დაიჯესტი – მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა – 24-30 სექტემბერი

გერმანიაში მძღოლებს მანქანის მართვისას სახის ნაწილობრივ ან მთლიანად დაფარვა აეკრძალათ – შეზღუდვა ავტოსაგზაო მოძრაობის შესახებ კანონის გამკაცრებას მოყვა. კანონის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში, მძღოლს 60 ევროს ოდენობის ჯარიმა ემუქრება. შეზღუდვის დაწესების მიზეზად კანონმდებლებმა სიჩქარის გადაჭარბების ან სხვა შემთხვევის დროს მძღოლის იდენტიფიცირების პრობლემა დაასახელეს. მათი განმარტებით, საჭესთან მჯდომი მძღოლის სახე ადვილად გასარჩევი უნდა იყოს. კანონის გამკაცრების შესახებ უკმაყოფილება გერმანიაში მუსლიმთა ცენტრალური საბჭოს ხელმძღვანელმა ნურჰან სოიკანმა გამოთქვა. მისი განმარტებით, „კანონი მკაცრდება იმ მიმართულებით, სადაც ამის საჭიროება არ არის. არც ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა არ ყოფილა დაფიქსირებული, სადაც დამნაშავე ჩადრიანი ან ხიჯაბიანი მძღოლი იყო“. 2017 წლის დასაწყისში, გერმანიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც სახელმწიფო დაწესებულებებში, სასამართლოსა და სამხედრო სამსახურში ქალებს ხიჯაბის და ჩადრის ტარებას უკრძალავდა.[1]

თალიბანმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოკვლა სცადა – ავღანეთის აეროპორტზე სარაკეტო იერიშზე პასუხისმგებლობა სამხედრო მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო. „თალიბანის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაბომბვის დროს მთვარი სამიზნე, აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ჯეიმს მეტისი იყო. ქაბულის აეროპორტზე თავდასხმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც ავღანეთში აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჩავიდა. ავღანეთის დედაქალაქის აეროპორტის სიახლოვეს რამდენიმე რაკეტის აფეთქების შედეგად არავინ დაშვებულა. სარაკეტო იერიშის შემდეგ აეროპორტში ყველა ფრენა გადაიდო და ევაკუაცია გამოცხადდა. გავრცელებული ცნობით, აეროპორტისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის მიმართულებით 30-მდე რაკეტა გაუშვეს.[2]

საუდის არაბეთის მოქალაქე ქალებს 2018 წლიდან ავტომანქანის მართვის უფლება მიენიჭებათ – საუდის არაბეთის მეფის აღნიშნულ განკარგულებას პარლამენტი უახლოეს ერთ თვეში დაამტკიცებს, კანონი კი 2018 წლიდან ამოქმედდება. საუდის არაბეთი ერთადერთი სახელმწიფო იყო მსოფლიოში, სადაც ქალს საჭესთან დაჯდომა ეკრძალებოდა. კანონის დარღვევის შემთხვევაში, მათ აქამდე რამდენიმე წლით თავისუფლების აღკვეთას უსჯიდნენ.[3]

Human Rights Watch მიანმარის შეიარაღებულ ძალებს როჰინჯების მიმართ კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს – „სამხედროები აიძულებდნენ დეპორტაციას, კვლავდნენ, აუპატიურებდნენ და დევნიდნენ მუსლიმ როჰინჯებს რაქჰაინის შტატის ჩრდილოეთით, რამაც მასობრივი გადაადგილება და ურიცხვი სიკვდილი გამოიწვია“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორგანიზაცია გაეროს უშიშროების საბჭოს და დაინტერესებულ ქვეყნებს მოუწოდებს სასწრაფოდ დაუწესონ სანქციები და იარაღის ემბარგო მიანმარის შეიარაღებულ ძალებს. ასევე ქვეყნის ხელისუფლებამ უზრუნველყოს ჰუმანიტარული ორგანიზაციების წვდომა დაზარალებულ ხალხთან. სტატიაში ხაზგასმულია, რომ უშიშროების საბჭომ უნდა განიხილოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში პასუხისმგებელი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის ზომები.

მიანმარელი როჰინჯების რიცხვმა კი, რომელთაც გასული ერთი თვის განმავლობაში ბანგლადეშს შეაფარეს თავი, უკვე 436 ათასს გადააჭარბა. ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარი, ედრიან ედვარდსი ბანგლადეშში ჰუმანიტარული დახმარების გაორმაგების მოწოდებით გამოდის.

რაქჰაინის შტატში ვითარება 25 აგვისტოდან გამწვავდა, მას შემდეგ რაც მოძრაობა „როჰინჯას“ გადარჩენის არაკანულმა არმიამ პოლიციის 30-მდე პუნქტზე თავდასხმა განახორციელა. დღეისათვის ბანგლადეშში 800 ათასზე მეტი მუსლიმი როჰინჯა ცხოვრობს.[4]

ბაქოში სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლების წინააღმდეგ რეიდები ჩატარდა – ერთერთი ლგბტ აქტივისტი იხსენებს, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში, სამართალდამცველებმა ათობით პირი დააკავეს, ზოგიერთი მათგანი ქრთამის სანაცვლოდ მალევე გაათავისუფლეს. უფლებადამცველების მონაცემებით, სულ 100-მდე ადამიანი დააკავეს. აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ეხსან ზახიდოვი რეიდის ჩატარებას ადასტურებს, თუმცა ქრთამის აღებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, დაკავებები ბაქოს მცხოვრებლების საჩივრების საფუძველზე მოხდა.[5]

ქურთისტანის რეფერენდუმი – ისტორიული მნიშვნელობის რეფერენდუმი ახლო აღმოსავლეთში. ერაყის ქურთისტანის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემთხვევაში, ქურთებს, ისტორიაში პირველად, საკუთარი სახელმწიფო ექნებათ. საყოველთაო გამოკითხვის შემდეგ ოფიციალური შედეგები ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა ერბილში უკვე სახალხო ზეიმია. თურქეთში კი ერაყის ქურთისტანს სანქციებით და საზღვრის ჩაკეტვით ემუქრებიან. მწვავეა საერთაშორისო გამოხმაურებაც. ევროკავშირი და ოფიციალური ვაშინგტონი ერაყის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერენ და ხაზს უსვამენ, რომ რეფერენდუმის ჩატარების დრო არასწორად შეირჩა.

რეფერენდუმის მიმდინარეობისას ამომრჩეველთა აქტივობამ 72,16% შეადგინა. მაღალი აქტივობის გამო, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურა ერთი საათით გახანგრძლივდა. სულ 6800-ზე მეტი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. ერაყის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ამომრჩევლებს ხმის მიცემა სპეციალურ ვებგვერდზე შეეძლოთ. ხმის მიცემის უფლება ქურთისტანის ავტონომიაში, ასევე ერაყის ხელისუფლებასა და ქურთებს შორის სადავო ტერიტორიებზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს ჰქონდათ – სულ ხუთ მილიონზე მეტ ამომრჩეველს. ერაყის ხელისუფლება რეფერენდუმს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს და მის შედეგებს არ აღიარებს. რეფერენდუმის წინასწარი შედეგების გამოცხადებამდე ერაყის მთავრობამ ქურთებთან სადავო რეგიონებში სამხედრო დანაყოფები განათავსა.

რეფერენდუმის ლეგიტიმურობას აშშ არ აღიარებს. „რეფერენდუმი და მისი შედეგები ლეგიტიმაციას მოკლებულია და ჩვენ კვლავ ვუჭერთ მხარს ერთიან, ფედერალურ, დემოკრატიულ და აყვავებულ ერაყს“, – განაცხადა რექს ტილერსონმა. ვაშინგტონმა ასევე მოუწოდა მხარეებს, მათ შორის ერაყის მეზობლებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და რეფერენდუმის შემდეგ უარი თქვან ძალის გამოყენებაზე.

რეფერენდუმის შემდეგ ერაყის ცენტრალური ხელისუფლება ავტონომიურ რეგიონზე ზეწოლას აძლიერებს. სადავო ტერიტორიებზე შესაძლოა სამხედრო ძალები გაგზავნონ. სამხედრო ჩარევის შემთხვევაში, ქურთისტანი წინააღმდეგობის გასაწევად მზადყოფნას აცხადებს. შექმნილი კრიზისის დასაძლევად, ერაყის ქურთისტანის ლიდერი ოფიციალურ ბაღდადს ერაყიდან გამოყოფის პროცესის დროებით შეჩერებას სთავაზობს. ბაღდადი ამ თემაზე მოლაპარაკებას გამორიცხავს. ერაყის ხელისუფლებამ ქურთისტანის ქალაქების, ერბილისა და სულაიმანიას აეროპორტებიდან საერთაშორისო ფრენები აკრძალა. „ადგილობრივი დროით 29 სექტემბრის 18:00 საათიდან ერბილისა და სულაიმანიას აეროპორტებში ავიარეისების მიღება და გაშვება შეიზღუდა შემდგომ შეტყობინებამდე. გამონაკლისია მხოლოდ ერაყული ავიახაზების შიდა რეისები“, – ნათქვამია ერაყის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ერაყის თავდაცვის სამინისტრო ირანთან და თურქეთთან კოორდინაციით ერაყის ქურთისტანის სასაზღვრო პოსტებზე კონტროლის დაწესებას გეგმავს. ბაღდადში ამბობენ, რომ ქურთისტანის ტერიტორიაზე არსებულ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე კონტროლის დასაწესებლად სამი სამხედრო კოლონა გაიგზავნება. ერაყის მთავრობის გადაწყვეტილების მიუხედავად, ქურთისტანის რეგიონული ხელისუფლება სასაზღვრო პოსტებზე კონტროლის დათმობას არ აპირებს.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, ერაყის ქურთისტანის ტერიტორია დატოვონ. შესაბამისი რეკომენდაცია უწყებამ ერაყის ავტონომიურ რეგიონში დამოუკიდებლობის შესახებ მიმდინარე რეფერენდუმთან დაკავშირებით გამოსცა. რეფერენდუმამდე ორი დღით ადრე, თურქეთის პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა ერაყსა და სირიაში თურქეთის შეიარაღებული ძალების გამოყენების ნებართვა.[6]

ისლამურმა სახელმწიფომ ალ-ბაღდადის აუდიო მიმართვა გაავრცელა – 46-წუთიანი მიმართვა ჯიჰადისტებთან დაკავშირებულმა სააგენტომ გაავრცელა. აუდიოჩანაწერში აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი სირიასა და ერაყზე, ასევე აშშ-სა და იაპონიის მიმართ ჩრდილოეთ კორეიდან არსებულ საფრთხეებზე საუბრობს. ჯიჰადისტების ლიდერის ბოლო აუდიომიმართვა 2016 წლის ნოემბრის დასაწყისში გამოქვეყნდა. 2017 წლის 16 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ალ-ბაღდადი ავიაიერიშის შედეგად მოკლეს.[7]

ანგელა მერკელი მეოთხე ვადით აირჩიეს – გერმანიაში არჩევნები დასრულდა. პირველ ადგილზე გასული „ქრისტიან დემოკრატიული“ კავშირის ლიდერი, ანგელა მერკელი გერმანიის ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მზადყოფნას აცხადებს. „ჩვენ ყველაზე ძლიერი პარტია ვართ და ჩვენი ამოცანა მთავრობის ფორმირებაა. რა თქმა უნდა, ჩვენ იმედი გვქონდა უკეთესი შედეგების“, – აღნიშნა მერკელმა მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს. ანგელა მერკელის მეთაურობით „ქრისტიან დემოკრატიული კავშირი“ 32.9%-ით გერმანიის პარლამენტის არჩევნებში ლიდერობს.

გამარჯვების მიუხედავად, პარტიამ 1949 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა. შესაძლოა ამომრჩევლებმა მსგავსი რეაგირება ლტოლვილებთან დაკავშირებით მერკელის „ღია კარის“ პოლიტიკაზე მოახდინეს, რომლის შედეგად გერმანიაში მილიონზე მეტი მიგრანტი ჩავიდა. ანგელა მერკელს სავარაუდო კოალიციური პარტნიორები ჯერჯერობთ არ დაუსახელებია. „ქრისტიან დემოკრატიულ კავშირთან“ სამთავრობო ალიანსის სურვილი უკვე გამოთქვეს „მწვანეებმა.“

გერმანიის „სოციალ-დემოკრტიულმა“ პარტიამ, რომელსაც მარტინ შულცი ხელმძღვანელობს, არჩევნებში 20.8% აიღო. შულცმა და პარტიის სხვა ლიდერებმა უკვე აღნიშნეს, რომ სოციალ-დემოკრატები სამთავრობო ალიანსში შესვლას არ გეგმავენ და დემოკრატიის გასაძლიერებლად ოპოზიციაში წავლენ. „ჩვენს მთავარ ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალურ მიწაზე დამარცხების შემდეგ, ჩვენ ბუნდესტაგის არჩევნებშიც წავაგეთ“, – განაცხადა შულცმა პარტიის შტაბში და არჩევნების დღეს გერმანიის „სოციალ-დემოკრატებისთვის“ მძიმე დღე უწოდა.

ბუნდესტაგში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად შედის ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელიც მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრების ინიციატივით გამოდის, არ ემხრობა ევროს და რუსეთისთვის სანქციების მოხსნა სურს. პარტიამ არჩევნებში 13% აიღო. აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ გერმანიაში ულტრამემარჯვენე პარტიას თითქმის 23%-მა მისცა ხმა. პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ მსგავს შედეგს თავადაც არ ელოდნენ და გერმანიაში „პოლიტიკური მიწისძვრა“ მოხდა.

საერთო ჯამში ბუნდესტაგში ექვსი პარტია შევიდა. მათ შორის „თავისუფალი დემოკრატები“, „მემარცხენეები“ და „მწვანეები.“ არჩევნების შედეგების თანახმად, გერმანიის პარლამენტში ადგილების რაოდენობა 709-მდე გაიზრდება, სკამების რაოდენობა კი შემდეგნაირად გადანაწილდება: „ქრისტიან დემოკრატიული კავშირი“ – 246 (ადრე 311), „სოციალ-დემოკრატები“ – 153, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ – 94, „თავისუფალი დემოკრატები“ – 80, პოზიციები გაიმყარა „მემარცხენეების“ ფრაქციამ, რომელმაც 69 მანდატი მიიღო (ადრე 64), ფრაქცია „მწვანეები“ – 67 (ადრე 63).

შედეგების გამოცხადების შემდეგ, ანგელა მერკელს კოალიციური პარტნიორების ძებნა მოუწევს. უკვე ცნობილია, რომ ალიანსში არ მიიწვევენ ულტრამემარჯვენე პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის.“ გარდა ამისა, მერკელმა უნდა დაარწმუნოს მთელი ქვეყანა და შესაძლოა პარტიის ზოგიერთი წევრიც, რომ ყველაზე უკეთ უხელმძღვანელებს ქვეყანას. ეს იყო ხანგრძლივი და დამღლელი კამპანია. მართალია მერკელმა გაიმარჯვა, თუმცა შედეგი ტრიუმფით გამარჯვებას ნამდვილად არ ადასტურებს.

არჩევნების შედეგები ცხადყოფს, რომ ბუნდესტაგში მართვის სადავეების ასაღებად გამარჯვებულ „ქრისტიან დემოკრატების კავშირს“ კოალიცია მინიმუმ ორ პარტიასთან სჭირდება. შეიძლება გამოითქვას ვარაუდი, რომ გერმანიის კოალიციური მთავრობის ფორმირებას მერკელის პარტია „თავისუფალ დემოკრატებთან“ და „მწვანეებთან“ ერთად მოახდენს. მსგავსი თანამშრომლობის გამოცდილება აღნიშნულ პარტიებს უკვე აქვთ. მსგავსი კოალიცია არსებობს შლეზვიგ-ჰოლშტეინის ფედერალურ მიწაზე.

ისტორიაში 2017 წლის ბუნდესტაგის არჩევნები რამდენიმე მიზეზით შევა. პირველი, მიუხედავად იმისა, რომ ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერი მეოთხე ვადით გახდება, ეს მისი ყველაზე ცუდი შედეგია არჩევნებში. მეორე, „მემარჯვენე ნაციონალისტები“ ოფიციალურად გახდნენ გერმანიის პოლიტიკური ისტებლიშმენტის ნაწილი. ის, რაც ევროპის ბევრ ქვეყანაში დიდი ხანია ნორმა გახდა, ომის შემდგომ გერმანიაში წარმოუდგენელი იყო. ახლა უკვე ეს რეალობაა.

გერმანიაში ფედერალური არჩევნები ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება. 18 წელს ზემოთ ამომრჩეველთა რაოდენობა 61.5 მილიონს აღწევს. გერმანიის პარლამენტი შერეული სისტემით ფორმირდება. ადგილების ნახევარი ეკუთვნის ერთმანდატიან ოლქებში არჩეულ კანდიდატებს, რომლებმაც უბრალო უმრავლესობით მოიპოვეს გამარჯვება. ეს არის მაჟორიტარული სისტემით არჩევა. მანდატების მეორე ნახევარი კი ნაწილდება პარტიულ სიაში მოხვედრილ კანდიდატებზე იმის მიხედვით, თუ რამდენი ხმა აიღო პარტიამ არჩევნებზე.[8]

[1] Deutche Welle; German Bundesrat approves “burqa ban” for drives, beefs up road-race sanctions; By Jefferson Chase; 22.09.2017; available at: http://www.dw.com/en/german-bundesrat-approves-burqa-ban-for-drivers-beefs-up-road-race-sanctions/a-40642060

[2] CNN; Mattis target of failed Kabul airport rocket attack, Taliban says; By Euan McKirdy, Keith Allen and Ryan Browne; September 27, 2017; available at: http://edition.cnn.com/2017/09/26/politics/mattis-afghanistan/index.html

[3] AlJazeera; Saudi Arabia to allow women to drive; 27 September 2017; available at: http://www.aljazeera.com/news/2017/09/saudi-arabia-women-drive-170926190857109.html

[4] AlJazeera; HRW: Myanmar committing “crimes against humanity”; 26 September 2017; available at: http://www.aljazeera.com/news/2017/09/hrw-myanmar-committing-crimes-humanity-170926084344042.html

[5] The Guardian; Outcry as Azerbaijan police launch crackdown on LGBT community; By Shaun Walker; 28 September 2017; available at: https://www.theguardian.com/world/2017/sep/28/azerbaijan-police-crackdown-lgbt-community

[6] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ახალი ამბები ქურთისტანის რეფერენდუმის შესახებ; 24-30 სექტემბერი; სტატიები ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულებზე: http://1tv.ge/ge/news/view/180934.html ; http://1tv.ge/ge/news/view/180775.html ; http://1tv.ge/ge/news/view/181452.html ; http://1tv.ge/ge/news/view/181426.html ; http://1tv.ge/ge/news/view/181007.html ; http://1tv.ge/ge/news/view/181460.html ; http://1tv.ge/ge/news/view/180606.html

[7] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის აუდიო მიმართვა გაავრცელეს; თამთა რუხაძე; 29.09.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/181288.html

[8] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; არჩევნები გერმანიაში – ბერლინი ახალი პოლიტიკური გადანაწილების მოლოდინში; გივი ბარამიძე; 25.09.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/180676.html

პაკისტანი – თალიბანის გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე- ივლისი 2017

თალიბანი ჩრდილოეთ პაკისტანში 1990-იანი წლების დასაწყისიდან გაჩნდა, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირმა შეიარაღებული ძალები გაიყვანა ავღანეთიდან. ძალაუფლების მოპოვების შემთხვევაში, თალიბანის – რომელიც განლაგებული იყო პუშტუნებით დასახლებულ პაკისტანისა და ავღანეთის ტერიტორიებზე – მიზანს წარმოადგენდა, მშვიდობისა და უსაფრთხოების აღდგენა და შარიათის, იგივე ისლამური სამართლის, საკუთარი მკაცრი ვერსიის აღსრულება.

მიუხედავად იმისა, რომ თალიბების თავდასხმების საპასუხოდ, პაკისტანმა შეიმუშავა მკაცრი მიდგომა (2013 წელს აშშ-ს ავია იერიშების შედეგად, პაკისტანის თალიბანის სამი მნიშვნელოვანი ლიდერი იქნა მოკლული), ქალაქ კარაჩიში მათი გავლენა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ანალიტიკოსების განცხადებით, თალიბანის ბევრი უფროსი ლიდერი თავშესაფარს იღებს პაკისტანის ქ. ქუეტტაში, საიდანაც ხელმძღვანელობენ თალიბებს.[1]

პაკისტანის თალიბანი, რომელიც ცნობილია ‘Tehreek-i-Taliban“ (TTP)-ის სახელით, სამშვიდობო მოქალაქეებისა და სამხედროების წინააღმდეგ ახორციელებს ყველაზე ძალადობრივ და სასიკვდილო თავდასხმებს, ძირთადად პაკისტანის ყველაზე დაუცველ ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს ავღანეთის საზღვართან. TTP-მ, საერთაშორისო დონეზე, ყველაზე დიდი ყურადღება მიიქცია, 2012 წელს, 14 წლის მალალა იუსაფაზზე განხორციელებული თავდასხმით და 2014 წლის დეკემბერში, პეშავარის სკოლაში მოწყობილი ხოცვა-ჟლეტვით, რომლის შედეგად 145 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 132 ბავშვი.

მათი მიზანია, პაკისტანის მთავრობის გადაყენება და შარიათის კანონის დანერგვა. ისინი უარყოფენ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას. აშშ-თან და სხვა ქვეყნებთან პაკისტანის თანამშრომლობის გამო, პაკისტანის თალიბანი ეწინააღმდეგება უცხო ქვეყნის ინტერესებს, როგორც პაკისტანში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ისინი სასტიკად ეწინააღმდეგებიან აშშ-ს შეიარაღებული ძალების არსებობას რეგიონში.

აზიის წყნარი ოკეანის ანალიტიკური ფონდის დირექტორის, საჯჯან გოჰელის განცხადებით, მათი ინტერესები გაცილებით შორს მიდის, ვიდრე ხელისუფლების მხრიდან ტომობრივი ტერიტორიების საქმეებში ჩაურევლობის მოთხოვნა. მათ სურთ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დანერგონ კონსერვატიული ისლამი, ეწინააღმდეგებიან ბავშვებისთვის დასავლური ტიპის განათლების მიცემას და ქალების დასაქმებას.

პაკისტანის თალიბანი არ არის იგივე თალიბანი, რომელსაც აშშ ებრძვის ავღანეთში. მიუხედავად იმისა, რომ ისინი იზიარებენ ავღანეთის თალიბების რელიგიურ ექსტრემისტულ შეხედულებებს და მხარსაც უჭერენ მათ, პაკისტანის თალიბანი ცალკე გამოყოფილი ჯგუფია. პაკისტანის თალიბანი სხვადასხვა ფრაქციებისგან შედგება და ბოლო წლებში, შეინიშნება მათ შორის იდეოლოგიური განსხვავებები და შიდა დაპირისპირება.[2]

2016 წლის 12 დეკემბერს, საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ პაკისტანის თალიბანი კვლავ აქტიური რჩება ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით კი, სამხრეთით, ბალუჩისტანის პროვინციაში, სადაც თალიბანის ფრაქციის და ისლამური სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ დაბომბვებს და შეიარაღებულ თავდასხმებს 180 პირზე მეტი შეეწირა.

ძლიერი ტომობრივი ლიდერები, განსაკუთრებით ისინი, ვინც მუშაობდნენ თალიბანის საწინააღმდეგო სამშვიდობო კომიტეტებში, აცხადებენ, რომ საფრთხის ქვეშ არიან, თუმცა ადგილობრივი ოფიციალური პირების თქმით, უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება გაუმჯობესდა. 2 000-ზე მეტი თალიბი მებრძოლი იქნა გაძევებული სვატიდან (ხაიბერ-პახტუნხვას პროვინცია) ავღანეთის მიერ კონტროლირებად მხარეს, მთიან რეგიონში. სვატის პოლიციის უფროსის, ახთარ ჰაიათ ხანის განცხადებით, დაზვერვის სამსახურმა განახორციელა ადგილობრივ ფრაქციებზე თავდასხმები და დაშალა თალიბანის მხარდამჭერთა ქსელი, რამაც შეზღუდა საფრთხის არსებობა. ივლისში, ხეობაში, პოლიციამ დააკავა სულ მცირე 12 ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილები იყვნენ თავდასხმების მხარდაჭერაში.[3]

პაკისტანს და ავღანეთს დაახლოებით 2,500 კმ-იანი საზღვარი ჰყოფთ, რომელიც მთიან რეგიონზე გადის და ძირითადად უკონტროლოა.

ბოლო დროს, პაკისტანის მიერ განხორციელებულმა მცდელობამ, რომელიც მიზნად ისახავდა თალიბი მებრძოლების შედინების შეზღუდვის მიზნით, დამცავი კედლის აშენებას, წინააღმდეგობა გამოიწვია ავღანეთის მხრიდან, რომლისთვისაც აღნიშნული სასაზღვრო ტერიტორია სადავოა.

თებერვალში, პაკისტანმა ერთი თვით ჩაკეტა საზღვარი ავღანეთთან, თუმცა, 20 მარტს, პაკისტანის პრემიერ მინისტრმა, ნავაზ შარიფმა, ბრძანა მისი ხელახალი გახსნა.

მარტში განხორციელებული აღწერისას, სამთავრობო ჯგუფები, რომლებიც აწარმოებდნენ აღწერას, გახდნენ თალიბების მხრიდან თავდასხმის ობიექტები. 5 აპრილს, ქ. ლაჰორში მათ მიმართ, მიზანმიმართულად, განხორცილებული აფეთქების შედეგად, გარდაიცვალა სულ მცირე 6 ადამიანი. კიდევ ერთი თავდასხმა განხორციელდა 25 აპრილს, ჩრდილო-დასავლეთით, კურრამას რაიონში, ორივე ინციდენტზე პასუხისმგებლობა „Tehreek-e-Taliban“-მა აიღო.[4]

2017 წლის 17 აპრილს, საინფორმაციო საშუალება „ალ-ჯაზირას“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, პაკისტანის თალიბანის „Jamaat-ur-Ahrar“ (JuA)-ის ფრაქციის ცნობილი ლიდერი, ეჰსანულლაჰ ეჰსანი,  პაკისტანის შეიარაღებულ ძალებს ჩაბარდა.

პაკისტანის სამხედრო სპიკერის, ასიფ ღაფურის განცხადებით, „პაკისტანის ხალხმა, სახელმწიფომ და ინსტიტუტებმა მნიშვნელოვანი პროგრესი განახორციელეს, ქვეყანაში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად“.[5]

ამერიკული საინფორმაციო საშუალება „VOA News“- ის მიერ 2017 წლის 6 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ ავღანეთის თავდაცვის მინისტრის სპიკერი, ვაზირი და აშშ-ს საზღვაო კაპიტანი, ბილ სალვანი, აკრიტიკებენ რუსეთს, ირანსა და პაკისტანს თალიბებთან ურთიერთობაში და მათთვის ფარული მხარდაჭერის მიცემაში, თუმცა პაკისტანი, თავის მხრივ, უარყოფს თალიბების თავშესაფრების არსებობას საკუთარ ტერიტორიაზე და აცხადებს, რომ თალიბები უკვე დიდი ხანია, რაც ავღანეთში, საკუთარი კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიებზე გადავიდნენ საცხოვრებლად. აღნიშნულს უარყოფს ოფიციალური ქაბული და ვაშინგტონი.[6]

გერმანული საინფორმაციო სააგენტო „Deutsche Welle“-ს მიერ 2016 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშულია, რომ TTP-მ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, განახორციელა ასობით თავდასხმა, რომელიც მიმართული იყო რელიგიურ უმცირესობებზე, ზოგადად საზოგადოებაზე და უსაფრთხოების ძალებზე, მაგრამ იმის გამო, რომ პაკისტანს ჰყავს ძლიერი ეროვნული არმია, და როგორც ზოგიერთი ექსპერტი აღნიშნავს, სამხედრო გენერლები ინარჩუნებენ გარკვეული ხარისხის გავლენას  TTP-ს მეთაურებზე, დაჯგუფებამ ვერ შეძლო უსაფრთხოების ძალების დამხობა.[7]

 

საინფორმაციო საშულება BBC-ის მიერ 2017 წლის მარტში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ გასული ათწლეულის განმავლობაში, ჩრდილოეთ ვაზირისტანის მიუწვდომელი და მთიანი, ტომობრივი ტერიტორია წარმოადგენდა მოძალადე ჯიჰადისტების თავშესაფარს. პაკისტანის და ავღანეთის თალიბები, ალ-ქაიდა და ნაკლებად ცნობილი დაჯგუფება ჰაკკანის ქსელი აღნიშნულ ადგილს იყენებდნენ მძევლების დასამალად, მებრძოლების გასაწვრთნელად, იარაღის შესანახად და თვითმკვლელი ტერორისტების განსათავსებლად, რათა შემდგომში განეხორციელებინათ თავდასხმები, როგორც ავღანეთში, ისე პაკისტანში.

დღესდღეობით, შეიარაღებული დაჯგუფებები იქ აღარ არიან. პრაქტიკულად, მთელი ჩრდილოეთ ვაზირისტანი პაკისტანის არმიის ხელშია. არმიას მიაჩნია, რომ ბოევიკების დამარცხება ანტი ჯიჰადისტური კამპანიის ყველაზე წარმატებული მაგალითია, რაც დღემდე უნახავს მსოფლიოს. ორწლიანი ბრძოლის შედეგად, არმიამ დაკარგა 872 ჯარისკაცი, ხოლო მათი თქმით, მოკლეს 2,000 ბოევიკი.

გენერალ ჰასსან აზჰარ ჰაიათის თქმით, რომელიც ჩრდილოეთ ვაზირისტანში  30,000 კაციან დანაყოფს ხელმძღვანელობს, 2014 წლამდე ჩრდილოეთ ვაზირისტანი წარმოადგენდა ტერორისტული აქტივობების მთავარ ცენტრს, არმიის შესვლის შემდეგ კი, ტერიტორია მთლიანად გაიწმინდა.

ბევრმა ბოევიკმა მოახერხა საზღვრის გადაკვეთა და გადავიდნენ აღმოსავლეთ ავღანეთში, რათა შემდგომში იქიდან დაეწყოთ ბრძოლა. ბევრი მათგანი დაუსჯელად აგრძელებს აქტივობას, ზოგიერთი ეხმარება ავღანელ თალიბებს ქაბულში ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში, ნაწილი კი, მიზანმიმართულ თავდასხმებს ახორციელებს პაკისტანში.

2016 წელს, პაკისტანში, ჯიჰადისტების მხრიდან დაფიქსირდა 441 ძალდობრივი თავდასხმა. შედარებისთვის, 2009 წელს ფიქსირდებოდა 2,586 თავდასხმა.

ავღანეთში დაფუძნებული ბოევიკები ახორციელებენ თავდასხმებს პაკისტანში, არმია კი ცდილობს გააკონტროლოს საზღვარი. არმიის განცხადებით, 1,000-ზე მეტი დამცავი სიმაგრე აშენდა და დამონტაჟდა დახვეწილი ამერიკული სარადარო მოწყობილობა, რათა მოხდეს საზღვრისპირა გადაადგილებების მონიტორინგი. იმისთვის, რომ ხალხი საცხოვრებლად დაბრუნდეს აღნიშნულ ტერიტორიაზე, არმია ახორციელებს ინფრასტრუქტურულ მშენებლობას. გაყვანილია ახალი გზები და აშენებულია ახალი, კეთილმოწყობილი სკოლები, რომელიც კონკურენციას უწევს პაკისტანში არსებულ სხვა სკოლებს.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ პაკისტანში ჯიჰადისტების ძალადობა არ დამთავრებულა. ავღანეთში დაფუძნებული პაკისტანის თალიბები და სხვა დაჯგუფებები ძლიერ ძალად რჩებიან. 2017 წლის თებერვალში, სინდჰის პროვინციაში, სუფიურ სალოცავზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 80 ადამიანი დაიღუპა. კარაჩის პოლიციის განცხადებით, აღნიშნული ინციდენტი ორგანიზებული იყო ავღანეთში დაფუძნებული დაჯგუფებების მიერ.

შემორჩენილი მცირე ძალაუფლების მიუხედავად, შეიარაღებული დაჯგუფებების დასაყრდენ ადგილებს ჩრდილოეთ ვაზირისტანში ბოლო მოეღო და ტომის წევრები, თანდათანობით, უბრუნდებიან ძველ საცხოვრებლებს.[8]

ევროპის თავისუფალი რადიოს მიერ 2017 წლის ივნისში გამოქვეყნებული ინფორმაციით, პაკისტანის თალიბანმა გაათავისუფლა ექვსი პაკისტანელი თანამშრომელი, რომლებიც პოლონურ ნავთობკომპანიაში მუშაობდნენ. მათი გატაცება 2016 წლის ნოემბერში განხორციელდა პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთით, ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციის ქალაქ დერა ისმაილ ხანიდან. მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ ვაზირისტანში, განაცხადა, რომ ადგილობრივი ტომების ლიდერების მიერ განხორციელებული მოლაპარაკებების შედეგად, მიმდინარე წლის 4 ივნისს, მოხდა აღნიშნული პირების გათავისუფლება.[9]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “Human Rights Watch”-ის მიერ 2017 წელს, პაკისტანის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ თალიბანის, ალ-ქაიდასა და მათთან დაკავშირებული სხვა დაჯგუფებების მხრიდან განხორციელებული თავდასხმებისა და მკვლელობების სამიზნეს წარმოადგენდა პაკისტანის საზოგადოების თითქმის ყველა სექტორი, მათ შორის რელიგიური უმცირესობები, უსაფრთხოების ძალების თანამშრომლები, ჯანდაცვის მუშაკები, ადვოკატები და ჟურნალისტები, ინციდენტებს ასობით ადამიანი შეეწირა. სამხედრო სასამართლოებმა, თავდასხმებში მონაწილე, სულ მცირე 100 ადამიანს მიუსაჯა სიკვდილი.

თალიბანი და სხვა დაჯგუფებები ემუქრებოდნენ მედია საშუალებებს და მიზანმიმართულად თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს საკუთარი საქმიანობის გამო. შეიარაღებული დაჯგუფებების სამიზნე ობიექტებს წარმოადგენდნენ ადვოკატები, სასამართლოები და მასწავლებლები. მათ მიმართ განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ (ISIS) და პაკისტანის თალიბანის განშტოება – „Jamat-ul-Ahrar“-მა აიღო.

2016 წლის განმავლობაში გრძელდებოდა ბავშვი თვითმკვლელი ტერორისტების გამოყენება თალიბანისა და სხვა დაჯგუფებების მიერ. აგვისტოში, აშშ-მ პაკისტანს, სამხედრო კომპენსაციის სახით, 300 მილიონი აშშ დოლარის გადახდა შეუჩერა, რის მიზეზადაც დაასახელა ის ფაქტი, რომ პაკისტანი არ დგამს ადეკვატურ ნაბიჯებს თალიბანთან აფილირებული დაჯგუფების ჰაკკანის ქსელის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც ახორციელებს თავდასხმებს მშვიდობიან მოქალაქეებზე, მთავრობის ოფიციალურ პირებზე და ავღანეთში NATO-ს შეიარაღებულ ძალებზე.[10]

არასამთავრობო ორგანიზაცია “Freedom House”-ის მიერ 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც ეხება პაკისტანში 2016 წელს განვითარებულ მოვლენებს აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში პაკისტანში შედარებით სტაბილური მდგომარეობა შენარჩუნდა. ტერორისტული ძალადობა მკვეთრად შემცირდა, რაც გამოწვეული იყო ტომობრივ ფედერალურ ადმინისტრირებად ტერიტორიებზე (FATA) შეიარაღებული მეამბოხე ძალების დეესკალაციით.

სამხრეთ აზიის ტერორიზმის პორტალის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა  1,803 ტერორიზმთან დაკავშირებული სიკვდილის შემთხვევა, რაც 2015 წელს დაფიქსირებული მაჩვენებლის დაახლოებით ნახევარს წარმოადგენს. ვაზირისტანში, არმიის მიერ განხორციელებული ტერორისტული დასაყრდენების წმენდის კუმულაციური ეფექტი და მთელი ქვეყნის მასშტაბით დაზვერვის სამსახურის მიერ ჩატარებული ოპერაციები, წარმოადგენდა მთავარ მიზეზს, რის გამოც რადიკალური ისლამისტური ძალადობა პირდაპირ აღარ ემუქრებოდა ქვეყნის დემოკრატიულ წესრიგს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ არმია, უსაფრთხოების დამყარების მიზნით, აწარმოებდა ოპერაციებს კარაჩიში, რამაც საგრძნობლად შეამცირა იქ ძალადობის მაჩვენებელი. ძალადობის ძირითად კერას ბალუჩისტანი წარმოადგენდა, რის აღმოსაფხვრელადაც, ჯარი რანჯაპურში განლაგდა. წლის განმავლობაში, მშვიდობიანი მოსახლეობისა და შეიარაღებული ძალების მიმართ, დიდი რაოდენობით მსხვერპლის გამომწვევი თავდასხმების  განხორციელება საკუთარ თავზე აიღეს Tehreek-i-Taliban Pakistan (TTP)-მა და მისმა განშტოებებმა, რეგიონში არსებულმა ისლამურმა სახელმწიფომ  და მისმა მოკავშირე Lashkar-e-Jhangvi-მ.[11]

 

[1] BBC: Who are the Taliban? 26 May 2016, available at: http://www.bbc.com/news/world-south-asia-11451718 (accessed 17 July 2017)

[2] CNN: Who are the Pakistan Taliban? 30 March 2016, available at: http://edition.cnn.com/2016/01/20/asia/pakistan-taliban-profile-2016/index.html (accessed 17 July 2017)

[3] Reuters: Taliban demands for cash stir fears of comeback in Pakistan’s Swat Valley, 12 December 2016, available at: http://www.reuters.com/article/us-pakistan-militants-swat-idUSKBN140156 (accessed 18 July 2017)

[4] Al-Jazeera: Pakistan-Afghanistan crossing closed after border clash, 6 May 2017, available at: http://www.aljazeera.com/news/2017/05/firing-afghanistan-pakistan-border-census-team-kills-civilian-170505070934446.html (accessed 18 July 2017)

[5] Al-Jazeera: Pakistani Taliban leader Ehsanullah Ehsan ‘surrenders’,  17 April 2017, available at: http://www.aljazeera.com/news/2017/04/pakistani-taliban-leader-ehsanullah-ehsan-surrenders-170417131146226.html (accessed 17 July 2017)

[6] VOA – Voice Of America News: US, Afghan Forces Promise to Finish IS and Contain Taliban in 2017, 6 April 2017, available at: https://www.voanews.com/a/us-afgan-forces-promise-finish-islamic-state-contain-taliban-this-year/3799097.html (accessed 18 July 2017)

[7] DW – Deutsche Welle: What is Pakistan’s militancy issue all about? 31 October 2016, available at: http://www.dw.com/en/what-is-pakistans-militancy-issue-all-about/a-36212654 (accessed 18 July 2017)

[8] BBC: North Waziristan: What happened after militants lost the battle, 8 March 2017, available at: http://www.bbc.com/news/world-asia-39191868 (accessed 18 July 2017)

[9] RFE/RL – Radio Free Europe/Radio Liberty: Pakistani Taliban Release Six Workers From Polish Company, 05 June 2017 (available at ecoi.net)
http://www.ecoi.net/local_link/342093/472780_en.html (accessed 17 July 2017)

[10] HRW – Human Rights Watch: World Report 2017 – Pakistan, available at: https://www.hrw.org/world-report/2017/country-chapters/pakistan (accessed 17 July 2017)

[11] Freedom House: Freedom in the World 2017 – Pakistan, available at: https://freedomhouse.org/report/freedom-world/2017/pakistan (accessed 17 July 2017)

ავღანეთი – ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება – მარტი, 2017

“Amnesty International”-ის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ინტენსიური კონფლიქტის შედეგად ადამიანის უფლებათა დარღვევამ და ძალადობამ კიდევ უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო. ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე იქნა მოკლული, ზოგი დაიჭრა, ზოგი კი იძულებით გადაადგილდა.უსაფრთხოების კუთხით არსებული პრობლემების შედეგად კიდევ უფრო შეიზღუდა განათლებაზე, ჯანდაცვის და სხვა სერვისებზე წვდომა. მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობაზე უმეტესად შეიარაღებული დაჯგუფებები არიან პასუხსიმგებლები, თუმცა სამთავრობო ძალების მხრიდანაც ჰქონდა ადგილი მშვიდობიანი მოქალაქეების დაჭრის ან მკვლელობის ფაქტებს. მთავრობის მომხრე და მოწინააღმდეგე ძალები კვლავ განაგრძობდნენ ბავშვების  გამოყენებას ბრძოლებში. იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 1.4 მილიონ ადამიანს შეადგენს, რაც 2013 წლის მონაცემებთან შედარებით გაორმაგებულია. რაც შეეხება ლტოლვილთა რაოდენობას, 2.6 მილიონი ავღანელი ცხოვრობს ქვეყნის გარეთ, უმეტესად გაუსაძლის პირობებში. საანგარიშო პერიოდში, ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა კვლავ გრძელდებოდა. შეიარაღებული დაჯგუფებების მხრიდან ქალთა სახალხოდ დასჯის და გამათრახების ფაქტებმა იმატა. სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორები კვლავ განაგრძობდნენ მუქარებს ადამიანის უფლებათა დამცველების მიმართ და ხელს უშლიდნენ თავიანთი ვალდებულების შესრულების პროცესში, ჟურნალისტები განიცდიდნენ ძალადობას და ცენზურას. მთავრობა კი განაგრძობდა სიკვდილით დასჯას არასამართლიანი სასამართლოს შემდეგაც კი.

მთავრობასა და ქვეყნის სიდიდით მეორე ამბოხებულ დაჯგუფება “ჰეზბ-ი-ისლამს” შორის ექვსწლიანი სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ, რომელსაც გულბუდინ ჰეკმათიარი ხელმძღვანელობდა, პრეზიდენტმა ღანიმ და გულბუდინ ჰეკმათიარმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ჰეკმათიარი და მისი მებრძოლები ამნისტიას დაექვემდებარებოდნენ და “ჰეზბ-ი-ისლამის” წევრების ნაწილი ციხიდან გათავისუფლდებოდა.

პრეზიდენტ ღანის და პრემიერ-მინისტრის აბდულა აბდულას მომხრეებს შორის დაპირისპირების შედეგად პოლიტიკურმა არასტაბილურობამ კიდევ უფრო იმატა. ოქტომბერში გაიმართა დონორი ორგანიზაციების საერთაშორიო კონფერენცია ავღანეთისთვის დახმარების გაწევის მიზნით. საერთაშორისო საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ 15.2 მილიარდ დოლარს გამოყოფს ავღანეთში უსაფრთხოების და მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით. კონფერენციამდე, ევროკავშირმა და ავღანეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც დიდი რაოდენობით ავღანელი თავშესაფრის მაძიებელი პირების დეპორტაციის უფლებას იძლევა, მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების კუთხით გაუარესებულია ვითარება.

ფინანსური კრიზისი კიდევ უფრო მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა ქვეყნისთვის, საერთაშორისო ორგანიზაციების რაოდენობის შემცირების და უმუშევრობის დონის ზრდის პარალელურად.

სექტემბერსა და ოქტომბერში, თალიბანის თავდასხმების რაოდენობამ და პროვინციის ქალაქების დაკავების მცდელობამ საგრძნობლად იმატა. ოქტომბერში თალიბანმა ხელში ჩაიგდო კუნდუზი, რომლის დაკავების დროსაც ელექტროენერგიის და წყლის მიწოდება შეაჩერა. საავადმყოფოებში წამლები გათავდა, ხოლო დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობამ იმატა. გაეროს ოფისის ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის სამსახურის (UNOCHA) ანგარიშით, ერთი კვირის განმავლობაში, კუნდუზიდან დედაქალაქში, ქაბულში და მეზობელ ქვეყნებში  25,000 ავღანელი იძულებით გადაადგილდა.

შეიარაღებული კონფლიქტი

2016 წლის პირველი ცხრა თვის მანძილზე UNAMA-მ აღრიცხა 8,397 კონფლიქტის შედეგად მშვიდობიან მოქალაქეებში არსებული მსხვერპლი (2,562 მოკლული და 5,835 დაჭრილი). UNAMA-ს მიხედვით, სამთავრობო ძალები – მათ შორის ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალები, ავღანეთის ადგილობრივი პოლიცია, მთავრობის მომხრე შეიარაღებული დაჯგუფებები და საერთაშორისო სამხედრო ძალები – იყვნენ პასუხისმგებლები შემთხვევების 23%-ზე.

2016 წლის პირველ ნახევარში UNAMA-მ აღრიცხა სულ მცირე 15 ინციდენტი, რომელშიც მთავრობის მომხრე ძალებმა განახორციელეს სამძებრო ოპერაციები საავადმყოფოებსა და კლინიკებში, შეაფერხეს ან ხელი შეუშალეს სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას ან სამხედრო მიზნებისთვის იყენებდნენ სამედიცინო დაწესებულებებს. აღნიშნულმა ფაქტებმა წინა წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად იმატა.

18 თებერვალს, ავღანეთის ეროვნული არმიის ფორმაში ჩაცმული მამაკაცი შევიდა თალიბანის მიერ კონტროლირებად სოფელ „Tangi Saidan“-ში არსებულ კლინიკაში, ვარდაკის პროვინციაში. შვედური დახმარების ჯგუფმა, რომელიც ხელმძღვანელობდა კლინიკას, განაცხადა, რომ მამაკაცმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაღენა კლინიკის თანამშრომლებს და მოკლა ორი პაციენტი და 15 წლის მომვლელი. NATO-მ დაიწყო აღნიშნული ინციდენტის გამოძიება. წლის ბოლოსთვის ჯერ კიდევ არ იყო გაკეთებული არანაირი განცხადება.

შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ ჩადენილი დანაშაულები

UNAMA-ს მიხედვით, მშვიდობიანი მოქალაქეებში არსებული მსხვერპლის უმეტეს ნაწილზე, დაახლოებით 60%-ზე პასუხისმგებლობა თალიბანს და სხვა შეიარაღებულ დაჯგუფებებს ეკისრებათ.

3 თებერვალს, თალიბანმა მოკლა 10 წლის ბიჭი, რომელიც სამხრეთ ურუზგანში, ტირინ კოტში მდებარე სკოლისკენ მიემართებოდა. მიზეზად ითვლებოდა ის, რომ ადრე ის თალიბანის მხარეს იბრძოდა ბიძამისთან ერთად, რომელიც შემდეგ ადგილობრივი პოლიციის ხელმძღვანელი გახდა.

19 აპრილს, თალიბანის მებრძოლები თავს დაესხნენ უსაფრთხოების ჯგუფს, რომელიც იცავდა მაღალი რანგის მთავრობის წევრს ქაბულში, შედეგად 64 ადამიანი იქნა მოკლული, ხოლო 347 კი დაიჭრა. 2001 წლის შემდეგ ეს იყო ყველაზე დიდი თავდასხმა დასახლებულ ტერიტორიაზე.

31 მაისს, თალიბანის მებრძოლებმა გაიტაცეს 220 მშვიდობიანი მოქალაქე კუნდუზ-ტახარის გზატკეცილზე სპეციალურად შექმნილ ყალბ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე, არზან ანგორის სიახლოვეს, კუნდუზის პროვინციაში. 17 ადამიანი მოკლეს, ხოლო დანარჩენები კი გაათავისუფლეს. სულ მცირე 40 ადამიანი იქნა გატაცებული იმავე ტერიტორიაზე, 8 ივნისს.

23 ივლისს, თვითმკვლელმა ტერორისტმა, რომელიც თავს ისლამური სახელმწიფოს წევრად აცხადებდა, თავდასხმა განახორციელა ჰაზარას უმცირესობის მიერ გამართული მშვიდობიანი დემონსტრაციის მსვლელობის დროს ქაბულში, რის შედეგადაც მოკლა 80 და დაჭრა 230-ზე მეტი ადამიანი.

12 აგვისტოს, სამი შეიარაღებული მამაკაცი თავს დაესხა ამერიკულ უნივერსიტეტს ქაბულში, შედეგად 12 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 40 დაიჭრა. აღნიშნულ თავდასხმაზე არავის არ აუღია პასუხისმგებლობა.

11 ოქტომბერს, ისლამურმა სახელმწიფომ განახორციელა თავდასხმა შიიტურ მეჩეთზე ქაბულში. თავდამსხმელებმა გამოიყენეს ასაფეთქებელი მოწყობილობები და შტურმით აიღეს მეჩეთი. შედეგად მძევლად აიყვანეს ასობით ადამიანი. სულ მცირე 18 ადამიანი იქნა მოკლული, ხოლო 40 კი დაიჭრა, მათ შორის იყვნენ ქალები და ბავშვები.

სამხედრო სამსახურის ასაკი  და ვალდებულება:

სამხედრო სამსახური ნებაყოფილობითია 18 წლის ასაკიდან, არ ხდება გაწვევა.[1]

ადამიანის უფლებათა დამცველები

შეიარაღებული ჯგუფები აგრძელებდნენ ზეწოლასა და მუქარას ადამიანის უფლებათა დამცველებზე. განსაკუთრებით, ქალი უფლებადამცველების მიმართ ხორციელდებოდა სასიკვდილო მუქარები, რომლებიც მიმართული იყო როგორც უშუალოდ მათი, ასევე მათი ოჯახების წინააღმდეგ.

2016 წლის დასაწყისში, ერთ-ერთმა ცნობილმა უფლებადამცველმა სოციალურ ქსელის  “Facebook”-ის მეშვეობით მიიღო წერილი თალიბანისგან, სადაც მას და კიდევ სხვა 9 პირს  მოკვლით ემუქრებოდნენ. მას შემდეგ რაც ათივე ზემოხსენებულმა პირმა მიმართა მთავრობას და ითხოვა დახმარება, დაზვერვის სააგენტომ  – „უსაფრთხოების ეროვნულმა სამმართველომ“ ორი მათგანი დააკავა თალიბანთან კავშირის ბრალდებით, თუმცა, შემდგომი ინფორმაცია ამ საკითხზე მათი კოლეგებისთვის არ მიუწოდებიათ. მუქარები გაგრძელდა აქტივისტების მიმართ, რომლებმაც, თავის მხრივ, შეზღუდეს თავიანთი საქმიანობა.

აგვისტოში, ერთ-ერთ სამხრეთ პროვინციაში, დაუდგენელმა პირებმა ადგილობრივი ქალთა უფლებების დამცველის ძმა მოიტაცეს, აწამეს და მოკლეს. დამნაშავეებმა ოჯახის დაშინებისთვის გამოიყენეს მსხვერპლის ტელეფონი და მოკლულის და გააფრთხილეს, რომ შეეწყვიტა საკუთარი საქმიანობა. ზემოხსენებული დანაშაულებისთვის, წლის ბოლოსთვისაც კი, არავინ არ დაუკავებიათ.

შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება

გამოხატვის თავისუფლება, რომელიც საკმაოდ განტკიცდა  თალიბანის დაცემის შემდეგ 2001 წელს, თანდათან დაკნინდა  ძალადობრივი თავდასხმების, დაშინებებისა და ჟურნალისტების მკვლელობების შემდეგ.

„Nai”, მედიის თავისუფლების გამშუქებელმა ორგანიზაციამ, იანვრიდან ნოემბრამდე დააფიქსირა 100-ზე მეტი თავდასხმა ჟურნალისტებსა და მედიის ოფისებზე, მათ შორის, მკვლელობები, ცემის ფაქტები, დაკავებები, ცეცხლის წაკიდების შემთხვევები, მუქარები და სხვა ძალადობრივი ქმედებები, როგორც სახელმწიფო, ასევე, არასახელმწიფო ქმედების სუბიექტების მხრიდან.

20 იანვარს,  თვითმკვლელი ტერორისტი თავს დაესხა  ავტობუსს, რომელსაც გადაჰყავდა  ქვეყნის ყველაზე დიდი ტელევიზიის – TOLO TV-ის ჟურნალისტები. შედეგად, გარდაიცვლა 7, ხოლო დაშავდა 27 პირი.  დანაშაულზე პასუხისმგებლობა აიღო თალიბანმა, რომელიც მანამდე რამდენჯერმე დაემუქრა ზემოხსენებულ ტელევიზიას.

29 იანვარს,  ცნობილი ჟურნალისტი – Zubair Khaksar, რომელიც მუშაობდა ავღანეთის ეროვნულ ტელევიზიაში „Nangarhar“-ის პროვინციაში, მოკლეს დაუდგენელმა პირებმა, როდესაც ის გადაადგილდებოდა  ქალაქ ჯალალაბადიდან „Surkhrood“-ის დასახლებაში.

19 აპრილს, ქაბულის პოლიციის თანამშრომლებმა სცემეს Ariana TV-ის ორი ჟურნალისტი, რომლების საკუთარ მოვალეობას ახორციელებდნენ.

ქაბულის მიმდებარე პროვინციებში, აქტივისტები აცხადებნენ, რომ ეშინოდათ დემონსტაციების მოწყობის, რადგან, შედეგად, აღმოჩნდებოდნენ მთავრობის მხრიდან რეპრესიების საფრთხის ქვეშ.

წამება და  სხვა არასათანდო მოპყრობა

შეიარაღებული დაჯგუფებები, მათ შორის – თალიბანი, აგრძელებდნენ მკვლელობებს, წამებას და სხვა სამართალდარღვევებს, როგორც “სასჯელს”  მათ მიერ მიჩნეული დანაშაულებისა თუ სხვა დარღვევებისთვის.

1 იანვრიდან 30 ივნისამდე, UNAMA-მა  მოახდინა 26 სხვადასხვა საქმის დოკუმენტირება, მათ შორის იყო მკვლელობები, გაროზგვები, ცემისა და უსამართლო დაკავებების ფაქტები. ზემოხსენებული სასჯელები პირებს დაეკისრათ მათ მიერ “შარიათის” კანონის დარღვევებისთვის, უსაფრთხოების ძალებთან კავშირისა ან მათ სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის. ფაქტების უმრავლესობა მოხდა დასავლეთ რეგიონში, უფრო კონკრეტულად, ფარაჰსა და ბადღის პროვინციებში.

14 თებერვალს, ადგილობრივმა პოლიციამ ხაკ-ე-საფიდის დასახლებაში, ფარაჰის პროვინციაში, დააკავა, აწამა  და მოკლა მეცხვარე, რომელიც მათი ვარაუდით დაკავშირებული იყო IED-ის (თვითნაკეთი ასაფეთქებელი დანადგარი) დაყენებასთან, რისი აფეთქების შედეგადაც გარდაიცვლა 2 პოლიციელი. UNAMA-ს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ინციდენტის შესახებ ავღანეთის ეროვნული პოლიციის პროკურორის ოფისი ინფორმაციას ფლობდა,  მათ არ აღუძრავთ სისხლის სამართლის საქმე,  ან არ დაუწყიათ გამოძიება და არ დაუკავებიათ რომელიმე ეჭვმიტანილი.

სიკვდილით დასჯა

8 მაისს,  6 სიკვდილმისჯილი პატიმარი ჩამოახრჩვეს   „Pol-e Charkhi“ ციხეში ქაბულში. ჩამოხრჩობის ფაქტები შედეგად მოყვა პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა 25 აპრილს, მას შემდეგ რაც თალიბანმა განახორციელა მასიური თავდასხმა 19 აპრილს, რომელშიც მან პირობა დადო, მიმართავდა უმკაცრეს სასჯელებს, მათ შორის – სიკვდილით დასჯასაც.

არსებობდა შიში იმისა, რომ სიკვდილით დასჯის ფაქტები კიდევ გაგრძელდებოდა. დაახლოებით 600 პატიმარი იყო სიკვდილმისჯილი და სასჯელის მომლოდინე, მათ შორის ბევრი იყო მსჯავრდებული ისეთი დანაშაულისთვის, როგორიცაა, მაგალითად, მკვლელობა. მათი სასამართლო პროცესების უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებდა „სამართლიანი სასამართლოს“ სტანდარტებს. წლის განმავლობაში, დაახლეობით 100 პირს მიუსაჯეს სიკვდილი  ისეთი დანაშაულისთვის, როგორიცაა მკვლელობა, გაუპატიურება,  ტერორიზმი, რომელმაც გამოიწვია მასობრიცი მკვლელობები და ა.შ.[2]

ბოლო მოვლენები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით

2015 წლის 1 სექტემბრიდან 2016 წლის 31 მაისის ჩათვლით, ქაბულის პროვინციაში, მათ შორის უშუალოდ ქალაქში, დაფიქსირდა 312 უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტი. შემდგომ ცხრილში წარმოდგენელია ამ ინციდენტების სახეები:

                                                                               ქაბულში           ქაბულის გარეთ

კერძო პირების მიმართ ძალადობა                       26                         5

შეიარაღებული დაპირისპირებები

და საჰაერო დაბომბვები                                       107                       89

აფეთქებები                                                           80                        30

უსაფრთხოებასთან დაკავშირებული

იძულებითი ღონისძიება                                       67                       36

კონფლიქტთან დაუკავშირებელი ინციდენტები    29              1

სხვა ინციდენტები                                                      3                 0

სულ                                                                             312               161

ქაბული, ქალაქის ზოგადი აღწერილობა

ქალაქი ქაბული არის განცალკევებული დასახლება ქაბულის პროვინციაში, სხვა 14 დასახლებასთან ერთად.

ამ ანგარიშში, განსაკუთრებით ყურადღება გამახვილებულია ქალაქ ქაბულზე, რადგანაც ის წარმოადგენს ავღანეთის დედაქალაქს. გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქში მდებარეობს სამთავრობო შენობები, საერთაშორისო ორგანიზაციები, დიპლომატიური წარმომადგენლობები და საერთაშორისო თუ ეროვნული უსაფრთხოების ძალები, ქალაქში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა განსხვავებულია ქვეყნის სხვა პროვინციებისგან.

ქაბული, უდაოდ არის ავღანეთის ყველაზე დიდი და სწრაფად მზარდი ქალაქი.   რეპატრიანტების, იძულებით გადაადგილებული პირებისა და ეკო-მიგრანტების მასიურმა ნაკადებმა  გამოიწვია პოპულაციის  სწრაფი ზრდა. 2015 წელს, UN OCHA-ს გათვლებით, ქაბულის მოსახლეობა შეადგენდა 3.678.034 მოსახლეს. სხვა წყაროებით ეს რიცხვი 7 მილიონსაც აღწევს. ქაბულის პროვინციის ¾-ზე მეტი ცხოვრობს ქალაქ ქაბულში.

ქალაქი ქაბული დაყოფილია 17 დასახლებად, რომელთაც, ხშირად, 1-დან 17-მდე რიცხვებით აღნიშნავენ. UNOCHA-ს 2016 წლის 4 იანვრის რუკაზე ნაჩვენებია 22 პოლიციის განყოფილება. 2016 წლის დასაწყისში, ქალაქს არ ჰყავდა მერი, რაც გამოწვეული იყო პრეზიდენტ ღანისა და CEO Abdullah-ს შორის თანხმობის არქონით.

ქაბული არის ეთნიკურად მრავალფეროვანი ქალაქი, სადაც თითქმის ყველა ეთნოსია წარმოდგენილი. ფაშტუნები, ტაჯიკები, ჰაზარასები, უზბეკები, ბალუჩები, სიქები და ჰინდუსები, ყველა ცხოვრობენ ქაბულში და არც ერთ ჯგუფს არ უკავია დომინანტური პოზიცია. სამეზობლოები ძირითადად შედგება ერთი და იგივე ეთნოსის წარმომადგენლებისგან.

2016 წლის აპრილში, UNHCR-მა დააფიქსირა თავის სახელმძღვანელო პრინციპებში, რომ ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალები (ANSF) ეფექტურად იცავდნენ დედაქალაქს და მის ურბანულ ცენტრებს, თუმცა იყო გამონაკლისი, 2015 წლის სექტემბერში, როდესაც თალიბანმა მოახერხა კუნდუზის ხელში ჩაგდება. ქაბული რეგულარულად ხდება ძალადობის მოწმე. ქაბულში, ძირითადად თავდასხმის სამი ფორმა ფიქსირდება: „გახმაურებული თავდასხმები“, „კომპლექსური თავდასხმები“ და „თვითმკვლელი ტერორისტების თავდასხმები“. UNAMA კომპლექსურ თავდასხმას განსაზღვრავს, როგორც „წინასწარ დაგეგმილ და კოორდინირებულ თავდასხმას“, რაც გულისხმობს რამდენიმე თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებულ  რამდენიმე სახის თავდასხმას.

აღნიშნული თავდასხმების ძირითად სამიზნეს მაღალი რანგის საერთაშორისო ინსტიტუტები, სამხედრო და სამოქალაქო კადრები, მათ შორის დიპლომატები, დასავლური ორგანიზაციები, ავღანეთის ხელისუფლების და უსაფრთხოების ძალების წევრები წარმოადგენენ.

კონფლიქტთან დაკავშირებული ძალადობის გარდა, ქაბულში დანაშაულის დონე მაღალია. ავღანეთის პოლიცია ერთი თვის მანძილზე რეგულარულად აკავებს ასობით დამნაშავეს, რომლებიც ჩართულები არიან მკვლელობში, შეიარაღებულ ძარცვასა და ავტომობილთა გატაცებებში.[3]

ავღანეთში მიწის საკითხებთან დაკავშირებული დავები წარმოადგენს ძალადობრივი კონფლიქტის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ტიპს. ამერიკის შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტმა  (Usip) და მიწის საკითხებთან დაკავშირებით ავღანეთის დამოუკიდებელმა ორგანომ (ARAZI) შექმნეს საპილოტო სისტემა მიწის საკითხებთან დაკავშირებული დავების რეგისტრაციისთვის, რომლებიც ტომობრივი და ჩვეულებითი სამართლით იქნა გადაწყვეტილი. ეს გულისხმობს საბჭოების შექმნას, რომელიც უთანხმოების მოგვარების მიზნით ითანამშრომლებს ARAZI-სთან ან სხვა რომელიმე ტრადიციულ ორგანოსთან. ARAZI-ს პრიორიტეტია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, მიწების მიტაცების პრევენცია და  მიტაცებული მიწების დაბრუნების უზრუნველყოფა.[4]

ავღანეთში მიწის საკითხთან დაკავშირებით უფლებების დადგენა შესაძლებელია კონტიტუციის, რელიგიის კანონით, სამოქალაქო და ჩვეულებითი სამართლით. პრინციები შეიძლება იყო ერთმანეთის საპირისპირო. მაგალითად, ისლამური სამართალი ქალებს და ქვრივებს ანიჭებს მიწის მემკვიდრეობით მიღების უფლებას, მაშინ როდესაც, პაშტუნვალი (ეთიკური კოდი და პუშტუნების ტრადიციული ცხოვრების სტილი) პირიქით გამორიცხავს ქალთა უფლებას. გადაწყვეტილების მიმღები არაფორმალური და ფორმალური მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიწის ფლობის უფლება უნდა განისაზღვრებოდეს ისლამური კანონმდებლობით, რომელიც თანაბარ უფლებებს ანიჭებს როგორც ქალს ისე მამაკაცს.

საოჯახო მიწების მემკვიდრეობის საკითხთან დაკავშირებული კონფლიქტი ოჯახის წევრებს შორის ფართოდ გავრცელებული პრობლმაა ავღანეთში, განსაკუთრებით კუნდუზის, იმამ საჰიბის და ხან აბადის რაიონებში: 87% ფორმალური და არაფორმალური სამართლის აქტორები აცხადებდნენ, რომ მემკვიდრეობის საკითხთან დაკავშირებული დავები წარმოადგენს მიწის დავების უმეტეს ნაწილს. სამართლებრივი და რელიგიური ცოდნის სიმწირემ მემკვიდრეობის უფლებასთან დაკავშირებით გამოიწვია ის რომ ოჯახის წევრები ასაჩივრებდნენ გაურკვეველ საქმეებს მემკვიდრეობასთან დაკავშირებით, ძალით იტაცებდნენ ადგილებს, წინააღმდეგობას უწევდნენ ქალებს მემკვიდრეობის მიღების პროცესში. მიწებთან დაკავშირებული დავები შეიძლება გაგრძელდეს წლობით, ოჯახის წევრებს შორის კონფლიქტი შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე თაობას შორის. უმეტესად კონფლიქტი ეხება ქალის მიერ მიწის მემკვიდრეობით მიღების უფლებას.

მიწის საკითხთან არსებული დავების უმეტესი ნაწილი ადგილობრივი უხუცესების და საბჭოების მიერ განიხილება. ზოგ შემთხვევაში ფორმალური სასამართლოები მიწასთან  დაკავშირებულ საკითხებს გადასცემენ ადგილობრივ უხუცესებს. მიწასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის კუთხით, ფორმალური და არაფორმალურ სამართლის მწარმოებლებს შორის არსებობს არაოფიციალური დონის თანამშრომლობა.

არაფორმალური სისტემა, ადგილობრივი უხუცესების მიერ მიწის საკითხთან დაკავშირებული დავების განხილვა ითვლება პრობლემის ყველაზე ეფექტურ გადაწყვეტად, რადგან მათ უფხო მალე შეუძლიათ დავის გადაწყვეტა. როგორც საზოგადოების წევრებმა მათ უკეთ იციან კონტექსტი, ოჯახის ისტორია და ირგვლივ არსებული დავები. არსებობს არაპირდაპირი აღიარება იმ ფაქტისა, რომ ოფიციალური სასამართლოს გადაწყვეტილებისგან განსხვავებით, ადგილობრივი უხუცესების და საზოგადოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ითვლება ლეგიტიმურად და უფრო მდგრადია, ასევე, უფრო სწრაფად ხდება გადაწყვეტილების მიღება და ბევრად იაფი ჯდება, ვიდრე სახელმწიფო სასამართლოს პროცესი.[5]

[1]The Central Intelligence Agency/The World Factbook: Afghanistan  updated on January 12, 2017 https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/af.html [accessed 2 March, 2017]

[2] Amnesty International, Amnesty International Report 2016/17 – Afghanistan, 22 February 2017, available at:

[accessed 2 March 2017]

 

[3] EASO Country of Origin Information Report: Afghanistan Security Situation; November 2016

[4] The United States Institute of Peace:The Current Situation in Afghanistan; January 13, 2017  https://www.usip.org/publications/2017/01/current-situation-afghanistan [accessed  10 March 10, 2017]

[5] Peace  Training  and  Research  Orga/ United  States  Institute  of  Pe:  Land Titling in Kunduz,  Afghanistan;

3,July 2014 

[accessed  10 March 10, 2017]