დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 24-30 ივნისი, 2018

ეგვიპტეში საგანგებო მდგომარეობა კიდევ 3 თვით გახანგრძლივდება – არსებული საგანგებო მდგომარეობა ძალაშია 14 ივლისამდე. პარლამენტის დადგენილებით, ის კიდევ 3 თვით გაგრძელდება. ეგვიპტეში საგანგებო მდგომარეობა 2017 წლის აპრილში სალოცავებზე განხორციელებული ტერაქტების შემდეგ გამოაცხადეს.[1]

თურქეთის ვადამდელ არჩევნებში ერდოღანმა გაიმარჯვა – ხმების 99 %-ის დათვლის შემდეგ, ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს 53%-იანი მხარდაჭერა აქვს. მის მთავარ ოპონენტს მუჰარემ ინჯეს კი მხარი ამომრჩეველების 31%-მა დაუჭირა. საპარლამენტო არჩევნებში 43%-ით ლიდერობს ერდოღანის პარტია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, მმართველი პარტიის მთავარმა კონკურენტმა, სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ 22% მიიღო. 10%-იანი ზღვარი გადალახა პროქურთულმა სახალხო დემოკრატიულმა პარტიამაც, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტია საკანონმდებლო ორგანოში იქნება წარმოდგენილი. ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებში აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ მოქალაქეობრივი ვალი, ამომრჩევლების 87%-მა მოიხადა.[2]

საზოგადოების თანადგომის გამო, სუდანელ გოგოს, რომელმაც ქმარი მოკლა, სიკვდილით აღარ დასჯიან – განაჩენი 5-წლიანი პატიმრობით შეიცვალა. გოგო 15 წლის ასაკში, ძალით გაათხოვეს. როგორც ქალი ამტკიცებს, ქმარი მას სცემდა და ამის გამო სახლიდან არაერთხელ წასულა. სამი წლის განმავლობაში ის დეიდასთან ცხოვრობდა, რის შემდეგაც მამამ ისევ ძალით დააბრუნა ქმართან. მიუხედავად ამისა, ქალმა უარი თქვა, ინტიმური ურთიერთობა ჰქონოდა ქმართან. ამის გამო კაცმა ის გააუპატიურა, ქალმა კი ქმარი გულმკერდის არეში დაჭრა. ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა და კაცი მოკვდა. გოგოს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. მის გადასარჩენად პეტიცია შეადგინეს და კამპანია დაიწყეს.[3]

ნიგერიაში მწყემსებსა და ფერმერებს შორის შეტაკებას 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა – შემთხვევა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარე პლატოს შტატში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ფერმერებს მუსლიმი მწყემსები დაესხნენ თავს, რაც დაპირისპირებაში გადაიზარდა. კონფლიქტის მიზეზები უცნობია.[4]

სამხრეთ სუდანის პრეზიდენტი და მემაბოხეების ლიდერი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ – ხელმოწერის ცერემონია სამხრეთ სუდანის დედაქალაქ ხარტუმში გაიმართა. დოკუმენტი 72 საათის განმავლობაში ამოქმედდება. შეთანხმება 6 პუნქტისგან შედგება და სამხედრო ტყვეების გათავისუფლებასაც ითვალისწინებს. კონფლიქტის მხარეებს შორის მოლაპარაკებები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ხარტუმში მიმდინარეობდა. შუამავალი კი სუდანის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი იყო. აფრიკულ სახელმწიფოში შეიარაღებული კონფლიქტი 2013 წლის ბოლოს დაიწყო, როდესაც პრეზიდენტმა სალვა კიიმმა, რომელიც დინკას ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელია, პუტჩის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ვიცეპრემიერი რიეკ მაშარი გაათავისუფლა. ეს უკანასკნელი ნუერის ჯგუფის წარმომადგენელია. მაშარის გათავისუფლებას ქვეყანაში სამოქალაქო ომი მოჰყვა, რასაც ათობით ათასი ადამიანი ემსხვერპლა, 4 მილიონამდე კი დევნილი გახდა. სამხრეთ სუდანი სუდანს 2011 წელს გამოეყო.[5]

ეთიოპიაში ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტში 10 ადამიანი დაიღუპა – სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა დასავლეთ ეთიოპიაში წარმოქმნილი ეთნიკური კონფლიქტის დროს. პოლიციამ კონფლიქტის პროვოცირებაში ეჭვმიტანილი 46 ადამიანი დააკავა. ამჟამად, კონფლიქტის რაიონებში სიმშვიდეა. კონფლიქტი სამი დღეა გრძელდება. ის ორი ადამიანის ჩხუბით დაიწყო და რეგიონის ეთნიკური ჯგუფები ჩაითრია.[6]

[1] Reuters; Egypt to extend state of emergency for three month; Reuters Staff; 24 June, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-egypt-politics-emergencylaw/egypt-to-extend-state-of-emergency-for-three-months-idUSKBN1JK0IF

[2] Anadolu Agency; Turkish election board to share final results on July 5; By Duygu Yener; 25 June, 2018; available at: https://www.aa.com.tr/en/politics/turkish-election-board-to-share-final-results-on-july-5/1186170

[3] Daily Sabah Africa; Sudan teen’s death sentence for killing rapist husband reduced to 5 years in prison; 26 June, 2018; available at: https://www.dailysabah.com/africa/2018/06/26/sudan-teens-death-sentence-for-killing-rapist-husband-reduced-to-5-years-in-prison

[4] Associated Press; Death toll more than 200 in central Nigeria weekend clashes; By Sam Olukoya; 27 June, 2018; available at: https://apnews.com/209820ce7d1c4d57af32092580abe528

[5] იმედის ახალი ამბები; სამხრეთ სუდანის პრეზიდენტი და მემაბოხეების ლიდერი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ; 27 ივნისი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/67773/samkhret-sudanis-prezidenti-da-meambokheebis-lideri-tsetskhlis-shetskvetaze-shetankhmdnen

[6] იმედის ახალი ამბები; ეთიოპიაში ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტში 10 ადამიანი დაიღუპა; 28 ივნისი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/67940/etiopiashi-etnikur-niadagze-konpliqtshi-10-adamiani-daigupa

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 24-30 აპრილი, 2018

პოლიტიკური კრიზისი სომხეთში – პარტიამ „აყვავებული სომხეთი“, რომელსაც პარლამენტში ყველაზე მეტი დეპუტატი ჰყავს „რესპუბლიკური პარტიის“ შემდეგ, განაცხადა, რომ სახალხო პროტესტს უერთდება. პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პარტიის თავმჯდომარის, გაგიკ ცარუკიანის ხელმძღვანელობით პოლიტსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მხარდამჭერებს მოუწოდებენ მობილიზებისა და ქუჩებში გასვლისკენ ერევანსა და სომხეთის ყველა ოლქში. „ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვართ ჩვენი ხალხის და თანამემამულეების გვერდით“ – ნათქვამია ცარუკიანის პარტიის განცხადებაში. პარტიას „აყვავებული სომხეთი“, რომლის დამფუძნებელი ბიზნესმენი გაგიკ ცარუკიანია, 131-წევრიან პარლამენტში 29 დეპუტატი ჰყავს. ლიბერალურ-კონსერვატიული პარტია ეროვნული და ტრადიციული ფასეულობების შენარჩუნების და რუსეთთან სტრატეგიული სამოკავშირეო ურთიერთობების მომხრეა.

სომხეთის რევოლუციურმა ფედერაციამ „დაშნაკცუთუნი“ მმართველი კოალიცია დატოვა. პარტიის წევრმა მინისტრებმა კი თანამდებობები დატოვეს. „ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ დიალოგი შემდგარიყო, მაგრამ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ჩვენ ვტოვებთ მმართველ კოალიციას და ვაცხადებთ, რომ პარლამენტმა პრემიერად უნდა აირჩიოს კანდიდატი, რომელიც ხალხის ნდობით სარგებლობს. ახალმა პრემიერმა უნდა შეძლოს შიდა პოლიტიკური კრიზისის მოგვარება და დემოკრატიული გზით უნდა უზრუნველყოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მმართველი კოალიცია, რომელშიც „რესპუბლიკური პარტია“ და „დაშნაკცუთუნი“ იყო გაერთიანებული, რამდენიმე დეპუტატმა უკვე დატოვა.

ნიკოლ პაშინიანს პროკურატურის თანამშრომლებმა და პოლიციელებმა დაუჭირეს მხარი. ოპოზიციის ლიდერს ძალოვანი უწყების თანამშრომლები სომხეთის დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე შეუერთდნენ. როგორც ძალოვანი უწყების თანამშრომლები განმარტავენ, მათ არ სურთ შორიდან უყურონ იმ მოვლენებს რაც ქვეყანაში ხდება. პროკურატურისა და პოლიციის ყოფილმა თანამშრომლებმა კოლეგებს პაშინიანის თანადგომისკენ მოუწოდეს.

სომხეთის პარლამენტის ოპოზიციურმა ფრაქცია „ელკმა“ პრემიერის თანამდებობაზე ოფიციალურად წარადგინა ფრაქციის ლიდერის, ნიკოლ პაშინიანის კანდიდატურა. პაშინიანი შეხვდა სიდიდით მეორე ფრაქციის, „ცარუკიანის“ წევრებს. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ფრაქცია ერთხმად დაუჭერს მხარს სომხეთის პრემიერმინისტრად ნიკოლ პაშინიანის არჩევას.

მას შემდეგ, რაც ყველა ფრაქციამ უარი განაცხადა პრემიერის პოსტზე კანდიდატურის წამოყენებაზე, პაშინიანი ერთადერთ კანდიდატად რჩება. მას პარლამენტში 105-დან 53 ხმა სჭირდება, მათ შორის უნდა იყოს რესპუბლიკელების ხმებიც. სომხეთის 105-წევრიან პარლამენტში 58 დეპუტატი ჰყავს „რესპუბლიკურ პარტიას,“ 31 ფრაქციას „ცარუკიანი,“ 9 დეპუტატი „ელკს“ და 7 „დაშნაკცუთუნს.“  პრემიერის არჩევას სჭირდება სულ მცირე 53 დეპუტატის მხარდაჭერა. პრემიერის ასარჩევად პარლამენტის სპეციალური სხდომა 1-ელ მაისს გაიმართება.[1]

ინდოელი სულიერი ლიდერი, მოზარდის გაუპატიურებისთვის, დარჩენილ ცხოვრებას ციხეში გაატარებს – ინდოეთის ქალაქ ჯოდპურის სასამართლომ 77 წლის სულიერ ლიდერს ასარამ ბაპუს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის დანაშულს არ აღიარებს. სასამართლო განხილვა 2013 წელს მოზარდის გაუპატიურების საქმეს უკავშირდებოდა. ბაპუ გასული წლის 1-ელ სექტემბერს დააკავეს. გამოძიების ვერსიით, მისი მსხვერპლი მისივე სექტის წარმომადგენლების 16 წლის შვილი გახდა. სულიერმა ლიდერმა გოგო ბოროტი ძალების გასადევნად თავისთან დაიბარა. ბაპუ დასაკითხად დიდხანს არ მიდიოდა და ჯანმრთელობის მდგომარეობას იმიზეზებდა. დაკავების დროს მისმა მხარდამჭერებმა პოლიციას სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს. სასამართლოში განაჩენის გამოცხადების დროსაც უსაფრთხოების ზომების გამკაცრება გახდა საჭირო. სასამართლოს გადაწყვეტილებით ბაპუს თანამზრახველებს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.[2]

თურქეთში გაზეთის 15 ჟურნალისტს პატიმრობა მიუსაჯეს; 2 გაამართლეს – სტამბოლის სასამართლომ გაზეთის „Cumhuriyet“ 15 ჟურნალისტს, მათ შორის მთავარ რედაქტორს, მურატ საბუნჯუს პატიმრობა მიუსაჯა. მედიის წარმომადგენლები აშშ-ში მცხოვრებ თურქ მქადაგებელ ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით დააკავეს. გაზეთის მთავარ რედაქტორს 7,5 წელი მიუსაჯეს, აღმასრულებელ დირექტორს 8 წელი, ხოლო დანარჩენ თანამშრომლებს 2,5-დან 7,5 წლამდე პატიმრობა. სასამართლომ 2 თანამშრომელი გაამართლა. თურქეთის ხელისუფლების მოსაზრებით, 2016 წლის ზაფხულში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის უკან ფეთჰულა გიულენი დგას, რომელიც ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს. გიულენი ბრალდებას უარყოფს.[3]

ინციდენტები ავღანეთში – ავღანეთის დედაქალაქში ორმაგ ტერაქტს 31 ადამიანი, მათ შორის 9 ჟურნალისტი ემსხვერპლა. მედიის ცნობით, ერთერთი თავდასხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა, რომელიც მოტოციკლით გადაადგილდებოდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ქაბულის პარალელურად, ნანგარჰარის პროვინციაში გზის პირას დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა. შედეგად 1 სამართალდამცველი დაიღუპა, 5 ადამიანი კი დაიჭრა.[4] ქალაქ ხოსტში BBC-ისა და Reuters-ის ადგილობრივ ჟურნალისტს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ის ავტომობილით სახლისკენ მიდიოდა, რა დროსაც ტყვია მოხვდა და დაიღუპა.[5]

[1] იმედის ახალი ამბები; სიახლეები სომხეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ; გამოქვეყნების პერიოდი 23-30 აპრილი, 2018; ინფორმაციები ხელმისაწვდომია ბმულებზე:

https://imedinews.ge/ge/msoflio/58688/somkhetshi-saprotesto-gamosvlebs-sheuertda-sididit-meore-saparlamento-partia

https://imedinews.ge/ge/msoflio/58740/somkhetis-revolutsiurma-pederatsiam-dashnaktsutuni-mmartveli-koalitsia-datova

https://imedinews.ge/ge/msoflio/58768/nikol-pashinians-dzalovani-utskebis-tanamshromlebma-mkhari-dauchires

https://imedinews.ge/ge/msoflio/58826/somkhetis-parlamenti-akhal-premiers-1-maiss-airchevs

https://imedinews.ge/ge/msoflio/58859/somkhetshi-dashnaktsutunis-partiis-tsevrma-ministrebma-tanamdebobebi-datoves

https://imedinews.ge/ge/msoflio/59413/nikol-pashiniani-somkhetis-premierministrobis-kandidatad-opitsialurad-daasakheles

[2] The Times of India; Asaram sentenced to life in prison after being found guilty of minor’s rape; 25 April, 2018; available at: https://timesofindia.indiatimes.com/india/asaram-sentenced-to-life-in-prison-after-being-found-guilty-of-minors-rape/articleshow/63908727.cms

[3] Hurriyet Daily News; Turkish court sentences Cumhuriyet journalists to jail time; 25 April, 2018; available at: http://www.hurriyetdailynews.com/turkish-court-sentences-cumhuriyet-journalists-to-jail-time-130903

[4] CNN; BBC reporter and famed photographer among 31 killed in Afghanistan; By Euan McKirdy and Ehsan Popalzai; 30 April, 2018; available at: https://edition.cnn.com/2018/04/30/asia/afghanistan-kabul-blasts-intl/index.html

[5] Reuters; Gunman kills journalist in Afghan province, officials say; By Reuters Staff; 30 April, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-afghanistan-journalist/gunmen-kill-journalist-in-afghan-province-officials-say-idUSKBN1I11LD

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 16-23 აპრილი, 2018

ინციდენტები ავღანეთში – ავღანეთში შეიარაღებულ თავდასხმას 6 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. შემთხვევა ავტომაგისტრალზე მოხდა, რომელიც გორისა და გერატის პროვინციებს ერთმანეთთან აკავშირებს. სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა ავტობუსი გააჩერეს, რომელშიც მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ და ცეცხლი გაუხსნეს. დამნაშავეებმა 2 პირი გაიტაცეს.[1]

5 ადამიანი გარდაიცვალა და ათი დაშავდა ავღანეთის ჯალალაბადში დღეს სამგზავრო მიკროავტობუსის აფეთქების დროს. მიკროავტობუსი ნანგარჰარის პროვინციაში ნაღმზე აფეთქდა. დაშავებულთა შორის არიან ქალები და ბავშვები. ფაქტს პროვინციის გუბერნატორიც ადასტურებს. ჯერჯერობით პასუხისმგებლობა მომხდარზე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.[2]

ქაბულში საარჩევნო რეგისტრაციის პუნქტთან აფეთქების შედეგად 57 ადამიანი დაიღუპა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ინციდენტამდე თავდასხმა მოხდა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ბაგლანის რაიონშიც. სამიზნე ამჯერადაც ამომრჩეველთა რეგისტრაციის ცენტრი იყო. მომხდარს აქ 7 ადამიანი ემსხვერპლა. დაიჭრა 10-ზე მეტი ადამიანი. „თალიბანმა“ მომხდართან კავშირი თავიდანვე გამორიცხა. ავღანეთში საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ არჩევნები ოქტომბერში გაიმართება. სწორედ ამიტომ ადგილობრივები საარჩევნო უბნებზე წინასწარ რეგისტრაციას გადიოდნენ, რომელიც რამდენიმე დღეა რაც დაიწყო.[3]

ავღანეთში, სულ ცოტა, 14 ჯარისკაცი და პოლიციელი დაიღუპა თალიბების ორი, თითქმის ერთდროულად მოწყობილი თავდასხმის შედეგად. დასავლეთ ავღანეთში მდებარე ბადღისის პროვინციის პოლიციის ცნობით, მეამბოხეების დიდმა ჯგუფმა იერიში მიიტანა ავღანელ ჯარისკაცებზე აბ ქამარის რაიონში. შედეგად 11 ჯარისკაცი იქნა მოკლული. ამავე დროს ყადისის რაიონში მოწყობილი თავდასხმისას დაიღუპა ხუთი პოლიციელი. ბადღისის პროვინციის გუბერნატორის პრესმდივანმა დაადასტურა ორ რაიონში მოკლულთა რაოდენობა. პოლიციამ მომხდარში თალიბანი დაადანაშაულა.[4]

დემონსტრაციები სომხეთში – ერევანში 13 აპრილიდან მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეები ეწინააღმდეგებიან სომხეთის პრემიერმინისტრად ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის არჩევას. მისი კანდიდატურა წარადგინეს სომხეთის მმართველი „რესპუბლიკური პარტიის“ და კოალიციური პარტნიორის, „დაშნაკცუტუნის“ საპარლამენტო ფრაქციებმა. კონსტიტუციაში 2015 წელს შეტანილი ცვლილებებით, სომხეთი საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა და პრეზიდენტის ნაცვლად პრემიერმინისტრი გახდა ყველაზე დიდი ძალაუფლებით აღჭურვილი პირი.

სომხეთის პოლიციის ოფიციალური ინფორმაციით დააკავეს 166 ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთში 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. საპროტესტო აქციების მსვლელობისას ვითარება რამდენჯერმე შეიცვალა და დაიძაბა. დააკავეს ოპოზიციის და გამოსვლების ლიდერი ნიკოლ პაშინიანი, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს. მას შეხვდა სომხეთის ახლად არჩეული პრემიერი სერჟ სარგსიანი, რომელმაც განუცხადა, რომ პაშინიანს ხალხის სახელით საუბრის უფლება არ ჰქონდა და პასუხისმგებლობა ოპოზიციას დააკისრა. თავად პაშინიანმა საპროტესტო აქციების გაგრძელების შესახებ განაცხადა. საბოლოოდ დემონსტრაციების შედეგად სარგსიანი გადადგა. „ნიკოლ პაშინიანი მართალი იყო. მე შევცდი. შექმნილი სიტუაციიდან არსებობს რამდენიმე გამოსავალი. თუმცა მე არცერთ მათგანს არ ავირჩევ. ეს ჩემი არ არის. ვტოვებ პრემიერმინისტრის თანამდებობას. ქუჩის მოძრაობა ჩემი დანიშვნის წინააღმდეგია. ვასრულებ თქვენს მოთხოვნას: მშვიდობას და ჰარმონიას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას“, – ნათქვამია სერჟ სარგსიანის განცხადებაში.[5]

იემენის კრიზისი – იემენში განხორციელებულ საჰაერო იერიშს სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. ინციდენტი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ქორწილში მოხდა. დაღუპულია ახლადდაქორწინებული წყვილიც. საუდის არაბეთის მეთაურობით შექმნილი არაბული ქვეყნების კოალიცია 2014 წლიდან იემენში ოპერაციას ატარებს. არაბული კოალიცია შიიტი ჰუსიტების პოზიციებს ბომბავს. შეიარაღებულ კონფლიქტს იემენში 10 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. 2 მილიონზე მეტი ადამიანი შიმშილობის ზღვარზეა.[6]

შიიტი ჰუსიტების მოძრაობის ერთერთი ლიდერი საუდის არაბეთის მეთაურობით შექმნილი არაბული ქვეყნების კოალიციის ავია იერიშს ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სალეჰ ალი ალ-სამადი ხუთშაბათს ჰუდეიდაჰის პროვინციაში იპოვეს მოკლული. გავრცელებული ინფორმაცია კოალიციის წევრებს არ დაუდასტურებიათ.[7]

აღმოსავლეთ უკრაინაში მწვავე ჰუმანიტარული მდგომარეობაა – გაეროს მიგრაციის საკითხების წარმომადგენელი ჯოელ მილმანი აცხადებს, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს მწვავე ჰუმანიტარული მდგომარეობა, რომელიც უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს სდევს თან. მილმანის თქმით, 2014 წლის შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ბრძოლების შედეგად, 10 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 24 000 დაშავდა. ჰუმანიტარული დახმარება, ჯამში, 3.4 მილიონ ადამიანს სჭირდება. უკრაინის სოციალური პოლიტიკის სამინისტროს ინფორმაციით, იძულებით გადაადგილებულ პირად ქვეყანაში 1.5 მილიონი ადამიანია დარეგისტრირებული. მილმანის თქმით, ყველაზე მეტად ადამიანებს ჯანდაცვის სისტემაზე წვდომა, სურსათი, წყალი და სამუშაო ადგილები სჭირდებათ. მან დასძინა, რომ უკრაინის კონფლიქტის შედეგად 1.2 მილიონი ადამიანი შიმშილობის ზღვარზეა, ხოლო 3 მილიონზე მეტს კი სასმელი, საჭმლის გასაკეთებელი და ჰიგიენისთვის საჭირო წყალი არ აქვს. ყველაზე რთულ სიტუაციაში ის ადამიანები არიან, რომლებიც მეამბოხეების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ.

ომი აღმოსავლეთ უკრაინაში დაიწყო 2014 წლის 6 აპრილს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, ადგილობრივ ხელისუფლებასა და რუსეთის მომხრე აჯანყებულებს შორის. ომს წინ უძღოდა 2014 წლის უკრაინის რევოლუცია და ევრომაიდანის მოძრაობა, რომელმაც დაასრულა პრორუსი ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობა. საპასუხოდ, რუსმა აქტივისტებმა დაიკავეს ადმინისტრაციული შენობები და აეროპორტები ყირიმის ნახევარკუნძულზე, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას რუსები შეადგენენ. მარტში ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე რუსეთის ფედერაციამ ყირიმის ანექსია მოახდინა. შეიარაღებულმა დაპირისპირებამ თავი იჩინა უკრაინის აღმოსავლეთშიც, სადაც რუსეთის მომხრე შეიარაღებულმა აქტივისტებმა აპრილში ადმინისტრაციული შენობების დაკავება დაიწყეს. საპასუხოდ, უკრაინის ხელისუფლებამ წამოიწყო კონტრტერორისტული ოპერაცია, რაც მალე სრულმასშტაბიან კონფლიქტად გადაიქცა.[8]

თურქეთის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მეშვიდედ გაახანგრძლივა – საგანგებო მდგომარეობა კიდევ 3 თვით გახანგრძლივდა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 2016 წლის 15 ივლისს სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ შემოიღეს. თურქეთში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 24 ივნისს იმართება. 2016 წლის 15 ივლისს, თურქეთში სამხედროებმა სახელმწიფო გადატრიალება სცადეს, რომლის დროსაც 230-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 2 ათასზე მეტი დაშავდა.[9]

ინდოეთში 12 წლამდე გოგონების გაუპატიურებისთვის სიკვდილით დასჯიან – ცვლილება სექსუალური ხასიათის დანაშაულებისგან ბავშვების დაცვის შესახებ კანონში შევიდა. ცვლილების თანახმად, მოძალადისთვის განსაზღვრული სასჯელის მინიმალური ზომა თავისუფლების 20 წლით აღკვეთაა, მაქსიმალური კი – თავისუფლების უვადო აღკვეთა, ან სიკვდილით დასჯა. ამას გარდა, გამკაცრდა სასჯელი 16 წლამდე გოგოების გაუპატიურებაზეც. სასჯელის მინიმალური ვადა 10-დან 20 წლამდე გაიზარდა. ზრდასრული ქალის გაუპატიურების გამო კი მოძალადეს სულ მცირე 10 წლით გაუშვებენ ციხეში. საკანონმდებლო ცვლილება ბოლო დროს ბავშვების მიმართ სექსუალური ხასიათის რამდენიმე რეზონანსულმა დანაშაულმა გამოიწვია. ახალი სანქციის ასამოქმედებლად პრეზიდენტის ხელმოწერაა საჭირო.

იანვარში ინდოეთის ერთერთ ქალაქში 8 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს. როგორც გაირკვა, ის ერთი კვირის განმავლობაში ერთერთ ინდუისტურ ტაძარში ჰყავდათ გამოკეტილი და აუპატიურებდნენ. გამოძიებამ დაადგინა, რომ ადგილობრივი პოლიცია ბოროტმოქმედებს ხელს აფარებდა. აპრილში კი ქალაქ სურატშიც ნახეს 9-11 წლის გოგოს ცხედარი. მას 86 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ბავშვის იდენტიფიკაცია ვერ მოხერხდა. პოლიცია ეჭვობს, რომ მკვლელობამდე მასაც აწამებდნენ და აუპატიურებდნენ.[10]

[1] Radio Free Europe / Radio Liberty; Six Afghan Civilians Said Killed In Attack In Western Province; 17 April, 2018; available at: https://www.rferl.org/a/afghanistan-civilians-said-killed-in-attack-in-western-province/29172114.html

[2] Pajhwork Afghan News; 5 civilians killed, 10 wounded in Nangarhar roadside blast; By Yousuf Zafiri; 20 April, 2018; available at: https://www.pajhwok.com/en/2018/04/20/5-civilians-killed-10-wounded-nangarhar-roadside-blast

[3] BBC; Afghanistan: Kabul voter centre suicide attack kills 57; 22 April, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-asia-43855884

[4] იმედის ახალი ამბები; ავღანეთში თალიბების თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა; 23 აპრილი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/58409/avganetshi-talibebis-tavdaskhmas-mskhverpli-mohkva

[5] იმედის ახალი ამბები; სერჟ სარგსიანი გადადგა; 23 აპრილი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/58392/serj-sargsiani-gadadga

[6] BBC; Yemen war: Saudi-led airstrike on wedding kills 20; 23 April, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-middle-east-43863608

[7] BBC; Yemen war: Houthi political leader Saleh al-Sammad killed in air raid; 23 April, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-middle-east-43872482

[8] იმედის ახალი ამბები; გაერო: აღმოსავლეთ უკრაინაში მწვავე ჰუმანიტარული მდგომარეობაა; 19 აპრილი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/57798/gaero-agmosavlet-ukrainashi-mtsvave-humanitaruli-mdgomareobaa

[9] Hurriyet Daily News; Turkey’s state of emergency extended for seventh time; 18 April, 2018; available at: http://www.hurriyetdailynews.com/state-of-emergency-in-turkey-extended-for-seventh-time-130539

[10] იმედის ახალი ამბები; ინდოეთში არასრულწლოვანის გაუპატიურებაზე სიკვდილით დასჯა შემოიღეს; 21 აპრილი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/58146/indoetshi-arasrultslovnis-gaupatiurebaze-sikvdilit-dasja-shemoiges

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 24-31 იანვარი, 2018

ბენგაზიში პატიმრები ქუჩაში სიკვდილით დასჯეს – 23 იანვარს ლიბიის დედაქალაქში ორი აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად 30 ადამიანზე მეტი დაიღუპა, 20-მდე კი დაშავდა. 2 დანაღმული ავტომობილი ბენგაზის უდეიდეს მეჩეთთან იმ დროს მოხდა, როდესაც მორწმუნეები ლოცვის შემდეგ მეჩეთს ტოვებდნენ. მომდევნო დღეს პატიმრები ქუჩაში, ხალხის თვალწინ დახვრიტეს. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ცისფერტანსაცმლიანი 9 კაცი, ისინი მუხლებზე დგანან. შემდეგ მათ მიწაზე სისხლში ამოსვრილებს აჩვენებენ. დასჯის შემდეგ ცხედრები პიკაპების საბარგულებით შეკრებილთა შეძახილების ფონზე წაიღეს. ადამიანების ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. პატიმრები იმ მეჩეთის გვერდით დახვრიტეს, სადაც 23 იანვარს ტერაქტი მოხდა. გაეროს მისიამ ლიბიაში შეშფოთება გამოთქვა მომხდარის გამო და განაცხადა, რომ ასეთი ქმედება საერთაშორისო სამართლით ისჯება.[1]

ავღანეთში ორგანიზაციის „Save the Children“ ოფისს თავს დაესხნენ – ავღანეთში, ჯალალაბადში საერთაშორისო ორგანიზაციის „Save the Children“ ოფისზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ოპერაცია ბრიტანეთის, შვედეთის და ავღანეთის სამთავრობო შენობებზე რამდენიმე თავდასხმას გულისხმობდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 2 და დაშავებულია 11 ადამიანი.[2]

ქაბულის დიპლომატიურ უბანში მომხდარ აფეთქებას 103 ადამიანი ემსხვერპლა – ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის დიპლომატიურ უბანში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 103-მდე გაიზარდა, დაშავებულია 235 ადამიანი. პოლიციამ ტერაქტთან კავშირის ბრალდებით 4 ადამიანი დააკავა. აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული სასწრაფო დახმარების მანქანით მოაწყო. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „თალიბანმა“ აიღო. ავღანეთის ხელისუფლებამ ქაბულში მომხდარი ტერაქტის მსხვერპლთა პატივსაცემად, 28 იანვარი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა.[3]

ტერაქტი ქაბულის სამხედრო აკადემიაში – მარშალ ფაჰიმის სახელობის სამხედრო აკადემიაზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 9 ადამიანი და დაიჭრა რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე. თავდასხმაში სულ ხუთი ტერორისტი მონაწილეობდა, მათგან ორმხრივ სროლებში სამი დაიღუპა, ხოლო ერთი დააკავეს.[4]

თურქეთის სამხედრო ოპერაცია სირიაში – თურქეთის სამხედრო კოლონამ ქურთებზე თავდასხმის მიზნით, სირიის საზღვარი გადალახა და ალეპოს პროვინციაში შევიდა. თურქეთის სატანკო შენაერთი ქურთების პოზიციებს ალეპოს პროვინციიდან დაბომბავს. პარალელურად, ქურთულმა სამხედრო ჯგუფებმა აფრინის ერთ-ერთ ოლქში თურქეთისგან მხარდაჭერილი „თავისუფალი სირიის არმიის“ შეტევა უკუაგდო, ასევე თურქეთის არმიის სამი ტანკი ააფეთქა და შეტევა გაანეიტრალა. სირიის ჩრდილოეთში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. თურქეთის საჰაერო ძალების იერიშის შედეგად, აფრინში ტერორისტული ორგანიზაციის 33 წევრი მოკლეს. წლის დასაწყისში, ანტიტერორისტული ოპერაციების დაწყებიდან დღემდე 649 ტერორისტია განადგურებული, ამის შესახებ ინფორმაცია თურქეთის გენერალურმა შტაბმა გაავრცელა. თურქეთმა სამხედრო ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ 20 იანვარს დაიწყო. თურქეთის არმია სირიის ჩრდილოეთში აფრინისა და აზაზის მიმართულებით ავითარებს შეტევას და პოტენციურ სამიზნედ მანბიჯსაც ასახელებს.[5]

ვითარება იემენში – სეპარატისტებმა სამხრეთ იემენში მდებარე ქალაქ ადენში სახელისუფლებო ძალებთან სისხლიანი შეტაკების შემდეგ სამთავრობო შენობები დაიკავეს. ქვეყნის პრემიერმა აჰმედ ბინ დაღერმა სეპარატისტები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა. ბრძოლები კვირას დაიწყო, როდესაც პოლიციამ დემონსტრანტებს აქციის ჩატარების უფლება არ მისცა. შეტაკებისას ათობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა. თვითმხილველების თქმით, აფეთქებები ქალაქის რამდენიმე უბანში ხდებოდა. სეპარატისტებს მხარს არაბთა გაერთიანებული საამიროები უჭერს, რომელიც ასევე, საუდის არაბეთის მეთაურობით შექმნილ კოალიციაშია, რომელიც ჰუსიტების წინააღმდეგ იბრძვის. იემენის პრემიერის განცხადებით, არაბთა გაერთიანებული საამიროებში „გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა“ დროულად უნდა გაატარონ ღონისძიებები, რადგან სეპარატისტების ქმედებები ჰუსიტებს ხელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს. პარალელურად, იემენის ერთერთ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე აფეთქება მოხდა. შემთხვევას 15 ჯარისკაცი ემსხვერპლა. გავრცელებული ცნობით, დანაღმული ავტომობილი შაბვას პროვინციაში აფეთქდა. ინციდენტი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ადგილობრივი დროით 08:30 საათზე მოხდა.[6]

ინდოეთში მუსლიმებსა და ინდუისტებს შორის დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა – ჩრდილოეთ ინდოეთში პოლიციამ 112 ადამიანი დააკავა.  გამოძიება დაკავებულებს ორი რელიგიური ჯგუფის დაპირისპირებაში მონაწილეობას ედავება. მუსლიმები და ინდუისტები ერთმანეთს ძალადობაში სდებენ ბრალს. მათ ერთმანეთს ქვები დაუშინეს, მაღაზიებსა და სატრანსპორტო საშუალებებს კი ცეცხლი წაუკიდეს. დაპირისპირებას ერთი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი კრიტიკულად მძიმეა. დაპირისპირება ადგილობრივმა პოლიციამ უკვე აღკვეთა და შემდგომი ძალადობის თავიდან ასაცილებლად, რეგიონში პატრულირება დააწესა.[7]

[1] Imedi News; ბენგაზიში მომხდარი ტერაქტის მსხვერპლთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა; 24 იანვარი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/45349/bengazishi-momkhdari-ormagi-teraqtis-mskhverplta-ritskhvi-33mde-gaizarda

ლიბიაში პატიმრები ხალხის თვალწინ ქუჩაში სიკვდილით დასაჯეს; 25 იანვარი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/45597/libiashi-patimrebi-quchashi-khalkhis-tvaltsin-sikvdilit-dasajes

[2] Reuters; Islamic State claims attack on Jalalabad in Afghanistan; Reuters Staff; 24 January, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-afghanistan-blast-claim/islamic-state-claims-attack-on-jalalabad-in-afghanistan-idUSKBN1FD1HC?il=0

[3] BBC; Kabul attack: Taliban kill 95 with ambulance bomb in afghan capital; 28 January, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-asia-42843897

[4] National Public Radio; 11 dead in attack on army garrison in Kabul claimed by ISIS; By Scott Neuman; 29 January, 2018; available at: https://www.npr.org/sections/thetwo-way/2018/01/29/581490219/3-dead-in-attack-on-army-garrison-in-kabul-claimed-by-isis

[5] AMN; Turkish military column reportedly enters Aleppo in pursuit of Kurds; 24 January, 2018; available at: https://www.almasdarnews.com/article/turkish-military-column-reportedly-enters-aleppo-pursuit-kurds/

Imedi News; თურქეთის სამხედრო ძალებმა აფრინში ოპერაციების დაწყებიდან 649 ტერორისტი გაანადგურეს; 30 იანვარი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/46205/turqetis-samkhedro-dzalebma-aprinshi-operatsiebis-datskebidan-649-teroristi-gaanadgures

[6] BBC; Yemen crisis: Separatists seize governmental buildings in Aden; 28 January, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-middle-east-42852285

[7] BBC; India police qrrest 112 as religious clashes kill teenager; 29 January, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-asia-india-42855953

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 16-23 იანვარი, 2018

თავდასხმა ტრიპოლის აეროპორტზე – ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში, მიტიგას საერთაშორისო აეროპორტზე შეიარაღებული დაჯგუფების თავდასხმის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა, 60 კი დაიჭრა. ინფორმაცია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, ადგილობრივმა გამოცემამ გაავრცელა. მიტიგას საერთაშორისო აეროპორტს შეიარაღებული დაჯგუფება დაესხა თავს. თავდასხმა სხვადასხვა სახის იარაღის გამოყენებით მიმდინარეობდა. აეროპორტში მყოფი ადამიანების ევაკუაცია მოხერხდა. შეტაკება მთავრობისადმი ლოიალურ ორ დაჯგუფებას შორის მოხდა. კერძოდ, აეროპორტს თავს დაესხა დაჯგუფება „ალ-ბაქარა“, რომელსაც ლიბიის აღმოსავლეთიდან დევნილი რადიკალები შეუერთდნენ.[1]

შეტაკება პოლიციასა და როჰინჯებს შორის – მიანმარში, რაკჰაინის შტატში  პოლიციასა და როჰინჯა მუსლიმებს შორის დაპირისპირებას 7 ადამიანი ესხვერპლა, 33 კი დაშავდა. დაშავებულებს შორის 20 პოლიციელია. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც 5000-მდე ბუდისტი აქციას მართავდა. ამასთან, გამოცემა წერს, რომ ისინი მაშინ დაუპირისპირდნენ პოლიციას, როდესაც მიანმარსა და ბანგლადეშს შორის როჰინჯა მუსლიმების რეპატრიაციის დოკუმენტი გაფორმდა. მიანმარში სიტუაცია 2017 წლის 25 აგვისტოს შემდეგ გამწვავდა. ამ დღეს „როჰინჯა არაკანას გადარჩენის არმიის“ დანებით და ხელნაკეთი ბომბებით შეიარაღებულმა მებრძოლებმა კოორდინირებული თავდასხმა მოაწყვეს მიანმარის არმიის ბაზასა და პოლიციის 30-ზე მეტ საგუშაგოზე, მოკლეს ქვეყნის სპეცსამსახურების, სულ ცოტა, 12 წარმომადგენელი.[2]

ტერაქტები ნიგერიაში – ნიგერიაში მომხდარ ორმაგ ტერაქტს 12 ადამიანი ემსხვერპლა, 48 კი დაშავდა. თავდასხმა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ მაიდუგურიში მოხდა. ორმა ტერორისტმა თავი მუნა-გარაჟის რაიონთან აიფეთქა, სადაც იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკია. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, თავდასხმის უკან, სავარაუდოდ, „ბოკო ჰარამი“ დგას.[3]

ვითარება თურქეთსა და სირიის საზღვარზე; თურქეთის სამხედრო ოპერაციები სირიელი ქურთების წინააღმდეგ – თურქეთისგან მხარდაჭერილმა „თავისუფალი სირიის არმიის“ წევრებმა საზღვარი გადალახეს და სირიის ტერიტორიაზე შევიდნენ. 20 ავტობუსისგან შემდგარი კოლონა სირიის ქალაქ აზაზისკენ გაემართა. თურქეთის თავდაცვის მინისტრის ნურეთინ ჯანიკლის განცხადებით, დაბომბვები დაიწყო, თუმცა თურქეთის არმია ქალაქ აფრინში არ შესულა. ჯანიკლის თქმით, ოპერაცია საერთაშორისო სამართლის შესაბამისად თავდაცვითია და ტერორისტული კორიდორის განადგურებას ისახავს მიზნად. ავიაციის გამოყენებაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არის მიღებული. სირიის ხელისუფლება თურქული თვითმფრინავების ჩამოყრას იმუქრება.

15 იანვარს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სირიის სასაზღვრო ძალებს ტერორისტული არმია უწოდა და აღნიშნა, რომ სრულ დაკომპლექტებამდე აღნიშნულ სამხედრო ფორმირებას თურქეთი გაანეიტრალებს. დამასკოში აცხადებენ, რომ აშშ-ის სურვილი სირიაში სასაზღვრო უსაფრთხოების ზონის შექმნა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე უხეში თავდასხმაა. ვაშინგტონის გეგმის თანახმად, სირიის სასაზღვრო ზონების გასაკონტროლებლად 30 ათასი მებრძოლისგან ფორმირებული შენაერთი უნდა შეიქმნას. შეირაღებული მილიცია სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით იქნება ბაზირებული.[4]

ქურთთა სახალხო თავდაცვის შენაერთებმა, თურქეთის იმ შეიარაღებულ ძალებზე იერიში მიიტანეს, რომლებიც შეეცადნენ, სირიის ტერიტორიის სიღრმეში შეეღწიათ. მოსაზღვრე რაიონის სოფელ ბიულბიულში, შეიარაღებული შეტაკების დროს, 4 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა. 19 იანვარს, თურქმა სამხედროებმა ქურთთა შენაერთის მიმართულებით დაიწყეს სროლა ქალაქ აფრინთან, რომელიც სირიის ჩრდილოეთით მდებარე ალეპოს პროვინციაში მდებარეობს. თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ნურეტინ ჯანიკლიმ განაცხადა, რომ ქურთთა სამხედროებზე თავდახმის ბრძანება გაცეულია და ის არ შეიცვლება.

თურქეთის ავიაციამ სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, აფრინის რაიონში ქურთთა პოზიციები დაბომბა. თურქეთის გენშტაბმა ცოტა ხნის წინ სამხედრო ოპერაციის სახელწოდებით “ზეთისხილის რტო” დაწყების შესახებ განაცხადა. ოპერაცია “სირიის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით” ჩატარდება. მედიის ცნობით, თურქეთის ავიაციამ 108 სამიზნე იობიექტზე მიიტანა იერიში, მათ შორის, აეროდრომზე, რომლითაც აშშ ქურთებს იარაღით ამარაგებდა. თურქეთის მიერ ოპერაციის დაწყების პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აფრინის რაიონიდან რუსი სამხედროების გაყვანის განკარგულება გასცა. თურქეთის ხელისუფლება ცდილობს, განდევნოს აფრინიდან ქურთები, რომლებმაც აღნიშნული რაიონი 2012 წელს დაიკავეს.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიაში, აფრინში ანტიტერორისტული ოპერაცია, ფაქტობრივად, დაწყებულია. თურქეთის პრეზიდენტმა მოუწოდა დასავლეთს, გადახედოს საკუთარ პოლიტიკას სირიაში და შეწყვიტოს თანამშრომლობა ქურთ ტერორისტებთან, რომლებიც ამერიკამ და ევროკავშირმა ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანეს.[5]

ქურთების ჯარის (YPG) მეთაური სიპან ჰემო, სირიაში ქურთების ბაზაზე თურქეთის თავდასხმას რუსეთს აბრალებს და მათ მოღალატეებს უწოდებს. თურქეთი კი სირიაში, კერძოდ აფრინში მშვიდობიანი მოსახლეობის გარდაცვალებას უარყოფს. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ სოციალურ ქსელში გაავრცელა. „როგორც ყოველთვის ტერორისტები ახერხებენ მსოფლიო, პროპაგანდის საშუალებით, შეცდომაში შეიყვანონ და მოატყუონ. ისინი ლიკვიდირებულ ტერორისტებს მშვიდობიან მოსახლეობად ასაღებენ. ისინი იყენებენ სამოქალაქო პირებს, როგორც ცოცხალ ფარს. ჩვენი სამიზნე არც ჩვენი ქურთი ძმები და არც სირიელები არიან. ჩვენ მხოლოდ ტერორისტებს ვებრძვით“, – დაწერა მევლუთ ჩავუშოღლუმ.[6]

თავდასხმა ქაბულის ერთერთ სასტუმროზე – ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, სასტუმროში მომხდარ თავდასხმის შედეგად ბოლო მონაცემებით 18 ადამიანი დაიღუპა, მათგან 14 უცხოელია. ამ 14-დან სულ ცოტა 6 უკრაინის მოქალაქეა, 4 ავღანელი, 1 გერმანელი, 1 ბერძენი და 1 ყაზახი. ორი ადამიანი ჯერ ამოუცნობია. ზოგიერთი წყაროს თანახმად კი დაღუპულთა რიცხვი 43-ს აღწევს. თავდასხმა 20 იანვარს მოხდა. დაპირისპირება 17 საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა. მედიის ცნობით, თავდასხმის დროს სასტუმროში კონფრენცია და ასევე 2 ქორწილი იმართებოდა. დაცვის წევრებმა შენობიდან 129 ადამიანის გაყვანა მოახერხეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „თალიბანმა“ აიღო.[7]

მაროკოში ქალებს ნოტარიუსად მუშაობის უფლება მისცეს – ქორწინების დოკუმენტაციის შედგენა  მთავრობის სახელით, უძრავი ქონების ტრანზაქციების ადმინისტრირება, სასამართლოს დოკუმენტაციის მომზადება – ეს ის სფეროებია, რომელთა შესახებაც სანოტარო დოკუმენტების შედგენის უფლებაც მაროკოელმა ქალებმა მოიპოვეს. ბოლო წლებში, მაროკოში ქალთა უფლებების გასაფართოებლად, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება დაინერგა. მათ შორის, ქალებს მიეცათ უფლება, იმსახურონ პოლიციის თანამშრომლის პოზიციაზე.[8]

[1] Libyan Express; Death toll of Tripoli Mitiga Airport clashes hit 20 and 60 injuries: Health Ministry says; 15 January, 2018; available at: http://www.libyanexpress.com/death-toll-of-tripoli-mitiga-airport-clashes-hit-20-and-60-injuries-health-ministry-says/

[2] Dhaka Tribune; 7 ethnic Rakhine killed as Myanmar police fore on riot; 17 January, 2018; available at: http://www.dhakatribune.com/world/south-asia/2018/01/17/7-ethnic-rakhine-killed-myanmar-police-open-fire-riot/

[3] Aljazeera; Suicide bombing in Borno market causes multiple death; 18 January, 2018; available at: http://www.aljazeera.com/news/2018/01/suicide-bombing-borno-market-multiple-deaths-180117194033715.html

[4] Reuters; Turkey shells Syria’s Afrin region, minister says operation has begun; Mert Ozkan; 19 January, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-mideast-crisis-syria-turkey/turkey-shells-syrias-afrin-region-minister-says-operation-has-begun-idUSKBN1F80XX

[5] BBC; Syria: Turkey war planes lunch strikes on Afrin; 20 January, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-middle-east-42759944

[6] Imedi News; თურქეთის აფრინში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის ფაქტს უარყოფს; 22 იანვარი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/45141/turqeti-aprinshi-mshvidobiani-mosakhleobis-dagupvis-paqts-uarkops

[7] BBC; Kabul: Gunmen attack Intercontinental Hotel; 20 January, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-asia-42761881

[8] Aljazeera; Morocco allows women to take up public notary positions; 23 January, 2018; available at: http://www.aljazeera.com/news/2018/01/morocco-women-public-notary-positions-180123084521772.html