იემსაერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების ჟენევის აკადემიის პროექტის „კანონის უზენაესობა შეიარაღებულ კონფლიქტებში“ (RULAC) მიხედვით, იემენის ტერიტორიაზე ადგილი აქვს რამდენიმე არა-საერთაშორისო ხასიათის შეიარაღებულ კონფლიქტს.
არა-საერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტი გრძელდება იემენის ხელისუფლებასა და ამბოხებულ ჰუტებს შორის. 2015 წელს ჰუტებმა კონტროლი დაამყარეს იემენის დედაქალაქზე. იემენის პრეზიდენტის თხოვნით, 2015 წლის მარტში, კონფლიქტში ჩაერთო საერთაშორისო კოალიცია საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით. საუდის არაბეთის ჩართულობა არ ცვლის კონფლიქტის სტატუსს, რადგან აღნიშნული ხდება იემენის ხელისუფლების თანხმობით.
იემენის ხელისუფლება, ასევე, ჩართულია არა-საერთაშორისო ხასიათის კონფლიქტში ტერორისტული დაჯგუფებასთან „ალ-ქაედა არაბეთის ნახევარკუნძულზე“. იემენის ხელისუფლების თანხმობით, ამერიკის შეერთებული შტატები ახორციელებს მიზნობრივ ოპერაციებს დაჯგუფების წინააღმდეგ.
შეიარაღებული ჯგუფები, მათ შორის ჰუტები და ალ-ქაედა, ასევე იბრძვიან ერთმანეთის წინააღმდეგ იემენის ტერიტორიაზე.
2017 წელს შეიქმნა სამხრეთის გარდამავალი საბჭო, რამაც წარმოშვა კიდევ ერთი არა-საერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტი იემენის ხელისუფლებასა და აღნიშნულ სამხრეთის გარდამავალ საბჭოს შორის.[1]
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 12 აპრილს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი 2021 წელი) იემენში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ წერია, რომ იემენი არის რესპუბლიკა და ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად ძალაუფლება იყოფა პრეზიდენტს, პარლამენტსა და დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას შორის. მიუხედავად ამისა, წლის განმავლობაში სახელმწიფოზე კონტროლი სამ აქტორს შორის იყო განაწილებული: ირანის მხარდაჭერილი ანსარ ალაჰის მოძრაობა (მეორენაირად ჰუტები), საერთაშორისოდ აღიარებული იემენის ხელისუფლება და არაბთა გაერთიანებული ემირატების მხარდაჭერილი „სამხრეთის გარდამავალი საბჭო“. ქვეყანაში უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნები 2012 წელს ჩატარდა, რომლის შედეგად ქვეყნის პრეზიდენტი რაბუჰ მანსურ ჰადი გახდა.
ანგარიშის აღნიშნულია, რომ ჰუტები აკონტროლებდნენ არამარტო ეროვნული უსაფრთხოების დარჩენილი დაწესებულებების უმეტესობას ჩრდილოეთით, არამედ სხვა ყოფილ სახელმწიფო ინსტიტუტებსაც.
იემენის ხელისუფლებამ საკუთარი კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიაზე შეავსო ეროვნული უსაფრთხოების დაწესებულებები, თუმცა იემენის ნომინალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე ეფექტურ კონტროლს ადგილობრივი სამხედრო მეთაურები და ტომობრივი გაერთიანების ლიდერები ახორციელებდნენ. „სამხრეთის გარდამავალი საბჭო“ ფიზიკურ კონტროლს ახორციელებს ქვეყნის სამხრეთით არსებულ დიდ ტერიტორიაზე, მათ შორის მთავრობის დროებით დედაქალაქ ადენზე.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშში აღნიშნავს, რომ სამოქალაქო ხელისუფლება ვერ ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს უსაფრთხოების ძალებზე. გავრცელებული სანდო ცნობების თანახმად, ქვეყანაში ადგილი ჰქონდა უსაფრთოხების ძალების წარმომადგენლების მხრიდან დარღვევებს.
2014 წელს ყოფილ პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰთან აფილირებულმა ამბოხებულმა ჰუტებმა იემენის დედაქალაქი სანაა დაიკავეს, რამაც ქვეყანაში სამოქალაქო ომი გამოიწვია. მას შემდეგ რაც ქვეყნის პრეზიდენტი (ჰადი) ქვეყნიდან გაიქცა, მან საერთაშორისო მხარდაჭერა მოითხოვა ხელისუფლების აღსადგენად და 2015 წელს საუდის არაბეთის მხარდაჭერით შეიქმნა საერთაშორისო სამხედრო კოალიცია. 2019 წელს საუდის არაბეთის დახმარებით მხარეებს (იემენის ხელისუფლება და „სამხრეთის გარდამავალ საბჭო“) შორის დაიდო ძალაუფლების განაწილების შეთანხმება, („რიადის შეთანხმება“), რაც წინ უძღოდა 2020 წლის დეკემბერში ახალი კოალიციური ხელისუფლების შექმნას.
ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში (2021 წელი) იემენში დაფიქსირებულ მნიშვნელოვან უფლება დარღვევათა შორის იყო: უკანონო და თვითნებური მკვლელობები (კონფლიქტში ჩართული ყველა მხარის მიერ), წამება, სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა ან სასჯელი (ასევე ყველა მხარის მიერ), მკაცრი და სიცოცხლისთვის საშიში საპატიმრო პირობები, თვითნებური დაპატიმრებები და დაკავებები, პოლიტიკური პატიმრები და დაკავებულები, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები, პირადი ცხოვრების უფლებაში უკანონო და თვითნებური ჩარევა, კონფლიქტის ფარგლებში სერიოზული დარღვევები, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ფართოდ გავრცელებული ზიანი, პირთა უკანონოდ რეკრუტირება ან ბავშვი სამხედროების გამოყენება (კონფლიქტის ყველა მხარის, განსაკუთრებით კი ჰუტების, მიერ), გამოხატვის და პრესის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვა, მათ შორის ძალადობა, ძალადობის მუქარა ან გაუმართლებელი დაპატიმრება ან სისხლისსამართლებრივი დევნა ჟურნალისტების მიმართ, ცენზურა და ცილისწამების შესახებ კანონები, ინტერნეტის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვა, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაში სერიოზული ჩარევა, რელიგიის და გადაადგილების თავისუფლებების შეზღუდვა, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების გზით ხელისუფლების არჩევის შესაძლებლობის არარსებობა, პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობის სერიოზული და უსაფუძვლო შეზღუდვა, კორუფცია, ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციების მიმართ შეზღუდვები, გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე გამოძიების და პასუხისმგებლობის დაკისრების ნაკლებობა, ადრეული და იძულებითი ქორწინებები, ქალთა სასქესო ორგანოს დასახიჩრება. ასევე, ქვეყანაში კანონმდებლობა კრძალავს ერთსქესიან პირთა შორის სექსუალურ ურთიერთობას. გარდა ამისა, იემენში ასევე ფიქსირდება ბავშვთა შრომის ყველაზე ცუდი ფორმები.
უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელთა დაუსჯელობა რჩებოდა სერიოზულ პრობლემად, ნაწილობრივ იმის გამო, რომ ხელისუფლებას არ გააჩნდა მათზე ეფექტური კონტროლი, ხოლო მეორეს მხრივ იმიტომ, რომ არ არსებობდა სათანადო, ეფექტური საგამოძიებო და სადამსჯელო მექანიზმები.
ქვეყნის ჩრდილოეთში ყოფილ სამთავრობო დაწესებულებებზე ჰუტების კონტროლმა საგრძნობლად შეამცირა მთავრობის შესაძლებლობა ჩაეტარებინა გამოძიება. იემენის პრემიერ-მინისტრის მთავრობამ გაააქტიურა ანტიკორუფციული სუბიექტები და დაიწყო სახელმწიფო შემოსავლების და ცენტრალური ბანკის აუდიტი. აღსანიშნავია ისიც, რომ ჰუტებმა გამოიყენეს ყოფილი ანტიკორუფციული ხელისუფლება განსხვავებული აზრის ჩასახშობად და პოლიტიკური ოპონენტების რეპრესირებისთვის.
ქვეყანაში ასევე დაფიქსირდა არა-სახელმწიფო აქტორების (მათ შორის ჰუტები, ტომობრივი გაერთიანებები, სამხრეთის გარდამავალი საბჭო და ტერორისტული ჯგუფები (არაბეთის ნახევარკუნძულის ალ-ქაედა და ისლამური სახელმწიფოს ადგილობრივი განშტოება)) მიერ განხორციელებული დარღვევები, რომელიც დაუსჯელი დარჩა.
საუდის არაბეთის ხელმღვანელობით შექმნილი კოალიციის საჰაერო თავდასხმებს ემსხვერპლა მშვიდობიანი მოსახლეობა და გამოიწვია ინფრასტრუქტურის დაზიანება.[2]
საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის მიერ 2022 წლის 24 თებერვალს გამოქვეყნებულ ანგარიშში იემენში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების შესახებ წერია, რომ ქვეყანაში ყველაზე მძიმე დაპირისპირება მარიბის პროვინციაში მიმდინარეობს, სადაც ჰუტებმა ხელისუფლების ძალებზე დიდი უპირატესობა მოიპოვეს. აღნიშნული შეტაკებების შედეგად ათიათასობით სამოქალაქო პირს მოუწია ტერიტორიის დატოვება.
ანგარიშის თანახმად, სამოქალაქო მოსახლეობა განიცდის პირდაპირ ძალადობას კონფლიქტი ჩართული ორივე მხარისგან. გარდა ამისა, მოსახლეობა განიცდის საკვებთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, რაც გამოწვეულია ვაჭრობისა და დახმარების შეწყვეტით.[3]
არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International-ის მიერ 2022 წლის 29 მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი 2021 წელი) იემენში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ წერია, რომ კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარე აგრძელებდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მძიმე დარღვევების ჩადენას. საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიცია და ჰუტი ამბოხებულები აგრძელებდნენ თავდასხმებს, რასაც თან ახლდა მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაში და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება. ამას გარდა, კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარე ახორციელებდა პირთა თვითნებურ დაკავებას, იძულებით გაუჩინარებას, არასათანადო მოპყრობასა და წამებას და ა.შ. ისინი ასევე ხელს უშლიდნენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქონლის (საკვები, მედიკამენტები, საწვავი) გადაადგილებას. ქვეყანაში ასევე დაფიქსირდა სიკვდილით დასჯის განაჩენის გამოტანის და მისი აღსრულების ფაქტები.
ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ შეიარაღებული კონფლიქტი 2021 წლის განმავლობაშიც გრძელდებოდა. თებერვალსა და სექტემბერში სიტუაცია გამწვავდა, რაც ჰუტების მიერ ხელისუფლების ძალების წინააღმდეგ რამდენიმე პროვინციაში (მარიბი, ელ-დალი, ელ-ბეიდა, შაბვა) განხორციელებულმა თავდასხმებმა გამოიწვია. აღნიშნული თავდასხმების შედეგად ჰუტებმა დიდი ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვეს და 2021 წლის ბოლოს უკვე ქალაქ მარიბთან იყვნენ.
შეტაკებები (სამხრეთის გარდამავალ საბჭოსა და ხელისუფლების ძალებს შორის; ასევე, სამხრეთის გარდამავალ საბჭოსა და ადგილობრივ ტომთა გაერთიანებებს შორის) მიმდინარეობდა ადენის, ბიანისა და შაბვას პროვინციებში, მათ შორის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებზე. მიუხედავად, რიადის ძალაუფლების განაწილების ხელშეკრულებისა, ეს უკანასკნელი სრულად იმპლემენტირებული არ არის და სამხრეთის გარდამავალი საბჭოს ძალები რჩებოდნენ ხელისუფლების კონტროლის მიღმა.
2021 წლის ბოლოს გაეროს სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით იემენში მხარეებს შორის კონფლიქტი ღრმავდება.[4]
Human Rights Watch-ის მიერ 2022 წლის 13 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი 2021 წელი) იემენში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ წერია, რომ კონფლიქტი 2021 წელს გაძლიერდა და მოიცვა იემენის 49 რაიონი, რომლებიც უშუალოდ დაზარალდნენ სამხედრო მოქმედებებით. მარიბის პროვინცია ყველაზე მეტად დაზარალდა ხელისუფლების ძალებსა და ჰუტებს შორის არსებული შეტაკებებით.
ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში გაუარესებულ ეკონომიკურ სიტუაციას და ძირითადი სერვისების არარსებობას გავლენა ჰქონდა იემენის მშვიდობიან მოსახლეობაზე. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით სამხრეთ იემენში გაიმართა საპროტესტო აქციები.[5]
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა (UNHCR) 2021 წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ასახულია აღნიშნული ორგანიზაციის მიდგომა იემენში პირთა დაბრუნების საკითხთან მიმართებით. კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, UNHCR მოუწოდებს ქვეყნებს, იძულებით არ დააბრუნონ იემენის მოქალაქეები და იემენის ყოფილი რეზიდენტები იემენის არც ერთ ნაწილში. აღნიშნული მიდგომა წარმოადგენს მოპყრობის მინიმალურ სტანდარტს და სახეზე უნდა იყოს მანამ, სანამ იემენში უსაფრთხოების, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, რათა შემდგომში უზრუნველყოფილ იქნას იმ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება, რომელთა მიმართაც დადგინდება, რომ არ საჭიროებენ საერთაშორისო დაცვას.
პირთა იძულებითი დაბრუნების დროებით შეჩერება არ უნდა გახდეს საერთაშორისო დაცვის ჩანაცვლების საფუძველი იმ პირთა მიმართ, რომლებიც აკმაყოფილებენ გაეროს 1951 წლის კონვენციით გათვალისწინებულ ლტოლვილის სტატუსს, რელევანტური რეგიონალური ინსტრუმენტებით გათვალისწინებულ ლტოლვილის უფრო ფართო კრიტერიუმს ან დამატებითი დაცვის ფორმას.[6]
[1] ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ჟენევის აკადემია; პროექტი „კანონის უზენაესობა შეიარაღებულ კონფლიქტებში“ RULAC; იემენი; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.rulac.org/browse/map [ნანახია 2022 წლის 26 ოქტომბერს]
[2] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – იემენი – „ანგარიში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ“; გამოქვეყნებულია 2022 წლის 12 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე:
[ნანახია 2022 წლის 26 ოქტომბერს][3] Freedom House – იემენი – „ანგარიში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების შესახებ“; გამოქვეყნებულია 2022 წლის 24 თებერვალს; ხელმისაწვდომია ბმულზე:
[ნანახია 2022 წლის 26 ოქტომბერს][4] Amnesty International – იემენი – „ანგარიში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ“; გამოქვეყნებულია 2022 წლის 29 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:
[ნანახია 2022 წლის 26 ოქტომბერს][5] Human Rights Watch – იემენი – ანგარიში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარები შესახებ; გამოქვეყნებულია 2022 წლის 13 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე:
[ნანახია 2022 წლის 26 ოქტომბერს][6] გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი – UNHCR-ის პოზიცია პირთა იემენში დაბრუნების შესახებ ; გამოქვეყნებულია 2021 წლის ოქტომბერში; ხელმისაწვდომია ბმულზე:
[ნანახია 2022 წლის 26 ოქტომბერს]