დიდი ბრიტანეთის საშინაო საქმეთა ოფისი 2019 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის ქურთისტანის დემოკრატიული პარტია KDPI [PDKI] 1947 წლის 16 აგვისტოს, ირანის ქურტისტანში, მაჰაბადში დაარსდა. KDPI დემოკრატიულ-სოციალისტური პარტიაა და საერთაშორისო სოციალისტური გაერთიანების წევრია. პარტია პრაქტიკულად გაუქმდა, როდესაც 1966-67 წლებში ქურთები აჯანყება ჩაახშეს. 1973 წლის შემდეგ, როდესაც დოქტორი აბდ არ-რაჰმან ქასემლუ პარტიის გენერალურ მდივნად აირჩიეს, პარტიამ ფუნქციონირება განაახლა. 1984 წლის შემდეგ პარტია ერაყში იყო დაფუძნებული. 1992 წლის 17 სექტემბერს პარტიის ლიდერი (გენერალური მდივანი) მუსტაფა ჰედირი გახდა, რომელიც დღემდე პარტიის ლიდერია. KDPI იყო ყველაზე დიდი და კარგად ორგანიზებული ქურთული ოპოზიციური ჯგუფი, რომელიც ირანში ქურთისტანის ავტონომიისთვის იბრძოდა. KDPI დიდი ხნის მანძილზე ირანის მმართველი რეჟიმის მხრიდან თავდასხმის ობიექტი იყო. პარტიამ 2016 წლის თებერვალში სამხედრო კამპანიის განახლების შესახებ განაცხადა. წყაროები 2018 წელს, ირანის ხელისუფლების მიერ, ერაყის ჩრდილოეთით, KDP-I-ის ბაზაზე განხორციელებული ბალისტიკური სარაკეტო იერიშის შესახებ ავრცელებდნენ ინფორმაციას.
წყაროების ცნობით, KDPI პარტიაში გაწევრიანებისთვის დადგენილი მინიმალური ასაკი 18 წელია. იმ შემთხვევაში თუ პირი 18 წლამდე ასაკისაა, მას შეუძლია ახალგაზრდული ორგანიზაციის (Lawan) წევრი გახდეს. თუ პირს ირანში სურს, გახდეს KDPI პარტიის წევრი, უნდა დაუკავშირდეს ადგილობრივ ქსელს და განაცხადოს გაწევრინების სურვილის შესახებ. პარტიასთან კავშირის სამი ფორმა არსებობს – პირი შეიძლება იყოს წევრი, მხარდამჭერი და „მეგობარი“. პარტიის წარმომადგენლობა პარიზში განმარტავს, რომ პარტიის წევრები ქსელური სისტემით არიან ორგანიზებულნი. თითოეული ქსელი ერთ ან მეტ წევრს მოიცავს. KDPI პარტიის მეგობრები არიან პირები, ვინც მონაწილეობს სხვადასხვა საქმიანობაში, რომელიც პარტიის მიერ იგეგმება – დემონსტრაციები, გაფიცვები, სტატიების მომზადება ქურთების მდგომარეობის შესახებ ირანში და ა.შ. KDPI პარტიის მეგობრები ყოველთვის ქურთული ეთნოსის ხალხი არ არიან.
ზოგადად, KDPI არ გასცემს საიდენტიფიკაციო მოწმობას თავისი წევრებისთვის ირანში. საიდენტიფიკაციო მოწმობები მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში გაიცემა პარტიის ცენტრალურ ოფისში, ხოისანიაკში, ირანის ქურთისტანის რეგიონში; მაგალითად, როდესაც პარტიის წევრი ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში გადადის და საჭიროა მისი, როგორც პარტიის წევრის იდენტიფიცირება. პარტია ითხოვს, რომ იდენტიფიცირების შემდეგ, მოწმობა უნდა დაბრუნდეს პარტიის ოფისში როდესაც, მაგალითად, პირი აპირებს ევროპაში მოგზაურობას. აღსანიშნავია, რომ ყველა ამ წესს არ იცავს და ხანდახან ბარათის მფლბელები ბარათებს თან იტოვებენ, რაც პარტიის წესების წინააღმდეგ მოქმედებაა. წყაროების ცნობით, პარტიის წარმომადგენლობა პარიზში ახდენს ინფორმაციის გადამოწმებას პირის წევრობის ან მხარდამჭერობის შესახებ. მაგალითად, მესამე ქვეყნის თავშესაფრის საკითხთა ინსტიტუციას შეუძლია მიმართულ პარტიის პარიზის წარმოამდგენლობას კითხვით, ესა თუ ის პირი არის თუ არა KDPI პარტიის წევრი ან მხარდამჭერი. პარიზის ოფისი უკავშირდება პარტიის ცენტრალურ ოფისს ირანის ქურთისტანის რეგიონში და ადგენს კონკრეტული პირის სტატუსს. იმ შემთხვევაში თუ დადასტურდება პირის პარტიის წევრობა ან მხარდამჭერობა, პარიზის ოფისი ამზადებს სარეკომენდაციო წერილს, სადაც ფრანგულ ენაზე წერს, ესა თუ ის პირი KDPI პარტიის წევრია თუ მხარდამჭერი. აღნიშნული წერილი ფაქსის საშუალებით ეგზავნება მომთხოვნი ქვეყნის თავშესაფრის საკითხთა ინსტიტუციას. სარეკომენდაციო წერილი არასდროს გადაეცემა პირს პირადად.[1]
ნორვეგიის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის კვლევის ცენტრი 2020 წლის მაისში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ KDPI პარტია 2006 წელს გაიყო. ქურთისტანის დემოკრატიული პარტია – ირანი KDP-I ირანული ქურთული ოპოზიციური პარტიაა, რომელიც KDPI პარტიას გამოეყო. KDP-I პარტიის ცენტრალური ოფისი და პარტიის მნიშვნელოვანი ნაწილი და მისი ინსტიტუციური ორგანო და წევრები დაფუძნებულები არიან დევნილობაში, ჩრდილოეთ ერაყში. 1996 – 2015 წლებში ქურთისტანის დემოკრატიული პარტია იცავდა მშვიდობას, თუმცა 2015 წლიდან მათ განაახლეს შეზღუდული სამხედრო საქმიანობა ირანის შიგნით. მიუხედავად ამისა, პარტია ძირითადად სამოქალაქო აქტივობებითაა დაკავებული, როგორიცაა ირანის ქურთისტანის სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა, დემონსტრაციები და გაფიცვები. ანგარიშში ნათქვამია, რომ პარტიის წევრობა ან მხარდამჭერობა ირანში, შესაძლოა, პირისთვის ხანგრძლივი ვადით პატიმრობის ან სასიკვდილო განაჩენის მომტანი გახდეს.[2]
დიდი ბრიტანეთის საშინაო საქმეთა ოფისი 2019 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ მათ, ვისაც პარტიაში გაწევრიანება სურს, პირველ რიგში პარტიის მიზნებისა და პრინციპების ერთგულება მოეთხოვებათ. პირი უნდა იყოს 18 წლის ასაკის და ირანული ქურთული წარმოშობის; გარდა ამისა, მათ რეკომენდაციას უნდა უწევდეს პარტიის ორი მოქმედი წევრი და ასევე, მათ უნდა გადაიხადონ ყოველთვიური საწევრო გადასახადი. პარტიაში გაწევრიანების პროცედურა ერთნაირია როგორც კაცისთვის, ასევე ქალისთვის.
ირანის ქურთიტანის რეგიონში პარტიის ყველა წევრ ფლობს წევრობის დამატასტურებელ ბარათს. წევრის ბარათი საკრედიტო ბარათის ზომისაა და მასზე ორივე მხრიდან დატანილია ტესტი. წევრის ბარათი, რომელიც გაიცემა სრული განაკვეთის პროფესიონალ წევრებზე, ლურჯი ფერისაა, ხოლო რიგითი წევრებისთვის გაცემული ბარათები ყვითელი ფერის. პარტიის წევრებისთვის, რომლებიც პარტიის ბანაკს მიღმა ცხოვრობენ, ასევე ყვითელი ფერის ბარათები გაიცემა. ყვითელი ბარათები გაიცემა ასევე პარტიის სამხედრო ფრთის (პეშმერგა) წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ერთი წლის შემდეგ იღებენ იგივე ბარათს, რასაც მაღალი დონის პროფესიონალი წევრები ატარებენ. უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, საიდუმლო წევრები, რომლებიც ირანში ცხოვრობენ, წევრობის ბარათს არ ფლობენ.
წყაროების ცნობით, პარტია გასცემს სარეკომენდაციო წერილს, თუმცა აღნიშნული წერილი არ გადაეცემა პირადად თავშესაფრის მაძიებელს, არამედ ეგზავნება თავშესაფრის საკითხთა ინსტიტუციას ან პირის კანონიერ ადვოკატს ამა თუ იმ ქვეყანაში. ყველა წევრს, ცენტრალურ ოფისში, აქვს დაწერილი დოკუმენტი, რომელიც აღწერს თავშესაფრის მაძიებლის მდგომარეობას. მაგალითად, თუ პარტიის წევრი აპირებს თავშესაფარი მოითხოვს რომელიმე ქვეყანაში, მან უნდა მიმართოს პარტიის ადგილობრივ ოფისს, რომელიც უკავშირდება შემდეგ ცენტრალურ ოფისს და თხოვს სარეკომენდაციო წერილის გაცემას. წერილი მიღება პარტიის მხარდამჭერებსაც შეუძლიათ, იმ შემთხვევაში თუ პარტია მიიჩნევს, რომ მხარდამჭერს ქვეყნის დატოვება პოლიტიკური საქმიანობის გამო უწევს. ასეთ შემთხვევაში, წერილში ხდება იმის დაკონკრეტება, რომ პირი პარტიის მხარდამჭერია და არა წევრი.[3]
ირანის ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის წევრთა მიმართ დამოკიდებულება
დიდი ბრიტანეთის საშინაო საქმეთა ოფისი 2019 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ ირანის ქურთულ რაიონებში, პირები, ვინც ეჭვმიტანილები არიან KDPI პარტიასთან, კომალასა და ხაბატის ჯგუფებთან კავშირში, ხშირად იბარებენ უსაფრთხოების სამსახურებში. პირები, ვინც კულტურულ ღონისძიებებს გეგმავს, ასევე შეიძლება მათ რიცხვში აღმოჩნდნენ. წყაროები აღნიშნავენ, რომ ეს არაა სტანდარტული კონტროლი უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, არამედ ხელისუფლების მეთოდია, ზეწოლა განახორციელონ ხალხზე და უჩვენონ მათ, რომ მუდმივი დაკვირვების ქვეშ არიან. მიიჩნევა, რომ სისტემის სამიზნეს წარმოადგენენ, აღნიშნული ჯგუფების როგორც დადასტურებული წევრები, ასევე მათი ოჯახის წევრებიც, მათ შორის ქალები და ბავშვებიც. წყაროების ცნობით, ხელისუფლება, კონკრეტული პირის მოძებნისა თუ მასზე ზეწოლის მიზნით, ხშირად პირდაპირ ოჯახის წევრებთან მიდის. ბოლო პერიოდი სულ უფრო ხშირად ვრცელდება ინფორმაცია აღნინული ჯგუფების წევრების ოჯახებზე ზეწოლის შესახებ. წყაროების ინფორმაციით, თუ პირს ბროშურას უპოვიან, უმეტეს შემთხვევაში მას დააპატიმრებენ, სავარაუდოდ აწამებენ და აიძულებენ იმ ჯგუფის წევრობის აღიარებას, ვისაც ნაპოვნი ბროშურა ეკუთვნის. პირს ხუთ-წუთიან სასამართლოზე გამოუტანენ განაჩენს და ჩასვამენ ციხეში. ნებისმიერი ქმედება, დაკავშირებული ქურთისტანის დემოკრატიულ პარტიასთან, საუბარიც კი ქურთების უფლებებსა და გამოწვევებზე, შესაძლოა პრობლემის წარმომშობი იყოს. ის, ვინც ქურთისტანის დემოკრატიულ პარტიაზე პირდაპირ საუბრობს, რეჟიმის თავლთახედვის არეშია; პირი, ვინც ქურთების უფლებებზე საუბრობს, ზოგადად საფრთხის ქვეშ არის. ქურთული პარტიოტიზმი, რომელიც ბოლო წლებში შუა აღმოსავლეთში გავრცელდა, შესაძლოა ირანსაც მისწვდეს და სწორედ ამის ეშინია რეჟიმს ირანში. ირანის ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის წევრებს, დაპატიმრების შემთხვევაში, 2-დან ათ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. თავშესაფრის მაძიებლების ცნობით, წინასწარი დაკავებისას ისინი ხდებიან წამების მსხვერპლი და მათგან ითხოვენ პარტიის წევრობის აღიარებას და ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის სხვა წევრების დასახელებას. წყაროები ასევე საუბრობენ პარტიის წევრების მიმართ დისკრიმინაციის, დაპატიმრებებისა და სიკვდილით დასჯის ფაქტების შესახებ.[4]
[1] UK Home Office: Country Policy and Information Note Iran: Kurds and Kurdish political groups, January 2019
(accessed on 12 October 2020)[2] Landinfo – Norwegian Country of Origin Information Centre: Iran; Kurdistan Democratic Party – Iran (KDP-I), 19 May 2020
(accessed on 12 October 2020)[3] UK Home Office: Country Policy and Information Note Iran: Kurds and Kurdish political groups, January 2019
(accessed on 12 October 2020)[4] UK Home Office: Country Policy and Information Note Iran: Kurds and Kurdish political groups, January 2019
(accessed on 12 October 2020)