დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 1-7 თებერვალი, 2019

ირანის გუშაგთა კორპუსზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა – შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მოხდა, დაიღუპა 1 და დაშავდა 5 გუშაგი. ირანში ისლამური რევოლუციის 40 წლის იუბილეს აღნიშნავდნენ. მომხდარზე პასუხისმგებლობა სუნიტურმა დაჯგუფებამ „ჯაიშ-ალ-ადლი“ აიღო.[1]

ტერაქტები სომალიში – დანაღმული ავტომობილის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. შემთხვევა ეთიოპიელი სამხედროების ბაზასთან მოხდა. ინციდენტის შედეგად 16 ეთიოპიელი სამხედრო დაიღუპა. ადგილობრივების განცხადებით, შემთხვევას რიგითი მოქალაქეებიც ემსხვერპლნენ. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ალ შაბაბი“ აიღო.[2] კიდევ ერთი აფეთქება მოგადიშოს სავაჭრო ცენტრთან, რესტორნის სიახლოვეს მოხდა. ტერაქტს 11 ადამიანი ემსხვერპლა. აღნიშნულ აფეთქებაზეც პასუხისმგებლობა „ალ შაბაბმა“ აიღო.[3]

ნიგერიაში „ბოკო ჰარამის“ წევრებმა ორ კვირაში 60 ადამიანი მოკლეს – ძალადობა ქალაქ რანში მოხდა, საიდანაც დაჯგუფების წევრებმა ნიგერიელი სამხედროები განდევნეს და ტერიტორიაზე სრული კონტროლი დაამყარეს.[4]

თავდასხმას ნიგერიაში 26 ადამიანი ემსხვერპლა – ინციდენტი ზამფარის შტატში მოხდა. თავდამსხმელებმა ცეცხლი წაუკიდეს საცხოვრებელ სახლებს და მძევლები აიყვანეს.[5]

რუსეთში იეჰოვას მოწმეს 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს – დანიის მოქალაქეს, დენის კრისტენსენს ჟილეზნოდოროჟნის რაიონულმა სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რუსეთში იეჰოვას მოწმეების საქმიანობა კანონითაა აკრძალული. 2016 წელს ორლოვის სასამართლომ იეჰოვას მოწმეები ექსტრემისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა.[6]

[1] Reuters; One guard dead, five hurt in attack as Iran holds anniversary; 2 February, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-iran-attack/one-guard-dead-five-hurt-in-attack-as-iran-holds-anniversary-idUSKCN1PR04H?il=0

[2] Reuters; Suicide car bomb explosion in Somalia leaves casualties: police; 2 February, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-somalia-blast/suicide-car-bomb-explosion-in-somalia-leaves-casualties-police-idUSKCN1PR0CM?il=0

[3] CBS News; Al-Shabab claims Mogadishu blast despite relentless U.S. air war in Somalia; 4 February, 2019; available at: https://www.cbsnews.com/news/al-shabab-mogadishu-attack-somalia-us-warns-americans-kenya-despite-airstrikes/

[4] Al Jazeera; Boko Haram killed dozens in Monday’s attack in Nigeria: Amnesty; 1 February, 2019; available at: https://www.aljazeera.com/news/2019/02/boko-haram-killed-dozens-monday-attack-nigeria-amnesty-190201163427289.html

[5] იმედის ახალი ამბები; ნიგერიაში თავდასხმას 26 ადამიანი ემსხვერპლა; 6 თებერვალი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/95601/nigeriashi-tavdaskhmas-26-adamiani-emskhverpla

[6] იმედის ახალი ამბები; რუსეთში იეჰოვას მოწმეს 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს; 6 თებერვალი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/95638/rusetshi-iehovas-motsmes-6tsliani-patimroba-miusajes

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 16-23 დეკემბერი, 2018

ინდოეთში 3 წლის გოგო მეზობელმა გააუპატიურა – პოლიციამ ბავშვი გულწასული იპოვა და საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილობრივებმა დამნაშავე 40 წლის მამაკაცი იპოვეს და მას თავს დაესხნენ. პედოფილი პოლიციამ დააკავა. ინდოეთში ყოველ 155 წუთში ერთხელ 16 წლამდე ბავშვს და ყოველ 13 საათში ერთხელ 10 წლამდე ბავშვს აუპატიურებენ.[1]

ვლადიმერ პუტინმა იეჰოვას მოწმეები დაიცვა – რუსეთის პრეზიდენტმა „სრული სისულელე“ უწოდა იეჰოვას მოწმეების ექსტრემისტული ორგანიზაციების სიაში შეყვანას. მისი თქმით, ხელისუფლებას შეუძლია და უნდა იყოს კიდეც რელიგიური უმცირესობების მიმართ უფრო ლიბერალური. „იეჰოვას მოწმეებიც ქრისტიანები არიან. რისთვის დევნით მათ, ვერ ვხვდები“, – განაცხადა პუტინმა. იეჰოვა მოწმეები ექსტრემისტულ ორგანიზაციად რუსეთის უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის აპრილში გამოაცხადა. 2012 წლის მონაცემებით, რუსეთში 200 ათასამდე იეჰოვას მოწმე ცხოვრობს.[2]

მსოფლიოში 2018 წელს 80 ჟურნალისტი მოკლეს – მოკლული ჟურნალისტების ნახევარზე მეტი 5 ქვეყანაზე მოდის: ავღანეთი (15), სირია (11), მექსიკა (9), იემენი (8) და ინდოეთი (6). აშშ-ში ივნისში „Capital Gazzetta“-ზე თავდასხმას ასევე 6 ჟურნალისტი ემსხვერპლა. მსოფლიოში ამჟამად 348 ჟურნალისტია დაპატიმრებული.[3]

ეუთოს ანგარიში: ჩეჩნეთში ხალხს აწამებენ, იტაცებენ და გაუსამართლებლად სჯიან – ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია, რომ ჩეჩნეთის ხელისუფლება მიმართავს წამებას, ხალხის გატაცებას, გაუსამართლებლად დასჯას და ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევას. ექსპერტების თქმით, მსხვერპლი მოიცავს, როგორც სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს, ასევე, უფლებადამცველ აქტივისტებს, ადვოკატებს, დამოუკიდებელი მედიის თანამშრომლებს და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. გარდა ამისა, ანგარიშის ავტორები მუშაობისას შეესწრნენ თუ როგორ ახდენდნენ მთავრობის წევრები ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების დაშინებას. ანგარიშში ჩეჩნეთი გამოყოფილია როგორც საგანგებო შემთხვევა – გამონაკლისი, სადაც სტაბილურობის შენარჩუნებისთვის, დაუსჯელობის მიმართ შემგუებლობის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს.[4]

ალ-შაბაბმა ისლამურ სახელმწიფოს სომალიში ომი გამოუცხადა – 42-წუთიან ვიდეო მიმართვაში ალ-შაბაბის ერთერთმა ლიდერმა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ სომალიში მიმდინარე ჯიჰადისტურ საქმიანობაში დაადანაშაულა. დაჯგუფების სპიკერმა თავის მებრძოლებს ISIS-ზე იერიშების გაძლიერებისკენ მოუწოდა და დაჯგუფებას „მომაკვდავი დაავადება“ უწოდა.[5]

[1] BBC; Three-year-old assaulted on Dehli bus rape anniversary; 17 December, 2018; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-india-46588740

[2] იმედის ახალი ამბები; ვლადიმერ პუტინმა იეჰოვას მოწმეები დაიცვა; 18 დეკემბერი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/90052/vladimer-putinma-iehovas-motsmeebi-daitsva

[3] South China Morning Post; 80 dead, 348 injured: violence against journalists reached unprecedented level this year; 19 December, 2018; available at: https://www.scmp.com/news/world/article/2178494/80-dead-358-jailed-violence-against-journalists-reached-unprecedented

[4] Radio Liberty / Radio Free Europe; OSCE cites torture, executions among grave rights violations in Chechnya; 20 December, 2018; available at: https://www.rferl.org/a/osce-cites-torture-executions-among-grave-rights-violations-in-chechnya/29667900.html?fbclid=IwAR2SOiZiZ7v7WbyJ7RtNQ3iI0_zlCQvH6dxQfnHkHR-nrJ-tQ-xtwqLkibg

[5] BBC; Al-Shabab declares war on IS in Somalia; 21 December, 2018; available at: https://www.bbc.com/news/live/world-africa-46590730?ns_mchannel=social&ns_source=twitter&ns_campaign=bbc_live&ns_linkname=5c1cb0bd3a2f470665a24391%26Al-Shabab%20declares%20war%20on%20IS%20in%20Somalia%262018-12-21T09%3A27%3A40.120Z&ns_fee=0&pinned_post_locator=urn:asset:14ad4259-75ea-4d3a-91e8-f7f64b158118&pinned_post_asset_id=5c1cb0bd3a2f470665a24391&pinned_post_type=share

რუსეთი. იეჰოვას მოწმეების მიმართ დამოკიდებულება. იანვარი, 2018

ნორვეგიის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების ცენტრმა “Landinfo”-მ 2017 წლის 3 ნოემბერს, მოამზადა ანგარიში, რუსეთში იეჰოვას მოწმეების მდგომარეობის შესახებ. ანგარიშის მომზადებისას, “Landinfo” ძირითადად დაეყრდნო ნორვეგიულ საინფორმაციო საშუალება „Forum 18“-ს, რომელიც მუშაობს რელიგიის და  რელიგიის თავისუფლების საკითხებზე და დეტალურად აშუქებს იეჰოვას მოწმეების მდგომარეობას. ასევე, დაეყრდნო მოსკოვში დაფუძნებულ ორგანიზაცია „SOVA“-ს (ინფორმაციისა და ანალიზის ცენტრი) მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომელთანაც „Landinfo“-ს არა ერთი შეხვედრა აქვს გამართული და დიდ ნდობას უცხადებს აღნიშნული ორგანიზაციის საქმიანობას.  ანგარიშში ასევე გამოყენებულია სხვადასხვა საერთაშორისოდ აღიარებული წყაროები.

იეჰოვას მოწმეები რუსეთში, მათი რიცხვი და ადგილმდებარეობა

რუსულ ვებ-გვერდზე ერთ-ერთი იეჰოვას მოწმის მიერ მოცემული ინფორმაციის მიხედვით, იეჰოვას მოწმეების რიცხვი რუსეთში დაახლოებით 171,828 პირს შეადგენს. მედია საშუალება „Reuters“-ის ცნობით, იეჰოვას მოწმეების შტაბი და ადმინისტრაციული ცენტრი სანქტ-პეტერბურგის გარეთ მდებარეობს. ცენტრი, 1999 წლიდან, რეგისტრირებულია, როგორც „ცენტრალიზებული რელიგიური ორგანიზაცია“. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს, საბჭოთა კანონის ფარგლებში, პირველად მოხდა იეჰოვას მოწმეების ოფიციალური რეგისტრაცია, თუმცა ისინი რუსეთში მე-19 საუკუნის ბოლოდან არსებობენ. საბჭოთა კავშირის პერიოდში, აღნიშნული ორგანიზაცია აკრძალული იყო, თუმცა სხვა რელიგიური ჯგუფების მსგავსად, ისიც ფარულად განაგრძობდა საქმიანობას. მას შემდეგ, რაც მათი საქმიანობა ლეგალური გახდა, ყველგან შეეძლოთ აქტივობების განხორციელება. განსაკუთრებით კი, სანქტ-პეტერბურგში, რომელიც ლიბერალურ ქალაქად მიიჩნევა და შესაბამისად, პრობლემებიც არ შეხვდებოდათ.

უზენაესი სასამართლოს გადაწვეტილება

რუსეთის უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის დადგენილებით, იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრი ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა. ამასთანავე, მას შემდეგ, რაც იუსტიციის სამინისტრომ თხოვნით მიმართა უზენაეს სასამართლოს, ორგანიზაცია რუსეთში მოქმედ სხვა 395 ადგილობრივ იეჰოვას მოწმეების ცენტრთან ერთად გამოცხადდა აკრძალულად. 2016 წლის 10 მაისს, რუსეთის ფედერაციის ფედერალური პროკურატურის უფროსის მოადგილისგან იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციულმა ცენტრმა მიიღო ოფიციალური გაფრთხილება, რომ ექსტრემისტულ საქმიანობაში ჩართვა ნებადართული არ არის.

„Reuters“-ის მიერ 2017 წლის 20 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციით, უზენაესმა სასამართლომ დადგინა, რომ რუსეთმა გადაწყვიტა დახუროს იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრი და მისი ადგილობრივი ორგანიზაციები, ხოლო მათი ქონება რუსეთის ფედერაციას გადასცეს. მანამდე, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ შეამოწმა იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრი რუსეთში და 2017 წლის 20 თებერვალს, განაცხადა, რომ ცენტრმა დაარღვია კანონი და გამოავლინა ექსტრემისტული საქმიანობის ნიშნები.  საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „Human Rights Watch“-ის 2017 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ  რეგიონულმა სასამართლოებმა აკრძალეს იეჰოვას მოწმეების ათზე მეტი პუბლიკაცია, რადგან ექსტრემისტულად იქნა მიჩნეული.  მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვას მოწმეების ინტერესების დამცველი ადვოკატები უარყოფდნენ ექსტრემისტული საქმიანობის მტკიცებულებებს, უზენაესმა სასამართლომ ზემოაღნიშნული განაჩენი 2017 წლის 17 ივლისს გამოაცხადა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრი და ყველა რეგისტრირებული იეჰოვას მოწმე უნდა გაუქმდეს, სახელმწიფომ უნდა მოახდინოს ქონების კონფისკაცია, ხოლო მათი საქმიანობა მიჩნეული უნდა იქნას ექსტრემისტულად და უკანონოდ. რამდენიმე ასეულმა იეჰოვას მოწმე ინდივიდუალურმა პირმა და ადგილობრივმა ორგანიზაციამ საკუთარი სარჩელი შეიტანა უზენაეს სასამართლოში, რომელშიც უარყოფენ პირველი სასამართლო პროცესის ნაწილად ყოფნას და ამბობენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არღვევს მათ უფლებებს. „Forum 18”-ის 2017 წლის ოქტომბრის მონაცემებით, აღნიშნული სასამართლო პროცესები ჯერ კიდევ დამთავრებული არ იყო.

იეჰოვას მოწმეების მიმართ დამოკიდებულება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე და გადაწყვეტილების შემდეგ

რუსეთის ხელისუფლების რეაქცია იეჰოვას მოწმეებთან მიმართებაში არ არის ახალი. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი 2016 წლის ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნავს, რომ იეჰოვას მოწმეების, პენტაკოსტალების, მუსლიმების და ებრაელების მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ თავდასხმებს. ქვეყნის ზოგიერთ ქალაქში, რუსეთის ხელისუფლებამ დაშალა რელიგიური უმცირესობები, განსაკუთრებით კი იეჰოვას მოწმეები, რომლის ძირითადი საფუძველიც იყო ექსტრემისტული საქმიანობა. იეჰოვას მოწმეები საკუთარი საქმიანობის გამო მანამდეც აწყდებოდნენ რეაქციულ ქმედებებს, სანამ აიკრძალებოდა მათი ორგანიზაცია.

რუსეთის „ექსტრემიზმის კანონი“ და სისხლის სამართლის კოდექსი გამოიყენება რელიგიის თავისუფლებით მოსარგებლე პირების დასასჯელად და დასაპატიმრებლად, ასევე შეკრებების განმახორციელებელი ორგანიზაციების დასასჯელად და რელიგიურ თემატიკაზე შექმნილი პუბლიკაციების ასაკრძალად. „Forum 18“-ის ცნობით, ბოლო ათი წლის განმავლობაში „ექსტრემიზმის კანონის“ არსებობა რელიგიის და რელიგიის თავისუფლებისთვის წარმოადგენს დიდ საფრთხეს რუსეთში.

რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ე. წ. ექსტრემისტული მუხლები: მუხლი 280 (აქტივობა, რომელიც ხელს უწყობს ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობას) და მუხლი 282 (ეთნიკური, რელიგიური ან სოციალური სიძულვილისკენ ან მტრობისკენ მოწოდება), ასევე იქნა გამოყენებული იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ, თუმცა, ამ მხრივ, მცირე პროგრესი აღინიშნა.

„SOVA“-ს განცხადებით, იეჰოვას მოწმეების საყოველთაო აკრძალვამდე, დაიხურა მათი მოქმედების ცხრა ადგილი. ეს მოხდა შემდეგ რაიონებში: ტაგანროგი (2009 წელი), სამარა (2014 წელი), აბინსკი (2015 წელი), სტარი ოსკოლი, ბელგოროდი, ელისტა, ორჯოლი და ბირობიდჯანი (2016 წელი) და ჩერქესსკი (2017 წელი). მორწმუნეები დაჯარიმდნენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა აქტის 20.29-ე მუხლის მიხედვით, ვინაიდან ისინი არიგებდნენ ექსტრემისტული შინაარსის შემცველ ბროშურებს. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს, 15 დღემდე პატიმრობას და აკრძალული ლიტერატურის ჩამორთმევას. ორგანიზაციებისთვის ჯარიმა შეადგენს 50,000-დან 100,000-მდე რუბლს, ან საქმიანობის შეწყვეტას 90 დღის განმავლობაში.

პირები ასევე მიცემული იყვნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში, თუმცა ტაგანროგის საქმის გარდა, ყველა მათგანს გამოუტანეს გამამართლებელი განაჩენი. ტაგანროგის 16 იეჰოვას მოწმის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობდა იმ ბრალდებით, რომ ადგილობრივი ორგანიზაციის ექსტრემისტულად აღიარების მიუხედავად, მათ დაარღვიეს აკრძალვა და განაგრძეს საქმიანობა. საბოლოოდ, 2015 წელს, ყველა წევრი დამნაშავედ იქნა ცნობილი და დაეკისრათ 10,000-დან  70,000-მდე რუბლის ოდენობის ჯარიმების გადახდა, თუმცა მათ აღნიშნული თანხა ვერ გადაიხადეს.

2016 წელს, რუსეთმა გაამკაცრა ანტი-ტერორისტული კანონმდებლობა, როდესაც დამატებით მიიღო ე. წ. იაროვაიალოვენის კანონი. სახელწოდება მომდინარეობს აღნიშნული კანონის ერთ-ერთი დამფუძნებლისგან ირინა იაროვაიასგან. დამატებები მიმართულია ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ, მაგრამ ასევე მოიცავს ქადაგების წინააღმდეგ მიმართულ ზომებს. დამატებითი კანონის მიხედვით, თუ პირს სურს საკუთარი რწმენა გაუზიაროს სხვებს, ოფიციალურად დამტკიცებული შენობის გარეთ და განახორციელოს ქადაგება, ამისთვის მას უნდა ჰქონდეს ნებართვა საკუთარი რელიგიური ჯგუფისგან/რეგისტრირებული ორგანიზაციისგან. აკრძალულია ქადაგება საცხოვრებელ ადგილებში, ხოლო ის, ვინც დაარღვევს კანონს, დაჯარიმდება ერთი მილიონი რუბლის ოდენობით. იაროვაიას აქტი, ასევე, მოიცავს იმ პირების მიმართ ვიზის გაცემის შეზღუდვებს, რომლებიც რუსეთში ქადაგების მიზნით ჩადიან.

2017 წლის ივლისში „Forum 18“-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც აღწერს იუსტიციის სამინისტროს ქმედებებისგან გამოწვეულ შედეგებს, რომელსაც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ჰქონდა ადგილი, მათ შორის იყო რელიგიური შეკრებების ორგანიზატორი რელიგიური ლიდერებისადმი ბრალის დადება, სკოლებში ბავშვებზე ზეწოლა და დისკრიმინაცია. ასევე, რამდენიმე იეჰოვას მოწმის იძულებითი გათავისუფლება სამსახურიდან.

ერთ-ერთი დიპლომატიური წყაროს ცნობით, 2017 წლის ოქტომბრის მონაცემებით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით დაიხურა იეჰოვას მოწმეების დაწესებულებები, როგორც რეგიონულ, ისე ცენტრალურ დონეზე. ვიბორგის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ იეჰოვას მოწმეების ბიბლია გამოცხადდა ექსტრემისტულად.

„Forum 18“-ის შეფასებით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე და გადაწყვეტილების შემდგომ ძირითადი განსხვავება არის ის, რომ მანამდე იეჰოვას მოწმეების პუბლიკაციები მიიჩნეოდა ექსტრემისტულად ადმინისტრაციული სამართლის მიხედვით, ხოლო ისინი, ვინც ავრცელებდნენ აღნიშნულ ლიტერატურას სამართლდებოდნენ ადმინისტრაციული კანონის 20.29-ე მუხლით. მიუხედავად ამისა, იეჰოვას მოწმეები მონაწილეობას იღებდნენ თაყვანისცემაში, ჰქონდათ საკუთრების უფლება და მოქმედებდნენ თავისუფლად. უზენაესი სასამართლოს 20 აპრილის გადაწყვეტილებით, რომელიც ძალაში 2017 წლის 17 ივლისს შევიდა, იეჰოვას მოწმეების არა მხოლოდ წიგნები და საინფორმაციო მასალა, არამედ ისინი, როგორც ორგანიზაცია აიკრძალა. იეჰოვას მოწმეებს აღარ შეუძლიათ შეკრება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მაინც შეიკრიბებიან, ან მათ შეკრებაზე ეჭვს მიიტანენ, დანაშაულებრივ საქმიანობაში იქნებიან ბრალდებულები, რომელიც ითვალისწინებს დიდი რაოდენობის ჯარიმის გადახდას და წლობით პატიმრობას. აღნიშნული ეხება იეჰოვას მოწმეების ყველა წევრს. ამჟამად, იეჰოვას მოწმეების საქმიანობა პერმანენტულად აკრძალულია. იეჰოვას მოწმეების ინდივიდუალური წევრები შესაძლოა გახდნენ დევნის მსხვერპლი თუ  საკუთარ რწმენას ამჟღავნებენ საჯარო ან კერძო სახით და იმ შემთხვევაშიც, თუ მათ იეჰოვას მოწმეებისგან გადაცემული ლიტერატურა უჭირავს ხელში. ისინი შესაძლოა დაისაჯონ სისხლის სამართლის კოდექსის 282.2-ე მუხლის მიხედვით, აკრძალულ ორგანიზაციაში შესრულებული საქმიანობის გამო.

„Forum 18“- ის ინფორმაციით, რეაქცია იმ პირების მიმართ, რომელთაც იეჰოვას მოწმეებში მნიშვნელოვანი პოზიცია უკავით, უფრო მკაცრია, ვიდრე რიგითი წევრების მიმართ. თუ იეჰოვას მოწმე განაგრძობს თავის საქმიანობას ექსტრემისტულ ორგანიზაციაში, მაშინ რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 282.2-ე მუხლის პირველი ნაწილის (ორგანიზაციისადმი კუთვნილება) მიხედვით, სასჯელი უფრო მკაცრია და ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ათ წლამდე, ვიდრე მეორე ნაწილის (მონაწილეობა) მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან რვა წლამდე.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ არსებული პრაქტიკა

„Forum 18“-ის შეფასებით, ძნელია იმის თქმა თუ რა მოხდება იეჰოვას მოწმეებთან მიმართებაში. 2017 წლის ივლისის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. „Forum 18“-ის შეფასებით, რა მიმართულებითაც არ უნდა წავიდეს საქმე, შედეგები ასევე სერიოზული და ყოვლისმომცველი იქნება რიგითი  მორწმუნეებისთვისაც.

„Forum 18“-ის ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს 17 ივლისის აკრძალვის შემდეგ იეჰოვას მოწმის წინააღმდეგ პირველი სარჩელი 2017 წლის 25 აგვისტოს შევიდა სასამართლოში. ექსტრემიზმში ბრალდებული არის ქალბატონი სამხრეთ-დასავლეთ მოსკოვიდან, კურსკიდან, რომელიც 15 წლის ვაჟთან ერთად, 4 აგვისტოს, ქალაქის ბაზრის ტერიტორიაზე, არიგებდა ბუკლეტებს და ხალხს იეჰოვას მოწმეებთან გაწევრიანებისკენ მოუწოდებდა. „Forum 18“-ის განცხადებით, მისიონერული საქმიანობის განსახორციელებლად მათ უნდა ჰქონოდათ საჭირო დოკუმენტაცია. თუ ქალი დაადანაშაულეს, მოუწევს გადაიხადოს 300,000-დან 700,000-მდე რუბლის ოდენობის ჯარიმა, ან ორიდან ოთხ წლამდე ყოველწლიური ხელფასი, ორიდან ხუთ წლამდე იძულებითი სამუშაო, ან ოთხიდან რვა წლამდე პატიმრობა. „Forum 18“-ის ინფორმაციით, აღნიშნული საქმე ჯერ კიდევ ძიების ქვეშ არის. ამავე წყაროს ცნობით, 2017 წლის ივლისის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ სხვა საქმე ჯერ-ჯერობით არ აღძრულა.

გეოგრაფიული ფაქტორი

„Forum 18“-ის ინფორმაციით, წარსულში, იეჰოვას მოწმეების მდგომარეობა ქვეყნის რომელიმე ტერიტორიაზე შესაძლოა უფრო რთული ყოფილიყო, ვიდრე სხვა ნაწილში, ეს დამოკიდებული იყო იმაზე, რომ ინდივიდუალური საქმეების გადაწყვეტა ადგილობრივ სასამართლოებში ხდებოდა, სადაც იეჰოვას მოწმეები აკრძალულად მიიჩნეოდნენ, ხოლო მას შემდეგ რაც უზენაესი სასამართლოს მიერ, აღნიშნული ჯგუფი საყოველთაოდ აიკრძალა, ქვეყნის ყველა ნაწილში მათ მიმართ ერთნაირი დამოკიდებულებაა.

შეურაცხყოფის შემთხვევაში დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობა

რუსეთის ხელისუფლება (რუსეთის პოლიცია) უზრუნველყოფს თუ არა იეჰოვას მოწმეების დაცვას მათ მიმართ ძალადობისა და ვანდალიზმის არსებობის შემთხვევაში, „Forum 18“-ს აღნიშნული საკითხი არ აქვს შესწავლილი, თუმცა აცხადებს, რომ კერძო პირების მხრიდან განხორციელებული ვანდალიზმის ცალკეული შემთხვევების დროს, იეჰოვას მოწმეები მიმართავენ პოლიციას, მაგრამ თუ რა მოყვება აღნიშნულ ქმედებას, „Forum 18“-ის მიხედვით, უცნობია. „SOVA“-ს ინფორმაციით, იეჰოვას მოწმეები, როგორც წესი, სერიოზული ინციდენტების დროს, უკავშირდებიან პოლიციას, მაგრამ პოლიციელთა უმეტესობა არაფერს აკეთებს და ხშირ შემთხვევაში, გაღიზიანებული რეაქციით პასუხობენ მათ. აღნიშნულიდან გამომდინარე, როდესაც მცირე ფორმის ინციდენტებს აქვს ადგილი, იეჰოვას მოწმეები, როგორც წესი, არ მიმართავენ პოლიციას.[1]

[1] Landinfo – Norwegian Country of Origin Information Centre: Russland: Jehovas vitner, 3 November 2017

 (accessed on 4 January 2018)