ავსტრალიის მთავრობის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი ბანგლადეშის შესახებ 2019 წლის აგვისტოში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ ა.შ.შ. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ფაქტ-წიგნის მიხედვით, ბანგლადეშის მოსახლეობის 89 % მუსლიმია, რომელთაგან აბსოლუტური უმრავლესობა სუნიტური ისლამის მიმდევარია. დაახლოებით 10 % ჰინდუსია, ხოლო დარჩენილი 1 % სხვადასხვა რელიგიების (ძირითადად – ბუდიზმის ან ქრისტიანობის) აღმსარებელია. ჰინდუსთა უმრავლესობა ეთნიკურად და ლინგვისტურად ბენგალია და ფიზიკური თვალსაზრისით, არ გამოირჩევიან მუსლიმი უმრავლესობისგან.
ანგარიშის მიხედვით, არავითარი სამართლებრივი თუ სხვა ტიპის შეზღუდვა არ უკრძალავს ჰინდუსებს, თავისუფლად აღასრულონ საკუთარი რწმენა ან მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ საქმიანობაში. მეტიც, ჰინდუსებს ბანგლადეშურ საჯარო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი, მათ შორის, ისეთ სფეროებში, როგორიცაა – პოლიტიკა; მთავრობა; საგანმანათლებლო სექტორი; ბიზნესი; ხელოვნება და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი მთავრობის (პარტია Awami League) კაბინეტში ჰინდუსებიც გვხვდებიან, ჰინდუსთა ზოგადი წარმომადგენლობა ბანგლადეშის პოლიტიკურ სპექტრში საკმაოდ დაბალია. როგორც ყველა სხვა უმცირესობების წარმომადგენლები, ჰინდუსებიც ექვემდებარებიან ისტორიულად განგრძობად დავებსა და კონფისკაციას უძრავ ქონებასთან და მიწებთან მიმართებით. 1965 წელს ინდოეთ-პაკისტანის ომის დროს, პაკისტანის მაშინდელმა მთავრობამ (ბანგლადეში აღნიშნულ პერიოდში პაკისტანის ნაწილი იყო) ჰინდუსები „მტრებად“ გამოაცხადა და მათ ქონებები წაართვა. 2011 წელს მიიღეს „ქონებათა დაბრუნების აქტი“, რომელიც უფლებას აძლევს ჰინდუსებს, განცხადება შეიტანონ წართმეული ქონების დაბრუნების ან სათანადო კომპენსაციის თაობაზე. თუმცა, ჰინდუსთა საზოგადოების წარმომადგენლები და ორგანიზაციები ჩიოდნენ, რომ აქტი ძალიან ზოგადი ხასიათისაა და აღსრულების კუთხით პრობლემებს ქმნის. არასამთავრობო ორგანიზაციათა მიხედვით, განაცხადთა 70 %-ის ბედი აქტის ძალაში შესვლიდან 4 წლის შემდეგაც გადაუწყვეტელი იყო.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2014 წლის არჩევნების წინა პერიოდში, Jamaat-e-Islami პარტიის აქტივისტებმა ჰინდუსი საზოგადოების წინააღმდეგ არაერთი თავდასხმა მოაწყვეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა 20-ზე მეტი პირი, განადგურდა ასობით სახლი და ბიზნესი, ხოლო ათასობით პირი იძულებით გადაადგილდა. დეპარტამენტის ექსპერტთა აზრით, ამის განმაპირობებელი ძირითადი ფაქტორი იყო „საერთაშორისო დანაშაულების ტრიბუნალისთვის“ (ICT) მიცემული ჰინდუს მოწმეთა ჩვენებები (რომელთა საფუძველზეც ზემოხსენებული პარტიის ლიდერები გაასამართლეს). ძალადობის შედეგად, ბანგლადეშის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ვერ მოახერხეს მოწყვლადი ჯგუფების წევრთა, მათ შორის – ჰინდუსთა სათანადო დაცვა. ბანგლადეშის მთავრობამ, ამის საპასუხოდ, დაიწყო მსხვერპლთა დახმარების პროგრამა და დაეხმარა ადგილობრივ მოსახლეობას ძალადობის შედეგად დაზიანებული რელიგიური თუ კერძო ქონების აღდგენაში. 2018 წლის არჩევნების პერიოდში, ასეთი ხასიათის ძალადობა არ დაფიქსირებულა.
ისლამისტი შეიარაღებული ჯგუფების მიერ 2013-2016 წლებში ადგილი ჰქონდა რამდენიმე მცირე-მასშტაბიან თავდასხმას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რასაც რამდენიმე ჰინდუსის სიცოცხლე ან ჯანმრთელობა ემსხვერპლა. ბანგლადეშის მთავრობამ მალევე პოლიცია გააგზავნა სხვადასხვა ტაძრებისა და იმ პირთა დასაცავად, რომელთაც მოკვლით ემუქრებოდნენ. დეპარტამენტს უკანასკნელ პერიოდში მსგავსი ხასიათის თავდასხმების შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.
ამას გარდა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ზოგჯერ ადგილი აქვს ბრბოს ძალადობას ჰინდუსი სამიზნეების მიმართ. მაგალითად, 2016 წლის ოქტომბერში, დაახლოებით 100 პირისგან შემდგარი ბრბო თავს დაესხა ჰინდუსთა სოფელს ბრაჰმანბარიას დასახლებაში. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე პოლიციისა და სასაზღვრო ჯარის ძალები მალევე გააგზავნეს, თავდასხმის შედეგად ათობით პირმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო, ხოლო 15-მდე ჰინდუსური ტაძარი და 200-მდე სახლში მნიშვნელოვნად დაზიანდა ან გაძარცვეს. თავდაპირველად მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ძალადობა ისლამისტმა პირებმა დაიწყეს, რის მიზეზადაც ასახელებდნენ ჰინდუსი პირის პოსტს სოციალურ ქსელ Facebook-ზე, სადაც სურათზე გამოსახული იყო, თუ როგორ იჯდა ჰინდუსური ღვთაება მექაში მდებარე ქააბას ქვის თავზე. შემდგომი გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ფოტო ჰაკერული შეტევის შედეგად განთავსდა და მისი მიზანი იყო სექტარული ძალადობის პროვოცირება. NCHR გამოძიების საბოლოო შედეგით, აღნიშნული ინციდენტი წარმოადგენდა წინასწარ განსაზღვრულ სქემას ჰინდუსებისთვის მიწების წასართმევად. შესაბამისმა სამსახურებმა დააკავეს ინციდენტთან კავშირში მყოფი 1000-ზე მეტი პირი, მათ შორის – 23 ადგილობრივი პოლიციის ოფიცერი, ხოლო Awami League-მა 3 ადგილობრივი ლიდერი პარტიიდან გარიცხა. 2017 წლის ნოემბერში ადგილი ჰქონდა კიდევ ერთ ინციდენტს, სადაც დაახლოებით 20 000 პირისგან შემდგარმა ჯგუფმა რაგპურის დასახლებაში ცეცზლი წაუკიდა და დააზიანა ჰინდუსთა კუთვნილი 30-მდე კერძო სახლი. აღნიშნული ძალადობა შედეგად მოჰყვა ფეისბუქ-პოსტს, რომელიც აღქმული იყო, როგორც „წინასწარმეტყველი მუჰამედის დამამცირებელი“. პრესაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, ინციდენტს ერთი პირის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 5 მძიმედ დაშავდა. პოლიციამ 50-ზე მეტი სავარაუდო დამნაშავე დააკავა, ხოლო ბანგლადეშის მთავრობას დაზარალებულების კომპნესირების პირობა დადო.[1]
ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ბანგლადეშში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული ვითარების შესახებ 2020 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ კონსტიტუციის მიხედვით, სახელმწიფო რელიგიად ისლამი არის გამოცხადებული, თუმცა, ასევე აღნიშნულია, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ სტატუსსა და თაყვანისცემის თანაბარ უფლებებს ჰინდუს, ბუდისტ, ქრისტიან და სხვა რელიგიების მიმდევრებისთვის. ბანგლადეშის მთავრობა აგრძელებდა სამართალდამცავების დისლოცირებას რელიგიური ფესტივალების და დღესასწაულების დროს (მათ შორის – ჰინდუსთა ფესტივალი „დურგა პუჯა“), რათა თავიდან აეცილებინა პოტენციური ძალადობის გამოვლინება.
ანგარიშის მიხედვით,ჰინდუსები, ბუდისტები და რელიგიური უმცირესობის სხვა ჯგუფების წარმომადგენლები კვლავ ავრცელებდნენ ცნობებს, რომ ექვემდებარებოდნენ ქონებისა და მიწის მფლობელობასთან დაკავშირებულ დავებსა და იძულებითი ხასიათის გამოსახლებებს. ზოგჯერ, აღნიშნული ქმედებების სუბიექტი თავად ბანგლადეშის მთავრობა იყო. საკუთარ ყოველწლიურ ანგარიშში უმცირესობების მიმართ დამოკიდებულების შეახებ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ბანგლადეშის ჰინდუს-ბუდისტ-ქრისტიანთა ერთობის საბჭო“ წერდა, რომ რელიგიური უმცირესობების მიმართ სამართალდარღვევები კვლავაც გრძელდებოდა, თუმცა, წინა წელთან შედარებით, მათი მასშტაბი და რაოდენობა შემცირდა. ორგანიზაციას ამ კუთხით სტატისტიკური ინფორმაცია და უშუალოდ რიცხვები არ გამოუქვეყნებია, თუმცა, აღსანიშნავია, რომ წინა (ანუ 2018) წელს აღრიცხულ იქნა რელიგიური უმცირესობების დევნის 806 შემთხვევა.
ანგარიშის მიხედვით, ოქტომბერში, ქ.ბჰოლაში მუსლიმმა დემონსტრანტებმა გააპროტესტეს ორი მუსლიმი პირის დაკავება, რომელთაც ბრალად ედებოდათ ჰინდუსი სტუდენტის „Facebook” პროფილის „დაჰაკვა“, რისი წყალობითაც მათ აღნიშნულ პროფილზე ისლამის შეურაცხმყოფელი ტექსტები განათავსეს, რათა შემდგომ აღნიშნული პირისთვის გამოეძალათ ფული. დემონსტრანტები ითხოვდნენ მათ გათავისუფლებას და ჰინდუსი სტუდენტის დაკავებას, რის შემდეგაც დაარბიეს ადგილობრივი ჰინდუსური ტაძარი. პოლიციამ დემონსტრანტებზე (რომლებიც მათი განმარტებით, ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებული) გამოიყენა ლეტალური ძალა, რომელიც მათივე განმარტებით, აუცილებელი იყოს თავდაცვისთვის, რასაც შედეგად 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 100-ზე მეტი – დაშავდა. როგორც ორი მუსლიმი ეჭვმიტანილი, ასევე – ის ჰინდუსი, რომელმაც მათზე პოლიციას აცნობა, დაკავებას დაუქვემდებარეს.
ნოემბერში, რამდენიმე ადგილობრივმა მედია საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უცნობი პირები შეიჭრნენ თანგაილში მდებარე ჰინდუსთა ტაძარში და მოახდინეს 5 ქანდაკების ვანდალიზება. ადგილობრივმა ჰინდუსმა ლიდერმა განაცხადა, რომ დამნაშავეები ასე იმ მიზნით მოიქცნენ, რომ ზიანი მიეყენებინათ ადგილობრივ ჰინდუს და მუსლიმებს შორის დამყარებული ჰარმონიული თანაცხოვრებისთვის და გაეღვივებინათ რელიგიური შუღლი. ადგილობრივმა სამართალდამცავებმა აღნიშნულ შემთხვევაზე გამოძიება დაიწყეს.[2]
ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ბანგლადეშში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ 2021 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2020 წელი) წერდა, რომ მიმდინარე წელს, არ დაფიქსირებულა ძალადობრივი ექსტრემიზმით პროვოცირებული მასშტაბური თავდასხმები რელიგიური უმცირესობების სალოცავ ადგილებზე. თუმცაღა, გავრცელებული ცნობებით, ადგილი ჰქონდა ჰინდუსტთა და ბუდისტთა ქონებებსა და ტაძრებზე თავდასხმებს ეკონომიკური ან პოლიტიკური მიზეზით. მეტიც, ზოგიერთი აღნიშნული რელიგიური ჯგუფის წევრებმაც ისიც კი განაცხადეს, რომ პანდემიის პერიოდში, რელიგიური სტრუქტურებზე თავდასხმები გახშირდა.
არასამთავრობო ორგანიზაციები წერდნენ, რომ რასობრივი და ეთნიკური უმცირესობები აწყდებოდნენ დისკრიმინაციას. მაგალითად, დალიტებს (ყველაზე დაბალი კასტის ჰინდუსები) გააჩნდათ შეზღუდული წვდომა სასოფლო-სამეურნეო მიწებზე, ადექვატურ საცხოვრებელზე, განათლებასა თუ დასაქმებაზე. ამას გარდა, ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მთავრობა არ ახდენდა 2001 წელს მიღებული კანონის იმპლემენტირებას, რომლის საფუძველზეც, ძირითადად ჰინდუს პირებს უნდა დაბრუნებოდათ კონკრეტული მიწები.[3]
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House ბანგლადეშის შესახებ 2021 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2020 წელი) წერდა, რომ ისლამი მიჩნეულია სახელმწიფო რელიგიად, თუმცა, კონსტიტუციის ქარტიაში აღნიშნულია, რომ სეკულარიზმი წარმოადგენს „მაღალ ღირებულებას“. მიუხედავად იმისა, რომ რელიგიურ უმცირესობებს აქვთ საკუთარი რწმენისა და თაყვანისცემის სრული თავისუფლება, ზოგჯერ, ისინი ექვემდებარებოდნენ სამართლებრივ დევნას პროზელიტიზმისთვის.
ანგარიშის მიხედვით, უმცირესობები – მათ შორის, ჰინდუსი, ქრისტიანი, ბუდისტი, შიიტი და აჰმადია მუსლიმები ექვემდებარებოდნენ დევნასა და ძალადობას, მათ შორის – მათ სალოცავ ადგილებზე განხორციელებულ „ბრბოს ძალადობას“ (Mob Violence). მაგალითად, 2019 წლის ოქტომბერში მუსლიმთა ბრბო თავს დაესხა ჰინდუსთა საცხოვრებლებს ქ. ბარისალში მას შემდეგ, რაც გავრცელდა ყალბი ცნობები იმის შესახებ, რომ ჰინდუსმა მამაკაცმა ისლამის შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა სოციალურ ქსელ Facebook-ზე. 2020 წლის მაისში, იმავე ქალაქში, ბრბო თავს დაესხა ჰინდუსი მამაკაცის მაღაზიას და შემდგომ შეტაკებები გამართა პოლიციასთან, რის შედეგადაც 10 პირი დაშავდა. ორგანიზაციის მიხედვით, აღნიშნული ინციდენტები წარმოადგენენ უკანასკნელ წლებში დამკვიდრებული ტრენდის კიდევ ერთ გამოვლინებას, რომლის ფარგლებშიც ადგილი ჰქონდა რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ ძალადობის პროვოცირებას სოციალური მედიის გამოყენებით.
ანგარიშის მიხედვით, 2011 წლის კანონი უფლებას აძლევს ჰინდუსებს, უკან დაიბრუნონ მთავრობის ან სხვა კერძო პირთა მიერ მიტაცებული უძრავი ქონება, თუმცა, მისი იმპლემენტაცია არათანმიმდევრულად ხდებოდა. [4]
ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია ODHIKAR 2021 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ 2020 წლის განმავლობაში, ფიქსირდებოდა თავდასხმები რელიგიური უმცირესობების სახლებსა თუ თაყვანისცემის ადგილებზე. ასევე, იგეგმებოდა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების გამოსახლება და მათ დასახლებებში სასტუმროების შენება.
ორგანიზაციამ აღრიცხა ჰინდუთა ტაძრებზე თავდასხმების, მათი გაძარცვის და ვანდალიზების რამდენიმე შემთხვევა. მათ შორის იყო, სუაპურის სოფელში მდებარე კრიშნას ტაძარი; სოფელ ჯაფრაბადში მდებარე ორი ტაძარი და ა.შ.
31 ოქტომბერს, ჰინდუსმა კრიშნან დებნათმა მურადგნაგარიდან, სოციალურ ქსელ Facebook-ში დაპოსტა პუბლიკაცია, რომელიც შეიცავდა წინასწარმეტყველი მუჰამედის საფრანგეთში შემქნილ კარიკატურას. მისმა ორმა მეგობარმა აღნიშნულ პოსტზე კომენტარით გამოხატეს საკუთარი მხარდაჭერა. აღნიშნულის შემდგომ, 1 ნოემბერს, დაუდგენელმა პირებმა ადგილობრივი ჰინდუსთა დასახლებაში ცეცხლი წაუკიდეს სახლს და დაარბიეს ადგილობრივი ტაძარი.[5]
[1] Australian Government Department of Foreign Affairs and Trade – DFAT COUNTRY INFORMATION REPORT BANGLADESH; published in August 2019; available at
[accessed 17 May 2021][2] United States Department of State – 2019 Report on International Religious Freedom: Bangladesh; published June 2020; available at
[accessed 17 May 2021][3] United States Department of State – 2020 Country Reports on Human Rights Practices: Bangladesh; published in March 2021; available at
[accessed 17 May 2021][4] Freedom House – Freedom in the World 2021 – Bangladesh; published in March 2021; available at
[accessed 17 May 2021][5] ODHIKAR – ANNUAL HUMAN RIGHTS REPORT 2020 BANGLADESH; published in January 2021; available at
[accessed 17 May 2021]