ირანი. იარის (კაკაი) წარმომადგენლების მდგომარეობა. აპრილი, 2018

დანიის იმიგრაციის სამსახურის მიერ 2017 წლის 6 აპრილს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ იარის სარწმუნოების მიმდევრებს, იარსანებს ირანში იცნობენ როგორც „აჰლე ჰაქ“-ის მიმდევრებს. აღნიშნული ჯგუფი თავის თავს ხშირად უწოდებს „ტაიეფეს“ (ტომის ან ჯგუფის აღმნიშვნელი) ან „იარსანს“. იარის სხვა ჯგუფის მიმდევრების სხვა სახელწოდებაა „ალიულაჰი“ ან „ალი-ილაჰი“ (ისინი ვისაც სწამს, რომ ალი ღმერთია).

იარის სარწმუნოების ფესვები ირანის ქურთულ ტერიტორიას უკავშირდება, მისი ტრადიციები, რწმენა და მითები შემონახულია უძველეს ირანულ ელემენტებში. იარსანები არ არიან ერთიანები თავიანთ შეხედულებებსა და წარმოდგენებში. მათ ტრადიციაში არსებობს სხვადასხვა განშტოება. იარსანებს შორის კარდინალურ სხვაობას წარმოადგენს იარის სარწმუნოების ისლამთან სიახლოვის და გაერთიანების საკითხი.

ირანში იარსანები, ძირითადად, კერმანშაჰის პროვინციაში არიან წარმოდგენილები. დაახლოებით ნახევარი მილიონი იარსანი ცხოვრობს აღნიშნულ ტერიტორიაზე. იარსანების ჯგუფები ირანის სხვა პროვინციებშიც ცხოვრობენ, მათ შორის დასავლეთ აზერბაიჯანის, ლორესტანის, თეირანის, ჰამადანის, კელარდაშტის, კარაჯაის, სავეჰის ტერიტორიებზე. ირანში მცხოვრები იარსანების ზუსტი რაოდენობა უცნობია, მათი რაოდენობა, დაახლოებით, ერთი მილიონიდან ოთხ მილიონამდე მერყეობს.

კერმანშაჰის პროვინციის დასავლეთ ნაწილში არსებობს გურანის (ან გორანი) ტერიტორია, რომელიც იარის სარწმუნოების წარმოშობის ადგილად მიიჩნევა და სადაც განთავსებულია იმ ობიექტების უმეტესი ნაწილი, რომელიც იარსანების წმინდა ადგილებად არის მიჩნეული; სწორედ ამ ტერიტორიაზე არის კონცენტრირებული იარსანთა უმეტესი ნაწილი. კერმანშაჰის აღმოსავლეთ ნაწილში, ქ. საჰნეჰში და მის ახლოს მდებარე სოფლებშიც ცხოვრობენ იარსანები.[1]

„Minority Rights Group International“-ის მიერ 2018 წლის 13 მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ირანის 1979 წლის კონსტიტუცია (1989 წელს ჩასწორებული) ქვეყანას აცხადებს ისლამურ რესპუბლიკად, ხოლო სახელმწიფო რელიგიად ასახელებს ჯაფარის სკოლის შიიტურ ისლამს. მიუხედავად ამისა, კონსტიტუცია აღიარებს ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს და მათ საბაზისო დაცვას სთავაზობს, რაც დისკრიმინაციისგან დაცვის გარანტიასაც მოიცავს. თუმცა, უფლებები, რომელიც კონსტიტუციაშია გაწერილი, არ არის საყოველთაო და გარკვეულ შემთხვევებში შეზღუდვებიც არის დაწესებული. მაგალითად, კონსტიტუციის მე-12 მუხლი აცხადებს რომ სხვა ისლამურ სკოლებს, მათ შორის ოთხი სუნიტური სკოლა, სრული პატივისცემით უნდა სარგებლობდეს და იმ ტერიტორიებზე, სადაც უმრავლესობას წარმოადგენენ ამ სკოლის მიმდევრები, უფლებას აძლევს მისდიონ თავიანთ წესებს. მე-13 მუხლი რელიგიური აღმსარებლობის, პერსონალური სტატუსის და რელიგიური განათლების სფეროში თავისუფლებას ანიჭებს რელიგიურ უმცირესობებს – ზოროასტრიზმის მიმდევრებს, იუდეველებს და ქრისტიანებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მე-13 მუხლი აცხადებს, რომ მხოლოდ სამი ზემოხსენებული ჯგუფი არის აღიარებული რელიგიურ უმცირესობად, რაც იმას გულისხმობს, რომ სხვა რელიგიის მიმდევრები (როგორებიცაა ბაჰაიზმი, საბეან-მანდეანები და იარსანები) არ სარგებლობენ იგივე უფლებებით.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ იარსანები (აჰლ-ე-ჰაქ ან კაკა’ი) სინკრეტული რელიგიის მიმდევრები არიან, რომელიც მეოთხე საუკუნეში შეიქმნა. ისინი ძირითადად კერმანშაჰის  და ირანის ქურთისტანის სხვა ტერიტორიებზე ცხოვრობენ. სახელმწიფო არ აღიარებს ამ რელიგიას და მათ მიიჩნევს „შეცდომაში შეყვანილ კულტებად“. მათ ასევე მუსლიმებად მიიჩნევენ, დისკრიმინაციის თავიდან აცილებისთვის ამ სტრატეგიას ზოგიერთი იარსანიც იყენებს. თითქმის ყველა იარსანი ქურთული წარმოშობისაა და შესაბამისად ისინი განიცდიან დისკრიმინაციას როგორც ეთნიკური, ისე რელიგიური კუთვნილების საფუძველზე.

იარსანები და საბეან-მანდეანები არ სარგებლობენ ოფიციალური დაცვით და ზოგჯერ ძირითად სამიზნეებს წარმოადგენენ. ორივე საზოგადოების წევრები ჩივიან, რომ ხელისუფლება არ აძლევს მათ უფლებას ააშენონ რელიგიური შენობები. 2016 წლის მარტში, თავდამსხმელთა დიდი ჯგუფი, რომლებიც ქვებით და ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულები და აცხადებდნენ, რომ უზენაესი ლიდერის მიმდევრები იყვნენ, თავს დაესხნენ იარსანის საზოგადოების კუთვნილ სალოცავს; გაანადგურეს ფანჯრები და მთელი შენობა. თუმცა, იარსანთა საზოგადოების სხვა წევრები აცხადებდნენ, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ დაუბრკოლებლად მისდიონ თავიანთ წესებს მშვიდად და თავისუფლად მართონ თავიანთი წმინდა ადგილები, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება მათზე დაკვირვებას ახორციელებდა.[2]

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალური მომხსენებლის მიერ 2018 წლის 5 მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ იგი შეხვდა იარსანთა საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებმაც განაცხადეს რომ აწყდებიან დისკრიმინაციას და რეპრესიას თავიანთი რელიგიური კუთვნილების გამო. მათ განმარტეს, რომ არ აქვთ უფლება თავიანთი შვილები დაარეგისტრირონ იარსანებად. მათ ასევე ეკრძალებათ რელიგიური სახლების აშენება, რომ თავიანთი რელიგიის შესაბამისად განახორციელონ დაკრძალვები და რეჟიმის ან სასულიერო ლიდერის შეურაცხყოფის ბრალდების წაყენების შიშით, ვერ ბეჭდავენ  თავიანთ წმინდა წიგნს. 2016 წლის თებერვალში, იარსანთა სალოცავზე, შაჰ აბაზე თავდასხმა განხორციელდა. სპეციალურმა მომხსენებელმა მიიღო უამრავი ცნობა იარსანთა სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაციის შესახებ, რაც მოიცავს დასაქმების შესახებ აქტს, რომელიც ინდივიდს ავალდებულებს, რომ იყოს მუსლიმი ან აღიარებული რელიგიის მიმდევარი. იარსანთა წარმომადგენლებმა წარმოადგინეს ინფორმაცია, რომ მას შემდეგ რაც ცხადი გახდა, რომ გარკვეული პირები იარსანები იყვნენ, მასინვე მოხდა მათი სამსახურებიდან გათავისუფლება. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ინდივიდებს აიძულებდნენ, რომ ულვაში გაეპარსათ (ულვაში წმინდა სიმბოლოს წარმოადგენს იარსანთა საზოგადოებაში) იმ შემთხვევებში, როდესაც უარს ამბობდნენ ლოცვაზე, მაგალითად სამხედრო სამსახურის დროს.[3]

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების კომისიის 2017 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მაშინ, როდესაც ირანის მთავრობა იარსანის მიმდევრებს მიაკუთვნებს შიიტ მუსლიმებს, რომლებიც სუფიზმს ქადაგებენ, იარსანები თავიანთ რელიგიას განცალკევებულად მიიჩნევენ. 2016 წლის ივნისში, იარსანთა რელიგიურმა ლიდერმა  ირანის მთავრობას მიმართა და კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა სთხოვა, რაც აკრძალავდა მათ მიმართ დისკრიმინაციას და აღიარებდა მათ საზოგადოებას, როგორც რელიგიურ უმცირესობას. გავრცელებული ინფორმაციით, ირანის მთავრობამ საპასუხოდ განაცხადა, რომ ის ისედაც პატივს სცემს მათ რელიგიას და სამოქალაქო უფლებებს.[4]

განათლებაზე წვდომა

შიდა კანონმდებლობა და საერთაშორისო ნორმები უზრუნველყოფენ ყველა ირანელის უფლებას განათლების მიღების კუთხით. თუმცა, სამართლებრივ და პრაქტიკულ დონეზე დაწესებული შეზღუდვები ხელს უშლის უმცირესობების განათლებაზე წვდომის შესაძლებლობას.

რელიგიური უმცირესობების შემთხვევაში, ჩარიცხვისთვის არსებული მოთხოვნები  უნივერსიტეტში დარეგისტრირების შესაძლებლობას უზღუდავს, იმათ ვინც არაღიარებულ რელიგიურ უმცირესობას მიეკუთვნებიან. უნივერსიტეტში მიღების წესები, რომლებიც დაწესებულია კულტურული რევოლუციის უმაღლესი საბჭოს მიერ, აცხადებს რომ სტუდენტები უნდა მიეკუთვნებოდნენ ოთხი აღიარებული რელიგიიდან ერთერთს. სტუდენტთა შერჩევის ცენტრალური საბჭოს სამდივნოს მიერ, 2010 წლის ივნისში გაკეთებული განცხადების მიხედვით, სტუდენტები, რომლებიც ადამიანის მიერ შექმნილი რელიგიის მიმდევრები არიან და არაოფიციალურ უმცირესობებს წარმოადგენენ არ აქვთ უფლება, რომ უნივერსიტეტში ისწავლონ, ხოლო თუ ისინი უკვე დარეგისტრირებულები არიან, დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ საბჭოს. აქედან გამომდინარე, უმაღლესი განათლების  მიღების მსურველი საბეან-მანდეანები, იარსანები და სხვა არაღიარებული უმცირესობები განაცხადის ფორმებში თავიანთ თავს უწოდებენ ქრისტიანებს ან მუსლიმებს. უმცირესობების წარმომადგენლები იმ შემთხვევაში თუ გამოაშკარავდება მათი რელიგიური კუთვნილება, ხშირად ექვემდებარებიან სასწავლებლიდან გარიცხვას. მაგალითად, 2017 წლის დასაწყისში, ხელისუფლებამ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება აუკრძალა იურისტს, რომელიც „გონაბადი სუფის“ წევრი იყო.[5]

[1]The Danish Immigration Service: IRAN: The Yaresan; 6 April 2017  

[accessed on 16 April 2018]

[2] Minority Rights Group International (MRG); Ceasefire Centre for Civilian Rights; Centre for Supporters of Human Rights (CSHR) (Author), published by MRG – Minority Rights Group International: Rights Denied: Violations against ethnic and religious minorities in Iran, 13 March 2018

[accessed on 16 April 2018]

[3] HRC – UN Human Rights Council (formerly UN Commission on Human Rights): Report of the Special Rapporteur on the situation of human rights in the Islamic Republic of Iran [A/HRC/37/68], 5 March 2018

[accessed on 16 April 2018]

[4] U.S. Commission on International Religious Freedom/Annual Report 2017/ Iran

   [accessed on 16 April 2018]

[5] Minority Rights Group International (MRG); Ceasefire Centre for Civilian Rights; Centre for Supporters of Human Rights (CSHR) (Author), published by MRG – Minority Rights Group International: Rights Denied: Violations against ethnic and religious minorities in Iran, 13 March 2018

[accessed on 16 April 2018]