იემენი. სამხედრო სამსახურში გაწვევა და იძულებითი რეკრუტირება. მარტი, 2022

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო [EUAA] 2022 წლის 3 მარტს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში – „გაწვევა და რეკრუტირება იემენში“ – წერს, რომ ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით [მე-60 მუხლი], „რელიგიისა და სამშობლოს დაცვა მოვალეობა, ხოლო სამხედრო სამსახური ღირსეული საქციელია“. ამავე მუხლის მიხედვით, ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს კანონმდებლობა. იემენის კანონმდებლობით, ქვეყანაში არ არსებობს „ჯარში გაწვევა“. იემენში სამხედრო სამსახური ნებაყოფლობითია და მინიმალური სამხედრო ასაკი 18 წელია. ის, ვინც ნებაყოფლობით შეუერთდება შეიარაღებულ ძალებს, ვალდებულია იმსახუროს 2 წლის განმავლობაში.

წყაროების ინფორმაციით, აღწერილი იყო 171 გადამოწმებული შემთხვევა, როდესაც 10-17 წლის ასაკის ბავშვების რეკრუტირება იემენის შეიარაღებულ ძალებშ მათი გამოყენება მოხდა 2019 და 2020 წელს. რეკრუტირებას ადგილი ჰქონდა, ძირითადად, შაბვას, მარიბის, დალის, ტაიზისა და ბაიდის პროვინციებში. 2020 წლის თებერვალში თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა გამოსცეს პოლიტიკური და სამხედრო განკარგულება, რომელიც კრძალავდა ბავშვების რეკრუტირებას და იემენის არმიასა და უსაფრთხოების ძალების მიერ გამოყენებას. 2021 წლის სექტემბერში, წყაროები აღნიშნავდნენ, რომ 2020 წლის განმავლობაში ბავშვების რეკრუტირების დოკუმენტირებული შემთხვევების [მინიმუმ 239 შემთხვევა] 10% მოდიოდა სამთავრობო ძალებზე. ექსპერტთა მოსაზრებით, რეკრუტირებას, როგორც ბრიგადების, ასევე სამთავრობო ძალების მხრიდან, ფინანსური საფუძველი აქვს – ახალგაზრდა ბიჭების ოჯახების ეკონომიკური საჭიროებები – რადგან რეკრუტირებულებს მიმზიდველ ანაზღაურებას სთავაზობენ.

წყაროების ინფორმაციით, ჰუტები კონცენტრირებულნი არიან ახალგაზრდების იდეოლოგიური არმიის შექმნაზე და ისინი ცდილობენ სკოლებსა და სამეზობლოში მოახდინონ ახალგაზრდების რეკრუტირება და ამისთვის იყენებენ რელიგიურ, კულტურულ და პოლიტიკურ პროპაგანდას. გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, ასევე ადგილი აქვს იძულებასა და დაშინებასაც. მუქარის ობიექტები ხდებიან ახალგაზრდა ბიჭების ოჯახებიც – მათ ემუქრებიან დაპატიმრებით, რათა ახალგაზრდა ბიჭები აიძულონ, გაწევრიანდნენ შეიარაღებულ დანაყოფში.

2020 წლის მაისში წყაროები წერდნენ, რომ ჰუტებმა აამოქმედეს გაწვევის კამპანია „ახალგაზრდა მამაკაცებისთვის თავიანთი კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე, საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ მხარდაჭერილი ძალების წინააღმდეგ საბრძოლველად.“ წყაროების ცნობით, დედაქალაქი სანას თითოეული რაიონიდან/სამეზობლოდან [neighbourhood] იყვნადნენ 4 ახალგაზრდა ბიჭს და მიჰყავდათ წვრთნებზე – ბრძოლის ველზე გაგზავნამდე, მათ იარაღის მოხმარებას ასწავლიდნენ.

წყაროები 2021 წლის თებერვალში ასევე წერდნენ, რომ მებრძოლების ნაკლებობას, განსაკუთრებით კარგად გაწვრთნილი მებრძოლების ნაკლებობას ჰუტები განიცდიან და ეს ბოლო 6 თვეში უფრო თვალსაჩინო გახდა. ჰუტები ყოველთვის მიმართავდნენ გაწვევას თავიანთი რიგების შესახვსებად, მაგრამ ბოლო გაწვევებისას, რეკრუტირებულები უფრო ახალგაზრდები არიან, იღებენ ნაკლებ წვრთნა/მომზადებას და მათ უხდიან [საერთოდ თუ უხდიან] გაცილებით ნაკლებს, ვიდრე 6 თვით ადრე.

ჰუტები რეკრუტირების რამდენიმე მეთოდს მიმართავენ, მათ შორის დაშინებას და ზეწოლას. ჰუტების მხრიდან რეკრუტირების ძირითადი მეთოდებია: ინდოქტრინაცია სკოლებში და საზაფხულო ბანაკები; ფინანსური შეთავაზებები და შიმშილის ტაქტიკა; გატაცება; რეკრუტირება დაკავების ცენტრებში როგორც გათავისუფლების პირობა.[1]

[1] ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო EUAA; კითხვაზე პასუხი – იემენი: გაწვევა და რეკრუტირება; გამოქვეყნებულია 2022 წლის 3 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 28 მარტს]

მაროკო. ბინადრობის მოწმობა ქორწინებით; იემენიდან გამგზავრება. სექტემბერი, 2020

იემენის რესპუბლიკის მოქალაქე რა პროცედურას გადის მაროკოს სამეფოში გასამგზავრებლად? ვიზა ჭიდება თუ არა? თუ განმცხადებლის მეუღლე მაროკოს მოქალაქეა ეს ამარტივებს თუ არა ვიზის აღებისა და ზოგადად გამგზავრების პროცედურას? –  მაროკოს სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამეშრომლობის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე არასებული ინფორმაციის მიხედვით, იემენი არ შედის იმ ქვეყანათა რიცხვში, რომელთა მოქალაქეებს არ სჭირდებათ ვიზა მაროკოში შესასვლელად. ვებ-გვერდზე ასევე მოცამულია ვიზის აღებისთვის განკუთვნილი კრიტერიუმები, როდესაც მაროკოში ვიზიტის მიზანი ოჯახთან გაერთიანებაა. ამისთვის საჭიროა:           1. შესვლის ვიზის სააპლიკაციო ფორმის შევსება: 2. აპლიკანტის ორი ფოტოსურათი; 3. დოკუმენტი, სადაც მითითებულია აპლიკანტის მისამართი; 4. მოქმედი პასპორტი; 5. პასპორტის გვერდების ფოტო-ასლები; 6. დოკუმენტი, სადაც დადასტურებულია პირის ქორწინება მაროკოს მოქალაქეზე. ვებ-გვერდზე მოცემული არაა სხვა ინფორმაცია ვიზის გაცემის  ან/და მის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღების პროცედურის შესახებ.[1]

პორტალ VisaGuide.world-ის მიხედვით, იემენის მოქალაქეს მაროკოში გასამგზავრებლად ვიზა სჭირდება. არსებობს 3 ტიპის ვიზა: 1. ტურისტული; 2. ტრანზიტული; 3. გრძელვადიანი ვიზა. ამ უკანასკნელის აღება შესაძელებელია მაშინ, როდესაც პირი მაროკოში მიდის სწავლის, მუშაობის ან ოჯახთან გაერთიანების მიზნით. ოჯახთან გაერთიანების მიზნით ვიზა გაიცემა იმ უცხოელებისთვის, რომელთა ოჯახის წევრებიც მაროკოს მოქალაქეა და მაროკოში ბინადრობს. ამ შემთხვევაში, ისეთ ძირითად დოკუმენეტებთან ერთად, როგორიცაა: ვიზის სააპლიკაციო ფორმა; პასპორტის ასლი; ფოტოსურათი და ა.შ., ვიზის აღების მსურველმა ასევე უნდა წარმოადგინოს მაროკოს მოქალაქესთან ნათესავობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი (ქორწინების მოწმობა; დაბადების მოწმობა და ა.შ.

პორტალის მიხედვით, ვიზის სააპლიკაციო ფორმა გაიცემა მაროკოს საელჩოს ან საკონსულოს მიერ და უშუალოდ ვიზაზე განცხადების შეტანაც, უმრავლეს შემთხვევაში, განმცხადებელმა პირადად  უნდა მოახდინოს. საელჩო ვიზის დამტკიცების ან უარის შესახებ გადაწყვეტილებას განმცხადებელს, როგორც წესი, 2 კვირის ვადაში ამცნობს, თუმცა, ეს პერიოდი შესაძლებელია განსხვავებული იყოს აპლიკანტის ინდივიდუალური განცხადების შესაბამისად.[2]

განყოფილების მიერ მოძიებულ იქნა მაროკოს საელჩოსა და საკონსულოს მისამართი იემენში – Faj Attan, Hay Assormi Avenue Beyrouth P.O. Box 3181 Sana’a Yemen TELEPHONE (+967) (1) 426 628.[3] თუმცა, აღნიშნულ საელჩოს ვებ-გვერდი არ გააჩნია, შესაბამისად, ვიზის მიღების პროცედურაზე ინფორმაცია მიუწვდომელი იყო.

სხვა დამატებითი ინფორმაცია მაროკოს ვიზის აღების თაობაზე, განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებში, მათ შორის – მაროკოს საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, არ იძებნება.

იმ შემთხვევაში, თუ მაროკოს სამეფოს მოქალაქის მეუღლე (მამაკაცი) არის უცხო ქვეყნის მოქალაქე (ამ შემთხვევაში იემენის მოქალაქე) მაროკოში საცხოვრებლად წასვლის შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქე რის საფუძველზე იცხოვრებს, შეძლებს თუ არა მაროკოს ბინადრობის მოწმობის აღებას?

მაროკოს სამეფოს საჯარო სერვისების ინტერნეტ-პორტალის – service-public.ma-ს მიხედვით,  მაროკოს მოქალაქეობის მოპოვება ქორწინებით შესაძლებელია, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დაქორწინებულია მაროკოელ მამაკაცზე. წყვილი მინიმუმ 5 წლის განმავლობაში, ერთად უნდა ცხოვრობდნენ მაროკოშო და მოქალაქეობის მისაღებად უნდა მიმართონ იუსტიციის სამინისტროს. იმ შემთხვევის შესახებ, როდესაც მაროკოელი ქალი და უცხო ქვეყნის მოქალაქე მამაკაცი არიან დაქორწინებული, საუბარი არ არის.

ამასთანავე, მაროკოს მოქალაქეობის მიღება შესაძლებელია ნატურალიზაციით. ამისთვის, სხვა ბევრ კრიტერიუმთან ერთად, აუციელებელია პირი მაროკოში მინიმუმ 5 წლის განმავლობაში ბინადრობდეს. ამას გარდა, ერთ-ერთ დამატებით მოთხოვნად მითითებულია,  რომ თუ პირის მეუღლე მაროკოს მოქალაქეა, მაშინ აუციელებელია მისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენაც.

რაც შეეხება ბინადრობის ნებართვის მოპოვებას მაროკოს სამეფოში, ქვეყანაში არსებობს დოკუმენტი სახელწოდებით „სარეგისტრაციო ბარათი“, რომელიც მიიჩნევა ბინადრობის მოწმობად. მისი მოქმედების ვადა 1-დან 10 წლამდეა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, ექვემდებარება განახლებას. ვებ-გვერდზე არ არის მოცემული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად შეუძლია მაროკოს  მოქალაქე ქალზე დაქორწინებულ მამაკაცს, ქვეყანაში ბინადრობის ნებართვის აღება.[4]

რაბათში ყატარის საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მაროკოშო ცხოვრების მსურველმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა აიღონ ბინადრობის მოწმობა. აღნიშნული დოკუმენტი, როგორც წესი შეტანილ უნდა იქნას „სამეფო უსაფრთხოების სამსახურის“ (ჟანდარმერიის) უახლოეს ოფისში და მისი ღირებულებაა 100 მაროკოული დირჰამი.

არსებობს სხვადასხვა ტიპის ბინადრობის მოწმობა. ამათგან ერთ-ერთია ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა მაროკოს მოქალაქის უცხო ქვეყნის მოქალაქე მეუღლეზე (როგორც ქმარზე, ასევე – ცოლზე). ამისთვის აუცილებელია შემდეგი დოკუმენტების შეტანა:

  1. აპლიკანტის პასპორტის გვერდების ფოტო-ასლები;
  2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  3. მაროკოში შესვლის ბეჭედი;
  4. ბინადრობის მოწმობის აპლიკაციის 2 შევსებული ფორმა;
  5. აპლიკანტის ფოტო;
  6. ბინი ქირავნობის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ პირი მაროკოში ბინადრობს;
  7. ცნობა აპლიკანტის ნასამართლეობის შესახებ (დამნაშავის დოსიე);
  8. ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა;
  9. საქორწინო კონტრაქტი, რომელიც ადასტურებს ქორწინების არსებობას;
  10. საბინადრო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ორივე მეუღლე ერთ სახლში ბინადრობენ.[5]

[1] Ministry of Foreign Affairs and Cooperation – Ordinary Visas; available at https://www.consulat.ma/en/ordinary-visas [accessed 14 September 2020]

[2] Portal Visaguide.world – Morocco Visa; available at https://visaguide.world/africa/morocco-visa/ [accessed 14 September 2020]

[3] Embassypages – Morocco Embassy in Yemen; available at https://www.embassypages.com/morocco-embassy-sanaa-yemen [accessed 14 September 2020]

[4] Web Portal Public Services in Morocco – Foreigner Resident; available at http://service-public.ma/en/web/guest/home?p_p_id=mmspservicepublicdiffusion_WAR_mmspservicepublicdiffusionportlet&p_p_lifecycle=0&p_p_state=normal&p_p_mode=view&p_p_col_id=column-1&p_p_col_count=1&_mmspservicepublicdiffusion_WAR_mmspservicepublicdiffusionportlet__spage=%2Fportlet_action%2Fprocedure%2Frubrique%2Fview%3FrubriqueSelected.idRubrique%3D20428&_mmspservicepublicdiffusion_WAR_mmspservicepublicdiffusionportlet_rubriqueSelected.idRubrique=20428 [accessed 14 September 2020]

[5] Qatar Embassy in Rabat – Foreigners Residence; available at https://rabat.embassy.qa/en/kingdom-of-morocco/foreigners-residence [accessed 15 September 2020]

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 1-7 თებერვალი, 2020

ერაყის პრემიერად მუჰამედ ალავი დაინიშნა – მის კანდიდატურაზე ქვეყნის პარლამენტის ფრაქციები შეთანხმდნენ, რომლებსაც პრეზიდენტმა ვადა 1-ელ თებერვლამდე მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში თანამდებობაზე სალეჰის მიერ შერჩეული ადამიანი დაინიშნებოდა. 65 წლის ალავის, რომელიც კავშირგაბმულობის მინისტრი იყო, მთავრობის ჩამოსაყალიბებლად 1 თვე აქვს. ერაყის პრემიერმინისტრის პოსტი ვაკანტური 2019 წლის ნოემბერში გახდა, როცა საპროტესტო აქციების გამო პოსტი აბდელ მაჰდიმ დატოვა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ალავიმ პირობა დადო, რომ დემონსტრანტების მოთხოვნებს გაითვალისწინებს. პარლამენტი მის კანდიდატურას კენჭს უახლოეს სხდომაზე უყრის. არეულობა ერაყში 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო. დემონსტრანტები ქვეყანაში კორუფციის დასრულებას ითხოვენ. საპროტესტო აქციების მსვლელობისას 500-მდე ადამიანი დაიღუპა.[1]

სირიის კრიზისი – აშშ-მა სირიაში არსებული ორი უმსხვილესი სამხედრო ბაზის გაფართოება გადაწყვიტა. ამ ნაბიჯით ვაშინგტონს რეგიონის ნავთობის საბადოებთან თავისი წარმომადგენლობის შენარჩუნება სურს. საუბარია ჰასაკის პროვინციაში არსებულ „ომარის“ და „თალ ბაიდარის“ ბაზებზე. ამერიკელმა სამხედროებმა ბაზების გაფართოების სამუშაოები უკვე დაიწყეს. კერძოდ, „ომართან“ უკვე განლაგებულია შესაბამისი ტექნიკა. „თალ ბაიდარის“ გაფართოების მიზნით კი ვაშინგტონმა ბაზის მახლობლად მდებარე ტერიტორია შეიძინა.[2]

რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ბაშარ ასადის ძალების მიერ იდლიბის პროვინციაში განხორციელებულ ავია იერიშებს 9 სამოქალაქო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთაგან 7 ადამიანი ერთი ოჯახის წევრია. სირიის სამთავრობო ძალების იერიშებს მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა ქალაქ ბინიშში, ხოლო რუსი სამხედროების რეიდს ქალაქ ატარებში ქალის სიცოცხლე შეეწირა. ბოლო პერიოდში, მოსკოვის მხარდაჭერილმა სირიის სამთავრობო ძალებმა გააძლიერეს დარტყმები იმ რეგიონში, სადაც ჯიჰადისტები დომინირებენ. ავია დარტყმების შედეგად ათასობით ადამიანს სახლის დატოვება მოუწია.[3]

იდლიბის პროვინციაში სირიის სამთავრობო ძალების მიერ განხორციელებული იერიშების შედეგად, ოთხი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო 9 დაიჭრა. თურქეთის ცნობით, საპასუხო ცეცხლს 35 სირიელი სამხედრო ემსხვერპლა. იდლიბში ოპოზიციის კონტროლის ქვეშ არსებულ ბოლო დასახლებულ პუნქტში, სირიის სამთავრობო ძალებისა და მისი მხარდამჭერი რუსი სამხედროების იერიშების გამო ათასობით ადამიანმა დატოვა სახლი. დევნილთა ნაწილმა თურქეთის საზღვრებისკენ გადაინაცვლა, რომელიც მხარს ოპოზიციის ძალებს უჭერს. რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქმა ჯარისკაცებმა რეჟიმის მხარდამჭერი 46 სამხედრო ამოიღეს მიზანში და შეუტიეს. მისი თქმით, ჯამში 30-35 სირიელი განეიტრალდა. სირიის საინფორმაციო სააგენტო SANA-ის განცხადებით კი თურქეთის იერიშებს სირიის მხრიდან მსხვერპლი არ მოჰყოლია. რუსეთი და თურქეთი იდლიბში დეესკალაციის ზონების შექმნის შესახებ 2018 წლის შეთანხმდნენ. მორიგი შეთანხმება კი მხარეებმა სოჭში, 2019 წელს გააფორმეს, როცა თურქეთმა სირიაში ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ განახორციელა, თუმცა იდლიბში იერიშები ორივე მხრიდან გრძელდება.[4]

თურქეთის პრეზიდენტმა სირიის მთავრობას ულტიმატუმი წაუყენა. რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალური დამასკოსგან იდლიბის პროვინციაში სირიული ჯარის თურქული საგუშაგოების ტერიტორიიდან გაყვანას ითხოვს. მან სირიის მთავრობას ჯარის გასაყვანად დრო თებერვლის ბოლომდე მისცა. „იმედი გვაქვს, რომ ჯარის გაყვანის პროცესი თებერვლამდე დასრულდება. თუ რეჟიმი ამ დროისთვის ამას ვერ მოახერხებს, თურქეთს ამ საქმის გაკეთება თავად მოუწევს“, – განცხადა პრეზიდენტმა. სირია რუსეთის ავიაციის მხარდაჭერით იდლიბში მასშტაბურ ოპერაციას ახორციელებს. ეს უკანასკნელი რეგიონია ქვეყანაში, რომელსაც თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები აკონტროლებენ. ერთერთი ოპერაციის დროს სირიელმა ჯარისკაცებმა 8 თურქი სამხედრო მოკლეს. ანკარამ საპასუხო დარტყმა განახორციელა და ახალი, მყისიერი ქმედებებით დაიმუქრა. ერდოღანის თქმით, შეტევების შედეგად თურქეთისკენ და მის მიერ კონტროლირებად სირიულ ტერიტორიისკენ უკვე თითქმის მილიონი ადამიანი მოძრაობს. „არავის აქვს უფლება ასეთი ტვირთი დაგვადოს მხრებზე“, – თქვა თურქეთის პრეზიდენტმა. თურქეთს სირიის ტერიტორიაზე ე.წ. „დეესკალაციის ზონაში“ 12 საგუშაგო აქვს, რომლებიც 2017 წლის ხელშეკრულებით არის განთავსებული. ერდოღანის თქმით, 2 საგუშაგო სირიის სამთავრობო ძალების საფრონტო ხაზს მიღმა მოექცა.[5]

იემენში ალ-ქაიდას ერთერთი დამფუძნებელი მოკლეს – ამერიკელებმა იემენში ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად ყასიმ ალ-რიმი მოკლეს, რომელიც არაბეთის ნახევარკუნძულზე „ალ-ქაიდას“ მეთაურობდა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა განაცხადა. მისივე თქმით, ალ-რიმის ამერიკელების წინააღმდეგ არაერთი თავდასხმის განხორციელება ჰქონდა დაგეგმილი, მისი სიკვდილი კი „ალ-ქაიდას“ მნიშვნელოვნად დაასუსტებს. ყასიმ ალ-რიმი „ალ-ქაიდას“ ერთერთი დამფუძნებელი და ორგანიზაციის ლიდერის, აიმან ალ-ზავაჰირის მოადგილე იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ყასიმ ალ-რიმი იემენის ქალაქ მარიბში დრონით განხორციელებული იერიშის შედეგად მოკლეს.[6]

[1] DW; Iraqi president appoints Mohammed Allawi as PM; 1st February, 2020; available at: https://www.dw.com/en/iraqi-president-appoints-mohammed-allawi-as-pm/a-52227661

[2] იმედის ახალი ამბები; აშშ სირიაში სამხედრო ბაზებს აფართოებს; 2 თებერვალი, 2020; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/126781/anadolu-ashsh-siriashi-arsebul-samkhedro-bazebs-apartoebs

[3] France 24; Air strikes in northwest Syria kill 9 civilians; 2 February, 2020; available at: https://www.france24.com/en/20200202-air-strikes-in-northwest-syria-kill-9-civilians-monitor

[4] BBC; Turkish soldiers killed in Syrian army shelling in Idlib; 3 February, 2020; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-51354545

[5] Reuters; Turkey’s Erdogan demands Syrian forces in Idlib withdraw; 5 February, 2020; available at: https://www.reuters.com/article/us-syria-security-turkey/turkeys-erdogan-demands-syrian-forces-in-idlib-withdraw-idUSKBN1ZZ14L

[6] White House; Statement from the President; 6 February, 2020; available at: https://www.whitehouse.gov/briefings-statements/statement-from-the-president-13/

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 8-15 აგვისტო, 2018

იემენის კრიზისი – გაეროს უშიშროების საბჭო იემენში მოწყობილი ავიაიერიშის გამოძიებას მოითხოვს. გაეროში ბრიტანეთის ელჩის, კარენ პირსის განცხადებით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოხატეს შეშფოთება იემენში ამ და სხვა ბოლოდროინდელი თავდასხმების გამო და მოითხოვეს გამოძიების ჩატარება. აღნიშნულ განცხადებამდე საუდის არაბეთის საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კოალიცია აპირებს გამოიძიოს ინციდენტები, რომლებიც უკავშირდება შეცდომებისა თუ საერთაშორისო სამართლის დარღვევის შესახებ ბრალდებებს და პასუხი აგებინოს დამნაშავეებს. 9 აგვისტოს ჩრდილოეთ იემენში მდებარე საადის პროვინციაში ავიაიერიშისას დაიბომბა სკოლის ავტობუსი. საჰაერო თავდასხმამ, რომელიც საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ განახორციელა, სულ ცოტა, 43 ბავშვის სიცოცხლე შეიწირა.[1]

ვითარება ავღანეთში – ავღანეთის სამთავრობო ჯარებისა და თალიბების რაზმების ბრძოლა ღაზნის პროვინციის დედაქალაქ ღაზნიში, რომლის ცენტრშიც ექსტრემისტებმა მანამდე რამდენიმე სამთავრობო შენობაზე მიიტანეს იერიში, კვლავ გრძელდება. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეტაკებისას დაიღუპა 25 ავღანელი ჯარისკაცი და ერთი ადგილობრივი რეპორტიორი. განადგურებულია 150 თალიბი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ნაჯიბ დანიშის ინფორმაციით, შეტაკებების მიუხედავად „ვითარება კონტროლს ექვემდებარება და არ არსებობს სერიოზული საფრთხე“. ღაზნიზე იერიში არის ბოლო მცდელობა თალიბების მიერ წარმოებული კამპანიისა, რომელიც მიზნად ისახავს ქალაქის ცენტრების დაკავებას. მაისში თალიბებმა შეუტიეს დასავლეთ ქალაქ ფარას. ერთდღიანი ბრძოლის შემდეგ ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა, რომელსაც მხარს უჭერდა აშშ-ის ავიცია, ექტრემისტები ქალაქის ცენტრიდან განდევნეს. თალიბებმა ავღანეთის მთავრობის შეთავაზება პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე არ მიიღეს.[2]

თალიბანსა და სახელისუფლებო ძალებს შორის ფარიაბის პროვინციაში მდებარე სამხედრო ბაზაზე მომხდარ შეტაკებას სულ მცირე 17 ავღანელი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. რადიკალებმა რამდენიმე პუნქტის დაკავება მოახერხეს. ინციდენტისას 25 პირი დაშავდა.[3]

ქაბულში, საარჩევნო კომისიის შენობასთან თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. ინციდენტის შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა და ერთი დაშავდა. მანამდე, სარაკეტო დარტყმის შედგად, ტაჰარის პროვინციაში 5 ადამიანი დაიყუპა და რამდენიმე დაშავდა.[4]

ჩრდილოეთ ავღანეთში, ფარიაბის პროვინციაში თალიბანმა ავღანეთის ეროვნული არმიის სამხედრო ბაზა დაიკავა. თალიბებმა გორმაჰის რაიონში მდებარე სამხედრო ბაზა 13 აგვისტოს საღამოს დაიკავეს. იერიშისას სამხედრო ბაზაზე, სადაც 100 ავღანელი ჯარისკაცი იყო, თავდამსხმელებმა დახოცეს 17 სამხედრო მოსამსახურე, 19 კი დაიჭრა; რამდენიმე ჯარისკაცი თალიბებმა ტყვედ აიყვანეს. ფარიაბის პროვინციიდან ჯამში ტყვედ ჩავარდა 40 ავღანელი ჯარისკაცი. თალიბანმა გაავრცელა ცნობა, რომ იარაღი დაყარა 57-მა ავღანელმა ჯარისკაცმა, ტყვედ კი ჩაბარდა 17. თავდამსხმელებმა ხელთ იგდეს ასევე ბაზაზე არსებული სამხედრო ტექნიკა. როგორც ფარიაბის პროვინციის საბჭოს თავმჯდომარემ, ტაჰირ რაჰმანიმ უთხრა ადგილობრივ მედიას, ავღანელმა სამხედროებმა, რომლებსაც გამოელიათ ტყვია-წამალი, სასმელი წყალი და საკვები, ვერ მიიღეს დახმარება.[5]

ქაბულის სასწავლო ცენტრთან აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 48 ადამიანი დაიღუპა და 67 დაშავდა. ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. ავღანეთის დედაქალაქში, სასწავლო ცენტრთან ასაფეთქებელი ნივთიერება თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[6]

სირიაში საჰაერო იერიშებს მშვიდობინი მოსახლეობა ეწირება – ჩრდილოეთ სირიაში, იდლიბისა და ალეპოს პროვინციებში საჰაერო თავდასხმებს 30 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. იდლიბი ყველაზე დიდი პროვინციაა, რომელიც ამ დრომდე, მეამბოხეთა კონტროლს ექვემდებარება. სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის თქმით, იდლიბი მისი მხარდამჭერი ძალების მთავარი სამიზნეა. ეს ბოლო წლის განმავლობაში, იდლიბის ყველაზე მასშტაბური დაბომბვაა.[7]

ერაყსა და სირიაში ბრძოლას 30 ათასამდე ექსტრემისტი განაგრძობს – ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური  სახელმწიფოს“ დაახლოებით 20-30 ათასი მეომარი განაგრძობს ბრძოლას სირიასა და ერაყში. გაეროს ანგარიშის თანახმად, ციფრები ეყრდნობა სამთავრობო უწყებების მონაცემებს. თავად ინფორმაციის წყაროები ანგარიშში იდენტიფიცირებული არ არიან. უცხოელი მებრძოლები ერაყსა და სირიაში დაახლოებით თანაბარი რაოდენობით არიან. გაეროს უშიშროების საბჭოს ანგარიშის თანახმად, ნაწილი ექსტრემისტებისა ასევე გადავიდა ავღანეთში, სადაც ამჟამად „ისლამური სახელმწიფოს“ დაახლოებით 4 ათასი მებრძოლია და მათი რაოდენობა სულ უფრო იზრდება. ექსტრემისტულ დაჯგუფებას მძლავრი ქვედანაყოფები აქვს ასევე ლიბიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და დასავლეთ აფრიკაში. 2014 წელს „ისლამურმა სახელმწიფომ“ თავის კონტროლს დაუქვემდებარა სირიისა და ერაყის მნიშვნელოვანი ტერიტორიები. მაგრამ 2018 წლის იანვრისათვის, გაეროს ანგარიშის თანახმად, ექსტრემისტები მხოლოდ სირიის უმნიშვნელო ნაწილში ინარჩუნებენ პოზიციებს.[8]

ეგვიპტეში ტერორისტი ეკლესიაზე თავდასხმისას მოკლეს – ისლამური სახელმწიფო მებრძოლმა თავის აფეთქება კაიროსთან ახლოს, შუბრა-ელ-ჰეიმას ეკლესიაში სხადა, თუმცა ეგვიპტის უშიშროების ძალებმა მისი ლიკვიდიაცია მოახერხეს. ტერორისტს ქამარზე ჰქონდა დამონტაჟებული ასაფეთებელი მოწყობილობა. მისი ლიკვიდაციისას ორი ადამიანი დაშავდა. ეგვპტური ტაძრები ბოლო დროს ისლამური სახელმწიფოს თავდასხმების სამიზნეებს წარმოადგენს. რამდენიმე დღის წინ ეგვიპტის სამხედროებმა ტერორისტული დაჯგუფების ხუთი წევრი მოკლეს. ისინი, მუსლიმთა საძმოსთან იყვნენ კავშირში და ასევე, ტერაქტების განხორციელებას გეგმავდნენ.[9]

მუსლიმთა საძმოს ლიდერებს ეგვიპტეში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს – ეგვიპტის სასამართლომ მუსლიმთა საძმოს ხუთ ლიდერს, მათ შორის 75 წლის მუჰამედ ბადის, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. მათ ბრალი ხუთი წლის წინ ეგვიპტეში საპროტესტო გამოსვლებისას, მკვლელობებსა და ძალადობაში დასდეს. საძმოს ყველაზე ცნობილი ლიდერი, მუჰამედ ბადი 2013 წლის აგვისტოში, საკუთარ ბინაში დააპატიმრეს. ეგვიპტის პრეზიდენტის, მუჰამედ მორსის გადაგდების შემდეგ, მუსლიმთა საძმო ხალხს ქუჩებში გამოსვლისა და პროტესტისაკენ მოუწოდებდა. პოლიციასა და მორსის მხარდამჭერებს შორის შეტაკებებს ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მუსლიმთა საძმო მიჩნეულია ტერორისტული ორგანიზაციების მხარდამჭერად და შეყვანილია ტერორისტული ორგანიზაციების სიაში ბაჰრეინის, ეგვიპტის, რუსეთის, სირიის, საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მიერ. ორგანიზაცია თავს მშვიდობიან, დემოკრატიულ ორგანიზაციად მიიჩნევს და მისი ლიდერები გმობენ ძალადობასა და ძალადობრივ აქტებს.[10]

[1] იმედის ახალი ამბები; გაერო იემენში სკოლის ავტობუსის დაბომბვას გმობს; 11 აგვისტო, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/73599/gaero-iemenshi-skolis-avtobusis-dabombvas-gmobs

[2] იმედის ახალი ამბები; ავღანეთში თალიბების თავდასხმისას ადგილობრივი რეპორტიორი დაიღუპა; 12 აგვისტო, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/73710/avganetshi-talibebis-tavdaskhmisas-adgilobrivi-reportiori-daigupa

[3] Tolo News; 17 soldiers killed in Faryab army base attack; by GulabuddinGhubar; 12 August, 2018; available at: https://www.tolonews.com/afghanistan/17-soldiers-killed-faryab%C2%A0army-base-attack

[4] Tolo News; Explosion reported close to IEC offices in Kabul; 13 August, 2018; available at: https://www.tolonews.com/afghanistan/explosion-reported-close-iec-offices-kabul

[5] იმედის ახალია ამბები; თალიბებმა ავღანეთის ეროვნული არმიის ერთერთი სამხედრო ბაზა დაიკავეს; 14 აგვისტო, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/73948/talibebma-avganetis-erovnuli-armiis-erterti-samkhedro-baza-daikaves

[6] Reuters; Scores killed in Kabul blast as Afghanistan reels from attacks; By Abdul Qadir Sediqi, Sayed Hassib; 15 August, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-afghanistan-blast/death-toll-from-afghan-blast-reaches-48-health-ministry-idUSKBN1L017W?il=0

[7] Arab News; Nearly 30 civilians dead in heavy bombing on north Syria: monitor; 10 August, 2018; available at: http://www.arabnews.com/node/1354221/middle-east

[8] იმედის ახალია ამბები; გაერო: ერაყსა და სირიაში ბრძოლას 30 ათასამდე ექსტრემისტი განაგრძობს; 14 აგვისტო, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/73958/gaero-eraksa-da-siriashi-brdzolas-30-atasamde-eqstremisti-ganagrdzobs

[9] Al Arabiya; Egypt security forces thwart a cuicide attack at church near Cairo; 16 August, 2018; available at: http://english.alarabiya.net/en/News/middle-east/2018/08/11/Egypt-security-forces-thwart-a-suicide-attack-at-church-near-Cairo.html

[10] Reuters; Court jails Egyptian Muslim Brothrhood leader for life: sources; 12 August, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-egypt-court/court-jails-egyptian-muslim-brotherhood-leader-for-life-sources-idUSKBN1KX0I0

იემენი. უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. ივლისი, 2018

მედია საშუალება „Al Jazeera“ 2018 წლის 26 მარტს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ 3 წლის განმავლობაში, მსოფლიოში ყველაზე ღარიბ არაბულ ქვეყანაში – იემენში, მიმდინარეობს სისხლიანი სამოქალაქო ომი აჯანყებულ ჰუტებსა და სამთავრობო ძალებს შორის. 2014 წლის სექტემბერში, ჰუტებმა საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარეს იემენის დედაქალაქი – სანაა და განაგრძეს წინსვლა ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ადენის მიმართულებით. ამის საპასუხოდ, არაბულმა სახელმწიფოებმა, საუდის არაბეთის მეთაურობით, წამოიწყეს სამხედრო კამპანია, რათა დაემარცხებინათ ჰუტები და აღედგინათ იემენის მთავრობა. კონფლიქტი დღემდე მიმდინარეობს.

გამოცემა წერს, რომ 2018 წლის 26 მარტის მდგომარეობით, შეიარაღებულ დაპირისპირებებს, სულ მცირე 10 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა დაახლოებით 40 000. ზუსტი რიცხვის დასახელება რთულია, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაცია „Save the Children“-ის ცნობით, 2017 წლისთვის, დაახლოებით, 50 000 ბავშვი დაიღუპა შიმშილისა და სხვადასხვა დაავადების გამო.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ინფორმაციით, სამოქალაქო დანაკარგთა 2/3 გამოწვეულ იქნა არაბული კოალიციის საჰაერო დაბომბვების შედეგად. ხოლო, ჰუტი მეამბოხეები პასუხისმგებელნი არიან მასობრივ სამოქალაქო მსხვერპლზე იემენის სიდიდით მესამე ქალაქ ტაიზზე მათ მიერ განხორციელებული ალყის გამო.

გაეროს ჰუმანიტარული საკითხების კოორდინირების ოფისის ინფორმაციით, 3 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილდა ქვეყნის შიგნით, ხოლო 280 000 პირმა თავშესაფარი ითხოვა უცხო ქვეყანაში, მათ შორის – ჯიბუტსა და სომალიში.

ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომით გამოწვეულმა ქაოსმა საშუალება მისცა ისეთ ტერორისტულ ორგანიზაციებს, როგორიცაა Al-Qaeda და ISIL, გაეფართოებინათ საკუთარ კონტროლს დაქვემდებარებული ტერიტორიები და, ასევე, განეხორციელებინათ ტერორისტული თავდასხმები. მაგალითად, 2015 წლის მარტში, ISIL-ის თვითმკვლელმა ტერორისტებმა თავი აიფეთქეს სანაში მდებარე ზაიდი შიიტების ორ მეჩეთში, რასაც 140 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.[1]

გაეროს უშიშროების საბჭო თავის ივნისის ყოველთვიურ ანგარიშში წერს იემენში 2018 წლის მაისის ჩათვლით განვითარებულ მოვლენებზე. ანგარიშის მიხედვით, იემენში, აჯანყებულ ჰუტებსა და ადგილობრივ მთავრობას შორის 4 წლის წინ დაწყებული ომი, კვლავაც აქტიურად მიმდინარეობს.

ჰუტების ცნობით, 23 აპრილს, კოალიციის ავია დარტყმების შედეგად, გარდაიცვალა სალეჰ ალი ალ-სამმადი, მათი უზენაესი პოლიტიკური საბჭოს ლიდერი. მისი სიკვდილი, საერთაშორისო დონეზე, აღქმული იქნა, როგორც სერიოზული დარტყმა სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესზე, გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ ის იყო მშვიდობისა და კონფლიქტის დიალოგის გზით გადაწყვეტის ყველაზე აქტიური მომხრე. კოალიციამ მისი დაკრძალვის წინა და უშუალოდ დაკრძალვის დღესაც (რომელიც იმართებოდა დედაქალაქში), გააგრძელა იემენის დედაქალაქის დაბომბვა. ჰუტებმა, საპასუხოდ, კოალიციის წინააღმდეგ გამოიყენეს 8 ბალისტიკური რაკეტა.

აპრილსა და მაისში, საგრძნობლად გაიზარდა ჰუტების სარაკეტო თავდასხმები საუდის არაბეთის პოზიციებზე. 23 აპრილის მიმართვაში, გაეროს გენერალურმა მდივანმა დაგმო ქალაქ ჰაიჯაჰში ქორწილის დროს და ქალაქ ტაიზში სამოქალაქო მანქანებზე განხორციელებული ავია დარტყმები, რომელთაც 50 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ომის შედეგად, იემენის ჰუმანიტარული კრიზისი რჩება მსოფლიოში ყველაზე დიდ ჰუმანიტარულ კრიზისად. 22 მილიონ ადამიანზე მეტს სჭირდება გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარება, ხოლო 8.4 მილიონი საკვების გარეშეა დარჩენილი. საბჭოს 17 აპრილის შეხვედრაზე, ჰუმანიტარულ საკითხებში გენერალური მდივნის მოადგილემ გამოთქვა შეშფოთება იმ შეზღუდვებთან დაკავშირებით, რის გამოც ფერხდება იემენში ჰუმანიტარული და კომერციული დახმარებების შეტანა. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საზღვაო გზით კომერციული ტვირთის მიწოდებაზე ჰოდეიდაჰისა და სალეეფის პორტებში, ასევე, ყურადღება გაამახვილა ზემოხსენებული ტვირთის მნიშვნელობაზე იემენში, გამომდინარე იქიდან, რომ, ომამდე, იემენში არსებული საკვების, საწვავისა და მედიკამენტების 90% პროცენტი სწორედ საზღვაო იმპორტით ხდებოდა.

გაეროს ჰუმანიტარული საკითხების კოორდინირების ოფისის (OCHA) ცნობით, მაისის დასაწყისში, წითელი ზღვის სანაპირო ზოლზე კოალიციის ძალების მასშტაბური შეტევის შედეგად,  ჰოდეიდაჰის სამხრეთიდან იემენის სამხრეთ ნაწილში იძულებით გადაადგილდა 100 000-მდე პირი.

ასევე, დაპირისპირებები გრძელდებოდა იემენის მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენლებს შორის, განსაკუთრებით, კუნძულ სოკოსტრასთან დაკავშირებით, სადაც საამიროების საწინააღმდეგო საპროტესტო დემონსტრაციები ტარდებოდა. სიტუაცია გაუარესდა მას შემდეგ, რაც საამიროებმა, მთავრობის ნებართვის გარეშე,  განათავსა 2 ტანკი, ჯავშანმანქანები და სულ მცირე 100 ჯარისკაცი. 14 მაისს, საუდის არაბეთის ჩარევისა და მოლაპარაკებების შემდეგ, დაპირისპირება დასრულდა და ემირატების ჯარები ჩანაცვლდა საუდის არაბეთის  სამხედროებით.

11 მაისის ბრიფინგზე, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის სპიკერმა განაცხადა, რომ 2018 წლის განმავლობაში, აპრილი ყველაზე სისხლიანი თვე გამოდგა სამოქალაქო მოსახლეობისთვის. დაიღუპა 236, ხოლო დაშავდა – 238 ადამიანი, რაც წინა თვის მონაცემებთან შედარებით, გაორმაგებული მაჩვენებელია. მძიმე მდგომარეობა გაგრძელდა მაისის პირველ კვირაში, სახეზე იყო 6 გარდაცვლილი და 57 დაშავებული პირი.[2]

[1] Al Jazeera, Article “key Facts about war in Yemen” of 26 March 2018, available at https://www.aljazeera.com/news/2016/06/key-facts-war-yemen-160607112342462.html [accessed 23 July 2018]

[2]  UN Security Council, Security Council Report “June 2018 Monthly Forecast”, available at https://www.securitycouncilreport.org/monthly-forecast/2018-06/yemen_34.php [accessed 23 July 2018]