასუხისმგებლობის საკითხს. დაუსჯელობის სინდრომი ხშირი იყო როგორც სამთავრობო, ასევე – უსაფრთხოების ძალების რიგებში.
ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ “ისლამური სახელმწიფოს“ გავლენა უკანსკნელ პერიოდში ძლიერ დასუსტდა, ტერორისტული ორგანიზაცია კვლავ აგრძელებდა სერიოზული დანაშაულების, მათ შორის – მკვლელობების, ჩადენას.
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International ერაყის შესახებ 2020 წელს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ოქტომბრის თვიდან მოყოლებული, ერაყის უსაფრთხოების ძალები, მათ შორის – ე.წ. „სახალხო სამობილიზაციო ერთეულები“ (Popular Mobilization Units (PMU)) იყენებდნენ გადამეტებულ ძალას მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციების ჩახშობის დროს. აღნიშნულ ძალადობას 500-ზე მეტი დემონსტრანტის სიცოცხლე ესმხვერპლა, ხოლო ათასობით – დაშავდა. ბევრი მოკლული გარდაცვლილი იყო ცეცხლსასროლი იარაღიდან რეალური ტყვიების გასროლით, რაც აკრძალულია. პროტესტებთან დაკავშირებულ სხვადასხვა სპექტრის წარმომადგენელი პირების, მათ შორის – დემონსტრანტთა ადვოკატების, დაშავებულთა მკურნალი ექიმების და პროტესტების საკითხზე მომუშავე ჟურნალისტების მიმართ, უსაფრთოების ძალების მხრიდან, ადგილი ჰქონდა დაკავებების, გატაცებების, გაუჩინარებებისა და სხვა დაშინების მეთოდების გამოყენებას. ერაყის შესაბამისმა სამსახურებმა, გარკვეული პერიოდით დაბლოკეს წვდომა ინტერნეტზე, რათა არ გავრცელებულიყო დემონსტრანტთა მიმართ გადამეტებული ძალადობის ამსხაველი ფოტო-ვიდეო მასალა. ქვეყანაში კვლავ რჩებოდა დაახლოებით 1.55 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირი, რომლებიც გადაადგილების თავისუფლების კუთხით უმკაცრეს შეზღუდვებს აწყდებოდნენ. ანბარისა და ნინევას პროვინციებში, დროებითი ბანაკების რღვევამ ზოგიერთი ოჯახი მეორადი ტიპის იძულებით გადაადგილებასაც კი დაუქვემდებარა. „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დაკავებული ტერიტორიებიდან გამოქცეული ათასობით მამაკაცი და ბიჭი დაკარგულად ითვლებოდა, რაც სავარაუდოდ, უსაფრთხოების ძალებისა და „სახალხო სამობილიზაციო ერთეულები“ მხრიდან მათ იძულებით გაუჩინარებას უკავშირდებოდა. ქვეყანაში ფართოდ გავრცელებული ცნობების მიხედვით, როგორც ცენტრალური ერაყის, ასევე – ქურთისტანის რეგიონალური მთავრობა, იყენებდა წამებას თუ სხვა ტიპის არასათანადო მოპყრობას დაკავებულთა მიმართ, განსაკუთრებით იმ პირთა შემთხვევაში, რომელთა მიმართ არსებობდა ვარაუდები მათი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის შესახებ. ერაყის სასამართლოები კვლავ აგრძელებდნენ სიკვდილით დასჯის სასჯელების გამოტანას მსჯავრდებულთა მიმართ. ქვეყანაში კვლავ ოპერირებდა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“, რომელიც ხშირად სამიზნედ აქცევდა სამოქალაქო მოსახლეობას, ბომბების საშუალებით თავს ესხმოდა ქალაქებს და კლავდა ადგილობრივი თემის ლიდერებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ერაყის შესახებ 2020 წლის ანგარიშის მიხედვითაც, ბაღდადსა და სამხრეთი ერაყის ბევრ ქალაქში, ოქტომბერ-ნოემბერში დაწყებულ პროტესტებს მთავრობა ძალის გამოყენებით ახშობდა, რასაც ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დეკემბერის დასაწყისის მდგომარეობით, გარდაცვილი იყო სულ მცირე 350 დემონსტრანტი. აქციების დაშლისას, უსაფრთხოების ძალები იყენებდნენ რეალურ ტყვიებს და ცრემლსადენი გაზის კარტრიჯებს. ქვეყანაში ფიქსირდებოდა მნიშვნელოვანი დარღვევები გამოხატვის და შეკრების თავისუფლებების, ასევე – ქალთა უფლებების კუთხით. მთავრობა კვლავ აქტიურად იყენებდა სიკდვილით დასჯას. მასშტაბური პროტესტების საპასუხოდ, 29 ნოემბერს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი – ადილ აბდ ალ-მაჰდი, თანამდებობიდან გადადგა.
რაც შეეხება ერაყსა და ბაღდადში საკუთარების უფლების კუთხით არსებულ ვითარებას, Freedom House-ს ერაყის შესახებ 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, ერაყელებს კანონი ანიჭებს სრულ თავისუფლებას, ფლობდნენ და განკარგავნდნენ ქონებას თუ ბიზნესებს. თუმცა, პრაქტიკაში, საკუთრების უფლებას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ქვეყანაში არსებული კორუფცია და კონფლიქტი. ბიზნესმენები ხშირად ექვემდებარებიან ზეწოლის ისეთ ფორმებს, როგორიცაა: ქრთამის მოთხოვნა, მუქარა და ბიზნესების წართმევის ძალადობრივი ინციდენტები. ქვეყანაში სამართლებრივი კონტრაქტების აღსრულება რთულია.

იორდანია – ზოგადი მდგომარეობა, რელიგიის შეცვლა – დეკემბერი, 2020

  1. ზოგადი მდგომარეობა იორდანიაში, 

ჟენევის აკადემიის პროექტის RULAC –  „კანონის უზენაესობა შეიარაღებული კონფლიქტისას (Rule of Law in Armed Conflicts) მიხედვით, იორდანია ჩართულია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მიმართულ საერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტში, რაც მისი სამხედრო ძალების მიერ ერაყში და სირიაში საავიაციო იერიშების მიტანით გამოიხატება. ის ასევე ჩართულია იემენსა და სირიაში მიმდინარე არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებულ კონფლიქტში.[1]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი იორდანიაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ იორდანიის ჰეშემიტურ სამეფო წარმოადგენს კონსიტუციურ მონარქიას, რომელსაც მეფე აბდულლა II იბნ ჰუსსეინი მართავს. ქვეყნის მულტიპარტიული პარლამენტი შედგება 65 წევრიანი სენატისა და 130 წევრიანი წარმომადგენელთა პალატის მიერ, რომელთაც ხალხი არჩევნების გზით ირჩევს. უკანასკნელი არჩევნები 2016 წელს ჩატარდა. საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ცნობით, არჩევნები იყო კარგად ორგანიზებული, ტექნიკურად გამართული, თავისუფალი და სამართლიანი.

ქვეყნის შიდა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ძირითადი ორგანოა საჯარო უსაფრთხოების დირექტორატი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვემდებარება. ამას გარდა, შიდა უსაფრთხოებაზე ზრუნავს სამოქალაქო თავდაცვის დირექტორატი, ჯანდარმერია და ზოგადი დაზვერვის დირექტორატი (ეს უკანასკნელი უშუალოდ მეფეს ექვემდებარება). ქვეყნის საგარეო უსაფრთხეობას თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს. ანგარიშის მიხედვით, სამოქალაქო ინსტიტუციები ინარჩუნებდნენ ეფექტურ კონტროლს უსაფრთხოების ძალებზე.

მიმდინარე წელს დაფიქსირებულ მნიშვნელოვან უფლებადარღვევათა შორის იყო: უსაფრთხოების ძალების მიმართ არსებული სავარაუდო წამების ბრალდებები; პირთა, მათ შორის – ჟურნალისტთა და აქტივისტთა თვითნებური და უკანონო დაკავებები; მოქალაქეთა პირადი ცხოვრების უფლების დარღვევა; თავისუფალი აზრის და მედიის თავისუფლების კუთხით არსებული შეზღუდვები, ცენზურა და ვებ-გვერდების დაბლოკვა; შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებების კუთხით არსებული შეზღუდვები; კორუფცია; ქალთა „ღირსებით მოტივირებული მკვლელობები“; ლგბტი თემის მიმართ ძალადობა და ზოგიერთ სექტორში არსებული სამუშაო პირობები, რომლებიც იძულებით შრომას უტოლდებოდა.

მართლია, დაუსჯელობა ფართოდ გავრცელებულ პრობლემას წარმოადგენდა, თუმცა, მთავრობა დგამდა ლიმიტირებულ, არა-გამჭირვალე ნაბიჯებს, რათა გამოეძიებინა და სათანადოდ დაესაჯა უფლებადარღვევებში დამნაშავე პირები.[2]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-ის იორდანიაში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, ქვეყანა შეფასებულია, როგორც „ნაწილობრივ-თავისუფალი“ (ინდექსი 37/100).

ანგარიშის მიხედვით, იორდანიაში მონარქიული წყობაა, სადაც პოლიტიკასა და მთავრობაში მთავარ როლს მეფე თამაშობს. პარლამენტის ქვედა პალატი არჩევნების შედეგად კომპლექტდება, თუმცა, არსებული საარჩევნო სისტემა ოპოზიციას არახელსაყრელ პოზიციაში აყენებს და, ზოგადადაც, პალატას პრაქტიკაში არც ისე დიდი ძალაუფლება გააჩნია. მედია და სამოქალაქო საზოგადოებრივი ჯგუფები შემზღუდველ კანონებსა და სამთავრობო გავლენას ექვემდებარებიან. ქვეყნის სასამართლო სისტემა დამოუკიდებლობას მოკლებულია და ხშირად ვერ ახერხებს სათანადო პროცესუალური საკითხების გარანტირებას.

2019 წელს მომხდარი მნიშვნელოვან მოვლენათა შორის იყოს უმუშევრობის, საჯარო სექტორში დაბალი ანაზღაურებისა და კორუფციის წინააღმდეგ მიმართული მასშტაბური დემონსტრაციები, რომლებიც წლის განმვალობაში, სხვადასხვა პერიოდში მიმდინარებოდა. ამას ასევე დაემატა მასწავლებლების 30 დღიანი გაფიცვა სექტემბერში. ისინიც დაბალ ანაზღაურებას აპროსტესტებდნენ. განსხვავებული აზრის გამო, შესაბამისმა სამსახურებმა დააპატიმრეს ათობით აქტივისტი. [3]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch იორდანიაში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ 2020 წლის იანვარში გამოქვეყნებული ანგარიშის (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) მიხედვით, 2019 წელს იორდანიის მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული დემონსტრაციები გაიზარდა, რომელთაც სექტემბერში მასწავლებელთა ერთ თვიანი გაფიცვაც დაემატა. ისინი ითხოვდნენ მთავრობის მიერ 2014 წელს დაპირებულ 50 %-იან ზრდას ხელფასებთან მიმართებით. საბოლოოდ, მოლაპარაკებები შედგა და მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მასწავლებლებს კვალიფიკაციის მიხედვით, 35-დან 75 %-მდე გაეზარდათ ანაზღაურება. ანგარიშის მიხედვით, იორდანიის კანონმდებლობა კრძალავს მეფის, უცხო ქვეყნების, სამთავრობო ჩინოსნებისა და ინსტიტუციების, ისლამისა და ქრისტიანობის შეურაცხმყოფელი აზრის გამოხატვას. მზარდი პროსტესტების ფონაზე, ხელისუფლებამ დააკავა 30-მდე პოლიტიკური და ანტი-კორუფციონერი აქტივისტი. დაკავებულთა უმრავლესობა დაკავშირებული იყო პოლიტიკურ აქტივისტთა ფართო მოძრაობა ჰირაქთან (hirak).

2019 წლის ნოემბრის მდგომარეობით, მთავრობას არ აღუსრულებია არც ერთი სასიკვდილო სასჯელი, თუმცა, იორდანიის ადამიანის უფლებათა ეროვნული ცენტრის ინფორმაციით (NCHR), 2018 წლის ბოლოსთვის, ე.წ. „სასიკვდილო რიგში“ იდგა  151 პირი. ივლისში, უსაფრთხოების ძალებმა მადაბას პროვინციაში, ადგილობრივი ტრადიცია – „ჯალვა“-ს საფუძველზე, საკუთარი სახლებიდან გააძევეს ალ-შაჰინის ოჯახის 200-ზე მეტი წევრი. აღნიშნული ტრადიცია გულისხმობს მკვლელობაში ბრალდებული პირების ოჯახის წევრების გახიზვნას სხვაგან, რათა თავიდან აცილებულ იქნას შურისძიებით მოტივირებული მკვლელობები (ე.წ. სისხლის აღება). აღნიშნული ტრადიცია წარმოადგენდა იორდანიის კონსტიტუციის უხეშ დარღვევას და, უკანასკნელ წლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო ცდილობდა ამ კუთხით კანონმდებლობის დახვეწას.[4]

2. რელიგიის შეცვლა

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი იორდანიაში რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების კუთხით არსებული ვითარების შესახებ 2020 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, ისლამი სახელმწიფო რელიგიაა, თუმცა გარანტირებულია „თაყვანისცემისა და რელიგიური  რიტუალების აღსრულების ყველა ფორმა“, თუ ისინი თავსებადია საჯარო წესრიგთან და მორალთან. ამას გარდა, ქვეყნის ძირითად კანონში აღნიშნულია, რომ მოქალაქეები არ შეიძლება დაექვემდებარონ რელიგიის კუთხით დისკრიმინაციას და რომ მეფე აუცილებლად მუსლიმი უნდა იყოს. თუმცა, კონსტიტუციაში არაფერია წერია პირის უფლებაზე, შეიცვალოს მრწამსი და კონვერტირდეს სხვა რელიგიაზე. საინტერესოა, რომ არც სამოქალაქო და არც სისხსლისამართლებრივ კანონმდებლობაში, არანაირი რეგულაცია (და, შესაბამისად – სანქცია) აღნიშნულ საკითხზე არ არსებობს.

კონსტიტუცია შარიათის სასამართლოებს ანიჭებს უფლებას, განსაზღვრონ ყველა მუსლიმის პირადი სტატუსი. შარიათი არ აღიარებს ისლამიდან სხვა რელიგიაზე კონვერტირებულ პირებს, კვლავ მიიჩნევს მათ მუსლიმებად, თუმცა მათთან მიმართებაში გამოიყენება ტერმინი – “განდგომილი“. ზემოხსენებული მიდგომიდან გამომდინარე, ისლამიდან ქრისტიანობაზე კონვერტირებულ პირებს არ ეძლევათ უფლება, საკუთარ ელექტრონულ ჩანაწერებში შეიცვალონ რელიგიური კუთვნილება (2016 წლიდან იორდანიის პირადობის მოწმობაზე რელიგიური კუთვნილება აღარ არის დატანილი და ეს ინფორმაცია მხოლოდ ელექტრონულ ბაზაში ინახება).

რაც შეეხება მთავრობის მხრიდან, ისლამიდან ქრისტიანობაზე კონვერტირებულ პირთა მიმართ დამოკიდებულებას, ანგარიშის მიხედვით, ისინი ავრცელებდნენ ცნობებს, რომ უსაფრთხოების ძალების მხრიდან ექვემდებარებოდნენ როგორც დაკითხვას მათი რელიგიური შეხედულებებისა და რიტუალების შესახებ, ასევე – თვალთვალს. აღნიშნული ქმედებები განპირობებული იყო სამთავრობო კამპანიით, რომლის ფარგლებშიც ის ცდილობდა თავიდან აეცილებინა პირთა კონვერტაცია მათ მიერ კონკრეტულად განქორწინების ან მემკვიდრეობის კუთხით სხვადასხვა ბენეიფიტების მიღებისთვის (ანგარიშის მიხედვით, იორდანიაში განქორწინებისთვის სხვადასხვა სამართლებრივი პროცედურა მოქმედებს, რაც განპირობებულია პირის რელიგიური კუთვნილებით. ისინი ზოგჯერ მიმართავენ კონვერტაციას, რათა თავი აარიდონ მათთვის დაწესებულ შესაბამის პროცედურას და ისარგებლონ სხვა რელიგიური ჯგუფებისთვის დაწესებული, შედარებით მარტივი, მსუბუქი და მომგებიანი წესებით). ისლამიდან ქრისტიანობაზე კონვერტირებული ზოგიერთი პირი ასევე აცხადებდა, რომ თაყვანისცემას და რელიგიური რიტუალების აღსრულებას განაგრძობდა ფარულად, რათა თავიდან აერიდებინა უსაფრთხოების ძალების მხრიდან მკაცრი შემოწმება. ანგარიშის მიხედვით, გამომდინარე შარიათის მიხედვით კონვერტაციის აკრძალვაზე, სამთავრობო თანამდებობის პირები, ზოგადად, უარს აცხადებდნენ საჯარო დოკუმენტეზე პირების რელიგიური კუთვნილების შესაბამის გრაფაში „ისლამის“ სხვა რელიგიით შეცვლაზე. შესაბამისად, კონვერტირებული პირის რეალური რელიგიური კუთვნილება არ ემთხვეოდა მათ დოკუმენტებზე დაფიქსირებულ რელიგიას, რის გამოც ისინი ექვემდებარებოდნენ პირადი სტატუსების შესახებ (ქორწინება, განქორწინება, მემკვიდრეობა) მუსლიმურ კანონმდებლობას და საჩივრებს „განდგომილობის“ თაოებაზე.

ანგარიშში ასევე საუბარია ისლამიდან ქრისტიანობაზე კონვეტირებულ პირთა მიმართ იორდანიული საზოგადოების დამოკიდებულებაზე. ანგარშის მიხედვით, ზემოხსენებულ პირები ავრცელებდნენ ცნობებს, რომ ექვემდებარეობდნენ სოციალურ „ოსტრაკიზმს“ (განდევნა, გარიყვა) , მუქარებს, ფიზიკურ და ვერბალურ ძალადობას, მათ შორის – ცემას, შეურაცხყოფას და დაშინებას, როგორც ოჯახის წევრებისა და მეზობლების, ასევე – თემისა და ტომების წევრების მხრიდან. ზოგიერთი მათგანი აღნიშნავდა, რომ ლოცულობდა ფარულად, რადგან ეშინოდა იმ სოციალური სტიგმის რასც, კონვერტირებული პირების მიმართ აქვს ადგილი. სხვები კი აცხადებდნენ, რომ მათ მიმართ ხშირად ადგილი ჰქონდა ძალადობის შესახებ ქრონიკულ და დამაჯერებელ მუქარებს იმ ოჯახის წევრების მხრიდან, როლებიც ცდილობდნენ, ამ გზით, დაეცვათ ტრადიციული ღირსება.საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, მდედრობითი სქესის კონვერტირებული პირები, ამ კუთხით, განსაკუთრებით მოწყვლად კატეგორიას წარმოადგენდნენ. ისინი ასევე ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ადგილი ჰქონდა ქალი კონვერტირებული პირების მუსლიმებზე იძულებითი ქორწინებების შემთხვევებს, რათა „შეენარჩუნებათ ოჯახის ღირსება“. ეკლესიების ლიდერები კვლავ ავრცელებდნენ ცნობებს, რომ ფიქსირდებოდა ძალადობა და დისკრიმინაცია კონვერტირებული პირების და რომანტიულ ურთიერთობაში მყოფი სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელი პირების მიმართ. ისლამიდან კონვერტირებული ზოგიერთი  პირი გამოხატავდა ინტერესს საზღვარგარეთ გადასახლებაში, რაც განპირობებული იყო მათ მიმართ დისკრიმინაციისა და ძალადობრივი მუქარების არსებობით.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ისლამიდან კონვერტირებული პირები სოციალურ მედიასა და ონლაინ სივრცეში კრიტიკის განსაკუთრებული სამიზნეები იყვნენ.[1]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-ის იორდანიაში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, ისლამი სახელმწიფო რელიგიადაა გამოცხადებული. მთავრობა  მკაცრად აკონტროლებს მეჩეთებში პოლიტიკური, სექტარული ან ექსტრემისტული ხასიათის რეტორიკას, ასევე – აღნიშნულ თებებზე ტექსტებისა და წიგნების გამოცემის პროცესს. მუსლიმ ღვთისმეტყველებს ესაჭირეობათ სათანადო სამთავრობო ნებართვა, რათა საჯაროდ იქადაგანონ და რელიგიური ცოდნა სხვებს გაუზიარონ. ბევრი ქრისტიანული ჯგუფია აღიარებულია, როგორც რელიგიური დენომინაცია ან ასოციაცია და მათ ყოველგვარი პრობელემების გარეშე, თავისუფლად შეუძლიათ აღასრულონ საკუთარი რელიგიური უფლებები, თუმცა, აკრძალული აქვთ მუსლიმებში ქრისტიანობის პროზელიტიზმი (რელიგიის ქადაგება).

ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ იორდანიაში, ბევრი მუსლიმური ქვეყნისგან განსხვავებით, ისლამიდან სხვა რელიგიაზე კონვერტირებული პირები არ ექვემდებარებიან „განდგომილობისთვის“ სისხლის სამართლებრივ დევნას, პრაქტიკაში მათ მიმართ მაინც ადგილი აქვს გარკვეული ტიპის ბიუროკრატიულ დაბრკოლებებსა და შევიწროებას.

ორგანიზაცია იორდანიაში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებულ ვითარებას მაქსიმალური 4 ქულიდან 2-ით აფასებს.[2]

[1] United States Department of State -2019 Report on International Religious Freedom: Jordan; published in June 2020; available at

[accessed 18 December 2020]

[2] Freedom House – Freedom in the World 2020 – Jordan; published in March 2020; available at

[accessed 18 December 2020]

[1] Geneva Academy – Rulac – Rule of Law in Armed Conflicts; available at https://www.rulac.org/browse/countries/jordan  [accessed 17 December 2020]

[2] United States Department of State – Country Report on Human Rights Practices 2019 – Jordan; published in March 2020; available at

[accessed 17 December 2020]

[3] Freedom House – Freedom in the World 2020 – Jordan; published in March 2020; available at

[accessed 18 December 2020]

[4] Human Rights Watch – World Report 2020 – Jordan; published in January 2020; available at

[accessed 18 December 2020]

კამერუნი. ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკა. იანვარი, 2020

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი კამერუნში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2019 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი 2018 წელი) წერდა, რომ ქვეყანა იმართება ძლიერი საპრეზიდენტო ინსტიტუტის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას მართვის მრავალპარტიული სისტემა აქვს, კამერუნის სახალხო დემოკრატიული მოძრაობა მისი შექმნის დღიდან (1985) მმართველი პარტიაა. პარტიის ლიდერი პოლ ბია 1982 წლიდან მოყოლებული ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზეა. 2011 წელს იგი ხელახლა აირჩიეს პრეზიდენტად. არჩევნებზე ადგილი ჰქონდა დარღვევებს, მაგრამ დამკვირვებლებს არ სჯერათ, რომ ამან მნიშვნელოვანი გავლენა იქონია შედეგებზე. 2013 წელს შედგა საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. დამკვირვებლების შეფასებით არჩევნებმა ჩაიარა მშვიდ გარემოში და ზოგადად იყო თავისუფალი და სამართლიანი.

ანგარიშის მიხედვით,  შესაბამისი სამოქალაქო სამსახურები, ზოგჯერ, ვერ ინარჩუნებდნენ ეფექტურ კონტროლს უსაფრთხოების ძალებზე, მათ შორის –  პოლიციასა და ჟანდარმერიაზე. ქვეყანაში არსებული სოციო-პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებში კონკრეტული ჯგუფების სავარაუდო მარგინალიზაციის გამო დაიწყო, 2016 წლის ბოლოს გადაიზარდა შეიარაღებულ კონფლიქტში სამთავრობო ძალებსა და სეპარატისტულ ჯგუფებს შორის. აღნიშნულ კონფლიქტს შედეგად მოჰყვა სერიოზული უფლებადარღვევები როგორ სამთავრობო ძალების, ასევე – ანგლოფონი სეპარატისტების მხრიდან.

მიმდინარე წლის განმავლობაში ქვეყანაში ადამიანის უფლებათა ყველაზე მნიშვნელოვან უფლებადარღვევებს მიეკუთვნებოდა თვითნებური და უკანონო მკვლელობები როგორც უსაფრთხოების ძალების, ასევე – შეიარაღებული ანგოლოფონი სეპარატისტების მიერ; იძლებითი გაუჩინარებების შემთხვევები, რომლებიც დაკავშირებული იყო როგორც უსაფრთხოების ძალებსა და სეპარატისტებთან, ასევე – ტერორისტულ ორგანიზაცია ბოკო ჰარამთან; უსაფრთხოების ძალებისა და ანგლოფონი სეპარატისტების მხრიდან წამება; სეპარატისტებთან სავარაუდო კავშირში მყოფ ეჭვმიტანილთა ხანგრძლივი თვითნებური დაკავებები; მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში საპატიმრო პირობები; მთავრობის მიერ პერიოდულად დაწესებული შეზღუდვები ინტერნეტთან წვდომაზე; მთავრობის მხრიდან ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობისა და დევნის ფაქტები; ბავშვთა იძულებითი შრომა და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა უსაფრთხოების ძალებსა და საჯარო სექტორში სხვადასხვა დარღვევაზე პასუხისმგებელი პირების იდენტიფიკაციის, მათ მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის კუთხით, ამას ხშირად არ მოჰყოლია საჯარო რეალური სანქციები და დამნაშავეები ზოგჯერ დაუსჯელად განაგრძობდნენ თავიანთ საქმიანობას.[1]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House 2019 წლის ანგარიშით (საანგარიშო პერიოდი – 2018 წელი) კამერუნს არა-თავისუფალი ქვეყნის სტატუსს ანიჭებს და ქვეყანაში  პოლიტიკური უფლებების ხარისხს 40-დან 7, ხოლო სამოქალაქო თავისუფლებების მაჩვენებელს 60-დან 12 ქულით აფასებს.  ანგარიშის მიხედვით, წლის განმავლობაში, ქვეყნის ანგლოფონურ რეგიონებში მიმდინარე კონფლიქტი გაუარესდა, გაიზარდა სამოქალაქო პირთა დაღუპვის  და იძულებითი გადაადგილების შემთხვევებიც. არსებობდა სეპარატისტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის მიმდინარე ინტენსიური შეტაკებების სამოქალაქო ომში გადაზრდის საფრთხე. მთავრობა აგრძელებდა სადამსჯელო ღონისძიებათა სერიას იმ ჟურნალისტებისა თუ სამოქალაქო აქტივისტების მიმართ, რომლებიც აკრიტიკებდნენ ანგლოფონურ რეგიონებში გატარებულ პოლიტიკას.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება, ქვეყნის ანგლოფონურ რეგიონებში ფაქტიურად ვერ მოხერხდა, რაც განპირობებული იყო აღნიშნულ რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობით, რომელიც თავის მხრივ, გამოწვეული იყო სამთავრობო უსაფრთხოების ძალებსა და სეპარატისტებს შორის არსებული შეტაკებებით. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში, ბოკო ჰარამთან კონფლიქტის ინტენსივობამ იკლო, ტერორისტები კვლავ აგრძლებდნენ თავდასხმების მოწყობას ქვეყნის „უკიდურეს ჩდილოეთი რეგიონში” (the Far North Region). ამას გარდა, სამთავრობო უსაფრთხოების ძალების მიმართ ვრცელდებოდა ბრალდებები, რომ ისინი აწამებდნენ ბოკო ჰარამთან სავარაუდოდ აფილირებულ პირებს, რომელთა უმრავლესობაც უკანონოდ ჰყავდათ დაკავებული.[2]

არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის კამერუნის შესახებ 2019 წლის ანგარიშის (საანგარიშო პერიოდი – 2018 წელი) მიხედვით, ქვეყანაში, რომელიც წარსულში სტაბილურობით იყო ცნობილი, 2018 წლის განმავლობაში გახშირდა ძალადობისა და სერიოზული უფლებარაღვევების შემთხვევები. კამერუნის 3 ანგლოფონურ რეგიონში მიმდინარეობდა სამხედრო ოპერაციების სეპარატისტების მიმართ, ადგილი ჰქონდა რადიკალური ისლამისტური ჯგუფის – ბოკო ჰარამის მხრიდან თავდასხმებს უკიდურესი ჩრდილოეთის რეგიონში და ფიქსირდებოდა ქვეყანაში არსებული ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესება.

ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებში, სამთავრობო უსაფრთხოების ძალები ჩადიოდნენ ისეთ ქმედებებს, როგორიცაა: კანონს მიღმა სიკვდილით დასჯის შემთხვევები; კერძო ქონების გადაწვა; უკანონო და თვითნებური დაპატიმრებები; დაკავებულთა წამება და ა.შ. International Crisis Group-ის მიხედვით, 2017 წელს კონფლიქტის დაწყებიდან მოყოლებული, როგორც სამთავრობო ძალების, ასევე – სეპარატისტების ქმედებებს 420-ზე მეტი სამოქალაქო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.

2018 წლის ნოემბრის მდგომარეობით, ბოკო ჰარამის და სეპარატისტებით თავდასხმების შედეგად, უკიდურესი ჩრდილოეთის რეგიონიდან დაახლოებით 244 000, ხოლო ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებებიდან – 437 500 სამოქალაქო პირი იძულებით გადაადგილდა.[3]

 

[1] United States Department of State – Country Report on Human Rights Practices 2018 – Cameroon; published 13 March 2019; available at

[accessed 9 January 2020]

[2] Freedom House – Freedom in the World 2019 – Cameroon; published 4 February 2019; available at

[accessed 9 January 2020]

[3] Human Rights Watch – World Report 2019 – Cameroon; published 17 January 2019; available at

[accessed 10 January 2020]